Thursday, April 16, 2009

ლევან ორახელაშვილი – ნიკიტა


ასეთი დაამახსოვრდა მამა. მუდამ ხალისიანი, უკან გადავარცხნილი ხშირი, ქერა თმითა და ლაჟვარდოვანი თვალების კუთხეებში, ალბათ, ხშირი, გულიანი ღიმილისაგან ნაოჭებგაჩენილი. სამხედრო ფორმით შემოსილი ძლიერი სხეულით, ფართო, ამოზნექილ მკერდზე მკაცრი თანმიმდევრობით მიბნეული ჟღარუნა მედლებით, სამხრეებიდან თვალისმომჭრელად მოელვარე ვარსკვლავებით.
ყოველ კვირა დღეს, მამის ღონიერ მკლავზე ჩამომჯდარი მიემართებოდა გასართობად და სახალისოდ მაქსიმ გორკის სახელობის პარკისკენ. გზად, მის გულზე მიბნეულ ჯილდოებს ათამაშებდა პატარა თითებით, თან ოდეკოლონისა და თამბაქოს დაუვიწყარ სურნელს ისრუტავდა. ამაყად გადაჰყურებდა სიმაღლიდან "ფეხითმოსიარულე" თანატოლებსა და "სამოქალაქოში" გამოწყობილ მათ მამებს. ყველაზე მეტად კი ის მოსწონდა, მხედრულ სალამს რომ აძლევდა მამა ქუჩაში შემხვედრ სხვა სამხედროებს. მერე პარკის შესასვლელთან ჩერდებოდნენ ცოტა ხნით. აუცილებელი ნივთები უნდა შეეძინათ: დიდი, წითელი საჰაერო ბუშტი და პატარა, რეზინის ძაფზე გამობმული მოელვარე, მოუსვენარი და ონავარი ბურთულა. უკვე ამგვარად აღჭურვილნი მიემართებოდნენ პარკის სიღრმისკენ. მიდიოდნენ წითელი აგურის ნატეხებით დაფარული გზა-ბილიკებით უზარმაზარ, მწვანით შემოსილ შრიალა ხეებს შორის, რუპორებიდან გადმოღვრილი მხიარული მუსიკის თანხლებით.
ენითაუწერელი ჟრუანტელი უვლიდა მუცლის არეში, როცა ქარზე უსწრაფესად ტრიალებდა უზარმაზარ წრეზე მამას მიხუტებული. ხეების ფოთლები ლამის სახეზე ეხებოდნენ. პატარა გოგონების წივილ-კივილი კი კარუსელის ძრავის გუგუნს ფარავდა. მერე, როგორც წესი, "ეშმაკის ბორბალზე" სხდებოდნენ და იქ უკვე ნე-ნელა ტრიალებდნენ, ოღონდ სხვა მიმართულებით. მთელ ქალაქს ხედავდნენ ზემოდან. მწვანეში ჩაფლულ რუხ სახლებს, აქა-იქ ამოზრდილ ოქროს გუმბათებს, წითელი კრემლის კონტურებს.
ერთხელ ამ სანახაობით გაოცებულს უთხრა მამამ:
- ნიკიტა, შვილო, მოვა დრო და შენც იფრენ ჩემი თვითმფრინავით.
