Saturday, November 29, 2008

ახალი ამბები (ნოემბერი, 2008)

დ’არტანიანის საფლავი ჰოლანდიაში

ფრანგი გამომძიებელი ოდილ ბორდა ამტკიცებს, რომ მან ის ადგილი აღმოაჩინა, სადაც დ’არტანიანია დაკრძალული - ალექსანდრე დიუმას ცნობილი პერსონაჟის პროტოტიპი. მისი მონაცემებით, მაასტრიხტის ციხე-სიმაგრესთან 1673 წელს დაღუპული დ’არტანიანი ჰოლანდიაში, ვოლდერის რაიონში, წმ. პეტრესა და პავლეს ეკლესიებიდან რამდენიმე კილომეტრში განისვენებს. ბორდა ჰოლანდიის ხელისუფლებასა და კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც აღნიშნულ მიწებს ფლობს, არწმუნებს, დართონ მას ნება ფრანგი გმირის საფლავს ექსჰუმაცია ჩაუტარდეს. შარლ დე ბა დე კასტელმორ დ’არტანიანი 1611 წელს დაიბადა და კარიერა კარდინალ მაზარინის კურიერობით დაიწყო. თუმცა პარალელურად მეფე ლუი XIV-ის დავალებებს ასრულებდა. ალექსანდრე დიუმას პერსონაჟად კი იგი გატიენომ დე კურტილ დე სანდრას 1700 წელს გამოცემული სამტომეულის, „დ’არტანიანის მემუარების“ წყალობით იქცა.


ვინი პუჰის ილუსტრაციები აუქციონზე


ლონდონის აუქციონ Bonhams-ზე ალან მილნის ზღაპრის, "The House at Pooh Corner" (“სახლი ვინის ტყეში”) ორიგინალური ილუსტრაცია 50 ათას დოლარად გაიყიდა. The New York Times-ის ცნობით, ნახატის - სახელწოდებით “ვეფხვებს თაფლი არ უყვართ” - ოპტიმალური ფასი 32 ათასი დოლარი იყო. მისი მყიდველი გერმანელი კოლექციონერი აღმოჩნდა, რომელმაც აუქციონზე შეძენილი ნივთი საჩუქრად მეუღლეს მიართვა. ილუსტრაციის ავტორი ცნობილი ბრიტანელი ილუსტრატორი ერნსტ შეპარდია. აუქციონზე ნახატი მისი ქალიშვილის, მერი შეპარდის არქივიდან მოხვდა. 2008 წლის 17 დეკემბერს კი ლონდონის Sotheby's-ს დარბაზში ალან მილნის ნაწარმოებების ერნსტ შეპარდისეული ილუსტრაციების სრული გამოფენა-გაყიდვა და აუქციონი მოეწყობა. აუქციონზე გამოტანილი იქნება ასევე ალან მილნის იშვიათი გამოცემები.


გამოიცა კერუაკისა და ბეროუზის ერთობლივი რომანი


ჯეკ კერუაკისა და უილიამ ბეროუზის წიგნი "And the Hippos Were Boiled In Their Tanks" (“ჰიპოპოტამები თავიანთ ჯავშანში მოიხარშნენ”), რომელიც ავტორებმა 1944-45 წლებში დაწერეს, პირველად გამოიცა ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. როგორც The Independent-ის მიმომხილველი აღნიშნავს, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის პროტოტიპის გამო წიგნი აქამდე აკრძალული იყო. ბიტნიკების ყოფილმა ლიდერებმა რომანი მათ გარშემო მომხდარი ერთ-ერთი ბოროტმოქმედების მხედვთ დაწერეს - ლიუსენ კარმა, ალან გინზბერგის მეგობარმა, ჩხუბისას დანით მოკლა ბიტნიკების კიდევ ერთი წარმომადგენელი - დევიდ კამერერი. კერუაკი კარს სამხილებისგან გათავისუფლებაში დაეხმარა, თუმცა მკვლელმა დიდხანს ვერ გაუძლო სინდისის ქენჯნას და საკუთარი ნებით ჩაბარდა პოლიციას. სანამ კარი ციხეში სასჯელს იხდიდა, ბეროუზმა და კერუაკმა მის შესახებ რომანი დაწერეს, რომლის გამოსაცემადაც 1945 წელს ამერიკაში გამომცემლობა ვერ მოიძებნა - წიგნში ზედმეტად დიდი დოზებით იყო საუბარი ნარკოტიკებზე, ჰომოსექსუალიზმსა და ძალადობაზე. ლიუსენ კარი ციხიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა ლუ კარის სახელით ჟურნალისტურ კარიერას მიჰყო ხელი. იგი უფრთხილდებოდა საკუთარ რეპუტაციას და სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია კერუაკის მცდელობას, გამოეცათ რომანი. კარი 2005 წელს გარდაიცვალა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ბიტნიკების რომანის გამოსაცემად მზადება.


