ოცდამეერთეს ფურცლები
* * *
ამ ზღვარს ვერავინ გადააბიჯებს, ცხოვრობ და ისევ აგრძელებ წრიალს
და კედლებს შორის მოქცეულ სივრცეს ფანჯარა ურჩევს გარეთ გახედვას,
იქ, ჰორიზონტთან ყულფივით წრეა და სიმრავლეა უცნობ სახეთა
და ერთადერთი ნაცნობი მზეა, რომელიც ჩრდილებს ამრავლებს მარად
ქალაქის ქუჩებს მოეფინება და ნოეს მტრედებს ააღუღუნებს,
იგი, ვინც სიკვდილს მიიჩნევს არად და გააგრძელებს ძველ საუკუნეს.
ხეები დგამენ ჩრდილის ნაბიჯებს და მათი ხმები არწევენ ფარდას
ქათქათა ფარდას, რომელიც არის სახლის და გარე სივრცის გამყოფი,
აქ ვიღაც სუნთქავს სიჩუმის გარდა და შენ ხარ მისი სუნთქვის ნაყოფი.
ყავის ჭიქიდან ასული ორთქლი გაგაშლევინებს ძველიძველ ალბომს
რადგანაც ორთქლში დაილანდება ნაცნობ სახეთა თბილი ნაკვეთები
შვილისთვის, რასაც ალბომი ამბობს, იმასვე იტყვის, როცა ჩავკვდები.
დატოვებ ანდერძს, არ გეშინია სადმე უაზრო სიტყვის ჩაგდების,
ვფლანგავ ყველაფერს, ანუ არაფერს, რადგან ცხოვრება ფიქრის ბადეა
და რჩება მხოლოდ გულისნადები, ანუ ქვეყანა, რაც მაბადია.
5-6.V.2001 წ.
* * *
ვინ იცის ეს გზა სად დამთავრდება, წუთიდან წუთში გარდამავალი,
რომელიც უკვე დიდი ხანია გამოგონილი საზღვრით გამიჯნეს,
ყოველი მგზავრი არის მავანი და სხეულები მიჰყავთ ნაბიჯებს
გაურკვეველი მიმართულებით, ან იქით, სადაც ხილვამ იელვა
და თავის სახე გამოაჩინა უცნობი სახის იეროგლიფმა,
მზე შეაგროვა, როგორც იელმა, რომელიც მგზავრმა მზერით მოკრიფა.
აქ უნდა იყო, მაგრამ ვინ იცის, აქ ხარ თუ სხვაგან, იქნებ არა ხარ
და შენი ყოფნა ყოფნა-არყოფნას განუსაზღვრელად აღემატება,
არაფერს ნიშნავს თვალით დანახვა, როდესაც სიტყვა იწყებს ნათებას.
ბგერებით გავსებს რომ დაგამუნჯოს და ვერასოდეს ვეღარ ამოთქვამ
სათქმელს, რომელიც სინამდვილეში არც კი ყოფილა თურმე სათქმელი
და უნებლიეთ, იგი გამოდგა თანდათანობით შენი შთამნთქმელი.
ისე წვეთ-წვეთად დაუბრუნდები დროს, შენს ხსოვნას რომ დღემდე ინახავს,
რაც ხილვის ბზარში წუთით გამოკრთა და მიგანიშნა: რომ ის აქვეა,
შენ ხომ არ იცი ახლა ვინა ხარ და შეშფოთებულ დუმილს რა ჰქვია.
...და აი, ბავშვი, პირველი სიტყვის ბუნდოვან ბგერებს რომ შეაგროვებს,
მისი ღიმილი მრავლისმეტყველი დროის ნათებას კვლავ ინარჩუნებს,
რომელსაც მწარე წლები აქრობენ და ბუნდოვანი ყოფა აჩუმებს.
ქვის კოდვა გიჯობს იმის ძიებას, ის, ვინც შენსავით ტანჯვით არ იშვა,
ვინც არასოდეს დაბადებულა, ვისაც ვერ შთანთქავს ჟამი შენსავით,
ვინც თვალში გაკრთა და მიგანიშნა - ფსალმუნი დარდის ამომკემსავი.
5.V.2001 წ.
* * *
სადღაც ჩიტები ჟივჟივებენ,
აქამდე აღწევს მათი ხმა -
ზამთრის ნაღვლიანი სიმღერა.
ჩვენც ბეღურებივით ვცხოვრობთ -
ზამთრის ხმაში ჩარჩენილები,
საიდანაც იმ წუთებს ამოვყავართ,
დღეს რომ ემატება შეუმჩნევლად
და ისეთი შუქით ვივსებით,
რასაც სახელს ვერ მოუძებნი,
როცა ჩიტები ჟღურტულზე გადადიან,
როცა მხიარულ ბგერებს პოულობენ
და მარადმწვანე ხეებს არწევს მათი სიმღერა.
ზამთრის სიმღერა უნაპიროა,
უნდა უსმინო ამ ხმებს,
ვიდრე ფანჯარაში შემოიხედავს
ნუშის ხე,
რომელიც სულაც არ წააგავს პატარძალს,
იგი, უბრალოდ, ზამთრის სიმღერის
ბოლო აკორდივით გაისმის -
ჯერ კიდევ ჩაჟამებულ ბაღში,
სადაც ჩიტები ჟივჟივებენ
უცბად გაზრდილ დღის თვალებში.
ჩვენც ბეღურებივით ვცხოვრობთ
და ხანდახან მზერა გაგვირბის
ნუშის ხისკენ,
გუშინ რომ კვირტი გამოუჩნდა
ჩვილის თვალივით,
რომელიც ჯერ ვერაფერს ხედავს.