ძალზე სერიოზული ხმა ჰქონდა. არ იღიმოდა. თანაც ისე ელაპარაკებოდა, როგორც მამაკაცი მამაკაცს. მეორე დღეს კი, სამსახურში წასვლის წინ, ჭერისკენ ასტყორცნა ძლიერი ხელებით. დაიჭირა, გულში ჩაიკრა და მაგრად აკოცა. ვარდნისაგან გამოწვეული ჟრუანტელი ჯერაც არ ჰქონდა განელებული, მამა რომ წავიდა. წავიდა და მას მერე აღარ გამოჩენილა. დედა კი სულ ტიროდა და ტიროდა. ერთ კვირა დილას კი ვიღაც კაცებმა პატარა ურნა მოიტანეს და ოთახის შუაგულში დადგეს. მერე სამხედროები მოვიდნენ. მკლავებზე შავი ლენტები ჰქონდათ შემოხვეული და ჩუმად იდგნენ. ცოტა ხანში კი ურნა წაიღეს. დედაც მათ გაჰყვა. როცა დაბრუნდა, ის ბაშვებთან ერთად თამაშობდა ეზოში დაყრილ სილაში. სველი სილისგან რაღაც ფიგურების გამოძერწვას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა, ნაძერწი თითებშივე ეფშვნებოდა. მერე დედა მოვიდა და ჩაიხუტა. მიხაკების სუნი ასდიოდა. იმ დღიდან მოყოლებული "კომუნალკის" ტუალეტში იკეტებოდა ხოლმე დედა და იქ ტიროდა. მარია ევდოკიმოვნა კი წარამარა უბრახუნებდა კარზე და უყვიროდა.

* * *

ნიკიტა მაქსიმ გორკის ქუჩაზე "ელისეევსკი" მაღაზიის ვიტრინის წინ იდგა. იქ გამოფენილ, შუშის უზარმაზარ ლარნაკებში ჩაწყობილი კანფეტებისთვის დაედგა თვალი. ყველაზე მეტად "დათუნია" იზიდავდა. ლამაზად გაფორმებულ ქაღალდში გახვეული ხრაშუნა შოკოლადის და ვაფლის მსუქანი ნაჭერი. - ნეტავ, ეს დედაა თუ მამა? - გულმოდგინედ დააკვირდა ნიკიტა სქელი, დაორთქლილი შუშის მიღმა, ფიჭვნარში მოთამაშე ბელებს და თითქოს მათ სადარაჯოზე მყოფ დიდ მურა დათვს. მაგრამ ვერაფერი გაარკვია. ადგილზე ხტუნაობა დაიწყო სუსხით შეწუხებულმა. ასფალტი ისეთი მოყინული იყო, რომ ფეხსაცმლის ლანჩები ზედ ეკვროდა.
"ელისეევსკის" კარი გამუდმებით იღებოდა და იხურებოდა. საკონდიტრო ნაწარმის ვანილოვან არომატში შეზავებული შებოლილი ძეხვეულისა და ლორის მჭახე სუნი იღვრებოდა ქუჩაში. რამდენიმე მაწანწალა ძაღლი "მორიგეობდა" მაღაზიის წინ. აღგზნებულნი მიდი-მოდიოდნენ, ხარბად იყნოსავდნენ სველი ცხვირებით ჰაერს. დაბჩენილი ხახებიდან ორთქლის დიდ ბოლქვებს უშვებდნენ, თან ნაწყვეტ-ნაწყვეტ წკმუტუნებდნენ, თითქოს ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. ხალხის უწყვეტი ნაკადი მიედინებოდა ქუჩაში. ყველას სადღაც ეჩქარებოდა. ყინულზე მიასრიალებდნენ ფეხებს. ზოგიერთი მათგანი "ელისეევსკისთან" ამუხრუჭებდა და იქ შედიოდა. ნიკიტა მოსწყდა როგორღაც ვიტრინას და იმ ზოგიერთებს შეუერთდა.
