სასწაულები არ მეორდება
სადგურ კონსტიტუსიონზე, საგაზეთო კიოსკთან (იმხანად იქ რიგიანი წიგნის იდვა შეიძლებოდა გზაში თავშესაქცევად) ჩემს ყოფილ მეგობარს, გრევეს შევეჩეხე. მარტოხელა კაცი იყო, უცოლშვილო. მკითხა, აქ რას აკეთებო.
- ლას ფლორესში მივემგზავრები. მაგრამ უაზრო შემთხვევის გამო მატარებლის გასვლამდე ხუთი საათით ადრე მოვხვდი აქ.
- მეც მაგ დღეში ვარ, - თქვა მან, - კორონელ პრინგლესში ვაპირებ გამგზავრებას, მაგრამ უაზრო შემთხვევამ ორმოცი წუთით ადრე მომიყვანა სადგურზე. კაფეში ხომ არ შევსულიყავით?
კაფეში შევედით. რაღაც შევუკვეთეთ და მე ვთქვი:
- შემიმჩნევია, ცხოვრებაში ერთ პერიოდს მეორე ენაცვლება. დღეს ჩვენ ფუჭი დამთხვევების პერიოდში ვართ.
- ფუჭი დამთხვევების? - ჩამეკითხა გრევე.
- ფუჭი იმ გაგებით, - მივუგე სწრაფად, რათა არაფერი სწყენოდა, - რომ ეს დამთხვევები არაფერს მოასწავებენ.
- ამაში დარწმუნებული არა ვარ.
- იმაში, რომ არაფერს მოასწავებენ. არასოდეს.
პაუზის შემდეგ წარმოთქმული ეს "არასოდეს" განმარტებას ჰგავდა. უფრო სწორად - ბუნდოვან განმარტებას, რომელიც ჩემს კიდევ ერთ შეკითხვას და გრევეს საპასუხო განმარტებას ითვალისწინებდა. ვითარების ასეთმა სირთულემ შემაშფოთა, რადგან მინდოდა მხოლოდ ერთ რამეში დამერწმუნებინა მეგობარი - როდესაც დღევანდელ დამთხვევას ფუჭი ვუწოდე, სულაც არ მიგულისხმია ჩვენი შეხვედრა - მხოლოდ ამიტომ მოვუყევი ძველი ამბავი სომერსეტ მოემის გაორებაზე. შესაძლოა, ეს ამბავი იმიტომაც მოვუყევი, რომ მუდამ იმედი მაქვს, იქნებ ოდესმე მაინც რომელიმე თანამოსაუბრემ მისთვის ლიტერატურული ფორმა მომაძებნინოს. და შესაძლოა, იმიტომაც, რომ მისი გამეორება, უბრალოდ, ჩვეულებად მექცა.
- ეს ამბავი ასე მოხდა, - დავიწყე მე, - "კუნარდის" კომპანიის გემით ნიუ-იორკიდან საუთჰემპტონში მივცურავდი. გემის რესტორანში ჩემს მაგიდასთან აღმოჩნდა მგზავთაგან ერთადერთი ჩვენი თანამემამულე - ენერგიული, ძლიერი ხასიათის ხანდაზმული სენიორა, რომელსაც მეტად დავუმეგობრდი.
მახსოვს, იმ საღამოს მგზავრთა სიები ჩამოგვირიგეს. ყველამ თავისი გვარის ძებნა დაიწყო. აღელვებული - თითქოს და იმ სიიდან გამორჩენა უბილეთო მგზავრად მაქცევდა - ვერა და ვერ ვპოულობდი სამ მაგიურ სიტყვას.
"დაწყნარდი! - შევუძახე საკუთარ თავს, - ყველაფერი გაირკვევა!"
უეცრად გონება გამინათდა: ეტყობა ამ ბრიყვებმა "ბ"-ზე კი არა "კ"-ზე ჩააკვეტეს ჩემი გვარი. და მართლაც, სიაში ფიგურირებდა ვინმე მისტერ კესარესი, ადოლფო ბ. რომელშიც მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ საკუთარი თავი ამოვიცანი. ჩემი მეგობარი ქალბატონი ამგვარ სიძნელეს გადაურჩა, თუმცა მაინც კარგა ხანს ჩაჰკირკიტებდა სიას, და ბოლოს დიდის ამბით მიმითითა უშეცდომოდ დაბეჭდილ თავის გვარზე. მაგრამ ჩემი ყურადღება მიიპყრო სიაში მის წინ დასმულმა გვარმა და ხმამაღლა წავიკითხე: "მისტერ მოემი, უილიამ სომერსეტ". ჩემი შეცდომის გასასწორებლად სენიორამ ხმას აუწია და უფრო მკაფიოდ წაიკითხა ისევ საკუთარი გვარი.
