სარკე ძველ სარდაფში
("and nothing more")
ჩავეშვი სარდაფში. ვიფიქრე: დამალულ ძველ სურათს მოვძებნი.
სურათის ნაცვლად იქ დამხვდა მხოლოდ მტვერი და ძონძები
არც ძველი ფურცლები, არც ფარდის შრიალი, არც რამე ნიშანი -
მარტო ეს მტვერი და ძონძები, რომლებიც მაშინვე ვიცანი
მტვერი და ძონძები - და სხვა არაფერი - მტვერი და ძონძები
ძონძები, ძონძები, როგორც ნამზღვლევები დაფერფლილ ოცნების
ნესტიან კედელთან ადრე სარკე იყო ოვალურ ჩარჩოთი
მე მასში არეკლილ სილუეტს მრავალი ზამთრის წინ დავშორდი
ახლა იმ სარკეში აღარ ვირეკლები, ვერაფერს ვედრები -
არ ვიცი, როდის ან ვინ ამოიყვანა ეს ძველი კედლები
ეს იყო ოდესღაც - მე კარი გავხურე, უცნობ გზებს გავყევი
ეს იყო ოდესღაც - ჩამესმა ძახილი - წრფელი და მარტივი
ეს იყო დღეების ნათელი ღამეთა ელვარე ხატება
ხატება სატრფოსი - და სხვა არაფერი - მწვავდა და მანთებდა
არ ვიცი, რა მოხდა - წყალნი სად წავიდნენ, ვის დარჩნენ ქვიშანი
რატომ არ აჩნია ქვეყანას იმ განცდის რაიმე ნიშანი
რა იყო ჩემს თავზე - ზმანება, ედემი - ვერ ვამბობ გარკვევით
მხოლოდ მტვრის ფენაზე ციმციმებს რაღაცა, ვით სარკის ნამსხვრევი
მხოლოდ მტვრის ფენაზე ვგრძნობ მძიმე ნაბიჯებს, და ვატყობ - ვბერდები -
არ ვიცი, როდის ან ვინ ამოაშენა ეს ძველი კედლები.
ეს იყო ოდესღაც - ვიფიქრე, სარდაფში ძველ სურათს მოვძებნი -
იქ დამხვდა ძონძები - და სხვა არაფერი - ძონძები, ძონძები.
ტან-ცზი სიცივეში
(მავან დესპინეს)
ბამბუკის ტევრში გამეფანტნენ ძველი ლანდები
ჩემი ბავშვობის მეგობრებიც წავიდნენ ბნელში
და მეც მივდივარ - უფრო ზუსტად - იმ გზას ვადგები
რომელსაც უკვე რახანია მარტოღა შევრჩი
(ვამბობ "ლანდები", და უაზროდ ვღიზიანდები
თუმცა უბრალო ტერმინია, როგორც, ვთქვათ, "კენჭი").
მაშ ეგრე გეტყვი: გამეფანტნენ ჭრელი კენჭები
ჩემი ბავშვობის მეგობრებიც აღარსად ჩანან
და მე ვიჯერებ - უფრო ზუსტად - იმ აზრს ვჯერდები
რომ აღარ დადგა კენჭების და ლანდების ხანა
თუმც - ო, დესპინე! - კენჭებისთვის როდის მცხელოდა
არც ეხლა მცხელა - მე სულ მცივა, ლოდივით მცივა
მოულოდნელის ლოდინია ჩემი ხელობა
(იქნებ მიტომ რომ - მოსალოდნელს ვუცქირო ცივად)
ხანი კი მიდის. და ფოთლები კვლავ ცვივა, ცვივა.
