ნომერი ერთი - ლივლივი და სევდა
ნომერ ერთს ქალის სილამაზის ერთი, კარგად ჩამოყალიბებული კრიტერიუმი არ გააჩნდა. სამაგიეროდ, ჰქონდა მონატრება, უფრო კი - ხატება, რომელსაც სათუთად, სხვისთვის გაუმხელად ინახავდა გულში - ჯინსისკურტკიანი გიმნაზისტკები, თხელი ქვედაკაბებით, შიშველ, კოხტა ფეხებზე მუხლებამდე აცოცებული რომბებიანი გეტრებით და კუდრაჭებით თაფლისფერ თვალებში, უწმაწური ანეგდოტების ხმამაღლა მოყოლით იმკვიდრებდნენ თავს, რომ უფროსი ბიჭების თვალში უფრო გამოცდილები, საყვარლად გარყვნილები გამოჩენილიყვნენ. ჩანდნენ კიდეც...
ოდესღაც ნომერი ერთი თვითონ იყო ის უფროსი ბიჭი და, შეიძლება, სულაც პატარა და შტერი გოგოები კი არ ენატრებოდა, არამედ საკუთარი თავი - იმდროინდელი, უცხო უბანში, მტრულ სკოლაში ასული, დაბოღმილი, ჯერ ზრდადაუსრულებელი კლასელი ბიჭების თვალწინ ყველაზე ლამაზი გოგოების ჯოგს რომ ერეკებოდა გარეთ, მამისთვის (მაშინ ჯერ მამასაც კარგად მისდიოდა საქმე) მოპარულ მანქანაში ყველას ატევდა და გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავდა. მუდამ ხელუხლებლებს აბრუნებდა უკან და დღემდე უცოლო იყო.
მაგრამ მხოლოდ გარდასულ დღეთა მონატრებაში არ უნდა ყოფილიყო საქმე, რომბებიანი ქალწულები ხომ ხანდახან ძილშიც ეცხადებოდნენ. მაინც რა იყო ადამიანის სიზმარი? შიშები და სურვილები, ჩასაფრებული შიშები და მიჩქმალური სურვილები, ოღონდ, სიზმარში შიშს ზოგჯერ ამარცხებდა, სურვილს - ვერასოდეს...
ზოგჯერ კი სიზმრების მსგავსი ფერადი და ლამაზი დღეები უთენდებოდა. დღევანდელიც სიზმარს ჰგავდა და კიდევ - კინოს... იაპონურ კინოს.
მზიურში ხარაკირის ამინდი იდგა.
ნომერ ერთს ეს შედარება მაშინვე არ მოსვლია თავში, მაგრამ გაყინულ სკამზე კარგა ხნის ჯდომის და ცოტა ფიქრის შემდეგ აქაურობა ყველაზე მეტად მაინც იაპონურ კინოს შეადარა. კინო უყვარდა.
ამ დილას არ ეთქმოდა ჩვეულებრივი. ერთ ღამეში გატყდა შემოდგომა. უცებ, მოულოდნელად მოყინა, მაგრადაც მოყინა და ყველა ხეს ერთბაშად საცვივდა ყვითელი ფოთოლი. ქარი არ იძვროდა, ოდნავი ნიავიც კი არ იყო და ფოთლები თოვლივით მსუბუქად, ნელი ბზრიალით ეშვებოდნენ ციდან, დამზრალ, თრთვილით დაფარულ მიწას ედებოდნენ. სიჩუმეში ხიდან მათი მოწყვეტის ხმაც კი ისმოდა. ლამაზი იყო იქაურობა. თვითონ გაყუჩებული იჯდა ამ ყვითელ თოვაში და თუმცა ისეთ პახმელიაზე იყო, რომ სიგარეტის ამოსაღებადაც კი ეზარებოდა ჯიბეში ხელის ჩაცურება, სტილი მაინც დაცული ჰქონდა. მოულოდნელად დამთავრებული შემოდგომის ამ დილას კი მისი სტილი, როგორც ყოველთვის, დახვეწილი იყო - ველვეტის ქუდი და ველვეტისავე შარვალი, თბილი ქურთუკი და კაშნე, სუფთად გაპარსული პირსახე და სევდა თვალებში, ოღონდ ამის დამნახავი და დამფასებელი არავინ ჩანდა დროებით გალამაზებულ და იაპონიად ქცეულ მზიურში. ან რა იაპონია იყო აქაურობა? ბინძურ და ბეტონის კალაპოტში მოქცეულ ვერეში, სულ რომ თვალები დაგთხროდა, ფერად თევზებს კი არა, ერთ ჭიჭყინასაც ვერ დაინახავდი, არც მზიურის მურყნები ჰგავდა იაპონურ ხეებს და ჭრელ კიმანოებში გამოწყობილი, კალმით დახატული, ქოლგიანი ქალების ნაცვლად, მის გარშემო მხოლოდ რამდენიმე პენსიონერი აკეთებდა ვარჯიშის იმიტაციას. ვითომ დაძუნძულებდნენ, უნიათოდ თუ გაიქნევდნენ ხელს, უფრო იშვიათად კი - ფეხს და ამ ყვითელ ხალიჩაზე კანტი-კუნტად გამოძუნძულებულ ამდენ დაჩამიჩებულ ფიზკულტურელში წამლად ერთი კოხტა და მაღალი, ლეგა ელასტიკში გამოჭერილი უკანალიც კი არ ჩამოირბენდა...
მაინც ლამაზი იყო ეს ფოთოლცვენა და ნომერმა ერთმა გაიფიქრა, რომ კიდევ დიდხანს იჯდებოდა ასე, თავისთვის, პუბლიკის და მაყურებლის გარეშე, კიდევ იფიქრა, რომ შემთხვევით არაფერი ხდებოდა ამ ქვეყანაზე და ისიც, პახმელიისგან დატანჯული და უფულო (თუმცა სტილი ბოლომდე ჰქონდა დაცული), შემთხვევით არ შემოხეტებულა ამ დილით პარკში, რომელშიც არც კი ახსოვდა, როდის შემოიხედა უკანასკნელად. ამ ყველაფრის ნახვა ნამდვილად ღირდა...
ნომერი ერთი ბოღმა არ იყო. ამ თვისების არქონას ერთ-ერთ მთავარ ღირსებად უთვლიდა საკუთარ თავს და სადღეგრძელოშიც ხშირად ამბობდა: ამ ცხოვრებაში მთავარია არ გაბოროტდეო... ერთხელ "დისქავერიზე" უყურებდა ფრინველებზე ფილმს და იქ თქვეს, რომ დიდი მტაცებლები იშვიათად თუ მოიქნევენ ფრთებს, ძალას ზოგავენ და ფრთაგაშლილები ჰაერის აღმავალ და დაღმავალ დინებებს მიუყვებიანო. ეს შედარება ძალიან მოეწონა. თვითონ მტაცებელი არ იყო, მაგრამ ფრთებს მაინც იშვიათად იქნევდა. აი, გუშინ კი მოუნდა, როგორც წელიწადში ერთხელ უნდებოდა ხოლმე ამ დღეს.
