“თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა,
სიბნელე რამდენად დიდი იქნება?” (მათ. 6, 23.)
მე-XIX საუკუნის 80-იან წლებში ქართულ ლიტერატურაში ერთი უცნაური პერსონაჟი გამოჩნდა. იგი რუსეთში განსწავლული ახალგაზრდა თავადია, რომელიც იმ დროისათვის ყველაზე თანამედროვე, ლიბერალური იდეებით აღფრთოვანებული სამშობლოში დაბრუნდა, მეურნეობას მოჰკიდა ხელი და საკუთარი მამულის ეკონომიური თუ სოციალური თვალსაზრისით გადაკეთება დაიწყო. ეს არჩილია ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან “ოთარაანთ ქვრივი”.
განსაკუთრებით საინტერესო და თვალშისაცემია მისი ერთი თვისება, რომელიც ქართულ ლიტერატურაში ახალია და მანამდე არ შეიმჩნევა. არჩილი გლეხობისადმი უსაზღვრო სიყვარულით, მოწიწებითა და პატივისცემით გამოირჩევა:
“არჩილს უიმისოდაც ძალიან უყვარდა მუშებში ყოფნა და იმათთან ლაპარაკი, ზოგჯერ ლაზღანდარობაც. კესოსთვის არაერთხელ უთქვამს, რომ მე იმათგან ზოგჯერ ჭკუას და ხშირად ენას ვსწავლობო”.
იგი დარწმუნებულია, რომ გლეხებს შენარჩუნებული აქვთ:
ნამდვილი ზნეობა:
“... ჰხედავ, უსწავლელი კაცია. მაგისი ნამუსი ჭკუით კი არ არის ახილებული, გულით გამოკვებილია, მარტო გულით. ეს დიდი საქმეა, ჩემის ფიქრით, იმიტომ, რომ მაგისთანა ნამუსი მთელის გვამის, მთელის აგებულების წყურვილია, როგორც სითბო სიცივეში, როგორც სიგრილე სიცხე-პაპანაქებაში, როგორც პური შიმშილში. მინამ ჭკუა იტყვის, ჭკუა ურჩევს, გულმა იცის, რა ჰქმნას. ეს დიდი საქმეა-მეთქი, დიდი.”
სიბრძნე:
“ ბრძენი დედაკაცი ხარ, ნათლიდედ, ბრძენი! ...”
ღირსება, სულიერი მშვენიერება და გრძნობების სიფაქიზე:
“ - იცი რა იყო გიორგი? . . . გიორგი მთელი წიგნი იყო, ხიდგაღმა დაწერილი. გიორგი წიგნია მეთქი, მთელი წიგნი ცხოვრებისა, სულ სხვა ასოებით დაბეჭდილი. წინ გადაგვეშალა ეს წიგნი და ვერ წავიკითხეთ. რას არ ვკითხულობთ მე და შენ და ათასი ჩვენისთანა. მწიგნობრობით დღეს ვის არ მოაქვს თავი და მაგის ანბანი კი თურმე არა გვცოდნია. გიორგი ცოცხალი ხატია ღირსებისა. “თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარეობსო”, ნათქვამია და რამდენჯერ გვითქვამს მე და შენ - რა კარგად და მართლად არის ნათქვამიო. წიგნში ეს დანახული გვაქვს, ენაზეც ხომ გვაკერია და გვაკერია. ცხოვრებამ კი რომ მისი ცოცხალი ხატი წინ დაგვიყენა, ვერ ვიცანით: თვალით ნახული ვერ დავინახეთ. არ შეირთავდი! . . . ვის? “მშვენიერსა სულსა”. “არ გიყვარდა, ვინ? “თაყვანსაცემელი ღირსება”. არ გიყვარდა ის, ვისაც “ცის სხივით აცისკროვნებს მშვენიერება” სულისა.”
