Monday, February 16, 2009

ზურაბ ლეჟავა

კარსმომდგარი არაჰიგიენური ბედნიერება

მიიკვლევდა ნესტიან თავისუფლებაში გზას ენადაშანთული, შერცხვენილი, მონუსხული და სულგაყინული ზარღრა, იგივე ვიქტორ ნაზრაძე. ნესტიან, სუსხიან, არასტუმართმოყვარე თავისუფლებას კი ჯიუტად არ სურდა ბედისწერიდან ამოვარდნილი, უადგილო, უსამშობლო, უნათესაო, უმოყვარო და უმეგობრო კაცის თავის წიაღში მიღება, მისი შეკედლება და დაბინავება. აკვიატებული ავი ფიქრივით, უტიფარ ქარად შემოუბერავდა ხოლმე სუსხიანი თავისუფლება მომხდურს, ღიად დარჩენილ მის ბაგეებში შეძრომას ლამობდა და როცა ამას ახერხებდა, გაგულისებული, უაზროთვალება საიქიოს ბოროტი ჩიტივით უკორტნიდა დაშანთულ ენას. ვიქტორ ნაზრაძე თავისას ფიქრობდა და არ იცოდა სად წასულიყო, ვისთვის მიემართა, რადგან სულგაყიდულს აღარ ჰყავდა არავინ და არ გააჩნდა ქვეყნად არაფერი გაყიდული სულის, განთავისუფლების ცნობის და 25 მანეთის გარდა. მიუხედავად გამოუვალი მდგომარეობისა, ან იქნებ სწორედ ამიტომაც, ზარღრა თავს დაჯერებულად გრძნობდა და ამდენი ხნის ნანატრი თავისუფლება სურდა მოვლენოდა არა ნესტიან ქარად, ჩაბნელებულ ქუჩად, არა სიბნელეში მოთარეშე, ურჩ მანქანებად, ბინძურ წყლის წვეთებს რომ აფრქვევდნენ გუბეებში გაშლიგინებისას, არამედ სითბოდ, ჭერად, სასმელად, საჭმელად და ტიტველ ქალად.
- მე გაიძულებ შენ შემეგებო სითბოდ და ჭერად, - ეუბნებოდა იგი მტრულად შემართულ თავისუფლებას და მუშტს უღერებდა მას, - სასმელად, საჭმელად და ტიტველ ქალად! გაიძულებ! გაიძულებ! რადაც არ უნდა დამიჯდეს!!!
- ვერ მაიძულებ! ვერ მაიძულებ! - პასუხობდა სისინით თავისუფლება და თავისი გათოშილი თითებით გარყვნილად უწეწავდა თმას.
- გაიძულებ, ოღონდ ჯერ რეზინის ჩაქუჩს ვიყიდი, უკიდურესი შემთხვევისათვის! ჯერ ვიყიდი რეზინის ჩაქუჩს, შემდეგ კი გაიძულებ! გაიძულებ! - ჯიუტად იმეორებდა ვიქტორი.
გზას იგი ქალაქის ცენტრისაკენ, ანუ ეშმაკის ბუნაგისკენ მიყავდა და ზარღრაც მიყვებოდა გზის მიერ შემოთავაზებულ დამღუპველ მარშრუტს, გზაც ხომ თავისუფლების ნაწილი იყო და წესით არც მისი ნდობა შეიძლებოდა, მაგრამ არა ზარღრასთვის - არა, რადგან ამიერიდან ყოველი მისი გზა ჯოჯოხეთისკენ, მოუსავლეთში მიემართებოდა.
- ჯოჯოხეთში შევხვდებით! - სისინებდა ქარი.
- ჯოჯოხეთში შევხვდებით! - სისინებდნენ ხეები.
- ჯოჯოხეთში შევხვდებით! - სისინებდნენ ბუჩქები.
- შევხვდებით! შევხვდებით! შევხვდებით! - სისინებდა მიდამო.
