პოლიტიკური პრობლემებით დამუხტულ გარემოში, იქ, სადაც ხშირად საზოგადოებრივი ფუნქციების აღრევა ხდება, და პროფესიული თუ პიროვნული პასუხისმგებლობების ერთი მეორეზე გადაბარება მღვრიე წყალში თევზის ჭერის ლოგიკას ემსგავსება, არცთუ ისე იოლი საქმეა, ლიტერატურული პროცესების განვითარებაზე ისაუბრო - უსასრულო უარყოფით ან კიდევ აპოლოგიით მწერალიცა და მკითხველიც იღლება და შედეგადაც ჩაკეტილ წრეს ვიღებთ. ნებისმიერი ლიტერატურული მოვლენა, მცირე სიახლეც კი, რაც დაკვირვებისა და განსჯის საშუალებას მოგვცემს, სასიხარულო ხელჩასაჭიდია და სწორედ ამ მხრივ კონკურსმა “წერომ” ჩვენი ყურადღება მიიქცია. მეორე წელია უკვე, რაც ლიტერატურული კონკურსი “წერო” ინტერნეტ-სივრცეში ტარდება, და მიუხედავად იმისა, რომ მისი სპეციფიკა და ფორმატი ჯერ კიდევ დასახვეწია, საკონკურსო ნაწარმოებების კრებულის სახით, საკმაოდ საინტერესო მასალას იძლევა ბოლო პერიოდის ქართულ ლიტერატურულ პროცესებზე დასაკვირვებლად. თავის მხრივ იმ ვაკუუმის ერთ მცირე შრესაც ავსებს, რასაც დღეს ლიტერატურულ სივრცეში პერიოდიკისა თუ სხვადასხვა გამოცემების ნაკლებობის გამო ვუჩივით.
“წეროს” ორგანიზატორები ლიტერატურული საიტის www.literatura.ge-ს ადმინისტრაცია და ფარმაცევტული კომპანია “GPC”-ია. წინა ორი კონკურსისგან განსხვავებით, შემოდგომის “წერო” იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ საპრიზო ფონდი გაორმაგდა - ვერცხლის ფრინველის სახელობით ჯილდოსთან ერთად პირველი პრემიის ეკვივალენტი თანხა 2000 ლარი გახდა (შესაბამისად - II პრემია - 1000 და III პრემია - 500 ლარი). კუნკურსი 5-დან 10 გვერდამდე პროზაული ნაწარმოებებს შორის ჩატარდა, და 12 ფინალისტი მოთხრობა კრებულის სახით დაიბეჭდა. სწორედ ეს კრებული გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ ბოლო დროს მომძლავრებული “მცირე პროზის” რაობა-როგორობა და ტენდენციები. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ბოლი ერთი წლის მანძილზე არათუ შემფასებლობითი გამოხმაურებების ნაკლებობა იყო ამა თუ იმ პერიოდიკაში დაბეჭდილი მოთხრობების მიმართ, არამედ მათი ერთად თავმოყრაც კი ვერ მოხერხდა იმ ჩვეულ ფორმატში, რასაც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ბაკურ სულაკაურის გამომომცემლობა “15 საუკეთესოს” სახით სთავაზობდა ქართველ მკითხველს. ამ შემთხვევაში ერთგვარი “შემაჯამებელი” ფუნქცია “წეროს” კრებულსაც გააჩნია.