თავისი ბუნებითა და ხასიათით არჩილი იმ მომაკვდავ არისტოკრატიას განასახიერებს, რომელიც თავს დამნაშავედ გრძნობს გლეხის წინაშე. იგივე მოქმედებას საზოგადოებისგანაც ელის და გლეხობის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სუბიექტურ განცდას მოითხოვს. იგი თვლის, რომ გლეხკაცის გასაჭირს ვერ გაიგებ, თუ მის გვერდით არ იცხოვრე, მისი ინტერესები არ გაიზიარე, მისი ტკივილი არ გადაიტანე და მისი დარდი არ იგრძენი. ასეთ სიტუაციაში კი “ცოდვების გამოსყიდვის” ერთადერთი საშუალება - ხალხის სამსახურია.
“ბოდიშს იმით მოვიხდი, რომ მე მაგას შეგირდად მივებარები, დიაღ შეგირდად. ჩვენ რანი ვართ მაგასთან! ... დეე, გვასწავლოს და გვწურთნოს.”
ამგვარად, იკვეთება ახალგაზრდა რომანტიკოსი ინტელიგენტის ტიპი. იგი ხალხის სამსახურში გადასული თავადია, რომელიც გლეხთა უბედურების სათავეს, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივ მოწყობაში ხედავს.
საინტერესოა, საიდან გაჩნდა ასეთი პერსონაჟი და რომელი იდეებითაა განპირობებული მისი საქციელი?
განსხვავებით ქართულისა, ასეთ გმირებს კარგად იცნობს XIX საუკუნის რუსული ლიტერატურა. რადგან ერთი პერიოდი მხოლოდ ისინი ჩანდნენ ლიტერატურული ჟურნალებისა თუ ახლად დაწერილი რომანების ფურცლებზე. ერთ-ერთი მათგანია ევგენი ბაზაროვი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი სულიერი და იდეური კავშირი გლეხობასთან, მზადაა პროგრესს ემსახუროს და გაანადგუროს ყველაფერი, რაც ამ პროგრესს წინ აღუდგება. რომანში იგი შვილების თაობას მიეკუთვნება, ამიტომაც ემიჯნება მამების თაობას, ისტორიული თუ პირადი უმადურობის გამო ბრალს სდებს მას გარკვეული შეცდომებისა თუ დანაშაულის გამო და ცდილობს ახალი ისტორია საკუთარი თავიდან დაიწყოს (ტურგენევი, “მამები და შვილები”).
რომანტიკოსი-იდეალისტია თავადი ფიოდორ ლავრეცკიც, რომლის ძირითადი მიზანიც ხალხის სიყვარული, მისი სამსახური და საკუთარი ადგილის პოვნაა იმ სამყაროში, რომლის ძირითად ფასეულობასაც საზოგადოების პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს (ტურგენევი, “აზნაურთა ბუდე”).
ასეთ გმირებს შეხვდებით ნეკრასოვის პოეზიაში, ალექსეი პისემსკის, გლებ უსპენსკის რომანებში, მაგრამ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია თავადი რახმეტოვი, რომელიც არისტოკრატიული აზროვნების “ვიწრო ჩარჩოებში” ვერ თავსდება, მემკვიდრეობას ყიდის, პირად ბედნიერებაზე უარს აცხადებს და რუსი ხალხის თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის იწყებს ბრძოლას (ჩერნიშევსკი, “რა ვაკეთოთ”).
ყველანი ახალგაზრდა განათლებული თავადები ან რევოლუციონერ – რაზნოჩინელები, ანუ სხვადასხვა წოდების წარმომადგენელი ინტელიგენტები არიან, ახალ, პროგრესულ იდეებს ქადაგებენ და ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძვიან. იმ იდეურ საფუძველს კი, რომელმაც მაშინდელი საზოგადოების გონება მოიცვა, “ნაროდნიკობა” (ხალხოსნობა) ეწოდა.
ორიოდე სიტყვით “ნაროდნიკობის” შესახებ.