უზარმაზარი ჭაღებით განათებულ თბილ დარბაზში აღმოჩნდა. ნახერხმოყრილ მარმარილოს იატაკზე მიაბიჯებდა. ოდნავ დაბნეული. არ იცოდა, საით წასულიყო. ფეხის წვერებზე აწევას და ამგვარად "დათუნიას" ძებნას აზრი არ ჰქონდა. პატარა ვერაფერს დაინახავდა. ნელ-ნელა მიიკვლევდა გზას გაუთავებელ რიგებში მდგომ თუ მოძრავ ხალხს შორის. პირამიდებად დაწყობილი გაპუტული ბატების რიგს ძეხვის, თევზეულისა და სპირტიანი სასმელების რიგები ენაცვლებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, დარბაზის ცენტრს მიაღწია. ჭერამდე აზიდულ საახალწლო ნაძვის ხეს წრე დაარტყა. მხოლოდ ერთი წამით შეჩერდა, უნდოდა ზედ დაკიდებული ფერად-ფერადი სათამაშოები შეეთვალიერებინა, მაგრამ მყისვე მუჯლუგუნი მიიღო ვიღაც გატენილი პარკებით დატვირთული მომხმარებლისგან. მარცხნივ გადაუხვია თავისდაუნებურად და საკონდიტრო ნაწარმის სექციასთან ამოჰყო თავი. კილომეტრიან რიგში დადგა. როცა ჯერმა მოუწია, აუხსნეს, რომ ჯერ სასაქონლო ჩეკი უნდა აეღო. წავიდა პატარა, გაუბედავი ნაბიჯებით, სალაროს მიაგნო და კვლავ რიგში ჩადგა. ხელში თავისი რკინის მანეთიანი ჩაებღუჯა. ასე ნელ-ნელა მიიწევდა წინ. სულ ცოტა უკლდა სალარომდე, როცა წინ მდგომი მამაკაცი მისკენ შემობრუნდა. ალბათ, უნებურად. აათვალიერ-ჩაათვალიერა და რიგს მიმართა: "ამხანაგებო, ეს ყმაწვილი ურიგოდ გავუშვათ!" "როგორ? რატომ? ჩვენც გვყავს სახლში ბავშვები! ახალ წელს მეტროში შევხვდე? ეს მოქალაქე, მგონი, დილიდან ზეიმობს!" - გამოცოცხლდა გაქვავებული რიგი. მერე ვიღაც ენერგიულმა ბებიამ ყველას ხმა გადაფარა: "გავუშვათ ურიგოდ რა თქმა უნდა, თუ ეს ვაჟბატონი თავის ადგილს დაუთმობს, თავად კი რიგის ბოლოში გადაბრძანდება!" "რატომაც არა, ასეც ვიზამ!" - აუღელვებლად წარმოთქვა მამაკაცმა. მერე ჩაიცუცქა, ნიკიტას თვალებში ჩახედა, გაუღიმა, ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა და გაუჩინარდა. საოცრად ჰგავდა მამას, ოღონდ მისგან განსხვავებით არყის სუნი ასდიოდა.
"ერთი მანეთის "დათუნია", თუ შეიძლება!" - ახალგაზრდა, თეთრ ხალათში გამოწყობილმა ქალმა რკინის მანეთიანი ხურდა ფულით სავსე უჯრაში ჩააგდო. ზარითა და წკარუნით ამოარტყა ჩეკი სალარო აპარატიდან.