წელიწადში ერთხელ ხვდებოდა ხოლმე ძველებურად ბარაქიან, დღეს უკვე არანორმალურად დიდ დაბადების დღეზე, სადაც მრავალ ნაცნობსა და მეგობარს შორის აუცილებლად ხვდებოდა ორ გამაღიზიანებელს: ქალს, რომელიც წელიწადში ერთხელ ძალიან უნდებოდა და ბიჭს, რომელიც ახსენდებოდა, რომ საცემი ჰყავდა. მიზეზი უკვე აღარ ახსოვდა, აკი, ბოღმა არ იყო, მაგრამ ის კი აგონდებოდა, რომ უნდა გაელახა.
წელს ქალი შარშანწინდელზე ლამაზი ეჩვენა, მაგრამ შარშანდელთან ახლოსაც ვერ მოდიოდა. შარშან უბრალოდ ძალიან მაგარი იყო - განუმეორებელი. ბიჭი კი ერთ წელიწადში დაკაცებულიყო. უკვე გახისტებული ჰქონდა ის ბავშვური ნაკვთები, რომელიც ასე აღიზიანება და ეზიზღებოდა ადრე. ეტყობა ამ ერთ წელიწადში ძალები ვერ დაზოგა და ხშირ-ხშირად მოუწია ფრთების ქნევა. - კაცს გავხარ უკვე და ეხლა შენი ცემაც შეიძლებაო, - თუ მიზეზს უპოვიდა, გადაწყვეტილი ჰქონდა, ასე ეთქვა, სანამ წაუთაქებდა, წაუთაქებდა კი არა, გაასილაქებდა - წინა წლებში მისი არცემაც გამართლებული იქნებოდა და სტილიც, სტილიც ბოლომდე იქნებოდა დაცული. მაგრამ გაასწრო - გადაურჩა, ძალიან მალე წავიდა, გასვლისას სულ ახლოს ჩაუარა და მხრით ოდნავ შეეხო კიდეც, ისე, რომ ვერც კი მიხვდა, მერამდენედ იყო გადარჩენილი.
ქალი კიდევ? ის კიდევ უფრო ადრე წავიდა. მიდიოდა დიდხანს და ლამაზად, ბევრს ემშვიდობებოდა, შეიძლება მის გარდა სხვებსაც წყვეტდა გულს, - არა, ვერ დავრჩები, მომაკითხესო. - წყვეტდა კი არა, უკლავდა. მიდიოდა და, ვინ იცის, იქნებ თან მიჰქონდა ვიღაცეების მხრებს ზევიდან ანდაც იღლიის ქვევიდან ნასროლი რამდენიმე სევდიანი მზერა - მეტი ვერაფერი, პლაცდარმი, რომელსაც ნომერი ერთი უკვე შემდეგი წლისთვის ამზადებდა, რადგან სჯეროდა, ყველაფერი იქნება თავის დროზე, ყველა ოცნება ახდება, მთავარია არ გაბოროტდე ადამიანი... თანაც წლების მანძილზე ქალი იმდენად პრინციპულად არ ამჩნევდა, იმდენად ვერ ხედავდა, რომ უეჭველად მაგრა ევასებოდა. მისი ასეთი გადაჭრით იგნორირების სხვა მიზეზს ნომერი ერთი ვერ პოულობდა.
- კარგია არა სუფთა ჰაერზე? მაგრად მიდის, არა? - მოხუცი ფიზკულტურელი თავზე ადგა და მის თითებში მხრჩოლავ, ვინ იცის, როდის ანთებულ სიგარეტზე მიუთითებდა.
ნომერმა ერთმა მარტო თავი დაუქნია, ლაპარაკის თავი არ ჰქონდა ან რა იყო სათქმელი?
- მე ოცდახუთი წელია დავანებე. ერთ დღეს გადავწყვიტე ჩემს დაბადების დღეზე და დავანებე. საკუთარ თავს გავუკეთე საჩუქარი.
ნომერმა ერთმა თავი მოწიწებით დაუქნია, მაგარი ხარო - აგრძნობინა.
- ბიჭები მეუბნებოდნენ: ვერ დაანებებო. ორ პაჩკას ვეწეოდი დღეში, მე კიდევ ავიღე და გადავაგდე. შენც გირჩევ, ახალგაზრდა კაცი ხარ, მაგას როგორ უნდა მოაკვლევინო თავი?!
ისევ დაუქნია თავი, კიდევ უფრო მდაბლად, კიდევ უფრო დიდი მოწიწებით, თქვენი ნებისყოფით აღფრთოვანებული ვარო - აგრძნობინა.
ფიზკულტურელმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა დანანებით, მიხვდა მისგან ხეირი არ იქნებოდა, ხელი ჩაიქნია, რაღაც ღრმა ამოოხვრასავით სუნთქვითი ვარჯიში გააკეთა და გასცილდა, ფოთლების თოვაში დაიკარგა, ვითომ არცა ყოფილა.
ნომერმა ერთმა გუშინ საკუთარი შესაძლებლობების ზღვარსაც კი გადააბიჯა. თითქმის მარტომ ჩაცალა თაროზე აღმოჩენილი ვისკის ბოთლი და ზედ ღვინოც დააყოლა. მაგრად დათვრა, მაგრამ ჩვეულებისამებრ სახე მაინც არ დაუკარგავს და მხოლოდ ახლა იმკიდა გუშინდელის შედეგს - ძალიან ცუდად იყო. მაინც უბოროტო სევდით ფიქრობდა ქალზე, რომელიც წელიწადში ერთხელ სრულად ეპატრონებოდა მის გონებას. ქალზე, რომელსაც ახლა ალბათ ჯერ კიდევ ეძინა და მისი ტანჯვის ვერც მნახველი, ვერც მოზიარე და, სულ ცოტა, კიდევ ერთი წელი, ვერც წამალი გახდებოდა, მაგრამ ნომერი ერთი ცოტა ხნით მაინც ჩაიძირა სიზმარივით ნახევრადბუნდოვან ფანტაზიებში, სადაც ის და ნამდვილი ქალი ისეთ ტკბილ ტურბულენტობაში იყვნენ მოხვედრილები, რომლის საჰაერო ორმოებიდან და ნეტარი რყევებიდან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელი იყო...