“ნაროდნიკობა” 60-70 წლების რუსეთში გაბატონებული იდეოლოგიური დოქტრინა გახლდათ, რომლის მიმდევრებიც ხალხის ცხოვრების შესწავლას და ინტელიგენციასთან მის დაახლოებას ისახავდნენ მიზნად. “ნაროდნიკები” აღიარებდნენ, რომ გლეხობაში ცოცხლობს ის საზოგადოებრივი და ეთიკური იდეალები, რომელიც შესაძლებელია სოციალური და ეკონომიური მოწყობის მოდელად გამოდგეს. იმდროინდელ ინტელიგენციას დაუოკებელი სურვილი ჰქონდა, დამკვიდრებულიყო რომელიმე მამულში, შერეოდა ხალხს, გლეხობისაგან ზნეობრივი საფუძვლები შეესწავლა და კონკრეტული ეკონომიური თუ სოციალური რეფორმირების გზით სოციალისტური უჯრედი, ანუ საზოგადოების იდეალური მოდელი შეექმნა. პირდაპირ და მოკლედ რომ ვთქვათ, ეს გახლდათ სოციალისტური უტოპიის ნაირსახეობა და ბოლშევიზმის საფუძვლები. თავად ლენინიც ნაროდნიკობის იდეოლოგიისა და რუსული სოციალიზმის ფუძემდებლებად ჩერნიშევსკის მიიჩნევდა.
ჩერნიშევსკის რომანის გავლენა მაშინდელ საზოგადოებაზე უზარმაზარი გახლდათ. თანამედროვეთა ცნობით, ის ახალგაზრდებისთვის ცხოვრების სახელმძღვანელოდ და რწმენის ახალ სიმბოლოდ გადაიქცა. ამ წიგნს არა მხოლოდ ხარბად კითხულობდნენ, არამედ მის შესახებ აქტიურად მსჯელობდნენ და ცხარედ კამათობდნენ. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა რუსეთში აზრი მწერლის, როგორც ცხოვრების მასწავლებლის, საზოგადოების წინამძღოლისა და წინასწარმეტყველის შესახებ (შეადარე: ილიას “პოეტი” (1860 წ.)).
ამიტომაც XIX საუკუნის 60-იანი წლების პეტერბურგელი სტუდენტები ძირითადად ორ ნაწილად იყოფოდნენ: “უპრინციპო კარიერისტებად” და “იდეურებად”, ანუ ვინც საკუთარ სიცოცხლეს პროგრესსა და ხალხის გადარჩენას მიუძღვნიდა.
როგორც ჩანს, ამ გავლენისაგან ვერც რუსეთში ცოდნის მისაღებად ჩასულმა ქართველმა სტუდენტებმა დაიძვრინეს თავი. ნიკო ნიკოლაძის მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ქართველი სტუდენტების დიდი ჯგუფი რეგულარულად დადიოდა ჩერნიშევსკის ბინაში და მისგან დარიგებებს იღებდა. გამონაკლისი არც ილია ჭავჭავაძე გახლდათ. რ. ხომლელის (რომანოზ ფანცხავა) მოგონებებიდან ირკვევა, რომ ილია პირადად იცნობდა ჩერნიშევსკის (“შინაური საქმეები” 1909 №2). მოგვიანებით კი მისი რევოლუციური განწყობილება საქართველოშიც ჩამოიტანა და “საქართველოს მოამბის” 1863 წლის ნომრებში პირველმა მოიხსენია “ნაროდნიკობის” იდეები. თავის შემოქმედებაში რუსული ლიტერატურის გავლენაზე ილია პირდაპირ და დაუფარავად საუბრობდა: “თქმა არ უნდა, რომ რუსულმა ლიტერატურამ დიდი ხელმძღვანელობა გაგვიწია წარმატების გზაზედ და დიდი ზემოქმედება იქონია ყოველ მასზედ, რაც ჩვენს სულიერ ძალ-ღონეს შეადგენს და ჩვენს გონებას, ჩვენს აზრს, ჩვენს გრძნობასა და ერთობ ჩვენს მიმართულებას ზედ დააჩნია მან თავისი ავ-კარგიანობა”.
