წუხილი ლექსების გამო
ვაიმე, როგორ გამიუცხოვდით
ადრე შეთხზულო ჩემო ლექსებო,
ვარსკვლავი თქვენს თავს რომ მკარნახობდა,
მთის კორტოხებზე უნდა ვეძებო.
და თქვენ თვითონაც ზურგი მაქციეთ,
განათებული ელნათურებით,
ელნათურები სხივებს ისროდნენ,
როგორც ბადეებს მებადურები.
ვაიმე, როგორ მეუცხოებით
დავიწყებულო ჩემო ლექსებო,
მე ყელამდე ვარ სავსე ცხოვრებით
და აღარც მინდა სადმე გეძებოთ.
არადა, როგორ გწერდით კედლებზე
ხელმიბჯენილი და მოწყენილი,
თითქოს კარნახით მეწერებოდა
უკანასკნელი ღამის წერილი.
ვაიმე, როგორ გამიუცხოვდით -
როგორც ტოვებენ შვილებს მშობლები
ან მშობლებს ტოვებს შვილი უძღები...
თანდათანობით ჩვენც დავშორდებით.
სად არ ვიარე, ჩემო ლექსებო,
სად არა მდევდა ბედი მდევარი,
შუაღამისას ჩემო შემსწრენო
და ჩემთან ერთად ღამის მთევარნო.
ვაიმე, როგორ გაგიუცხოვდით,
სხვა ცხოვრებაში მოვხვდი ვითომდა,
არადა, ჩემს ჩრდილს თქვენ მიუძღოდით
და კვალში გდევდით მეც ხომ თვითონაც.
სად აღარ გწერდით - მთებზე, ბოძებზე,
ქარის ნაფლეთზე, რკინის კავებზე,
ჯერ ხომ დაგკარგეთ, მერე მოგძებნეთ,
ვერმიგნებულსაც ისევ დავეძებ.
თქვენც ასე რატომ გამინაპირეთ,
როგორც უბირი დანის მლესავი,
ტყავი გადამძვრა, ტყავი ცხრაპირი,
ვიდრე თქვენს სიტყვებს ამოვკემსავდი.
ვაიმე, როგორ გამიუცხოვდით,
როგორ მომედო მეც სარეველა,
მეგულებოდით, ჩემო ლექსებო
ჩემივე ჯავრის უხმო მთრეველად.
ახლა რაღა ვქნა, ალბათ ერთმანეთს
ათასში ერთხელ თუ შევეყრებით,
და შემოდგომის ფართო ფოთლებით
სავსეა ბაღში გრძელი მერხები.
* * *
შენ ალბათ გიკვირს: რა დააშავე,
შენს მყუდრო კუთხეს რომ ვერ მიაგენ
და წყნეთის ქვემოთ ქარი ნარშავებს
სულ დაუდევრად აფორიაქებს.
რა ვრცელია და უკიდეგანო
სივრცე, რომლითაც მზერა ივსება,
ხსნა არ იქნება თვითონ შენგანაც,
ამას ხომ ხვდები უკვე ისედაც.
გადახვალ ხიდზე, სადაც მდინარე
ვერე კვლავ ისევ ისე მიღელავს,
და ხედავ მწუხრის მსუბუქ მინარევს,
შენ საითაც კი არ გაიხედავ.
შენ საითაც კი არ გაიხედავ
ყველგან იდგება წყნარი ფერდობი
არ გენდობიან, კარი იღება
და იხურება, შენც არ ენდობი.
ცხოვრებას მოაქვს თავის ზვირთები
მოაქვს ფოთოლი, ხავსი, ნაფოტი
და გავიწყდება წყნარი კირთებით
რასაც ფიქრობდი და არ ამბობდი.
და გავიწყდება, დაგვიწყებია,
დაგვიწყებია უკვე მწარედაც
როცა ჩრდილები წყნარად წვებიან
ცხოვრებაც წყნარი მოჩანს გარედან.
რატომ დადიხარ, როგორც სალოსი,
ზოგჯერ ფხიზელი, ზოგჯერ ნასვამი
და ვარსკვლავების ტანისამოსი
რატომ გაცვია შენც იმათსავით.
შენ ალბათ გიკვირს, რა დააშავე,
რასაც ეძებდი, რომ ვერ მიაგენ,
ირგვლივ ლაყბობენ და ხორცს ხარშავენ
და კითხულობენ: პასუხს ვინ აგებს?
* * *
ეს სახლი, როგორც ძველი რვეული,
ეს სახლი ანდა სახლის კედელი
გაცვეთილია და შემღვრეული
და აღარსაით არგამხედველი.
სად გაიკრიფნენ ის მოსახლენი
დიდხანს შემყურე ერთი ნათურის,
და როდის შეწყდა ყეფა ძაღლების
ამ სიწყნარეში გადახლართული.
ეს ბინა, როგორც ძველი რვეული,
ეს ბინა, ანდა ბინის კედელი,
გაცვეთილია და შემღვრეული
და სუყველაფრის გადამკეტველი.
რა უნდა მოხდეს, ერთმა ვარსკვლავმა,
რომ გაანათოს ძველი სარკმელი,
ვინც ჩანს ნეტავი, ვინ განასხვავა
იმისგან, ვინც კი არ ჩანს გარკვევით.
ეს ქუჩა როგორც ძველი რვეული,
ეს ქუჩა ანდა ქუჩის მხვეტელი,
გაცვეთილია და დარღვეული
და უკვე სხვაგან გადამხედველი.
* * *
გზაზე ლიცლიცებს ერთი ნათურა
სააქაოა, ხვდები ცეცებით,
სინამდვილეში ამოწვართულა
შენც თითქოს იმის ცახცახს ეძებდი
და ხედავ გვერდით ადამიანებს
გადაფენილებს გზებზე ჩრდილებად,
ბრმებმა ხევი რომ გადაიარეს
და ტანი ძლივს რომ ემორჩილებათ.
უცნაურია, საით მიდიხარ,
არ გიფიქრია ალბათ ამაზე,
ბრკიალა სხივი სხლტება ბინდიდან
და კვეთს ჰაერში მრუდე ალმასებს.
უცნაურია, არ გიფიქრია
იმაზე, რაზეც უნდა გეფიქრა,
თითქოს საღათას ძილად მიგვრილხარ,
ვეღარ დაგცალდა, თითქოს ვერ იქნა -
ვერ ამოხვედი მწარე სიზმრიდან,
ვერ მოისრულე სიზმრის ნარჩენი,
თითქოს ის ბლანტი შუქი გიზიდავს,
რომლის ცქერასაც თვალებს აჩვევდი.
აქაც სმაა და აქაც ჭამაა,
ენაგეთია ეს თუ ერგნეთი,
და რა დავა აქვს ნეტავ ჯამაათს,
რა რჯით ქელეხის შემდეგ შეკრებილთ?
გზაზე ლიცლიცებს ერთი ნათურა,
მეც თითქოს იმის ცახცახს ვეძებდი,
სინამდვილეში ამოწვართულა...
და მივლასლასებ ხელის ცეცებით.
© “არილი”
No comments:
Post a Comment