პახმელიაზე მაინც სულ სხვანაირად გინდება ეგ ყველაფერი... რომელიღაც რუსული კინოდან თავში ჩარჩენილი ფრაზა გაახსენდა: ნაბახუსევს მამაკაცის ორგანიზმი ინფაქტის წინა მდგომარეობაში იმყოფება, სიკვდილის სიახლოვეს გრძნობს და მასში გამრავლების ინსტინქტი იღვიძებსო. ნუთუ სულ ეგ იყო? არა, ნომერი ერთისთვის პახმელია სრულიად ამაღელვებელი სულიერი მდგომარეობა იყო, ხოლო პახმელიიდან გამოსვლა - ამ მდგომარეებასთან კავშირის ნებაყოფლობით გაწყვეტა და სხვა, ახალ, უფრო სრულყოფილ საფეხურზე გადასვლა (სიკვდილი და რეინკარნაცია) - დიდი ხელოვნება, რომელზეც თვითონაც მშვენივრად შეეძლო ვრცელი ტრაქტატის დაწერა. მოფიქრებულიც ჰქონდა - მამაპაპური და ტრივიალური (თუმცაღა უებარი და უნივერსალური) ხაშით და ჭაჭით დაიწყებდა და სირჩა კონიაკზე დაყოლებული ახლადმოწყვეტილი, ზაფხულის ღამის ცვარ-ნამით გაგრილებული ლეღვით დაამთავრებდა. რომ დაეწერა, მართლა მაგარი გამოუვიდოდა, ოღონდ საამისოდ ვერ იცლიდა. დღევანდელ რეალობაში კი სწორედ ის იყო ყველაზე დამაფიქრებელი, თუ არა საწყენი, რომ ამხელა თეორიული ცოდნის მფლობელი პრაქტიკულად მთლად ჯიბეგამოფხეკილი იჯდა და ფოთოლცვენის ცქერით და ფიქრებით გამოდიოდა. პახმელიის ფიქრები კი არცერთ სხვა ფიქრს არ ჰგავს: იზმენა და სევდა, სევდა და იზმენა, ხანდახან ცოტა ხალისიც, თუკი გაგახსენდა, რომ წინა დღეს შენ ან ვინმე შენიანმა რამე განსაკუთრებული სიბრიყვე ჩაიდინეთ, სურვილიც, მიუწვდომელი ნამდვილი ქალის სურვილიც, მაგრამ ისიც სევდიანი... და იზმენა - საიდღანაც მაჯლაჯუნასავით გამომტყვრალი და გულზე მძიმედ ახორხებული...
ქურთუკში უფრო მაგრა შეიფუთნა და საკუთარ ინსტინქტებს და იზმენებს დაპირისპირებულმა, გადაწყვიტა სხვა რამეზე ეფიქრა. შორს მაინც ვერ წავიდა, ფრთებგაშლილი ისევ გუშინდელ დღეს დასტრიალებდა.
ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ ნომერმა ერთმა გუშინ მაგრად მოილხინა, გამაღიზიანებლების წასვლისთანავე მშვენიერ ხასიათზე დადგა. მართლა ყველას ჩაეხუტა და მოეფერა. თითოჯერ მაინც ყველას მიუჭახუნა...
მიუჭახუნა გოგოს, რომელიც მანამდე არასოდეს ენახა, რაც ამ დაბადების დღეზე იშვიათობა იყო. გარეგნობითაც და ლაპარაკითაც აქაურობისთვის რაღაცნაირად უცხო სხეულად ჩანდა. ნომერმა ერთმა მიუჭახუნდა და იმან კიდევ: ქართველი ხალხის დადებითი თვისებები დამისახელეო! შენ მაინც გამეცი ამაზე პასუხიო! - ჯიუტად მოსთხოვა, ეტყობა, სხვა გაექცა მასთან კამათს და ეხლა ნომერი ერთი გამოიჭირა. ოღონდ შენც ცეკვა და სიმღერა არ გამაგონოო! - წინასწარ დაემუქრა. - დღევანდელ თვისებებზე გეკითხებიო! აღმოჩნდა, რომ უცხო სხეული ან საჭიროზე დიდხანს ან ძალიან მცირე დროით იყო ევროპაში ნაცხოვრები და ახლა, იქიდან მობრუნებულს, ჩვენებური რაღაც-რაღაცეები აღარ მოსწონდა, გრძელ სიგარეტს ნერვიულად ქაჩავდა და მისგან ქართველი ერის დადებით თვისებებს ითხოვდა. არ იყო იოლი შემთხვევა.
"მე მაგ შეკითხვაზე პასუხს ზუსტად ას ორმოცდაათ გრამში გაგცემ." - დაპირდა ნომერი ერთი და დიდი ჭიქა ვისკით შეივსო. გოგომ კი დღევანდელი ფისკულტურელივით ჩაიქნია ხელი და გასცილდა - ვითომ დააზამასკა...
ნომერი ერთი კი უკვე დიდ ირაოზე მიდიოდა, სიყვარულის და პაჩი-პუჩის დამღლელ და სასიამოვნო წრეზე. საკუთარი თავის იმედად იყო. თავის ვისკიან ჭიქას დოღრიალების ბროლის თასებს უჭახუნებდა, მათთან ერთად ადიდებდა ტრადიციებს და დედმაშვილობას... ყველას მრავალი წელია იცნობდა და ისეთები უყვარდა, როგორებიც იყვნენ.
უჭახუნებდა მარტინის მაღალფეხა ფუჟერსაც, რომლის პატრონიც უხსნიდა, რომ კონფორმიზმს ვერ იტანდა, ხოლო ყოველგვარ ფანატიზმს ინდიფერენტულობა ერჩია და საკუთარ თავს ოკეანის რომელიღაც ბნელ ღრმულს შეფარებულ პატარა ზღვის ცხენს ადარებდა. სიღრმეში, სიბნელეში ერჩია - იქ უფრო დაცულად გრძნობდა თავს. ნომერი ერთიც თავს უქნევდა. ქართველი ერისა არ იყოს, მასაც მრავალი ღირსება ჰქონდა და ერთ-ერთი მათგანი ქალების გულისყურით სმენა იყო. მარტინი ლაპარაკისას ორივე ზედა კიდურს და სხეულის ყველა წახნაგსა და შვერილს იხმარებდა. ზღვის ცხენს ნაკლებად, მაგრამ შერეული სისხლის ფაშატს კი წააგავდა და მიმცემიც იყო, ოღონდ ნომერი ერთი უკვე ოთახის სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ, ადამიანებშემოძარცულ პათოლოგებს უჭახუნებდა არყიან ჭიქებზე...
