თეა თოფურია
თიხა
თ
თ ი ხ ა
თიხა
სულ პირველი, რაც ახსოვს ეს არის. მაგიდასთან ზის, მზის შუქი პირდაპირ წიგნს ადგას. გარეთ თბილა, შიგნითაც თბილა. დედას დატანჯული სახე აქვს. ოთხი ასო ერთმანეთს ვერაფრით ეკვრება, თ... ხ... თა... თითი გააყოლე, ეუბნება დედა ჩუმად, რატომ არ აყოლებ თითს. ხელს წიგნზე დებს, გამხდარი, საშინლად გამხდარი ხელი აქვს. ეშინია თავისი ხელების, ისევ შარვალში მალავს.
- სად მიგაქვს, თ-ზე დადე, წაიკითხე, მერე! - დედა თვალებში უყურებს, - თ, ი...?
ხელს ჯიბიდან იღებს, ისევ წიგნზე აბრუნებს, ახლა თვალებს ხუჭავს. იმეორებს.
- თ, ი...
- გაახილე თვალები, ხ?
თვალებს ისე ბნიდავს, რომ გამოსახულება აიმღვრეს. გამხმარი ხელი ფორმას კარგავს. ხ, ა...
- თი...
- თიხა.
ეს პირველია, რაც ახსოვს. გარეთ მზიანი, იშვიათად ნათელი დღეა, თერთმეტი წლისაა ამ დღეს.
***
მათი ეზო დასახლებას ამთავრებდა. მერე იწყებოდა დიდი მთა, იმის იქით მდინარე, კიდევ მთა, ტყეები.
ზაქეზე ორსულობისას სესილის ექიმებმა ბევრი მოძრაობა აუკრძალეს. მთელი ცხრა თვე სახლის უკანა აივანზე იჯდა საქსოვით, ზედ დაუხედავად ქსოვდა და თან პირდაპირ აყუდებულ მთას იყო მიშტერებული. ეს მთა მეოთხე მხრიდან ესაზღვრებოდა მის სახლს, შუაში ღობე არ ჰქონდათ და სესილი ხანდახან ვერც არჩევდა, სად მთავრდებოდა მისი ბოსტანი და სად იწყებოდა ტყე.
ზაქე ძალიან დიდი ბავშვი დაიბადა. დედამისს ძუძუს მოსაწოვებლად რომ მოუყვანეს, ქალმა იუარა, ამას ახალშობილის არაფერი სცხია, ჩემი მომეცითო. ძლივს დაარწმუნეს, რომ შვილი ეჭირა ხელში. სახელი მოფიქრებული ჰქონდათ რაღაც, მაგრამ სანამ იტყოდნენ, მანამ დაარქვეს ექიმებმა - ზაქე, ზაქივით ბიჭიაო. შერჩა კიდეც სამუდამოდ.
ზაქე ისეთი ძალის პატრონი იყო, ოჯახში მძიმეს აწევა რომ სჭირდებოდათ, დასახმარებლად ეძახდნენ. ნიჭიერიც გამოდგა, ოთხი წლიდან თამაშობდა ჭადრაკს და ყველა საბავშვო, ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეჯიბრიდან გამარჯვებული გამოდიოდა.
ჭადრაკი მამამ მაშინ ასწავლა, როდესაც სესილიმ მეორე ბიჭი გააჩინა. ზაქე სამეზობლოში ყველა ბავშვს, ხშირად თავისზე უფროსებს, ჯაბნიდა და აწიოკებდა. ხან ერთის მშობელი მოადგებოდათ ზაქესიანებს საყვედურით, ხან - მეორის. ვერც სესილი და ვერც მისი ქმარი შვილს ვერაფრით აჩერებდნენ, ბავშვს თავისი ძალა კარგად ჰქონდა ნაგრძნობი. მალევე მიხვდნენ მშობლები, რომ ზაქესთვის რამე უნდა მოეხერხებინათ, რადგან ის უკვე საბავშვო ეტლს ექაჩებოდა, ჩვილი რომ ძირს გადმოეგდო. ზაქეს ყურადღების სხვა საგანზე გადასატანად მამამ ჭადრაკი გადმოუღო და ასწავლა, დაფაზე რა რის შემდეგ უნდა დაელაგებინა. ის ვერც კი წარმოიდგენდა, ზაქე ასე ადვილად თუ გაართმევდა თავს ამ დავალებას. მაგრამ ბავშვმა ორივე მხარის ფიგურები დააწყო და მოითხოვა, მეთამაშეთო.
