სიყვარული და თავისუფლება ავთანდილის ანდერძში
"ვეფხისტყაოსანში" სახელმწიფოს და პიროვნებას შორის რთული ურთიერთმიმართებაა, რომელიც მხოლოდ საბოლოოდ ხდება ჰარმონიული. ჰარმონია ხორციელდება პიროვნული ინტერესების და ფასეულობების პრიმატით - სახელმწიფოებრივი ინტერესები პიროვნულს უნდა დაემთხვეს, სახელმწიფო პიროვნული ფასეულობების რეალიზების შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს. ვიდრე ეს მიიღწევა, პიროვნება იძულებულია უპირისპირდებოდეს სახელმწიფოს.
როცა ტარიელთან დაბრუნებას გადაწყვეტს, ავთანდილი თავის სახელმწიფო მოვალეობაზე და მეფის მორჩილებაზე მაღლა საკუთარ პიროვნულ მისწრაფებებს აყენებს. ეს უჩვეულო მოვლენაა და ავთანდილმა უნდა განმარტოს იგი - ასეთია მისი ანდერძის მიზანდასახულობა. ავთანდილის არაბეთიდან გაპარვა თავისი მნიშვნელობით ნესტანის და ტარიელის მიერ ინდოეთის მეფის უპირობო მორჩილებაზე უარის თქმის და თავიანთი პიროვნული მისწრაფებების თამამი, რისკიანი რეალიზების ტოლფასია. ავთანდილი თავისებურად იმეორებს იმას, რაც ტარიელმა ნესტანთან ერთად გააკეთა.
თავისი არაორდინარული ქცევის, მეფისადმი დაუმორჩილებლობის გამამართლებელ არგუმენტებს ავთანდილი ეძებს და პოულობს ეთიკის სფეროში. პიროვნული მისწრაფებების უზენაესობა, პიროვნული თავისუფლების უმაღლესი ფასეულობა საბუთდება ზნეობრივ ჭეშმარიტებებზე დაყრდნობით. პიროვნული ცნობიერების უმთავრეს ნიშნად იკვეთება ის, რომ იგი ზნეობრივი ცნობიერებაა, უშეღავათო ზნეობრივ მოთხოვნებს უყენებს თავისთავს და სამყაროს.
ზნეობრივი იმპერატივები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეფისადმი მორჩილება - ამგვარია ანდერძის ქვეტექსტი. ხოლო თვით ეს იმპერატივები არ არის ადამიანისთვის გარედან თავსმოხვეული, პიროვნება მათ საკუთარი არსების სიღრმეში აღმოაჩენს. ისინი მისი სიღრმისეული მოთხოვნილებების შესატყვისია და კი არ ბოჭავენ, ზღუდავენ მას, არამედ, პირიქით, ათავისუფლებენ.
ტრადიციული - ქრისტიანობამდელი, ქრისტიანული თუ რაინდული ეთიკის მცნებები ავთანდილის ანდერძში პიროვნების თავისუფლებას, ავტონომიას აფუძნებენ. ტრადიციულ ფასეულობათა წიაღიდან იბადება ახალი და დიდი ფასეულობა. ავთანდილის ანდერძი თავისი შინაგანი საზრისით პიროვნების ემანსიპაციის ქარტიად წარმოდგება.
ავთანდილისთვის ზნეობა და სიბრძნე განუყოფელია. ზნეობა არის ღრმა სიბრძნის, გონიერების გამოხატულება, რამდენადაც მასში კონდენსირებულია ის, რაც ადამიანისთვის ჭეშმარიტად სასარგებლოა. ბრძენმა ადამიანმა იცის, რა არის უმჯობესი მისი ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური არსებობისთვის და ამიტომაც აღასრულებს ზნეობრივ მცნებებს. ეს გვაგონებს სოკრატეს ეთიკურ თვალსაზრისს, რომელიც ზნეობრივ სათნოებას მის ნათლად შეცნობაზე აყრდნობს.
რუსთაველის მსოფლგაგებით, ადამიანის სრულფასოვანი ამქვეყნიური თვითგანხორციელების, წარმატებული თვითდამკვიდრების და ბედნიერების საწინდარი სხვა ადამიანებისადმი სიყვარული და თანადგომაა, რაც ამავე დროს იმქვეყნიურ ცხოვრებაში მისი სულის კეთილი ხვედრის განმსაზღვრელია. შესაბამისად, სიცრუე, სიყვარულის ღალატი, მოყვასის გაუტანლობა ადამიანს მიწიერ ცხოვრებასაც უმრუდებს და ზემიწიერსაც. "კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა, მე სიტყვასა ერთსა გკადრებ პლატონისგან სწავლა-თქმულსა: "სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა". ავთანდილის ერთგულება ტარიელისადმი ადამიანური არსებობის ამგვარი კანონზომიერების ცოდნასაც ემყარება. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს კანონზომიერება მან კონკრეტულად დაინახა ტარიელის თავგადასავალში, რომლის ტრაგიკულობა უპირველესად ფარსადანის "სიცრუემ და ორპირობამ" განაპირობა. ტარიელის ისტორიის სახით ავთანდილს თვალწინ აქვს იმის აშკარა დადასტურება, თუ რამდენ ბოროტებას, უბედურებას წარმოშობს სიცრუე, როგორი მავნეა ის ყველასთვის, თვით ცრუ და ორპირი კაცის ჩათვლით. ამის შემცნობი ადამიანისთვის მოყვასის ღალატი რაღაც არალოგიკურია, აბსურდულია: "რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?!"
