Tuesday, September 9, 2008

ჯოვანი პაპინი



იტალიური ლიტერატურის ფუნდამენტური ანთოლოგია ჯოვანი პაპინის (1881-1956) ახასიათებს როგორც “საუკუნის დასაწყისის კულტურის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ინიციატორს – მიუხედავად ქაოტური განათლებისა და იმთავითვე ანტიაკადემიური, დილეტანტური მისწრაფებებისა”. იგი მაშინდელი ფლორენციის ლიტერატურული წრეების ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული, რედაქტორობდა ჟურნალს, რომელშიც თითქმის ყველა იმდროინდელი იტალიელი მწერალი იბეჭდებოდა, დ’ანუნციოდან დაწყებული – მარინეტით დამთავრებული.
მისი ნაშრომები კულტურის ძალზე ფართო სპექტრს მოიცავდა: ინტელექტუალურ-ანარქისტული “ტრაგიკული ყოველდღიურობა” (1906) და “წყალწაღებული” (1912), ღრმა კათოლიციზმით აღბეჭდილი “ქრისტეს ისტორია” (1921) და კლასიკური “ცოცხალი დანტე” (1933). მასვე ეკუთვნის სკანდალურად ცნობილი “ეშმაკი” (1953) და წიგნები ხელოვნების შესახებ, “მიქელანჯელოს ცხოვრება მისი ეპოქის ცხოვრების ფონზე” (1949) და “ბიუსტების შუშაბანდი”, თუმცა განსაკუთრებული წარმატებით მაინც მისი “ნაწყვეტები” სარგებლობდა, მოკლე, ძალზე მახვილი ტექსტები, რომლებშიც ხშირად ესეისტური საწყისი ძლევდა ნარატიულს.
სწორედ ამ ჟანრს შეგვიძლია მივაკუთვნოთ წარმოდგენილი მოთხრობაც, კაფკას ერთ-ერთი პირველი “აპოკრიფი”, რომელმაც არამხოლოდ ბორხესის არარსებული ტექსტები შეიძლება გაგვახსენოს, არამედ უმბერტო ეკოს კლასიკურ-პოსტმოდერნისტული “ვარდის სახელიც”.



ფრანც კაფკას “დაბრუნება”