რკინიგზის ვაგზალი და მასთან მიმდებარე ვრცელი ტერიტორია ხალხით იყო სავსე. ისინი მწერებივით ირეოდნენ იქ და რაღაცას თავისას ფუსფუსებდნენ. ვიქტორი ჯერ ბაზრობაზე შევიდა და რიგებს დაუყვა. მის მზერას უნებურად მიიპყრობდა ხოლმე დახლებზე გამოტანილი და დახვავებული უცხო საქონელი, მაგრამ ის მაინც თავისას ეძებდა - რეზინის ჩაქუჩს. ბოლოს როგორც იქნა, რკინეულობის განყოფილებაში იპოვა და 4 მანეთად შეიძინა კარგი, მძიმე, ხისტარიანი რეზინის ჩაქუჩი. მან იგი ხელში შეათამაშა, ქამარში გაირჭო, პიჯაკის კალთით სათუთად დაფარა და თავისი უთავბოლო გზა გააგრძელა.
ვიქტორი შორიდან უცქერდა მეძავთა ჯგუფს და მათში თავისთვის საცოლეს ეძებდა. ვაგზლის მეძავები ქალაქში ყველაზე იაფფასიანებად ითვლებოდნენ, თუმცა ისინიც ასაკის, გარეგნობის და შესაბამისად, ფასების თანახმად, ცალ-ცალკე, პატარ-პატარა ჯგუფებად იყვნენ დაყოფილნი. იყვნენ მათ შორის ისეთები, რომელთაც, ალბათ არათუ ნორმალური ადამიანი, არამედ ყველაზე უფრო ხურუშიანი მაიმუნიც არ გაეკარებოდა, მაგრამ იყვნენ საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობისაც, რომლებიც შედარებით ძვირნი ღირდნენ. ერთი სიტყვით, ბოზები იყვნენ დაახლოებით სამი ძირითადი კატეგორისა - მეტნაკლებად ნორმალურები, ნახევრად ბანძები და ბანძები. ვიქტორი ჯერ შედარებით ნორმალურთა ჯგუფს მიუახლოვდა და ფასები იკითხა:
- გამარჯობათ გოგოებო! - მიესალმა ის მეძავებს.
- გაგიმარჯოს! - მიუგეს მათ.
- რომელია თქვენში გასათხოვარი?! -
- ყველანი გასათხოვრები ვართ, - გასცა პასუხი ერთ-ერთმა და ღიმილით გადახედა დანარჩენებს.
ისინი არ იყვნენ ჩვეულნი ამგვარ მიმართვას. გამოცოცხლდნენ.
- მე რომელი გამომყვებით ცოლად? -
გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს და გაიცინეს.
- რომელსაც შენ ხელს დაადებ, - უპასუხა ერთ-ერთმა.
- მერე ცელქები ხართ?! - ღიმილითვე გაუსწორა თვალი ვიქტორმა თავის მოსაუბრეს და თან ახლოს მდგომ, ცოტათი მორცხვ და ცოტათი ლამაზ ცუგრუმელას ხელი წაატანა ძუძუზე. ცუგრუმელამ თავი დაიძვრინა, უფრო სწორად კი ძუძუ დაიძვრინა.
- ე-ე-ე, ჯერ დადე, - დაიფხუკუნა ცუგრუმელამ მორცხვად, - ამას უყურე ერთი! - და ვიქტორს ალერსით უბიძგა.
არიან ადამიანები, რომლებიც მიუხედავად თავიანთი ურცხვი პროფესიისა, ბუნებით არიან მორცხვნი, ისევე, როგორც ზოგჯერ უსათნოესი პროფესიის ადამიანები არიან აშკარად ურცხვნი. რატომ ხდება ასე - ალბათ იმიტომ, რომ ბუნებაში წესრიგთან ერთად უწესრიგობაც სუფევს, საგნები კი არ არიან ყოველთვის სამართლიანად განლაგებულნი.
- რამდენი დავდო ჩემო ცუგრუმელავ? - კითხა ვიქტორმა.
- ერთი საათი ოცი მანეთი! - იყო სხარტი პასუხი.
ვიქტორმა კისერი მოიქექა - ძვირია!
- სულაც არა, - იყო მოხდენილი და ალბათ დაზეპირებული პასუხი, როგორც ჩანს კლიენტები ხშირად ძვირობდნენ ფასებს და ბოზებსაც შემუშავებული ჰქონდათ მოხდენილი პასუხი - "სულაც არა!"
- გადავიხდი ოცს, ოღონდ მე შენ დილამდე მჭირდები, - უთხრა ვიქტორმა ცუგრუმელას და კიდევ ერთხელ წაატანა ნაღმივით მკვრივ ძუძუზე ხელი.
- ა-ა-რა შენი ჭირიმე! - იუარა ცუგრუმელამ - დილამდე 50 დაგიჯდება, - კიდევ ერთხელ დაიძვრინა ძუძუ და გვერდზე გახტა.
