Wednesday, April 2, 2008

რატი ამაღლობელი, ”წრე”

ანდრო ბუაჩიძე


მოჯადოებული წრე

რატი ამაღლობელი, წრე (ლექსები). თბ. “სიესტა”, 2006.


ჩემი აზრით, არიან პოეტები, რომელთა ლექსები იბადება, ანუ საქმე გვაქვს თავისებურ ზეპირსიტყვიერებასთან. იბადება, უკვე გამზადებულია და მხოლოდ ჩაწერას საჭიროებს, და არიან აგრეთვე პოეტები, რომელთა ლექსებიც სანამ წერილობით სახეს არ მიიღებს, მანამდე “დაბადებულად” ვერ მიიჩნევა. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ კატეგორიის ლექსები წერის პროცესში განაგრძობს დაბადებას და სანამ პოეტი საბოლოო წერტილს არ დასვამს, მანამდე გრძელდება მისი “თხზვა”. ჩემი აზრით, რატი ამაღლობელი ამ უკანასკნელთა შორისაა. ზემონახსენებ ტექნიკას აქ ლექსწერის ცნებით ჩავანაცვლებ, ვინაიდან სწორედ ლექსწერის თავისებურება თუ მთლიანად არ ქმნის, ასრულებს და ასხვაფერებს სათქმელს.

ბუნებრივია ამ კატეგორიის პოეტებს, რომელთათვისაც თვითონ წერის პროცესია შთაგონების აქტივობის თანამდევი, მხოლოდ რატი ამაღლობელი არ მიეკუთვნება. ეს ის შემთხვევაა, როცა ლექსი ლიტერატურული კულტურის წიაღში იქმნება. როცა ზოგჯერ უკვე არსებული მხატვრული ინვენტარი - რიტმულ-ინტონაციური სტრუქტურა, რითმა, კომპოზიცია - მეორდება პოეტის მიერ, მხოლოდ არა დადგენილი და კლიშედქცეული მნიშვნელობით, არამედ პროფანაციის მიზნით. სხვაგვარადაც შეიძლება თქმა: რატი ამაღლობელი პროვოცირებას უკეთებს მკითხველს, როცა ტრადიციულ ინვენტარს იყენებს. მოულოდნელად ის ისეთ აკორდს იღებს, რომ აშკარაა თამაშობს ამ ტრადიციულობით (რაც თავისთავად ანტიტრადიციულობაა) და თავის სათქმელს (რაღა თქმა უნდა სერიოზულს) თამაშითაც ამბობს. ეს თამაში ნარატივის თავისებური ნაირსახეობაა, რომელიც მაინცდამაინც ღიმილზე ან ირონიულ შტრიხზე კი არ მიგვითითებს, არამედ უკვე მრავალგზის გამოყენებული ტრადიციული ფორმის გაცვეთილობაზე მიგვანიშნებს და ამით სიახლეს სძენს მას, ახალ ინტონაციურ და სტილურ ელფერს ანიჭებს.

ასეთია რატი ამაღლობელის ლექსების კრებული “წრე”, სადაც თავისებურ ნარატივს (სხვა კომპონენტებთან ერთად) ორიგინალური რითმაც ქმნის. რითმა როგორც კომპოზიციის მომწესრიგებელი, აქ მაპროვოცირებული კომპონენტიცაა, მისი ჟღერა დისონანსად ჩაესმის ტრადიციული ლექსის სმენით “ნაპატივებ” მკითხველს. აქ სარითმო სიტყვები არა მხოლოდ კომპოზიციურად კრავს სათქმელს, არამედ სტილიზაციის ყველაზე მკაფიო შტრიხებსაც ანიჭებს. იგივე შეიძლება ითქვას ანჟამბემანის შესახებაც. სტრიქონიდან სტრიქონზე გადასვლის ეს ხერხი თუმცა კი არ არის ახალი, მაგრამ თანამედროვე პოეზიაში (და აქედან გამომდინარე, რატი ამაღლობელთანაც) განსხვავებულ სახეს ქმნის. Uპირველეს ყოვლისა, ის უნდა ითქვას, რომ რატი ამაღლობელთან ანჟამბემანი ერთი ლექსის სივრცეში შემთხვევითობას არ წარმოადგენს, პირიქით – მუდმივად მეორდება და სწორედ ეს მუდმივობა ქმნის ტექსტის სპეციფიკურ წყობას. Pპოეზიის პროზაიზაციის პროცესიც უკვე ტრადიციაა, ოღონდ მუდმივად განმეორებადი ანჟამბემანის მეშვეობით ლექსის არამხოლოდ ტრადიციული “პოეტურობისგან” განძარცვა ხდება, არამედ იმავდროულად მისი შემოსვაც ახალი პოეტური საბურველით. Lლექსს ენიჭება სრულიად თავისებური დინამიურობა, მკითხველს კი უცნაური ლირიკული დენადობის შეგრძნება უჩნდება (ამ ლირიკული დინების ზემოქმედებას აშკარად გრძნობ, როცა იოსიფ ბროდსკის წამღერებით წარმოთქმულ ლექსებს ისმენ, განსაკუთრებით ჯონ დონისადმი მიძღვნილი ელეგია ტოვებს ამ შთაბეჭდილებას, რადგან ანჟამბემანთან ერთად საგანთა ჩამოთვლა ქმნის უჩვეულო ინტონაციურ ნახაზს).

ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ რატი ამაღლობელი ძალზე ფრთხილად ეკიდება ლექსის გაპროზაულების პროცესს. ერთ შესანიშნავ ლექსსი (“მე მინდა გულზე შენი ხელი მედოს და მოდი”), რომელიც ბროდსკის სწორედ ჯონ დონისადმი მიძღვნილი ელეგიის შორეულ რემინისცენციას წარმოადგენს, რატი ცდილობს ლირიზმის სიხალასე, პირველქმნილება, იქნება ნაივობაც შეინარჩუნოს. მისი მიზანია (ცნობიერი ან არაცნობიერი) არა იმპერსონალურობისკენ მიდრეკილი ლირიკული სუბიექტის გულგრილობის დემონსტრირება, არამედ მგრძნობიარე წერტილების მოძიება, მძაფრი გრძნობით აღძრული სათქმელის წარმოთქმა. აქ ბუნებრივად ძევს პოეტის ის მსოფლმხედველობა, რომელიც ერთმანეთთან არიგებს პოეზიაში გამოხატვის თანამედროვე ხერხებს და “ტრადიციულ პოეტურ იმპულსებს”. იქნებ ეს ერთგვარი გარდამავალი ეტაპია რატი ამაღლობელის პოეზიაში და მომავალში მან აღქმის და ხედვის რაკურსი შეცვალოს, მაგრამ ეს უკვე მომავლის საქმეა. ყოველ შემთხვევაში, რატი ამაღლობელის პოეტური კრებული “წრე” ორი თითქოს და შეურიგებელი კომპონენტის შერიგებით ქმნის განსხვავებულ შთაბეჭდილებას და სწორედ ამით არის საინტერესო.

თუმცა, კრებულში შესულ ლექსებს შორის არის გამონაკლისიც. ჩემი აზრით, ეს ლექსია “წრე”. სწორედ ამ ლექსმა მაფიქრებინა, რომ შემდეგი ეტაპი რატი ამაღლობელის შემოქმედებაში შეიძლება გამოხატვის არატრადიციული ხერხების (რომელიც უკვე არის მასთან) და უჩვეულო, არატრადიციული, ღრმა პიროვნული გამოცდილების მქონე სათქმელის დამთხვევით იყოს ნიშანდებული. ეს ლექსი პოეტური თვითრეფლექსიის უაღრესად საინტერესო ცდაა. ცდა იმ თვალსაზრისით, რომ ამ მიმართულებით კიდევ და კიდევ შეიძლება განვითარება. ცალკეული სტროფების მოყვანას ამ ლექსიდან აზრი არ აქვს, ვინაიდან ეს ერთი მთლიანობაა, რეალობის და ფანტასმაგორიის შემზარავი ნაზავია, სადაც სახარებისეული რეალიებიც წარმოსახვის შუქით არის განათებული.

ბოლოს კი ერთი რამ შეიძლება ითქვას. საერთო ტენდენციების ფონზე, ახალგაზრდა ქართველი პოეტები საკუთარ პოეტურ სახეს ძერწავენ. დღევანდელი ქართული ლექსი განსხვავებულია გუშინდელისაგან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ლექსის რეფორმა სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს.Aამავე პროცესის მონაწილეა პოეტი რატი ამაღლობელიც.

© ”ცხელი შოკოლადი”

No comments:

Post a Comment