კოტე ჯანდიერი, ნინო გოგუაძე - იდიოტიზმის ანატომია
სიმონ ჯანაშია - ზოგადი განათლების სისტემის ექს-”რეფორმატორებს”
"ბინდის გვარია სოფელი..."
12 ივლისის გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა ჩემი და კოტე ჯანდიერის წერილი "იდიოტიზმის ანატომია". მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს სტრატეგიული დოკუმენტებიდან, სასწავლო გეგმებიდან და სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ამოკრეფილი რამდენიმე მაგალითის მოშველიებით ჩვენ შევეცადეთ თვალნათლივ გვეჩვენებინა, რომ განათლების რეფორმას გამართულად წერა-კითხვის არმცოდნე ადამიანები ხელმძღვანელობენ, რომ მათ არამარტო უვარგისი სასწავლო გეგმები, სწავლების გაუაზრებელი პრინციპები მოახვიეს თავს სკოლებს, არამედ შემოიღეს ცუდი სახელმძღვანელობი, სკოლების დაფინანსების ისეთი წესი, რომელიც არათანაბარ პირობებში აგდებს დიდ და პატარა სკოლებს და ხელს უწყობს მაღალმთიანი რეგიონებიდან მოსახლების მიგრაციას. ამასთანავე, სკოლის რეფომატორებმა სხვა თანამოაზრეებთან ერთად საქართველოში განადგურების პირას მიიყვანეს უმაღლესი განათლება და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები.
ჩვენს ამ პუბლიკაციას "რეზონანსის" 25 ივლისის ნომერში პასუხად მოჰყვა "პუბლიცისტური" წერილი, სათაურით - "ზოგადი განათლების ექს "რეფორმატორებს", რომელსაც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების ცენტრის ხელმძღვანელი, სიმონ ჯანაშია აწერს ხელს. თუმცა. პასუხიც არის და პასუხიც: წერილის ავტორი ძირითადად ტყუილებითა და ცილისწამებით ცდილობს შეეპასუხოს მარტივსა და თვალსაჩინო სიმართლეს, თანაც გვსაყვედურობს, რომ ჩვენი კრიტიკა კონსტრუქციული არ არის. ამ რჩევასა თუ ჩივილს მართლაც გავითვალისწინებთ, თუმცა მანამდე უნდა ვუთხრა ბატონ ავტორს, რომ თქვენს „რეფორმატორთა“ გუნდში ტექსტის დაკვირვებით წაკითხვა და აზრის ამოკითხვა, როგორც ჩანს, მართლაც, დაუძლეველი ამოცანაა: ის, რაც თქვენ კრიტიკა გგონიათ, სინამდვილეში უბრალო და ცხადზე ცხადი დ ი ა გ ნ ო- ზ ი ა. დიაგნოზი კი არც კონსტრუქციული და არც არაკონსტრუქციული შეიძლება იყოს. ის ან სწორია ან არასწორი.
ავტორი ერთგან სოფიზმის ზედმეტად მარტივ გაგებას გვსაყვედურობს, თვითონ კი ვეჭვობ სოფიზმი და სუფიზმი ვერ გაურჩევია ერთმანეთისაგან და ხან ერთს ეკედლება, ხან მეორეს - ხან ფრთხილად შერჩეული სიტყვებითა და ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით ცდილობს დაარწმუნოს მკითხველი ტყუილისა და ცილისწამების სიმართლეში, ხან კი მისტიკოსივით ცდილობს შეერწყას ჭეშმარიტებას, რომელიც სინამდვილეში, მხოლოდ იგივე, მისთვის თუ მათთვის, ხელსაყრელი ტყუილია და სხვა არაფერი.
მე მაინც შევეცდები ვიყო შეძლებისდაგვარად კონსტრუქციული. ამისათვის დავუშვებ, რომ წერილის ავტორი ახლახან მოსული ადამიანია განათლების სისტემაში და ზოგიერთი ტყუილი, რაც მას უკარნახეს, სიმართლე ჰგონია.
