Sunday, April 26, 2009

ლაშა ბუღაძე – ვინ გაანაწყენა ქართველი პოეტი


ქვემოთ მოყვანილი მცირე დრამატული ანეკდოტის დაწერა "ცხელი შოკოლადის" ლიტერატურულ დამატებაში დაბეჭდილმა ფართო საზოგადოებისათვის (ანუ, პირველ რიგში, რუსთავი 2-ის მაყურებლებისთვის) უცნობი პოეტების, ფილოსოფოს-ფილოლოგებისა და დაუდგენელი პროფესიის მკითხველების დისკუსიამ გადამაწყვეტინა. იმედია, ჩემი სკეტჩის პერსონაჟების პროტოტიპები ამ ტექსტს დაგვიანებულ საახალწლო საჩუქრად ჩამითვლიან და მომავალშიც ასეთივე ენერგიითა და შემართებით გააგრძელებენ ერთმანეთთან კამათს.


მაშ, ასე - "ვინ გაანაწყენა ქართველი პოეტი?" (პიესა ერთ მოქმედებად)

მოქმედი პირნი:

შათიროვი - პოლემიკოსი

ბუტკოვსკი - პოეტი-აკადემიკოსი

ალექსანდრე ცაცანაშვილი - ქართველი მკითხველი

პოეტი რამაზი - უტექსტო მონაწილე

მოქმედების ადგილი: არა-რუსთავი 2

შათიროვი. (შესცქერის უხილავ პოეტ რამაზს. აღტაცებულია) ოხ, დიდი ხარ, დიდი... ვერაფერს იტყვი...
ალექსანდრე ცაცანაშვილი. (მორიდებით) ვაი, ვაი, ძალიან მაბნევს ეს პოეტური ხაზები! ქალაქელ პოეტთა ხაზი, კი ბატონო, ვიცი, მივსდევ შეძლებისდაგვარად, სოფლურიც... ნუ, როგორ გითხრათ... მესმის, ასე თუ ისე. ვიღებ შინაგნად! (შეხედავს უხილავ პოეტ რამაზს) ესეც, რა ვიცი, თითქოს მიკუთვნებადია, მაგრამ... თქვენ რომ ასე ფიქრობთ? ამ დროს, მჯერა თქვენი... განათლებული ხართ ძალიან, მაგრამ... ნუ... ხომ გესმით!.. დამაბნიეთ!
შათიროვი. (შეამჩნევს ცაცანაშვილს) უი, ეს ვინ გამიცოცხლებია! სალამი, პატარავ. რას ჩივი, აბა გამიმეორე.
ალექსანდრე ცაცანაშვილი. კარგად ვიცნობ-მეთქი ქალაქელ პოეტებს, მრავალხაზოვანები არიან ეგენი... ოღონდ, სხვა და სხვა სიბრტყის. შაიშმელაშვილ-დუნდუკელის ხაზი ცალკეა, მაგალითად, პოეტ-ლირიკოსების... დოკვაძე-ბჟალავა-ფილფანის ცალკე... ესენი პოეტი-ავანგარდისტები გახლავთ... ხოლო გოჩელაშვილი სულ ცალკეა თანამედროვე პოეზიაში... ხომ გეცნობათ ეს გვარები?
შათიროვი. (ეშმაკურად იღიმის) არა. (ამ დროს, ეტყობა, რომ ეცნობა)
ალექსანდრე ცაცანაშვილი. არც ჩიხლოევი გაგიგიათ?
შათიროვი. ვახტანგ გოგუაძის დროინდელ პოეტ-აკრობატს გულისხმობთ?
ალექსანდრე ცაცანაშვილი. დიახ... (პაწია წიგნს ამოიღებს ჯიბიდან) აი, ნაწყვეტი მისი და პოეტ დავით ბარბაქიდი-ტანჯულის მიმოწერიდან: "ბარბაქიდი: მაღიარებ, როგორც მოვლენას? თქვი, თორემ აღარ მოგწერ! ჩიხლოევი: გაღიარებ, მაცალე ერთი წამით..." ხომ შესანიშნავია? აი, ეს თაობა მიყვარს! ეს პოეზია მომწონს! მეც ამათთან ერთად დავვაჟკაცდი, როგორც მკითხველი...
ბუტკოვსკი. (მოულოდნელად შემოდის. გაღიზიანებულია. შათიროვს მიმართავს) ძალიან მაინტერესებს, მე რომელ ხაზს მიმაკუთვნეთ?
შათიროვი. (ზიზღით) არ ვიცნობ პოლონურ პოეზიას.
ბუტკოვსკი. ჰა-ჰა... გამეცინა. მე გახლავართ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ოთხმოცდაათიანელი ქართველი... ფაქტობრივად, მარტო მე, ჯაბა და სიგუა ვიყავით მაშინ.
შათიროვი. აბა, ჩამაბარეთ ზეპირად "წიგნი ფიცისა"! თეიმურაზ მეთოთხმეტეს ლექსების მიხედვით გადაღებული პოეტ გ. ლორთქიფანიძის ფილმი! ჩვენს ძველ შედევრებს არ იცნობთ, თავს კი ოთხმოცდაათიანელ ქართველად ასაღებთ... გულწრფელად მებრალებით.
ბუტკოვსკი. (უყურებს უხილავ პოეტ რამაზს. ირონიით) აჰა, ესე იგი, ეს არის რუსთაველის მემკვიდრე?
შათიროვი. არა, ეს გალაკტიონისაა, რუსთაველის მემკვიდრე ცალკე მყავს შემონახული... გულებს დაგიხეთქავთ, მაცალეთ!.. თუმცა, კიდევ მყავს ერთი - ახალი აკაკი. ბარემ გეტყვით მის სახელსაც - ბატონი სოსო ცინცაძე!
ალექსანდრე ცაცანაშვილი. პოლიტოლოგი?
შათიროვი. დიახ, ახლახანს გავიცანი და აღმოვაჩინე, რომ შესანიშნავი ნარატორია. რომ არ მეზარებოდეს, (კვლავ ეშმაკურად იღიმება, პირზე ხელს იფარებს) მის აპოლოგიასაც დავწერდი. შედევრების ავტორია, შედევრების!.. ეჰ, მიყვარს ამ აპოლოგიების წერა და რა ვქნა!
ალექსანდრე ცაცანაშვილი. ეგ რომელ ხაზშია?
შათიროვი. თქვენ, პატარავ, კათოლიკე ხომ არ ხართ შემთხვევით?
ალექსანდრე ცაცანაშვილი. არა, ხლისტი ვარ... ოღონდ, მხოლოდ როგორც მკითხველი...
შათიროვი. აჰ, მაშინ ვერ გამიგებთ! რომც გითხრათ, აზრი არა აქვს. (ბუტკოვსკის) თქვენ კი ჩამაბარეთ "ცისკარა", რაღას უცდით!