ეს რკინის მანეთიანი შემთხვევით, მაგრამ დამქანცველი შრომის ფასად იშოვა ნიკიტამ. "მოდი, შვილო, მომეხმარე, ცოტაოდენი საქონელი მაქვს ფარდულში შესაზიდი, ეს ოხერი მუშები კი დილიდან გაილეშნენ, ეშმაკმა წაიღოს მაგათი თავები!" ამ სიტყვებით გააჩერა ქუჩაში მიმავალი ნიკიტა ვიღაც მხრებზე ძვირფასქურქშემოცმულმა ქალმა. რამდენიმე საათის განმავლობაში ეზიდებოდა ხილ-ბოსტნეულის ფარდულთან მიყენებული საბარგო მანქანიდან მჟავე კიტრით სავსე ქილებს. საწყობში ალაგებდა. ის ქალი კი წარამარა ეუბნებოდა, "ფრთხილად, ბიჭუნავ, არ გაგიტყდეს, ძვირფასი საქონელია, განსაკუთრებით ამ დღეებში". არც ერთი ქილა არ გაუტეხავს. მერე იმ ქალმა კაბინეტში შეიყვანა, კარადა გამოაღო და იქედან ფული აიღო. სამმანეთიანი. მერე გაეცინა, ფული უკან დააბრუნა, ქურქის ჯიბეები მოიქექა, რკინის მანეთიანი მისცა და უთხრა, "ქაღალდის ფული ნამდვილად გაგეხევა, აი, რკინის კი სულ სხვაა". კმაყოფილი წამოვიდა იქიდან ნიკიტა. ჯიბის ფული ჰქონდა ამჯერად. არა, უქონლობას არც უჩიოდა, უბრალოდ, მის სახარჯოს დეიდა ირინას უტოვებდა ხოლმე დედა. მეზობელს. ტელეფონის აპარატთან ყველაზე ახლოს რომ ცხოვრობდა, აი იმას. იმიტომ უტოვებდა, რომ თვითონ დიდი ხნით მიდიოდა ხოლმე. მამა რომ სამსახურში წავიდა და აღარ დაბრუნდა, იმ დღიდან ცოტა ხანში მუშაობა დაიწყო დედამ. შორი სვლა-გეზის მატარებელზე იშოვა გამცილებლის ადგილი. რამდენიმე დღით უწევდა გამგზავრება. მერე ისევ ბრუნდებოდა პროდუქტებით გატენილი ჩანთით. დეიდა ირინა კი მხოლოდ მოხარშულ კარტოფილს აჭმევდა. ზოგჯერ კი ისიც ავიწყდებოდა. ეს მხოლოდ იმ დღეებში ხდებოდა, როცა მისი ოთახიდან ხარხარისა და ჭიქების წკრიალის ხმა გამოდიოდა, ხოლო მარია ევდოკიმოვნა კარზე უბრახუნებდა და უყვიროდა. ამ დროს ყველაზე მეტად ენატრებოდა დედა. დედა სულ, სულ პირველად რეისში იმ დღეს წავიდა, როცა ნიკიტა პირველ კლასში ჩარიცხეს. ახლადგაუთოვებული თეთრი პერანგი ჩააცვა მაშინ დედამ, გულმოდგინედ გადაუვარცხნა ქოჩორი და აკანკალებული ხმით უთხრა: "ნიკიტუშკა, შვილო, არ დაიჯერო, არ შეგეშინდეს, არ სთხოვო... ასე იცხოვრე". მანაც იქვე ჩაიბეჭდა ტვინში დედის ნათქვამი. თავისებურად გაიგო. არ დაიჯერა, რომ დედა არ დაბრუნდებოდა მამასავით და არც შეშინებია, ამიტომ არც უთხოვია, არ წახვიდეო. მას მერე უკვე სამი წელი გავიდა. მეოთხე კლასში გადავიდა...
სასაქონლო ჩეკი მიაწოდა გამყიდველ ქალს. მან თავი გააქნია, ჩეკი რაღაც წვრილ რკინაზე ჩამოაცვა, რამდენიმე "დათუნია" დაყარა სასწორის ერთ მხარეს, ღრმად ამოიხვნეშა და სასწორის ისრის გაჩერების მოლოდინში გაქვავდა. მერე ორი "დათუნია" მოაკლო, მერე კიდევ ერთი. სულ ორი ცალი დარჩა. "შეგიფუთოთ თუ ჯიბით წაიღებთ?" "გმადლობ, დეიდა, ჯიბით წავიღებ".