მხატვრული ტექსტების გარდა საინტერესოა დაკვირვება მკითხველის რეცეფციის კოეფიციენტსა და გემოვნებაზე (რაც სხვა არაფერია, თუ არა მხატვრული ნაწარმოების კითხვასა და აღქმაში კარგად გაწაფული თვალი), რისი პირდაპირი ამსახველიც იყო ინტერნეტ-კონკურსი. ნაწარმოებების საპრიზო ადგილებს სწორედ მკითხველების შეფასება საზღვრავდა და ამ მხრივ გამარჯვებული ტექსტები დაკვირვების ორმაგად მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენენ. პირველ საპრიზო ადგილზე ბაჩო კვირტიას მოთხრობა “მე ბიძინა ვარ” გავიდა. ავტორი სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ერთ ჩვეულებრივ დღეზე გვიამბობს, პერსონაჟის ხედვის კუთხით აღწერს ყოველდღიურ რუტინასა და დაღლილობას, რომელსაც დღის ბოლოს ოჯახისა და მეუღლის სიყვარული აქარწყლებს. სოციალური თემატიკის შეზავება ჰუმანისტური იდეოლოგიებით, ენობრივი გამჭვირვალობა და სიმარტივე, ფორმა-შინაარსობრივი პრიმიტივიზმი - ის ფატქორებია, რაც ქართველი მკითხველის აღქმის უნარსა და ესთეტიკას სრულიად აკმაყოფილებს. სხვა მხრივ კი, მოთხრობა ყველა კრიტერიუმით ერგება სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემებისა და პერიოდიკის მიერ ხელშეწყობილ და დანერგილ მეინსტრიმს, ეგრეთ წოდებულ “ოქროს შუალედს”, რომელიც ამა თუ იმ ტექსტზე პასუხისმგელობის აღებასთან დაკავშირებით ყოველგვარ რისკს გამორიცხავს - შესაბამისად, ეს ის ლიტერატურაა, რომელსაც ძალაუნებურად მიეჩვია მკითხველი. თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ მკითხველზე არ მოქმედებს ეს ფაქტორი - საინტერესოა ისიც, რომ კრებულში წარმოდგენილი მოთხრობების უმეტესობა თითქოს ერთსა და იმავე “კრიტერიუმს” აკმაყოფილებს - ავტორები გვიყვებიან ამბებს, რომლებიც იმდენად დისტანცირებულია მათი გადმოცემის შინაგან აუცილებლობასთან, რომ საბოლოოდ მხატვრული ტექსტი რჩება უმთავრესი კომპონენტის - შინაარსის გარეშე. სახელდახელოდ გამოგონებული დისკურსი კი, როცა ავტორს ამ ამბის გადმოცემის აუცილებლობა არ აქვს გააზრებული, მხოლოდ ერთ შედეგს გვაძლევს - ტექსტი უახლოვდება ისეთ ჟანრს, როგორიცაა დეტექტივი, თუმცა კი ნაკლებ საინტერესო სიუჟეტური ხაზით (მწერალს ხომ სულაც არ ჰქონდა დეტექტივის დაწერა ჩაფიქრებული). მსგავს პრობლემას ვაწყდებით მოთხრობებთან “შოტლანდიური ვენდეტა”, “მკვდარი ჭა”, “ანტიკვარული ტუალეტი, პრეზიდენტი, ისტორის გაკვეთილი, ინფანტილიზმი და მისთანები”, “აბე მურეს მოკრძალებული ხიბლი”, “ნატალის მსგავსი არავინაა”, “com.ისია”.
პარალელის გავლებისათვის საპირისპირო მაგალითის მოყვანაც შეიძლება ამავე კრებულიდან - მოთხრობა “სულა” იმის ერთგვარი ილუსტრაციაა, რისგან თავის დაღწევის მცდელობამაც შეიძლება ზემოთაღნიშნული დისტანცირება გამოიწვიოს ტექსტთან. ნოსტალგიურობა, უკვე არაერთგზის გადაღეჭილი მაგიური რეალიზმის ელემენტები, გაცვეთილი სიმბოლიკა და დაკარგული ქალაქისა თუ ადამიანების სევდით მანიპულირება მკითხველზე ასევე უკარგავს მხატვრულ ტექსტს ღირებულებას და უფრო ნოსტალგიანარევ პირად ჩანაწერთან აახლოებს მას. თუმცა, რამდენიმე ავტორმა შეძლო, ამ საბედისწერო ზღვარზე წონასწორობის შენარჩუნება და შესაბამისად, მათი ტექსტებიც გამოირჩევიან დანარჩენებისაგან (“მეცამეტე კოპლი”, “დათვი”, “ჩემს მეგობარ პოეტს”, “შენი წყლები აიმღვრა განგა”). ამ შემთხვევაში ავტორებს მხოლოდ ნაწარმოების სიუჟეტური სტრუქტურა არა აქვთ გააზრებული; მათ იციან, რაზე წერენ, და მკითხველისთვის არა მარტო ამბავი აქვთ მოსაყოლი, არამედ აქვთ სათქმელიც, რომელსაც შემდგომ ინდივიდუალური დისკურსით ფორმდება მხატვრულ ტექსტში.