ავთანდილი "ვეფხისტყაოსნის" ყველაზე აქტიური გმირია, პოემაში ყველა პოზიტიური იდეა თუ პრაქტიკული მიზანი მისი მცდელობით ხორციელდება. ჭეშმარიტება, რომლის განსახიერებაც არის "ვეფხისტყაოსანი", აღსრულდება, რეალობად იქცევა ავთანდილის მიერ. იგი არის სამყაროს და თავისთავის სრულმყოფელი, იდეალის, ჯერარსის სინამდვილეში დამამკვიდრებელი. ავთანდილის ადამიანურ ბუნებასთან და პოემაში მის ფუნქციასთან სრულ თანხმობაშია მისი შეხედულება, რომ ფილოსოფიასთან, სიბრძნესთან ანუ ჭეშმარიტებასთან ზიარების აზრი ეთიკურ-პრაქტიკულია - სიბრძნის, ჭეშმარიტების პრაქტიკული ხორცშესხმა ადამიანს სრულქმნილს ხდის და უმაღლეს, ღვთაებრივ რეალობას, ამ რეალობის ჰარმონიას უერთებს. "არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა! მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა". ეს არის ადამიანის დიდი შესაძლებლობების რუსთაველისეული ხედვის და აღიარების გამოხატულება. სიბრძნის წვდომის უნარი, ანუ გონება და ამ სიბრძნის განხორციელების შემძლეობა ადამიანს აღასრულებინებს თავის მაღალ დანიშნულებას, იყოს ღვთაებრივი, მეტაფიზიკური ჰარმონიის თანაზიარი. სიბრძნეზე დაფუძნებული, ეთიკური ქმედებით (და არა მჭვრეტელობით) ადამიანი - მიწიერი არსება ღვთაებრივად მაღალ სფეროთა ბინადარი ხდება.
ეს აზრი ღრმავდება და კონკრეტდება მომდევნო სტროფში, სადაც საუბარია იმ სიბრძნეზე, ჭეშმარიტებაზე, რომლის ხორცშესხმაც ადამიანს უზენაესი წესრიგის თანამონაწილედ აქცევს - ეს არის ქრისტიანული ("მოციქულთა") მოძღვრება სიყვარულის შესახებ. ამ მოძღვრების არსს რუსთაველი საკუთარი ფორმულით გამოხატავს - "სიყვარული აღგვამაღლებს". იგი სიყვარულის ქრისტიანულ გაგებაში აღმოაჩენს და აძლიერებს ადამიანის განდიდების ტენდენციას. სწორედ სიყვარულია ის სიბრძნე, რომლით გამსჭვალვაც ადამიანს "ზესთ მწყობრთა წყობამდე" ამაღლებს. რუსთაველის თვალთახედვით, რომელიც ქრისტიანული მსოფლმხედველობის შემოქმედებით გააზრებას ემყარება, ადამიანი ცოდვით დამძიმებული და დამდაბლებული არსება კი არ არის, არამედ ღვთაებრივი ნიჭის - სიყვარულის ძალის მფლობელია და ამ ნიჭის წყალობით მეტაფიზიკურ რეალობაში მკვიდრდება. რუსთაველის რწმენით, სიყვარულის მეოხებით ღვთაებრივს ამქვეყნადვე შეიძლება მიწვდეს ადამიანი, რომელიც არ არის ასკეტი თუ მისტიკოსი, რომლის ურთიერთობა ღმერთთან არ არის გაშუალებული რელიგიის ინსტიტუციონალიზებული ფორმებით, ხოლო მისი სიყვარული უპირველესად მიმართულია არა ღმერთისკენ, არამედ სხვა ადამიანებისკენ.
კანონზომიერია, რომ საუბარს "ზესთ მწყობრთა წყობასთან" შერთვაზე და სიყვარულის ამამაღლებელ ძალაზე მოსდევს საუბარი ღმერთზე, რადგან ამ ფენომენების პირველსაფუძველი სწორედ ღმერთია.