თვითონ მათ არასოდეს უფრთხოდა - შიშისთვის ის მეტისმეტად თავისუფლად ლივლივებდა. თითოეულს იცნობდა და თითოეულის ფიქრის გამოცნობა და ზოგჯერ მათი დაშოშმინებაც კი შეეძლო. უფრო ხშირად კი ეს მის ძალებსაც აღემატებოდა და მაშინ სხვები ებრალებოდა, სხვები, რომელთა უტვინობით, მეტიჩრობით და, უფრო იშვიათად, გოთვერნობით გადმოგდებული ერთადერთი დაუფიქრებელი სიტყვა წამში ძალიან შორს იტაცებდა პათოლოგებს, წამში მოატარებდა დამარცხებული ბრძოლის ველებს, სევდისა და გლოვის ადგილებს და იმავე წამს ღვარძლიანებს და მრისხანეებს დააბრუნებდა უკან. არაყმა იცოდა ეგეთი რამეები. ვერც მეტიჩარას შველოდა აგრესიის მართვის თემაზე გავლილი ტრენინგი და ვერც გოთვერანს - თავის წლობით ნაგროვები გოთვერული ბაგაჟი... უკვე გარეთ მიათრევდნენ და თუმცა ნომერი ერთიც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, წინასწარ იცოდა, ვეღარაფერს შეცვლიდა, რადგან, მხრიდან დაწყებული და ჯერ მუშტად არშეკრული მტევნით დამთავრებული, პათოლოგის მარჯვენა ან ცაცია უკვე ტოკავდა, მოუსვენრად ქანაობდა და მხოლოდ მისი გაწაფული თვალისთვის შესამჩნევ ცეკვას ცეკვავდა საკუთარ პატრონზე კიდევ უფრო მოუთმენელი...
ეფემერული რომბებიანი გეტრებიც აქვე ისხდნენ, ისევ ერთ კუტოკად, სხვებში გაუთქვეფავები და ძველებურად სხვებზე მოჭორავეები. აბა, როგორ არ მისულიყო და ამათთვისაც არ მიეჭახუნებინა. უჭახუნებდა და ისევ "კრასავიცებს" ეძახდა, ოღონდ როგორი წარმავალი იყო მათი სიქორფე?! სინანულით ხედავდა, რომ ზოგი მშობიარობას გაეფუჭებინა, ზოგი ყოფიერებისგან იყო გასაწყლებული, ზოგის ერთ დროს საყვარელი ქარაფშუტობა კი ძალიან თვალისმომჭრელ და ჭყეტელა სიბრიყვედ იყო ქცეული და უკვე მაგრა ყვიროდა. ძველებური მარტო ხმები ჰქონდათ - შემპარავი, თბილისურად დათაფლული, ნაღდი სატელეფონო...
ნომერ ერთს ცხოვრება უყვარდა და ამიტომაც ეს ხალხიც უყვარდა, ესენი იყვნენი მისი ცხოვრება და მისი ქალაქი, სხვებს - ან უკეთესებს და ან უარესებს, უბრალოდ, არ იცნობდა...
და როცა ჩათვალა, რომ საკმარისად კარგად ვერ მოეფერა თვითოეულს და უკვე ოდნავ უფრო მძიმედ გადაწყვიტა მეორე წრეზე წასვლა, დააპირა კვლავ წამოეწყო ირაო, რომელსაც ფაშატ ზღვის ცხენზე სასიკვდილო პიკირებით დაასრულებდა, ისევ იმ უცხო სხეულს გადაეყარა, ქართველთა ღირსებების ჩამოთვლას რომ სთხოვდა.
- მეგობრობა! - დაუფიქრებლად აჯახა. დაპირებულ ასორმოცდაათ გრამზე ბევრად მეტი ჰქონდა დალეული.
- ააა? - იმას ვითომ აღარაფერი ახსოვდა.
- მაგარი მეგობრობა ვიცით. რა, ცუდი თვისებაა?
- იცი, მართალი ხარ, - დაინტერესდა უცხო სხეული, უკვე სხვანაირად შეათვალიერა და ისევ თავის სიფრიფანა სიგარეტი დაქაჩა. - ეგ ერთი... მეგობრობა მართლა ვიცით... გინდა, მე მეორე კარგ თვისებასაც გეტყვი...
- დავაი! - მოემზადა. აკი, ქალების გულისყურით სმენა საუკეთესოდ გამოსდიოდა.
- აი, შეიძლება ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, აი, ძალიან დებილობას და არ დამცინო, მაგრამ მგონი... ოჯახიც..."
- ესე იგი, ოჯახი, - ნომერმა ერთმა ძალიან სერიოზულად, შუბლშეჭმუხვნით დაუქნია თავი. მაგრა გამოუვიდა.
- აი, ხო როგორი შემაწუხებელია ჩვენი ქართული ოჯახი, აი, რაღაც მომენტებში გალიაა, ციხეა, იმიტომ რომ არის რაღაცეები, რასაც ოჯახის ხათრით ვერ გააკეთებ, მაგრამ კარგია, რაღაც მომენტებში ძალიან მაგარია... თავშესაფარია, რაა... არ ფიქრობ ეგრე?
აი, ეგეთი იყო გუშინდელი უცხო სხეული - ეტყობა, მართლა ჰქონდა მაგეებზე ნაფიქრი, თან კიდეც ვერ ბედავდა ოჯახზე ლაპარაკს, ეშინოდა გოიმურად არ გამოსვლოდა, მის თვალში ნაკლებ დამოუკიდებელი, ნაკლებ ემანსიპირებული და ნაკლებ პრინციპული არ გამოჩენილიყო... სადღაც განათლებულ ევროპასა და ბნელ კავკასიას შორის იყო გახიდული და როგორ არ ეთმობოდა არცერთი? იმ მომენტში მართლა საყვარელი იყო და პირველ ევროპელ ქალ მზიაზე ბევრად ლამაზი... არა, მართლა კარგი გოგო იყო.
და იაპონურ კინოში შემთხვევით შემოხეტებულ, ყვითელ ფოთლების თოვაში თუ წვიმაში ჩაძირულ ნომერ ერთს გაეღიმა, ზუსტად წამით ადრე, სანამ მის ჯიბეში მასავით მშვიდად გაყუჩებული მობილური ათრთოლდებოდა და პრინციპში მოსალოდნელ, მაგრამ მაინც ამაღელვებელ მესიჯს მოუტანდა. პახმელიისგან თითქმის მკვდარს, მაგრამ იმ წუთას მაინც კარგის მომლოდინეს (ინტუიციაში, წინათგრძნობებში და ეგეთ რაღაცეებშიც ხომ მაგარი იყო) გაეღიმა და ტელეფონით მოსული სიკეთე სულაც არ გაჰკვირვებია, საქმიანად, წარბშეუხრელად დახედა ეკრანს და იქ ამოკითხულიც ღირსეულ ჯილდოდ მიიღო, სტილის აბსოლუტური დაცვით.
“Xinkali ginda?” - ეკითხებოდა მობილური და ეს კიდევ ერთი უტყვი დასტური იყო მეგობრობისა, ქართველთა საუკეთესო თვისებისა, რომელსაც მუდამ ეთაყვანებოდა.