- არა, სენიორა. თქვენი გვარი ხომ უკვე ვიცი, - მივუგე, - უბრალოდ გამიკვირდა, სიაში ცნობილ რომანისტს, სომერსეტ მოემს რომ წავაწყდი.
ქალს თვალები გაუბრწყინდა და მივხვდი - ეს სახელი მისთვის უცხო არ იყო. ჩვენი ახლანდელი ქალიშვილები რას შეედრებიან ძველი თაობის არგენტინელ ქალბატონებს. სადღა აქვთ იმათნაირი კულტურა და სიდარბაისლე:
- სომერსეტ მოემი! - გაიმეორა სენიორამ, - აჰ, რა თქმა უნდა! მისი ერთი რომანი წაკითხული მაქვს. მოქმედება წყნარ ოკეანეში ხდება. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მუდამ მხიბლავდა ეს აღმოსავლური თავგადასავლები.
მერე მკითხა, სახით თუ ვიცნობდი მოემს და ამჟამად აქ, რესტორანში თუ იმყოფებოდა.
- დიახ. მინახავს მისი სურათები, - მოვუგე, - მაგრამ ახლა აქ არ უნდა იყოს.
ალბათ ძალიან გამიმართლა, მოემი რესტორანში რომ არ აღმოჩნდა, რადგან სენიორამ განაცხადა:
- გამოჩნდება თუ არა, მივალ და ვეტყვი, არგენტინელი მწერალი უნდა გაგაცნოთ-მეთქი. აბა რა გგონიათ, - ვეტყვი, რომ დიდი მწერალი ხართ.
- რას ბრძანებთ, - წავიბუტბუტე.
- უბედურება ის არის, - მომიჭრა მან, - რომ ჩვენ, არგენტინელები, გადამეტებულ თავმდაბლობას ვიჩენთ!
- თავმდაბლობაში არ არის საქმე. უბრალოდ არ მინდა ისე გამოგვივიდეს, თითქოს ძალათი ვეტმასნებით.
- აი, ხომ ხედავთ! - ბავშვებს რომ მიმართავენ, იმგვარი ტონით მითხრა სენიორამ - მოჩვენებითი თავმდაბლობა და სიამაყე, - მუდამ ამ წრეზე ვტრიალებთ. ეს არის არგენტინელთა სენი.
მეორე დღეს, სენიორას განზრახვით შეშინებული, ყველნაირად ვერიდებოდი მასთან შეხვედრას. მაგრამ სიფრთხილე ზედმეტი იყო - სომერსეტ მოემი არსად გამოჩნდა. თითქოს კაიუტაში გამოკეტილი მოგზაურობდა.
საუთჰემპტონში ჩასვლის წინადღეს ჩემს თანამემამულეს გემის საპოლიციო პუნქტში და მაღაზიაში წავყევი. ბერიქალი არ სცნობდა დაღლას. დავქროდით ზევით-ქვევით კიბეებზე, ლიფტის უარმყოფელნი. შუაგემბანზე, მიყრუებულ კუთხეში, პორტში შესვლისას ვესტიბულად რომ უნდა ქცეულიყო, და სიცოცხლით აზრიალებულიყო, შემდეგი სურათი ვიხილეთ: ტყავის სავარძელში, ბრიტანეთის სამეფო სახლის მცირეწლოვან შთამომავალთა ფოტოპორტრეტის ქვეშ განმარტოებით მიმჯდარიყო ჩაფიქრებული მოხუცი, რომელიც ისე შეფუთნულიყო, როგორც ფილეას ფოგი მსოფლიოს გარშემო ოთხმოცდღიანი მოგზაურობის წინადღეს. წამში ვიცანი სომერსეტ მოემი. ეტყობა მოსალოდნელი გაცნობა ჩემს შეგნებაში განურჩეველი და შეუძლებელიც კი გამხდარიყო (მართლაც, უკვე მერამდენედ გადაიდო). ასეა თუ ისე, დავიჩურჩულე, ან იქნებ წამოვიყვირე კიდეც, რადგან სენიორას ყურთ აკლდა - "ის არის!"
