Monday, January 12, 2009

ეკა ქევანიშვილი























როგორ მიდის


ფეხაკრეფით.
როგორც თოვლი თებერვალში
გადაკვეთავს ქარის სეზონს.
ტალახიანს, სუბსარქისი მიასრისავს მთის ძირებთან.
როგორც ბოლო მგზავრი ბაქანს
მოფრიალე ცხვირსახოცით,
გვიან მატარებელს ატანს
წინა ღამის მაჯის ცემას – ერთი ჩაწყვეტილი ვენით.
ნელა.
მობარბაცე ბოლო ლოთი როგორც ტოვებს
სანახევროდ ალაგებულ ჭირის სუფრას
და სტუმარი,
გადაქანცულ დიასახლისს რიჟრაჟამდე
უსარგებლო ქებას უთვლის.
მიდის ასე.
დნება.
როგორც ვერცხლი თითზე – სიბერემდე.
მკერდი – ტანზე.
იპარება.
სიკვდილის წინ როგორც ძაღლი
უთმობს სადარაჯო ეზოს სხვა ძაღლს
და ლასლასით მიმავალი გზაზე
ნაღვლობს პატრონების გადაკარგვას.
ფრთხილად, სულის შეგუბებით,
როგორც დედა,
ხურავს ჩვილის ოთახის კარს, როცა სძინავს.
როგორც ქურდი,
ჯიბესავსე სხვისი ფულით – სხვისი მომავალი დარდით
გარბის უხმოდ ქალაქიდან.
ასე ურცხვად,
სხვა გულების დასახვრეტად.
მი(მ)დის გული
გაშვებამდე - ჯადოქრული ძალით ვაცმევ
შენს ნაჩუქარ ფრთიან წაღებს,
შელოცვით,
რომ ხვალ დაბრუნდნენ,
გზა იციან.
რომ დაბრუნდნენ.
რომ დაბრუნდნენ.


ვინ მოიგონა


ვინ მოიგონა ყვავილების ჩუქება მკვდრებისთვის?
ქვის ხანის სულ პირველმა შეყვარებულმა კაცმა.
რომელსაც,
ჩემი ლეგენდით,
ყნოსვით ნაპოვნი ძალიან ახალგაზრდა ქალი,
ერთ დღეში დაუბერდა და
ყვავილების მდელოზე
მოუკვდა.
პირველი მკვდარი ქალი იყო,
ყვავილები კი, სულ შემთხვევით, მათზე დავარდნილს,
აეკრა მკერდზე – პირველი კაბა.
პირველი მოდა -
ასე ჩაცმული მისცეს მკვდარი წყალს.
და მას შემდეგ, არც არავის წარმოედგინა
უყვავილო მიცვალებული.

ყვავილების თმაში ჩაწვნაც იმ დღეს დაწესდა.
მაინც გკითხავ,
ვინ შეუხამა ზამბახები გარდაცვალებას?
სულ პირველი,
ლიანებისგან დაწნული კუბო აყვავდა ვითომ?

და მიხაკები, მიხაკები ვიღამ გაწირა სამკვდრო გზაზე
თითო მეტრის გამოტოვებით გასრესისათვის?
და ბავშვები? ათი წლის ქვემოთ,
უზარმაზარ გვირგვინებზე ჩაფრენილი პაწაწინა არსებები
დიდი მისიით..
მეც მკლავები მაშინ დამაწყდა,
მიხაკების შენს ქუჩაზე გამოზოგვისას.

სხვა ლეგენდით,
სიკვდილის შავმა
დიდი ოთახი წამებში ისე ჩამოაბნელა,
ჭერზე, კედლებზე, დერეფნებში,
შეშინებულმა ჭირისუფლებმა უცებ აანთეს
სისხლისფერი გლადიოლუსის თაიგულები -
სიკვდილის ჭრელი მაკიაჟი,
შუადღის მზეზე გასახმობი...

ჩემს ლეგენდაში,
ისე მსურდა გავქცეოდი ქვის ხანის
კაბის ტანზე ჩამოცმას,
სიჩქარისაგან
ფერდობებზე ჩამოკიდებულ იელების
ცეცხლა ბუჩქებში გაბლანდული
ჩავილეწე მაინც დაბლობზე
და მძაფრი სუნით მოვიტყუე გარდაცვალება.

იქ კი შენ დამხვდი,
და ტანსაცმელშემოხეულს შემომაცვი
მოყვითალო ქრიზამთემები..

(c) “ლიტერატურა - ცხელი შოკოლადი”

No comments:

Post a Comment