თარგმნა მალხაზ ხარბედიამ



პრაჰა, 27 მარტი


ერთმა პრაჰელმა ბუკინისტმა, რომელმაც კარგად იცოდა, რომ ცნობილ მწერალთა ავტოგრაფების კოლექციას ვაგროვებდი, ფრანც კაფკას გამოუქვეყნებელი მოთხრობის ავტორისეული მონახაზის შეძენა შემომთავაზა. ამ დროისთვის უკვე წაკითხული მქონდა “პროცესის” ინგლისური თარგმანი და ამიტომ, ვიდრე საკმაოდ სოლიდურ თანხას გადავიხდიდი, მოვინდომე თვალი გადამევლო გერმანული სიტყვებით გადავსებული ექვსგვერდიანი ხელნაწერისთვის.
“დაბრუნება”, ასე ერქვა შავად ჩაწერილ მოთხრობას, რომელზე მუშაობის გაგრძელებაც კაფკამ არ მოისურვა თუ ვერ მოასწრო. სადაზღვეო აგენტს, ბატონ მ.ვ.-ს, საქმეებზე წასვლა უწევს ბოჰემიაში, თანაც დიდი ხნით, და იძულებულია, თავისი ახალგაზრდა მეუღლე მარტო დატოვოს სახლში, პრაჰიდან ასი კილომეტრის მოშორებით. მას გული წყდება, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ დაქორწინდა და ძალიან უყვარს თავისი მეუღლე, მაგრამ მოვალეობანი და საქმის ინტერესები აიძულებენ წავიდეს. მოგზაურობა ექვსი კვირა უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, რომლის შესახებაც კაფკა არაფერს ამბობს, ბატონ მ.ვ.-ს მოუწია ორ თვემდე გაეხანგრძლივებინა განშორების ვადა. ბოლოს, დგება ნანატრი დღეც, იგი შინ ბრუნდება: ჩამოდის სადგურზე, სადაც ტელეგრამით გამოძახებული ეტლი ელოდება. ბატონმა მ.ვ.-მ წარმატებით დაასრულა საქმეები, იგი ბედნიერია, მაგრამ ყველაზე უფრო ის ახარებს, რომ ამდენი ხნის შემდეგ იგი კვლავ გულში ჩაიკრავს საყვარელ მარიას. მან უკვე თავისი ბაღის ხის ჭიშკარშიც შეაბიჯა; ღამეა; შესახვედრად მებაღე მოემართება, ხელში ფარანი უჭირავს. მ.ვ. აქეთ-იქით იყურება: არაფერი შეცვლილა, მაგრამ ყველაფერი თითქოს განახლებული ეჩვენება. ბებერი, თეთრი ნაგაზი მხიარულად ეგებება საყვარელ პატრონს; ხანდაზმული მოახლე ქალი, ვინც ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობდა მას, ღიმილით ზღურბლზე გამოდის, ესალმება. მძიმე, სამგზავრო მოსასხამის გახდაში ეხმარება.
“ახალი არაფერია?” “არაფერი ბატონო”. “ქალბატონი სადაა?” “აი ისიც, კიბეზე ჩამოდის”. მართლაც, მუხის კიბეებს ზემო სართულიდან ქალი მოუყვება, მხიარულად ესალმება ბატონ მ.ვ.-ს, მაგრამ იგი ქალის მოახლოებისთანავე გაოცებისგან შეხტება და იმის ნაცვლად, რომ გადაეხვიოს მეუღლეს, უკან-უკან იწევს და სიტყვის თქმასაც ვერ ბედავს. ხავერდის კაბაში გამოწყობილი ეს ახალგაზრდა, ლამაზი ქალბატონი მარია არაა, იგი არაა მისი ცოლი! მარიას შავი, სამხრეთელი ქალის თმები აქვს, ამას კი ფერფლისფერი-ქერა. მარია საშუალო სიმაღლისაა, ჩასუქებული, ეს კი მაღალია, ტანადი და გამხდარი. უცნობს თვალებიც სხვანაირი აქვს – ღია ცისფერი, თითქმის ნაცრისფერი, მარიას კი შავი თვალები ჰქონდა.
ქალბატონი ეალერსება, მოგზაურობისა და ჯანმრთელობის ამბავს ეკითხება, შემდეგ ხელს ჩაჰკიდებს მ.ვ.-ს, თავისკენ მიიზიდავს და ცხელი ტუჩებით ორივე ლოყას დაუკოცნის. მოგზაურს თითქოს მეტყველების უნარი წართმევია, ხმას ვერ იღებს; მას ჰგონია, რომ საკუთარი სახლის ნაცვლად ზმანებათა სამყაროში შეაბიჯა და აუცილებლად ვიღაცამ უნდა გააღვიძოს. მაგრამ ყველაფერი, უცნობი ქალის გარდა, ძველებურადაა. სახლი იგივეა, ავეჯიც – მისივე ხელით შერჩეული; მებაღემ ჩემოდნები შემოიტანა და ქალბატონის განკარგულებებს ელის; მოახლე ქალი უცნობს ისე ექცევა, თითქოს მის წინაშე ქალბატონი მარია იყოს. ძაღლიც, როგორც ყოველთვის, დარბის და ყეფს. მაინც რა მოხდა? მის გარდა რატომ ვერავინ ამჩნევს, რომ ეს ქალი მისი მარია არაა?!