პირველი და მთავარი ტყუილი კი ისაა, რომ ^”ვარდების რევოლუციამდე” ზოგადი განათლების რეფორმა არ მიმდინარეობდა და რომ რეფორმა მხოლოდ რევოლუციის შემდეგ დაიწყეს ახალმა რეფორმატორებმა. მოგახსენებთ განათლების რეფორმა 2004 წლამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო და რომ მასში პირადად მე 2001 წლის იანვრიდან ვიღებდი მონაწილეობას, ხოლო კოტე ჯანდიერი 2003 წლის გაზაფხულზე შემოგვიერთდა. ხოლო 2003 წლის ზაფხულში ჩვენ საკუთარი სურვილით დავტოვეთ სამინისტრო, როდესაც ჯერ ჰაერში "ვარდების რევოლუციის" სურნელიც კი არ ტრიალებდა. თუნდაც მხოლოდ ამიტომ არის უბადრუკი ტყუილი და ცილის წამება, როდესაც ოპონენტები აცხადებენ, რომ ჩვენ სტატუსის დაკარგვით ვართ გაბრაზებულები. სტატუსის თაყვანისცემა სჯობს იმათკენ მოიკითხონ, ვისი არსებობის ერთადერთი საყრდენი და გამართლება, სტატუსი და თანამდებობაა. მე და კოტე ჯანდიერი განათლების რეფორმიდან იმის გამო წამოვედით, რომ იმდროინდელ სამინისტროში საქმის კარგად კეთების საშუალებას არ იძლეოდნენ. სამსახურიდან წასვლის შესახებ მინისტრის სახელზე დაწერილი ჩვენი განცხადებების ტექსტი, სწორედ ამისი დასტურია. მსურველებს შეუძლიათ გადაამოწმონ. მაგრამ, თუ იმ დროს საქმის კეთება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ახლა საქმის ცუდად კეთება და გაფუჭება გახდა სავალდებულო. თუ ადრე ყველაფერი მიშვებული იყო და განათლების სისტემა ჭაობში ეფლობოდა, ახლანდელმა რეფორმატორებმა ჭაობის მაგივრად მეწყერი დაატეხეს თავს სკოლას, უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებს.
აქვე, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ განცხადების გარდა ჩემს მიერ განათლების რეფორმისათვის შექმნილი არაერთი დოკუმეტი შეგიძლიათ მოიძიოთ განათლების სამინისტროში. ამ დოკუმენტების საჯარო განხილვებში მასწავლებლების, მეცნიერების და ფართო საზოგადოების გარდა მათი მეგობრებიც მონაწილეობდნენ. მხედველობაში მყავს მაშინდელი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ლევან რამიშვილი, გიგი უგულავა და სხვანი. სხვათა შორის ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტები და პროექტები, მრავალმხივ განხილვასთან ერთად, პრესაშიც ქვეყნდებოდა და საქართველოს ყოველ სკოლას მიეწოდებოდა.
