ვერგილიუსი
დასანანია, რომ იესო ქრისტე არ კითხულობდა რომაელ პოეტებს. თეორიულად, მას შეეძლო ლათინური ენა სცოდნოდა, ვინაიდან რომის იმპერიის ტერიტორიაზე ცხოვრობდა და ჰქონდა საამისო შესაძლებლობა. თუმცა, არც პილატე პონტოელი იყო პოეზიის დიდი მოყვარული. მას რომ ლექსები ეკითხა და ვერგილიუსის ეკლოგებს გასცნობოდა (რომლებიც იერუსალიმის მოვლენებამდე კაი სამოცდაათი წლით ადრე დაიწერა), უფრო ყურადღებით მოეკიდებოდა იესოს ნათქვამს. პილატეს შეიძლებოდა შეეცნო მასთან მიყვანილი ადამიანი, რომლის გამოცხადება, ზოგი სწავლულის სიტყვით, ნაწინასწარმეტყველები იყო ვერგილიუსის "ბუკოლიკების" მეოთხე ეკლოგაში. პილატეს რომ ეს ლექსი სცოდნოდა, შეეცდებოდა ქრისტე გადაერჩინა. თვით ქრისტეს რომ სცოდნოდა - უკეთეს ხვედრს ირგუნებდა.
რა გაეწყობა, ასე მოხდა: ვინც უნდა წაიკითხოს, ის არ კითხულობს, წამკითხველნი კი არაფერს არ წარმოადგენენ. არც იესომ და არც პილატემ არ იცოდნენ მეოთხე ეკლოგა და ეს ნაწილობრივ აპირობებს ჩვენს ახლანდელ უსიხარულო მდგომარეობას. პოეზიის კითხვა მრავალი ცდომილებისაგან გვიფარავს. ვერგილიუსის პოეზია ამის საუკეთესო ნიმუშია. მის გარეშე ჩვენი ცივილიზაცია უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩვენი აზროვნების წესი მეტწილად შედეგია, მიზეზი კი ამ პოეტის ლექსებშია საძიებელი. იესოს ის, ალბათ, მაინც ვერ უშველიდა, მაგრამ სწორედ მან, ვერგილიუსმა თავისი "ენეიდას" მეექვსე წიგნით გამოიხმო სასიცოცხლოდ დანტეს "ღვთაებრივი კომედია". ეს კი მრავლისმეტყველი ფაქტია.
ვერგილიუსი დაიბადა ქრისტეშობამდე, 70 წელს, მანტუას მახლობლად. გარდაიცვალა ორმოცდაცხრა წლისა, ბრინდიზიში. ის ქრისტიანობაზე უფროსი იყო. მისი თანატოლი - შვიდი წლით უმცროსი - გახლდათ ოქტავიანე ავგუსტოსი, თანამედროვენი იყვნენ ჰორაციუსი და ოვიდიუსი. ერთადერთი გამოსახულება ვერგილიუსისა იატაკის მოზაიკაზეა აღბეჭდილი. ეს მოზაიკა მისი სიკვდილის შემდეგ გაკეთდა, სუსაში, ტუნისში. ვერგილიუსი მოზაიკაში მაღალია, გამხდარი, მოკლედ შეკრეჭილი თმა ამშვენებს. ერთდროულად ენტონი პერკინსსაც წააგავს და მაქს ფონ სიუდოვსაც.