ჭადრაკმა შედეგი გამოიღო. ხუთი წლის ზაქეს უკვე თავისი მწვრთნელი ჰყავდა. შვიდისამ შეჯიბრიდან შეჯიბრზე დაიწყო სიარული. უკვე ყველამ წინასწარ იცოდა, რომ ეს ბავშვი მომავალში ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდა და მის მშობლებთან აქედანვე ცდილობდნენ დაახლოებას. მაგრამ ჭადრაკით გატაცებამ ზაქეს ზომა-წონას ბევრი ვერაფერი დააკლო. ის ისევ ვირივით ამტანი და თუმცა ძალიან ნიჭიერი, მაგრამ მაინც ბავშვი იყო, ჭადრაკს და ჩხუბს გადაყოლილი ბავშვი.
მეორეს, რაც ზაქეს გასაჩერებლად მოიფიქრეს, ჩაბრა ერქვა. ეს უზარმზარი, შავი ძაღლი პირაკრული და გათოკილი ჩამოუყვანა მამამისმა. ავიაო, ადრინდელმა პატრონმა უთხრა, მაგრამ გზაშივე მიხვდა კაცი, ჩაბრა ავი კი არა, შეშლილი უფრო იყო. დანამდვილებით არ იცოდა, გადადიოდნენ თუ არა ძაღლები ჭკუიდან, მაგრამ ფაქტია, თუ საერთოდ შეიძლება ძაღლს ნორმალური ფსიქიკა ჰქონდეს, ჩაბრას ამგვარი არაფერი გააჩნდა.
თავიდან ორი ჯაჭვით ჰყავდათ დაბმული, ერთი ყელზე ეკეთა, მეორე - უკანა თათზე. ძაღლი არამარტო სტუმარზე და გამვლელზე, შინაურებზეც იწევდა ხოლმე. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ჩაბრა ყოველ ალიონზე გაშმაგებულ ყეფას ტეხდა და ისე იწევდა, ლამის ორივე ჯაჭვი გამოეგლიჯა. ერთი-ორჯერ შეშინებული წამოცვივდა ცოლ-ქმარი, ეგობათ, ალბათ ქურდი შემოვიდაო, მაგრამ არა. მერე შეამჩნიეს, ახლად ამოსულ მზეს უყეფდა ძაღლი, ამ ცხოველისთვის ისიც კი უცხო და სახიფათო იყო.
გადარეული ჩაბრა პირველი ცოცხალი არსება გამოდგა, რომლის მიმართაც ზაქეს მორიდების გრძნობა გაუჩნდა. პირველად იგრძნო, რომ არსებობს რაღაც მისი მსგავსი და მასზე უფრო თავზეხელაღებულიც. ეს გრძნობა ზაქეს არ მოეწონა და ორი კვირა მარტო იმაზე ფიქრობდა, ცხოველისთვის რა მოეხერხებინა. საბოლოოდ ჯერ თავისი შარვალი და პერანგი ჩაუფინა ხუხულაში, იქნებ სუნს შეეჩვიოსო, ცოტა ხნის შემდეგ კი ჯერაც ჩაუცმელი ფეხსაცმელები შეუყარა. ჩაბრა ერთი კვირა ღრნიდა და ღეჭავდა ორივეს. კვირის შემდეგ ზაქემ დაძენძილი, ბეწვით გავსებული და ძაღლის სუნით აქოთებული ფეხსაცმელები ჩაბრას ისევ ააცალა და ახლა თვითონ ჩაიცვა ფეხზე.
ამის შემდეგ ზაქესაც ჩაბრას მაგვარი სუნი ჰქონდა. ამან ცხოველი ძალიან დააბნია. ვეღარ გაეგო, შეეღრინა მის ცხვირწინ მოსიარულე ზაქესთვის თუ არა. ყოველ შემთხვევაში ძაღლმა ის სხვებისგან გამოარჩია და რაღაც დროის შემდეგ ბოლომდე გაუშინაურდა. მართალია, ნაგაზი სწორედ იმისთვის ჩამოიყვანეს, იქნებ ბავშმა ძალა იგრძნოს და რაღაცის მაინც შეეშინდესო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩაბრამაც ვერ გაამართლა. ზაქეს ცხოვრება ახლა უბრალოდ სამად გაიყო: ჭადრაკი, ჩაბრა და ჩხუბი.
