Thursday, February 19, 2009

ნიკა ჯორჯანელი


















იმ დღეთა ხსოვნას: აფხაზეთი



I

იქ უღვაწია და ულოცავს სიმონ კანანელს.

იქ ნარნარებენ მიდამონი და აქანავებს
პალმებს ზღვაური, ანგელოზის ფრთასავით რბილი.

იქ ბაღის სუნით გაჟღენთილა სახლების ჩრდილი
და სილაჟვარდემ არსებობის სითბო აბევრა.

იქ, უცაბედი, იხელთება ბედის დაბერვა,
რომ გადაესვას ნაზად თითი, როგორც კოლიბრის,

და კვლავ გაიშვას შეკრთომისა და დაბრკოლების
გარეშე წრფელი, მადლიერი გულის ნაწილად

ფრენით ჰაერში ფართო წრეთა შემოსაწერად
სიხარულისგან, სასწაულზე ასე დაგეშილ
კაცს იქ რომ ავსებს – ამქვეყნიურ სულის მხარეში.

იქ ფიჭვის კორომს აცისკროვნებს ჟღერით ორგანი
და ღრუბლებიდან ჩამოდენილ ხმათა როკვანი

ხილულ იქმნიან. ხალისობენ, დუღან, ბრწყინავენ
მუსიკის ფერნი...…თვალთახედვა ახლაც იმავე

თვალისმომჭრელი ნარგიზებით, ბალბით, იებით,
ოლეანდრებით, ვარდებით და ჰორტენზიებით

არის ფენილი, მოქარგული. თუმცაღა თვალწინ
სინამდვილეში მათ ადგილას ცხედრები გაწვნენ.


II

ცამ ფერი იქო.
ბზინავდა მიწა.
ეს მართლა იყო!
ეს იყო რიწა.

იქ მზე და მზვარე
ათასმაგია
და მთათა, მწვანე,
სუფევს მაგია.

ტბა თითქმის სულ არ
ლიცლიცებს და არ
ბგერს. იგი მცურავ
სიზმართა ტბაა.

მხოლოდ დროდადრო
აქა-იქ ცოტა,
შორი, მოდარდო,
ატოკებს ცოდვა.


III

ატმოსფერო ზღვისპირული ჯობია.
არსაიდან, როგორც კადრში სუბტიტრი,
ჩნდები ხოლმე ზღვაზე, სადაც, სულ დიდი,
მუზა არის ყოველგვარი ფობია.
იქ სუყველგან საოცნებოდ მხმობია
რეალობის მოძრაობა ბრუნვითი.
მაგრამ მხოლოდ აფხაზეთში უდრიდი,
სხვაგვარმზიან, სხვაგვარრეალობიან,
სხვაცამრგვლიან აფხაზეთში, შენ მიერ
ზღვის ნაპირზე გულში ნამღერ მშვენიერ,
ტკბილ სიმღერას, რომელიც აწ ხავილით
შეიცვალა, ოხვრა-ტირილს ჩამოჰგავს
და ხველებით ამოგაქვს და ამოგაქვს
სასუნთქ გზებში მოხვედრილი წყალივით.

2007



სტანსები


I

როგორ არა ხარ ჩემთან
და რა ძნელია იყო,
უშენობასთან შერთვამ
რა სიცუდენი მიყო,
ჰყვება გარემო ჭოტის
ბნელში მკივანი ხმით, და
სისხლში ოცნების ხროტინს
ვგრძნობ, და ქვის ვიყო მინდა.


II

არ დამიკარგავს ცნობა.
თუმც დაეკარგა ფასი.
რადგან შენდამი გრძნობა
განკაცდა. ჰოდა, ასე,
უნდა ყოველი დღე იმ
გრძნობის მახვილით მკვეთდეს,
მე კიდევ ვწერო, ე. ი.
ცერცვი ვაყარო კედელს.


III

რაც უფრო შორს ხარ, გეში
მე მით უფრო მაქვს (რუკით
უშენობისა ჩემში
გარკვეული ვარ უკეთ).
რომ ვთხზა და ვხლართო, შემცბარს,
მით მეტ პირობას მიქმნი.
ნუთუ შორს ყოფნას შენსას
რჯის პოეზიის ფიქრი?


