მიქელ ირემაძე
უმანკოების დასასრული
უმანკოების დასასრული
არაცნობიერში შემალული კერპი - ღორის გახრწნილი თავი
უილიამ გოლდინგი, "ბუზთა ბატონი". ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ. თბ. "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 2002.
შარშან გამოცემულ ნათარგმნ წიგნთა შორის, მხატვრული ღირსებებით თუ არა, ყოველ შემთხვევაში, მსოფლმხედველობრივად მაინც, "ბუზთა ბატონი", უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი ინტერესის აღმძვრელია: 1954 წელს გამოქვეყნებულმა ამ რომანმა თავის დროზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ევროპელებზე, რომ სამი ათწლეულის შემდეგ (1983 წელს) მის ავტორს ლამის მხოლოდ "Lord of the Flies"-ისთვის მიენიჭა ნობელის პრემია.
საშუალო დონის პოეტსა და თეატრალს, 40 წელს გადაცილებულ სკოლის მასწავლებელს უილიამ გოლდინგს, ძალიან გაუმართლა, როცა გადაწყვიტა შეექმნა ერთგვარი პაროდიული "ანტითეზისი" რ.მ. ბალანტაინის საბავშვო სათავგადასავლო წიგნისა "მარჯნის კუნძული" (1858) - ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი რობინზონადისა, სადაც ველური კუნძულის ცივილიზატორების როლში ბავშვები, ბიჭები გვევლინებიან.
არსებითად, გოლდინგის სამიზნეს წარმოადგენდა სწორედ რობინზონის არქეტიპი - განმანათლებლობის ეპოქაში შობილი მითი ველური ბუნების პირისპირ დარჩენილი ცივილიზებული ადამიანის ნების ყოვლისშემძლეობაზე. რომანი, პირიქით, სწორედ ბუნების ველური, ანტიკულტურული ძალის ძლევამოსილებაზე მოგვითხრობს.
ინგლისური კულტურის კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომელსაც მწერალი დაუპირისპირდა, იყო უოდსორთისეულ-ვიქტორიანული ტრადიცია ბავშვების ანგელოსების მსგავს, უცოდველ არსებებად წარმოდგენისა. და თუმცა დასავლურ მეცნიერებაშიც (ზ. ფროიდი და მისი სკოლა) და ხელოვნებაშიც (ერთი მაგალითი: ლ. ბენუელის "დავიწყებულნი") იმ დროისთვის უკვე ბევრი რამ იყო გაკეთებული ბავშვის სულიერი სამყაროს შეულამაზებლად ასასახავად, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვების (და, მაშასადამე, საერთოდ, ადამიანურ არსებათა) არაცნობიერის წყვდიადით მოცულ უფსკრულებში მიმალული კაციჭამია ურჩხული ისე გაბედულად და უშეღავათოდ არავის დაუხატავს, როგორც უ. გოლდინგს. ვფიქრობ, ასეთი რადიკალურობა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საკონცენტრაციო ბანაკების გამოცდილებამ თვალნათლივ გამოაჩინა "ცივილიზებული ადამიანის" სულში კულტურულობის თხელი ფენის მიღმა დამალული დამფრთხალი და გაავებული კანიბალი.
ტრადიციებს რაც შეეხება, უწინარეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ კუნძულის თემა (და აგრეთვე იდეაც), ალბათ, ისე მრავალფეროვნად არსად არის დამუშავებული, როგორც ინგლისურ მწერლობაში: გავიხსენოთ "რობინზონ კრუზო", "გულივერის მოგზაურობა" და, თუნდაც, სარეცენზიო წიგნში ნახსენები "განძთა კუნძული". პირდაპირ უნდა ითქვას, მწერლური ოსტატობის თვალსაზრისით უ. გოლდინგი აშკარად ჩამოუვარდება დიდ წინამორბედებს: როგორც მთხრობელი, იგი რ.ლ. სტივენსონს ვერ შეედრება და არც ის ძალუძს, დანიელ დეფოს მსგავსად, მომნუსხველ პროზად აქციოს დაღუპული გემიდან კუნძულზე გადმოზიდული ნივთების ვრცელი ჩამონათვალი. უ. გოლდინგის მიერ დახატული ტროპიკული კუნძული საშინლად ბუტაფორულია და სრულიად უინტერესო. გასაგებია, რომ მწერალი ცუდად იცნობდა მარჯნის კუნძულებს, მაგრამ დ. დეფომ, რომელსაც შეუდარებლად უფრო მწირ მასალაზე მიუწვდებოდა ხელი, რამდენიმე მოგზაურის ჩანაწერებზე დაყრდნობით, როგორღაც შეძლო ათასგზის უფრო დამაჯერებლად დაეხატა "თავისი" კუნძული.