***
იმ დღეს სესილი კარტოფილიან პურებს აცხობდა გაზქურაზე. ბავშვები გარეთ თამაშობდნენ ეზოში. სესილიმ ტაფას დახედა, გადატრიალება ხომ არ სჭირდებაო. მერე სანამ შეიწვებოდა, კედელს იყო მიშტერებული. რაღაც ხაზი აჩნდა შპალერს. დიდი შავი ბუზი ზანტად მიღოღავდა ამ ხაზისკენ. სესილიმ გადაწყვიტა, ეყურებინა, როგორ გადაკვეთდა ბუზი ხაზს. ბუზი ნელ-ნელა მიდიოდა და საბოლოოდ გადასცდა კიდეც.
შემდეგ სესილის მთელი ცხოვრება ორად გაიყო, ხაზის გადაკვეთამდე და ხაზის გადაკვეთის შემდეგ. ის იყო ბუზი მეორე მხარეს გადავიდა, რომ გარეთ კივილი ატეხეს: სესილიიიი...
სესილიმ ხელში შერჩენილი დანა ადუღებულ ზეთში ჩააგდო და გამოიქცა. მისი უმცროსი ბიჭი თავგადახსნილი იწვა ვარდისფერ სისხლში. ზაქე იქვე იყო და ისეთი სახე ჰქონდა, ვერ მიხვდებოდი, რა დაემართა. ყოველი მხრიდან მეზობლები გამორბოდნენ. ზღურბლზე გაშეშებულმა ქალმა მექანიკურად აღიქვა, როგორ დაესია ხალხის ერთი ნაწილი მკვდარ ბავშვს, მეორე კი - ცოცხალს და როგორ შევარდა ზაქე ტყეში.
***
დასახლება სოფლის ტიპის არ იყო და შეშის ჭრით და სოკოს კრეფით თავს მაინცდამაინც არავინ იწუხებდა. ამიტომაც პირველი აგონიის შემდეგ ოჯახის ახლობელმა რომ თქვა, ამას აღარაფერი ეშველება და ახლა ზაქე მაინც მოვძებნოთო, სულ ორიოდე კაცი აღმოჩნდა, ვისაც ტყე ასე თუ ისე ჰქონდა შესწავლილი.
თავდაპირველად ზაქეს მოსაძებნად სამნი წავიდნენ. დანარჩენებს მათკენ არც გაუხედავთ. ზაქე ახლა მკვლელი იყო და მის სახლში მოყვანაზე არავინ შეწუხდებოდა. ის სამი გვიან საღამოს დაბრუნდა ხელცარიელი. ახლა სხვები შევიდნენ ტყეში, მერე კიდევ სხვები. მესამე დღეს უკვე მთელი დასახლება ზაქეს საძებნად იყო გამოსული. ვერსად რომ ვერ მიაგნეს, გადაწყვიტეს, რომ მდინარეში ჩახტა ან ჩავარდა და გვამიც ზღვაში ჩაიტანა წყალმა. საბოლოოდ, მეშვიდე დღეს დააბენეს ძებნას თავი. ყველა თავის სახლში შევიდა და შეიკეტა.
***
სამი დღის დამარხული იყო ზაქეს უმცროსი ძმა, შუაღამისას ტურები რომ აკივლდნენ ტყეში. ზაქეს მამა მეორე სართულის აივანზე იჯდა, ზუსტად იქ, სადაც მისმა ცოლმა ცხრა თვე გაატარა და ისიც წინ ჩამოხვავებულ მთას შესცქეროდა. მთის კონტურები ოდნავ ჩანდა ღამეში. ტურა რომ აკივლდა, კაცი ძალიან დაფრთხა. სხვა დროსაც კიოდნენ ხოლმე, მაგრამ ტურის კივილი ბავშვის ტირილის ხმას ჰგავს და ეს ორი ხმა ერთმანეთში ხშირად გამოცდილ მონადირესაც ერევა.
- სესილი!
- ჰო? - გამოეპასუხა ქალი ოთახიდან.
- უსმინე! ზაქეს ხმა არაა?!
- დაიძინე. ტურაა ხომ იცი.
- ზაქე რომ იყოს?
- მოკვდა ზაქე.
- ვაი და, ვერ მოძებნეს კარგად.
- დაწექი, გეხვეწები.
- ზაქე რომ იყოს?!
კაცმა ჯერ დააპირა დაწოლა, მერე ისევ აივანზე გამოვიდა. ჩუმად აიღო ფარანი, თოფი და თხუთმეტი წუთის შემდეგ სესილის უკვე ტყიდან მოესმა - ზაქეეე, ზაქეეე...
