Thursday, March 27, 2008

უმ­ბერ­ტო ეკო

ხეობა


(ნაწილი I)


ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიშვილმა


ჩემი მოგონებების ჯაჭვი ჩახვეულ ასკარიდას ემსგავსება, ოღონდ უთავოს, ბრმად რომ დაეხეტება ლაბირინთში და ყოველ წერტილს, ყოველ მონაკვეთს სამოგზაურო მარშრუტის სტარტადაც იყენებს და ფინიშადაც. მეც მოთმინებით ველოდები, როდის მეწვევა ეს თავნება, მხოლოდ საკუთარ ლოგიკას დამორჩილებული მოგონებები. ასე ალბათ ნისლიან ამინდში ხდება. მზიან დღეს საგნებს შორიდან ხედავ და როცა ვინმესთან ან რაიმესთან გინდა მიახლოება, შენ თვითონ ირჩევ საჭირო მარშრუტს, თავადვე ცვლი შენი სვლის მიმართულებას, ნისლიან ამინდში კი თუ ვინმეს ან რაიმეს უახლოვდები, ვიდრე მთლად ცხვირით არ შეეჯახები, ვერ გაიგებ, ვისთან ან რასთან გაქვს საქმე.

ორატორიოში გატარებული წლები მხატვრული ფილმივით ჩამიქროლებს ხოლმე თვალწინ. ამ მოგონებებს აღარაფერი აქვს საერთო ჩახვეულ ასკარიდასთან, უფრო კინოკადრების ლოგიკურ თანმიმდევრობას ემსგავსება.

1943 წელს ქალაქიდან სოლარაში გადავედით საცხოვრებლად. თერთმეტი წლის ბიჭუნა სულ მთლად შემცვალა ევაკუაციამ. ქალაქში მელანქოლიური ბავშვი ვიყავი, დღის მანძილზე ერთ-ორ საათს თუ წავითამაშებდი ტოლ-მეგობრებთან, დანარჩენ დროს კი წიგნებს ჩავკირკიტებდი. სოლარას სკოლაში მარტო დავდიოდი, უფროსები თან აღარ დამყვებოდნენ; ჟივილ-ხივილით ვედებოდით ბავშვები მინდორ-ვენახებს, სირბილში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, მივნავარდობდით. ქარივით თავისუფალი ვიყავი უკვე, თვალწინ სულ უცხო, ჯერ არნახული სანახები მეშლებოდა, უამრავი მეგობარიც შევიძინე და მათთან ერთად "ვიპყრობდი ახალ ტერიტორიებს."

როდესაც მოკავშირეები ქალაქს ბომბავდნენ, ჩვენ, სოლარაში გადასულები, ფანჯრიდან თუ ვკიდებდით თვალს შორეულ გაელვებას და მეხის გრგვინვის მსგავსი ხმაც შორიდან ჩაგვესმოდა. ეს დაბომბვები ქარიშხალივით გვატყდებოდა თავს; ომმა ბავშვებიც ფატალისტებად გვაქცია; მშვიდად, უდარდელად ვთამაშობდით სამშაბათ საღამოდან შაბათამდე. ნუთუ მართლა უდარდელად? ჩვენც ხომ ხშირად გვიტევდა მეტ-ნაკლები სიძლიერით მელანქოლია, ისეთი, ყველას რომ ეუფლება, ვინც კი ცოცხალი გადაივლის გვამებით მოფენილ მინდორს!

ორატორიოში, სადაც შუადღისას, სკოლის შემდეგ მივდიოდით, დროს თავისუფლად და ლაღად ვატარებდით, ერთი ეგ იყო, ექვს საათზე კატეხიზმოში სავარჯიშოდ და სამადლობელი ლოცვების აღსავლენად გვერეკებოდნენ, დანარჩენ დროს კი ჩვენს გემოზე ვერთობოდით. იქ მარტივი კონსტრუქციის კარუსელი გვქონდა, რამდენიმე საქანელა და თეატრი, რომლის სცენაზეც პირველად ვეზიარე "მსახიობის პროფესიას," როცა სპექტაკლში "პატარა პარიზელი გოგუცანა" მარგუნეს როლი. ორატორიოს ჩვენზე უფროსი ბიჭებიც აკითხავდნენ, ზოგჯერ ახალგაზრდა კაცებიც კი, ჩვენ რომ მოხუცებად გვეჩვენებოდნენ. ისინი იქ პინგ-პონგითა და ბანქოთი იქცევდნენ თავს, თუმცა არ მახსოვს ოდესმე ფულზე ეთამაშათ. ის დალოცვილი დონ კონიასო, ორატორიოს დირექტორი, მათგან დიდ ღვთისმოსაობას არც ითხოვდა, იმითაც გახლდათ კმაყოფილი, ჩვენ რომ გვსტუმრობდნენ და ყუმბარების წვიმაში "კაზა როსასკენ", მთელს იმ მხარეში განთქმული ბორდელისკენ, არ მიაქროლებდნენ ველოსიპედს.