ამიტომაც, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ არჩილის სახით სინამდვილეში რუსი ინტელიგენტის ტიპია დახატული და როდესაც იგი იდეალური კომუნის ასაშენებელ თვისებებს: სამართლიანობას, ნამუსიანობას, ზნეობას, შრომის სიყვარულს, პირიანობას, მეურნეობის გაძღოლის ნიჭს, ყაირათიანობას, უანგარობას და სხვა... გლეხობაში ეძებს, ნაროდნიკული იდეებით ხელმძღვანელობს. ეს “ნაროდნიკის” თვალით დანახული სამყაროა და ამიტომ, ქართველი გლეხის ჭირ-ვარამიც ნეკრასოვის სიტყვებითაა გამოთქმული.
“აბა იმათს სიმღერას უყურე: ერთი გრძელი კვნესაა და მაინც სიმღერას ეძახიან” (“Этот стон у них песней зовется”).
ეს ადგილი კიდევ იმითაა ნიშანდობლივი, რომ ქართულ ლიტერატურაში გამოიკვეთა გლეხობის, როგორც პროლეტარული კლასის მნიშვნელობა მომავალი იდეალური საზოგადოების ფორმირებაში. შესაძლებელია ახალგაზრდა თაობისთვის ეს არაფრის მთქმელი იყოს, მაგრამ ვინც კომუნისტური პარტიის ისტორიას მეტნაკლებად იცნობს, მისთვის გასაგები იქნება, თუ რა საფრთხე დაიმალა ამ ტენდენციის მიღმა.
“ნაროდნიკები” ხალხის სიღარიბის, ჩამორჩენილობისა და ტანჯვის სათავეს უსამართლო, მოძველებულ, გადაგვარებულ პოლიტიკურ ფორმაში ხედავდნენ, თვლიდნენ, რომ საკმარისი იყო ამ ფორმის განადგურება, გაბატონებული კლასის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ბოროტებაც თავისთავად სიკეთით შეიცვლებოდა. რომ დადგებოდა საყოველთაო სიკეთისა და მეგობრობის “ოქროს ხანა” (რაც ყველა რევოლუციის შეცდომაა). ამასთანავე ნაროდნიკობაში სრულიად უმტკივნეულოდ თანაარსებობდა ქრისტიანული ფასეულობები და სოციალიზმი. ამ მდგომარეობის აღმნიშვნელი სპეციალური ტერმინიც გაჩნდა: “ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე”. ეს რწმენა იმდენად ძლიერი იყო, რომ ილია ჭავჭავაძე თავის ცნობილ ლექსში - “1871 წელი, 23 მაისი”-პარიზის კომუნის დამარცხებისაგან გამოწვეულ გულისტკივილს ქრისტიანული საქმის, ქრისტიანული იდეალის დამარცხებასთან აიგივებს. ხოლო გაცილებით ადრე, 60-იან წლებში, რუსეთში შექმნილ ან დაწყებულ ნაწარმოებებში, მოთხრობებში: “ლუარსაბ თათქარიძე”, “გლახის ნაამბობი”, პოემებში: “აჩრდილი”, “კაკო ყაჩაღი”, ლექსებში: “გუთნის დედა”, “მუშა” “ნაროდნიკობის” რადიკალურ (რევოლუციურ) განწყობილებას ემხრობა და საკუთარი შემოქმედებით ცდილობს აჩვენოს, რომ გაბატონებულ კლასს ბატონობისათვის სოციალური საფუძვლები არ გააჩნია, რომ თავად-აზნაურობის ცხოვრება ანტისაზოგადოებრივია, რომ მათი არსებობის საფუძველი პარაზიტობაა და არა სასარგებლო შრომა, რომ ამგვარმა ცხოვრების წესმა თავად-აზნაურობა სულიერ და ფიზიკურ გადაგვარებამდე მიიყვანა და ამიტომაც, იგი უნდა განადგურდეს.
დღეს ყველას შეუძლია ამ სუბიექტური შეხედულებების მთელი ტრაგიზმი დაინახოს.
