Monday, July 7, 2008

ახალი ამბები (ივლისი, 2007)

IMPAC-ის პრემია “გაქცეულ ცხენებს”


ნორვეგიელი მწერალი, პერ პეტერსონი, და მისი მთარგმნელი, ენ ბორნი, IMPAC-ს ირლანდიური ლიტერატურული პრემიის მფლობელები გახდნენ. პრემია ლიტერატურული ნაწარმოებისთვის გაცემულ ჯილდოებს შორის მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობის თანხას მოიცავს - პეტერსონმა თავისი რომანისათვის “გაქცეული ცხენები” (“Out Stealing Horses”) 100 ათასი ევრო მიიღო.
ნორვეგიაში ეს რომანი ჯერ კიდევ 2003 წელს გამოიცა. მან ავტორს კრიტიკოსებისა და გამომცემლების ნაციონალური პრემია მოუტანა. ინგლისურმა ვერსიამ კი გაზეთ “The Independent”–ის პრემია მიიღო, როგორც 2006 წლის საუკეთესო თარგმანმა.
IMPC-ს ნომინანტების გრძელ სიას მსოფლიოს 49 ქვეყნის 138 რომანი შეადგენდა. ფინალში კი ჟიურიმ მხოლოდ 8 წიგნი დატოვა. ფინალიტებს შორის იყო ჯულიან ბარნსის, ჯ. მ. კუტზეესა და სალმან რუშდის ნაწარმოებებიც.



“451 გრადუსი ფარენჰეიტით” - რისი თქმა სურდა ავტორს?


რეი ბრედბერიმ გადაწყვიტა, გაფანტოს კრიტიკოსთა და რეცენზენტთა მცდარი მოსაზრებები “451 გრადუსი ფარენჰეიტით”-ის შესახებ და გაუქროს მკითხველს იმის ილუზია, რომ თითქოს წიგნი სამთავრობო ცენზურის შესახებ დაიწერა.
Mწერალი აცხადებს, რომ “451 გრადუსი ფარენჰეიტით” იმის შესახებაა, თუ როგორ ანადგურებს ტელევიზია ლიტერატურის კითხვის ინტერესს: “მაგალითად, ტელევიზორი გვეუბნება თარიღებს, როდესაც ნაპოლეონი მოღვაწეობდა, მაგრამ არ გვეუბნება, ვინ იყო იგი”, - ამბობს ბრედბერი და ტელემაუწყებლობის მთელ შინაარსს ერთი ეპითეტით ახასიათებს - “ფაქტებზე დამოკიდებული”. მწერალმა აღნიშნა, რომ შიში, რომელიც მას 1953 წელს ჰქონდა, ნაწილობრივ გამართლდა კიდეც - ტელევიზია თანდათან ხოცავს წიგნებს.


რუტკა ლასკიერი - მეორე ანა ფრანკი



მალე მკითხველი მეორე მსოფლიო ომის დროს პატარა გოგონას მიერ დაწერილ კიდევ ერთ დღიურს იხილავს.
ებრაელი გოგონა, 14 წლის ჰოლანდიელი ანა ფრანკის ასაკის იყო, როცა 60 გვერდიანი დღიური დაწერა. დღიურში მისი ცხოვრების უკანასკნელი წლებია აღწერილი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში. ხელნაწერები, რომლებიც ისრაელის ჰოლოკოსტის მუზეუმმა გამოაქვეყნა, ასახავს ნაცისტური ოკუპაციისა და დეპორტაციების წნეხისაგან გეტოს სისტემატურ კოლაფსს, ასევე ფაშისტურ გერმანიაში მცხოვრები გოგონას პირველ სიყვარულს, მეგობრობას და ეჭვიანობას. მის დღიურებში შემორჩენილია გაუხმაურებელი ამბები საკონცენტრაციო ბანაკებიდან და ფაქტები ებრაელების სასტიკი მკვლელობების შესახებ. “თანდათან ვემგვანები ცხოველს, რომელიც, უბრალოდ, სიკვდილს ელოდება” - წერდა 1943 წელს რუტკა ლასკიერი.