ხრაშ-ხრუშ, ხრაშ-ხრუშ, თვალდახუჭული ღეჭავდა უგემრიელეს ლუკმას "ელისეევსკის" წინ მდგარი. მერე თვალები გაახილა. ჯიბეში ღრმად შენახულ "დათუნიას" ხელი მოუჭირა და შინისკენ გაემართა. გამთბარი შენობიდან ახლადგამოსულს განსაკუთრებულად შესცივდა. ცოტა იარა და ხელმარჯვნივ შეუხვია სუსტად განათებულ ვიწრო ქუჩაზე. ამ ქუჩას ჩაამთავრებს, ერთსაც შეუხვევს და მორჩა. უკვე შინ იქნება. ნელა უწევს სიარული. ასფალტია მოყინული. სახლში რომ მივა, ჯერ გათბება, მერე დაჯდება და ზღაპარს დაწერს აი, ამ დათუნიების ოჯახზე, ტყეში რომ ცხოვრობენ. ნატალია პეტროვნამაც ხომ დაავალა, არდადეგებზე თემა დაწერეო. ჰოდა, დაწერს. ჯიბიდან კანფეტი ამოიღო, შეათვალიერა და ისევ უკან ჩააცურა. ყველა ბელი ადგილზე იყო. არა, დღეს ვერ დაწერს, ახალი წელია. მერე დაწერს. ხვალ ან ზეგ. როცა გაიზრდება, საბავშვო მწერალი გახდება, ან მფრინავი, მამასავით. ან სულაც მფრინავი მწერალი. რა, არ შეიძლება?
პატარა, გათოშილი თითებით ყინულიდან სანახევროდ ამოჩრილი ქვა ამოაძრო და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, გაისროლა შუაგულ ქუჩაში მუშტივით შეკრული თვალებმოელვარე შავი კატისაკენ. არა, კატას კი არ ესროლა, ისე, მის დასაფრთხობად. წინ რომ არ გადაერბინა, თორემ ცუდად ჰქონდა დაცდილი. აი, ამას წინათ სკოლისკენ მიმავალს გზად გადაურბინა და ორიანი მიიღო არითმეტიკაში. თეთრი ან ჭრელი კატა ნამდვილად დაფრთხებოდა, უკან გაიქცეოდა. ეს კი არც ინძრევა ადგილიდან. წევს და თვალებს აელვარებს. ნატყორცნი ბრტყელი ქვა კი ისე მიხტის და მისრიალებს მოყინულ ასფალტზე, როგორც წყლის ზედაპირზე. მერე შუშის ჩამსხვრევის ხმა და ისეთი ყვირილის ხმა ისმის, მარია ევდოკიმოვნამ რომ იცის.

* * *

"ზოგს მღვდელი უყვარს და ზოგს მღვდლის ცოლიო". ვასილიჩს მღვდლის ცოლი უყვარდა. ოღონდ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. სისხლიანი გარდაქმნების, საყოველთაო შეშლილობისა და განუკითხაობის ეპოქაში. როცა ეშმაკისეული სიტყვა, ტყვია და ფოლადი ბატონობდნენ პლანეტის ნახევარზე. როცა ტყვიააცდენილთ შიმშილი ცელავდა და იქვე ჰყრიდა თვალუწვდენელ სტეპებსა და დიდი მდინარეების ნაპირებზე, ხოლო გადარჩენილთ ძალა არ შესწევდათ საფლავების გასათხრელად...