თავის ადრეულ ნაწარმოებებში ილია ჭავჭავაძე ბოროტების ცნებას აყალიბებს და ამტკიცებს, რომ მას ბატონყმობისა და თვითმპყრობელობის სახე აქვს. სიკეთესა და სათნოებას კი გლეხისა და მუშის ბუნებაში ხედავს. მაგრამ შეუძლებელია ბოროტების მიზეზები მეფის თვითმპყრობელობას დაბრალდეს, რადგან მოგვიანებით ბატონყმობა გაუქმდა, მეფე ტახტიდან ჩამოაგდეს, ხელისუფლების სათავეში ერთ დროს გატანჯული და დევნილი მუშები და გლეხები მოვიდნენ, მაგრამ ბოროტების არსი იგივე დარჩა. გათავისუფლებულმა მონებმა (“ინტერნაციონალი”) უარესი ჩაგვრა და დევნა მოაწყვეს. მოგვიანებით მათი ხელისუფლებაც ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ ბოროტების ბუნება მაინც არ შეცვლილა. დღემდე ილახება ადამიანების ღირსება, უფლებები, მათი თავისუფლება, დღემდე არსებობს საკუთრების დაკარგვის საფრთხე და სხვა. ანუ, როდესაც სიკეთესა და სათნოებას გლეხისა და მუშის ბუნებაში ხედავ და არა შემოქმედში, როდესაც ბოროტების საწყისს საზოგადოების მოწყობას აბრალებ და არა ცოდვის ტყვეობას, ხდება სულიერი ცენტრის დარღვევა. მხოლოდ ცოდვის ტყვეობაში ჩავარდნილ მონას უნდა, რომ ბედნიერებას გარეგნული, მატერიალური გზებით მიაღწიოს. ეს კი ცრუ რელიგიის დასაწყისია. თუ აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ამ ტენდენციამ თითქმის მთელი საუკუნით განსაზღვრა ქართული ლიტერატურის ბედი.
კვლავ ძირითად სათქმელს დავუბრუნდეთ. ჩერნიშევსკის იმავე რომანის წყალობით რუსეთს ფემინიზმის ტალღამაც გადაუარა. ქალები ცხოვრების ახლებურად მოწყობისა და საზოგადოებრივი საქმიანობის ჟინმა შეიპყრო. მათ არ უნდოდათ მამაკაცებს ჩამორჩენოდნენ, ამიტომ მამაკაცებთან თანასწორი უფლებების, ეკონომიური, სამართლებრივი და სოციალური მდგომარეობის შესაცვლელად აიმაღლეს ხმა. ამგვარ ქალთა ერთ-ერთი გამორჩეული თვისება ისიც გახლდათ, რომ ბევრმა უარი თქვა სიყვარულსა და ქორწინებაზე, ქალის ბუნებრივ თვისებაზე, მამაკაცებისთვის თავი მოეწონებინათ, და ხელოვნურად გამამაკაცურდნენ. ქალთა გათავისუფლების, მათი როლისა და დასაქმების თემა ყველაზე აქტუალური იყო მაშინდელ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ლიტერატურაშიც გამოჩნდნენ თავისუფლად მოაზროვნე და დამოუკიდებელი ქალები: ივან გონჩაროვის ვერა რომანიდან “ფლატე”, ლევ ტოლსტოის ანა კარენინა და სხვები. ამ მოძრაობას თერგდალეულებმაც შეუერთეს თავიანთი ხმა. გიორგი წერეთელმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა მოთხრობაში “მამიდა ასმათი”, ნიკო ნიკოლაძემ კი “პროვინციულ სურათებში”.
ამავე მწკრივში უნდა ჩავაყენოთ ილია ჭავჭავაძის ოთარაანთ ქვრივიც, რადგან იგი ზედმიწევნით შეესაბამება სოციალისტ უტოპისტების იდეალს. ისინი თვლიდნენ, რომ ქალები საზოგადოებაში დამოუკიდებელ სოციალურ ერთეულს არ წარმოადგენდნენ, ვინაიდან არ შეეძლოთ საკუთარი თავის მატერიალური უზრუნველყოფა და გათხოვების გზით იყიდებოდნენ. მომავლის იდეალურ საზოგადოებაში კი ქალები მამაკაცებთან გათანასწორებულნი და დამოუკიდებელნი უნდა გამხდარიყვნენ.
