კუზიანი
(ნაწილი I )
რობერტო (გოდოფრედო კრისტოფერსენ) არლტი 1900 წელს დაიბადა, ბუენოს-აირესის ღარიბ უბანში. მამამისი პრუსიელი ემიგრანტი, ხოლო დედა იტალიური წარმოშობის ქალი გახლდათ. მომავალ მწერალს საშუალო სკოლის განათლებაც კი არ მიუღია (მეხუთე კლასიდან გარიცხეს). მამამისის აგრესიულმა ხასიათმა იგი აიძულა 16 წლის ასაკში მიეტოვებინა მამის სახლი და მარტოდ დარჩენილს სამუშაოზე ეფიქრა. არლტის ოცნება- გამომგონებელი გამხდარიყო და ამით მიეღწია მატერიალური კეთილდღეობისთვის, ოცნებადვე დარჩა. წარმატება კი მან ლიტერატურულ საქმიანობაში ჰპოვა – დაწერა რამდენიმე რომანი, გამოაქვეყნა მოთხრობების კრებულები, მუდმივად აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში პუბლიცისტური, ლიტერატურული, პოლიტიკური თუ სოციალური ჟანრის ნარკვევებს.
არლტს არგენტინაში ხშირად იხსენიებენ ხოლმე ხორხე ლუის ბორხესთან ერთად, როგორც ორ პოლარულად დაპირისპირებული სტილის, მსოფლმხედველობისა და პიროვნული ხასიათის მქონე შემოქმედს. მაშინ, როდესაც ბორხესი ბევრისთვის აკადემიური, ელიტარული და ევროპული ორიენტაციის მქონე მწერალია, არლტი მიჩნეულია ნაკლებად კულტურულ, სოციალური თემებით დაინტერესებულ, მკითხველთა ფართო წრეებისათვის ადვილად გასაგებ ავტორად. მიუხედავად ამ განსხვავებებისა, ბორხესი რობერტო არლტს მიიჩნევდა არგენტინის საუკეთესო თანამედროვე მწერლად. სამწუხაროდ, არლტს, რომელიც 1942 წელს გარდაიცვალა, არ მიეცა საშუალება წაეკითხა ბორხესის ყველაზე ცნობილი მოთხრობების კრებულები.
არლტის შემოქმედების უშუალო თემა ძირითადად ბუენოს-აირესის ღარიბი და დაჩაგრული ხალხის ცხოვრებაა, მისი პერსონაჟები ლოთები, თაღლითები, ქურდები და მკვლელები არიან (აღსანიშნავია, რომ თვით არლტი გამუდმებით ტრიალებდა ამ წრეში და ხშირად მისი უშუალო მეგობრები მისივე პერსონაჟების პროტოტიპები არიან), ხოლო არლტის ენა არ გამოირჩევა დახვეწილი სტილით, ის მწერლის მშობლიური ქალაქის და რაიონის დიალექტის იმიტაცია უფროა. შეიძლება ითქვას, რომ მისი პოპულარობის მიზეზი სწორედ ამაში მდგომარეობს: მაშინ, როდესაც მეოცე საუკუნის დასაწყისში ლიტერატურა იფარგლება დახვეწილი ენითა და მისთვის "შესაფერისი" თემატიკით, მწერალი კი გამიჯნულია ხალხისაგან, როგორც ვულგარული გემოვნების მქონე, გაუნათლებელი ბრბოსაგან, რობერტო არლტი უპირისპირდება ამგვარ სნობურ პოზიციას და უფრო ზოგადად, ნებისმიერ ოფიციალურად აღიარებულ ძალას.
პოლიტიკური თვალსაზრისით არლტის ანტი/გმირები კრიზისში მყოფი საზოგადოების მიერ დაღდასმული პიროვნებები არიან. ისინი გამუდმებით იბრძვიან ნებისმიერი ძალაუფლების წინააღმდეგ – იქნება ეს კაპიტალიზმის განვითარებისაკენ ორიენტირებული თუ მილიტარული რეჟიმის მთავრობა, ბურჟუაზიული საზოგადოება თუ პროკომუნისტურად მოაზროვნე ძალა. არლტის მიერ აღწერილი ბუენოს-აირესი ბაბილონის გოდოლს ჰგავს, სადაც იგრძნობა იმ ნაციონალური, იდეოლოგიური თუ კლასობრივი კონფლიქტების მოახლოება, რომლებიც სულ მალე ეკონომიურ და მორალურ კრიზისამდე მიიყვანენ მთელს არგენტინას.