ესეც - სენტიმენტ! მას შენ გიძღვნი, ჩემო დესპინე,
ჩემო ერთგულო მეგობარო ამ ორგულ დღეთა
მე ვიპრუტუნებ, როგორც ჭკვაზედ მცდარი მესტვირე
რადგან გარშემო მხოლოდ უგვან სიცხადეს ვხედავ
სადღაა მთები, ლეგენდები, ხეტიალები
დამთვრალ ბაღებში ათინათის უბადლო ცეკვა
ის, რაც მქონდა და - არცა მქონდა, - რაც გატიალდა
რასაც ოდესღაც ცხოვრება ერქვა
მე ჩემი გული ბევრჯერ სკეპსისს დავაგესლინე
ბევრი სიტკბო და სიყვარული შევირგე შხამად
მე გავიყინე სიცივისგან, გესმის, დესპინე
და აღარ დადგა ლანდების და კენჭების ხანა
ხეობები კი ივსებიან ხმებით ფოთლების
ბალახის სისხლით, ხეთა ტრფობით - სველია ჭალა
და მე ვიხსენებ, მე ვითრობი და მე ვლოთდები
და უბადრუკი სინანული ძვლებამდე მჭვალავს
და ვფიქრობ - ღმერთო, მე თვითონაც ალბათ ლანდი ვარ
იმ მეგობრების, იმედების, დაღვრილი სისხლის
მე დავწანწალებ ამ ქალაქში იმათ მაგივრად
და ირგვლივ მხოლოდ უსირცხვილო ლაყაფი ისმის
და მეჩვენება - ბინდბუნდია - ქარით, სანთლებით
თითქოს ღამდება, და საგნები მისდევენ შორს ქარს
იწვის ქალაქი, როგორც ძველი ტაძრის ნანგრევი
როგორც საუნჯე, გაყიდული გახვრეტილ გროშად
შორს ქარს მისდევენ - დარი-დური დარი-დარალი
ვაგზლები, გზები, ქოხმახები, ხანძრების ლანდი
ეს სინამდვილე - რომ არი და, თანაც არ არი
და ოცნებაშიც რომ აღარ ჰგავს არაფრით ნამდვილს
მიმიფურთხებივ! ნუ მაფხიზლებ! ნუღარც მაქეზებ
ნუ მომატარებ დავიწყებით გაბრუჟულ ბაღებს
იქ ქარი როტავს ჩვენს დაღუპულ ამხანაგებზე
და ჰორიზონტი სისხლიან თვალს მხეცივით აღებს
მზე - შენ, ნესტი - მე! სხვა რა გითხრა მეტი, დესპინე,
ავადმყოფურო მეგობარო დაპორყჭნილ გულის
ვერ ვიტან დუმილს - ერთი მაგრა დამასტვენინე
მე ხომ სისხლი ვარ, ავი ხროვა ირგვლივ რომ უვლის
მე ხომ ცეკვა ვარ ანთებული ძველი ლანდების
ავანტყოფურებრ.. და ქვეყანა არ მიღირს გროშად
ირგვლივ ლაყბობენ ვიღაც ურცხვი ყალთაბანდები
ვიღაც აჩმახებს, იმუქრება: "მოგელააანდებიი!"..
მე კი სიცივე, ეს სიცივე ძვლებამდე მთოშავს.
* * *
ზამთრის დღის მწვანე სიმწუხარეში
დგას ბომონივით სკოლის დარაჯი
სახელად გრიშა.
მე კი ეს თოვლი და ეს ცეცხლი უეცრად მთიშავს.
ზამთრის დღის მწვანე სიმწუხარეში
გამახსენდება გოგო - დინარა -
ის თოვლი იყო, ქალი კი არა,
ვინც ჩემს თვალებზე ძველ და დაბზარულ
ფრესკასავით გადაიარა, როგორც ზმანებამ.
ზამთრის დღის მწვანე სიმწუხარეში
მე დავდგები და ვიწვი მარტო
როგორც კედარი ნაპერწკლის ცეცხლზე
და ყველა თოვლი, ყველა სკოლა, ყველა გრიშაც კი
მე, სამწუხაროდ, დამენანება.