ვერგილიუსის პოპულარობის მიზეზები ბოლო ორი ათასწლეულის მანძილზე მის თხრობით ოსტატობაში და წარმოსახვის სიძლიერეშია საძიებელი. სხვა პოეტებთან შედარებით მის ლექსებში ჭარბადაა მოვლენები: მოქმედება "ენეიდას" ფრაზაში უფრო მეტია, ვიდრე ოვიდიუსის "მეტამორფოზებში". ვერგილიუსი გატაცებით იკითხება. გარკვეული აზრით, ვერგილიუსი ჰომეროსზე საინტერესო საკითხავია, იმ ჰომეროსზე, რომელსაც ის, ალბათ, ბაძავდა კიდეც ჭარბი აღწერითობის გამო. ვერგილიუსის უპირატესობა ჰომეროსთან ის იყო, რომ შვიდი საუკუნით გვიან წერდა. იმხანად ვიზუალური ხელოვნება საკმაოდ განვითარდა, პოეტებს აღარ სტანჯავდათ ხილვადი სამყაროს ზუსტი აღწერის აუცილებლობა.
"ბუკოლიკებში", ისევე როგორც "გეორგიკაში", ვერგილიუსი ხშირად აღწერს ბუნებას. თუმცა მისთვის ბუნება კონკრეტულ ხასიათს ატარებს და არ წარმოადგენს საგმირო ქმედებათა ფონს. ვერგილიუსის გამოსახული გარესამყარო მკვეთრად განსხვავდება არა მხოლოდ ჰომეროსისეულ, არამედ თეოკრიტესეულ გარესამყაროსგან. თეოკრიტე ბრწყინვალე ალექსანდრიელი პოეტი იყო, მან შექმნა იდილიური პოეზია, როგორც ეპიკური და დრამატული მიმართულებების ანტითეზა, ე.ი. იმ მიმართულებებისა, რომელიც კლასიკური ხანის ბერძნული პოეზიისთვის იყო ნიშნეული. თეოკრიტეს მეშვეობით მსოფლიო ლიტერატურაში ფეხმოკიდებული ნაზი მწყემსები და ნიმფები ვერგილიუსთან უკვე იტალიელი გლეხების ნიშნებს იძენენ. ისინი კვლავინდებურად საუბრობენ პოეზიასა და სიყვარულზე, მაგრამ უკვე ქონებრივი საკითხებისადმიც ამჟღავნებენ ინტერესს.
პირველი ასწლეულის მეორე ნახევარში, ვერგილიუსის მოღვაწეობისას, რომში სასტიკი სამოქალაქო ბრძოლების ჟამი იდგა, იყო ომები, არეულობანი, მიწის კონფისკაციები. ინდივიდის არსებობას საფრთხე ემუქრებოდა ისევე, როგორც ამავე ასწლეულის ოცდაათიანი წლების ბოლოს და ორმოციან წლებში. ადამიანებს სტაბილურობა და მშვიდობა სწყუროდათ და ამიტომაც ვერგილიუსმა პასტორალური დეკორაცია აირჩია, როგორც თავისი პოეზიისთვის, ისე რეალური არსებობისათვის. მიწა ერთადერთ საყრდენად იქცა "ბუნებასთან საზიარებლად". ვერგილიუსის პოეზიაში სასოწარკვეთილების ის ნოტა ჟღერს, რომელიც სიბრძნის დედაა.
ბუნება ვერგილიუსისათვის უფრო მეტად დაკვირვების საგანი იყო, ვიდრე სიმბოლური მნიშვნელობის ფენომენი ან ფიზიკური შრომის ობიექტი. ის იყო პირველი ჯენტლმენი-ფერმერი იმ მრავალ პოეტთა შორის, რომელთა სიაც ჩვენს ასწლეულში რობერტ ფროსტმა დაასრულა. "გეორგიკაში" მოტანილი მცენარეების მოვლა-შენახვის წესები პოეტმა ალბათ მონებს და მებაღეებს გამოჰკითხა. და ეს დეტალები, ზოგჯერ ხელოვნურობის ელფერი რომ გადაჰკრავს, საშუალებას აძლევს პოეტს, პირველ პირში თხრობისგან დაიზღვიოს თავი. ის თითქმის არსად იყენებს "მე" ნაცვალსახელს, რითაც ირიდებს მისივე თანამედროვეების და შთამომავლების თანამდევ ეგოცენტრიზმს. მოკლედ, ვერგილიუსი ობიექტივისტია და ადამიანს უყურებს, როგორც გამონაკლის მოვლენას და არა როგორც თავის ალტერ ეგოს. მას სავსებით არ ახასიათებს ნარცისიზმი, გაუცნობიერებლად დემოკრატიულია. ამიტომაც არ ატყვია მის ლექსებს აპრიორული პოეტური აპლომბი და ამიტომაც წაიკითხავენ მას შემდეგ ასწლეულში, თუკი, რა თქმა უნდა, ამგვარი ასწლეული დადგება.