- მე სულ 21 მანეთი მაქვს, ოცს შენ მოგცემ, მანეთი მე დამრჩება.
- ა-ა-რა შენ შემოგევლე! -
- მაშინ შენ წამოდი, - შესთავაზა ვიქტორმა მეორეს, მიწისქვეშა გადასასვლელის შემაღლებულ ზღუდეზე მჯდომ ნაცრისფერებში გამოწყობილ, ასაკით ცოტათი უფროსს, მგლისთვალა მეძავს და ხელი გაიშვირა მისკენ, თუმცა ხელის ძუძუზე წავლება ვერ შებედა. ეს სერიოზული ჩანდა - მგლისთვალა.
- ჩვენ ჩვენი ფასი გვაქვს, თუ გეძვირება, მაშინ სხვებთან მიდი! - ურჩია მგლისთვალამ.
აქ ვიქტორმა დასვა ცოტა არამართებული, როყიო შეკითხვა, რომ იტყვიან ჩაიჭრა და შედეგიც მაშინვე იგემა:
- აბა, რომლები არიან იაფები? -
გოგოებმა სიცილით და კისკისით დაუწყეს მითითება ისეთებზე, რომელნიც შესაძლოა არც იყვნენ ალბათ მეძავები, რადგან მათკენ მართლა არ გაიხედავდა არცერთი ხურუშიანი მაიმუნი და თუ მათ მაინც ვიღაც ეკარებოდა, ეს უკვე, ალბათ, იყო უტყუარი მანიაკალური ამბავი. ხომ არსებობენ პათოლოგიური ადამიანები, რომლებსაც ნორმალურ ქალთან სექსს, მძორთან სექსი ურჩევნიათ. ჰოდა ის მძორიც იდო იქ და თავის კლიენტს ელოდებოდა. გოგოები არ ცხრებოდნენ, თითებს იშვერდნენ და რიგრიგობით სთავაზობდნენ ვიქტორს ყველაზე იაფიანებს.
- აი ეს კი უფასოდაც მოგცემს, - მიუთითა ვიქტორს ცუგრუმელამ, ვიქტორისდაჭირად შემთხვევით აქვე მიმავალ ჰერმაფროდიტზე.
- ბანჯგვლაეთერო მოდი აქ! - დაუძახა მან ჰერმაფროდიტს.
ბანჯგვლაეთერო - ასე ერქვა ჰერმაფროდიტს, მას ზურგზე დიდი პოლიეთილენის ტომარა ეკიდა, რომელიც პლასტმასის ბოთლებით იყო სავსე. ჰერმაფროდიტი ამ ბოთლებს ვაგზლის ტერიტორიაზე აგროვებდა, მერე აბარებდა და ამით ცხოვრობდა. საოცარია, მაგრამ მას პროსტიტუციიდანაც ჰქონდა მცირედი შემოსავალი. ალბათ ეთერომ ბავშვობისას მენინგიტი გადაიტანა, ან შესაძლოა დებილიზმის მსუბუქ სტადიაში იყო, ან კიდევ რაღაც, იმიტომ, რომ ჩანდა, აშკარად ჩანდა მასში გონებრივი სიჩლუნგის ნიშნები. ეთეროს ჰქონდა კაცისებური თავი ხშირი ჭაღარაშერეული წვერ-ულვაშით და ქალისებური ტანი ძუძუებით და თეძოებით. ის იყო ძალიან კოჭლი (თანდაყოლილი სიკოჭლით კოჭლი), ეცვა კაცის ძველი პიჯაკი და ლაქებიანი, გახვრეტილი შარვალი - ბინძური ძონძები.
გოგოები ბანჯგვლაეთეროს უბოროტოდ ეხუმრებოდნენ, თითით ვიქტორზე მიუთითებდნენ, ეკითხებოდნენ ცოლად თუ გაყვებიო. ეთერო იშმუშნებოდა და თანხმობის ნიშნად მორცხვად უკრავდა კვერს, თან ალერსიან მზერას აპარებდა სასიძოსაკენ უნდობლად. გოგოებს ეს აკისკისებდათ და არც ვიქტორს აბრაზებდა სხვათა შორის.
- წამოხვალ?! წამომყვები?! გიყვარვარ ეთერი?! - ეკითხებოდა მას ვიქტორი თანაგრძნობითა და ღიმილით.
