Saturday, April 11, 2009

ჰერმან ჰესე - კითხვის შესახებ


კითხვის შესახებ
ჰერმან ჰესე


ადამიანთა უმრავლესობამ კითხვა არ იცის, უფრო მეტს კი ბოლომდე ვერ გაუგია, რატომ კითხულობს. ზოგიერთები თვლიან, რომ კითხვა, ძირითადად, მძიმე, მაგრამ აუცილებელი რამაა "განათლებისთვის", და ნებისმიერი საკითხავი მათ, დიდი-დიდი, "გაანათლებს". სხვებისთვის კითხვა მსუბუქი სიამოვნებაა, დროის მოკვლის საშუალება, და მათთვის, სინამდვილეში, სულ ერთია, რას წაიკითხავენ, ოღონდ კი არ მოიწყინონ.
ასე, ბ-ნი მიულერი გოეთეს "ეგმონტს" ან მარკგრაფინის ქალის, ფონ ბაიროიტის მოგონებებს კითხულობს, იმის იმედით, რომ უფრო განათლებული გახდება და შეავსებს თავის ცოდნას, რომლის ნაკლებობასაც თავად განიცდის. ის, რომ ცოდნის ნაკლებობას ასე მძაფრად გრძნობს და არ ივიწყებს, უკვე იმის მანიშნებელია, რომ მისი აზრით განათლება რაღაც გარედან მომავალია და იგი შრომით მიიღწევა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ რაც არ უნდა ისწავლოს, მასში ყველაფერი მკვდარ და უნაყოფო ცოდნად დარჩება.
ბატონი მაიერი კი "სიამოვნებისთვის" კითხულობს, ანუ მოწყენილობის ჟამს. დრო ბევრი აქვს, რენტიეა, დრო იმაზე მეტი აქვს, რამდენის გამოყენებასაც შეძლებდა. მაშასადამე, მწერლები მას გრძელი დღის მოკვლაში უნდა დაეხმარონ. იგი ისევე კითხულობს ბალზაკს, როგორც კარგ სიგარას ეწევა, და ისევე კითხულობს ლენუას, როგორც გაზეთს.
არადა, ეს ბატონები, მიულერები და მაიერები (ისევე, როგორც მათი ცოლები, ვაჟები და ასულები), სხვა რამეებში სულაც არ არიან არჩევანსა და დამოუკიდებლობას მოკლებულები. თავიანთ ფასიან ქაღალდებს სათანადო მიზეზების გარეშე არასოდეს ყიდულობენ და ყიდიან, გამოცდილი აქვთ, რომ ძილის წინ მძიმე საჭმელის მიღება არასასურველია, და ფიზიკურად იმაზე მეტად არ იტვირთავენ თავს, ვიდრე ჯანმრთელობისთვის არაა აუცილებელი. ზოგიერთი მათგანი სპორტსაც კი მისდევს და ამ ნიშანდობლივი დროსტარების საიდუმლოშიც ერკვევა, იცის, რომ სპორტით ჭკვიან ადამიანს არამარტო სიამოვნების მიღება, არამედ გაახალგაზრდავება და ჯანზე მოსვლაც შეუძლია.
ჰოდა, ისევე, როგორც ვარჯიშობს ან ნიჩაბს უსვამს, ბატონმა მაიერმა უნდა იკითხოს კიდეც. იმ საათებისაგან, რომლებსაც კითხვას ანდომებს, არანაკლები ხეირი უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმ დროისგან, რომელსაც თავის საქმეს ახმარს, და მას არ უნდა აცდუნებდეს ისეთი წიგნი, რომელიც ცოდნით არ გაამდიდრებს, ოდნავ მაინც უფრო ჯანმრთელს, ერთი დღით უფრო ახალგაზრდას არ გახდის. განათლება მას ისევე ნაკლებად უნდა ადარდებდეს, როგორც პროფესორის წოდების მოპოვება, და რომანების გმირ ყაჩაღებთან და საროსკიპოების მფლობელებთან ურთიერთობა ისევე უნდა რცხვენოდეს, როგორც ნამდვილ ნაძირალებთან საქმის დაჭერა. მაგრამ მკითხველი ასე მარტივად არ მსჯელობს, ის დაბეჭდილ სამყაროს განიხილავს როგორც უდავოდ ამაღლებულ რამეს, ბოროტსა და კეთილს მიღმა არსებულს, ანდა ამრეზით უყურებს ამ სამყაროს, როგორც არარეარულს, მეოცნებეების მიერ გამოგონილს, რომელიც მხოლოდ იმისთვის ვარგა, რომ მოწყენილობის ჟამს მიაკითხო, და საიდანაც არანაირ ხეირს არ უნდა ელოდე, დიდი-დიდი, ის შეგრძნება გამოგყვეს, რომ რამდენიმე საათი სასიამოვნოდ გაატარე.