ერთადერთი რამ, რის გამოც საყვედურობდნენ ვერგილიუსს შთამომავალნი, ეს მისი თბილი დამოკიდებულება იყო ოქტავიანე ავგუსტუსისადმი. ამის მიზეზი ისევ და ისევ მშვიდობის და სიწყნარის სურვილი გახლდათ. პოეტი აღიარებასაც ესწრაფვოდა, რაც ბუნებრივია. და მართლაც, ოქტავიანემ ყოველივე ეს მიანიჭა რომაელებს. ვერგილიუსი ოქტავიანეს იმიტომ აღუვლენდა ხოტბას, რომ მათ სკოლის წლები ერთად ჰქონდათ გატარებული. ისე კი, იმპერატორისადმი პატივის მიგება ჩვეულებრივი ამბავია. ჩემი აზრით, ვერგილიუსს გულწრფელად უყვარდა მასზე უმცროსი ოქტავიანე. ეს სიყვარული, მე მგონი, უფრო შემწყნარებლობით და მსუბუქი დამცინაობით იყო შეფერილი და არა აღტაცებით. ვერგილიუსი - მკვლევარი და მჭვრეტელი, მაშასადამე, პასიური საქმიანობის ადამიანი, ცდილობდა ბედის რჩეულ, მოქმედ ოქტავიანესთვის გეზი მიეცა. ოქტავიანე "ენეიდას" კითხულობდა და ამიტომაც დასდეს ბრალი ვერგილიუსს მის ქება-დიდებაში.
ვერგილიუსის ავტოეპიტაფიად მიჩნეულ სტრიქონებში ნათქვამია, რომ მან "უმღერა საძოვრებს, სოფლებს, ბელადებს". აქ მთავარია სიტყვა "უმღერა", ვინაიდან პროზაიკოსისაგან განსხვავებით, პოეტის ნაწარმოებს შინაარსი არ განსაზღვრავს. განმსაზღვრელი, ამ შემთხვევაში, ხმის ტემბრია, დიქციაა, შერჩეული და გამოყენებული სიტყვები. ვერგილიუსი სავსებით წინასწარგანუჭვრეტელი პოეტია, არა იმდენად მოთხრობილი ისტორიის, არამედ სიტყვებთან დამოკიდებულების გამო. მისი სიკვდილის შემდეგ ხშირად გამოთქვამდნენ გავრცელებულ აზრს, ერთგვარ საყვედურს, ცხადია, მისივე მისამართით - ეს პოეტი ჩვეულებრივ სიტყვებს უჩვეულოდ იყენებსო. ეს შენიშვნა, უპირველეს ყოვლისა, "გეორგიკებს" ეხებოდა. აქ ვერგილიუსი დამუშავებულ მიწებს უმღერის და ბოლომდე ანდობს თავს სასოფლო-სამეურნეო ანტურაჟის აღმნიშვნელ ლექსიკას. ამგვარი სიტყვები მანამდე იშვიათად იყო "ამეტყველებული" პოეზიაში. ამ ანტურაჟის მრავალგვარი ნაირსახეობაა ჩამოთვლილი ნაწარმოებში. და რაც მთავარია, ყოველივე ეს სიმბოლური მნიშვნელობით არ არის გამოყენებული.