სჯობდა კრინტი არ დამეძრა. ჩემი მეგობარი ქალი დროშასავით მოფრიალე სამგზავრო ლაბადით, წამსვე შეტევაზე გადავიდა. "ჯერ კიდევ ცოცხლობს მხედრული სული ჩვენი ძველი მეომრებისა, რომლებიც მაიპუსთან, ნავაროსთან და ლა-ვერდესთან იბრძოდნენ", - გავიფიქრე მე.
სენიორა არც დაფიქრებულა, ისე უთავბოლოდ მიაყარა თავისი ჩიქორთული ინგლისურით:
- ჩვენ თქვენი გაცნობა გვინდოდა, ეს ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, სენიორი არგენტინელი მწერალი გახლავთ, ორივენი აღტაცებულნი ვართ თქვენით.
ჩაფიქრებული მოხუცი გამოერკვა.
- ნება მიბოძეთ, ვიკითხო, რატომ ხართ ჩემით აღტაცებული? - იკითხა დარბაისლური თავაზიანობით და მისთვის ჩვეული მედიდურობით შეგვათვალიერა.
მუდამ მოუსვენარმა და დაეჭვებულმა სენიორამ პატრიოტული სიტყვით მიმართა მოემს: - რომ არგენტინელი სულაც არ არის ფრთებგარჭობილი ინდიელი, თუმცა მისი გარეგნობა ამას არ ადასტურებს და რომ რომანები ბუენოს აირესამდეც აღწევს... თავისი გამოსვლა ასე დაამთავრა:
- ხომ დამეთანხმებით, მისტერ სომერსეტ, რომ აღმოსავლელი მომხიბვლელ საიდუმლოს ფარავს?- პატივმოყვარეობამ მიბიძგა, საუბარში ჩავრეულიყავი.
"Cakes and lale" საუცხოო რომანია, რიხიანად წამოვიწყე, - ასევე აღტაცებული ვარ თქვენი ბოლოდროინდელი ნაწარმოებით "A Writer's Notebook".
ინგლისელმა რაღაც წაიდუდუნა და იძულებული გავხდი, მეთხოვა ნათქვამი გაიმეორეთ-მეთქი (თითქოს ჩემი თანამემამულეს სიყრუე გადმომდებოდეს). მაშინ მოხუცი სენიორას მიუბრუნდა და ქედმაღლურად განმარტა: - თქვენ ვიღაცაში გეშლებით, მე არავითარი რომანები არ დამიწერია, გადამდგარი პოლკოვნიკი ვარ...
- გვასულელებს? - გადმომილაპარაკა ჩემმა მეგობარმა ქალმა. ორივენი აღშფოთებულები ვიყავით. მე ცივად წარმოვთქვი სათანადო საბოდიშო სიტყვები და ჩვენ იქაურობას გავეცალეთ.
- ჰმ, პოლკოვნიკს დამიხედეთ! - წამოიძახა სენიორამ, - რაღას არ მოიგონებენ, მაგრამ მე ვერ გამაცურებს, ჩემი გვარი ჯერ კიდევ განმათავისუფლებელი ომის დროიდან იღებს სათავეს.
- ცდებით, ჩვენ გასულელებას სულაც არ აპირებდა, პირიქით, - მივუგე მისი უაზრო სიტყვებით გაღიზიანებულმა.
მეორე დილით შერბურის რეიდზე ბაქნიდან ვუცქეროდით, როგორ გადადიოდნენ მგზავრები საბუქსირო კატარღაზე, რომელსაც ისინი ნაპირზე უნდა გადაეყვანა. სენიორამ ქვემოთ ბუქსირის გემბანისკენ მიმითითა და თქვა:
- აი ისიც!
მე კი მოპირდაპირე გემბანზე მივანიშნე: - არა, მოემი იქ არის...
- აქაც არის და იქაც, - ნაღვლიანად გაიღიმა სენიორამ.
და მართლაც, წყლიდან თითქოს განსაცვიფრებელი მირაჟი ამოიმართაო, საბუქსირო გემზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ორი მოემი დავინახეთ.
