Thursday, January 8, 2009
გელა ოდიკაძე
უცნაური პანოპტიკუმი
ჯერომ სელინჯერი, კლდის პირას, ჭვავის ყანაში. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ. თბ. “დიოგენე”, 2007.
ჰოლდენ კოლფილდი არაჩვეულებრივად გულახდილი ადამიანია. იქნებ აქ ძევს კიდეც მისი მომხიბვლელობის საიდუმლო?
უკვე ნახევარი საუკუნეა, რაც ამ ნაწარმოებმა მკითხველთა უშველებელი აუდიტორია დაიპყრო და ჯერაც არ განელებულა ამ საიდუმლოს ამოცნობის სურვილი.
ჰოლდენ კოლფილდი თვითონ მოგვითხრობს თავის თავგადასავალს და ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, თითქოს მას უთქმელი არაფერი რჩება. ვრცელი მოთხრობის მთავარმა გმირმა მკითხველის გული პირველივე გვერდებიდანვე სწორედ ამ სიწრფელით მოინადირა. ეს არის არა აწყობილი, ლიტერატურული თხრობა, არამედ ჰოლდენ კოლფილდის ცოცხალი საუბარი მკითხველთან. აღსარებამდე მისული საუბრის ხარისხი ქმნის რომანის ინტონაციას, უცნაურ ინტიმს და კიდევ რაღაცას, რასაც ძნელია სახელი უწოდო და რაც ადამიანის ყოველდღიურ ემოციებთან, მის ფარულ ზრახვებთან არის გადაქსოვილი.
ჰოლდენ კოლფილდი არ ცდილობს სანიმუშო ბიჭი იყოს ან ასეთად წარმოჩნდეს ვინმეს თვალში. ის შორს დგას ყოველგვარი ჭკუის სწავლებისგან ან მორალისტური შეგონებებისგან, დამრიგებლური ტონით რომ წარმოითქმის. პირიქით, ჰოლდენი თვითონვე აბიაბრუებს ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით ჭკუას არიგებენ სხვებს და სინამდვილეში კი თვითონვე სჩადიან ყოველ ნაბიჯზე საზიზღრობებს.
ჰოლდენ კოლფილდი თექვსმეტი წლის ბიჭია და თავის გულუბრყვილობის მიუხედავად ნიღაბის ჩამომხსნელი თვალით არის აღჭურვილი. ის შინაგანად ვერ ურიგდება ადამიანების სიყალბეს თუ სირეგვენეს და ყოველწამიერად ამხელს მათ, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, საამისო მიზანი მას არ გააჩნია. კოლფილდი ძალდაუტანებლად ყვება თავის თავგადასავალს და გზადაგზა შემხვდურ ადამიანებს ავად ან კარგად ახასიათებს.
ბოლომდე ვეთანხმები ნეშ კ. ბერჯერის თვალსაზრისს: ”სელინჯერი ოსტატურად ასახავს მოზარდის მეტყველებას. ჰოლდენის ლაღი იუმორი, გამეორებანი, სლენგი, ემფაზისი, შეუცდომელი ინტონაციითაა გადმოცემული”. ჩემი აზრით, სწორედ ეს “შეუცდომელი ინტონაცია” ქმნის ნაწარმოების სტრუქტურას, მის შინაარსობრივ და ფორმისეულ ერთიანობას. ამგვარი მეტყველების მანერა აცოცხლებს ჩვენს თვალწინ პერსონაჟის მიმიკას და მოძრაობას, ზოგადად მის ხასიათს.
შობის დღესასწაულის წინ ჰოლდენ კოლფილდი სკოლიდან გარიცხეს. ჰოლდენს, ცხადია შინ წასვლა არ ეჩქარება, იქ მას მშობლების გულისწყრომა მოელის. ამიტომაც ერთხანს “პენსიაში” რჩება, მერე კი ნიუ-იორკში ჩასული ბედის ანაბარა დაეხეტება და ამ ხეტიალში ათას ნაცნობსა და უცნობს გადაეყრება.
ჰოლდენ კოლფილდი უაღრესად მგრძნობიარე და ამავე დროს გამჭრიახი ყმაწვილია, რაც ადამიანების მისეულ ხედვაში გამოსჭვივის. მას უაღრესად გამახვილებული აქვს ადამიანების შეცნობის და შეგრძნების უნარი. ეს, რა თქმა უყნდა, თავისებური ნიჭია, რომლითაც ძალზე ცოტანი არიან დაჯილდოვებულნი. თუმცა, ამასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ თვითონ ჰოლდენმა არაფერი იცის ამ ნიჭის შესახებ. ის ალალად, ყმაწვილური მიამიტობით და გულუბრყვილობით ჰყვება იმას, თუ რა გადახდა თავს. ამ მონაყოლში კი, როგორც უკვე ვთქვით, მთავარია ადამიანთა სახელდახელოთ მოხაზული პორტრეტები.