ბატონი მ.ვ. დუმილით აჰყვა კიბეებზე უცნობ ქალბატონს და საძინებელ ოთახში შევიდა. იქაც არაფერი შეცვლილა. მარიას ტუალეტის მაგიდა ისევ ისეთია, იგივე ფლაკონებითა და სხვა, მისთვის კარგად ნაცნობი საგნებით; მარიას ხალათებიც ისევ იმ ადგილას ჰკიდია; მისი, მ.ვ.-ს ფოტოსურათიც იქვე, ღამის მაგიდაზე იდო. ახალმა მარიამ ისარგებლა მისი დაბნეულობით, მოეხვია და ტუჩებში აკოცა მას; მ.ვ.-მ იგრძნო, რომ თუმცა სხეული სხვა იყო, სუნამო იგივე დარჩა, ძველებურად მწკლარტე და ეკზოტიკური.
“დაიღალე?” – შეეკითხა ქალი. თუ გინდა მოისვენე, ვიდრე ვივახშმებდეთ. მე მგონი, ძალიან გამოიცვალე, ისეთი უცნაური გახდი... რატომ მექცევი ასე ცივად? მე ხომ ამდენ ხანს გელოდე! მოხდა რამე? ცუდად ხომ არ ხარ? გინდა შენი საყვარელი ლიქიორი? სულ აქ მქონდა ბოთლი, როცა დაბრუნდებოდი...”
“არაფერი არ მინდა, თქვა როგორც იქნა ბატონმა მ.ვ.-მ, ცოტას დავისვენებ და აზრზე მოვალ. ჯერ ვერაფერი გამიგია. მარტო დამტოვეთ”.
“როგორც გინდა, ალერსიანად უპასუხა ქალმა. ჩავალ სამზარეულოში და ამბავს გავიგებ. Dდღეს შენი საყვარელი კერძები გვექნება”.
ხელზე მოეფერა, გაიღიმა და გავიდა. ბატონი მ.ვ. გაუხდელად მიწვა ლოგინზე, გრძნობდა, რომ გონება მისდიოდა. ვერაფრით გაეგო, რა ხდებოდა მის თავს. გაოგნებული ვერანაირ ახსნას ვერ პოულობდა. მაინც რა მოხდა? თავად ხომ არ შეიცვალა ამ ორი თვის მანძილზე ისე, რომ საყვარელ მეუღლესაც კი ვერ ცნობს? იქნებ მარია გამოიცვალა?! მაგრამ ვერავინ რომ ვერაფერი შეატყო? საშინელი ფიქრები უღრღნიდა გულს – იქნებ მარია ძალით მოაცილეს აქაურობას ან სულაც მოკლეს მსახურთა დახმარებით და სხვა ქალმა, ქალმა, რომელიც აქამდე არასდროს უნახავს, მაგრამ რომელსაც, ალბათ უყვარდა იგი, მარიას ადგილი დაიკავა?
ეს ვარაუდები ერთნაირად უაზროდ ეჩვენებოდა და შეეცადა თავიდან გამოეგდო მათზე ფიქრი, მაგრამ ვერანაირი სხვა ახსნა, უფრო ბუნებრივი და მისაღები, ვერ გამოძებნა. ბატონი მ.ვ. რომანტიკოსი არ იყო და არც ჰოფმანისა და ედგარ პოს მოთხრობები ეხატებოდა გულზე. საღმა აზრმა, როგორც იქნა დასძლია ეჭვი. მან გადაწყვიტა პანიკას არ მისცემოდა და შეეცადა შეგუებოდა, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად მაინც, ასეთ უჩვეულო სიტუაციას.
თავს ისე დაიჭერს, თითქოს ეს უცნობი ქალბატონი მისი მარია იყოს. იქნებ თანდათან, დაკვირვებით მიაგნოს ჭეშმარიტებას. ასეთმა გადაწყვეტილებამ ცოტა დაამშვიდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ აღმოფხვრა შფოთვა. როცა ცრუ-მარია ოთახში შემობრუნდა, ბატონ მ.ვ.-ს უეცრად ახალი იმედი ჩაესახა და ლოგინიდან წამოხტა: სიბნელეში მოეჩვენა, თითქოს შემოსული ის იყო, ვინც ორი თვის წინ დატოვა, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ერთ წამს გაგრძელდა: ეს ქალი უცხო იყო, უცნობი.
მ.ვ.-მ თავის მოთოკვა შეძლო და “ცოლს” ხელი ჩასჭიდა. გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ მსუბუქი მაქმანებიდან გამოზრდილი ეს ხელი მარიასას ჰგავდა, თითქმის სინდისმა შეაწუხა. ახალი ცოლი ისეთივე ალერსიანი, მზრუნველი, მხიარული და ელეგანტური იყო, როგორც პირველი. თავისი მოვალეობა ახლა უკვე არც ისე რთული და საშიში ეჩვენებოდა. ისინი ერთად ჩამოვიდნენ სავახშმოდ...
კაფკას ხელნაწერი ამ ადგილას გაწყდა და შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, როგორ დასრულდა ეს იდუმალებით მოცული ისტორია. მართალია, მოთხრობა დასრულებული არ იყო, მაგრამ სიამოვნებით გადავიხადე ორასი კრონი, რომელსაც ბუკინისტი მთხოვდა მასში.


© “ცხელი შოკოლადი”

No comments:

Post a Comment