მზადება სალმან რუშდის რომანის ეკრანიზაციისათვის


მწერალმა სალმან რუშდიმ და კანადელმა კინორეჟისორმა დიპა მეტამ ახალი პროექტის შესახებ განუცხადეს პრესას - მალე ეკრანებზე სალმან რუშდის რომანის “შუაღამის ბავშვების” ("Midnight's Children") ეკრანიზაცია გამოვა. რომანმა ავტორს უკვე მოუტანა არაერთი ლიტერატურული პრემია (ბუკერი, სუპერ-ბუკერი...). ფილმს კი მაყურებელი 2010 წელს იხილავს. მოლაპარაკებები ჰოლივუდის სტუდიებთან უკვე მიმდინარეობს, სცენარზე კი მწერალი და რეჟისორი ერთად იმუშავებენ. სალმან რუშდის რომანი “შუაღამის ბავშვები” 1981 წელს გამოქვეყნდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს, დიპა მეტას კინემატოგრაფული კარიერა კი ტრილოგიით “სტიქიები” დაიწყო, რომელთაგან ერთერთი - “წყალი” 2005 წელს ოსკარზეც იყო ნომინირებული.


ავღანელი მწერალი - გუნკურის პრემიის ლაურეატი


ათიქ რაჰიმი, ავღანელი ავტორი, 2008 წლის გონკურის პრემიის ლაურეატი გახდა. პრემია მას რომანმა - “მოთმინების ქვა” (“Syngue Sabour : La pierre de patience”) _ მოუტანა. 46 წლის რაჰიმისათვის ეს პირველი წიგნია, რომელიც მან ფრანგულ ენაზე დაწერა. აქამდე მას ფრანგულენოვანი აუდიტორია მხოლოდ თარგმანებით იცნობდა. “მოთმინების ქვა” სპარსული მითოლოგიის მიხედვით ადამიანის ყველა სევდასა და დარდს იტევს, მას ანდობენ ისეთ საიდუმლოს, რომლის გამხელაც ადამიანებს ერთმანეთისთვის არ შეუძლიათ, ბოლოს კი ქვა სკდება. რომანის მთავარი გმირი ავღანელი ქალია, რომელიც პარალიზებულ მეუღლეს უვლის, და თავისი უბედურების შესახებ სწორედ ამ ქვას უყვება. გონკურის პრემიის პარალელურად პარიზში დასახელდა ასევე პრესტიჟული ფრანგული ლიტერატურული ჯილდოს - რენოდოს ლაურეატის ვინაობაც: პრემია 61 წლის გვინეელ ავტორს, ტიერნო მონენემბოს ერგო.


ძარცვა ერნესტო საბატოს სახლში

ბოროტმოქმედებმა ცნობილი არგენტინელი მწერლის, ერნესტო საბატოს სახლი გაქურდეს. ორი არასრულწლოვანი მძარცველი ბუენოს აირესის გარეუბანში, „წმინდა ადგილებში“ მდებარე სახლს საღამოს ესტუმრნენ. ძარცვის დროს 97 წლის საბატო შინ იყო - მას ღრმად ეძინა. ქურდები მოსამსახურემ შენიშნა და პოლიციას გამოუძახა, თუმცა მძარცველებმა მოპარული ნივთებით მიმალვა მოასწრეს. მწერლის სახლიდან მისი მობილური ტელეფონი, 4300 არგენტინული პესო და 1998 წელს გამოქვეყნებული საბატოს ავტობიოგრაფიული წიგნის “დასასრულის პირისპირ” ("Antes del fin"), ყდის ფოტო გაიტანეს. ერნესტო საბატო ლათინოამერიკულ სამყაროში ხორხე ლუის ბორხესზე არანაკლებ ანგარიშგასაწევ ფიგურად ითვლება და მისი წიგნებიც ათეულობით ენაზეა თარგმნილი.