კოლფილდს დიდ ბავშვურ მიამიტობასთან ერთად ფარული სიბრძნეც გააჩნია. ის ერთგვარი ადამიანთმცოდნეა, ფილოსოფოს-ანთროპოლოგია და ამავე დროს ივან ბუნინის სიტყვით რომ ვთქვათ, ფიზიკურად შეიგრძნობს ადამიანებს. ტიმ ლაიდერი წერს: “ჰოლდენ კოლფილდი ამბობს, რომ ცხოვრება მწარეა, ადამიანები კი გაიძვერები არიან და თუ ვინმეს მოკრძალებით შეჰყურებთ, უეჭველი ყველასაგან იმედგაცრუება გელით”.
კოლფილდი ფილანტროპია და არა მიზანთროპი, ამიტომაც ადამიანური ხარვეზები მტკივნეულად უსერავს გულს. ის ერთდროულად ამა თუ იმ პიროვნების ნაკლსაც ამჩნევს და ღირსებასაც. მას ადამიანებზე წინასწარ აკვიატებული აზრი არ გააჩნია, ყოველ შემთხვედრთან ურთიერთობის მეშვეობით გამოცდილებას ეზიარება, ამ ურთიერთობის მოწმე კი ჩვენ ვართ. შეუძლებელია არ დავეთანხმო ჰოლდენ კოლფილდს ერთ რამეში: სამყარო მართლაც უცნაური პანოპტიკუმია.
“პენსიში” გაცნობილი მისი ორი ამხანაგი – სტრედლეიტერი და ეკლი ორი პირწავარდნილი, ერთმანეთისგან განსხვავებული ეგოისტია. პირველი მათგანი მექალთანე და თავის თავზე უზომოდ შეყვარებული ყმაწვილია, მეორე კი ჭიასავითაა საკუთარ ნაჭუჭში გამომწყვდეული. ჰოლდენ კოლფილდის თავგადასავალი ფაქტობრივად საკუთარი მარტოობიდან გაქცევის ცდაა. შეიძლება ეს მარტოობა გაუცნობიერებელიცაა, მაგრამ მით უფრო მწვავეა და მტკივნეული.
ჰოლდენი ნიუ-იორკში უმიზნო ხეტიალისას სიყვარულის ილუზიასაც იქმნის, ნაცნობ გოგონას უნიშნავს პაემანს. მანქანაში სხედან, ჰოლდენი კოცნის სალის და თან ცხელ გულზე სიყვარულშიც უტყდება: “ცარიელა ტყუილი იყო, რა თქმა უნდა, ოღონდ როცა ამას ვეუბნებოდი, მართლა არ ვტყუოდი – გითხარით, ვაფრენდი-მეთქი ნამდვილად”.
ბიჭი თავისი ბავშვური მიამიტობის კარნახით მოქმედებს, სალის ყველა სურვილს უსრულებს და თვითონაც თხოვს, მოდი, გავერიდოთ ამ ამაოებით აღსავსე ქვეყნიერებას, სადმე მყუდრო ადგილას დავსახლდეთ და ერთად განვლიოთ წუთისოფელიო. ამის პასუხად სალი ჰოლდენს ჯერ კოლეჯის დამთავრებას ურჩევს და შემდეგ სამომავლო სურვილების აღსრულებას პირდება. გოგონა ფაქტობრივად იქ აბრუნებს ყმაწვილს, საიდანაც ის გარბის. თანდათან ირკვევა, რომ სალი კოლფილდის სრული ანტიპოდია. სალი იმ მერკანტილისტთა და ობივატელთა ცხოვრების ნირს სთავაზობს ჰოლდენს, რომლის გაცნობაც, გადაფასებაც და შეძულებაც მოასწრო ბიჭმა. ამიტომაც მრავლისმეტყველია ჰოლდენის პასუხი: “ყურები გამოიფხიკე, სულ სხვანაირი ვიღაცეები გავხდებით მაშინ. ლიფტით ავალთ-ჩავალთ სასტუმროებში, ათასი ჩემოდნით და ჩანთით. ტაქსით ვივლით სამსახურებში და გაზეთებს ვიკითხავ ყოველდღე, შაბათობით ბრიჯს ვითამაშებთ ვინმე ჩვენიანებთან ან რაღაც სულელურ კინოებზე ვივლით ერთად... არაფრით არ იქნება ისე, როგორც ახლა, ხო აზრზე ხარ რას გეუბნები”.
სალისთან კონფლიქტის შემდეგ კოლფილდს კვლავ მტანჯველი მარტოობის გრძნობა ეუფლება. საბოლოოდ მას თავის პატარა დასთან შეხვედრა შთაბერავს რწმენის ტოლფას ძალას, გაქრება არაკომუნიკაბელობისგან გაჩენილი ვაკუუმი და ახლა ჰოლდენი იმასღა ცდილობს, სხვა ბავშვებთან ერთად თავის დასაც გაუწიოს მფარველობა ამ სასტიკ სამყაროში.
დრო ყოველთვის აღიბეჭდება თარგმანში. მთარგმნელს (გ. ჭუმბურიძე) დღეს მეტი თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული იმისთვის, რათა სრულფასოვნად გამდმოეცა დედნისეული სლენგი, მოზარდის მეტყველება, ჟარგონი. ქართველი მკითხველი ხელახლა ეცნობა ჯერომ სელინჯერის ნაწარმოებს “კლდის პირზე, ჭვავის ყანაში”.
© “ლიტერატურა - ცხელი შოკოლადი”
No comments:
Post a Comment