პარტიზანებზეც იქ შევიტყვე, ორატორიოში, 43 წლის 8 სექტემბრის შემდეგ. თავდაპირველად ჩვეულებრივი ყმაწვილები იყვნენ, რესპუბლიკის ჯარში გაწვევას ან ნაცისტურ გერმანიაში სამუშაოდ გარეკვას რომ გაურბოდნენ, მოგვიანებით კი მათ მეამბოხეებს უწოდებდნენ, რადგან ამ სიტყვით მოიხსენიებოდნენ ოფიციალურ კომუნიკეებში. და მხოლოდ მაშინ, როცა გავიგეთ, ათი მათგანი, მათ შორის ერთი სოლარელიც, სიკვდილით რომ დაესაჯათ ნაცისტებს და ლონდონის რადიომაც რომ გადმოსცა მათ შესახებ, დავიწყეთ ამ ბიჭების პარტიზანებად, ანდა პატრიოტებად მოხსენიება. თავად ისინი "პატრიოტს" ანიჭებდნენ უპირატესობას. სოლარელები პარტიზანებს გულშემატკივრობდნენ, ის ბიჭები ხომ იმ მხარეში დაიზარდნენ და როცა კვლავ გამოჩნდნენ ჩვენთან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანს ზედმეტი სახელი შეეძინა, - ზღარბა, ლურჯწვერა, ელვა - იქაურები მაინც ადრინდელი სახელებით მიმართავდნენ. ბევრი მათგანი ორატორიოში მენახა ადრე; ისინი იქ scopa-ს თამაშობდნენ და შეფერთხილი, გაცრეცილი პიჯაკები ეცვათ. ახლა კი ფარფლებიანი ბერეტებით იწონებდნენ თავს, მხარზე პატრონტაში გადაეკიდათ, ავტომატებსაც ატარებდნენ და ქამარზე ორ-ორი ყუმბარა ან ბუდიანი რევოლვერი ჰქონდათ მიმაგრებული. ინგლისის არმიის წითელი ხალათები და პიჯაკები ეცვათ, სამეფო გვარდიის ოფიცერთა შარვლები და გამაშები. თვალს ვერ მოწყვეტდით, ისეთი ლამაზები იყვნენ.

1944 წელს პარტიზანები მოულოდნელად ჩნდებოდნენ სოლარაში და ელვისებურ თავდასხმებს აწყობდნენ მაშინ, როცა "შავხალათიანები" სადმე სხვაგან დათარეშობდნენ. პარტიზანებს შორისაც იყო განსხვავება: ხან ცისფერყელსახვევიანი ბადოგლისტები მოდიოდნენ, რომლებზეც ხალხი ამბობდა, მონარქიას უჭერენ მხარს და იერიშზე გადასვლისას "სავოია, სავოიას" გაჰყვირიანო, ხანაც წითელყელსახვევიანი გარიბალდისტები, მეფისა და მისი მარჯვენა ხელის, ბადოგლიოს განმაქიქებელ "ჰიმნებს" რომ მღეროდნენ. ბადოგლისტები უკეთ იყვნენ შეიარაღებული; ხალხი იმასაც ამბობდა, მაგათ ინგლისი უგზავნის დახმარებას, სხვა პარტიზანებს კი არ სწყალობს, რადგან ისინი ყველანი კომუნისტები არიანო. გარიბალდისტებს, "შავხალათიანების" მსგავსად, ავტომატები ჰქონდათ, ცხადია, ხანმოკლე შეტაკებების ანდა იარაღის საწყობზე თავდასხმის დროს მიტაცებული, ბადოგლისტები კი უკანასკნელი მოდელის სტენის სისტემის ტყვიამფრქვევებით იყვნენ აღჭურვილი. ერთმა ბადოგლისტმა ნება დამრთო, მისი იარაღიდან გამესროლა. ისინი, უმეტეს შემთხვევაში ან წავარჯიშების მიზნით ისროდნენ, ანდა სულაც გოგონებისთვის თავის მოსაწონებლად.