მომდევნო ღამესაც იგივე განმეორდა, იმის მომდევნო ღამესაც. ტურის აკივლებისთანავე კაცი ეგრევე მთას აუყვებოდა ხმის კვალდაკვალ. საშუალება რომ ყოფილიყო, ძაღლსაც წამოიყვანდა, მაგრამ ჩაბრა უკვე კარგა ხანია მის მეგობარ გოგიტას ჰყავდა წაყვანილი სოფელში (ნაგაზის მოშორება აუცილებელი გახდა, რადგან მისი შიშით ხალხი სამძიმარზე ვერ შემოდიოდა). ამიტომ ახლა მხოლოდ ჩანთას აიკიდებდა ხოლმე. ჩანთაში ზაქეს სათამაშოები და ჭადრაკის ფიგურები ედო. ერთ ხელში ფარანი, მეორეში - ქაღალდის პარკი ეჭირა ახლადგამომცხვარი კვერებით. ზაქე მსუნაგი ბავშვი იყო და მამამისს იმედი ჰქონდა, იქნებ საჭმლის სუნზე მაინც გამოვიდესო.
სესილი არაფერს ეუბნებოდა ქმარს. მისთვის ცხოვრება მაშინ დამთავრდა, როდესაც ბუზმა კედელზე ხაზი გადაკვეთა. უხმოდ აცხობდა კვერებს და პარკში ყრიდა. შემდეგ სკამზე იჯდა გაუნძრევლად, სანამ ქმარი, გამთენიისას უკან მოსული, არ დაუძახებდა ხოლმე: სესილიი, არ დაწოლილხარ ჯერ?
- სესილიი! - ეს მეთხუთმეტე დილა იყო ზაქეს დაკარგვიდან. ქმრის ხმა ზღურბლთან ისმოდა.
- სესილი, მომეხმარე!
"ნადირმა დაგლიჯა", გაუელვა მექანიკურად და კარი გამოაღო. კაცს რაღაც ეჭირა ხელში. ის რაღაც ოთახში შემოიტანა და სამზარეულოს მაგიდაზე დააწვინა. სესილის არასდროს ენახა ასეთი გამხდარი ბავშვი.
- ვისია, საიდან მოიყვანე? - ჰკითხა ქმარს გაოგნებულმა.
- ზაქეა, რა მოგივიდა?! შემთხვევით წამოვკარი ფეხი. ცოცხალია. - სხაპასხუპით მიაყარა კაცმა.
სესილიმ მაგიდას შემოუარა. თუმცა ნათურა ჩახჩახებდა, მაინც ასანთს დაწვდა და სახესთან აუნთო. ერთიანად გალურჯებული, შიმშილისგან ცვილივით გამლღვალი ბავშვი ძლივს ფეთქავდა. ყურადღებით ჩააშტერდა და მერე ისე როგორც სამშობიაროში, თქვა: "ეს ჩემი არ არის".
***
ზაქე ერთი თვე იწვა ხმისამოუღებლად. არაფერი ახსოვდა, საკუთარი თავიც კი. თავისი სხეულის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც ხედავდა, საბნიდან ამოყოფილ ხელები იყო და ამ გამხდარი ხელებისაც ზაქეს ძალიან ეშინოდა. საავადმყოფოდან გამოწერისას მშობლებს იმედი მისცეს, რომ ერთ წელიწადში მეხსიერებას სრულად აღიდგენდა. მაგრამ ასე არ მოხდა. ზაქეს ბევრი არაფერი გაუხსენებია, მან უბრალოდ თავიდან დაიწყო ცხოვრება. ხელახლა, ისე როგორც პირველკლასელს, ასწავლეს ანბანი, ლაპარაკი, სიტყვების სწორად წარმოთქმა, ველოსიპედის ტარება... თავიდან წაიკითხა უკვე წაკითხული წიგნები, თავიდან გაიცნო ნათესავები...
სესილი ყველანაირად ცდილობდა, ზაქეში ძველი, მოჩხუბარი და ნიჭიერი ბავშვი აღედგინა. ესწავლებინა ის, რაც ადრე იცოდა, გაეხსენებინა, რაც ადრე უყვარდა ან ეჯავრებოდა. მთელი ერთი თვე ემზადა და მერე ძმაც უხსენა. რატომღაც ეგონა, რომ ზაქე ისევ ტყეს შეაფარებდა თავს, მაგრამ არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს. მას ძმა ისევე ბუნდოვნად ახსოვდა, როგორც ყველა დანარჩენი.