ახალგაზრდა ვასილიჩს სოფლის მღვდლის, თევდორეს ცოლი იმთავითვე, წითელი კომისრების მოსვლამდე უყვარდა. მალულად, ყველასგან დაფარულად. მუდამ აჩრდილივით დასდევდა სავსემკერდიან, ფართოთეძოებიან ნადეჟდას. სექტემბრის წვიმიან დღეებში ტყის სულივით ჩაუსაფრდებოდა ხოლმე სოკოს და კენკრის საკრეფად მიმავალს. ხშირ შამბნარში მიმალული ან სულაც ნამქერივით წვრილი წვიმის წვეთების ფარდას ამოფარებული უმზერდა მკლავებდაკაპიწებულ, ხან წინ გადაზნექილ და ხან განზე ფეხებგაშლილ ჩაცუცქულ ქალს. ზაფხულის ცხელი საღამოები კი მისწრება იყო ვასილიჩისთვის. ტყის სულიდან წყლის სულად გარდაიქმნებოდა ხოლმე და ახლა უკვე მახლობელ ტბასთან, ლელიანში ჩაბუდებული ზვერავდა თმაგაშლილ, დედიშობილა ნადეჟდას, ალივით რომ ცურავდა გამჭვირვალე წყალში. ხშირად მღვდელ თევდორესაც სტუმრობდა ვასილიჩი. ძირითადად სანთლის საყიდლად მიდიოდა ხოლმე მასთან. ის ორი-სამი წუთიც საკმარისი იყო დიასახლისის სათნო და მორჩილი სახით დატკბობისათვის. რატომღაც ყველაზე მეტად ეს ახელებდა ვასილიჩს. მისი სახის გამომეტყველება...
"ეჰ, რაც იყო, იყო", ხელი ჩაიქნია ვასილიჩმა. ამ მოგონებების განდევნა სურდა. კიდევ ერთი ჭიქა არაყი დაისხა და გადაჰკრა. მაგიდისკენ დაიხარა და გაზეთზე მიკრულ დამარილებულ ქაშაყს დაყნოსა. ვერ ერეოდა აშლილ ფიქრებს.
...მერე სოფელში წითელი კომისრები მოვიდნენ. ხის მორებით შეკრული ეკლესიის ეზოში დაიბარეს მოსახლეობა. აუხსნეს პირდაბჩენილ ხალხს, ქვეყანაში ახალი, ბედნიერი ცხოვრება იწყებაო. ისიც უთხრეს, ფხიზლად იყავით, ყოველი ბუჩქის უკან მტერი გვყავს ჩასაფრებულიო. მაშინ ვასილიჩმა ერთი რამ გაიგო ყველაფერზე უკეთ - "ძირს მეფე, ძირს მღვდელიო". მეფე ნაკლებად ანაღვლებდა, მღვდლის შესახებ კი რამდენიმე კითხვა დაუსვა სიტყვით გამომსვლელებს. გამომსვლელებმა პასუხად პროტოპოპი თევდორე საბძლიდან გამოიყვანეს და ერთ-ერთმა მათგანმა, ასე ჩვიდმეტიოდე წლის ბიჭმა "მაუზერის" ტყვია დაახალა კეფაში. მოხუცები მალულად იწერდნენ პირჯვარს, ახალგაზრდებმა კი სხვა სოფლის საზღვრებამდე გააცილეს წითელი კომისრები აკორდეონისა და არყის თანხლებით. ორიოდ დღეში კი კავალერისტის ჩექმებსა და შავ, ტყავის ქურთუკში გამოწყობილი ნადეჟდა ეკლესიის სოფლსაბჭოდ გადაკეთებას ხელმძღვანელობდა, თან ხალხს წერა-კითხვის შესწავლისაკენ მოუწოდებდა. ვასილიჩს კი თავად ამეცადინებდა ხოლმე გვიანობამდე. კარგად ახსოვს ვასილიჩს ეს გაკვეთილები. სწორედ მაშინ დაწერა პირველი ლექსი მშრომელი ფუტკრისა და ყვავილის იდუმალ სიყვარულზე, რომელმაც ადამიანის დოვლათის მატებაში ჰპოვა ხორცშესხმა. ეს ლექსი მაშინ რაიონულ გაზეთში დაიბეჭდა და სახელი გაუთქვა ვასილიჩს, როგორც ნიჭიერ პოეტს...