საინტერესო სურათი ვერ შექმნა ნაწარმოებების ენობრივმა მხარემ, მხატვრული ტექსტის სტილმა, რაც მწერლის ინდივიდუალობის სავიზიტო ბარათია ხოლმე. ტექსტის დანაწევრება და შინაარსისაგან განყენებულად მის მხატვრულ ფორმაზე მსჯელობა შეუძლებელია, და შესაბამისად, სწორედ შინაარსობრივმა მსგავსებამ (ვგულისხმობ შინაარსობრივ დაცლილობას და არა თემატიკას) განაპირობა ისიც, რომ ტექსტების უმეტესობას არ გააჩნია საკუთარი რეგისტრი, ავტორი ვერ პოულობს მკითხველთან სასაუბრო ენას და შესაბამისად, ვერც აწვდენს ხმას. თუმცა, რამდენიმე ავტორი შეეცადა, დიალექტური ლექსიკისა და ჟარგონების შემოტანით ორიგინალური სტილი შეეთავაზებინა მკითხველისათვის (“მე ბიძინა ვარ”, “ანტიკვარული ტუალეტი, პრეზიდენტი, ისტორის გაკვეთილი, ინფანტილიზმი და მისთანები...” "com.ისია”), თუმცა ასეთი მცდელობა ხშირ შემთხვევაში უფრო სტილიდან ამოვარდნისა და შეუკვრელობის საშიშროებას ქმნის, ვიდრე მწერლის ინდივირუალური ენის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. თუმცა, კრებულში არის ტექსტებიც, რომლებიც ენობრივი ქსოვილითა და სტილიზაციებით მკვეთრად გამოირჩევიან დანარჩენებისგან (“ჩემს მეგობარ პოეტს”, “დათვი”), ავტორებს გააჩნიათ თვითმყოფადი სინტაქსი, ფლობენ მდიდარ ლექსიკას და ამასთანავე გრძნობენ ნაწარმოების ტემპერატურას, რაც მისავე შინაარსითაა ნაკარნახევი. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ნარატიული ტექსტის ამბავი, დისკურსი და ენობრივ-მხატვრული ფორმა ერთმანეთთან ჰარმონაშია და შედეგად შემდგარ ლიტერატურულ ნაწარმოებს ვიღებთ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ლიტერატურული კონკურსის “წეროს” თორმეტივე ფინალისტი საინტერესო მასალას იძლევა მათსავე ტექსტებზე შემდგომი დაკვირვებისათვის. რომ არ მივყოთ ხელი თითოეული ნაწარმოებების დესტრუქტურიზაციას, კრებულის შესახებ საერთო შთაბეჭდილება მყარ საფუძველს იძლევა იმის სათქმელად, რომ კონკურსი შედგა და საკმაოდ მნიშვნელოვანი ტენდენციებიც გამოავლინა. სწორედ შექმნილი სურათის საფუძველზე შეიძლება კიდევ ერთი საჭირბოროტო დასკვნის გამოტანაც - რაც ზემოთვე აღვნიშნეთ: ქართულ ლიტერატურულ სივრცეში “მცირე პროზის” მომძლავრებას ვგულისხმობ. როდესაც წინ გვიდევს ათგვერდიან მოთხრობა, სადაც მწერალს სათქმელი არაფერი აქვს და მკითხველთან მხოლოდ ხელოვნურად გამხატვრულებული მშრალი ფაქტები მიაქვს, აქ უკვე ნათელია, რატომაც არა ვართ განებივრებული თანამედროვე ქართულ ენაზე შექმნილი რომანებით.
გვახსოვს ალბათ, რომ გაზაფხულზე “წერომ” პოეტური კონკურსიც ჩაატარა. ვინ იცის - იქნებ მომავალში ისეთი ჟანრის პოპულარიზაციასაც შეუწყოს ხელი, როგორიც რომანია. კონკურსის ფორმა და სპეციფიკა კი - ისევ მათი ორგანიზატორებისთვის მიგვინდია.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment