Thursday, February 26, 2009

ახალი ამბები (იანვარი, 2008)


გაბრიელ გარსია მარკესი ირანული ცენზურის ქვეშ

კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის ბოლო რომანი “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსნების ჟამს” ირანში მას შემდეგ აკრძალეს, რაც ცენზორებმა წიგნის ირანულ ვარიანტში სათაურის ცვლილება შეამჩნიეს. რომანი, რომლის ავტორიც ირანში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მცდარი სათაურით თარგმნეს - მთარგმნელმა რატომღაც შეარბილა იგი და “მეძავები” “საყვარლებით” შეცვალა. პირველი ტირაჟი, 5000 წიგნი, გამოსვლისთანავე გაიყიდა. ნაწარმოების შინაარსმა რელიგიური კონსერვატორები შეაშფოთა და ამიტომაც მისი ორიგინალური ვარიანტით დაინტერესდნენ. სათაურში უზუსტობის აღმოჩენის შემდეგ კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ “ბიუროკრატიულ შეცდომას” ჰქონდა ადგილი და მარკესის რომანის ახალი ტირაჟით გამოცემაც აკრძალა. ის მომსახურე პერსონალი კი, რომელიც პასუხისმგებელი იყო წიგნის გამოცემაზე, სამსახურიდან დაითხოვეს.


Kindle - 200 წიგნი რბილ ყდაში


ინტერნეტ-მაღაზია Amazon-მა გაყიდვაში ახალი პროდუქტი ჩაუშვა - უსადენო მოწყობილობა ელექტრონული წიგნების საკითხავად. Kindle-ის სამარკო ნიშნით გამოშვებული აპარატი ჯერ-ჯერობით ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით იმუშავებს. Kindle საშუალო წიგნის ზომისაა და რბილი ყდა აქვს, თუმცა წიგნისგან განსხვავებით მის მეხსიერებაში 200-მდე ტომი ეტევა. Amazon-ის საიტზე იგი 399 დოლარი ღირს. Kindle-ის ჩასატვირთად მისი მიერთება კომპიუტერთან არ არის საჭირო. მონაცემები მასში EVDO-ს უსადენო ქსელის საშუალებით იტვირთება. როგორც Amazon-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, დღეისათვის უკვე ელექტრონულ ფორმატში 90 ათასი წიგნია ხელმისაწვდომი Kindle-ზე ასატვირთად, თითოეული წიგნის ფასი 9,99 დოლარია. რაც მთავარია, EVDO-ს სერვისის მომსახურება უფასოა - მას თავად Amazon-ი იხდის. 



ბიოლისა და კოპელევის მიმოწერა გამოფენაზე

გრაიფსვალდის ლიტერატურული ცენტრის საგამოფენო დარბაზში ფართო აუდიტორიისათვის აქამდე უცნობი ხელნაწერები გამოჩნდა. საგამოფენო ექსპონატები ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰაინრიხ ბიოლისა და რუსი მწერლის, ლევ კოპელევის პირადი წერილებია და გამოფენა ბიოლის 90 წლისთავს ეძღვნება. მწერლებს წლების მანძილზე ჰქონდათ მიმოწერა და მათი საუბრის თემაც ძირითადად ლიტერატურის გამომსახველობითი საშუალებები და მწერლობის საზოგადოებრივი როლის განსაზღვრა იყო. ბიოლმა და კოპელევმა 1962 წელს გაიცნეს ერთმანეთი და მათი მიმოწერაც 1981 წლამდე, კოპელევის გასახლებამდე გაგრძელდა. გამოფენის გახსნის დღეს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თანამშრომლებმა წერილებიდან რამდენმე ნაწყვეტი ხმამაღლა წაიკითხეს. გრაიფსვალდის საგამოფენო დარბაზში ხელნაწერების დათვალიერება 9 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი.