ზაქე უკვე თორმეტი წლის იყო, როცა სესილი ოთახში შევიდა, სადილზე დასაძახებლად. მაგიდასთან მჯარი სუსტი, ფერმკრთალი ბავშვი ჭადრაკის ფიგურებს დასცქეროდა. აშკარად ვერ ხვდებოდა, რომელი სად უნდა დაესვა. სესილიმ თვალნათლივ დაინახა, როგორ მიცოცავს ბუზი ხაზის გადასაკვეთად და უკან გამობრუნებულმა ქმარს უთხრა.
- მეორე შვილიც მომიკლა, ამ არაადამიანმა!
***
ამასობაში კი ხალხი თავის ფარას მწყემსავდა. ზაქეს დაკარგვის შემდეგ დასახლებაში ყველას უძილობა შეეყარა. მთელი ღამეები ერთმანეთის სახლებში დადიოდნენ და იმას არკვევდნენ, ბავშვის სიკვდილში ვინ იყო დამნაშავე. დიდხანს იკვლიეს და დამნაშავეების რიგი საბოლოოდ ასე დალაგდა:
"თავიდანვე მკვლელი იყო ეს ზაქე",
"ბავშვი, რა?! მამამისმა ვერ გაზარდა",
"სესილი სად იყურებოდა?!"
"იმ საცოდავმაც ვერ იყვირა, მკლავენო?!"
"მწვრთნელს მაინც დაეძახა ზაქესთვის სამეცადინოდ”,
"ტარიელა სულ მაგ გზაზე დადის, რაღა იმ დღეს დაიკარგა?!”
"ცხრა თვე მთას რომ უყურა, იმიტომ გაჩნდა ეგ ბავშვი ასეთი დიდი”,
"რაღა იმ დღეს მოუნდა კახის ტარიელასთან ნარდის თამაში?!”...
საბოლოოდ, მკვლელების სია იმხელა გახდა, რომ მასში დასახლების ყველა მცხოვრები კი არა, ლამის ქვა და ღორღიც მოექცა. სიაში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზაქეს შემდეგ მეორე ადგილს ერთი ყოფილი მსახიობი იკავებდა. ამ კაცს ოდესღაც ფადიშაჰის როლი ეთამაშა და კოსტიუმი დღემდე სახლში ჰქონდა შენახული. იმ წელს, როდესაც ზაქეს ამბავი მოხდა, მთელს დასახლებაში ის იყო მეკვლე. თოვლის ბაბუა სჭირდებოდათ ბავშვებისთვის და ამიტომ ყოფილ მსახიობს მიაკითხეს. მანაც თავისი გრძელი ხალათი ჩაიცვა, გადმობრუნებულ ჩალმაში კანფეტები ჩაიყარა და ხალხს ჩამოუარა. მაშინ კი არაფერი, მაგრამ ახლა ყველა იმას ამბობდა, მეკვლედ ყიზილბაში რომ შემოვიყვანეთ, აბა, რა გვეგონაო.
კიდევ ერთი, ვისაც ზაქეს შემდეგ და ხანდახან მასზე ადრეც ახსენებდნენ, მისი აწ გარდაცვლილი ბებია იყო. ხალხის აზრით, ზაქეს მკვლელის გენი სწორედ მისგან ჰქონდა სისხლში.
ეს ქალი სულ ახალგაზრდა გამოთხოვდა დასახლებაში. ერთი ზაქეს მამა გააჩინა და შემდეგ სანამ ასაკი მოუწევდა, ლამის ყოველ წელს იშორებდა ბავშვებს. რამდენი აბორტი ჰქონდა გაკეთებული არც თვითონ ახსოვდა და არც მის გინეკოლოგს. სიკვდილამდე ორი წლით ადრე, ზეზეულად დაეწყო აგონია. სესილის მიუახლოვდა და ჩურჩულით ჰკითხა:
- სკოლაში რატომ გადავედით?
- სად სკოლაში? - დაიბნა სესილი.
- სკოლაში?
- სახლში ვართ, დედა, რა მოგივიდა?!
- აბა, ეს ამდენი ბავშვი როა?
ვერაფერი შეასმინეს დედაბერს. დილით გაღვიძებული კუთხეში მიიყუჟებოდა და ხმას არ იღებდა, გაკვეთილია, ხელი არავის შევუშალოო. საჭმელსაც მხოლოდ "ზარის დარეკვის" შემდეგ ჭამდა. საღამოობით სესილის მიუჯდებოდა მაგიდასთან, დაიდგამდა ჯამით ხმელ ლობიოს, არჩევდა და თან "სკოლის" ამბებს ყვებოდა.
- ძალიან ცელქი ბავშვია, ძალიან, ჯერ ერთხელ დავალება არ დაუწერია.
