დაბრუნება ნაცნობ სამყაროში
გელა ოდიკაძე
"ცისფერყანწელები”. ასი ლექსი. შემდგენელი მაია ჯალიაშვილი. თბილისი. "ინტელექტი” 2007.
ერთი საუკუნის შემდეგ ხელახლა ვუბრუნდებით "ცისფერყანწელთა” პოეზიას. მეგაპოლისების ეპოქაში მათი ურბანიზმი მოკრძალებულად გამოიყურება, მაგრამ ეს ხომ დასაწყისი იყო. ეს იყო ურბანისტული ცნობიერების ქართულ პოეზიაში დამკვიდრების პირველი ცდები. ურბანიზმი XX საუკუნის დასაწყისისათვის ჩვენში თავისებურად იკიდებდა ფეხს. ქალაქი ერთდროულად შემზარავ და ამასთანავე მიმზიდველ ადგილსამყოფელს წარმოადგენდა პოეტებისათვის. კოლაუ ნადირაძის ლექსი "ავზნიანი ქალაქი” ასეთი სტრიქონით იწყება: "მე ხშირად მიყვარს ეს ქალაქი მრუში და მყრალი”. უჩვეულო, ფანტასმაგორიული, მომაჯადოებელი სურათია აღწერილი პაოლო იაშვილის ლექსში "ფარშავანგები ქალაქში”. და თუმცა, იგივე პაოლო იაშვილის სხვა ლექსში - "წერილი დედას”- ქალაქის შემზარაობა სოფლის პასტორალურ ფონზეა წარმოსახული, მაინც ერთგვარი მიმზიდველობა ამოიკითხება ურბანისტული გარემოს შტრიხებში. წიგნის წინასიტყვაობის ავტორი მაია ჯალიაშვილი ხაზს უსვამს კრიტიკოს თამაზ ვასაძის სიტყვებს - სიმბოლიზმის სკოლამ "ცისფერყანწელებს” სინამდვილის პირველაღმომჩენთა, პირველმხილველთა ხედვის სიხალასე მისცაო. ჩემი მხრივ, მინდა დავძინო: ეს მახვილგონივრული დაკვირვება, ალბათ, ქალაქსაც ეხება, ვინაიდან "ცისფერყანწელები” ქალაქსაც ახალი, ხალასი და განცვიფრებული თვალითაც კი უმზერდნენ. ქალაქიც იმ სინამდვილის ნაწილი იყო, რომელიც ქართველმა პოეტებმა ახლებურად აღიქვეს.
"ცისფერყანწელთა” შემოქმედების ხელახლა გადაკითხვისას, ნებსით თუ უნებლიეთ, ლექსებს არა მხოლოდ ფორმის დახვეწილობის, არამედ ემოციური შემოქმედების ნიშნით ვაფასებთ. მართლაც, ამ შემთხვევაში, საზომად შეიძლება მკითხველის მეხსიერება გამოდგეს. ის ლექსები, რომლებიც ერთხელ მაინც ცხოვლად აღიბეჭდა მეხსიერებაში, ხელახლა გადაკითხვისას ან იმედგაცრუებას გამოიწვევს ან კიდევ უფრო ცხოვლად აღიბეჭდება. მე, პირადად, ამ წიგნმა ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად წარსული დროის ნოსტალგია და სევდანარევი სიხარულიც მომგვარა. ისევე, როგორც ბევრი ადამიანისათვის, ჩემთვისაც, ამ პოეტებით და ამ ლექსებით იწყება XX საუკუნის ქართული პოეზია.
კრებულის შედგენისას მაია ჯალიაშვილი ცდილობდა, წინა პლანზე ის ლექსები წამოეწია, რომლებზეც აქამდე საგანგებოდ არ გაკეთებულა აქცენტი. მან ამა თუ იმ პოეტის ნაწარმოებთა თავისი არჩევანი, თავის თანმიმდევრობა შემოგვთაზა. ეს ასეც უნდა იყოს და სწორედ ამიტომაცაა (საინტერესო წინასიტყვაობასთან ერთად) ეს წიგნი მნიშვნელოვანი. წიგნს ორგანულად შეერწყა სანდრო ცირეკიძის და სერგო კლდიაშვილის მინიატურები.
ჩემი აზრით, ფაქიზად, დახვეწილი გემოვნების კარნახით არის შერჩეული გრიგოლ რობაქიძის ლექსები. ამ ლექსებში მკაფიოდ გამოსჭვივის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ექსპრესიული ხელწერა. არცთუ იშვიათად, ზერელედ აფასებენ რობაქიძის ლექსებს და ავიწყდებათ, რომ ეს ლექსები განუყოფელი ნაწილია ახალი მხატვრული აზროვნებისა. მაია ჯალიაშვილს მოაქვს ტიციან ტაბიძის სიტყვები: "სიმბოლიზმი ჩვენთან შემოიტანა გრიგოლ რობაქიძემ. ბატონ რობაქიძეზე არ გამართლდა საერთო დებულება, რომ ყოველ ნოვატორს წინ ეღობება გაუგებრობის გალავანი. იმას არაფრად დასჯდომია ძველ ღირებულებათა გადაფასების კადნიერება, ახალ ძიებათა ფეირვერკების გასროლა”.
არცთუ ისე დიდი ხანია, რაც გამოიცა შალვა კარმელის ლექსების სრული კრებული. წინამდებარე კრებულშიც ეს პოეტი თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, სხვა ლექსებს "სემირამიდის ბაღი” უძღვის წინ. ეს ლექსი დღემდე ინარჩუნებს იმ პირველქმნილ მუხტს, რომელიც დაწერის პირველი დღიდანვე ჰქონდა. უაღრესად შთამბეჭდავია პირველივე სტროფი: "გადმოკიდულა ციდან,
სემირამიდის ბაღი,
გულია ერთი ციდა,
და მთისოდენა დაღი.”
კიდევ ერთხელ დავუბრუნდები უკვე ნათქვამს: ამ კრებულის კითხვისას ჩვენ ვამოწმებთ "ცისფერყანწელთა” ლექსების ემოციური ზემოქმედების ხანგრძლივობას. ლექსები იმისთვის იწერება, რომ, უპირველეს ყოვლისა, ემოციურად შეძრას ადამიანები. არსებობს ლექსები, რომლებიც ტექნიკურად უზადოდ არის შესრულებული, მაგრამ გრძნობისმიერი მუხტის უქონელია და არსებობს ლექსები, რომელთაც მცირეოდენი ტექნიკური ზადი აქვს, მაგრამ მძლავრ ემოციურ ფლუიდებს გამოსცემს.
სწორედ ასეთი ემოციური მუხტით არის აღბეჭდილი კოლაუ ნადირაძის წინამდებარე წიგნში შესული ლექსი "25 თებერვალი. 1921”. ყველას კარგად გვახსოვს ამ ლექსის ხელნაწერის შემთხვევითი გამოქვეყნების ისტორია საბჭოთა პერიოდში. დღეს "ცისფერყანწელების” სხვა ლექსებთან ერთად გამოქვეყნებული ეს ლექსი ცხოველმყოფელ შტრიხს სძენს კოლაუ ნადირაძის შემოქმედებას და XX საუკუნის ქართულ კლასიკურ პოეზიაში თავის კუთვნილ ადგილს იკავებს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
No comments:
Post a Comment