კრწანისია თუ ორთაჭალა - ჭრელი აბანოს იქით
ნიავს მიაქვს მეწამული ღრუბლების
შემზარავი სიზმარი თუ სიგიჟე
და ზღაპარი - ნაცნობი და ურგები
სიცივეში ხანძარივით გიზგიზებს
ვით მებრძოლი ფარითა და შიმშერით
ქარი მწარედ ერკინება ფანჯარას
შავი, შავი, როგორც შავი გიშერი
ფანჯარაზე ანგელოზი დამჯდარა
ხის წვერებზე სისინი აქვს ალიონს
ირხევიან წამახული ნაძვები
თითქოს უნდათ დააქციონ, დალიონ
ეს ქალაქი შუბისებრი ტაძრებით
თითქოს უნდათ საფლავებზე დასობილ
ძეგლებს გული გაუკეთონ კაცურად
დაამსხვრიონ მათ სახეზე თასებით
მზის სხივებზე ღრუბელი რომ დაცურავს
მზის სხივებზე ღრუბელი რომ ეგზნების
ჭრელი ხმლებით გადასხიპონ ანაზდად
ბალახები გაზმორებულ ზეგნების
ამ მკლავებზე ისრებივით დამასხან
ქარი. მტკვარი, სპორტსმენები ნავებით
მირაჟივით გაცურავენ ადრიან
ირგვლივ ცივი ნათელი დღის დარდია
მეც ამ დარდში ჭანარივით გავები
მეც ამ დარდში ვენთები და ვგიზგიზებ
ისტორიის ერთ წამიერ ხანძარად
შავი, შავი, როგორც შავი სიგიჟე
სამრეკლოზე ანგელოზი დამჯდარა
რა ფასი აქვთ ამ ტაძრებს და მიზგითებს
მინარეთებს ცის ერდოზე მძინარეთ
მდინარეში ანგელოზი გიზგიზებს
ჩაუქრობელ ხანძარივით მძვინვარებს.
ბუჟა ჯანდაბაში
ან თვალდახუჭულ წერას ვისწავლი
ან შევისწავლი სტენოგრაფიას
რადგან ვგრძნობ - ხელით გავლებული
ყოველი ბწკარი
ფერმკრთალია და უნიათო,
აქ იკარგება მთელი სამყარო
რომელსაც არსად არა აქვს ახსნა
ამ ორი თვალის დაბზარული გუგების გარდა
და ეს გუგებიც კლდისთევზებივით უნდა გაჰყვნენ
მღვრიე მდინარეს
და ლოთური ხმით იღრიალონ სამადლობელო
სინათლის, ქვიშის, ასი წლის წინ განცდილ ბალახის,
ბრმა ღამეების - ჭრიჭინებით, ცარიელი ავტობუსებით
სადაც დგას თვალებდაბერილი გლდანელი ლოთი
დგანან ბედასლი წვირიანი ვიღაც კაცები
აქ იკარგება მეტროს სადგურის
ყვითელი შუქით განასკვული ჩასასვლელები
მიმოფანტული შუაღამის დედამიწაზე
როგორც ვაშლის ყვავილის ბუტკო,
იკარგება თვით ათი მცნება - ხელს რომ ამოყვა
მეტროს ჟეტონის შესყიდვისას ათი თეთრივით,
ესკალატორი ბნედიანივით ხრიალებდა,
ეტანებოდა ვიწრო ღრიჭოს.
ან თვალდახუჭულ წერას ვისწავლი,
ანდა გავხდები ორჯერ უფრო დაკვირვებული
მე რა ვუწამლო ამ თეთრ ფურცელს
როდის ვყოფილვარ, ძმაო, ექიმი
წევს ფურცელი ჩემი ხელის ქვეშ - ლანცეტის მსგავსად
მომარჯვებული კალმისტარის ქვეშ
როგორც სანზონის საავადმყოფოს
მკვდარ პალატაში დაგებული მკვდარი ლოგინი
უფრო - კოიკა
რომელზეც მალე გაიშოტა ახალი მკვდარი -
აქ იკარგება ყველაფერი, რაც მას ახსოვდა
იკარგება და მცირდება ღამის მგზავრობა
განათებული ფარღალალა ავტობუსებით
ვარსკვლავების ქვეშ, და იმის ქვეშაც,
შიგ შავ მიწაში, ამ უცნაური ჯანდაბის ქვემოთ -
ოცნებებში რომ ქალაქი ჰქვია -
ქვემოთ, იქ სადაც ჩაედინება
ესკალატორის ცარიელი პირბრტყელი კიბე
რომელიც კვდება ვიწრო ღრიჭოში და იბადება
კიდევ უფრო ღრმა ჯანდაბაში
სადაც კანიბალ ვირთხებსაც კი სწყურიათ ღმერთი
და ისმის მკვდრების ბებრული და ცივი ყიჟინა.