- რომელი? - ეკითხებოდა სესილი.
- იმას კიდევ თავი ტკივა, გერმანული არ უყვარს.
- რომელს?
- აბა რა ვიცი, სახელები არც ერთს არ ჰქვიათ.
დასახლებაში ამის გამო სკოლის დირექტორი შეარქვეს. კარგა ხანს იყო ასე, ყველგან ბავშვები ეჩვენებოდა, თან ისე გადამდებად, რომ ის ორი წელი სესილი ქმართან აღარ დაწოლილა, სირცხვილია, გვიყურებენო. მეტი როცა აღარ შეეძლო, მოჰკიდებდა ხოლმე კაცი ხელს და ტყეში მიჰყავდა. იქაც საგულდაგულოდ მიიხედ-მოიხედავდნენ და მერე იწყებდნენ ტანსაცმლის გახდას. ზაქეც ასე ჩაისახა, ოფლიან ტანზე მიწებებულ ხიწვებსა და ლაჯებში გაკვეხებულ ფოთლებს შორის. იმდენად მიეჩვივნენ ამ ველურ ალერსს, რომ როცა "სკოლოს დირექტორის" გარდაცვალების შემდეგ სესილიმ საწოლი გაშალა, კაცი ბავშვივით დაიბნა და საკუთარი თავის გასამხნევებლად ჯარისდროინდელი ამბების მოყოლა დაიწყო.
***
მეორე ტალღა მაშინ აგორდა, როდესაც ზაქე იპოვეს. მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ბავშვი, რომელიც დამხვრჩვალი ეგონათ, თურმე ისევ ტყეში იყო. ახლა იმ ხალხის სიამ დაიწყო დაგრძელება, ზაქეს რომ ეძებდა და ვერ მიაგო, მერე იმათმა, ვინც ძებნაზე ხელი ჩაიქნია. ეს სია ძველზე დიდი და თან უფრო ნამდვილი გამოვიდა. ალბათ სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ ზაქეს საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, როდესაც ბავშვი ნახეს, ხმა გავარდა, ზაქე ზაქე არ არისო.
"რა უგავს ზაქესი?!"
"მაგას ზაქეს შარვალი ქორწილშიც დიდი ექნება"
"ჭადრაკის ინჩი არ იცის და ბინჩი",
"უშვილებიათ ვიღაცა და არ უნდათ, გაამხილონ",
"მაგათ ამდენი ხალხი სულელები ვგონივართ",
"მთელი ტყე არ გადავაბრუნეთ, სად იყო თუ იყო"...
ეჭვებს ისიც ამძაფრებდა, რომ ხალხმა ზაქეს პოვნის ამბავი პირველად სანიტარი ელიზბარისგან გაიგო. ეს ელიზბარი იმით იყო ცნობილი, რომ წაღმა არასოდეს არაფერს ამბობდა. იქით წავალო, აქეთ წავიდოდა, ამას ვიზამო, სულ არ იზამდა. შესაბამისად, სიას ესეც დაემატა: "ელიზბარმა თქვა, ზაქეაო, ესე იგი ზაქე არ არის".
- ხალხი ყაყანებს, ვიღაცა იშვილესო, - უთხრა ერთხელაც სესილიმ ქმარს.
კაცმა არაფერი უპასუხა. ისევ მთას უყურებდა ორივე. ეს მთა მათი ცხოვრების უცვლელი პანორამა იყო. ერთი საგნის ყურებამ კი ფიქრების მოძალება იცის და ხანდახან გეჩვენება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც არის, რომ მთაც მთა არაა, შენც შენ არ ხარ. ამგვარ ფიქრებს ცოლ-ქმარი ჯერ კიდევ მაშინ შეეჩვია, უჩინარი ბავშვებით გადატენილ სახლში გვერდიგვერდ რომ იწვნენ და ერთმანეთის მიკარებას ვერ ბედავდნენ. მართალია, ადამიანს საკმარისი გონება არა აქვს, მსგავსი რაღაცეების გასაგებად, მაგრამ აქვს ტკივილი, რომელიც ხანდახან ნისლივით დადის ძარღვებში და ისეთი გაუსაძლისია, რომ ხვდები, ეს ძარღვები, ეს წვრილი, ლურჯი კაპილარები, მარტო ღვიძლს და თირკმელს კი არ აერთებს ერთმანეთთან, არამედ რაღაც უხილავ და უზარმაზარ უფსკრულსაც. ამ უფსკრულს, ადამიანის ამ ორგანოს, სისხლი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, განსაკუთრებული ჭირის დროს პოულობს, რათა ის, რასაც ძარღვები ვერ დაიტევს, შიგ გადაუშვას.
