Thursday, May 7, 2009

2008 - მარტი

ბესო ხვედელიძე, “ესტაფეტა”. მოთხრობები. თბ. “სიესტა” 2007.

ბესო ხვედელიძე ის ავტორია, რომელიც მკითხველს შემოქმედებითი მრავალფეროვნებით ანებივრებს და მისი ყოველი ახალი გამოჩენა ლიტერატურულ სივრცეში არაფრით ჰგავს წინას. თანაც ამ ყველაფერთან ერთად მწერალი ახერხებს, შეინარჩუნოს ინდივიდუალური ხელწერა, სტილი, რაც გამოარჩევს მას თანამედროვე ავტორთაგან. “ესტაფეტა” მწერლის რიგით მეცხრე წიგნია. მოთხრობების კრებულში განსხვავებული ხასიათის, სტრუქტურისა და ტონალობის ტექსტებია შეტანილი, რომლებიც ბესოს ბოლო პერიოდში დაუგროვდა და რომელთა ნაწილსაც სხვადასხვა ლიტერატურული პერიოდიკიდან თუ გამოცემებიდან უკვე იცნობს მკითხველი.

ერლომ ახვლედიანი, „ზარმაცი თაგუნას ამბავი“. მოთხრობები. თბ. “link” 2007.

მოთხრობა, დაწერილი პირველ სიტყვამდე, ზღაპრები, სადაც მატყუარა მელიას, თეთრი ყვავილების და პეპლების, უნიჭო ფეიქრის - ობობას, ზარმაცი თაგუნასა და ცბიერი მასწავლებლის - მელას ამბებია მოყოლილი, ცხოვრებისეული იგავ-არაკები, სიკეთით, სათნოებითა და შემწყნარებლობით გაზავებული ტექსტები - ეს ერლომ ახვლედიანის ახალი კრებულია, რომელიც კიდევ ერთხელ გაახსენებს ქართველ მკითხველს მწერლის სადა და თვითმყოფად პროზას. წიგნს თან ერთვის სახალისო ილუსტრაციები; საინტერესო წინასიტყვაობა და ბიოგრაფია კი მკითხველს ერლომ ახვლედიანის შემოქმედების უკეთ გაცნობასა და აღქმაში დაეხმარება.

ნათია ნაცვლიშვილი, “პირიქით”. ლექსები. თბ. “სიესტა” 2007.

დებიუტანტი ავტორები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევიან ხოლმე, მათი ტექსტები ახალი ფორმების, სტილისა და ხმის ძიებაა და შესაბამისაად, ყოველგვარი სიახლე მნიშვნელოვანი დაკვირვების, ინტერესის ობიექტს წარმოადგენს. ნათია ნაცვლიშვილის დებიუტი ლიტერატურულ ასპარეზზე საკმაოდ საინტერესო პოეტური კრებულით “პირიქით” შედგა. ავტორმა თავი მოუყარა ლექსებს, რომლებიც აქამდე სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში თუ გამოცემებში ქვეყნდებოდა და პოეზიის მოყვარულ მკითხველს ახალი წიგნის სახით კიდევ ერთი საინტერესო საკითხავი შესთავაზა.

ირაკლი აბაშიძე, “100 ლექსი”. შემდგენელი ირინე აბაშიძე. თბ. “ინტელექტი” 2007.

პოეტის ახალგაზრდა გულისთვის ცხოვრების სიბრძნემდე დიდი და ხანგრძლივი გზაა გასავლელი. ამ გზაზე რას აღარ გადაეყრება იგი, თუმცა კი, საბოლოოდ ყველაფერს პოეზიად, ლექსად აქცევს, რითმებსა და სტროფებში იხატება მისი ცხოვრება. ირაკლი აბაშიძის “100 ლექსიც” პოეტის ცხოვრების ერთგვარი სარკეა, ამოთქმული თუ გამოუთქმელი, სრული თუ ნახევარლექსები მისი ხმით მეტყველებენ. წიგნს წინასიტყვაობის მაგიერ დართული აქვს ამონარიდები ქართული ენციკლოპედიის მიერ 1999 წელს გამოცემული წიგნიდან “ირაკლი აბაშიძე 90”.

ირაკლი მახარაძე, რევაზ მახარაძე, “ერთი მუჭა ვესთერნი”. თბ. „არეტე“ 2007.

თუ კინემატოგრაფია თქვენი საყვარელი სფეროა, განსაკუთრებით კი ამერიკული კინო გიზიდავთ და მისი განვითარების ისტორია, წარსული და აწმყო გაინტერესებთ, მაშინ „ერთი მუჭა ვესტერნის“ ხილვა წიგნის მაღაზიების თაროებზე განსაკუთრებით გაგახარებთ. წიგნის ავტორები ამერიკული კინემატოგრაფის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჟანრზე, ვესთერნზე გვიამბობენ, კიდევ უფრო ახლოს გვაცნობენ კინომოღვაწეებს, რომლებმაც გადატრიალება მოახდინეს არა მარტო ვესთერნში, არამედ ზოგადად კინემატოგრაფიაში. წიგნს თან ერთვის საინტერესო ილუსტრაციებიც, ასე რომ, ირაკლი და რევაზ მახარაძის მიერ წარმოდგენილი ვესთერნის ისტორია გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი მუჭა.

ნიკო ხუციშვილი, “იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მიწათმფლობელობა საქართველოში”. თბ. “არტანუჯი” 2007.


იერუსალიმის ეკლესია-მონასტრებში ქართველების მოღვაწეობის ხანა დაახლოებით თორმეტსაუკუნოვან პერიოდს მოიცავს. XIX საუკუნის დამდეგიდან კი საქართველოს სამეფო-სამთავროების რუსეთთან შეერთებისა და ავტოკეფალიის დაკარგვასთან ერთად ქართული მხარე საბოლოოდ ჩამოშორდა იერუსალიმის მონასტრების უძრავ-მოძრავი ქონების მართვას. ჯვრის მონასტრის მიწათმფლობელობის საკითხების კვლევა 1990 წელს კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტმა დაიწყო. ამჯერად მკითხველს შეუძლია გაეცნოს ნიკო ხუციშვილის საინტერესო შრომას მნიშვნელოვანი ქართული საეკლესიო ცენტრის შესახებ, რომელიც გამომცემლობა “არტანუჯის” სერიის, “საქართვლოს ეკლესიის ისტორიის” პირველი წიგნია.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:

Post a Comment