ჩვენ წერილში ყასიდად ვიკითხეთ - ნეტა ამ ჩვენს ახალ სახელდახელოდ განათლებულ ელიტაში მაგისტრის ხარისხი თუ აქვს თუ არა ვინმესო? ისინი კი ტრაბახს დახარბდნენ და ლამის მთელი მსოფლიოს უმაღლესი სასწავლებლების დიპლომები და ხარისხები ჩამოთვალეს. აი, როგორი განათლებული ხალხი ვართო, მაგრამ ნათქვამია “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”... თუმცა ან ფიცი როგორ უნდა ვირწმუნოთ იმათი, ვინც ამდენ ტყუილს ამბობს ერთ საგაზეთო წერილში. რომელი ერთი ვთქვა. აი, თუნდაც ეს, სახელმძღვანელოებს რომ ეხება: თურმე განათლების რეფორმაში ჩვენი საქმიანობის დროს სამინისტროს თანამშრომლების და უნივერსიტეტის რექტორების წიგნებს უალტერნატივოდ ვამტკიცებდით. ახლა კი მსგავსი არაფერი ხდება და “აღარ არის ნათესაობა, ახლობლობა და გავლენა სახელმწიფო ეშელონებში”. სინამდვილეში კი, 2001-2003 წლებში განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების კომისიაში ვმუშაობდი, რომელსაც სოროსის ფონდი აფინანსებდა. ამავე კომისის წევრი გახლდათ კ. ჯანდიერი, რომელიც მაშინ არასამთავრობო სექტორს წარმოადგენდა. ჩვენმა კომისიამ არ დაამტკიცა მრავალი უვარგისი სახელმძღვანელო, მათ შორის მრავალი უსიამოვნებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, უნივერსიტეტის იმ დროინდელი ყოვლისშემძლე რექტორის სახელმძღვანელოც. ეს 2003 წლის დასაწყისში მოხდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ 2004 წელს, მაშინ როდესაც პროექტ "ილია ჭავჭავაძის" დირექტორი გიგი თევზაძე გახდა, ჩვენი კომისიის მიერ დაწუნებული სახელმძღვანელოები, განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ სახელმძღვანელოთა ჩამონათვალში ისევ შეიტანეს. მათ შორის, ზემოხსენებული რექტორის ზემოხსენებული სახელმძღვანელოც.
ჩვენი კომისიის მუშაობის შესახებ, სიმართლე ვისაც აინტერესებს, შეუძლია მიმართოს ბ-ნ გოკა გაბაშვილს, რომელიც ამავე კომისიის წევრი იყო სოროსის ფონდის მხრიდან. ეს კომისია არც სახელმძღვანელოების ჩამონათვალს ადგენდა და არც წიგნებს აფასებდა. შეფასებისთვის ის დამოუკიდებელ საგნობრივ ექსპერტებს იწვევდა. ერთი ამ ექსპერტთაგანი, მისივე აღიარებით, სიმონ ჯანაშიაც ყოფილა, რომელსაც იმის გახსენება აღარ აწყობს, რადგან კარგად მოეხსენაბა, რომ კომისიის მიერ დადგენილი ექსპერტთა შერჩევის წესი ინტერესთა კონფლიქტს გამორიცხავდა. შემდეგი პროცედურა კი ექსპერტებისა და დაწუნებული სახელმძღვანელოების ავტორთა შეხვედრას ითვალისწინებდა, რომელზეც ორივე მხარეს თავ-თავისი სიმართლე უნდა დაეცვა. უმეტეს შემთხვევაში კომისია საკითხს ექსპერტების სასარგებლოდ წყვეტდა.
ახლა კი რა ხდება? სახელმძღვანელოებს დამოუკიდებელი ექსპერტები კი არ აფასებენ, არამედ სიმონ ჯანაშიას ჯგუფის წევრები, რომლებიც, ამასთანავე, სასწავლო გეგმებსაც ადგენენ. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებმაც საკუთარ სახელმძღვანელოებს სათაური შეუცვალეს, ავტორებად ნათესავები გააფორმეს და "განახლებულ" წიგნებს სამინისტროს გრიფი თვითონვე მიანიჭეს. ამისი ნათელი მაგალითია 2003 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში გამოსული წიგნის - "მე და გარემოს" მეტამორფოზები. wignis ყდაზე, თავდაპირველად 5 ავტორი იყო მითითებული. 2004 წელს იმავე გამომცემლობაში დაბეჭდილ იმავე სახელმძღვანელოს ავტორად იმ ხუთეულიდან, რატომღაც მხოლოდ ერთი შემორჩა. ამ ორი გამოცემის ყველა ავტორი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის თანამშრომელია. შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს ადამიანები წყვეტენ სახელმძღვანელოსათვის გრიფის მინიჭების საკითხს და, ცხადია, უფლება არა აქვთ თავად იყვნენ ავტორები. როგორც ჩანს, ამიტომაც 2005 წელს გამომცემლობა "ბუნება პრინტში" იბეჭდება სულ სხვა ორი ავტორის სახელმძღვანელო - "ბუნებისმცოდნეობა", რომლის კონცეფცია, მეთოდოლოგია, ძირითადი თემები და მათი თანამიმდევრობაც კი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში" ორგზის დაბეჭდილი წიგნის ანალოგიურია, აქ უბრალოდ, რამდენიმე პარაგრაფია დამატებული. ორივე სახელმძღვანელოში ფიგურირებს მოგზაურობა მატარებლით, უცნაური კაცუნები, ერთი და იგივე გასაფერადებელი და გამოსაჭრელი მასალა და სხვ. ამ წიგნების თვალსაჩინო მსგავსება მათ სრულ იდენტურობაზე თუ არა, მათ შორის ახლონათესაურ კავშირზე მაინც მეტყველებს. საქმე ისაა, რომ "ბუნებისმცოდნეობის" ორი ავტორიდან ერთი, პირველი წიგნის ერთერთი ავტორის ნათესავია.
