ზუსტი მეტაფორის ძიებაში
დავით რობაქიძე, რას ნიშნავს ადამიანი (ლექსები). რედაქტორი ვახტანგ ჯავახაძე. თბ. “სიესტა”, 2007.
ერთი კრიტიკოსი სამართლიანად აღნიშნავდა, რომ თანამედროვე ქართულ პოეზიაში წარმოიშვა ერთგვარი "ცარიელი სივრცე", რომელიც შეიძლება შეივსოს. ეს "ცარიელი სივრცე" დღევანდელი რეალობის ექსცესურ სიმწვავეს, პარადოქსულ ნაირგვარობას, ლამის სრულ ფანტასმაგორიულობას ითვალისწინებს და პოეზიისგანაც შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.
არ ვიცი, შეიძლება ზოგიერთმა იდავოს კიდეც ამ "ცარიელი სივრცის" არსებობის გამო, მაგრამ ერთი რამ ცხადია: დავით რობაქიძის პოეზია ადასტურებს ჩვენი ყოფიერების (კონკრეტულად, დღევანდელობის) პარადოქსულობას და შესაბამისად ეპასუხება კიდეც მას, რითაც "ცარიელ სივრცეს" ავსებს.
მსგავსი ცდები XX საუკუნის 20-იან წლებში არსებობდა და ახლაც XXI საუკუნის პირველ ათეულში საგრძნობლად იკიდებს ფეხს. ოღონდ ერთი საუკუნის ინტერვალი, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა აღიბეჭდოს რამენაირად პოეტურ ცდებში და თამამ ექსპერიმენტებში, ვინაიდან დღევანდელი რეალობა გლობალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანწილად განსხვავდება ასწლეულის წინანდელი რეალობისგან.
დავით რობაქიძე ასოციაციურ სტრიქონებსაც თხზავს, რაც XX საუკუნის ხანგრძლივი გამოცდილებაა. აი, ვთქვათ, უაღრესად ლაკონური ლექსები: "მეთევზე ძილმა ჩაითრია და უცებ ფხიზელი დაიჭირა", ან ასეთი: "კვერცხი დადებითი მოვლენაა", ან კიდევ: "მიცურავს ბატი, ეს ვიცე-გედი".
XX საუკუნის 20-იან წლებში ასოციაციებთან გადაქსოვილი ლაკონიზმი არ არსებობდა, ეს გვიანდელი გამოცდილება რობაქიძემ ევროპული პოეზიის საუკეთესო ნიმუშებიდან გაიზიარა. ამგვარი ასოციაციური დინებები უფრო ვრცელ ლექსებშიც არის გადატანილი.
დავით რობაქიძე სრულიად წინასწარგანუჭვრეტელი პოეტია. მისი ლექსის დასაწყისს ვინც წაიკითხავს, ძნელია წარმოიდგინოს სასურველი გაგრძელება. ზოგჯერ რობაქიძე ისეთ მოულოდნელ სიტყვათშეხამებას, აზრს ან მეტაფორას გვთავაზობს, რომ მკითხველი პირველი წაკითხვისას იბნევა, მეორე და მესამე გადაკითხვა კი ყველაფერს თავ-თავის ადგილს უჩენს.
საინტერესო ლექსია დავით რობაქიძის "ოფშორეული სიყვარული". ლექსის ინტონაცია ნაცნობია და ტრადიციული, მაგრამ ამ ტრადიციული ინტონაციის ჭრილში იმდენად მოულოდნელი სახეები იჩენს თავს, რომ საგრძნობი კონტრასტი ესთეტიკურ ეფექტს ბადებს.
დავით რობაქიძეს აქვს მიძღვნითი ლექსები, მაგრამ ეს მიძღვნითობა სრულიადაც არ არის ტრადიციული. სხვადასხვა ახალგაზრდა ქართველი პოეტების და პროზაიკოსებისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები, თითქოს განკერძოებით დგას და არაფერი აქვს საერთო ადრესატებთან. აქ უფრო ფარული კონტაქტია დამყარებული.
პოეტმა შოთა იათაშვილმა დავით რობაქიძის პოეზიაში კომიკური მეტაფორების პოზიტიური ენერგია შენიშნა. არ ვიცი, შეიძლება ეს თვალსაზრისი ზედმიწევნით ესადაგება კიდეც რობაქიძის პოეზიას, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ხაზგასმული კომიზმი კონკრეტულ შემთხვევაში კომიზმად აღარ აღიქმება, რადგან ავტორის ბუნებრივი და თითქმის მუდმივი მდგომარეობაა. დავით რობაქიძე რაღაც გარკვეულ ხერხს კი არ მიმართავს, ვთქვათ, კომიკურ მეტაფორულობას ან სკაბრეზულ წიაღსვლებს, არამედ ძალდაუტანებლად, შთაგონების ოდნავი ბიძგით წერს ლექსებს და თავის მუდმივ, თითქმის ჩვეულებრივ მდგომარეობას აფიქსირებს.
დავით რობაქიძის პირველივე ლექსი "რას ნიშნავს ადამიანი?" (რაც წიგნის სათაურიცაა) ამჟღავნებს მისი პოეტური აზროვნების თავისებურებას: აქ პოეტური პარალელიზმები პარადოქსებზეა აგებული, განმეორება აძლიერებს მხატვრულ ეფექტს, დამაგვირგვინებელი სტრიქონი კი შინაგანი სამყაროს და საერთოდ ადამიანის ფენომენის აუხსნელობაზე მეტყველებს: "მოზელილი თიხის ცომით კაცის ფორმის ყულაბას რომ გამოაცხობ და როგორ გამოაცხე ვერასოდეს აუხსნი ყველას".
დაახლოებით იგივე პრინციპზეა აგებული ლექსი "იოანეს სიმღერა". აქაც პარალელური სტრიქონები აძლიერებენ ეფექტს და შინაარსი კი პარადოქსულია.
დავით რობაქიძეს აქვს ლექსები, სადაც გაშლილი მეტაფორა მახვილგონიერებას ერწყმის და ყოველივე ამასთან ერთად ნატიფი აზრიც მოძრაობს. ეს უკვე თავისებური ოსტატობაა, ოღონდ ფარული, თითქმის უჩინარი ოსტატობა: "შენ ხარ ურემი. / შებმული გყავს გულისა და გონების ხარი, / ტვირთს გაზიდვინებს უხმო კაცი სახრეთი ხელში, / შენ ხარ ურემი და როდესაც გადაბრუნდები, / გზა გამოჩნდება."
დავით რობაქიძე თავისი თაობის ყველა სხვა პოეტისაგან იმით განსხვავდება, რომ ის მთლიანად ენდობა თავის შინაგან ხმას და ამგვარად მინდობილი მიჰყვება თვითდინებას. ამიტომაც არის ალბათ ამოვარდნილი ნაცნობი ლიტერატურული სამყაროდან და ყველაზე მეტად საკუთარ თავს ჰგავს, რომლის კონტურებიც ჯერ არ არის გამოკვეთილი. ეს კონტურები მაშინ მუქდება და მაშინ იკვეთება, როცა პოეტი ზუსტად ახვედრებს სამიზნეს და ასეთ მეტაფორას გვთავაზობს: "მსურდა ვყვარებოდი კაკლისმურაბისთვალებიან აფრიკელ გოგოს".
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
No comments:
Post a Comment