გრანიოლა ხშირად სტუმრობდა ორატორიოს. სულ იმას ითხოვდა, ჩემი სახელის წარმოთქმისას მახვილი პირველ "ა"-ზე გააკეთეთო, მაგრამ ყველა მაინც გრანიოლას ეძახდა, ანუ მის სახელს მახვილი "ო"-ზე მოუდიოდა და ეს სიტყვა უნებურად საარტილერიო ცეცხლის ასოციაციას იწვევდა. გრანიოლა ამბობდა, მშვიდობიანი კაცი ვარო, მაგრამ მეგობრები აჩუმებდნენ, კარგი, კარგი, ჩვენც ვიცით რაღაცო. ხმები დადიოდა, რომ გრანიოლას მთაში გახიზნულ გარიბალდისტთა რაზმებთან ჰქონდა ურთიერთობა; ვიღაცა იმასაც ამტკიცებდა, იმათი ერთ-ერთი მეთაურია და ქალაქში ცხოვრებით თავს საფრთხეში იგდებს, უჯობს მთაში დაიმალოს, თორემ, თუ მისი საქმეები გამოაშკარავდა, თვალის დახამხამებაში მიახვრეტენო.

"პატარა პარიზელ გოგუცანაში" გრანიოლაც თამაშობდა და ჩემს მიმართ აშკარად კეთილად იყო განწყობილი, "ტრესეტეს" თამაშიც მან მასწავლა; სხვა ბიჭებს მაინცდამაინც ვერ უგებდა, მე კი ზოგჯერ საათობით მესაუბრებოდა. თავადვე იცოდა, ისეთ აღმაშფოთებელ აზრებს რომ გამოთქვამდა, რომელთა გამოც უფროსები ანარქისტად ჩათვლიდნენ, მე კი ალბათ, როგორც ბავშვს, ისე მენდობოდა.

მას ჩემთვის აკრძალული პლაკატებიც კი უჩვენებია, მაგრამ, ცოდვას ვერ ვიტყვი, ხელში არასდროს მოუცია. თუ ვინმეს უნახეს, მაშინვე დახვრეტენო, მაფრთხილებდა. მისგანვე შევიტყვე ნაცისტების მიერ რომში, არდეატინის მღვიმეებში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტაზე. "ჩვენი მეგობრები ზემოთ არიან, მთებში, ასე რომ, მსგავსი აღარაფერი მოხდება. გერმანელებს კი კუდით ქვა უნდა ვასროლინოთ... კაპუტ!" - მეუბნებოდა გრანიოლა.

ადრე გრანიოლა რომელიღაც სახელოსნო სასწავლებელში ასწავლიდა, არ ვიცი რა საგანს, მაგრამ ყოველ დილას ველოსიპედით მიიჩქაროდა სამსახურში და შინ შუადღეზე ბრუნდებოდა. მერე ხელი აიღო მასწავლებლობაზე. ზოგი ამბობდა, სამსახური იმიტომ მიატოვა, რომ სულით და გულით პარტიზანულ მოძრაობაში გადაეშვაო, სხვები კი ჩურჩულებდნენ, ჭლექი სჭირს და იმიტომო. გრანიოლა მართლაც ჰგავდა ჭლექიანს: ჩატეტკილი, ნაცრისფერი სახე, საეჭვოდ შეწითლებული ყვრიმალები, ჩავარდნილი ლოყები, განუწყვეტელი ხველა... კბილები არ უვარგოდა, ცალ ფეხს ითრევდა, მგონი პატარა კუზიც ჰქონდა, წვრილი კისერი საყელოში უყანყალებდა, სამოსიც ტომარასავით ეკიდა ტანზე. სცენაზე ან უარყოფით გმირს ასახიერებდა, ანდა რომელიღაც იდუმალი ვილის კოჭლ ყარაულს.