ჩემი აზრით, ვერგილიუსს სურდა აერიდებინა სტილისტური კლიშეები, ამით იყო განპირობებული ეს ობიექტივიზმი. პოეტური მეტყველება იმხანად უკვე საკმაოდ დახვეწილი გახლდათ. ამ ობიექტივიზმით პოეტი პატივს მიაგებდა თავის სახელოვან წინამორბედ ლუკრეციუსს, რომელსაც ეკუთვნის ლათინურ ენაზე დაწერილ პოემათა შორის საუკეთესო: "საგანთა ბუნებისათვის". ვერგილიუსი, უპირველეს ყოვლისა, რეალისტი იყო, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეპიკური რეალისტი, იმიტომ, რომ რეალობა თავისთავად უკვე ეპიკურია. ვერგილიუსისთვის სამყაროს გაგების ერთადერთი გზა ვრცელი ნუსხების შედგენა გახლდათ და რაც გამოტოვა "ბუკოლიკებში" და "გეორგიკებში", "ენეიდაში" შეიტანა. მისი პოეზიის კუმულაციური ეფექტი - მკითხველის საიმისო განცდაა, რომ ამ ადამიანმა სამყაროს კლასიფიცირება მოახდინა. ვერგილიუსის საუბარი მცენარეებსა და პლანეტებზე, ნიადაგებსა და ფიქრებზე, გრძნობებსა და ადამიანების ბედზე, მიმზიდველია და მომხიბლავი. პოეტი მსხვილი პლანით წარმოაჩენს ყოველივეს.
ბიბლიას ბევრი ადამიანი წერდა. ვერგილიუსმა კი მარტომ დაწერა "ბუკოლიკები", "გეორგიკები" და "ენეიდა". მისი მცდელობა სამყაროს ახსნისა ისეთი ზედმიწევნითი იყო, რომ ჯოჯოხეთში ჩასვლაც კი მოუწია. ვერგილიუსის აღწერები ძალზე დამაჯერებელია, ვინაიდან არცერთ სქოლასტიკურ დოქტრინას არ ეკუთვნის. რა თქმა უნდა, წინასწარმეტყველება, რომელსაც ენეასის მამა ანქისე გამოთქვამს, ყალბია: ის არ სცილდება თვითონ პოეტის ცხოვრების ფარგლებს. ვერგილიუსი წარსულს საქებარ ელფერს ანიჭებს და მაინც, სიამაყე რომის მომავლის გამო, რომელიც "ენეიდას" სტრიქონებში გახმიანდა, უბრალოდ სიამაყე როდია. ამ სიტყვებში იგრძნობა წარმართი კაცის იმედი. ეს იმედი ნაკლებად ეგოცენტრულია და უფრო ხელშესახებია, ვიდრე ქრისტიანის სასოება.
ო, რომაელო, დაისწავლე გაძღოლა ხალხის,
ეს არის შენი ხელოვნება! -- ქვეყნის მოწყობა,
მორჩილთ მიაგე პატივი და ურჩნი მოდრიკე.
ნებისმიერი ადამიანის მსგავსად, პოეტს სამი კითხვის გამო უხდება ჩაფიქრება: რისთვის, რატომ და რის გამო იცხოვროს. "ბუკოლიკები", "გეორგიკები" და "ენეიდა" პასუხს გვაძლევენ სამივე შეკითხვაზე. და ეს პასუხები ერთნაირად გამოსადეგია, როგორც იმპერატორისათვის, ისე მის ქვეშევრდომთათვის, როგორც ანტიკურობისთვის, ისე ჩვენი დროისთვის. თანამედროვე მკითხველისთვის ვერგილიუსი იქნება ისეთივე მეგზური, როგორიც დანტესათვის იყო სამოთხის და განსაწმენდელის გავლის ჟამს.
© ”არილი”
"ჰქონდა საამისო შესაძლებლობა გააჩნდა" - chasascorebelia, an hqonda datovet an gaachnda.
ReplyDeleteMerci merci :)
ReplyDeleteჩავასწორე უკვე :)