Monday, October 6, 2008

ჯონ სტაინბეკი

ბარათი კოლაუ ნადირაძეს


ძვირფასო მეგობარო: მე და ჩემი მეუღლე ელენი, თქვენთან სტუმრობის შემდეგ, თბილისიდან შინ რომ დავბრუნდით, იქედან მოყოლებული თქვენზე და თქვენს დიდებულ ქალაქზე ფიქრში ვატარებთ. რამდენი თბილი, სააამო და ამაღელვებელი რამ გამოგვატანეთ თან. ისინი ჩვენი მოგონებებიდან არასდროს ამოიშლება. მართალია ვიკამათეთ, განსხვავებული მოსაზრებანიც გამოვთქვით, თუმცა ყველაფერი ამით ამოიწურა და ჩვენი მეგობრობისათვის ამას ზიანი არ მიუყენებია. მჯერა, ამ აზრთასხვაობის არსმა დაგვარწმუნა, კეთილ ადამიანებს მიზნები და მისწრაფებები ყველგან ერთნაირი რომ აქვთ. ჩვენ მხოლოდ საშუალებანი წარმოგვიდგენია ოდნავ სხვაგვარად. ამიტომ, ვფიქრობ, მუდმივად უნდა ვიფხიზლოთ, რათა საშუალებებმა მიზანი არ გააბუნდოვნოს. მადლიერების ნიშნად, იმ პატივისათვის თქვენ რომ დამდეთ, გიგზავნით ერთადერთი სიტყვის ასლს, რომელიც წარმოვთქვი ან მომავალში წარმოვთქვამ. ამ თვალსაზრისით ის უნიკალურია. მე ასე მწამს. მიუხედავად ამისა, ახლა რომ მისი შესწორება შემეძლოს, ალბათ მწერლის მოვალეობებს იმას დავუმატებდი, რომ სამყაროს ოდნავ მეტი მხიარულება, ოდნავ მეტი სილაღე შესძინოს და ოდნავ მეტი სიცილით აავსოს. ამით არაფერი დაშავდებოდა. ალბათ ეს იმის დასტურიცაა, რაც ყველას გვწამს: კაცები მაშინ ხდებიან ერთმანეთის უახლოესნი, როცა ერთად იცინიან. მახსენდება თბილისში ერთად ძალიან ბევრს რომ ვიცინოდით, ვცეკვავდით და ვმღეროდით კიდეც. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე გვესტუმრებით და გაორკეცებულ იმედს გამოვთქვამთ, დაახლოებით მაინც, ისეთივე გულუხვი სტუმარ-მასპინძლობა გაგიწიოთ, თქვენი
ხელგაშლილობის დარი რომ იქნეს. ელენი ჩემს სურვილებს უერთდება. გისურვებთ ბედნიერებასა და ჯანმრთელობას.

თქვენი მეგობარი,
ჯონ სტაინბეკი
9 მაისი, 1964წ.