Costa-ს ლიტერატურული პრემიის ფინალში ქალები აღმოჩნდენ

ბრიტანული ლიტერატურული პრემიის, Costa-ს ნომინაციაში “სადებიუტო რომანი” ოთხივე ფინალისტი ქალი აღმოჩნდა. ასეთი შემთხვევა 36 წლის მანძილზე პირველად დაფიქსირდა. კონკურსანტებს შორის კეტრინ ო’ფლინი ბრიტანელია, ტაჰმიმა ანამი, ნიკიტა ლალვანი და რომა ტიარნე კი პაკისტანში, ინდოეთსა და შრი-ლანკაში არიან დაბადებულები. ლალვანი და ო’ფლინი 2007 წლის ბუკერის პრემიაზეც იყვნენ წარდგენილები, თუმცა ფინალამდე ვერცერთმა ვერ მიაღწია. Costa-ს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, მკაცრად გაემიჯნათ ეს პრემია ბუკერისგან და ჯილდოს გადაცემის პრიორიტეტადაც უფრო “სასიამოვნოდ საკითხავი ლიტერატურა” მიიჩნიეს, ვიდრე ელიტარული ავტორები. სწორედ ამ პრინციპის გათვალისწინებით ფინალს მიღმა დარჩნენ იან მაკიუენი და ენ ენრაიტი. პრემია Costa 5 სხვადასხვა ნომინაციაში გაიცემა: საუკეთესო რომანი, სადებიუტო რომანი, ბიოგრაფიული ნაშრომი, პოეტური კრებული და საბავშვო ლიტერატურა. გამარჯვებულებს შორის კი “წლის წიგნის” ავტორი სახელდება, რომლის ფულადი ჯილდოც 30 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ლაურეატების ვინაობა 2008 წლის 3 იანვარს გახდება ცნობილი, დაჯილდოების ცერემონიალი კი 22 იანვარს ჩატარდება.  


ჰაროლდ პინტერის არქივი 2. 24 მილიონ დოლარად

ბრიტანულმა ბიბლიოთეკამ ნობელის პრემიის ლაურეატი დრამატურგის, ჰაროლდ პინტერის არქივი შეიძინა, ასევე მისი მიმოწერები ლიტერატურისა და თეატრის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა მნიშვნელოვან ფიგურასთან. ბიბლიოთეკამ არქივიში 2.24 მილიონი დოლარი გადაიხადა, ამ თანხით დაიფარა ასევე პინტერის სხვადასხვა პიესების კოლექციის სესხიც, რომელიც 1993 წლიდან ვალად ჰქონდა ბიბლიოთეკას. არქივი ხელნაწერების 150-მდე ყუთს, ალბომებს, წერილებს, ფოტოებსა და ელექტრონულ წერილებს მოიცავს, ასევე პინტერის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ახალგაზრდობისდროინდელ მემუარებს. ჰაროლდ პინტერი 77 წლისაა და ლონდონში ცხოვრობს. 2005 წელს იგი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში. 

საბავშვო წიგნები - პატარების სიცოცხლისათვის საფრთხე

დიდ ბრიტანეთში რედაქტორების მთელი რიგი უარს ამბობს საბავშვო წიგნების გამოცემაზე, რომლებიც ისეთ ეპიზოდებს შეიცავენ, სადაც მათი მკითხველის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას პოტენციურად საშიშროება ემუქრება. ცნობილი საბავშვო მწერალი, ლინდსეი გარდენი აცხადებს, რომ მის ბოლო წიგნში ("Who Wants A Dragon?"), სადაც მთავარი გმირი, პატარა გველეშაპი, ცხვირის ნესტოებიდან გამოფრქვეულ ცეცხლზე ზეფირს წვავს, რედაქტორებმა მას ამ საშიში სცენის შეცვლა მოთხოვეს; ასევე ეპიზოდში, სადაც ლეკვი მაქსი კიბეზე მოგორავს, კიბე ბავშვებისათვის „საშიშ ტერიტორიად“ მიიჩნიეს და ტექსტის ამ ნაწილის რედაქტირების საკითხიც დააყენეს. ლინდსეი გარდენერს ნიკოლა მორგანიც (80-მდე საბავშვო წიგნის ავტორი) შეუერთდა და მათ თავიანთი საპროტესტი განცხადება გაზეთ The Telegraph – ში გამოაქვეყნეს. მათი განცხადებით, ბრიტანელი რედაქტორების მოთხოვნები მიუღებელია და უსაფრთხოების მსგავსი ზომებიც გადამეტებულია. 