ხალხი ამბობდა, ნამდვილი სიბრძნის წყაროა, არაერთხელ მიუწვევიათ უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად, მაგრამ სულ უარზე იდგა, რადგან თავისი მოსწავლეები უყვარდა და არ უნდოდა მათი მიტოვებაო. ერთხელ მითხრა: "იცი რა, იამბო... ჯანდაბას ყველაფერი! მე მხოლოდ ღარიბი ბავშვების სკოლაში ვასწავლიდი, თანაც სხვა მასწავლებელს ვცვლიდი. ამ ოხერი ომის გამო კოლეჯიც კი ვერ დავამთავრე. ოცი წლისას საბერძნეთში მიკრეს თავი, მუხლშიც იქ დავიჭერი. თუმცა, ეგ არაფერი, არც კი მეტყობა. საქმე ის არის, რომ იმ ტალახსა და ნესტში საზიზღარი სენი შემეყარა და დღემდე სისხლს ვაფურთხებ. თუ ოდესმე ხელში ჩამივარდა ის თავგასიებული (გრანიოლა ასე მუსოლინის მოიხსენიებდა), მართალია, ვერ მოვკლავ, რადგან, საუბედუროდ მხდალი ვინმე ვარ, მაგრამ, სამაგიეროდ, ისე დავუწიხლავ უკანალს, რომ მთელი დარჩენილი სიცოცხლე - რაც ვიმედოვნებ, დიდხანს ვერ გასტანს - უფუნქციოდ დაურჩეს... იმ იუდას, იმას...

ერთხელ ვკითხე, რას დადიხარ ამ ორატორიოში, აკი ყველა ათეისტს გეძახის-მეთქი. იცით, რა მიპასუხა? ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ხალხს ვხვდები, გარდა ამისა, ათეისტი კი არა, ანარქისტი ვარო. მაშინ მე წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყვნენ ანარქისტები და მან ამიხსნა, რომ ეს იყო ხალხი, რომელსაც თავისუფლება სწყუროდა და არ სცნობდა მბრძანებლებს, მეფეებს, მღვდლებსა და სახელმწიფოს: "მთავარია, სახელმწიფო არ იყოს, აი, ისეთი, რუსეთში რომ შექმნეს კომუნისტებმა. იქ ხომ ხალხს სახელმწიფო კარნახობს, როდის უჯობს მოსაქმება".

მერე ისიც ვკითხე, მაშინ გარიბალდისტებთან რაღა გინდა, ისინიც ხომ კომუნისტები არიან-მეთქი. მითხრა, ჯერ ერთი, ყველა მათგანი კომუნისტი არ არის, იქ სოციალისტებიც არიან და ანარქისტებიც, და მეორეც, ახლა ჩვენ ყველას საერთო მტერი გვყავს - ნაცისტები - და ურთიერთობის გარკვევის დრო არ არის, ჯერ ერთად მოვიპოვოთ გამარჯვება და მერე დავადგენთ, ვინ ვინ არისო.

"მისმინე, იამბო. ორატორიოში იმიტომ დავდივარ, რომ ეს მართლაც კარგი ადგილია. გარიბალტისტების არ იყოს, არც მღვდლები არიან ფრთიანი ანგელოზები, მაგრამ მათ შორის ღირსეულ ადამიანებსაც შეხვდება კაცი. თანაც ახლა, როცა ბავშვებს უჩიჩინებენ, რომ კარგ ფაშისტს მხოლოდ წიგნი და მუშკეტი ქმნის, პირდაპირ მისწრებაა ეს ორატორიო. ის, ვინც აქ დადის, ხელიდან მაინც არ წავა, კარგ რაღაცებსაც ისწავლის ალბათ. მერე რა, ზოგ რამეზე თავს რომ იგიჟებენ, ასე არ ქნათ, ეს არ გააკეთოთო. თქვენ ხომ მაინც აკეთებთ ამას, და მერეღა, მოგვიანებით აღიარებთ. აი, მეც მოვდივარ აქ და დონ კონიასოს ვეხმარები. მესის დროს ჩუმად ვზივარ ბოლო რიგში, იმიტომ, რომ დიდი ხათრი მაქვს იესო ქრისტესი, რასაც ვერაფრით ვერ ვიტყვი ღმერთზე".