ზაქეს მამაც უფსკრულის მატარებელი იყო და ამიტომ, ხანდახან მყარი საგნებიც კი მისთვის ძალიან არარეალური ხდებოდა ხოლმე. რამდენჯერმე კაცმა მართლაც იფიქრა, ნეტავ მართლა სხვა ბავშვი ხომ არ ვიპოვე ტყეშიო. იცოდა, იგივე ეჭვი ჰქონდა სესილისაც. მაგრამ ეს ისეთი ეჭვია, თავს და ბოლოს რომ ვერ გაუგებ და სინამდვილეში ეჭვს კი არა, უფრო ახალი რელიგიის გამოგონებას ჰგავს.
თავად ზაქე უკვე უმაღლესში სწავლობდა პირველად რომ გაიფიქრა, იქნებ მართლა ზაქე არა ვარო. იმის მერე სულ ცდილობდა, თავისი ბავშვობიდან რამე გაეხსენებინა, მაგრამ იმ მზიანი დღის იქით მაინც ვერ წავიდა, დედა რომ ანბანს ასწავლიდა ხელმეორედ. რაღაცეები კი ახსოვდა, მაგრამ ისე ბუნდოვნად, რომ ვერ გაიგებდი, მართლა ახსოვდა თუ სიზმარში ნახა. ხშირად წამოწვებოდა ხოლმე ჩაკეტილ, ჩამობნელებულ ოთახში და ცდილობდა, გაერკვია, შეეძლო თუ არა კაცის მოკვლა. თითქოს შეეძლო, თითქოს - არა, გააჩნია რას დაუშავებდა. არადა, არც ის იცოდა ვინმემ, რაზე იჩხუბეს იმ დღეს ძმებმა.
მშობლები, ცხადი იყო, სიმართლეს არ ეტყოდნენ. ზაქემ გადაწყვიტა, ისევ სანიტარი ელიზბარისთვის ეკითხა.
- შენ რომ თქვი, ზაქე იპოვესო, ტყუილი თქვი თუ მართალი?
ელიზბარი ღობის წინ იჯდა სკამზე. სულ არ გაკვირვებია ზაქე რომ თავზე დაადგა, ის ერთადერთი იყო დარჩენილი მთელს დასახლებაში, ვისაც მისთვის ეს კითხვა არ დაესვა.
- მართალი ვთქვი.
- სულ ტყუილს რომ ამბობ ხოლმე?
- ტყუილი თქვენ გგონიათ. მე ტყუილს კი არა ვამბობ, შავ ანგელოზს ვაცუცურაკებ.
- ვისო?
- კაცი რომ საქმეს დაადგება, იმას ორი ანგელოზი უყურებს, შავი და თეთრი. შავი სულ იმას ცდილობს, როგორმე ხელი შეგიშალოს. რომ იტყვი, მანქანა უნდა შევაკეთოო, გაიგებს შავი ანგელოზი და სახელოსნოს დაკეტილს დაგახვედრებს. მეც ვიძახი, ძროხა მიმყავს ბაზარში-მეთქი, ხოდა შავი ანგელოზი ბაზარში მიდის, მე - მანქანის გასაკეთებლად. ხალხს კიდევ ჰგონია, რომ ვიტყუები.
ზაქეს გაეცინა.
- აბა, როგორ გავიგოთ, როდის სიმართლეს ამბობ და როდის არა?
- ადამიანი კეთილისა და ბოროტის გამრჩევად იმიტომ არის დაბადებული, ტყუილსაც უნდა ცნობდეს და მართალსაც.
- რა ვიცი, წესია ასეთი, თუ სიმართლის თქმა უნდა კაცს, სიმართლეს ამბობს, თუ ტყუილის - ტყუილს. ასე ხდებოდა მთელს მსოფლიოში და ახლაც ასე ხდება.
- მსოფლიოში კი არა, მეორე მსოფლიოც რომ იყოს და იქაც ასე მოხდეს, მე მაინც ჩემსას ვიტყვი.
- ზაქე იპოვესო, მაშინ არ გეშინოდა შავი ანგელოზის?
- წამომცდა, სიმართლე თუ წამოგცდება თორემ...
- თუ ზაქე ვარ, ზაქე სხვანაირი ყოფილა.
- თიხაა ადამიანი, ხან ისე მოიზილება, ხან - ასე.
- არავის რომ არ სჯერა?
- არ იციან მაგათ, ადამიანი რომ თიხაა.