ნელა აიწია სკამიდან და აღმართს აუყვა. ხელში ტელეფონი ეკავა და პასუხს გზადაგზა წერდა. სიარული ისე აღარ უჭირდა - ჰაერის აღმავალი დინება ჰქონდა დაჭერილი, "პალასაზე იჯდა." სევდასა და იზმენას ზურგს უკან სტოვებდა მახინჯი კორპუსებით შემოჯარულ პარკში, რომლისკენაც, თბილის-იაპონიის საზღვარზე მისულს, ერთხელ მაინც მოუნდა თავის მობრუნება. ზევიდან გადმოხედა უკვე თითქმის უფოთლოდ დარჩენილ ხეებს, ჩაყვითლებულად ცოდვილ დედამიწას, ბებერი ფიზკულტურელების დაპატარავებულ ფიგურებს და სიტყვების ახალი თამაში "ხარაკირი - ხინკალი, ხინკალი - ხარაკირი" აღმოაჩინა. სიმღერასავით გამოვიდა, რაღაც "დუმბაძე - მახარაძე, მახარაძე - დუმბაძის" მსგავსი.
მაგარი იყო - დღე ჯერ მხოლოდ იწყებოდა...
ნომერი ორი - ურვა და კაეშანი
როდესაც ნომერ ორს იმავე შინაარსის მესიჯი მოუვიდა, კაფეში იჯდა, წინ რიტუალური ასი გრამი კონიაკი ედგა და რა გასაოცარიც არ უნდა იყოს, სწორედ კონიაკიანი ჭიქის გვერდით მაგიდაზე დადებულ ტელეფონზე ჰქონდა მზერა გაშტერებული.
მთელს შემოგარენში ეს ერთადერთი კაფე იყო, რომელიც დილის ცხრა საათზე იღებოდა, ამიტომ შვილის სკოლაში მიყვანისთანავე აქეთ მოეშურებოდა ხოლმე. პატარა კაფეს კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა, რომლიც ალბათ ყველა სხვა თბილისური კაფესგან განასხვავებდა. აქ არასოდეს შემოდიოდნენ ლამაზი ქალები. ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ ეგრე იყო. ბევრჯერ უფიქრია, მწერალი რომ ყოფილიყო, ასე დაიწყებდა თავის მოთხრობას, ან იქნებ რომანსაც:
"ის იჯდა კაფეში, სადაც არასოდეს შემოდიოდნენ ლამაზი ქალები..."
დასაწყისი მოსწონდა, მაგრამ მეტი ვერაფერი მოეფიქრა. მწერალი არ იყო, სხვათა მკითხველი იყო მხოლოდ და ბეჯითი მკითხველიც - მეტი არაფერი, მაგრამ სინამდვილეში იმის წარმოდგენაც უჭირდა, რომ რომელიმე გამოცდილ მოკალმეს (როგორც ძველი წრთობის ოდნავ გვერდებშეწითლებული მწერლები ეძახდნენ საკუთარ თავს) რაიმე ღირებული ტექსტი (როგორც ლიბერალიზმს ნაზიარები კუჭებშეკრული ახლები იხსენიებდნენ საკუთარ ნამოქმედარს) გამოედნო ამ ყველაფრიდან. მოსაწყენი და სტაბილური იყო აქაურობა და ეს მოსწონდა ყველაზე მეტად.
"ლამაზ ქალებს აქ ვერასოდეს ნახავდი..."
შეიძლება ეს დასაწყისი სჯობდა, მაგრამ მთავარი სხვა რამ იყო. ნომერ ორს მართლა მიაჩნდა, რომ კონიაკის ყლურწვა კაფეში, "რომელსაც ლამაზი ქალები მუდამ გვერდს უვლიდნენ", საკუთარი ცოლისადმი დიდი სიყვარულის და მადლიერების დასტური და მისდამი უსაზღვრო ერთგულების უეჭველი საბუთი იყო. რა თქმა უნდა, ამას ხმამაღლა არავის ეტყოდა და მით უფრო - ცოლს. საერთოდ ნომერი ორი იშვიათად ამბობდა ხმამაღლა იმას, რაც მისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი იყო. რამდენჯერმე სცადა და არ გამოუვიდა. მას ხომ, წიგნების კითხვის გარდა, ფიქრიც უყვარდა, ზოგიერთი თავისი ნაფიქრალი და დაკვირვება მნიშვნელოვნადაც მიაჩნდა, მაგრამ მათი ხმამაღლა გაჟღერება (როგორც ბითური პოლიტიკოსები და იმბეცილი ჟურნალისტები იტყოდნენ) დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ნომერ ორს იშვიათად, მაგრამ მაინც ემართებოდა გულახდილობის აფეთქებები და, როგორც წესი, ყოვლად შეუფერებელ ადგილას, უფრო იშვიათად კი საკუთარი თეორიების "გაჟღერებასაც" იწყებდა და ხმამაღლა გამოთქმული მისი აზრები, როგორღაც სრულიად არადამაჯერებელად ჟღერდნენ. ჭკუა ისწავლა და დღეს არადამაჯერებლობას ისევ დუმილი ერჩია. ძალიან იშვიათად თუ გადაეყრებოდა ისეთ ადამიანს, რომელსაც თავის ნაფიქრალის გამხელით არ დააფრთხობდა. მოეჩვენა, რომ წუხელ ზუსტად ეგეთ კაცს შეხვდა სუფრაზე და თუმცა მისთვის მთავარის თქმა ვერ მოასწრო, მაინც არ ნანობდა. ვინ იცის, იქნებ, ასე სჯობდა კიდეც...
ნეტავ, რამდენი წლით იყო ის კაცი მასზე უფროსი. ალბათ თხუთმეტით მაინც, თუ მეტით არა. წიგნები მასაც ნომერ ორივით უყვარდა. ტექსტები კი არა - წიგნები. სუფრაზე შემთხვევით ერთმანეთის პირისპირ მოხვედრილებმა ერთმანეთი ამოიცნეს - ერთი წიგნებიდან მოდიოდნენ და ამიტომ, მათ შორის აღარ იყო უფროს-უმცროსი. უცნობს ბავშვობის წიგნები თავის ნახატებიანად უყვარდა და ახსოვდა, ნომერი ორიც მაგრად დაუხვდა. ამ ნახატებით დაიწყეს და გაუბერეს...
ნეტა ვინ აფორმებდა იმ სქელ სათავგადასავლო წიგნებს ლამაზი ნახატებით, რომელთა თვალიერებას ბევრად ადრე იწყებდი, ვიდრე თავად სიყვარულის, ერთგულების, თავდადების და სიმამაცის რომელიმე გრძელი და დაუვიწყარი ამბის კითხვას შეუდგებოდი. ამ ნახატებს ქვეშ კიდევ პატარა წარწერები, ციტატები ჰქონდა ტექსტიდან (ფუ, შენი, წიგნიდან!). ამ წარწერებით დაიწყეს. ჯერ ციტატას იხნებდნენ და მერე თვითონ ნახატს. მგონი იმან დაიწყო - უფროსმა, უცნობმა, იმ ძველი წიგნებივით კეთილმა და სანდომ.