მაგრამ საკითხავია, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თავისუფალი ქალი პატრიარქალურ საზოგადოებაში, ვინაიდან მისი საზოგადოებრივი სტატუსი ყოველთვის განისაზღვრებოდა ჯერ მამასთან, ხოლო შემდეგ ქმართან მიმართებაში?
რა თქმა უნდა, დაქვრივებული (ისეთივე როგორებიც იყვნენ გიორგი წერეთლის მამიდა ასმათი, ნიკო ლომოურის დეიდა სიდონია, ეკატერინე გაბაშვილის მაგდანა და სხვები), ოჯახური დესპოტიზმისაგან, მამის ან ქმრის მონობისაგან გათავისუფლებულები, რადგან ამ გზით არც პარტიარქალური საზოგადოების სისტემა ირღვეოდა და ქალიც ფაქტობრივ თავისუფლებას აღწევდა. ოთარაანთ ქვრივმაც ნამდვილ თავისუფლებას მხოლოდ ქმრის, თევდორეს გარდაცვალების შემდეგ მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახში მეორე ზრდასრული მამაკაციც იყო, მან ერთხელ მოპოვებული ხელიდან არ გაუშვა და თავის შვილს პირველობა არ დაუთმო.
“თუმცა ასეთი იყო გიორგი, მაგრამ თავისი დედის ყურმოჭრილი ყმა იყო თითქმის. თუმცა კარგა მოზრდილი იყო, მაგრამ გიორგი სახლსა და ოჯახში ბატონობას არ შეეცილა დედასა. გვგონია, პირველობას და უფროსობას არც კი დედა დაუთმობდა...”
ოთარაანთ ქვრივმა მოახერხა ის, რაც არც ერთ ქალს არ გაუკეთებია. მამაკაცისაგან იურიდიულად და ეკონომიურად გათავისუფლებულმა შესაძლებლობების ფარგლები გააფართოვა და საკუთარ თავში საკმარისი ძალა აღმოაჩინა, რომ აშკარად დაპირისპირებოდა თვითმპყრობელობის სისტემის წარმომადგენლებს: გზირს, ნაცვლს, იასაულს და სხვა. გარდა ამისა, საზოგადოებას აჩვენა, რომ ქალი მამაკაცის თანასწორია თუნდაც იმით, რომ საკუთარი ხელით შეუძლია ბარვა, თოხნა, მარგვლა, თესვა, კრეფა და სხვა.
სოფელში ამბობდნენ: “ ვის გაუგონია დედაკაცის ბარი და თოხიო, მაგრამ ოთარაანთ ქვრივი არას დაგიდევდათ.
“- თუ არ გაუგონიათ, ეხლა გაიგონონო, - ამბობდა ხოლმე. – მითამ მე რითა ვარ ნაკლები აიმ დამპალ გოგიაზედ! თუ იმასა ჰშვენის ბარი და თოხი, მე რაღა ღვთისაგან შერისხული ვარ. რა ვუყოთ, რომ ის მამაკაცია და მე დედაკაცი. მითამ ჩემზედ წინ რით არის?”
ილია ჭავჭავაძემ არა მხოლოდ ისეთი ტიპი შექმნა, რომლის გამოჩენასაც ახალი თაობა დიდხანს ელოდა, არამედ ამის კონკრეტული გზებიცა და ფორმებიც მიუთითა. ოთარაანთ ქვრივი ქალის იმ იდეალური თვისებების კრებითი სახეა, რომელზეც ნაროდნიკები ოცნებობდნენ, იგი პირველი ემანსიპირებული (გათავისუფლებული) ქალია ქართულ ლიტერატურაში, ამიტომაც იწვევს იგი აღფრთოვანებას და ვფიქრობ, სწორედ ამით აიხსნება ამ პერსონაჟის უზარმაზარი პოპულარობის საიდუმლო ქალთა წრეებში.