ზაქემ ამოიოხრა და გამობრუნდა. მაინც ვერ გაიგო, ელიზბარი მართალს ამბობდა თუ ახლაც თავის შავ ანგელოზს ატყუებდა.
იმ ზაფხულს ზაქეს სახლში მამამისის მეგობარი, გოგიტა მოვიდა სტუმრად, თავისი ცოლით და გოგო-ბიჭით. ეს ის გოგიტა იყო ჩაბრა რომ წაიყვანა ადრე თავისთან. ცოტა ხანში შეატყო ზაქემ, სულ სხვაგვარად მისჩერებოდა მას გოგიტას გოგო. ჯერ გაოცდა, მერე დაიბნა. ზაქე ხეირიანად არავის არასდროს ყვარებია და ამიტომ ვერ იგებდა, მისგან რა უნდოდათ...
- ზაქეს უნდა გავყვე! - თქვა უკვე სახლში დაბრუნებულმა გოგომ.
- ზაქეს? - შეიცხადა დედამისმა.
- მიყვარს!
გოგიტამ დაკვირვებით შეხედა.
- რა მოხდა მერე, ზაქე ხომ ზაქე არ არის, - თქვა ბოლოს.
დედა ცოტა ხანს იჯდა ჩაფიქრებული.
- ძალიან გიყვარს?
- კი.
- ვერ გაუძლებ?
- ვერა.
- ზაქე რომ იყოს?
- მოკვდა ზაქე.
- ვაი და, ვერ მოეძებნათ კარგად?
- მთელი დასახლება ეძებდაო, მამამ არ თქვა?!
- ...
***
მანქანა ნელა მიდიოდა ასფალტაყრილ გზაზე. მძღოლი ორჯერ შეჩერდა, ერთხელ ხაჭაპურები იყიდეს, მეორედ - წყალთან. წინ კიდევ ორი საათის სავალი ედოთ. ზაქე უკანა სავარძელზე იჯდა და შუშის ერთ წერტილს მიშტერებული ფიქრობდა. იმ წერტილს იქით ერთმანეთის მიყოლებით გაქრა მთები, ველები. მამა ამბობდა, რომ გოგიტასთან ხშირად დადიოდნენ, მაგრამ ზაქესთვის ეს გზა საერთოდ არ იყო ნაცნობი. შეეცადა, როგორმე ერთი მონაკვეთი მაინც აღედგინა გონებაში, მაგრამ ამაოდ. გაეცინა: ზაქეს ორ საათში ცოლი უნდა მოეყვანა, ის კი ჯერ არ იცოდა, მართლა ზაქე იყო თუ არა. ისევ გზის გახსენება სცადა, მაგრამ სულ სხვა რამ, ერთი ძველი ზღაპარი გაახსენდა:
ქალი ქმართან და ძმასთან ერთად მოდის. წინ მტერი შეხვდებათ. გაიმართება ბრძოლა და ქმარსაც და ძმასაც ორივეს თავებს დააჭრიან. ქალი ატირებული ზის და ამ დროს რომელიღაც ფრინველი ჯადოსნურ ბალახს მოუტანს, კისერზე მიუსვ-მოუსვამ და გამრთელდებაო. ისიც წააცხობს ბალახს ორივეს და დაადგამს თავებს. გაცოცხლდებიან და თურმე სიჩქარეში ქმრის თავი ძმისთვის დაუდგამს, ძმის - ქმრისთვის...
მერე მთელი ზღაპარი ქალი ბრძენიდან ბრძენთან დადიოდა და ეკითხებოდა, ქმარი რომელია და ძმა რომელიო. ზაქემ ისევ გაიცინა. ვისი ცოლი გამოდიოდა გოგიტას გოგო, ზაქესი თუ ზაქესი. მიდი და იკვლიე. თქვა კიდეც ელიზბარმა, ანგელოზი ან შავია ან თეთრი, ადამიანმა კი მუდმივად ტყუილ-მართალი უნდა არჩიოსო.
"რაღა მაინცდამაინც ადამიანმა, ღმერთო", გაიფიქრა ზაქემ და უკვე გაჩერებული მანქანიდან გადმოვიდა. ჩაბრა ყეფით მოაწყდა ჭიშკარს. მერე უეცრად დაშოშმინდა ზაქეს დანახვაზე, კუდის ქიცინით ფეხებთან დაუწვა მოსულს. ზაქეს ყურადღება არ მიუქცევია, ჭიშკარი მიკეტა და გოგიტას სახლისკენ მიმავალ ბილიკს დაადგა.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:
Post a Comment