Tuesday, May 5, 2009

ბესო სოლომანაშვილი – ზამორა

გელა ოდიკაძე

მამები და შვილები

ბესო სოლომანაშვილი, ზამორა (მოთხრობები). რედაქტორი ანა ჭაბაშვილი. თბ. “დიოგენე”, 2007.

ქართულ ლიტერატურაში იყო ე.წ. ხელშეუხებელი თემები. XX საუკუნემ ფაქტობრივად ისე გაიარა, რომ ამ თემებს მწერლები არ შეხებიან. საქმე ისაა, რომ 90-იან წლებამდე საბჭოთა ცენზურა ინერციით ინარჩუნებდა ძალას, ამის შემდეგ კი ქვემეხები გრუხუნებდნენ და მუზები სდუმდნენ.
თუმცა სხვაც უნდა ითქვას: მწერლები ამ წლებშიც წერდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უაღრესად კრიტიკულ მომენტებშიც არ გაჩერებულან (მაგონდება შოთა იათაშვილის "ავადმყოფი ქალაქი". ეს მოთხრობა თბილისის ომის დროს დაიწერა და თითქოს ამ მოვლენის შემზარავ ექოს გამოსცემს). საბოლოოდ, ცენზურა ჩვენს ცნობიერებაში ხელშეუხებელი თემების შეხებამ მოხსნა. წყალს სადინარი უნდა მისცემოდა და მიეცა კიდეც.
ბესო სოლომანაშვილის "ზამორა" სწორედ იმ სიცარიელეს ავსებს, რომელიც ქართულ ლიტერატურაში გაჩნდა. ქვემეხების გრუხუნი, ალბათ, არა იმდენად პასიურობის გამომწვევი იყო, რამდენადაც დაბნეულობის. მწერალი წინამდებარე მოთხრობის მეშვეობით XX საუკუნის კატაკლიზმებს ეხმაურება: ზამორა უფროსი და ზამორა უმცროსი - ერთი საუკუნის ორი სრულიად სხვადასხვა ომის მონაწილე.
ბესო სოლომანაშვილი უფროსი ზამორას მეგობრის, ალექსანდრეს პირით მოგვითხრობს ამბავს. თხრობა არტაშას დუქანში მიმდინარეობს. ბოჰემური გარემო და წარსულის მტკივნეული მომენტები ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს და თავისებურ ინტიმს ქმნის.
ზამორების (წარმოშობით ესპანელები არიან) სისხლის ყივილი, ვაჟკაცური ჯიში და მოდგმა თვალსაჩინოდ აღიბეჭდება ალექსანდრეს მონაყოლშიც.
ბესო სოლომანაშვილის ოსტატობას ავლენს ფაქტობრივი მასალის წარმოსახვასთან დაკავშირება. ჯერ ერთი, მწერალმა კარგაც იცის ტოტალიტარული სახელმწიფოს ატმოსფერო, კონკრეტული რეალიები, ტიპაჟი, მათი მეტყველება. ალექსანდრეს ცხოვრება (ისევე, როგორც ზამორების) იმ ავტორიტარული რეჟიმის პერიპეტიებთან არის გადაჭდობილი, რომლებმაც ათასობით ადამიანის ბედი დაამახინჯა და გაამრუდა.
გარდა ამისა, ავტორი თავიდანვე იშველიებს თხრობის ისეთ ინტონაციას და ფორმას, რომლის მეშვეობითაც ცხოვრების თუნდაც ყველაზე უფრო უხეში გამოვლინებები, ყველაზე სასტიკი შტრიხები დამაჯერებლად და ძალდაუტანებლად შემოდის ჩვენში.
ბესო სოლომანაშვილმა იცის ერთი რამ: თხრობის ასეთი ფორმა ცხოვრებისეულ მასალას სრულიად თავისებურად განაფენს, აქ მთხრობელის სუბიექტივიზმი ერწყმის რეალობის აუხსნელ და უცნაურ ფაქტებს და თავისებურ სიმბიოზს ქმნის. სამხედრო გამომძიებლების, ჩეკისტების ისტორიები არა მხოლოდ პირადი, არამედ სამსახურებრივი წვრილმანი დეტალებისგან შედგება, რისი ცოდნაც მწერალს ნამდვილად სჭირდებოდა. ყოველივე ეს წარსულის რეალობიდან უნდა აეღო, სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო. ამის კარგი მაგალითია მოთხრობაში აღწერილი მხატვართა ტილოების ეპიზოდი. ამ ეპიზოდში არა მარტო ალექსანდრეს, გრიშას და ზამორას პიროვნული თავისებურებები ჩანს, არამედ მთელი ტოტალიტარული ეპოქა, რომელიც მზაკვრობაზე და ძალადობაზეა აგებული. ასეთი ქვეყნის სამსახურში პასუხსაგებ თანამდებობებზე მომუშავე სინდისის მქონე ადამიანები ცდილობდნენ რთულ ვითარებაში სამართლებრივად და ზნეობრივად ყველაზე ოპტიმალური გზა გამოენახათ, რათა სხვა არ დაეზიანებინათ და საკუთარი თავის გადარჩენაზეც ეზრუნათ. ალექსანდრეც სწორედ იმ ამბებს ჰყვება, სადაც ხაფანგიდან თავდაღწევის ათასგვარი გზებია მონიშნული.
ამ ხაფანგში სხვადასხვა თაობები მოხვდნენ, ამიტომ აქ მამათა და შვილთა პრობლემაც ბუნებრივად წამოიჭრება. კარგად ამბობს ალექსანდრე: "შენ რა, მართალი ხომ არ გგონია, შვილები მამების ცოდვებზე პასუხს არ აგებენო! აგებენ! აგებენ! ჩვენ თქვენთვის და თქვენ ჩვენთვის, - ერთი სისხლია, სამყაროსთვის ერთი გადაწიტებაა შენსა და ჩემს ასაკს შორის მანძილი. შენ რომ იზამ, ჩემი ბრალია, მე რომ ვიზამ - შენი. თქვენ ხო არ გგონიათ, რაც ჩვენ გავაკეთეთ, თქვენი ბრალი არ არის, ან რასაც თქვენ იზამთ, ჩვენი ბრალი არ იქნება? ერთი სისხლი აკეთებს, ერთი სისხლი."
ბესო სოლომანაშვილი პროფესიული ოსტატობით ფლობს მასალას, აწესრიგებს სათქმელს, კრავს კომპოზიციას. სიტყვა მასთან სადაა, ზუსტი და მიზანმიმართული. საერთოდ, ავტორს, როგორც პროფესიონალ მწერალს შეჰფერის, ერთი მთავარი სათქმელი აქვს და სხვა, მეორეული კომპონენტები ამ სათქმელს არის დაქვემდებარებული. ეს მოთხრობა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია და სერიოზულ ანალიზს იმსახურებს.
კრებულში კიდევ ორი საინტერესო, შედარებით მცირე მოცულობის მოთხრობაა შესული - "გიბონა" და "თითრინავი". ჩემი აზრით, მაინც აჯობებდა ვრცელი მოთხრობა "ზამორა" ცალკე გამოცემულიყო. ეს ერთი ეპოქის დამტევი მრავლისმომცველი ნაწარმოებია და თითქოს თავის თავშივე კრავს წრეს. ცალკე გამოცემის შემთვევაში, ალბათ, შრიფტიც უფრო მსხვილი იქნებოდა და გრაფიკულადაც, ვრცელი პანორამის შთაბეჭდილება შეიქმნებოდა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:

Post a Comment