მიუხედავად იმისა, რომ კესოც მამისა და ქმრის მეურვეობისაგან თავისუფალია, ნაწარმოებში მას სრულიად სხვა ფუნქცია აკისრია.
მოთხრობის XX თავში, რომელსაც ავტორმა “დასაწყისი განთიადისა” უწოდა, ძმასთან საუბრის დროს ვხედავთ, რომ კესოს ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჰქონია გაცნობიერებული გიორგის (გლეხკაცის) როლი საზოგადოებაში. იგი ბოლომდე არ იზიარებდა არჩილის იდეებსა და აღფრთოვანებას. მაგრამ გიორგის დაღუპვის შემდეგ ამ საკითხს დაუფიქრდა და მწარედ ინანა. ამ ეპიზოდზე საუბრის გასაგრძელებლად ერთი პარალელი უნდა მოვიშველიო. ილიას სიცოცხლეშივე, 1906 წელს დაიბეჭდა მაქსიმ გორკის რომანი “დედა”. მასში აღწერილია ერთი ბედისაგან დაჩაგრული და გაუნათლებელი ქალის, პელაგეა ნილოვნას ცხოვრება. პელაგეას შვილი პავლე ვლასოვი რევოლუციური დაჯგუფების ერთ-ერთი წევრია. პელაგეასათვის თავიდან ყოვლად გაუგებარი და მიუღებელია რევოლუციონერების ქცევები, მაგრამ მათთან ხანგრძლივი ურთიერთობის დროს თავის შეუგნებელ ცხოვრებას დაუფიქრდება, შვილის დაპატიმრების შემდეგ კი საბოლოოდ შეიცვლება და რევოლუციური ბრძოლის გზას დადგება.
ამ ხერხს მოგვიანებით სოციალისტური რეალიზმი უწოდეს: ანუ როდესაც ამა თუ იმ “შეუგნებელ”, ან “სტიქიურ გმირს” გვერდით უდგას რომელიმე რევოლუციური შეგნების პერსონაჟი, რომელიც მას (და პირველ რიგში მკითხველს) დაეხმარება, სოციალისტურ სულისკვეთებას გაუღვიძებს და ცხოვრების გზას შეაცვლევინებს. მაგრამ რევოლუციური აზროვნება მხოლოდ სწავლებითა და შეგონებებით არ მიიღწევა - ასე მოითხოვს ამ ჟანრის ტრადიცია - მისთვის მსხვერპლის გაღებაცაა საჭირო.
ოთარაანთ გიორგი, ერთი შეხედვით, უდანაშაულოდ და არაფრის გამო იღუპება. მაგრამ მხატვრული თვალსაზრისით გიორგის სიკვდილი შემთხვევითობა არ გახლავთ, რადგან ნაწარმოებში მას განსაკუთრებული აზრობრივი დატვირთვა აქვს. გიორგის ტრაგიკულმა სიკვდილმა კესოში კლასობრივი შეგნება უნდა გამოაღვიძოს.
თუკი კესოს კლასობრივი შეგნების გამოღვიძებას გიორგის სიკვდილი სჭირდება, გორკის რომანის გმირი რევოლუციურ გზას შვილის დაპატიმრების შემდეგ დაადგება. მიზანი მიღწეულია და ამ მიზნისთვის ორივე შემთხვევაში მსხვერპლის გაღება მოხდა.