ეთერი პასუხობდა: - ჰო-ო-ო!
- მისცემ უფასოდ ეთო? - კისკისით ეხუმრებოდნენ გოგოები.
- უ-უფასოდ? არა-ა-ა! -
- მაშ რამდენათა! - მის კილოკავზე უქცევდა ვიქტორი, - მაშ რამდენათა!
- ხუთ მანეთათა! ხუთ მანეთათა! -
მერე ვიქტორმა საჯდომზე მოუთათუნა ბანჯგვლაეთეროს ხელი, კარგი გოგო ხარო უთხრა, თავი დაუკრა ბოზებს და სხვებს, უფრო იაფიანებს მიუბრუნდა.
აღმოჩნდა, რომ ამ სუსხიან საღამოს სითბოს, ჭერის, სასმელ-საჭმელის და ტიტველა ქალის ყიდვა თურმე პრობლემატური ყოფილა. არ ყოფილა საკმარისი 21 მანეთი ამქვეყნიური ბედნიერების საყიდლად. ბოზები თავისას ითხოვდნენ, ზარღრას კი არ გააჩნდა ქვეყნად არაფერი გაყიდული სულის, განთავისუფლების ცნობის, 21 მანეთის და ახლად ნაყიდი რეზინის ჩაქუჩის გარდა.
ზარღრა დაფიქრდა. ის მოულოდნელად იმ ხასიათზე დადგა, როცა ადამიანი გაწბილებას იწყებს. მან პირი მომუწა, ქამარში გარჭობილ საკმაოდ მძიმე რეზინის ჩაქუჩის ხის ტარს თითები მოუჭირა და ის იყო ცხოვრებისათვის წარბქვეშიდან უნდა შეეხედა, რომ მოულოდნელად მისკენ მიმართული დამთრგუნველი ყურადღება იგრძნო, მოტრიალდა და გაოგნდა.
მის წინაშე, პირდაპირ შუა ქუჩაში, დიდი, ბრგე, თავისთავში ღრმად დაჯერებული, კაცნახევარა ეშმაკი იდგა. სწორედ ისეთი, როგორსაც მას ხატავენ! ბალნიანი, ტლანქჩლიქიანი, შავდინგა და რქოსანი, თანაც რაღაცნაირად გამორჩეული, ელიტარული, არარიგითი ეშმაკი, არამედ არისტოკრატი და ჯენტლმენი ჯოჯოხეთისა. მარჯვენა ხელში მას ეპყრა უბადლო ნიმუში ხელოვნებისა - სამკბილა კვერთხი, ხოლო მარცხენაში მოკრძალების ღირს, იდუმალებით მოცულ, გიშრის უცხო კრიალოსანს ატრიალებდა.
- ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰააა!!! - გადაიხარხარა ეშმაკმა, - მე ღორმენი ვარ შენი მოძღვარი, ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰააა!!! აბა წამოდი! წამო! წამოდი! გავიტასავოთ ჩათლახებს შორის!!!
ვიქტორი მონუსხულივით აედევნა ღორმენს, მას ის მხოლოდ სახენაცვალი ჰყავდა ნანახი სულისმყიდველი ზედამხედველისა და ციხის უფროსის სახით და ახლა, ამდენ ხალხში, ვაგზლის გაჩახჩახებულ მოედანზე ასე აშკარად აბსოლუტში მისმა ხილვამ ელდა ჰკრა და თავზარი დასცა.
- ქორწინება გადაგიწყვეტია შვილო ჩემო, ოჯახის შექმნა განგიზრახავს? - ღიმილით გაუყარა ხელმკლავი ღორმენმა ზარღრას.
- დიახ უწმინდურო მამაო, ოღონდ ხანმოკლე, მოკლევადიანის. -
- ხა-ხა-ხა - გულღიად გაიცინა ღორმენმა - მერედა ამას აბა რა სჯობს, რაც შეეხება ქორწინების ხანმოკლეობას, ეს შენ შვილო ჩემო ნუ შეგაცბუნებს. განა ყველაფერი წარმავალი არ არის ამ ქვეყნად, და ან არის საერთოდ რაიმე ჩვენი წვალების გარდა მუდმივი? ყველაფერი წარმავალია და ხანმოკლე! ცოცხალი არსება ხომ დაბადებასაც ვერ ასწრებს, როდესაც უკვე იწყებს სიკვდილს! შენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვს გასარკვევი ჩემო ბიჭუნი!