"ბუმბულივით მსუბუქი იყოს შენთვის მშობლიური მიწა, ჩემო ნადეჟდა". ხმამაღლა, დაზაფრული ხმით წარმოსთქვა ვასილიჩმა. მერე ცარიელი ჭიქა ღონივრად დაჰკრა მაგიდას და საკუთარი სახელო დაყნოსა. დიდხანს ყნოსავდა. გულში ცეცხლი ენთო ვასილიჩს. კარგად უწყოდა, რა ცეცხლიც სწვავდა. სკამიდან წამოდგა და კოჭლობით დაიწყო აქეთ-იქით სიარული. გონებაში სასურველი სიტყვების გარითმვას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. ძლიერ უჭირდა ახალი სიტყვის თქმა. აქამდე, თავის ეპოქას ფეხშეწყობილი უმღეროდა ტრაქტორსა და კომბაინს, მერე ქალაქში გადაბარგებულმა და ქვეყნის ინდუსტრიული განვითარებით ფრთაშესხმულმა ბულდოზერებსა და ფაბრიკა-ქარხნებს მიუძღვნა თავისი შემოქმედება... ასე წინ და უკან დაიარებოდა ოთახში კოჭლობით და ამ ახალი წლის ღამეს მისი ცხოვრების მანძილზე პირველად შობილი უბრალო ადამიანური გრძნობის ქაღალდზე გადატანა სურდა. ბოლოს უშედეგობით დარეტიანებული კვლავ სკამზე დაეშვა და ბოთლს წაატანა ხელი. "არა უშავს, ვასილიჩ, ეს მხოლოდ დიდი ქარტეხილის წინ ჩამოწოლილი სიჩუმე და მყუდროებაა!" - თავის თავს შეუძახა რიხიანად. თუმცა თავად გრძნობდა, რომ ტრაქტორებში ჩარჩენილმა მისმა პოეზიამ დიდი ხანია თავის დრო მოჭამა. ახალი ეპოქა სუფევდა. "ყველაფერი დაწერეს უკვე ამ ოხრებმა, ყველაფერი და ყველაფერზე. მე კი უკვე ჩამქრალი პაპიროსის ნამწვი ვარ". პესიმიზმი შეეპარა დიდი ქარტეხილის წინ ჩამოწოლილ სიჩუმეში. მერე სკამიდან წამოდგა, ისევ გაიარ-გამოიარა ნახევარსარდაფში მოწყობილ საცხოვრებელში, ერთადერთი ფანჯრის ქვეშ დადგმული შეშის ღუმელის კარი გამოაღო და ორი ღერი შეშა შეუკეთა. პატარა ოთახში კიდევ უფრო დათბა.
...ოქტომბრის მზიანი დილა იყო. ოდნავ იკბინებოდა შემოდგომის სუსხი. ვასილიჩი და ნადეჟდა ცხენშებმულ ფორანზე ისხდნენ და ნელ-ნელა, რწევა-რწევით შორდებოდნენ უღრანი ტყეებითა და მრავალი ტბორით გარშემორტყმულ მშობლიურ სოფელს. რაიონულ ცენტრში მიდიოდნენ. ნადეჟდა გაუთავებლად ლაპარაკობდა. საკუთარ თავზე, ვასილიჩის პოეზიაზე, მათ როლზე მსოფლიო პროლეტარიატის და ყველა ჩაგრული ხალხების გათავისუფლების საქმეში. დიად გეგმებსა და იდეებს სახავდა. ვასილიჩიც სულგანაბული უსმენდა. მერე ტყიდან პატარა მდელოზე გავიდნენ. ფორანი უხმოდ მოძრაობდა წიწვით მოფენილ მიწაზე. სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ ნადეჟდას მგზნებარე ხმა არღვევდა. მერე იქვე, შორიახლოს, გამხმარ, წაქცეულ რამდენიმე ფიჭვის ხეს შორის რაღაც ფუსფუსი და მოძრაობა ატყდა. მგზავრების ყურადღება მიიპყრო. უცბად მძლავრი ლაწალუწის ხმა გაისმა... ტკვილისაგან შოკირებული ვასილიჩი, კოჭიდან საზარდულამდე გაფატრული ფეხით ჯერ კიდევ ჰაერში იყო ატყორცნილი, როცა გაქცეულ ცხენს მოკრა თვალი, გადაბრუნებულ ფორანს რომ მიათრევდა. მერე კი, სანამ გონებას დაკარგავდა, უზარმაზარი დედა დათვი დალანდა, ნადეჟდას ხორცს რომ ფლეთდა უმოწყალოდ, მის გარშემო კი აღგზნებული ბელები დარბოდნენ აქეთ-იქით. ეს შემთხვევა მაშინ ცენტრალურ პრესაშიც დაიბეჭდა. კარგად ახსოვს ვასილიჩს. მაშინ დაკოჭლდა. ვერც ომობდა და ვერც შრომობდა. ქალაქში გადასახლდა. კოჭლობით დადიოდა რედაქციიდან რედაქციაში. დროთა განმავლობაში იქ სიარულსაც მოუკლო. მეეზოვის პროფესია აირჩია და აქ დასახლდა, ამ ნახევარსარდაფში...