IV

როგორც ქურუმი, წლობით
გამოცხადების გაშლილ
მხურვალ ექსტაზში მყოფი
და სამსხვერპლოსთან კვამლში
ჩემი გზა-კვალის მჭვრეტი,
მხედავ, მატყდები, მგუდავ.
ქვისასაც გამხეთქ, წვეთი,
ერთგან მცემელი მუდამ.


V

ვმღერ სველ ასანთის კოლოფს,
გდებულს ქელეხში მერხთან.
ბედნიერება ბოლოს
მთავრდება ხოლმე ფერმკრთალ
ღაწვზე სულ ცოტა ერთი
დაგორებული კურცხლით,
და ეს მე და შენ ჩვენთვის
გადასარევად ვუწყით.


VI

რა გაეწყობა, ის ვარ,
ქონა არ გინდა რისიც,
სადამდეც არ გსურს მისვლა.
თუმცა ერთად ჩვენ ისეც
სულ არ ვუხდებით, და თუ
ვუხდებით – მხოლოდ მკვდრებად,
იმას, რაც ამ ჩვენს ქართულ
სინამდვილეში ხდება.


VII

არც ერთი ჟამი არ ჰგავს
მეორეს. მაგრამ ჩვენი
ყველა სხვას არ ჰგავს, რაღაც
სხვა გულგრილობის მჩენი.
სულ სხვა ხმაური ისმის.
ხვევნაც სხვაა და კოცნა.
ალბათ, ამურმაც ისრის
ნაცვლად ყუმბარა მტყორცნა.


VIII

გულში სხეული შენი
ნაფერები მყავს ისე,
რომ, შემხებთათვის დენის
უნებლივ დამრტყმელს მყისვე,
მოსაფერებელ ადგილს
ვერ მოგინახავს სხვა და
თავგამეტებით გატკენს,
გაკვნესოს მაინც რათა.


IX

რა მომავალი უნდა
ჰქონდეთ კიდურებს, კუნთებს,
თუ უშენობის ტუნდრა
სივრცეს საფუძვლად უდევს,
და თუ თავს ვიქცევ თოვით,
და ქარს აეკრა თუკი
შენ გვერდით წოლის ნდომით
დაბუჟებული ზურგი.


X

მინდა ჰაერი ავქნა.
არყოფნას ჩვენსას ერთად
ვერ წარმოვიდგენ, რა ვქნა,
ვით შავ კლავიშებს თეთრად
ან ანგელოზთა ხორხოცს.
ზიხარ, ტრიალებ, ბარდნი
თვალთახედვაში, როგორც
ოცდამეხუთე კადრი.


XI

გადაფარებულს მძიმედ
პირზე ქსოვილით სქელით,
ბედნიერებას, იმედს
აღარც მაჯაზე ხელით,
აღარც კისერზე ბაგით
არ ესინჯება პულსი.
და შალაშინად აქეთ-
იქით დადიხარ გულზე.


XII

ყრუ სიბნელეა ირგვლივ.
ხედებს, ჯმუხსა და მომსპობს,
კრინტგაუღებლად ვიკვლევ,
ვით კოსმონავტი კოსმოსს;
იმ სხვაობითღა ბედთა,
რომ, გადაყოლილს მითსა
და სინამდვილეს ერთად,
აღარ მიმელის მიწა.

2007



* * *
გ. დ. ხოშტარიას

ზაფხული გადაიქცა კოღოდ.
ბალახზე მიყრილია ხრეში.
წარსული ხელმწიფეა, ოღონდ
გვირგვინით ჩამოშვებულ ხელში.

სანამდე გიხაროდა, ტვირთი
ჩუმ-ჩუმად დაგიმძიმდა. ზარმაც
გარემოს აცოცხლებდი ვიდრე,
მეორემ დაიგრგვინა ზარმაც.

ასეა, ჯეელობის დამლევს
ბოლოჯერ გინათდება პირი.
ცრემლები უბრუნდება თვალებს.
დგახარ და შებრუნებით ტირი.

და, როგორც საუცხოო ქიშმიშს,
ტვინს ღეჭავს საკუთარი აზრი.
ხმაურის ხარვეზიდან ისმის
სიბერის ანტიკური ჯაზი.

2007



© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:

Post a Comment