ავთანდილის გაგებით, ღმერთი ადამიანს აღჭურავს სულიერი და ფიზიკური ძალებით, რომელიც მას ესაჭიროება ამქვეყნად ძნელი თვითდამკვიდრებისთვის: "ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად". ავთანდილი თავისთავში გრძნობს ღვთაებრივი წარმომავლობის სულიერი და ფიზიკური ძალის სისავსეს და ესეც უბიძგებს დაეხმაროს ტარიელს - ღვთის მიერ მონიჭებული ენერგია, ბუნებრივია, საღვთო საქმისთვის, მოყვასის სიყვარულის და თანადგომისთვის დაიხარჯოს. თვით ღმერთიც ხომ ადამიანის დამხმარეა: " ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად".
შემდეგ განსაკუთრებულად ხაზგასმულია ღმერთის სიდიადე და სამყაროსთან მისი მიმართების აქტიურობა - იგი განსაზღვრავს საგანთა ბუნებას, თვისებრივ გარკვეულობას ანიჭებს ყოფიერთა სიმრავლეს, ანდა ამ სიმრავლეს კვლავ თავის ერთიან წიაღში აბრუნებს ("ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად, იგი გახდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად"). ღმერთზე მსჯელობა შეჯამებულია ლოგიკური დასკვნით - ყველაფერი, რაც ხდება, ღმერთის ნებით ხდება ("რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების").
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია თვალსაზრისი, რომელიც ღმერთის ამ დახასიათებიდან - ღმერთის სიდიადეზე, სამყაროსთან მის აქტიურ მიმართებაზე და სამყაროში მისი ნებით დამყარებულ გარკვეულ წესრიგზე მსჯელობიდან აღმოცენდება.
ის, რომ "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების", გამოვლინებას პოვებს, კერძოდ, იმაში, რომ "მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების". ანუ ღმერთის მიერ არის სამყარო ისე მოწყობილი, რომ ყოველივე, რაც თავისი სიცოცხლის წყაროს წყდება, იღუპება. ღმერთის მიერ არის დამკვიდრებული ის კანონზომიერებაც, რომ მშვენიერება ადამიანს ხიბლავს, აჯადოებს: "თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხოდ რადმე ეშვენების". მშვენიერებით აღფრთოვანება ღვთისგანაა და ღვთისთვის სათნოა - ასეთი თვალთახედვის აქცენტირება აღორძინების კულტურაში ხდება.
რადგან ყველაფერი ღვთის ნებაა, ანუ, კერძოდ, ღმერთმა დააწესა, რომ სიცოცხლის წყაროსგან მოწყვეტას ვერავინ უძლებს, რომ მშვენიერება ადამიანს ატყვევებს, ამდენად, ღვთის ნებაა ისიც, რომ ავთანდილს ტარიელის გარეშე არსებობა აღარ შეუძლია, მოხიბლა მისმა სულიერმა და ფიზიკურმა მშვენიერებამ და მის საშველად სურს წასვლა ("მე ვით გავსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!"). ამგვარად, ავთანდილის სიყვარული ტარიელისადმი თავისი წარმომავლობით ღვთიურია და ტარიელთან დაბრუნებისკენ მისი სწრაფვა ღმერთის ნების შესატყვისია.
ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომლითაც ავთანდილი ტარიელთან წასვლას ამართლებს, არის თვით მისი გრძნობა მეგობრისადმი, არაბეთში მის დარჩენას შეუძლებელს რომ ხდის ("ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა; აწ წასვლა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა"). და ავთანდილი ასაბუთებს, რომ ეს გრძნობა ღვთაებრივია. მხოლოდ ასე, სიყვარულის გრძნობის ღვთაებრიობის მტკიცებით შეიძლება გახდეს მისატევებელი ისეთი მძიმე შეცოდება, როგორიც მეფისადმი ურჩობაა. რაკი არსებობს ის, ვინც მეფეზე მაღლა დგას, - ღმერთი - ადამიანმა პირველ რიგში სწორედ მისი ნება უნდა შეასრულოს და არა თავისი ამქვეყნიური სუზერენის. ღვთის ნებას კი მას სიყვარულის გრძნობა უცხადებს.
"ვეფხისტყაოსანში" სიყვარული პიროვნების ჩამომყალიბებელი და გამათავისუფლებელი ძალაა. სიყვარული აღძრავს ადამიანში თავისუფლებისკენ სწრაფვას და თვითონვე შეაძლებინებს გახდეს თავისუფალი. "ვეფხისტყაოსანი" სიყვარულის სტიქიიდან თავისუფალი პიროვნების დაბადების მაუწყებელი წიგნია. თავისუფლების უმაღლესი ფასეულობა ავთანდილს ცხადად აქვს გაცნობიერებული, თავის ღრმა სულიერ ლტოლვას თავისუფლებისკენ ის ზუსტად იაზრებს და გამოთქვამს: "სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა". თავისუფლებისკენ სწრაფვის სათავედ კი, როგორც დავინახეთ, ავთანდილი ღმერთს სახავს...
© “არილი”
No comments:
Post a Comment