რაღაზე არ ვლაპარაკობდით მე და გრანიოლა! ყოველთვის იცოდა, რას ვკითხულობდი და ისიც ხალისით მირჩევდა წიგნებს: "ვერნი ათი თავით სჯობს სალგარის, მეცნიერულად მაინც აზროვნებს. გლიცერინის მწარმოებელი საირეს სმიტი უფრო რეალურია, ვიდრე ის სანდოკანი, გამწარებით რომ იბრაგუნებს მკერდში მუშტებს, რახან ვიღაც თხუთმეტი წლის გომბიოზე შევარდნია გული.

გრანიოლა სოკრატესა და ჯორდანო ბრუნოზეც მიყვებოდა; სხვათა შორის, ბაკუნინზეც, რომლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ადრე ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა; მიამბობდა კამპანელასა და გალილეოზე, ერთი სიტყვით, ყველა იმ გონიერ, განათლებულ ადამიანზე, მღვდლები დილეგში რომ ამწყვდევდნენ და აწამებდნენ. გრანიოლასგან შევიტყვე მათზე, ვისაც არდიგოს მსგავსად, საკუთარი ხელით გამოეჭრა ყელი, რადგან ძლიერნი ამა ქვეყნისა და ვატიკანი სასტიკად დევნიდნენ და ავიწროებდნენ. როდესაც "ნოვისიმო მელზიში" წავიკითხე ცნობა ჰეგელის შესახებ (ასე ეწერა, "პანთეისტური სკოლის ცნობ. გერმ. ფილოს."), გრანიოლას ვთხოვე, ეამბა მის შესახებ. "ჰეგელი პანთეისტი არ ყოფილა და ეგ შენი "მელზი" რაღაცას მიედ-მოედება. აი, ჯორდანო ბრუნოზე კი შეიძლება ამის თქმა. პანთეისტს სწამს, რომ ღმერთი ყველგანაა, მტვრის უმცირეს ნაწილაკშიც კი. ხედავ, რა ხდება? ყველგან ყოფნა ხომ არსად ყოფნას ნიშნავს! ჰეგელისთვის ღმერთი კი არა, სახელმწიფო იყო ყველგან. ამიტომაც ბრძანდებოდა ფაშისტი".

"ეს როგორ? ის ხომ ას წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა?"

"მერე რა? ჟანა დ’არკიც ხომ პირწავარდნილი ფაშისტი იყო! ფაშისტები სულ მუდამ არსებობდნენ. იმ დროიდან მოყოლებული... ღმერთის დროიდან... აი, თუნდაც ღმერთი. ისიც ფაშისტია".

"კაცო, შენ ის ათეისტი არა ხარ, რომელიც ამტკიცებს, ღმერთი არ არსებობსო?"

"ეგ ვიღამ გითხრა, დონ კონიასომ? იმან, ელემენტალური რაღაცები რომ არ იცის? მე მჯერა, რომ, საუბედუროდ, ღმერთი არსებობს. ერთი ეგაა რო, ფაშისტია".

"რას ამბობ, კაცო?"

"მისმინე, იამბო. იმისთვის ძალიან პატარა ხარ, ლექცია რომ წაგიკითხო თეოლოგიაში. მოდი, იმით დავიწყოთ, რაც კარგად იცი. აბა, ათი მცნება ჩამომითვალე. აკი გაზუთხვინებენ ორატორიოში".

მეც ჩამოვუთვალე. "ძალიან კარგი", მითხრა გრანიოლამ. "ახლა ყურადღებით მისმინე. ამ ათი მცნებიდან მხოლოდ ოთხი - აბა, დაფიქრდი, მხოლოდ ოთხი - გვირჩევს ხეირიან რამეს, და ისინიც კი... მოდი, ვნახოთ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა ცილი სწამო და არა გული-გითქუმიდეს ცოლსა მოყუასისა შენისასა. ეს უკანასკნელი იმათ გასაგონად არის ნათქვამი, ვისაც წარმოდგენა აქვს კაცურ ღირსებაზე: ერთის მხრივ, რქები არ დაადგა შენს მეგობარს და, მეორეს მხრივ, დაიცავი საკუთარი ოჯახიო. ამას მართლა არაფერს ვერჩი. ანარქიას კი უნდა ყოველგვარი ოჯახის გაუქმება, მაგრამ ყველაფერს ერთად ვერ მიაღწევ კაცი. იმ სამ მცნებასაც ვეთანხმები... ეს ისედაც უნდა იცოდეს ყველამ.... თუმცა, ისინიც უნდა აწონ-დაწონო. ჩვენ ყველანი ვცრუობთ ზოგჯერ; ისეც ხდება, რომ კეთილი განზრახვით, მაგრამ კაცის კვლა? ეს მართლაც დაუშვებელია".