კუნძულზე მოხვედრილი ბავშვების ცხოვრება და შრომა, თვით ცეცხლის დანთება და ნადირობაც კი, მეტისმეტად უფერულად არის აღწერილი. მწერალმა ისიც კი "მოახერხა", რომანის დასაწყისში მთელ კუნძულზე აგიზგიზებული ხანძრის ამბავი, სადაც პატარა ბავშვი იღუპება, ისე უფერულად მოეთხრო, რომ ამასთან შედარებით "სინდისიანად ნაკეთებ" ძველმოდურ პროზაში გულმოდგინედ აღწერილი ნებისმიერი კოცონი, ბუხარი ან ღუმელი, ალბათ, ბევრად უფრო "ცეცხლოვანი" მოგვეჩვენებოდა.
დიახ, უილიამ გოლდინგი სხვა სფეროში იძენს ძალას... და თანაც ისეთ შემზარავ ძალმოსილებას, ნაკლებსასტიკი ეპოქების შვილებს რომ არც დაესიზმრებოდათ.
ოღონდ, ცხადი რომ გახდეს, რა სფეროა ეს, საჭიროა, ძალიან მოკლედ მაინც გადმოვცე რომანის სიუჟეტური ხერხემალი.
თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ ბავშვები (რატომღაც მხოლოდ ბიჭები) უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდებიან. რომანში ძუნწად მიმობნეული რამდენიმე ფრაზით მიხვდები, რომ დედამიწაზე საშინელი ომი ბობოქრობს (ამასთან, ბრიტანელები "წითლებს" ეომებიან) და ბავშვების ევაკუაცია მოახდინეს. ერთ-ერთი ბიჭი, რალფი, დიდ ნიჟარას იპოვის, რომელიც საყვირის ხმას გამოსცემს, გაბნეულ ბავშვებს შეკრებს და მათი ბელადი ხდება. მეორე პოტენციური ლიდერი, - მარჯვე და ღონიერი ჯეკი, - ღორებზე ნადირობას იწყებს.
თავიდან ბიჭები ცდილობენ შეინარჩუნონ გარესამყაროსკენ მიმართული სასიგნალო ნიშანი - კოცონის ბოლი (ეს მისწრაფება ცივილიზაციისკენ ბელად რალფში არის პერსონიფიცირებული). მაგრამ, რაც დრო გადის, ნელინელ იმარჯვებს ბუნებიდან მომდინარე ველური ძახილი (რომელიც ჯეკშია ხორცშესხმული) - ბიჭები სახის ველურებივით მოხატვას და ნადირობას იწყებენ; თანაც, სულ უფრო მეტად ექცევიან ინსტინქტების ტყვეობაში და კარგავენ "ადამიანურ სახეს" (უფრო სწორად, იშორებენ მათ სახეზე ცივილიზაციისგან მორგებულ ნიღაბს და ველური ურცხვობით აშიშვლებენ პირველყოფილ მისწრაფებებს).
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ნაწარმოებში ლამის დასაწყისიდანვე არის საუბარი ურჩხულის შესახებ. თავიდან ურჩხული აშკარად ბავშვის ფანტაზიის ნაყოფია - პატარა ბიჭს, მერე ხანძარმა რომ იმსხვერპლა, ლიანები გველეშაპად ეჩვენება. მერე უკვე, თითქმის ყველას, ურჩხული საჰაერო ბრძოლის შემდეგ მთის წვერზე ჩამოვარდნილი მკვდარი პარაშუტისტი ჰგონია. ოღონდ, მკითხველმა თავიდანვე იცის ყველაფერი; რაღაც სხვა ზღაპრული არსება კი ნაწარმოებში არც გამოჩნდება და, სტილისტიკიდან გამომდინარე, არც შეიძლება გამოჩნდეს...
და მაინც, თანდათან ურჩხული სულ უფრო რეალური და ძლიერი ხდება... და რაც უფრო მეტად ძლიერდება ურჩხული, მით მეტ მხატვრულ ძალას და დამაჯერებლობას იძენს რომანი.
ურჩხული ყოველი კუთხე-კუნჭულიდან უთვალთვალებს მონადირე ბავშვებს და ისინი ვერ ერევიან გრძნობას, რომ ვიღაც განუწყვეტლივ ნადირობს მათზე. მერე ამ მონსტრის თავშესაფარიც აშკარავდება - თურმე იგი ბავშვების სულში ყოფილა შემალული და იქიდან მოითხოვს სისხლიან მსხვერპლს (ჯერჯერობით მხოლოდ ღორებს). და აი, როცა ჯეკი მიწაში ჩარჭობილ ჭოკზე ნანადირევი ღორის თავს ჩამოაცვამს, ურჩხული მატერიალიზდება - იგი ხორცს (ამ შემთხვევაში, მკვდარი ღორის მზეზე ლპობად ხორცს) შეისხამს და კუნძულზე განუყოფელ ბატონობას იწყებს.