ჯონ სტაინბეკის მიერ კოლაუ ნადირაძისადმი მიწერილი წერილის დედნის ასლის გაცნობის შემდეგ ნათელი ხდება, რომ რუსული თარგმანი შემოკლებული ვარიანტია, რაც თავისთავად დანაშაული არ გახლავთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ დედნის შინაარსი დამახინჯებულია, ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს და გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ თარგმანი განგებაა ფალსიფიცირებული. თავისთავად ჩნდება პირველი კითხვა: რატომ შესრულდა თარგმანი რუსულად და არა ქართულად? სამადლობელი წერილის თავი და ბოლო დედნის შესატყვისია. რაც შეეხება მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელსაც ეს წერილი შეიცავს და რითაც ჩვენთვის წარმოადგენს ფასდაუდებელ დოკუმენტს, სწორედ ის ნაწილია დამახინჯებული. სახელდობრ: ორიგინალიდან ირკვევა, რომ სტაინბეკმა კოლაუ ნადირაძეს გამოუგზავნა სტოკჰოლმში ნობელის პრემიის მიღებისას წარმოთქმული სიტყვის ასლი. რუსულ თარგმანში კი ჩანს, რომ რაღაც გამოუგზავნა, მაგრამ რა – არ წერია. მის მაგივრად მრავალი წერტილია
დასმული. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ის ერთი სიტყვა ვერ ამოიკითხა და გამოტოვა, მაგრამ შემდეგ მთარგმნელი ისეთ რამეს წერს, რაც დედნის ტექსტს სრულებით არ შეესაბამება. მიჭირს ვივარაუდო, რომ ასეთი სერიოზული წერილის თარგმნა არაკომპენტენტურ სპეციალისტს მიანდეს. მაშინ საფიქრებელია, რომ სტაინბეკის სიტყვა ალბათ თავიდანვე კგბ-ს მიერ იქნა ამოღებული, რადგან ის კოლაუ ნადირაძის პირად არქივში არ ინახება. მაგრამ ბუნებრივად ჩნდება კითხვები: საერთოდ რატომ დატოვეს თარგმანში, რომ სტაინბეკმა კოლაუ ნადირაძეს რაღაც გამოუგზავნა, მაგრამ რა – მიჩქმალეს? ანდა რა სჭირდა მისაჩქმალი ათეისტური სულისკვეთებით განსმჭვალულ სიტყვას, რომელიც საბჭოური იდეოლოგიისათვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა? თუ ეს კგბ-ს დავალებით შესრულებული თარგმანია, როგორ მოხვდა ის პოეტის პირად არქივში და თან იქვე არსებობდა წერილის დედანი? კითხვები შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ კითხვებზე პასუხების ძიება იმდენად მნიშვნელოვნად არ მიმაჩნია, მთავარია, რომ განგების ძალით ეს დედანი გადარჩენილია. ამ ფაქტს იმიტომ ვანიჭებ ასეთ მნიშვნელობას, რომ ეს წერილი არ არის შეტანილი წიგნში: "სტაინბეკი: ცხოვრება წერილებში", რომლის ერთერთი შემდგენელი და რედაქტორი სტაინბეკის მეუღლე, ელენ სტაინბეკია. მან ამ წიგნში მხოლოდ ერთი – საქართველოს მწერალთა კავშირისადმი გამოგზავნილი წერილი დაბეჭდა. საგანგებოდ დავუკავშირდი კალიფორნიის სან ხოზეს სახელმწიფო უნივერსიტეტის, მარტა ჰისლი კოქსის სახელობის სტაინბეკის შესწავლის ცენტრს, რომელსაც მწერლის ქვრივმა, ელენ სტაინბეკმა საჩუქრად გადასცა მეუღლის მთელი არქივი, და აღმოჩნდა, რომ წერილი რომელიც ახლა ქვეყნდება, არც მათ არქივებში ინახება. დღეს კი ჩვენ შეგვიძლია სრულად გავეცნოთ სტაინბეკის მიერ ნადირაძისადმი მოწერილ წერილს, რომელიც არ წარმოადგენს ჩვეულებრივ მადლიერი სტუმრის მიერ სტუმართმოყვარე მასპინძლისადმი გამოგზავნილ სამადლობელ ღია ბარათს. აღნიშნული წერილი აშკარა დასტურია იმისა, რომ საქართველოში მეორედ მოგზაურობამ სტაინბეკს კიდევ უფრო გაუღრმავა ამ ქვეყნისადმი ინტერესი. განსაკუთრებით აღფრთოვანებულია ქართველ მწერლებთან ურთიერთობით. მიუხედავად აზრთა სხვაობისა, უდავოდ კმაყოფილია, რომ მათი სახით თანამოაზრეები შეიძინა: ”მართალია ვიკამათეთ, განსხვავებული მოსაზრებანიც გამოვთქვით, თუმცა ყველაფერი ამით ამოიწურა და ჩვენი მეგობრობისათვის ამას ზიანი არ მიუყენებია. მჯერა, ამ აზრთასხვაობის არსმა დაგვარწმუნა, კეთილ ადამიანებს მიზნები და მისწრაფებები ყველგან ერთნაირი რომ აქვთ. ჩვენ მხოლოდ საშუალებანი წარმოგვიდგენია ოდნავ სხვაგვარად. ამიტომ, ვფიქრობ, მუდმივად