"მაშინაც კი, როცა მეფე გაგიწვევს ომში?"

"აი, მთელი ამბავიც ეგ არის. მღვდელი გეტყვის, რახან მეფემ გიბრძანა ომში წასვლა, შეგიძლია... უნდა მოკლა... ამაზე თავად მეფე აგებს პასუხსო. აი, ასე ამართლებენ ომს, რომელიც დიდი მურტალი რამეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა იმ თავგასიებულისთვის იბრძვი. მაგრამ, ხომ ხედავ, რომ მცნება არ გეუბნება, ომში კაცის კვლა კარგი რამეაო. არა კაც-ჰკლა... ჯერო. მერე კი..."

"რა მერე?"

"რა და, მოდი, ახლა სხვა მცნებებსაც გადავხედოთ. პირველი მცნება გვეუბნება, არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თვინიერ ჩემსაო. აი, ასე გაიძულებს ღმერთი არ იფიქრო ალაჰზე, ბუდაზე, ანდა სულაც ვენერაზე (მოდი, ვაჟკაცურად ვთქვათ, არ გინდა ქალღმერთ ვენერას კუდი გქონდეს?), მაგრამ ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ არ უნდა გჯეროდეს ფილოსოფიის, მეცნიერების... არც ის უნდა ირწმუნო, ადამიანი მაიმუნისგან რომ წარმოიშვა. მხოლოდ ღმერთი უნდა გწამდეს! ახლა ნახე, ყველა დანარჩენი მცნება ფაშისტურია, იმისთვის გამიზნული, რომ მიიღო საზოგადოება ისეთი, როგორიც არის. გახსოვს, მოიხსენე დღე შაბათთა წმიდა-ყოფად მისსაო? ამაზე რაღას იტყვი?"

"რა უნდა ვთქვა? კვირას ტაძარში წადიო. რა გაქვს ამის საწინააღმდეგო?"

"მაგას დონ კონიასო გეუბნება და ყველა სხვა მღვდელივით, მაგანაც არ იცის, რა არის მთავარი ბიბლიაში. დაფიქრდი, იამბო! იმ პრიმიტიული ტომისთვის, რომელიც მოსემ გამოიყვანა ეგვიპტედან, ეს რიტუალის დაცვას ნიშნავდა და რიტუალის მიზანი კი - დაწყებული იმ დროიდან, როცა ადამიანებს სწირავდნენ მსხვერპლად და იმ თავგასიებულის იდეების ეპოქით დამთავრებული - ადამინისთვის გონების დაბინდვა და ჭკუის არევაა. ჰო, კიდევ ის, პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსაო. განა ეს იმას არ ნიშნავს, პატივი ეცი შენი მშობლების აზრს, ზურგს ნუ აქცევ ტრადიციებს, არ გაბედო ტომის ცხოვრების წესის შეცვლაო? ხედავ, რა ხდება? არ წააცალო თავი შენს მეფეს! თუმცა, ღმერთმა იცის, რომ თუ მხრებზე თავი გვაბია, უნდა წავაცალოთ... მით უმეტეს ისეთ მეფეს, ის ჯუჯა სავოია რომ არის, რომელმაც თავის არმიას უღალატა და ოფიცრების სიკვდილი აწევს სინდისზე. ახლა ალბათ იმასაც ხვდები, რომ "არა იპარო" არც ისე უწყინარი მცნებაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს: ის გვიკრძალავს იმ ადამიანის ქონების ხელყოფას, რომელმაც შენ მოგპარა და თვითონ გამდიდრდა. ნეტავ, სულ ეს იყოს! კიდევ სამი მცნება დაგვრჩა გასარჩევი. "არა იმრუშო." დონ კონიასო და მისთანანი ალბათ გასწავლიან, რომ აქ ასეთი რამ იგულისხმება: "არ ჩაიდინო გარყვნილება." მიზანი ერთია: თავი უნდა შეიკავო და არ იმაიმუნო. აბა, დაფიქრდი, ის უარესი არ არის, ონანის ყოველი მიბაძვისას, სჯულის ფიცრები რომ გაიხსენო? ერთი მითხარი, ჩემისთანა ჩაშვებულმა ტიპმა რაღა ქნას? ლამაზ დედაჩემს მეც ლამაზი არ გავუჩენივარ, თანაც ვკოჭლობ, ქალს ჯერ არც კი გავკარებივარ და ესეც უნდა ამიკრძალონ?