მიუხედავად ლიტერატურის მცდარი შეფასებისა და დაკნინებისა, ბ-ნი მიულერი და ბ-ნი მაიერი, როგორც წესი, ძალიან ბევრს კითხულობენ. იმ საქმეს, რომელიც მათ, სინამდვილეში, სულ არ ეხებათ, მეტ ყურადღებას და დროს უთმობენ, ვიდრე რამე სხვა საქმეს. შესაბამისად, გუმანით მაინც ხვდებიან, რომ წიგნებში არის რაღაც, არცთუ მთლად უმნიშვნელო. ოღონდ მათი წიგნების მიმართ დამოკიდებულება იმდენად პასიური და თავისუფალ ნებას მოკლებულია, რომ, ბიზნესში იგივე რომ ჭირდეთ, დიდი ხნის გაკოტრებულებულები იქნებოდნენ.
ის მკითხველიც, რომელიც დასვენებასა და დროის გატარებას ცდილობს, და ისიც, ვინც საკუთარ განათლებაზე ზრუნავს, წიგნებში ერთგვარ მაცოცხლებელ და სულიერად ამამაღლებელ ძალას გრძნობენ, თუმცა დანამდვილებით არაფერი იციან და არც რამის შეფასება შეუძლიათ. ისინი უგუნური ავადმყოფებივით იქცევიან, რომლებმაც იციან, რომ აფთიაქში ბევრი კარგი წამალია და ამიტომ იქ ყველა საშუალების გასინჯვას ცდილობენ, ყველა კოლოფის, ყველა შუშის ნახვას. არადა, კარგი იქნებოდა, თუ წიგნის მაღაზიასა და ბიბლიოთეკაში, კარგი აფთიაქის მსგავსად, ყველასთვის მონახულიყო საკუთარი საშუალება, რომ მოწამვლისა და ზედმეტის მოხმარების გარეშე ყველას შეძლებოდა ახალი ძალების მოკრება.
ჩვენ, ლიტერატორებს, გვსიამოვნებს, რომ ხალხი ამდენს კითხულობს, და ალბათ ავტორის მხრიდან არცთუ ჭკვიანურია იმის თქმა, რომ ხალხი მეტისმეტად ბევრს კითხულობს. მაგრამ როცა ეს ამბავი დიდხანს გრძელდება, საყოველთაოდ არასწორად გაგებული და ბოროტად გამოყენებული საქმიანობა სულ უფრო ნაკლებად სასიამოვნო ხდება, და ათი კარგი, მადლიერი მკითხველის ყოლა, ნაკლები მოგების მიუხედავად, ათასი უმადურის ყოლაზე უკეთესიცაა და უფრო სასიხარულოც.
ამიტომ გავკადნიერდი და ვაცხადებ, რომ ხალხი, საზოგადოდ, მეტისმეტად ბევრს კითხულობს და ეს "კითხვადობა" ლიტერატურისთვის პატივი კი არა, ზარალია. წიგნები იმისთვის როდი იწერება, რომ დამოუკიდებლობას მოკლებული ხალხი კიდევ უფრო უნიათო გახდეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ იმისთვის იყენებენ, რომ უსიცოცხლო ადამიანებს იაფად მიაწოდონ რაღაცა, რაც ცხოვრების ილუზიას ქმნის და თითქოს მისი შემცვლელია. არადა, წიგნები ხომ მხოლოდ მაშინაა ფასეული, როცა სიცოცხლეს გვაზიარებს, სიცოცხლეს ემსახურება, და კითხვის ყოველი საათი ფუჭადაა ჩავლილი, თუ მკითხველს ერთი წვეთი ძალა, ახალგაზრდობა, ხალისი მაინც არ შემატა.
გარეგნულად კითხვა ისეთი რამაა, რომელიც კონცენტრაციას მოითხოვს, და "დარდის გასაქარვებლად" კითხვა ტყუილი ამბავია. თუ ადამიანი სულით ავადმყოფი არაა, არაფრის გაქარვება არ სჭირდება, პირიქით, ყველგან ყურადღებით ყოფნა მართებს - სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, რასაც არ უნდა აკეთებდეს, რასაც არ უნდა გრძნობდეს - მთელი არსით მოვლენებში უნდა იყოს ჩართული. ასევე, კითხვის დროს უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი კარგი წიგნი, უპირველეს ყოვლისა, ყურადღების გამახვილებას გულისხმობს, ჩახლართული