უნდა ვიფხიზლოთ, რათა საშუალებებმა მიზანი არ გააბუნდოვნოს”, – წერს კოლაუ ნადირაძეს. მაგრამ ამ წერილს, ჩემი აზრით, ფასდაუდებელ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ მაშინ უკვე საყოველთაოდ აღიარებული მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი, ჯონ სტაინბეკი გულწრფელად აღიარებს, ქართველ მწერლებთან ურთიერთობამ მასზე ძლიერი ზეგავლენა რომ მოახდინა. ამას კი აშკარად ადასტურებს თავისი სტუმართმოყვარე თბილისელი მასპინძლისადმი მიწერილი შემდეგი სიტყვები: "მადლიერების ნიშნად, იმ პატივისათვის თქვენ რომ დამდეთ, გიგზავნით ერთადერთი სიტყვის ასლს, რომელიც წარმოვთქვი ან მომავალში წარმოვთქვამ. ამ თვალსაზრისით ის უნიკალურია. მე ასე მწამს. მიუხედავად ამისა, ახლა რომ მისი შესწორება შემეძლოს, ალბათ მწერლის მოვალეობებს იმას დავუმატებდი, სამყაროს ოდნავ მეტი მხიარულება, ოდნავ მეტი სილაღე შესძინოს და ოდნავ მეტი სიცილით აავსოს. ამით არაფერი დაშავდებოდა. ალბათ ეს იმის დასტურიცაა, რაც ყველას გვწამს: კაცები მაშინ ხდებიან ერთმანეთის უახლოესნი, როცა ერთად იცინიან. მახსენდება თბილისში ერთად ძალიან ბევრს რომ ვიცინოდით, ვცეკვავდით და ვმღეროდით კიდეც." მართალია ირაკლი აბაშიძე თავის მოგონებაში ვერ იხსენებს გაცინებულ სტაინბეკს: "საერთოდ ეს კაცი გაცინებული არ მინახავს. არ ვიცი, თავის ქვეყანაში გაუცინია თუ არა ოდესმეო." მაგრამ, სამაგიეროდ, მოცეკვავე სტაინბეკის შთამბეჭდავ სცენას დიდებულად აღწერს: "სტაინბეკი გოლიათივით წამოდგა. ცოლს ხელზე ემთხვია და დაიწყო ცეკვა. ცეკვავდა მთელის მონდომებით და სერიოზულობით, ნამდვილი გატაცებით, როგორც შეუძლია უცხო, არაკავკასიელმა კაცმა იცეკვოს ეს ურთულესი ცეკვა. ცეკვავდა თავისთვის და არა ჩვენთვის, მაყურებლისთვის, არც თავისი მეუღლისათვის; ცეკვავდა გამართული, ხაზგასმულად თავაწეული, ამაყად, თავისუფლად. მხოლოდ მემუსიკეებს თუ ჩაჰხედავდა ხანდახან თვალებში – ხომ არაფერი მეშლებაო. მემუსიკეები კი მას შესციცინებდნენ და დიდი სიამოვნებისაგან ლოყები უსკდებოდათ. ცეკვავდა თავისთვის და ვიღაცასთვის, ვინც აქ არ იჯდა და მგონი საერთოდ ამ დედამიწაზეც არ დადიოდა. მერე დაიქანცა და დაჯდა." ვახტანგ ჭელიძე კი იგონებს, ქართულმა ხალხურმა სიმღერებმა როგორ მოიყვანეს სტაინბეკი სიმღერის ეშხზე: "თვითონაც მოვიდა ეშხზე და როცა ქეიფი გახურდა, ითხოვა, მეც ვიმღერებო. ვერ ვიტყვი, კარგი სასიმღერო ხმა ჰქონოდეს, ჰანგიც მონოტონური იყო და იმ დიდებული სიმღერების შემდეგ არ შეიძლებოდა კაცს მოსწონებოდა. მაგრამ ეს ხომ სტაინბეკი იყო, სტაინბეკი მღეროდა!" აშკარაა რომ ქართულმა სუფრამ, ხალხურმა ცეკვამ და სიმღერამ და, რაც მთავარია, გულღია და მხიარულმა თანამოაზრე მწერლებმა განუმეორებელი ზემოქმედება მოახდინეს ამერიკელ შემოქმედზე. ეს ზემოქმედება იმდენად დიდი იყო, რომ ქართველ მწერლებთან შეხვედრამდე, დაახლოებით წელიწადნახევრის წინათ, ნობელის პრემიის მიღებისას წარმოთქმული სიტყვის გადაკეთების სურვილიც კი გაუჩნდა, სიტყვისა, რომელშიც მან თავისი მრწამსი ჩამოაყალიბა მწერლობისა და მწერლის დანიშნულების შესახებ.



ვახტანგ ამაღლობელი


© “ჩვენი მწერლობა”

No comments:

Post a Comment