ესპანურიდან თარგმნა ქეთი კუპატაძემ
ქალბატონი X-ის სახლში რიგოლეტოს, ანუ კუზიანის მიმართ ჩემს საქციელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ნაირ-ნაირმა გაზვიადებულმა ჭორებმა იმ ხანად ბევრს შეაძულა ჩემი თავი.
მიუხედავად ამისა, რომ არა რიგოლეტოს მკვლელობა, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ცხოვრებაში პრობლემები არ უნდა მქონოდა. კუზიანისთვის ყელში წვდომა და მისი დახრჩობა ჩემთვის უფრო დამღუპველი და წინდაუხედავი საქციელი აღმოჩნდა, ვიდრე ხალხის სიკეთეზე მზრუნველი ადამიანის მოკვლა იქნებოდა.
დამეხვიენ პოლიციელები, მოსამართლეები და ჟურნალისტები. ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული (ვუკვირდები რა მათ მართლმსაჯულების კანონებს), რომ ამ ხალხმა რიგოლეტო ერის წინამძღვრად, გენიოსად, ან ფილანთროპად არ აღიარა. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ამ გარეწარის დასაცავად სასამართლოს მიერ მიღებული ზომები, მაშინ როცა მის დასასჯელად უთვალავი პანღურიც კი არ იკმარებდა.
ვიცი, უარესებიც ხდება ამ ქვეყანაზე, მაგრამ ეს სულაც არ მანუგეშებს. ზიზღით შევცქერი ციხის ჭუჭყიან კედლებს უარესი მომავლის მოლოდინში. ალბათ ასეთი იყო ჩემი ბედი, ამდენი ტანჯვა-ვაება უნდა მოეტანა ჩემთვის ამ ერთ ხეიბარს.
მახსოვს (ეს ინფორმაცია დააინტერესებთ ალბათ თეოსოფიითა და მეტაფიზიკით გატაცებულთ), ჩემს ყურადღებას ბავშვობიდან ბავშვობიდან იქცევდნენ კუზიანები. ისინი ერთდროულად მეჯავრებოდნენ და მაჯადოებდნენ, ისევე როგორც მეცხრე სართულის აივანი, რომლიდანაც ღია სივრცე მიხმობდა. მის მოაჯირთან არა ერთხელ მივსულვარ შიშით გულაფანცქალებული. წარმომედგინა, რომ სუნთქვაშეკრული ვეშვებოდი უფსკრულში. მახინჯის ყურება ჩემში გულისამრევ გრძნობას იწვევდა და საკუთარი თავი ინვალიდი, გროტესკული და ამაზრზენი არსება მეგონა, ყველასაგან მიტოვებული, ძაღლების ბუნაგში მცხოვრები, რომელსაც დაუნდობელი ბიჭები დასდევდნენ სახრეებით ხელში და მზად იყვნენ მისთვის კუზში დანები გაეყარათ.
საშინელებაა..., ყველა კუზიანი უეჭველად ბოროტი, ეშმაკეული და ღვარძლიანია..., ასე რომ, რიგოლეტოს დახრჩობით, მჯერა, კეთილი სამსახური გავუწიე საზოგადოებას – დავიხსენი ყველა ჩემებურად გულჩვილი ადამიანი საშიში და შემაძრწუნებელი სანახაობისაგან.
ისიც უნდა ითქვას, რომ კუზიანი მეტისმეტად დაუნდობელი ადამიანი იყო. იმდენად დაუნდობელი, რომ ყოველდღე იძულებული ვიყავი გამემეორებინა:
- მისმინე, რიგოლეტო, ნუ იქნები ასეთი უკუღმართი. მე მაინც ნუ დამანახებ, როგორ უშენ სახრეს საწყალ ღორს. რა დაგიშავა საცოდავმა? არაფერი. არ ვარ მართალი?
- თქვენ რა გადარდებთ?
- არაფერი დაუშავებია და შენ მაინც ჯიუტად, ძალით, ულმობლად ჯავრს იყრი საწყალ ცხოველზე...
