ღმერთმა დალოცოს ამერიკა
აი, იანკების მწკრივები
აღლუმზე დაძრულან ხელდახელ.
იარაღასხმულნი ყელამდე
მღერიან მხიარულ ბალადებს.
მსოფლიო შემოიჯირითეს,
ღმერთი ამერიკის ადიდეს,
და ვინც იანკებს არ შეეკრა,
ვინც ბანი არ მისცა წყობილად,
ვინც მათთან ერთად არ იმღერა,
ვინც ხმა დაკარგა და დადუმდა,
აღგავეს პირისგან მიწისა.
გვამებით გაავსეს თხრილები -
გვამებით, გვამებით, გვამებით.
ვინც ბანი არ მისცა მეომრებს
მოსრეს და აქციეს არარად.
მოჰქრიან შუბებით მხედრები,
ეს შენი თავია - მიწაზე,
ეს შენი თავია - ქვიშაში,
ეს შენი თავია - გუბეში,
ეს შენი თვალები - დათხრილი...
გვამების ოხშივარს იყნოსავ,
ჰაერი სავსეა სიკვდილით
და ეს ამერიკის ღმერთია
სიმყრალეს და გვამთა ხრწნილებას
თავის წიაღში რომ ინახავს.
იანვარი, 2003.
© “ლიტერატურა _ 24 საათი”
No comments:
Post a Comment