* * *
... იმ გზის ძებნისას
სიტყვები წყვილდებიან
და მეტაფორის უფსკრულს ბადებენ,
როგორც შიშს,
რომელიც მუდამ ზურგს უკან დგას
და კეფაში გუგუნებს შიშის ორკესტრი -
მივიწყებული თვალის ასახელად,
საიდანაც შეიძლება დატოვო სხეული
და აღარ შეგაკრთოს დრომ,
რომელმაც დაკარგა მნიშვნელობა.
თუმცა იმ გზის მისაკვლევად
სიტყვები ჭიანჭველებივით მიცოცავენ კენწეროსკენ
და ცის დანახვის შემდეგ
უკან ბრუნდებიან დაეჭვებულნი,
რომ არ არსებობს ის გზა
და აღარ არის სავალდებულო რაიმე თქვა,
რომ ვიღაცას ცოცხალი ეგონო.
მაგრამ მუნჯიც ხომ ამოიღმუვლებს ზოგჯერ,
გული რომ არ გაუსკდეს,
რომ "უცნობ ღმერთს" ხმა მიაწვდინოს
და ხელების მოძრაობით უთხრას ვინმეს,
რომ ცოცხალია,
რადგან თვალებში ჩარჩენილ ფიქრს
ვერავინ ხედავს.
იმოძრავეთ, ხელებო, იმოძრავეთ,
მოხაზეთ ფიგურები,
რომლებიც მყისიერად ქრებიან -
ჰაერში - გაშლილ წიგნში,
სადაც არაფერი წერია
მოარული იეროგლიფების გარდა,
რომელსაც სინათლე ხატავს და შლის
დაუსრულებლად.
* * *
უნდა დაივიწყო, რომ მერე გაგახსენდეს,
როგორ შემოიჭრა შენში სინათლე
და თვალებზე აფარებული ხელისგული
გაიხსნა სარკმელივით
და ის ქვეყანა გამოჩნდა,
სადაც მხოლოდ გრძნობენ ერთმანეთს
და არასოდეს ამბობენ რამეს,
რადგან დუმილში იგულისხმება
ყველაფერი და არაფერი.
უნდა დაიმახსოვრო, რომ მერე დაგავიწყდეს,
როგორ ამოიზარდა შენი ხელისგულების ქვეშ
მისი მკერდი
და სიბნელე როგორ გაანათა მკლავების თაღმა.
უნდა დაივიწყო, რომ მერე გაგახსენდეს,
რაც დაგავიწყდა და გაიხსენო,
რომ ხელახლა გადაგავიწყდეს, რაც გაგახსენდა,
თან დავიწყებას და გახსენებას შორის არსებულ
დროში დარჩე, სანამ დარჩები.
უნდა დაივიწყო, რომ მერე გაგახსენდეს,
"სად მიდის მუსიკა, როცა აღარ უკრავენ",
რომ იგი შენში იმალება
და როგორც ხატი -
გულგრილობის საღებავით გადადღაბნილი,
ოდესმე ამოტივტივდება ზედაპირზე
და შემკრთალი გამოიხედავს
იმ ბავშვივით,
პირველად რომ აღმოაჩინა საკუთარი ჩრდილი,
დაედევნა და ვერ დაიჭირა.
სად მიდის ჩრდილი, როცა აღარ მოჩანს?!
უნდა დაიმახსოვრო, რომ დაგავიწყდეს,
როგორ ანათებენ მიწის სიბნელეს
იმის ძვლები, ვინც ღამის გავლით
დღიდან დღეში გადადიოდა,
ვინც უცაბედად თავს დაეკარგა
და გაეფანტა სიტყვა, როგორც ბაბუაწვერა.
უნდა დაივიწყო, რომ მერე გაგახსენდეს,
რაც დაგავიწყდა და გაიხსენო,
რომ ხელახლა გადაგავიწყდეს, რაც გაგახსენდა,
თან დავიწყებას და გახსენებას შორის არსებულ
დროში დარჩე, სანამ დარჩები.
* * *
ჩვენ ვერ ვამჩნევთ იქიდანაც რომ ბრუნდებიან,
ზოგჯერ სიტყვებსაც რომ გვკარნახობენ
ან სულაც ჩვენში სახლდებიან
ძველი სიცოცხლის გასაგრძელებლად.
ისინი მუდამ აქვე არიან...
მე ვგრძნობ მათთან თანაცხოვრებას,
სრულ სიჩუმეში, როცა ისმის
როგორ ივსება მტევნები წვენით,
როგორ მწიფდება დუმილში სიტყვა
მათი სუნთქვის აღმოსაჩენად.
ისინი მუდამ აქვე არიან...
თავიანთ საგნებს უბრუნდებიან,
თავიანთ ნივთებს ეხებიან უჩინარ ხელით
და გრძნობს ჰაერი მათ არსებობას -
უმიზეზოდ რომ ირწევა ფარდა,
როცა ფოთოლი ეკრობა მინას
დედაჩემის ხელისგულივით.
* * *
ვისაც ოდესღაც ცრემლი გაუშრა
და სიმუნჯეში დარჩა თავისთვის -
ის აღმოაჩენს გაოგნებული:
სინათლეშიაც არარა მოჩანს!
და მაჯისცემა ძველი მდინარის
ისმის შორიდან, რომ ჯერ არ მორჩა,
რაც მეორდება გამუდმებულად
და როგორც კუდი ბოლოქანქარის
დახტის კალამი, სიტყვებით ბოჭავს
ცოცხალ-მკვდარ განცდებს;
აღარ იციან ჩემმა ფანჯრებმა
რომელი მხრისკენ გადაიხედონ,
რათა თვალები სამყაროს გაცდნენ.
© ”არილი”
No comments:
Post a Comment