- "წუხელ მილედი ვნახე..." - უცნაური მოყვანილობის ნაოჭებით დაღარულ შუბლს ქვევიდან ამოხედა ეშმაკურად. შეამოწმა, "ტოპკა" აუწია, კბილი მოუსინჯა...
ახსოვდა, როგორ არ ახსოვდა, ნომერ ორს ყველაფერი ახსოვდა: თათარიახლა პურმარილი სენ-ჟერვეს ციხესიმაგრეში, ჭიქააწეული ათოსი, დარტანიანი პროფილში, გრიმოს შეშინებული სახე, პორთოსი ზურგიდან, არამისი ვეღარ დაინახა, მაგრამ ახსოვდა...
- "დარტანიანმა იგრძნო, რომ ათოსი შესამჩნევად ბარბაცებდა..." - უკან დაუბრუნა სხვა ნახატი, ხმალზე დაყრდნობილი, ლოთობისგან გადათიშული, თმაგაჩეჩილი, მაგრამ მაინც ლამაზი ათოსი და მის მხარში ყავარჯენივით შეყუდებული დარტანიანი, პეწენიკი იმერული ულვაშით...
და წავიდაა... გარშემო კი სადღეგრძელოები, ყაყანი და კამათი იყო. ესინი კიდევ უბერავდნენ ერთმანეთის პოვნით გახარებულები. შიგადაშიგ ერთმანეთს ჭიქებს უჭახუნებდნენ და სულმოუთქმელად სვამდნენ, თითქოს უეცრად ფასდადებული დრო სადღეგრძელოსთვის არ ემეტებოდათ.
- ის თუ გახსოვს? "ბილიკზე თეთრად შესუდრულმა კაცმა გამოაბიჯა..."
რა თქმა უნდა, უცნობს ახსოვდა ჩათლახი ინგლისელი ლენდ-ლორდი, ბრძოლის ველიდან კეთროვნის ტანსაცმელში გადაცმული რომ იპარებოდა და არბალეტით ხელში გაქვავებული ორი შეშინებული ყმაწვილი, რომელთაგანაც ერთ-ერთი ბიჭად გადაცმული მზეთუნახავი იყო.
- ჯოანა?
- ჯოანა სედლი.
- მე მეშინოდა მაგ ნახატის.
- მეც მეშინოდა, მაგრა მეშინოდა, სანამ წავიკითხავდი, - და ხელი ხელს ჩაარტყეს.
კიდევ დალიეს.
- "მუსტანგერის განრისხებულ სახეზე კაისიუს კოლჰაუნმა ამოიკითხა, რომ რევორველი უეჭველად გავარდებოდა." მგონი ეგრე იყო, არა?
- ექვსვაზნიანი - კოლტის სისტემის!
შეივსეს.
- "ჰეი, შენ ნუ ეკურკურები ჩემს გოგონა ლულუს, თორემ ჩემებურად გაგისწორდები"...
ჰე, ჰე, ჰეი.
დალიეს.
გარშემო კიდევ მარტო პოლიტიკაზე იყო ყაყანი, ლოკალურზე და მსოფლიოზეც, ოღონდ ილიკოს და ილარიონის მერე ქართული პოლიტიკური ანალიზი დიდად შორს ვერ იყო წასული. ამერიკა რუსეთს რაღაცას თხოვდა, რუსეთი ევროპას აწვებოდა, გერმანია რუსეთს უწვებოდა, საფრანგეთი ტრაკს ათამაშებდა, ჩინეთი ჩასაფრებული ვეფხვივით ნახტომისთვის ემზადებოდა, ირანი ბომბას აკეთებდა, ოღონდ შუაში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისკენ მისწრაფებული პაწაწინა მარგალიტი იჭყლიტებოდა... და მთელი ამ ბითურობისგან ეს ორნი დაცულები და გარიყულები იყვნენ, თითქოს პირისპირ კი არ ისხდნენ, ზურგი ზურგზე ჰქონდათ მიბჯენილი და ისე იგერიებდნენ მომხდურს, გამოცდილები და ყველაფრის მნახველები. თავ-თავის დროზე კუზიანი და პატივმოყვარე უფლისწულის ხელიდან ორივეს მიღებული ჰქონდა რაინდის წოდება, ბებერ სპილოს მათთვის ჯუნგლის წყალობა ჰქონდა ბოძებული და ადამიანთა კამათის მთელ უაზრობასაც ხომ ბოლომდე იყვნენ ჩამწვდარი - უაიდეპურის სამეფო გალიაში ტყვეობისას ორივეს საკმაოდ კარგად ჰყავდა გაცნობილი ადამიანი...
მაუგლი, მაუგლი... მანდ გაჩერდნენ ყველაზე დიდხანს, მანდ გაილაღეს, კიპლინგმა მაგარი პატივი სცათ. და როდესაც პოლიტიკური ვითარება მთლად დაიძაბა და სუფრა კრიზისში შევიდა, რადგან მისმა ყველაზე დოღრიალა წევრებმა, ყველაზე ჩუმები და გასუსულები მთავრობის შეფარულ მომხრეობაში ამხილეს და კინაღამ ჩხუბამდე მივიდა საქმე, უცნობმა: ხორცი ძალიან ახლოა ძვალთანო! - უთხრა და თვალი ჩაუკრა.
კიდევ დალიეს. მთავრობის მომხრეები კი მაგრად დაიჩაგრნენ (ძვალი გატყდა) და როგორც სჩვეოდათ (ვალლა, აუა, ასე ვიცით ჯუნგლელებმა!), ათიოდე წლით გაიბუტნენ. ეგრეა, ძმაო - როცა ფიელი გაისმის, სუსტ არსებებს გარეთ აღარ ედგომებათ...
და როცა მთელი ანგაჟირებული (რა მურდალი სიტყვაა!) სუფრა, უცებ გაიხვეტა ტელევიზორთან, მორიგი გულის გასახეთქი თუ გულის მოსაფხანი ამბის მოსასმენად, რომ მერე უფრო განრისხებულები დაბრუნებულიყვნენ უკან, ამათ ლამის შუბლი-შუბლზე მიდებულებმა, მოგუდულად დააღიღინეს მოხუცი მეკობრის სევდიანი სიმღერა:
"მკვდრის სკივრს თხუთმეტი კაციღა შერჩა,
სხვანი სმას ეშმაკს ვერ გადაურჩნენ,
იოჰო ჰო ჰოი და ბოთლი რომი..."