ფილიპ ჰენშერი - Amazon.com-ის ლიდერი


ბრიტანელი მწერლის, ფილიპ ჰენშერის რომანი “ჩრდილოეთური მოწყალება” ("Northern Clemency") ინტერნეტ მაღაზია Amazon.com-ის გაყიდვების წლის ლიდერი გახდა. ჰენშერის ნახევრად ავტობიოგრაფიული წიგნი ასევე ბუკერის პრემიის ფინალისტთა სიაშიც მოხვდა. ტომ ნისლიმ, ამაზონის წიგნების განყოფილების ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ჰენშერი წამებში გახდა პოპულარული, მისი რომანის პირველი ეგზემპლარების მიღებისთანავე იყო შეკვეთები მკითხველებისგან. ბუკერზე ნომინირებული ავტორის შემდეგ ლიდერთა სიაშია მაიკლ გრინბერგის მემუარები ("Hurry Down Sunshine") და რიკ პერლშტეინის დოკუმენტური წიგნი “ნიქსონის მიწა” ("Nixonland").


დილან ტომასის სახელობის პრემია ვიეტნამელ ავტორს

დილან ტომასის სახელობის პრემია უელსის უნივერსიტეტმა საუკეთესო პროზაული, პოეტური ან დრამატული ნაწარმოებისთვის ახალგაზრდა ვიეტნამელ ავტორს, ნამ ლეს მიანიჭა მოთხრობების კრებულისათვის “ნავი”. პრემიის ფულადი ჯილდო 60 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს. 2008 წელს პრემია უკვე მეორედ გაიცა. ნამ ლე ვიეტნამში დაიბადა, გაიზარდა ავსტრალიაში, დღეს კი იგი ნიუ-იორკში ცხოვრობს. მისი სადებიუტო კრებული შვიდი მოთხრობისაგან შედგება, რომლებშიც მოქმედება ავსტრალიაში, მედელინსა და ვიეტნამში ხდება. წიგნმა კრიტიკოსებისგანაც საკმაოდ დადებითი შეფასება მიიღო. დილან ტომასის სახელობის პრემია 30 წლამდე ავტორებისთვისაა განკუთვნილი და ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა. 2006 წელს პირველად იგი რეიჩელ ტრესაიზს გადასცეს მოთხრობების კრებულისათვის "Fresh Apples".


The Man Asian Literary Prize _ გამოვლინდა აზიური ბუკერის ლაურეატი

აზიური ბუკერის (The Man Asian Literary Prize) 2008 წლის ლაურეატი ფილიპინელი მწერალი მიგელ სიკუხო გახდა რომანით "Ilustrado". წიგნის ლირიკული გმირი - რეალურად არსებული ფილიპინელი პოეტის, კრისპინ სალვადორის, მოსწავლე თავისი მასწავლებლის ცხოვრებას იკვლევს. რომანი 32 წლის მწერლის სადებიუტო ნაწარმოებია. მიგელ სიკუხო აზიური ბუკერის მფლობელი მეორე ავტორია. პრემია ენიჭებათ აზიელ ავტორებს, რომელთა ნაწარმოებები უკვე თარგმნილია ინგლისურ ენაზე, თუმცა თარგმანი ჯერ გამოქვყნებული არაა. რომანის ავტორი ჯილდოდ 10 ათას ამერიკულ დოლარს იღებს, მთარგმნელი კი - 3 ათასს. აზიური ბუკერი პირველად 2007 წელს გაიცა, ლაურეატი ჩინელი ავტორი ძიან რონგი გახდა რომანით “მგლის ტოტემა”.


© “ცხელი შოკოლადი”

No comments:

Post a Comment