ვფიქრობ, სქემა ნათელია: გრიფის მიმნიჭებელი ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც პირველი წიგნის ავტორებად გვევლინებიან, ერთის გარდა უკვალოდ ქრებიან მეორე წიგნის ყდიდან, შემდეგ კი ის ერთიც ქრება და მის ადგილს გრიფის მიმნიჭებლის ნათესავი იკავებს. თავად წიგნში კი მხოლოდ რამდენიმე ცვლილება შედის ისე, რoმ არ იცვლება კონცეფცია და მეთოდიკა. ეს ერთი კონკრეტული მაგალითი, ვფიქრობთ, საკმარისია სახელმძღვანელოების ახალი, "არაკორუფციული" სქემის დასახასიათებლად.
განათლების რეფორმის იმ კომპონენტს, რომელსაც მე 2002-2003 წლის ზაფხულამდე ვხელმძღვანელობდი, მანამდე 2 წლის მანძილზე ბ-ნი გიგი თევზაძე ედგა სათავეში. აი, მისი მოღვაწეობის განმავლობაში კი მართლაც არც ერთი კონცეპტუალური დოკუმენტი არ შექმნილა, თუმცა კი ევალებოდა. სამსახურიდან მისი წასვლაც სწორედ იმასთან იყო დაკავშირებული, რომ სასკოლო განათლების მიზნების დოკუმენტის მაგივრად მან 2001 წლის მაისში “პროექტების ენაზე” შექმნილი "შედევრი" წარუდგინა სამინისტროს ხელმძღვანელობას, როგორც თავისი ორწლიანი მუშაობის შედეგი. ეს გაუგებარი ჟანრისა და შინაარსის ოპუსი, ცხადია, დოკუმენტად ვერ იქცა და მხოლოდ ამის გამო ვიკავებდი თავს მისი გამოქვეყნებისაგან. მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, მზადა ვარ საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანო "მაღალი" ინტელექტის ეს ფასდაუდებელი პროდუქტი.
ასევე, გაუგებარია, თუ რა კავშირი აქვს ჩვენთან საპასუხო წერილში ნახსენებ უფასო ექსკურსიას ჩილეში, ახლობლების შვილების დაუმსახურებლად აყვანას სამსახურში, საკუთარი შვილების ავიაბილეთების დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტით და ა.შ. არც ერთი ჩვენთაგანი არც ჩილეში არ ყოფილა, არც შვილების ავიაბილეთებს აფინანსებდა სახელმწიფო კრედიტის ხარჯზე და არც ახლობლების შვილები აგვიყვანია სამსახურში. ერთი შეხედვით, წერილის ავტორები ამ ბრალდებებს თითქოს ზოგადად გამოთქვამენ, მაგრამ ცდილობენ, რომ მკითხველმა, კონტექსტისდან გამომდინარე, ჩვენ გვიგულისხმოს.