ღმერთს შეეძლო ასეთი რამ ეთქვა: "...ნება გეძლევათ - ოღონდ გამრავლების მიზნით". მით უმეტეს, რომ მაშინ სამყარო ადამიანების ნაკლებობას განიცდიდა. მაგრამ ათი მცნებიდან არც ერთი არ ამბობს ამას. მაშ რა გამოდის? არც შენი მეგობრის თუ მოყვრის ცოლისთვის უნდა "გითქუმიდეს გული" და გარყვნილებაც გეკრძალება. ესე იგი, ყველაფერზე უნდა აიღო ხელი! კანონი მთელი ხილული სამყაროსთვის! რომაელებზე ვერავინ იტყვის ღმერთები იყვნენო, მაგრამ ისეთი კანონები კი შექმნეს, დღესაც რომ არ გასვლია ყავლი. და ამ დროს ღმერთი თავს გახვევს დეკალოგს, რომელიც უმთავრეს კითხვას უპასუხოდ ტოვებს.

აი, ბოლო მცნებასაც მივადექით: "არა გული გითქუმიდეს რაოდენი-რაი არს მოყუასისა შენისა." ოდესმე თუ დაინტერესებულხარ, რატომ არსებობს ეს მცნება, მაშინ როდესაც უკვე ვიცით, რომ არ უნდა "ვიპაროთ?" თუ შენც გინდა ისეთი ველოსიპედი, შენს მეგობარს რომ აქვს, რა, ცოდვილი ხარ? რა თქმა უნდა, არა... ვიდრე არ მოჰპარავ. ახლა, მე ვიცი, დონ კონიასო გეტყვის, ეს მცნება შურსა კრძალავსო და შური კი მართლა ცუდი რამეა. მაგრამ არსებობს ბოროტი შური, როცა შენს მეგობარს აქვს ველოსიპედი, შენ კი - არა და იმედოვნებ, რომ ერთ მშვენიერ დღესაც გორაკიდან ველოსიპედით დაშვებული კისერს მოიტეხს და კეთილი შური, როცა შენც გინდა ველოსიპედი და ყველა ღონეს ხმარობ ისეთივეს, თუნდაც ძველის, ნახმარის შესაძენად. ეგეთ კეთილ შურს მოჰყავს სამყარო მოძრაობაში. კიდევ არის სამართლიანი შური - როდესაც ხედავ, რომ რატომღაც ზოგ-ზოგებს ყველაფერი აქვთ, უამრავი ადამიანი კი შიმშილობს. და როდესაც შურის ეს სანაქებო ფორმა გეუფლება - ე.წ. სოციალისტური შური - უკვე ისეთი ქვეყნის აშენებაზე იწყებ ფიქრს, სადაც ქონება სხვაგვარად იქნება განაწილებული. და აი, სწორედ ამას გვიკრძალავს მცნება: მეათე მცნება რევოლუციას კრძალავს. ასე რომ, ჩემო ბიჭუნა, ნუ მოკლავ და ნუ გაძარცვავ შენსავით ღარიბ ბავშვებს; გიჯობს შურს მიაწვე და იმათი ქონება ისურვო, ვინც ის ადრე შენგან მიიტაცა. ეს ყველაფერი ხომ დღესავით ნათელია და იმიტომაც ყურყუტებენ მთებში ჩვენი მეგობრები, რომ აქედან დავღუპოთ ის თავგასიებული, რომელმაც ძალაუფლება აგრარული მიწათმფლობელებისა და ჰიტლერის ჯამილოკია ლაქიების ფინანსური მხარდაჭერით მოიპოვა, იმ ჰიტლერისა, რომელსაც მსოფლიოს დაპყრობა სურდა, რათა უფალ კრუპს მეტი ზარბაზანი გაესაღებინა. მაგრამ შენ ამას რას გაიგებ - შენ, რომელსაც პატარაობიდანვე ჩაგიბეჭდეს გონებაში ამ მეორე დუჩეს მორჩილება!"