- მსიამოვნებს. ახლა პირში ბენზინს შევასხამ და მერე კი ცეცხლს წავუკიდებ – მიპასუხებდა, სახრეს გადაუჭერდა ცხოველს ზურგზე და თან თეატრის დემონივით კბილებს ააკრაჭუნებდა. მე კი ვეუბნებოდი:
- წაგახრჩობ, რიგოლეტო. როგორც მამა, ისე გაფრთხილებ, მისმინე, რიგოლეტო. შენ გეუბნები...
ეს ჩემი სიტყვები იყო ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ჩემი მოთხოვნების უგულებელყოფაში, საკუთარი დამცინავი და გესლიანი ხასიათის ყოველწუთიერ გამოვლინებაში იგი სიამოვნებას ჰპოვებდა. მიბეგვის მუქარაც და იმის თქმაც კი, რომ ერთი დარტყმით შევუნგრევდი კუზს, არ ჭრიდა. რიგოლეტო ჯიუტად განაგრძობდა უზნეობას.
ჩემს ამჟამინდელ ყოფაზე ფიქრისას, ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ ჩემივე სისულელით ყოველივე ეს დეტალურად ვუამბე ჟურნალისტებს.
იმედი მქონდა, რომ გამიგებდნენ და გამოჩნდებოდა ადვოკატი, რომელიც ჩემს შელახულ რეპუტაციას აღადგენდა. ამ უბადრუკებმა კი მხოლოდ ეშმაკეული დაინახეს ჩემში. დაწერეს, რომ ჩემი ქცევის კარგად გაანალიზებისას აშკარად იკვეთებოდა ჩემი გარყვნილი და ცინიკური ხასიათი.
ცხადია ჩემი საქციელი ქალბატონი X-ის სახლში გოთას პროექტის წევრისათვის შესაფერისი არ ყოფილა. არა, ამის თქმა გულწრფელად შემიძლია. მაგრამ, ჩემი დაუძინებელი მტრები ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებიან, რის გამოც ჩემს გარშემო ტყუილი და გაუგებრობა იკიდებდა ფეხს. ცილისმწამებელნი ხალხს არწმუნებენ, რომ ეშმაკიული და ნაძირალა ვარ, რასაც იმითაც ასაბუთებენ, რომ მათ ხალისით ვუყვები ხოლმე ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ისტორიებს. თითქოს ხალისიანობა სწორედ სულიერად ჯანმრთელი და თანამგრძნობი, თბილი გულის მქონე ადამიანის თვისება არ იყოს.
მეორეს მხრივ, თუ გნებავთ გაცხრილოთ ჩემი ქმედებანი, საცერს სახელად ტანჯვა შეარქვით. მრავალტანჯული კაცი ვარ. არ უარვყოფ, რომ ეს ტანჯვა ჩემივე გადაჭარბებულად მგრძნობიარე ხასიათითაა ზოგჯერ გამოწვეული. როცა ვინმესთან ერთად ვარ, ყოველთვის ვცდილობ მისი ქვეცნობიერების ამოკითხვას და, სამწუხაროდ, არასდროს შევმცდარვარ. ადამიანის სულში დამინახავს სიძულვილის სიწითლე, სიყვარულის სიმწვანე, ისევე როგორც, ღრუბლის ქოჩორში შეინიშნება ხოლმე მთვარის ფერმკრთალი სხივები. ყოფილა ხალხი, რომელსაც უთქვამს:
- გახსოვთ, სამი წლის წინათ მითხარით, რომ ამა და ამ პრობლემაზე ვფიქრობდი? არ შემცდარხართ. – ასე მიმოგზაურია ქალებსა და კაცებს შორის, აღმიქვამს შიში, რომელიც ამძაფრებდა მათ ინსტინქტებს, და სურვილი, რომელიც აფერხებდა მათ მისწრაფებებს. ყოველივე ამას ვხედავდი მათი თვალების წამწამთა ჩრდილში, მათი ზედა ტუჩის კრთომაში, მათი ქუთუთოების თითქმის შეუმჩნეველ მოძრაობაში. ვხედავდი იმას, თუ რა სწყუროდათ, რას მალავდნენ და რას განიცდიდნენ. მაშინ, როდესაც ამ ქალთა და კაცთა სული მთლიანად გამჭვირვალე იყო ჩემთვის, მე სრულიად ეულად ვგრძნობდი თავს.