ზარღრა და მისი მოძღვარი პირდაპირ ბოზების "სტაიანკაზე" დატასაობდნენ ხელკავგაყრილნი და დარბაისლურად მასლაათობდენ. ღორმენი ამჟამად მხოლოდ თავისი მორჩილისათვის იყო აბსოლუტში, ხოლო იქმყოფმეჩხერკბილება ბრბოს კარგადმოვლილი ორმოცდაათიოდე წლის, წარმოსადგენი ჯენტლმენის სახით ევლინებოდა - ჯენტლმენისა, რომელსაც ოდნავ ეტყობოდა, რომ დალეული ჰქონდა ცოტაოდენი ღვინო, ის ხავერდოვნად ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა.
- მშვენიერი მარგალიტები, ზღვის ლოკოკინათა სხეულში რომ ყალიბდებიან, სინამდვილეში ავადმყოფობაა მათი. ეს ავადმყოფობა ცდილობს გაფართოვდეს და მთელს ლოკოკინას მოედოს, ლოკოკინა კი თავის მხრივ ავიწროებს და ზღუდავს ავადმყოფობას, ამიტომ გამოდის მარგალიტი ასეთი მკვრივი, ასეთი ლამაზი, ასეთი იდუმალებით მოცული, მასში ხომ ამდენი განცდაა. ეს საბრალო ლოკოკინას ტკივილები და განცდებია - ლოკოკინისა, რომელიც თავის წუხილებს მარგალიტად აქცევს, ინახავს თავის სხეულში და მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ თავს დაიმარტოხელებს, წვება ზღვის ფსკერზე, ხსნის თავის ნიჟარას და ტკბება მარგალიტად ქცეული საკუთარი ტკივილების სილამაზის ცქერით.
მხოლოდ ეშმაკმა უწყის მარგალიტად ქცეული, სათუთად შენახული ტკივილის ჭეშმარიტი ფასი და ამიტომაც მზაკვრულად და მალვით ტკივილს უნერგავს ის თავის რჩეულთ, რათა შემდეგ ჯოჯოხეთში მათი მისვლისას, ბანჯგვლიანი ხელით უხეშად პირი გაუღოს და შიგნეულიდან გულისფანცქალით ამოუგლიჯოს ერთ წვეთ ცრემლად ქცეული ტანჯვის, წვალების, ბოღმის და უიმედობის პატიოსანი მარცვალი. ძვირფასი საჩუქარი მბრძანებელთათვის, მბრძანებელთა მბრძანებელთათვის და მბრძანებელთა მბრძანებელთა მბრძანებელთათვის მუდმივი საჩუქარი მბრძანებელთათვის, რამეთუ ბოროტებას საზღვარი არ აქვს ამ ქვეყნად, ისევე, როგორც მბრძანებელთა მბრძანებლობას უკუნითი უკუნისამდე!
ესენი იშვიათად დაყვებიან ბინაში კლიენტს, რადგან ამ საბრალოებმა არ იციან, რომ მათი ფანჯრიდან გადმოგდება, მათივე სახლიდან გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარი სახლის ფანჯრიდან. ისინი, როგორც უმეტესობა ამ ცოდვილ მიწაზე, წყეულნი არიან და მათი უბადრუკი, არაფრის ცხოვრებაც არაფერს არ აძლევს მათ სიცოცხლის შენარჩუნების და წვალების გარდა, შემოსავალიც თითქოს არა აქვთ მცირედი, მაგრამ ის მაინც თვალსა და ხელს შუა უქრებათ, რადგან ყველაფერი მიაქვს საჭმელს, სასმელს, დედილოებს, დაქალებს, ალფონსებს და ზნეობრივ პოლიციას. ისინი რეგულარულად ყლაპავენ აბებს, იკეთებენ ნემსებს ვენერიული და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, არ უწვებიან და ზოგჯერ ქვეშიდანაც გამოუძვრებიან ხოლმე კლიენტს, ზედმეტად დამუწუკებულ სხეულიანს, ან ზედმეტად მყრალს. მათ ორგანიზმს ერთგვარი იმუნიტეტიც აქვს გამომუშავებული, მაგრამ გახსოვდეს, ზოგიერთ მათგანს, რჩეულთ მათ შორის, სადღაც ღრმად, უწმინდურ სიღრმეში აქვთ ჩაკირული, ჩაგლესილი, მოშუშებული და პირშეკრული, მკვრივი ლორწოვანი აპკით დაცული ნახველის მსგავსი ლორწოვანი გროვა. ეს გროვა მათი უკურნებელი სენია, სენი რომელიც, როგორც ლოკოკინა ებრძვით მათ და რომელსაც, თავის მხრივ, ლოკოკინებივით ებრძვიან ისინი, რაც გამოიხატება ბატონებში - ბატონებში, რომლებიც დროდადრო წითელ ღუდუდებად გამოყრით ხოლმე მათ, შემდეგ კი ბატონები ისევ შოშმინდებიან. აი, ასე ყალიბდება მათში სიბრძნისა და სისპეტაკის პატიოსანი მარცვლები.