ან დაკვირვებულ წერას ვისწავლი
ანდა დავჯდები თვალახუჭული, გავიხსენებ ზვიადისტ ქალებს
ფეხმოქცეული რომ ყაყანებენ მეტროს სადგურთან
ვარსკვლავების ქვეშ, შიგ კოსმოსურ მდუმარებაში,
გავიხსენებ ყოფილ ამხანაგს, სახელად ბუჟა -
მას ეს სახელი მიტომ დავარქვი
რომ გაბრუჟული დადიოდა შუბლზე სათვალით
გაღეღილი თხელი პალტოთი
გაუპარსავი, როგორც ბომჟი,
თუმცა კი მზერა ჰქონდა მუდამ ეჭვიანი ინტელიგენტის,
ის ომის შემდგომ
დანგრეული ქალაქის გზებზე მხვდებოდა ხოლმე
აწოწილი და წინ წახრილი,
კვირაში ერთხელ
ის იცვამდა თავის ძველ პალტოს
და მიდიოდა მოუკრეფავში
სადაც ცხოვრობდა დაცენტრილი დეიდამისი -
სანზონის იქით, ზემოუბანში,
სადაც ძველი და ბინძური მარშრუტკები დაჩლახუნობენ
პროვინციელი დალაქებით, მღვდლებით, ბომჟებით
გაქცეული კატორღელებით
ავჭალელი დულსინეათი
პროვინციულ და უკბილო ხუმრობით სავსე,
რადიოდან გადმოფრქვეული პავაროწის შლეგი ყვირილით,
ვიწრო ხიდესთან, სადაც ყრია
დაჟანგული თოფ-იარაღი
და დგას ძველი ქარის წისქვილი.
მიდიოდა მდინარის იქით,
ალვის ხეების მეჩხერ რიგში, ლაზარეთის მსგავს
გრძელ და დაბალ გაცვეთილ კორპუსს გვერდს რომ აუვლი
გვიან ზამთრის ლანდებიდან
გაზაფხულის ღრუბლიან და პირველ რუხ დღეში
როცა უფოთლო ნეკერჩხლებიდან
თავშალწაკრული სანიტარი დედაკაცები
შარშანდელს აქეთ შემორჩენილ მოლაღურების დიდ ბუდეებს
მსუბუქად ყრიან გრძელი ჯოხებით, ხვეტენ შავი მუმიებივით
მკვდარი ბარტყების პატარა გვამებს
და შორს ისმის გლდანელი გიჟის ყვირილი - დადეექ!
თბილისის ძველ და გამოფიტულ, ტაძრის ლილასფერ მწუხარე ცაში,
სასაფლაოს უკან და ზემოთ, ყომრალ გორაზე,
წმინდა პეტრეს ბორკილების ეკლესიასთან.
მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა -
დროს რას უშველი,
რას უწამლებ - გინდ პროფესორი იყავი და გინდა ექიმი.
ვიღაცა გაჩნდა. ვიღაც - პირიქით
რაღაც ჩაკვდა, დაცარიელდა -
დროს რას უწამლებ - დავცარიელდი,
მთლად გავხევდი, და ეხლა ვფიქრობ -
ან თვალდახუჭულ წერას ვისწავლი
რომ დავინახო, სად წავიდა ამდენი ხალხი -
აქ, ვარსკლავებქვეშ გადაჭიმულ ჯანდაბის ქვემოთ
მიწაში ჩათხრილ ღრმა ჯანდაბაში, რომლის ქვემოთაც
კიდევ არის რაღაც ჯანდაბა
სადაც ჩადის ესკალატორი ორფეოსივით,
სადაც ვირთხებიც დაშლიგინობენ,
და ცივად უსტვენს ქვესკნელის ღმერთი.
© ”არილი”
No comments:
Post a Comment