ძალაუნებურად ვხედავდი ადამიანთა სულის ნალექს. საქციელი, რომელიც გარედან უმნიშვნელო ჩანდა, და ხალხი, რომელიც ნათესავების აზრით კეთილი და სრულყოფილი იყო, მე, როგორც იესო ქრისტე იტყოდა, მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით სავსე შეფეთქილ საფლავებს მაგონებდა. ნელ-ნელა სისასტიკეში გადაიზარდა ჩემი თანდაყოლილი სიკეთე და ვიქეცი მელანქოლიური და ირონიული სულის ადამიანად.
მაგრამ, ვცილდები იმ თემას, რაზეც მსურს ვისაუბრო – იმ მომენტს, რომელიც ჩემს უბედურებათა დასაწყისად იქცა. პრობლემები დამეწყო მაშინ, როდესაც ქალბატონი X-ის სახლში უსინდისო კუზიანის მიყვანა გადავწყვიტე.
მე ქალბატონი X-ის ერთ-ერთი ქალიშვილის საქმრო ვიყავი. უცნაური იყო, რომ ამ ოჯახს დამაახლოვა ქალბატონი X-ის ეშმაკობამ. იგი გამორჩეული ტაქტით ახერხებდა ჩვენთვის ჭიქა წყალზე უარის თქმას და სანაცვლოდ, თითქოსდა წამლად, ალკოჰოლური სასმელის შემოთავაზებას. წარმოიდგინეთ, რა მემართებოდა მწყურვალს. ყველანაირად ვცდილობდი დალევის სურვილი დამეთრგუნა. მოწმეებიც კი მყავს და ყოველივე ამას ჩემი ნამუსის მოსაწმენდად ვამბობ. მაშინ კი, როდესაც ჩემსა და მის ქალიშვილს შორის გაუგებრობა მოხდა, ურთიერთობის შესანარჩუნებლად ისეთ ზომებს მივმართე, რომლებმაც საოცრად აღაშფოთა მათი ოჯახის ახლობლები. უცნაურია. ბევრ დედას სჩვევია ამგვარი საქციელი, როდესაც საქმე ქალიშვილსა და სასიძოს ეხება და გულუბრყვილო კაცი – თუ ერთი წუთით მაინც გონს მოვა – დაინახავს შემზარავ სინამდვილეს – რომ მისი ურთიერთობა ქალთან გაცილებით შორს წასულა, ვიდრე საზოგადოება ამას დასაშვებად თვლის.
ახლა კი კუზიანს დავუბრუნდეთ და განვსაზღვროთ მისი როლი ამ ამბავში. პირველად, როცა ჩემს სახლში მოვიდა, გალეწილი მთვრალი იყო და ყოველგვარი პატივისცემის გარეშე მიესალმა მოხუც მოსამსახურეს, რომელიც მის შემოპატიჟებას ცდილობდა. ისეთ ხმაზე აყვირდა, რომ გამვლელ-გამოვლელთაც კი ესმოდათ:
- სად არის მუსიკა, რომლითაც უნდა აღგენიშნათ ჩემი მობრძანება? იმის მაგივრად, რომ პატარა ბიჭები დამხვედროდნენ ღამის ქოთნებით, გამომეგება ვიღაც უკბილო და ბინძური ბებერი? და თქვენ ამ სახლში ცხოვრობთ? – როდესაც ახლად შეღებილი კედლები დაინახა, წამოიძახა: - ეს ხომ სახლს კი არა ბაზრობას ჰგავს! უბრალოდ ამაზრზენია. ნუთუ არ შეგეძლოთ სახლი გაგენიავებინათ, ხომ იცოდით რომ უნდა მოვსულიყავი?! ვერ ხვდებით, რომ სახლში ძველი სკიპიდარის სუნი დგას? თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ ამ პიროვნების სახე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ასე მოურიდებლად შემოიჭრა. თუმცა დამიჯერეთ, ბატონებო, ამის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება.