ალბათ გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ გორკი და ილია ჭავჭავაძე ერთმანეთის შემოქმედებას იცნობდნენ, ან ერთმანეთის გავლენას განიცდიდნენ. გორკის რომანსა და ილიას მოთხრობას შორის მხოლოდ ეს ერთადერთი მსგავსებაა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი მსგავსება გახლავთ, რადგან იგი სოციალისტური რეალიზმის საფუძველს წარმოადგენს და საერთო წყაროდან იკვებება.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ოთარაანთ ქვრივისთვისა და გიორგისთვის მოთხრობა ტრაგიკულად მთავრდება, იგი მაინც ბედნიერი ფინალითაა გამორჩეული. სცენაზე რჩება ნაროდნიკული იდეების აქტიური ქომაგი არჩილი, რომელიც უკვე მარტო აღარაა, მან კესოს გულში ახალი რწმენის ნაპერწკალი აანთო და ეს რევოლუციური იდეისადმი რწმენაა.
“- არჩილ, წინ რაღაა, წინ? – შეჰბღავლა უეცრად კესომ და ორისავ ხელის თითები ერთმანეთში ჩაიწნა და ფშვნეტა და მტვრევა დაუწყო.
- ეგ ცრემლიანი ცოდნა უკანა სწევს და ჰბუგავს, წინა ნამავს და ამწვანებს. ეგ ნამი, რომ გაბევრდება, მდინარე წყლად იქცევა და მთელს ტივს მიიტანს, რომ ჩვენს შორის ჩატეხილი ხიდი გაამთელოს და ეგრე ორსავ ნაპირს გააერთებს. ეგ ცრემლიანი ცოდნა, თუ ცოდნიანი ცრემლი უკანისა, - შუქია წინასი და შუქი ხომ...
- დასაწყისია განთიადისა, განა, ჩემო კარგო?”
ამგვარად, ავტორი მკითხველს უტოვებს რწმენას, რომ საბოლოო გამარჯვება არჩილისა და კესოს იდეების მხარეზეა.
მაგრამ ისტორიამ დაადასტურა, რომ არჩილიცა და კესოც სინამდვილეში მომავლის დამანგრეველ ძალას განასახიერებენ, რომ მათ მორალისტურ შეგონებებს დიდი შინაგანი საფრთხე მოაქვს და ამ საფრთხეს სიკეთის სახე აქვს, რადგან განთიადი, რომელსაც ისინი ელოდებიან და ამზადებენ, არც რომანტიკულია და არც უსისხლო. იგი არც საყოველთაო თანასწორობას მოიტანს და არც ცხოვრების სოციალური დონის ამაღლებას.
გლეხებისა და თავადების თანასწორობაზე მეოცნებე ლიბერალი ინტელიგენტი, რომლისთვისაც სამყაროს შეცვლა აბსოლუტურ ამოცანას წარმოადგენდა, დროთა განმავლობაში კაცთმოძულე ფანატიკოს რევოლუციონერად გადაიქცა და შეიქმნა იდეური წინაპირობა, გარკვეული ფსიქოლოგია და ადამიანთა ის ტიპი, რომელმაც 1917 წლის რევოლუცია განაპირობა.
მაგრამ, თავად ილია ჭავჭავაძე ამ პრობლემას გაცილებით ადრე შეეჯახა, როდესაც რევოლუციურმა განწყობილებამ უკვე მუშებისა და გლეხების წრეებში გადაინაცვლა და როდესაც “მესამე დასელთა” ახალგაზრდა თაობა დაუნდობელი სისასტიკით დაესხა მას თავს. ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ რა სასოწარკვეთილება და უსასოობა ისადგურებს ხოლმე ადამიანის გულში, როდესაც მის ყმაწვილურ შეხედულებებსა და ცხოვრებისეულ რეალობას, ან თუგინდ დაწერილსა და განხორციელებულ იდეას შორის უფსკრულს აღმოაჩენს. შესაძლებელია ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც XIX საუკუნის ბოლოდან ილია თანდათან ჩამოშორდა აქტიურ ლიტერატურულ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ხასიათიც შეეცვალა; სულ უფრო განმარტოებული და გულჩათხრობილი გახდა. ეს მისთვის რუსული იდეის დამარცხება იყო. თუმცა წარუმატებლობასაც და დამარცხებასაც უდიდესი სამსახურის გაწევა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუკი იგი თაობებისათვის სწავლების ნაწილი გახდება.
2008
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
No comments:
Post a Comment