ქუდი მოიხადეთ და მოიდრიკეთ ქედი, როცა მოხვდებით მეძავებს შორის ძაღლიშვილებო!!!
ამ სიტყვების შემდეგ ღორმენმა იქ მყოფ უწმინდურ ბრბოს, როგორც მოძღვარმა სამწყსოს, თვალი მოავლო და ბატონკაცური კეთილგანწყობით ზარღრას დარბაისლურად ჰკითხა:
- რა, არ იძლევიან ეს ბოზები იაფად?
- არ იძლევიან ამათი! - გულდაწყვეტით ჩაიქნია ხელი ზარღრამ.
- მოგცემენ, შვილო ჩემო, მოგცემენ! - მხიარულად ლაპარაკობდა ღორმენი.
ის არ იყო ვირთხისმაგვარი კიკიმორი, არც ბოროტუნი, ან ანცი, არ იყო ის, აგრეთვე, მუხისთავკუნძა ქაჯი, ის ელიტარული ეშმა და ჯენტლმენი იყო ჯოჯოხეთისა. ღორმენს უყვარდა ხუმრობა და ამით იყო საშიში. ის ხუმრობის მეშვეობით რწყმედდა უმანკო სულებს.
- უბრალოდ, ალბათ არ გამოინახა შენი ტოლი და სწორი! ეძიე - უძიე შვილო ჩემო შენი ბედი, შესაძლოა ის აქ არის, შენს გვერდით?
- ფული არ მყოფნის მამაო, თორემ ბედის მეტი რა არის, - წაიბუზღუნა ზარღრამ.
- მერე შენც ეშმაკური ხრიკი იხმარე, - ურჩია ღორმენმა, - ხომ ხედავ სასტუმროს, ამათ ან ამ სასტუმროში დაყავთ თავიანთი კლიენტები, ან კიდევ პატარ-პატარა იაფიან აბანოებში, აქვე შორიახლოს, სასტუმროში წასვლას არ გირჩევ, იქ დედილო ყვირილს ატეხავს. აი, აბანოში კი სხვა საქმეა, იქ შენ ბოზთან ერთად შეიკეტები ერთი საათით, მერე რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს დაჰყოფ. მეაბანოვე არასოდეს არ ატეხავს ყვირილს, იმის გამო, რომ ზნეობრივი პოლიციის მოსვლას მოერიდება. არ კითხავენ ქალი და კაცი ერთად რატომ შეუშვიო? რასაკვირველია, იგივეს დედილოსაც კითხავენ სასტუმროში, მაგრამ დედილო თავს გაიმართლებს იმით, რომ არ იცოდა რისთვის შედიოდნენ. მეაბანოვე კი ამით თავს ვერ გაიმართლებს. აქედან ორას მეტრში პატარა აბანოა, იქ მე ვმუშაობ მეაბანოვედ და სერგო მქვია. უბრალოდ, დიდი ხანია მაგ სახეცვალებაში ვარ და აღარც კი მახსოვს, რომ ღორმენი ვარ, თუ მოხვალ და გამახსენებ, კარგს იზამ. შენი ნაცნობი კაჭიჭი და ჩონთაც მანდ მუშაობენ ცეცხლფარეშებად, რა თქმა უნდა, სახეცვალებაში! ისე, რომ მოდი! თუ კარგ პატარძალს მოიყვან, შეიძლება მეც ვიხმარო, არც ბიჭებს არ აწყენთ. სულ უკიდურეს შემთხვევაში, თუ იქ არ დაგხვდი, ან ვაითუ ვერ გავიხსენე, ღორმენი რომ ვარ, ან თუ შენ ვერ გიცანი და დავუშვათ წყალი გამოგირთე, შენ მაინც იხტიბარი არ გაიტეხო. საქვაბე შიგვეა და არ გაიყინები, იქ მუდამ ისეთი სითბოა, რომ თავი ჯოჯოხეთში გეგონება. ეს რომ უთხრა, ღორმენმა თავის მორჩილს თვალი ჩაუკრა.