შეივსეს:
"ზღვაში სამოცდათხუთმეტი გადის
უკან კი მხოლოდ ერთი ბრუნდებაა,
იოჰო ჰო ჰოი და ბოთლი რომი..."
დალიეს.
და ამ დროს ცოლმა დაურეკა (ეგეც შავი ნიშანი!). ავად გამხდარიყო, დილიდან სამსახურში მიმავალს შეპარვოდა სიცივე და ახლა უკვე ტანშიც ტეხდა. შვილის დაბადების დღიდან წამოყვანას სთხოვდა ("მე აქ გამაბეს, დარტანიან!") და ნომერი ორიც სასწრაფოდ გაფხიზლდა. შემოსასვლელში ქურთუკების და პალტოების გორის ქვეშ საკუთარს დაუწყო ძებნა.
- საით მიდის შენი კვალი, პატარა ძმობილო? - სევდიანად ჰკითხა უცნობმა, როდესაც ჩაცმული დაინახა და ნომერმა ორმაც ვერ მოითმინა, მაგრად ჩაეხუტა და ცოტა ხნით მისი დიდი ტორი გაიჩერა საკუთარ ხელში.
- იქნებ, ისევ გიწვავს ტუჩებს ისიდორა კავარუბია დე ლოს ლანოსის მხურვალე კოცნა?... - იტყუებოდა, შვილთან და ცოლთან მიდიოდა და როდესაც გარეთ გამოვიდა, ერთი ცრემლიც გადმოუგორდა თვალიდან. ჰო, რამდენიმე კვირის გადაბმული სმის მერე ნომერი ორი გულჩვილი ხდებოდა. როგორც აუხსნეს, ნერვების ამბავი იყო.
ტაქსიში ავთანდილის ანდერძზე და ჟან ვალჟანის შანდლებზე ფიქრობდა - არც მეტი, არც ნაკლები. კიდევ ფიქრობდა მასავით ხორციელი ადამიანების ხელით შექმნილ სამეფოებზე, მაგარი, შეუვალი გალავანები რომ ერტყა გარს და მის მკვიდრ ნახევარღმერთებს ზესიყვარული და ზესიძულვილი რომ შეეძლოთ. არათუ ქვეყნები, მთელი ხალხები ქრებოდნენ, ითქვიფებოდნენ და იკარგებოდნენ, ეს სამეფოები კი დღემდე მაგრად იდგნენ: ჰომეროსის საბერძნეთი იდგა, დოსტოევსკის რუსეთი იდგა, დიკენსის ინგლისი იდგა, ჰამსუნის ჩრდილოეთი იდგა, ფოლკნერის სამხრეთი ჰო, ჰო, ჰო, როგორ იდგა?! ვაჟკაცი თეთრი საჰიბის კოლონისტური აღმოსავლეთი ბოლო-ბოლო... დღევანდელი, დამხრჩვალივით გაბერილი, ადამიანის ფიზიოლოგიით გაბევრებული ტექსტები ამათ ვერაფერს დააკლებდა. ამის კი სწამდა.
ჰო, ახალი სახელმწიფოები იბადებოდნენ და ახლადდაბადებული მაშინ მართლა თავისუფალი ქვეყნის ყველაზე თავისუფალი მოქალაქე დღემდე ტივით დაცურავდა უზარმაზარ მდინარეზე და ყველგან მისი სახლი იყო, რომელ ნაპირსაც არ უნდა მისდგომოდა. მსოფლიოს მეორე ბოლოში კი უზარმაზარი იმპერია იღუპებოდა და საკუთარ სახლში, უკანასკნელ და მყიფე თავშესაფარში შეკეტილი შეშინებული, მორფისგან გაბრუებული ექიმი, თავისივე ხელით შექმნილ ოფიცრებთან ერთად დაგმანული ფანჯრიდან უყურადებდა უაზრო და სისხლიან ამბოხს...
ჰო, გაჩნდა შიში... და რამდენი მაგარი რამე გააჩინა ამ შიშმა და დაკარგული ღმერთის მუდამ ფუჭმა და თავგანწირულმა ძიებამ. ალჟირის სანაპიროზე ვიღაც მზით გათანგული უმიზეზოდ ცხრილავდა არაბს, მეოცნებე მფრინავი კი იგივე ალჟირულ ქვიშას და ომით გატანჯულ დედამიწას თავის მზვერავი თვითმფრინავიდან დასცქეროდა და ზედ უფლისწულის პატარა ფიგურას დაეძებდა, ვიღაცა, ნავით კარიბის ზღვაში ჩაკარგული, უზარმაზარ თევზს ეჭიდებოდა, ვიღაც ყირგიზეთის ტრამალზე თავის ვნებისგან გახელებულ აქლემს დაეძებდა, სამყაროს მეორე ბოლოში კი კეთრით დასნეულებული ქურდი, კონტრაბანდისტი და მკვლელი მარინიონის ნელ ტალღებს მინდობილი მიცურავდა საკუთარი აღსასრულისკენ, საფიქრალად და უკვე ჩავლილი სიცოცხლის შესაჯამებლად საკმარისზე მეტი დროც ჰქონდა და მაინც ვერ ურიგდებოდა თავის უკუღმართ ბედს...
მივიდა, ავიდა, შევიდა დაბადების დღეზე, სადაც ბავშვები და ბუშტები ერთმანეთში ირეოდნენ. ქალები ისე შეხვდნენ, ისე გამოჰკითხეს ცოლის ჯანმრთელობა და ისე დანანებით იქნიეს თავები, თითქოს თვითონ ყოფილიყო ის ბაცილა, დიდი ხნის წინ ვერაგულად რომ შეუძვრა მათ დაქალს და ახლა უკვე ლოგინადაც ჩააგდო. იმათმა ქმრებმა სამზარეულოში გაშლილ პატარა სუფრაზე მიიპატიჟეს. ესენიც ჩართულ ტელევიზორთან ისხდნენ და აქაურ ბიურგერულ კეთილდღეობასაც მთელ ხმაზე აღრიალებული ახალი ამბები ემუქრებოდა. ნომერმა ორმა მხოლოდ ერთი ჭიქა დალია ფეხზედამდგარმა. აღარ გაჩერდა. არც შვილს დაანება დარჩენა, ბოღმიანად ჩააცვა ქურთუკი, თავზე ქუდი ჩამოაფხტა და ლამის ძალით გამოიყვანა გარეთ.
ქუჩაში მოაბიჯებდნენ და მათ სახლამდე არც შორი იყო და არც ახლო. ოდნავ უკან მომავალი ბავშვი დროზე ადრე სახლში წასვლის გამო უღრენდა და ებუტებოდა. ბედად ცოლმა დაურეკა და გამაყუჩებლის ყიდვა სთხოვა. უკვე თავიც სტკიოდა და ხმაზეც ეტყობოდა, ვერ იყო კარგად.