Orange Broadband –ის პრემია აფრიკელ ავტორს



ნიგერიელი ავტორი, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი, Orange Broadband -ის ლიტერატურული პრემიის მფლობელად დასახელდა. პრემია 30 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს და იგი მხოლოდ ქალ მწერლებს გადაეცემათ.
ნიგერიელმა ჯილდოს ხუთი სხვა პრეტენდენტი დაამარცხა, მათ შორის კირან დესაი, რომელიც ფინალისტებში ბუკერის პრემიის ლაურეატი რომანით, “წაგების მემკვიდეობით” ("The Inheritance of Loss”) მოხვდა. გამარჯვების შემთხვევაში ის პირველი ავტორი გახდებოდა, რომელმაც Orange Broadband – ისა და ბუკერის პრემიები ერთი და იმავე ნაწარმოებისათვის მიიღო.
ადიჩის რომანი, “ყვითელი მზის ნახევარი” (“Half of a Yellow Sun”), მისი მეორე ნამუშევარია და მოქმედება 1960-იან წლებში, ბიაფრანის ომის დროს ვითარდება. ნიგერიელის პირველი რომანი, “მეწამული ჰიბისკუსი” (“Purple Hibiscus”), 2004 წლის Orange Broadband –ზეც ფინალისტთა შორის მოხვდა.


არაბული ლიტერატურა ევროპაში


ბრიუსელში მკვლევარებისა და აკადემიკოსების გუნდი თანამედროვე არაბული ლიტერატურის ანთოლოგიის შედგენასა და გამოცემაზე მუშაობს. ანთოლოგია ერთად მოუყრის თავს გამოჩენილი არაბი მწერლების სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს. ინიციატივა მიზნად ისახავს არაბული კულტურის დასავლეთისათვის გაცნობას.
წერილობითი განცხადების მიხედვით, ანთოლოგია წლის ბოლოს ბრიუსელში უნდა გამოქვეყნდეს ფრანგულ და არაბულ ენებზე. განსაკუთრებული ყურადღება მისი შედგენისას არაბული სამყაროს ქალ მწერლებზე იქნება გადატანილი, რომლებიც, აკადემიკოსების თქმით, გაცილებით მეტ ინტერესს იმსახურებენ, ვიდრე აქამდე მათ მიმართ გამოხატავდნენ.
მკვლევარებმა უკვე დაუგზავნეს მოსაწვევები ალჟირელ მწერლებს და სთხოვეს, გამოაგზავნონ თავიანთი რეზიუმეები, ტექსტები და ფოტოსურათები. პროექტის ინიციატორები იმედოვნებენ, რომ არაბი ავტორები სიამოვნებით ითანამშრომლებენ მათთან და ამ წამოწყების განხორციელებაში დაეხმარებიან.



ჩინუა აჩებე - 2007 წლის ბუკერის საერთაშორისო პრემიის მფლობელი



2007 წლის ბუკერის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი აფრიკელი მწერალი, ჩინუა აჩებე გახდა. ავტორი, რომელიც ყველაზე მეტჯერ ითარგმნა აფრიკელ მწერლებს შორის და “აფრიკული ლიტერატურის მამად” არის წოდებული, 60 ათასი ფუნტი სტრელინგის მფლობელი გახდა. 76 წლის აჩებე რამდენიმე წლის წინანდელი ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, თუმცა ამჟამად ნიუ-იორკის ერთ-ერთ კოლეჯში ლიტერატურას ასწავლის. ბუკერის საერთაშორისო პრემიაზე მისი კონკურენტები იყვნენ მარგარეტ ეტვუდი, იან მაკიუენი, დორის ლესინგი, ჯონ ბენვილი, კარლოს ფუენტესი, მიშელ ტურნიე, ფილიპ როტი, დონ დელილო, მაიკლ ონდაჩე. პრემია 2004 წელს დაარსდა და ბრიტანული ბუკერისგან განსხვავებით, დაჯილდოება წელიწადში ორჯერ ტარდება;