- ორივე ერთნაირია, - დაბნეულად წამოვიძახე.
- განსხვავებულად აცვიათ, - შემისწორა სენიორამ.
ჩემი ლაპარაკის დროს გრევეს სიცარიელისთვის მიეპყრო მზერა და წააგავდა პირუთვნელ მოსამართლეს, რომლის განაჩენზე გავლენას ვერ მოახდენს ვერავითარი მტკიცება თუ პირადი სიმპათიები. მისი დუმილი ერთობ ხანგრძლივი მეჩვენა და ვთქვი! - დიახ, ასე იყო, სულ ეს არის...
- მართალი ხარ, დამეთანხმა ბოლოს და ბოლოს, - ნამდვილად ფუჭი დამთხვევაა. მაგრამ ეგ ამბავი ოდნავადაც არ ჰფენს შუქს ჩემს შემთხვევას. მხოლოდ იმას თუ ამტკიცებს, რომ არის მომენტები, როდესაც ყველაფერი შესაძლებელია.
არ ვიცოდი, რა მეპასუხა, - ალბათ, ასეა, - დავეთანხმე ბოლოს.
- ეს მომენტები განუმეორებელია, - განაგრძო გრევემ, - რადგან იმწამსვე წარსულს ერწყმიან, მაგრამ რეალურნი არიან და წარმოქმნიან განსაკუთრებულ, ამოუხსნელ რეალობას, რომელიც არ ექვემდებარება ბუნების კანონებს.
- შენ მითხარი, "ჩემი შემთხვევაო" - შევაწყვეტინე მსჯელობა.
- დიახ, ერთი ამბავი გადამხდა თავს, შენი საუბრისას რაღაც იმედი აღმეძრა, - განმიმარტა გრევემ.
- გული ხომ არ გატკინე, რამე საიდუმლოს ამოხსნას ხომ არ ელოდი?
- არ ვიცი, რას ველოდი... ეგება ამოსაცნობიც არაფერია, უცნაურია, მაგრამ ძალზე ესადაგება ღრმა რწმენას, უაზრო გულდაჯერებას, რასაც ყოველი ჩვენგანი სულის სიღრმეში გრძნობს. კარმენ სილვეირა თუ გახსოვს?
- რა თქმა უნდა, სიცოცხლით სავსე იყო, საბრალო, მე მას...
მინდოდა მეთქვა, კარმენს ლუიზა ბრუკეს ვამსგავსებდი-მეთქი. ბრუკე კინომსახიობი იყო, ყმაწვილკაცობაში ვგიჟდებოდი მასზე. თვალწინ დამიდგა ორივე ქალის ოვალური სახე, თეთრი კანი, მუქი თვალები, ამავე ფერის თმა და საფეთქლებთან პაწია კულულები.
- შენ სიტყვა არ დაგიმთავრებია, რაღაცას მეუბნებოდი, - მითხრა გრევემ რაღაცნაირი თრთოლვით.
- უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ საოცრად მომხიბლავი და ახალგაზრდა იყო.
- მოხარული ვარ, რომ მოგწონდა, - თქვა გრევემ და სწრაფად დასძინა:
- მკრეხელობაში ნუ ჩამომართმევ, კარმენს ვუყვარდი, მეც მიყვარდა, მაგრამ ქვეშეცნეულად. რა ბრიყვი ვიყავი! ერთს კი ვაცნობიერებდი, - მასთან არასოდეს მწყინდებოდა. ქალების ამბავი ხომ იცი. კარმენი მუდამ პოულობდა, უფრო სწორად, გამოძებნიდა ხოლმე საშუალებას შინიდან თავი დაგვეძვრინა და სადმე გავმგზავრებულიყავი, თუმცა ჩვენს გარემოებაში არ ივარგებდა, ვინმეს ერთად ვენახეთ.
- მარადიული გარემოებები! ყოველ ქალს შეიძლება შეექმნას ისეთი გარემოება, რომელიც მისგან სიფრთხილეს მოითხოვს. ან, უკეთ რომ ვთქვა - რისკს.
მე ხმამაღლა გავიცინე, საკუთარმა ეპიგრამამ გამამხნევა, გრევეს კი, როგორც ეტყობოდა, ნაღველი შემოაწვა.