- შეიძლება გკითხოთ მამაო ღორმენ? - მოწიწებითა და მადლიერებით მიმართა ვიქტორმა მოძღვარს.
- ბრძანე შვილო ჩემო! - უპასუხა ღორმენმა ზარღრას.
- მამაო ღორმენ, თქვენ ეს წუთია ბრძანეთ, რომ აბანოშიაც მუშაობთ პარალელურად და აბა რაღა გახსოვთ, თუ საკუთარი ვინაობა არა?! -
ღორმენმა ხელი მოხვია ვიქტორს მხარზე, განწყობილება გამოიცვალა და თქვა:
- ეჰ, ზარღრა, ზარღრა, ჩვენ ჩვენი უსასრულო ტანჯვის პროცესში ზოგჯერ გვავიწყდება საკუთარი მეც. - მერე იქ შეკრებილ მეჩხერკბილება ბრბოს გადახედა და განაგრძო, - აბა შეხედე ამათ, ნუთუ შენ ფიქრობ, რომ ამათ ახსოვთ თუ ვინ იყვნენ ისინი ადრე, ან თუ გგონია, რომ მათ იციან, ვინ არიან ისინი დღეს!
ზარღრამ მოწიწებით დახარა თავი.
- ახლა კი უნდა წავიდე ზარღრა, - ისევ მხნედ და ისევ ხალისიანად წარმოთქვა ღორმენმა, - წასვლის წინ კი ერთი მითხარი - შენ ჩემს ნათქვამში ყველაზე მეტად რა მოგეწონა?!
ზარღრამ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ხელები ორატორულად გაშალა ფართოდ, გულღიად გაიღიმა და დაიძახა ომახიანად:
- გავიტასავოთ ჩათლახებს შორის!!! -
კმაყოფილების ღრუტუნი აღმოხდა ღორმენს. არ მოელოდა ის ამგვარ ქცევას მორჩილისაგან. დარბაისლურად გაშალა სამკაპისა და კრიალოსნის მპყრობელი ხელები ფართოდ და ზარღრა შვილივით ჩაიკრა გულში. უნდა ითქვას, რომ ზარღრამ თავისი ხმამაღალი შეძახილით, იქმყოფთა შორის კმაყოფილება გამოიწვია. მოძღვარმა და მორჩილმა ერთხელ კიდევ გაიტასავეს ხელკავგაყრილებმა ჩათლახებს შორის. კლიენტებიც და ბოზებიც მოწიწებით უთმობდნენ მათ გზას, რადგანაც გრძნობდნენ ღორმენის უხილავ ძალას. მორჩილი და მისი მოძღვარი კიდევ ერთხელ გადაეხვივნენ განშორებისას ერთმანეთს. ღორმენი წავიდა, წასვლის წინ, კარგ ხასიათზე მყოფმა თავს კიდევ ერთი პატარა ანცობის უფლება მისცა: მან იქვე მიმავალ უცნობ ქალიშვილს, არამეძავს, არამედ უბრალოდ გამვლელს ქვეშიდან ამოჰკრა კურტუმოში ხელი, იმგვარად, რომ ჰაერშიც კი შეახტუნა და თან ისე ძლიერად მოუჭირა კაუჩუკის გავაზე, რომ საწყალ გოგონას კინაღამ მოაგლიჯა ტრაკი, რითაც აღტაცებაში მოიყვანა იქმყოფი მეჩხერკბილება ბრბო.
ზარღრას ღორმენის რჩევა ჭკუაში დაუჯდა. ის გამხნევდა, გამხიარულდა და შეუდგა საქორწინო სამზადისს. ჩავიდა საღამოს ბაზარში, იყიდა 4 ცალი პრეზერვატივი, საჭმელ-სასმელი იაფად, ოცი მანეთისა, ერთი ქეციანი მანეთიანი ჯიბეში ჩაიტოვა საჯიშედ და ასე სანოვაგით დატვირთული მიადგა ბოზების "სტაიანკას". ეს ყველაფერი ართობდა ზარღრას, ართობდა და აცინებდა, იწვევდა მასში სხვებისათვის უხილავ ხარხარს. დამცინავი თავისუფლებაც კი შეცბუნებული იყო მომხდურის გაუგონარი საქციელით, რადგან ის მას პირიქით დასცინოდა, და თუ თავისუფლება ევლინებოდა ვიქტორს არასასურველი ფორმით, ის უარესად ამახინჯებდა მას. მანჭიაობის მოყვარულ თავისუფლებას ის კიდევ უფრო ამახინჯებდა.