ნორმან მეილერი - Bad Sex Award –ის ახალი მფლობელი


ამერიკელი მწერალი ნორმან მეილერი ბრიტანულმა ჟურნალმა The Literary Review – მ ყველაზე ცუდი სექსუალური სცენის ავტორად დაასახელა. პრემია ყველაზე ცუდი სექსუალური სცენისათვის (Bad Sex Award )15 წელია არსებობს, და იგი პირველად მიანიჭეს მწერალს გარდაცვალების შემდეგ. მეილერს ჯილდო ბოლო რომანის (“The Castle in the Forest”) ერთ-ერთი ეპიზოდის გამო მისცეს, სადაც ადოლფ ჰიტლერის მშობლებს შორის სექსუალური სცენაა აღწერილი. რომანის მიხედვით მესამე იმპერიის ფიურერი ღვიძლი ბიძაშვილების სექსუალური კავშირის შედეგად ჩაისახა. დაჯილდოების ცერემონიალი ტრადიციულად ლონდონის კლუბ "In & Out"-ში გაიმართა, სადაც გარდაცვლილი მწერალი გაიხსენეს და სიმბოლური “ჯილდოც” გადასცეს. სხვადასხვა დროს პრემიის ლაურეატები იყვნენ სებასტიან ფოლკსი, ჯაილ კორენი, ტომ ვულფი.
 

ტერი პრეტჩეტმა საკუთარი ავადმყოფობის შესახებ განაცხადა


ბრიტანელმა მწერალმა, ტერი პრეტჩეტმა, განაცხადა, რომ მას ალცჰაიმერის საწყისი სტადია აქვს და თავს მოვალედ თვლის, ამის შესახებ მისმა მკითხველებმა და რედაქტორებმა იცოდნენ. პრეტჩეტი დღესდღეობით 40-მდე ბესტსელერის ავტორია. მისი პირველი წიგნი "The Color of Magic" 1983 წელს გამოიცა. დღეისთვის პრეტჩეტის წიგნები მსოფლიოს 33 ენაზეა ნათარგმნი და მათი 55 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. მწერალმა განაცხადა, რომ ავადმყოფობის მიუხედავად ის მაინც აგრძელებს წერას და აუცილებლად დაამთავრებს დაწყებულ რომანს, რომელსაც "Unseen Academicals" –ს ჰქვია. 59 წლის ტერი პრეტჩეტი ფანტასტიკის ჟანრში მოღვაწეობს.



მემუარები კენედების ოჯახის შესახებ


ედუარდ კენედიმ, ამერიკის სენატორმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდანტმა, 8 მილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც იგი მალე მემუარების ავტორი გახდება. მემუარებში კენედი თავისი ძმების - ამერიკის ექსპრეზიდენტის - ჯონ კენედისა და იუსტიციის მინისტრის, რობერტ კენედის მკვლელობის ისტორიებს მოჰყვება, ასევე აღწერს 1969 წლის ავტოავარიას, რომლის დროსაც მისი მდივანი დაიღუპა, თვითონ კი გადარჩა, და პოლიციას ამ ავარიის შესახებ არ აცნობა. მაშინ სწორედ ამ ეპოზოდმა შეუშალა ხელი კენედის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. კონტრაქტის თანახმად, წიგნი 2010 წელს უკვე გაყიდვაში იქნება. 



© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“



No comments:

Post a Comment