მახსოვს, კუზიანი კაფეში გავიცანი. ზუსტად მახსოვს. მე მაგიდასთან ვიჯექი ჩაფიქრებული და ცხვირი ყავაში მქონდა ჩარგული. თავი რომ ავწიე, დავინახე ვიღაც გონჯი – ფეხებგაფარჩხული იჯდა, სახელოებიანი პერანგი ეცვა და ყურადღებით მათვალიერებდა. მისი ჯდომის მანერა ყოვლად უკულტურო იყო – სკამი შემოეტრიალებინა და იდაყვებით მის ზურგს დაყრდნობოდა. სცხელოდა, პიჯაკი გაეხადა და პერანგის ამარა, თავხედურად, თავისი კუპრივით შავი, მორბენალი თვალებით შეჰყურებდა ბილიარდის მაგიდასთან მდგომ მოთამაშეებს. იმდენად დაბალი იყო, რომ მხრებით მაგიდას ძლივს წვდებოდა. ხან თამაშის მსვლელობით ტკბებოდა, ხან კი თავის მაჯის საათს დახედავდა, გეგონებოდათ ის დრო, რომელსაც მისი საათი აჩვენებდა, განსხვავდებოდა ამ დაწესებულების კედელზე ჩამოკიდებული უშველებელი საათის დროისაგან.
მაგრამ, ყველაზე თვალშისაცემი, რა თქმა უნდა, მისი კუზის გარდა, კვადრატული ფორმის თავი იყო, მრისხანე გამომეტყველების მქონე გრძელი სახით. მას თავის ქალა სახედრისა ჰქონდა, სახე კი – ცხენის.
რამდენიმე წუთი ინტერესით ვაკვირდებოდი, თითქოს ჩემს წინ გომბეშოს ამოეყვინთა. მან კი, უწყინარი ტონით მომმართა:
- უკაცრავად, ბატონო, ასანთი ხომ არ გექნებათ?
გავუღიმე და ასანთის კოლოფი მივაწოდე. ხეიბარმა უკვე სანახევროდ ჩამწვარ სიგარას მოუკიდა, თან მაკვირდებოდა. ბოლოს მითხრა:
- რა სიმპატიური ახალგაზრდა ბრძანდებით. ალბათ ქალებს ძალიან მოსწონხართ.
ქათინაურების მოსმენა ყველასთვის სასიამოვნოა, მაშინაც კი, როდესაც კუზიანი გეუბნებათ. თავაზიანად ვუპასუხე, რომ მართალი იყო, და რომ ერთი ძალიან ლამაზი საცოლეც მყავდა, თუმცა კი დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ვუყვარდი. რაზეც უცნობმა, რომელსაც ჩემთვის უკვე რიგოლეტო შევარქვი, დამრიგებლური ტონით მიპასუხა:
- არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მგონია, რომ თქვენ რქადადგმულ ქმართა მოდგმისა ხართ. – და სანამ მე, მისი კადნიერი კომენტარით გაოგნებული აზრზე მოვიდოდი, დაამატა: - მე საცოლე არასდროს მყოლია, ბატონო. დამერწმუნეთ, მართალს ვამბობ...
- ეჭვი არ მეპარება – გავუღიმე გულმოსულმა – ეჭვიც არ მეპარება.
- ძალიან კარგი, ბატონო... გულს დამწყვეტდა თქვენთან უთანხმოება...
სანამ ლაპარაკობდა, იმას ვფიქრობდი, თუ რა ჯობდა – ავმდგარიყავი და სილა გამეწნა, თუ რაც კი ყავა მქონდა ჭიქაში დარჩენილი, სახეში შემესხა. გონზე მოსულმა, ჩავთვალე, რომ ჩხუბის დაწყება იქ არ ღირდა – წაგებული ისევ მე დავრჩებოდი. ვარჩიე გავცლოდი ამ გომბეშოს, რომელიც თავისი მოურიდებლობით მხიბლავდა, მან კი ჩაყვითლებული კბილები გამოაჩინა, გრაციოზული ღიმილით დამაჯილოდვა და მომახსენა:
- ეს მაჯის საათი ოცდახუთი პესო ღირდა...; ეს ჰალსტუხი ძალიან გამძლეა და მასში რვა პესო მივეცი...; ხედავთ ამ ბოტებს? ოცდათორმეტი პესო, ჩემო ბატონო. ვინ იტყვის რომ უქნარა ვარ? არავინ! არ ვარ მართალი?
- დიახ, მართალი ბრძანდებით.