- აბა ვინ მოდის აბანოში, ერთი საათი 20 მანეთი - სთავაზობდა ვიქტორი პირობებს მეძავთა ჯგუფებს.
ზოგიერთები თანხმდებოდნენ, მაგრამ გასამრჯელოს ითხოვდნენ წინასწარ, ვინაიდან ვაგზლის ბოზების კლიენტურა არ იყო საიმედო ხალხი. გარდა ამისა, ეჭვს ბადებს სანოვაგით სავსე დიდი ცელოფნის პარკი, რომელიც აბანოში სრულებით არ იყო საჭირო. მეძავები გრძნობდნენ, რომ ვიქტორი რაღაც სხვას, მათ მიერ გაუთვალისწინებელს გეგმავდა და ეს ასეც იყო, მას ხომ ერთი ქეციანი მანეთიანის მეტი ფული არ ჰქონდა.
ბოზები მოულოდნელად მოსულმა მთვრალმა ზნეობრივმა პოლიციელმა დაფანტა დედის გინებით, პანღურის რტყმევითა და რეზინის ხელჯოხის ქნევით, შემდეგ კი დაცარიელებული "სტაიანკის" შუაგულში ბარბაცით დადგა, კაბურიდან უზარმაზარი რევოლვერი ამოიღო და გამარჯვების ნიშნად ჰაერში გაისროლა.
- წადით აქედან, წადით! - დაიღრიალა მან.
- მორჩა ხორცით ვაჭრობა, წადით! - ყვიროდა ის.
პოლიციელი ახლა კლიენტებს უყვიროდა და ხელში რევოლვერს ატრიალებდა. კლიენტებმაც ნელ-ნელა დაიწყეს და მალე "სტაიანკაზე" თითქმის აღარავინ დარჩა. ვიქტორიც მოერიდა პოლიციელს, უკან დაიხია თავისი პარკით და ზურგით მის უკან მდგომ და განგების ძალით მის მომლოდინე ბანჯგვლაეთეროს მიაწყდა.
- აი ტიტველა ქალიც! - თავის ფიქრებში დასცინა მოქალაქე ვიქტორ ნაზრაძემ საკუთარ თავს.
- წამოხვალ ჩემთან აბანოში? - ჰკითხა მან ბანჯგვლაეთეროს დუმაზე ხელის წავლებით, - შენ იქ დაიბან ტანს, გაიპარსავ, თუ საჭიროა ზოგან დუსტსაც მოიყრი და მერე მე და შენ დილამდე ვისიამოვნებთ ორთქლსა და ქაფში, - ეუბნებოდა გაგიჟებული ვიქტორი ბანჯგვლაეთეროს, - მერე კი დილით მოგცემ ორმოცდაათ კაპიკს და იყავი კარგად! ჯოჯოხეთში შევხვდებით! მოდიხარ?! -
- ჰო-ო-ო!!!
ვიქტორ ნაზრაძემ ბინძურ კისერში წაავლო ბანჯგვლა ეთეროს უხეშად ხელი და პატარა უსუფთაო ვაგზლის აბანოსკენ გაუტია დასაქორწინებლად. ასე კისერში ხელწავლებული მიჰყავდა ნეფეს თავისი კოჭლი, ჭაღარა, წვერულვაშიანი, უსუფთაო დედოფალი. დედოფალს ზურგზე ეკიდა ვაგზლის ტერიტორიაზე შეგროვებული პლასტმასის ბოთლებით სავსე ტომარა, რომლის წართმევასა და გადაგდებასაც უშედეგოდ ცდილობდა ნეფე. ნეფეს, თავის მხრივ, ხელში ეჭირა ცელოფნის დიდი პარკი, რომელშიც იდო საქორწილო საჭმელ-სასმელი, 4 ცალი პრეზერვატივი და მძიმე, ხისტარიანი ჩაქუჩი.
იყო სუსხი. ციოდა.

© “არილი“

No comments:

Post a Comment