ამბების ერთ წერტილში კონცენტრირებას და გამარტივებას. ადამიანური გრძნობების ასეთი გამარტივება და კონცენტრირება სულ პატარა ლექსითაც შეიძლება, და თუ მისი კითხვისას იმის ძალა არ შემწევს, რომ ყურადღება მოვიკრიბო, თანამონაწილე და თანამგრძნობი არ გავხდე, ცუდი მკითხველი ვყოფილვარ. ის, რომ ამით ლექსისა თუ რომანის მიმართ უსამართლობას ვიჩენ, შეიძლება არ მაღელვებდეს, მაგრამ ცუდი კითხვით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ ვარ უსამართლო. დროს ისეთ რამეზე ვხარჯავ, რაც ფასეული არაა, მხედველობას და ყურადღებას ჩემთვის უმნიშვნელო რამეს ვახმარ, იმას, რაც - წინასწარ ვიცი - მზად ვარ უმალვე დავივიწყო, გონებას ვღლი შთაბეჭდილებებით, რომლებიც ჩემთვის უსარგებლოა და რომელთა გადახარშვაც არ შემიძლია.
ხშირად იტყვიან ხოლმე, ეს "ცუდი კითხვა" გაზეთების ბრალიაო. მე ასეთი აზრი სრულიად მცდარად მიმაჩნია. შეიძლება ყოველდღიურად იკითხო გაზეთი ან გაზეთები და ამავე დროს კონცენტრირებულად და ქმედითუნარიანად დარჩე, ახალი ამბების ამორჩევა და სწრაფი კომბინაცია ძალიან ჯანმრთელი და ფასეული ვარჯიშიც კია. ამ დროს, სავსებით შესაძლებელია, რომ განათლებას დანატრებულმა მაიერმა თუ სიამოვნებისთვის მკითხველმა იმგვარად წაიკითხონ "არჩევითი ნათესაობა", რომ ის სრულიად უსარგებლო იქნება.
ცხოვრება ხანმოკლეა, და იმქვეყნად არავის მოეკითხება, რამდენ წიგნთან შეძლო გამკლავება. ამიტომ არცთუ ჭკვიანურია და მეტიც, მავნეა ფუჭ კითხვაზე დროის ხარჯვა. მე ცუდ წიგნებს კი არა, კითხვის ხარისხს ვგულისხმობ. კითხვისაგან, ისევე, როგორც ცხოვრებაში ყოველი ნაბიჯისა და ჩასუნთქვისგან, რაღაცას უნდა ველოდეთ, მას ძალა უნდა დავახარჯოთ, რომ მეტი მივიღოთ, უნდა დავიკარგოთ, რომ უფრო ცნობიერად აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი. ლიტერატურის ისტორიის ცოდნას არანაირი ფასეულობა არ გააჩნია, თუკი ყოველმა წაკითხულმა ტომმა ნუგეში, ან ძალა, ან სულიერი სიმშვიდე არ მოიტანა. უაზრო, დაბნეული კითხვა იგივეა, რაც ლამაზ მიდამოში თვალახვეული სეირნობა. არც იმისთვის უნდა ვიკითხოთ, რომ საკუთარი თავი და ყოველდღიური ცხოვრება დაგვავიწყდეს, პირიქით, უფრო ცნობიერად და გონივრულად უნდა მოვკიდოთ მტკიცე ხელი ჩვენს ცხოვრებას. წიგნებს ისე არ უნდა მივუდგეთ, როგორც შეშინებული მოსწავლეები - ამპარტავან მასწავლებელს, და არც ისე, ფუქსავატები რომ მიადგებიან ხოლმე არყის ბოთლს, - არამედ ისე, როგორც მთამსვლელები უდგებიან ალპებს, მებრძოლები – არსენალს. უნდა ვიყოთ არა დევნილები და ცხოვრების არმოსურნენი, არამედ კეთილი ხალხი, რომელსაც მათთან აქვს საქმე, ვინც მისი მეგობარი და შემწეა. ასე რომ იყოს, ასე რომ მოხდეს, იმის მეათედსაც აღარ წაიკითხავდა ხალხი, რასაც ახლა კითხულობს, და ყველანი ათჯერ უფრო გახარებულები და მდიდრები ვიქნებოდით. ხოლო თუ ეს იმას გამოიწვევდა, რომ ჩვენს წიგნებს არავინ იყიდდა და ჩვენ, მწერლები, ათჯერ ნაკლებს დავწერდით, სამყაროს ამით არაფერი დაუშავდებოდა. ვინაიდან, კითხვისა არ იყოს, არც წერის საქმეა კარგად.

გერმანულიდან თარგმნა ნატო თოთლაძემ

© “წიგნები – 24 საათი”

No comments:

Post a Comment