"მეორე ბოთლიც უნდა აგეღო, ვასილიჩ! შეიძლება მუდამ ერთი და იგივე შეცდომის დაშვება?" - საკუთარ თავს უთხრა გულდაწყვეტილმა და ბოლო წვეთები ჩაწურა ჭიქაში. ამ ახალი წლის ღამეს გალეშვა და თავდავიწყება სურდა ვასილიჩს. ცალკე მწარე მოგონებების და ცალკე არშემდგარი პოეტური მისწრაფებების გამო. ზუსტად ამ მომენტში გაისმა შუშის მსხვრევის ხმა. ოცდაათგრადუსიანი ყინვა და პატარა ბრტყელი ქვა ერთად შემოიჭრნენ ზედ ტროტუარის თავზე გაჭრილი ფანჯრიდან. "მოვკლავ ამ ნაბიჭვარს!" - დაიღრიალა ვასილიჩმა და კოჭლობით ისე გავარდა ქუჩაში, რომ ქურქიც კი არ მოუსხამს...
ქარზე უსწრაფესად გარბოდა ნიკიტა. თუმცა თვითონ ეჩვენებოდა ასე. ისე კი მომწყვდეული კურდღელივით ზიგზაგებსა და მარყუჟებს ხაზავდა. ყინულზე ეცემოდა, დგებოდა, ისევ გარბოდა, მერე მუხლამდე თოვლში ეფლობოდა, ისევ ეცემოდა და ისევ დგებოდა. ზურგს უკან კი არყის სუნით გაჟღენთილ მძიმე, გავეშებულ ქშენას გრძნობდა...

* * *
ყინვისგან ლოყებდაწითლებული დედა ოთახში შემოვიდა. თორმეტი საათის დადგომას დაასწრო ოციოდე წუთით. ხორაგით სავსე ჩანთა იქვე კართან დადგა. თბილი, ნაცრისფერი თავშალი მოიხსნა თავიდან, პალტოს ღილები გაიხსნა და ფეხაკრეფით წავიდა ნიკიტასაკენ.
ნიკიტა მაგიდას მისჯდომოდა და გამალებით წერდა რაღაცას. გვერდით მოხარშული კარტოფილით სავსე ხელუხლებელი თეფში ედო. დედა მიეპარა და კისერში აკოცა. ნიკიტა შეკრთა მოულოდნელობისაგან და სწრაფად მიტრიალდა დედისკენ. პერანგის საყელო ჩამოხეული ჰქონდა. ფაფუკ ლოყაზე ხუთი მსხვილი თითი აჩნდა წითლად.
"ეს, ეს რა არის?" - ელდა ეცა დედას.
"ისეთი არაფერი. ცხოვრებაა". - წყნარად უპასუხა ნიკიტამ და დედას "დათუნია" გაუწოდა - "გილოცავ ახალ წელს".


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:

Post a Comment