ჯეიმს ჯოისი - საავტორო უფლებების დამრღვევი



სან ხოსეს ფედერალურმა სასამართლომ სტენფორდის უნივერსიტეტის ინგლისელ პროფესორს ჯარიმა დააკისრა. პროფესორ კაროლ შლოსის სასამართლო პროცესი არც მეტი, არც ნაკლები - ჯოისის წინააღმდეგ იყო გამართული. სადაო საკითხი საავტორო უფლებები და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა აღმოჩნდა - შლოსი ჩიოდა, რომ ირლანდიელი ავტორის მემკვიდრეები (მწერლის ერთადერთ მემკვიდრე - შვილიშვილი, სტივენ ჯეიმს ჯოისი, და მისი მეურვე) არასამართლებრივად იყენებენ თავიანთ უფლებებს ირლანდიელი მწერლის ტექსტებზე. პროფესორი მათ ბრალს სდებდა საავტორო უფლებების არასწორად გამოყენებაში, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ შლოსს ნება არ დართეს, საკუთარ ნაშრომში ჩაერთო ციტატები მწერლის უკვე გამოქვეყნებული ტექსტებიდან და საოჯახო წერილებიდან, რომელზეც, შლოსის თქმით, სინამდვილეში საავტორო უფლებებს არც თვითონ მემკვიდრები ფლობდნენ. სასამართლომ ინგლისელი პროფესორის საქციელი პლაგიარიზმის მცდელობად მიიჩნია და მას ფულადი ჯარიმა დააკისრა.



ნობელიანტი გაბო მშობლიურ ქალაქში



კოლუმბიელი მწერალი, გაბრიელ გარსია მარკესი, 20 წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდა თავის მშობლიურ ქალაქს - არაკატაკას, რომელმაც მწერალს “მარტოობის ასი წელის” შექმნა შთააგონა. მარკესი არაკატაკაში ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად მატარებლით - “მაკონდო ექსპერსით” - ჩავიდა. მწერალს ქალაქში ათასობით თაყვანისმცემელი დახვდა გამოსული, ქუჩები ყვითელი საჰაერო ბუშტებით იყო მორთული და ყოველ მხრიდან შეძახილები ისმოდა: “იცოცხლე, გაბო” ან “კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა, გაბო”. არაკატაკას დასათვალიერებლად მარკესმა მეუღლესთან ერთად ეტლით გაისეირნა და აღიარა, რომ იმედი ჰქონდა, უკეთეს მდგომარეობაში დახვდებოდა მშობლიური ქალაქი.
2006 წელს არაკატაკში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მიზანიც იყო, ქალაქისთვის სახელი შეეცვალათ და მაკონდო დაერქმიათ, თუმცა, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, 53 ათასიანმა მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას.


ორუელის წინასწარმეტყველება მართლდება


“1984” - ტოტალიტარული მომავლის ჯორჯ ორუელისეული ხედვა, სადაც მოსახლეობა მუდმივი ზედამხედველობისა და მანიპულირების წნეხის ქვეშაა, პირველ ადგილზე გავიდა Guardian Unlimited Books – ის ინტერნეტ კვლევაში. კვლევის მიზანი იყო, გაერკვია თუ რომელი წიგნები ასახავენ ყველაზე კარგად მეოცე საუკუნეს. პორტალზე ეპოქის მახასიათებელი 50 წიგნის სია იყო წარმოდგენილი, რომელთაგანაც მკითხველი ხმას თავის რჩეულს აძლევდა. ორუელის რომანმა პირველი ადგილი მნიშვნელოვანი სხვაობით მოიპოვა - მან ხმების 22% მოაგროვა. ათეულში მოხვდნენ “ანა ფრანკის დღიურები”, სკოტ ფიცჯერალდის “დიდი გეთსბი”, სელინჯერის “თამაში ჭვავის ყანაში”, ელენ ფილდინგის “ბრიჯიტ ჯონსის დღიურები”.
შედეგები სწორედ იმ კვირას გამოქვეყნდა, როდესაც პოპულარული სატელევიზიო რეალური შოუს, “უფროსი ძმის,” მერვე სეზონი გავიდა ეთერში. ამ შოუს სახელწოდებაც ორუელის რომანიდან გამომდინარეობს - სახლის მცხოვრებლები მუდმივი დაკვირვებისა და ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.



© “ცხელი შოკოლადი”

No comments:

Post a Comment