ამ ახალი კერპის - "ბუზთა ბატონის" (აყროლებულ ხორცს უშქორი ბუზი ესევა) - ხმას თავდაპირველად ეპილეფსიანი უთქმელი საიმონი გაიგონებს, რომელიც ყველაზე უკეთ ხედავს ურჩხულის ნამდვილ ბუნებას და შეძლებისდაგვარად წინააღმდეგობასაც უწევს მას: ველურ ძახილს არ ემორჩილება.
"- გაფრთხილებ, ცოტაც და გავცოფდები - ეუბნება მთიდან ქვემოთ ბავშვებისკენ მიმავალ საიმონს ღორის სარზე ჩამოცმული კბილებდაკრეჭილი თავი - მშვენივრად იცი, რომ ქვემოთ ჩახვალ თუ არა, იქ დაგხვდები..."
შეღამებისას სანაპიროზე ჩასული საიმონი რიტუალურ ცეკვაში ჩაბმულ ბიჭებს ურჩხულად მოეჩვენებათ და ჯოხებით ჩაქოლავენ, კლანჭებით და კბილებით დაანაკუწებენ მას. მეორე დღეს ბავშვებს ყველაფერი ახსოვთ, მაგრამ თავს არ უტყდებიან, რომ თანატოლი მოკლეს.
გაივლის ცოტა ხანი და "ველურები" ახლა უკვე თავის მოკატუნების გარეშე, გამიზნულად მოკლავენ ასთმიან ბიჭს - სქელ და უწყინარ ღუტას, რომელსაც უკვე მხოლოდ ფიზიკური უძლურებაც კი იძულებულს ხდის, ბოლომდე ცივილიზებულ არსებად დარჩეს.
დაბოლოს, - მთელი რომანის კულმინაცია, - იწყება დაუნდობელი ნადირობა რალფზე, რაშიც ყველა ცოცხლად დარჩენილი ბიჭი მონაწილეობს (გარდა პატარებისა, რომლებიც რომანში რაღაც ბუნდოვანი ფუნქციის მქონე ფონს კი ქმნიან, მაგრამ მოქმედებაში თითქმის არ მონაწილეობენ). ნადირობის ნამდვილი მიზანი ნაწარმოებში გაკვრით, მაგრამ მკაფიოდ არის მინიშნებული: ღუტას მკვლელმა, როჯერმა (ყველა ნიშნით, ჯეკის მომავალმა მეტოქემ და "ბუზთა ბატონის" ახალმა ფავორიტმა) უკვე გაამზადა ორმხრივ წამახული ჯოხი... არსებითად, ეს არის "რიტუალურ-კერპშემოქმედებითი" ფუნქციით დატვირთული ნადირობა ველურობის ახალ ფაზაზე - კანიბალობაზე გადასასვლელად, რაც ახალ კერპსაც მოითხოვს: ღორის თავის ნაცვლად, სარზე ადამიანის თავი უნდა იქნას წამოგებული.
საჭიროა აღინიშნოს, რომ ნაწარმოების ბოლო, ყველაზე უფრო სასტიკი თავები საშინელი ძალითაა დამუხტული და, კერძოდ, ასეთივეა რალფზე ნადირობის დინამიკურად და უშეღავათოდ დაწერილი სცენაც, როცა მსხვერპლის ჟინით ატანილი ბავშვები ტყეს ცეცხლს წაუკიდებენ.
მით უფრო ხაზგასმით ყალბი და არადამაჯერებელია ფინალი - "ველურების" მიერ ფაქტობრივად უკვე შეპყრობილ რალფს მეზღვაურები გადაარჩენენ. თუმცა, ძნელია, მწერალს კომპრომისი უსაყვედურო - ეს ხომ, ნამდვილი "ჰეფი ენდი" კი არა, მხოლოდ პაროდიაა მასზე, რასაც კარგად ჰგუობს ამ ფილოსოფიური იგავის ჟანრული კანონები.
და ნაწარმოების ბოლოს, რალფის ისტერიული ქვითინი უმანკოების დასასრულზე, არსებითად, ეს არის თვით ავტორის ომისგან თვალახელილი ფხიზელი და უშიშარი მოაზროვნის გლოვა "ცივილიზაციურ-კულტურულ" ილუზიათა სამოთხის განადგურების გამო.
© “წიგნები – 24 საათი”
No comments:
Post a Comment