ეკა ცხადაძე
სამი წიგნი ჩვენთვის და ჩვენზე
ნიკოლო მიწიშვილი, თებერვალი. წინათქმის ავტორი და რედაქტორი ვახტანგ გურული. თბ. «არტანუჯი», 2006.
ნიკოლო მიწიშვილი, ქართული ქრონიკა რევოლუციის დროიდან. Aხალგაზრდობა. თბ. «არტანუჯი», 2006.
ფიქრები საქართველოზე (კრებული). შემდგენელი ილამაზ მიწიშვილი. თბ. «ინტელექტი», 2006.
"ცისფერყანწელთა" ცნობილ სახელებს დღემდის განუმეორებელი ხიბლი ახლავთ, მათ შორის ე. წ. "მეორე ეშელონის" წარმომადგენლებიც იყვნენ, რომელთაგან ნ. მიწიშვილმა პოლემიკური მწვავე ხასიათის ტექსტებით გამოიჩინა თავი.
ნ. მიწიშვილის 110 წლისთავთან დაკავშირებით ხელახლა გამოიცა მისი "თებერვალი", "ქართული ქრონიკა რევოლუციის დროიდან" და "ფიქრები საქართველოზე". ყველა ამ ტექსტს აერთიანებს ეპოქის მძაფრი შეგრძნება, ამთლიანებს მომავლისადმი რწმენა. სამივე მათგანს აქტუალობას სძენს დღემდის ამოუცნობი და მარად საკამათოდ ქცეული ქართული ხასიათის თავისებურებათა ამოხსნის ცდა.
ეპოქის წინააღმდეგობებმა შვა ნ. მიწიშვილის "ფიქრები საქართველოზე". იგი წერილებად ეგზავნებოდა მის მეგობრებს და მოგვიანებით დაიბეჭდა. ნებისმიერი დროის ქართველს გულზე მწარედ მოხვდება მასში გამოთქმული მოსაზრებები.
ჯერ კიდევ XIX ს-ში, როცა დიდი ილია ასპარეზზე გამოსასვლელად ემზადებოდა, სწორედ მაშინ გამოთქვა მან მწუხარება, რომ ჩვენში საზოგადოებრივი ცხოვრება ისერიგად არის მითვლემილი, საზოგადოების ენერგია იმდენად უმწეო ჭორებზეა მიყურადებული და იმდენად ჭარბობს მოჩვენებითობა ნამდვილ საქმიანობას, რომ დიდი პოეტის დაბადება საქართველოში შეუძლებელიაო. "ნიადაგი" დიდი საქმისთვის საქართველოში არ არსებობსო.
თუმცა, "ცისფერყანწელები" აქტიურად ემიჯნებოდნენ "რუსული ხორბლის" მთესველ ილიას და აკაკის, მაინც დიდ სამოციანელთა პირმშონი იყვნენ. ნ. მიწიშვილს ერთი აზრი აქვს გამოთქმული: "როცა გადავხედავ ჩვენს ისტორიას, იქ მე ღვთის ხელს ვერ ვნახულობ. ჩვენი არსებობა დაცინვაა განგებისა ჩვენს თავზე. ჩვენშია ჩამჯდარი ლომი და რწყილი, ეშმაკი და ანგელოზი, ნიჭი და ყიყვი... არის რაღაცა შეკოწიწებული და გადაყრილი, მიბნეულ-მობნეული. ხერხემალს ქართული იდეისას მე ვერ ვპოულობ და ვერც აზრს საქართველოს წარსულში" (გვ. 20).