ცოტა ხნით თვალები მძიმედ დახუჭა, მერე დათვივით თავი მიატრიალ-მოატრიალა და ჩვეული კითხვა-პასუხი განაგრძო.
- რა სასიამოვნოა, როდესაც შეგიძლია შენი საიდუმლოებანი ხალხს გაუმხილო, არა? როგორ ფიქრობთ, ბატონო, ბევრია, ვისაც ჩემსავით ძალუძს უდარდელად დაჯდეს კაფეში და უცნობებს ემუსაიფოს? არა! და რატომ გგონიათ რომ ამის გაკეთება ბევრს არ შეუძლია?
- არ ვიცი...
- იმიტომ, რომ ჩემი სახე ღვთაებრივ კეთილშობილებას ასხივებს.
ამ დასკვნით უაღრესად კმაყოფილმა ეშმაკისეულმა მასხარამ ხელები მოიფშვნიტა, თვითდაჯერებული სახით გარეშემო მიმოიხედა და განაგრძო:
- მე ისეთივე კარგი ვარ, როგორც ფრანგული პური და ისეთივე თავისნათქვამა, როგორც ხუთი თვის ორსული ქალი. საკმარისია ერთხელ შემომხედოთ და მიხვდებით, რომ ერთ-ერთი იმათთაგანი ვარ, რომლებიც ათასში ერთხელ ღმერთის მიერ წარმოგზავნილნი, გაჭირვებული ხალხის სანუგეშოდ გამოჩნდებიან ხოლმე ამ პლანეტაზე. თუმცა კი არ მწამს წმინდა ღვთისმშობლის, სიკეთე გადმოსჩქეფს ჩემგან ისევე, რომგორც თაფლოვანი მცენარისაგან მანანის ნექტარი.
მე განცვიფრებისაგან თვალები მიფართოვდებოდა, რიგოლეტო კი განაგრძობდა:
- შემეძლო ადვოკატი ვყოფილიყავი, მაგრამ არ ვარ, იმიტომ რომ არ ვისწავლე. ჩემს ოჯახში ცნობილი ვიყავი, როგორც ფეხსაცმლის წმენდის პროფესიონალი.
- ფეხსაცმლის წმენდის?
- დიახ, ფეხსაცმელს ვუკრიალებდი ყველას..., რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო, რადგან მარტომ მივაღწიე ამ წარმატებას. თუ გეხამუშათ პროფესიონალი რომ ვთქვი? ვესტიბიულის მსახურს "ფეხსაცმლის მოვლის სპეციალისტს" არ ეძახიან? პარიკმახერს – "თმის ექსპერტს", და ცეკვის მასწავლებელს კი – "პროფესიონალ cafishio”-ს?...
ეს უეჭველად ყველაზე ჭკუამხიარული თაღლითი იყო, რომელიც ცხოვრებაში შემხვედროდა.
- და ამჟამად რას აკეთებთ?
- მფარველების დახმარებით სპორტულ ლატარიას ვათამაშებ, ბატონო. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ჩემი კლიენტი გახდებით. გაინტერესებთ?
- არა, გმადლობთ...
- ხომ არ მოწევთ, ბატონო?
- რატომაც არა.
სანამ მე მოვუკიდე მის მოცემულ სიგარას, რიგოლეტომ მოკლე ხელი ჩემს სკამზე დააყრდნო და მითხრა:
- მე ახალი მეგობრების გაჩენის წინააღმდეგი ვარ, ხალხი ხშირად უტაქტო და გაუზრდელია, მაგრამ თქვენ განსხვავდებით... კარგი ადამიანი ჩანხართ და მსურს თქვენთან მეგობრობა – ეს თქვა და მიატოვა საკუთარი სკამი, რომ ჩემს მაგიდაზე შემოსკუპებულიყო.
ალბათ, ახლა მაინც უკვე აღარ გაქვთ ეჭვი, რომ რიგოლეტო ერთ-ერთი ყველაზე თავხედი ადამიანთაგანი იყო ამ ქვეყანაზე. ამან იმჟამად იმდენად მომხიბლა, რომ თავი ვერ შევიკავე და კუზზე ერთი-ორჯერ მეგობრულად მოვუთათუნე ხელი. ჯერ შემკრთალმა შემომხედა, მერე მიხვდა, გამიღიმა და დაამატა:
- თქვენ მაინც გამოიყენეთ რამეში, ბატონო, მე სულ არაფერში მარგია!