ბუტკოვსკი. (შათიროვს) რატომ თქვით, რომ ბაკურ შალველი კონცეფტუალისტია? ამ განცხადებამ ყველაზე მეტად ამიშალა ნერვები! ის არ არის კონცეფტუალისტი, ის უპარტიოა!
შათიროვი. უკაცრავად, მაგრამ სულ ფეხებზე მკიდია თქვენი წერა-კითხვის უცოდინარი პოეტები! მე დიდ პოეტებად ვთვლი აი, ამ რამაზს, ბატონ სოსო ცინცაძესა და... დამავიწყდა, კიდევ ვიღაც იყო...
ალექსანდრე ცაცანაშვილი. რუსთაველის ძმის შვილი... უფრო სწორად, მემკვიდრე... (უხერხულობისგან წითლდება) უცებ დავიბენი და...
შათიროვი. ხო, მის სახელს ჯერჯერობით არ გავაცხადებ. მაგრამ ის - იცოდეთ - უდიდესია, უდიდესი! უდიდესი ქართველი პოეტია... (კვლავ ეშმაკურად იღიმება და პირზე ხელს იფარებს) თან ჯერ მხოლოდ ოცდაცხრამეტი წლისაა.
ბუტკოვსკი. (მარჩიელობს. თავისთვის) ღმერთო, ნეტავ ვინ არის?! ეგებ ქალბატონი ნაირი მაინც იცნობდეს! ნეტავ რომელ ხაზშია! თუ იქნებ საერთოდ ხაზს-მიღმიერი პოეტია?! ბატონ რობერტ და ქალბატონ ლია სტურუებს უნდა დავურეკო. მათი ხაზია გასამაგრებელი...
შათიროვი. (ამრეზით. ბუტკოვსკის) ინგლისური მაინც გესწავლათ. რუსულიდან რომ თარგმნით ამერიკულ ლექსებს!
ბუტკოვსკი. ჩიხლოევმა იცის!
შათიროვი. რა, ამერიკული?
ბუტკოვსკი. არამხოლოდ! თუკი ოთხმოცდაათიანელთა გარეგნობაზე ვისაუბრებთ, მაშინ გეტყვით, რომ ასეთი გრძელთმიანი მამაკაცი იმ პერიოდში საქართველოში არც დადიოდა...… ამას ხომ მაინც ვერ უარჰყოფთ? ვერა, ვერ დაგვაკნინებთ ოთხმოცდაათიანელებს, სილამაზეს ხომ მაინც ვერ წაგვართმევთ!
ალექსანდრე ცაცანაშვილი. ოჰ-ოჰ-ოჰ, რა მშვენიერი ლექსები იწერებოდა მაშინ! მაგრამ ეხლა ნახეთ, როგორი რადიკალური ვიქნები: ყველაფერი კარგი აქვს რუსთავი 2-ს, მაგრამ პოეტები ნამდვილად არ უვარგა! ამ დროს, მინდა, მეტი სული იყოს რუსთავი 2-ში. უფრო მეტად გასულიერებული პოეზიით გვანებივრებდეს ეს ტელევიზია... მეზიზღება მაგათი პოეტი, მეზიზღება!.. რატომ გამოჰყავთ ასე ხშირად! ნუ მაყვარებენ, დამანებონ თავი!.. (აღელდება, თითქოს ტირილსაც დააპირებს) უკაცრავად... არ ვარ ასეთი გულჩვილი... მეც ოთხმოცდაათიანელი ვარ - თავისებური ჩიხლოევი. ბარბაქიდ-ტანჯულის დიდების მოწმე. არა, ბატონო, არა!.. ვერ გამტეხენ, ვერ შემაყვარებენ ასე ადვილად!
შათიროვი. მაგრამ რამაზს ხომ აღიარებთ გენიად?
ალექსანდრე ცაცანაშვილი. (ცრემლებს იწმენდს) კი, კი, უთუოდ... მართალია, არ მომწონს - რაღაც მეხამუშება მის ლექსებში - მაგრამ გენიად ნამდვილად ვაღიარებ. ფაქტია, დიდია!
შათიროვი. ნურც გივიონ ალხაზისპირელს დავივიწყებთ!
ალექსანდრე ცაცანაშვილი. ოო, ეს სუულ სხვა სიდიდეა... როგორ გეკადრებათ! სულ მახსოვს, სულ!.. გივიონ... აბა რა!
ბუტკოვსკი. (შათიროვს) მოკლედ, დავასკვენი, ცალმხრივი ხართ. ხაზებს არ ითვალისწინებთ.
შათიროვი. კარგი, ენები რომ არ იცით, ამას კიდევ გადავიტანთ, თან ეს, პირველ რიგში, ლეხ ვალენსას საგანმანათლებლო ვაი-რეფორმის ბრალია და არა თქვენი... ერთი მითხარით, ამდენს რომ ლაპარაკობთ, გადაგითვლიათ თქვენი მკითხველები?
ბუტკოვსკი. კი!
შათიროვი. და რამდენი გყავთ?
ბუტკოვსკი. ერთი. აი, ეს! (ცაცანაშვილზე მიუთითებს)
ალექსანდრე ცაცანაშვილი. (დაიმორცხვებს) დიახ... მე ვარ.
შათიროვი. ბუტკოვსკი, ნუ გეწყინებათ, მაგრამ თქვენ არ არსებობთ!
ბუტკოვსკი. კი ბატონო, მაგრამ განა რამაზსაც ეს ერთი არა ჰყავს?
ალექსანდრე ცაცანაშვილი. არა, არა, რამაზზე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას!.. ვაღიარებ, დიდია, მაგრამ, ფაქტობრივად, არც მაქვს მისი ლექსები წაკითხული.
შათიროვი. სამაგიეროდ, მე ვყავარ რამაზს, მე! რამაზსაც, ბატონ სოსო ცინცაძესაც - შესანიშნავ ნარატორს, სხვათა შორის, - და იმ მესამესაც, მეორე რუსთაველს! (წასვლას აპირებს) რამაზ, წამოდი, გენაცვალე...… აქ ჩვენი არ ესმით. (წინ გაიგდებს რამაზს)
ბუტკოვსკი. (მისდევს შათიროვს) ის მაინც აღიარეთ, რომ ლობჟან ლობჟანელი მშვენიერი პოეტია!
შათიროვი. არ ვიცი, სპარსულად არ ვკითხულობ! (გადიან)
ალექსანდრე ცაცანაშვილი. (სცენაზე მარტო რჩება. სასოწარკვეთილი და დამორცხვებულია) მეც ვწერ, ბატონებო, ჩუმ-ჩუმად ლექსებს... მეც კი მაქვს ცოტა ნიჭი. ოთხმოცდაათიანელი ვარ მეც... ეგებ წაგეკითხათ, ა?.. იქნებ ჩემთვისაც გამოგეძებნათ ერთი პატარა ხაზი?