ნ. მიწიშვილი ამ სტრიქონებს როცა წერდა, ძალიან ახალგაზრდა კაცი იყო, თუმც "ცისფერყანწელთა" ელიტური დაჯგუფების წევრობით ერთგვარად განებივრებულიც გახლდათ. როცა ის "ხერხემალსა" და "ქართულ იდეაზე" ასე ხმამაღლა საუბრობს და გმობს თავისი ქვეყნის ისტორიას, მას არ გააჩნია საფუძვლიანი ცოდნა ამ სფეროსი. უნდა ითქვას, რომ ზემოთ მოყვანილი სტრიქონები საკმაოდ შეჭირვებული კაცის მიერ არის დაწერილი, იგი ხომ საფრანგეთში ცოდნის გასაღრმავერბლად მიდიოდა. მთელი მისი ცოდნა მხოლოდ XIX საუკუნის მონაცემებზეა დამყარებული და შპენგლერის იდეების პრიზმაშია გატარებული. ნ. მიწიშვილისთვის დიდი ქართული კულტურის კონტურები ოდნავ არის გამოკვეთილი, ანუ ის განსასწავლად გამზადებული ახალგაზრდაა, რომელიც კეთილი განგების წყალობით გ. რობაქიძისა და "ცისფერყანწელების" წრეში მოხვდა. მას უნდა აეთვისებინა და აითვისა კიდევაც არაორდინალური ქცევისა და აზროვნების სტილი, მაგრამ თავის უფროს კოლეგებს ვერ გაუტოლდებოდა. მან ეს მოგვიანებითაც ვერ შეძლო. მისი "ფიქრები საქართველოზე" მაინც ლოკალური მნიშვნელობის ტექსტად დარჩა, სადაც მოიპოვება ცინცხალი სკეპსისი და მახვილგონიერება, მაგრამ არ არის განათლებისგან და ცოდნიდგან მომდინარე სიმყარე და სიღმისეულობა. თითქმის ყველა დებულებას არგუმენტირება აკლია, ყველა აზრს - დამაჯერებლობა, მოისაკლისებს რწმენაც და მომავალი პერსპექტივების დეფიციტიც თვალსაჩინოა.
შპენგლერის "ევროპის დაისში" ორიგინალური მსჯელობაა ცივილიზაციასა და კულტურაზე, ხალხებსა და სახელმწიფოებზე, ზოგადად ისტორიის განვითარების თავისებურებაზე, რაც ძლიერი სტიმული აღმოჩნდა ნ. მიწიშვილისათვის, რომელმაც მოისურვა "უცხო თვალით" შემოეხედა თავისი ქვეყნისთვის და "მესამე ნაპირიდან" შეეფასებინა ის.
სადღეისოდაც აქტუალურია ნ. მიწიშვილის "თებერვალი". წიგნი დაიწერა 1923 წელს პარიზში ყოფნისას, მასში დაწვრილებით აღწერილია ნ. ჟორდანიას მთავრობის ბათუმიდან გაქცევა. მენშევიკთა მთავრობის წევრების, მათი თანმხლები პირების და სხვა საემიგრაციოდ გამზადებული დაბნეული ხალხის შესახებ ბევრ საინტერესოსა და სადღეისოდ ფასეულს წავაწყდებით მასში. N
ნ. მიწიშვილი თავად შეესწრო აღწერილს, თავად განიცადა და უშუალოდ დააკვირდა ყველაფერს და საგანგებოდ დაწერა "თებერვალი", რომელშიც კრიტიკული პათოსი თან ახლავს დოკუმენტური მასალის აღწერას.
"თებერვალში" ნ. მიწიშვილი "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტრაგედიის" ბოლო წერტილად ბათუმს მიიჩნევს, საიდანაც "ორნაირი გზა" გამოუჩნდა ქართველობას - ერთი ბოლშევიკებთან შეგუების და მორჩილების, ხოლო მეორე, ემიგრაციაში წასვლის და იქიდან მოქმედების.
"თებერვლის" ავტორის პოლიტიკური ორიენტაცია არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი, რომელიმე პარტიისადმი კუთვნილება და მხურვალე მხარდაჭერა ტექსტში არ ჩანს. შეიძლება თამამად ითქვას მრავალგზის ნათქვამი და ტრაფარეტად ქცეული ფრაზა, რომ ნიკოლო მიწიშვილის პარტია საქართველოა და ის ხალხიც, რომელმაც კიდევ ერთხელ იწვნია პოლიტიკისგან იმედგაცრუება.
ნ. მიწიშვილის "ქართული ქრონიკა რევოლუციის დროიდან" 1928 წლით თარიღდება. წიგნში აღწერილია სტამბოლში მყოფი ქართველი ემიგრანტების ცხოვრება, რომლებიც საფრანგეთში მიდიან და რაღაც-რაღაც წინაღობების გამო იძულებული არიან თურქეთში კარგა ხნით დარჩნენ. ეს წიგნი წარმოადგენს "თებერვლის" გაგრძელებას. თუკი "თებერვალში" ბოლშევიკების შიშით გაქცეული ხალხი ბათუმში იდგა და გემს ელოდა, "ქრონიკაში" მთელი ეს ბრბო თურქეთშია თავმოყრილი და ევროპის "ვიზას" ელის.
© “ცხელი შოკოლადი”
No comments:
Post a Comment