ჩვენი მისამართით გამოთქმული ერთადერთი პირდაპირი ბრალდება კი განათლების სამინისტროს კორუფციული სქემების ინტელექტუალური მხარდაჭერაა. დანაშაულებრივი საქმიანობის ინტელექტუალური მხარდაჭერა კი - ყველამ კარგად იცის - საციხო საქმეა და თანაც ისეთი, რომ ნებისმიერ უდანაშაულო ადამიანს შეგიძლია წაუყენო ბრალი, თუ ამის პოლიტიკური ნება არსებობს.
საპასუხო წერილის ავტორები ჩივიან, თითქოს ჩვენ გამოვიყენეთ "ისეთი პრინციპები, როგორიცაა შეგნებული დამახინჯება, ჰიპერბოლიზაცია, არ არსებული წყაროების განხილვა, წყაროებში იმის განხილვა, რაც იქ არ გვხვდება, მარტივი ლოგიკური კონსტრუქციების ვერ დაძლევა და სხვა" (ხაზგასმა ჩემია, სტილი დაცულია, ნ.გ.). ამ ბრალდებათა დამადასტურებელი ერთი ფაქტი მაინც რომ ჰქონოდათ, რა თქმა უნდა მოიტანდნენ და ხალხის თვალში თავის გამართლებას არგუმენტირებულად შეეცდებოდნენ.
ავტორები მოგვიწოდებენ, რომ "დაკვირვებული მკითხველი ვიყოთ" და დეტალების მიღმა მთავარი და არსებითი დავინახოთ. ხოდა, მთავარი და არსებითი, რაც მათს საპასუხო ტექსტში ჩვენც და ყველა სხვა მკითხველმაც ამოვიკითხეთ, ისაა რომ: ინტელექტუალ-რეფორმატორებს უაღრესად უჭირთ გამართულად აზროვნება, მეტყველება თუ წერა; ისინი ვერ უარყოფენ და არც კი ახსენებენ იმას, რომ სკოლების დაფინანსების არადემოკრატიული და დამღუპველი სისტემა შემოიღეს, არც დირექტორების დანიშვნის აბსურდულ წესს ეხებიან, არც ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდის გაუქმების გეგმას ახსენებენ და დუმილს ამჯობინებენ. დუმილი კი თანხმობის ნიშანია და ეს მშვენივრად ესმის მკითხველს.
ბოლოს ერთ შენიშვნას მოგცემთ ბატონო სიმონ: წერილი ნამდვილად უკეთესი ქართულით არის დაწერილი, მაგრამ სტილისა და ტონის ერთიანობა, სამწუხაროდ მაინც ვერ არის დაცული. ან იქნებ ვინმე სხვა ენთუაზიასტი იჭრება ტექსტში, მაღალფარდოვანი ენთუზიასტი, ვინც ასეთი რამ დაგაწერინათ - "სამწუხაროა, როდესაც ადამიანები, რომლებიც თავს ინტელექტუალებად თვლიან, ასეთ სიმდაბლემდე დაეცემიან საკუთარი არაკომპეტენტურობისა და სიბრაზის გამო". რა დაცემაზე ლაპარაკობთ? ვის სიმდაბლეზე საუბრობთ?! თუ ასე გაგრძელდა, მალე ალბათ თქვენდამი კრიტიკულად განწყობილ ყოველ მოქალაქეს ფუნდამენტალიზმისა და ინკვიზიციის სამსჯავროზე გაიყვანთ.
მხოლოდ გარეგანი ფორმა - ვთქვათ, ტექსტის დასათაურებულ ნაწილებად დაყოფა, ვერასდროს შენიღბავს მის შინაგან უღიმღამობას და თუ მაინც შენიღბა - ისიც მხოლოდ უაღრესად ზერელე მკითხველის თვალში. თუმცა ვაი, რომ სწორედ ასეთი ადამიანის აღზრდას ისახავთ მიზნად თქვენ მიერ რეფორმირებულ სკოლებში, ზერელე და ზედაპირული ადამიანისა, რომელიც ისევ თქვენსავით წარა-მარა "წარმატებული" იქნება და სხვა არაფერი.
(c) ”რეზონანსი”
No comments:
Post a Comment