"რატომ? ყველაფერი არა, მაგრამ ზოგი რამ მესმის."

"ჰოდა, ძალიან კარგი."

გრანიოლას თხელი ტყავის, გრძელი ფუტლარი ჰქონდა ჩამოკიდებული გულზე, რომელსაც პერანგის ქვეშ ატარებდა და წუთითაც არ იშორებდა.

"ეგ რაღაა, გრანიოლა?"

"რა და ლანცეტი."

"შენ, რა, საექიმოზე სწავლობდი?"

"არა. მე ფილოსოფიას ვსწავლობდი. ეს ლანცეტი საბერძნეთში მომცა ჩვენი პოლკის ექიმმა... სიკვდილის წინ. იცი, რა მითხრა? "მე ეს აღარაფერში გამომადგება. იმ წყეულმა ყუმბარამ ისე გადამიხსნა გულ-მუცელი, რომ ახლა ერთი კარგი ნესესერი მისწრება იქნებოდა ჩემთვის... აი ისეთი, ქალებს რომ აქვთ, თავის ნემსიან-ძაფიანად... თუმცა, მე რაღა გამკერავს აწი. გქონდეს ჩემს სახსოვრად." მას შემდეგ მეც სულ ასე ვატარებ."

"რატომ?"

"მხდალი ვარ და იმიტომ. მე რო საქმეებს ჩავდივარ და რაღაც-რაღაცები ვიცი, თუ ესესელებს ან "შავხალათიანებს" ჩავუვარდი ხელში, წამებას არ დამაკლებენ. და თუ მაწამეს, მოვაღებ პირს და ყველაფერს დავფქვავ... რა ვქნა, მაშინებს ძალადობა. მევე გავხდები ჩემი ამხანაგების სიკვდილის მიზეზი. ლანცეტი თან რომ მექნება, აღარაფერი მიჭირს. დამიჭერენ თუ არა, იმ წუთას გამოვიღადრავ ყელს. ვერც ტკივილს ვიგრძნობ და ვერც ვერაფერს, თვალის დახამხამებაში დამთავრდება ყველაფერი. თანაც ყველას გავაცურებ: ფაშისტებს - რადგან ვერაფერს შეიტყობენ ჩემგან; მღვდლებს - რადგან თვითმკვლელი ვიქნები, ისინი კი ამას ცოდვად მიიჩნევენ; და ბოლოს, ღმერთს - იმიტომ რომ, მაშინ მოვკვდები, როცა თავად მომეპრიანება. მე ჩემი გითხარი და ახლა შენ იცი..."

გრანიოლას მონოლოგმა დამაღონა. იმიტომ კი არა, დარწმუნებული რომ ვიყავი მის უბადრუკობაში, არა, პირიქით, მეშინოდა, მართალი არ ყოფილიყო ჩემი უფროსი მეგობარი. ბოროტი ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროში ცხოვრობდა ის უბედური და მხოლოდ მაშინ იღიმებოდა გულჩვილად და თანაგრძნობით, როცა სოკრატეს ან იესოს ახსენებდა. მე კი ვიცოდი, ორივე მათგანი რომ მოკლეს და ვერ გამეგო, რა აღიმებდა იმ დალოცვილს.

მიუხედავად ყველაფრისა, გრანიოლას ბოროტი არ ეთქმოდა: უყვარდა ადამიანები, ერთი ეგ იყო, ღმერთის ჯინი სჭირდა და ეს კი მძიმე ჯვარი გახლდათ. თითქოს მარტორქას ესროდა ქვებს, მარტორქა კი, მოგეხსენებათ, ვერაფერს გრძნობს და თავის მარტორქულ ამბავში აგრძელებს გზას, მაშინ როცა, შენ ბოღმით სკდები და საცაა გულიც გიღალატებს.



© “ცხელი შოკოლადი”



No comments:

Post a Comment