ფარდა

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

3 comments:

  1. ვინ გამოყავთ რუსთავი 2ზე? რომელი პოეტები? რეალური მაგალითებითაც რომ განგევრცოთ პიესა, შეიძლება? ;) :)

    სასაცილოა :)

    ReplyDelete
  2. "meore rustaveli"es gaxlavt avtori poeturi krebulebisa_"zmna","tu","wre".ver vxvdebi,ristvis akritikebs mas moqalaqe cacanashvili;mas vurchevdi kidev ertxel gadaekitxa galaktionis shesanishnavi leqsi "mkitxveli".iqneb amis shemdeg mainc dausvas sakutar tavs kitxva,mkitxvelia is tu mxolod gadamkitxveli.rac sheexeba poet-akademikos butkovskis,kvelaze metad mometsona es personaji:)...vfiqrob, "egzistencialur rxevebs" masshi martoden sakutari shemoqmedeba unda iwvevdes.
    "vin gaanatskena qartveli poeti"-pirdapir shua+gulshi moxvedrili isaria,batono prozaikoso:)

    ReplyDelete
  3. aq ra ambebi datrialebula :)sxvaTa Soris, am polemikis gagrZelebebic daikara blogze, naxeT, gamoTqviT Tqveni azri.

    ReplyDelete