ყოველთვის ვეჭვობდი, რომ ჩემს საცოლეს ისეთივე გატაცებით არ ვუყვარდი, როგორითაც მე მიყვარდა.. ისე შევფოფინებდი, თითქოს ზებუნებრივი არსება ყოფილიყო. იყო მომენტები, როდესაც მეგონა, რომ ის ჩემი ისეთივე განუყრელი ნაწილი იყო, როგორც მდინარისთვის მის კალაპოტის ცენტრში მოხვედრილი სალი კლდე. ასე მეგონა, რომ წყლის ორი ნაკადი ვიყავით, რომლებიც ყოველდღიურად პატარავდებოდა, რადგან კლდე იზრდებოდა. ვყოყმანობდი, მყვარებოდა თუ გამეწყვიტა მასთან ურთიერთობა. გესმით? ორი ადამიანის ცხოვრება ქცეულიყო ორად გაყოფილ ნიაღვრად და ვერც ერთი მათგანი ვერ ახერხებდა კლდის დანგრევას. სალმა კლდემ, ისე რომ თვითონ არაფერი დაკლებია, ორად გაყოფილ მდინარეს სული შეუხუთა და დაამარცხა.
ბუნებრივია, პირველივე შეხვედრიდან მან ცივი ღიმილით მაგრძნობინა თავისი ძალაუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გეტყვით ზუსტად რა გზებით მოახერხა მისი მონა-მორჩილი გავეხადე, ერთი რამ ცხადი იყო - მის გარშემო შექმნილი ატმოსფერო მთრგუნავდა; თავს ვგრძნობდი, როგორც საბრალო, მდაბიო არსება.
რაღა თქმა უნდა, ვერ გამებედა მისი კოცნა. მეგონა, რომ ჩემი ალერსი მისთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა. გამოგიტყდებით, ხშირად წარმომედგინა, რომ სხვა ეალერსებოდა. ახლა ვხვდები, რომ ეს უკუღმართი ფანტაზია ისევ და ისევ ჩემი უგუნურებით იყო გამოწვეული.
ამ უცნაური ცვლილებების გამო, რომლებიც ჩემმა სიყვარულმა მოიტანა, თანდათანობით შემძულდა ჩემი მომავალი სიდედრი. ალბათ უსამართლოდ, ამ ქალს ვადანაშაულებდი ჩემს ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებისათვის. თუკი მე სასურველი საქმრო ვიყავი იმ ოჯახში, ეს წყეული ბებრის დამსახურება იყო. სულ მალე ჩვენს შორის ის ურთიერთობა დამყარდა, რომელზეც არაერთხელ მსმენია სხვებისაგან – მათ სახლში მაყოვნებდა არა სიყვარული ახალგაზრდა ქალისადმი, არამედ დედამისის სიძულვილი, რომელიც ჩემს მიმართ აგრესიულობას დუმილით გამოხატავდა; საათობით ფიქრობდა იმაზე, თუ რამდენად რეალური იყო იმჟამად ჩვენი დაქორწინება. უსამართლოდ დამცირებული ვუყურებდი დედის სახის გამომეტყველებას, მავიწყდებოდა, რომ იქვე ჩემთვის სანუკვარი ადამიანი იჯდა და მზად იყო ნებისმიერი ჩემი სურვილი აღესრულებინა. შეშფოთებული ვაკვირდებოდი მოხუცის დანაოჭებულ და მიწისფერ, ბრინჯაოს ქანდაკებასავით უმოძრაო სახის ნაკვთებს და მის შავ, ცოცხალ და მოურიდებელ თვალებს. უმოძრაო და მკაცრი სახე, მისი მოყვითალო ნაოჭებით დაღარული ლოყები, თვალები, რომლებიც მზერას მარიდებდნენ და მისაღები ოთახის პლაფონს მიშტერებოდნენ, შავმოსილი ფიგურა – ყველაფერი მოხუცის უსაზღვრო ნებისყოფაზე მეტყველებდა. მისი ენერგიული და ომახიანი ხმა ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანი იყო.
© ”არილი”
No comments:
Post a Comment