- ამას ვერ ვითვალისწინებდი, ეტყობა, სხვებზე უფრო გულუბრყვილო ვარ, კარმენის ოჯახურ პირობებს ანგარიშს ვუწევდი. ბევრჯერ გადავათქმევინე ჩანაფიქრი, მაგარმ ზოგჯერ ნებაზე მივყვებოდი და ეს სანანებლად არასოდეს დამრჩენია. ამ ქალს საოცრად უყვარდა ცხოვრება, სადაც უნდა გავყოლოდი, რესტორანში, ნავით სასეირნოდ თუ სასტუმროში უიკ-ენდების დროს, წინდაწინ ვგრძნობდით, რომ უდიდესი სიამოვნება გველოდა. ამ სიამოვნებათა ულევი მარაგი გვქონდა და, სურვილისამებრ, მუდამ ვპოულობდით. ერთ-ერთი ამგვარი გასხლტომა მარ-დელ-პლატაში მოვაწყვეთ: სწორედ იმ ხანებში მანქანა გავყიდე და გამგზავრება მატარებლით მოგვიხდა. ეს ერთგვარ რისკთან იყო დაკავშირებული. ვინ იცის, ამხელა გზაზე ვის გადავეყრებოდით. ვაგონში ჩვენს პირდაპირ ახალგაზრდა ქალი იჯდა, როგორც შემდგომ გაირკვა, - კბილის ექიმი. გაუჩერებლად ლაპარაკობდა. კარმენმა ხმადაბლა გამაფრთხილა, თავი შეიკავე, არ გამოელაპარაკო, თორემ წუთიერი სისუსტე და ხუთსაათიანი მაღალფარდოვანი საუბარი არ აგვცდებაო.
იგი მალე დარწმუნდა, რომ მთელ მატარებელში ერთადერთი სახიფათო არსება ჩვენს პირდაპირ იჯდა.
- სახიფათო სულაც არ არის, - მივუგე, - ცოტა მოსაწყენი და თავმომაბეზრებელია, ეს არის და ეს. ჩვენ ხომ არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ სხვა ვაგონებში.
- იქ არავინ იქნება, - დამარწმუნა კარმენმა, - იგი გულისხმობდა, ჩვენი ნაცნობები სხვაგან არ იქნებიანო.
- რომელ სასტუმროში გავჩერდეთ? - ვკითხე.
ნომრის დაჯავშნა ვერ მოვასწარი, გამგზავრება დღისით, სადილობის ხანს გადავწყვიტეთ, ორივენი შინისკენ გავეშურეთ ჩემოდნების წამოსაღებად და დავთქვით, რომ ერთმანეთს ხუთ საათზე, სადგურ კონსტიტუსიონზე შევხვდებოდით. ბოლო წუთს კარმენს გაახსენდა, რომ შაბათს და კვირას საქველმოქმედო საღამოზე უნდა გამოსულიყო. სასწრაფოდ ტელეფონისკენ გავქანდით. კარმენმა შეძლო მოლაპარაკება და ბოდიშის მოხდა. შემდეგ მითხრა: "ძალიან გამიმართლა, ვშიშობდი, რომ დამელაპარაკებოდა თავმჯდომარე, მკაცრი და რესპექტაბელური ბებრუხანა, მას მთელი ბუენოს-აირესი იცნობს, მაგრამ ტელეფონთან მისი მდივანი, სასიამოვნო ქალბატონი მოვიდა, ვუთხარი ავად ვარ, წამოდგომა არ შემიძლია-მეთქი. აბა, თუ გამოიცნობ რა მითხრა? ბებრუხანაც ავად გახდა და ჩაწვაო. ერთი სიტყვით, ყველაფერი რიგზეა".
ჩემს კითხვაზე, რომელ სასტუმროს აირჩევ-მეთქი, მიპასუხა: - "პროვინსიალზე" რა აზრისა ხარ?
- ხომ არ შეიშალე, - მივუგე პასუხად, - უფრო მყუდრო ადგილი უნდა მოვძებნოთ.
ახლა მგონია, შეშლილი ის კი არა, მე ვიყავი. სიფრთხილის გამო, უბადრუკი მანიაკივით მუდამ რომ ვბორკავდი მის სურვილებს და მისწრაფებებს.
© ”არილი”
No comments:
Post a Comment