აფთიაქიდან რომ გამოვიდნენ, უკვე დაწყნარებულმა ბავშვს აუხსნა, რომ დედა ავად იყო, რომ სასწრაფოდ წამალი სჭირდებოდა, რომ სწორედ ამისთვის დააჩქარა და დაბადების დღიდან სხვებზე ადრე წამოიყვანა.
- მაშინ, მე მომეცი, მე მივცემ, - ეს უკვე შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რიტუალი იყო - ბავშვს თვითონ უყვარდა დედისთვის მამის ნაყიდი იშვიათი საჩუქრების გადაცემა და წამალიც, ეტყობა, საჩუქრებს მიათვალა. მანაც ულაპარაკოდ დაუთმო, ოღონდ: ჯიბეში კარგად ჩაიდე, არ ამოგივარდესო, - სთხოვა.
გაბუტული შვილი წამოეწია და ხელიც ჩასჭიდა. ისევ ჩუმად მიაბიჯებდნენ, მაგრამ ახლა თითქოს წესრიგში იყო ყველაფერი. ყმაწვილს ავადმყოფობით დატანჯული დედისთვის წამალი მიჰქონდა, კეთილი ხალხის გამოტანებული ქინა-ქინა. რატომაც არა? აი, რამდენი იფიქრა ნომერმა ორმა, ვინ აღარ მოიგონა და მხოლოდ ახლაღა გაახსენდა თავის ნუგეში - ყველაზე საყვარელი ქართლელი კაცის, პატარა ქართველების განმანათლებლის შედგენილი ყველაზე კეთილი წიგნი. მაშინ ხომ საქართველო ისეთივე პატარა იყო, როგორც დღეს, მაგრამ მაინც უფრო დიდი, მსოფლიო ხომ დიდზე დიდი იყო, უფრო საინტერესო და ამოუცნობი. და განმანათლებელიც უკვე წერა-კითხვა ნასწავლ ქართველებს თავის და თანამოაზრეთა დაწერილ პატარ-პატარა და ძალიან კეთილ ამბებს აპარებდა, თითქოს მძივზე სათითაოდ ასხამდა მარგალიტებს. კიდევ საკუთარ ქვეყანას და უზრამაზარ მსოფლიოს აცნობდა, მოუთხრობდა სახელმწიფოებზე და კონტინენტებზე, სადაც თვითონ ნამყოფი არ იყო და ალბათ, ვერც ვერასოდეს მოხვდებოდა, მაგრამ მაინც უამბობდა, რომ საფრანგეთში, რომლის სატახტო ქალაქიც სამმილიონიანი პარიჟია, საჭირნახულო მცენარეებიდან პირველი ადგილი პურს უჭირავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რიცხვი ორმოც-და-ათამდინ ადის, ხოლო აფრიკა უმეტესად შავ-კანა ზანგებითაა დასახლებული და რომ ბრიტანელთა გარეგნულ ამპარტავნებას, რომლის საშუალებითაც ინგლისელი სულის ღირსებას ინარჩუნებს, დჟენტლემენობა ჰქვიან...
რა ხალხი იყო?! როგორი საუკუნე?! ხალხის წიაღიდან გამოსული, ხალხის ენაზე მოლაპარაკე და ხალხში გასული განმანათლებლებით, რომელთაც იგივე ხალხი ბერდენკის ტყვიას უმზადებდა თურმე. განა იმ ნამდვილ განმანათლებლებს არ უნდოდათ, რო დასავლეთს ვმგვანებოდით, თუმცა წესიერად არც იცოდნენ, როგორ იყო ეს დასავლეთი, მაგრამ მაინც ეწადათ, რომ თუნდაც ამპარტავნად შერაცხული, მაგრამ გარეგნულად რიგიანი და შინაგანად ფაქიზი დჟენტლემენი საკუთარ მამულშიც ბევრი ჰყოლოდათ...
ერთადერთი ლამპიონით განათებულ ქუჩაზე, შვილთან ერთად სახლისკენ მიმავალმა ნომერმა ორმა იგრძნო, რომ მთვრალი და დაღლილი იყო და კიდევ, რომ ძალიან ენატრებოდა ის ბავშვობის წიგნებივით კეთილი და სანდო შუბლდაღარული უცნობი, რომლის სახელიც არ იცოდა და რომელსაც ალბათ ვეღარასოდეს ნახავდა.
- მეშინია, - თითქოს საკუთარი ფიქრების პასუხად ამოხედა შვილმა.
ნომერი ორი გაჩერდა. მათ თავთან სულ ახლოს ჩაფრენილი, მერე მოწმენდილი ცის ფონზე ისევ მათკენ გამოტრიალებული ღამურის დანახვამ გააკვირვა.
აკი, მეორე დილასაც ულამაზო, უქალო კაფეში მოკალათებულს, გუშინდელი ღამურა გაახსენდა და გადაწყვიტა, ნაცნობი ზოოლოგისთვის დაერეკა, ეკითხა, ზამთარში ღამურები იძინებდნენ თუ არა. თუ სულაც თბილ ქვეყნებში მიეშურებოდნენ და მხოლოდ ის წუხანდელი იყო გზააბნეული და მიუსაფარი? ჯერ ადრე იყო და ზოოლოგს, ვინ იცის, ეძინა. დარეკვა ვერ გადაეწყვიტა და მაგიდაზე კონიაკიან ჭიქის გვერდით დადებულ ტელეფონზე გაშტერებოდა მზერა...
ჩაიმუხლა, ბავშვის სიმაღლე გახდა და აუხსნა, რომ ღამურა სულ არ იყო საშიში და რომ, როცა თვითონ პატარა იყო, მასაც სჯეროდა, რომ ღამურა თმებში აფრინდება ბავშვებს და მსგავსი სისულელეების, მაგრამ ეს ყველაფერი ვიღაც ძალიან მშიშარის და უმეცრის გამონაგონი იყო...
გზა გააგრძელეს. შვილის ხელი უკვე მაგრად ეჭირა.
- მაინც რო მეშინია... ღამურის აღარ მეშინია, ოღონდ რაღაცის მეშინია მაინც...
ისევ გაჩერდნენ და ნომერმა ორმა იგრძნო, რომ თვითონაც ეშინოდა, რადგან ესე შვილზე, თავის ხორცი ხორცთაგანზე და სისხლი სიხლთაგანზე ხელჩავლებული, ყველაზე უკეთ გრძნობდა, რომ ამ დროის, ამ მიწის და ამ ქვეყნის შვილი იყო, ქვეყნისა, სადაც საშინელი ზიზღი და მძიმე, შემაწუხებელი სიყვარული იცოდნენ, სადაც რწმენა და ტრადიციები ვაჭრობის საგნად იყო ქცეული და რომლის ცრუ განმანათლებლებს უღიმღამობა რელიგიად ჰქონდათ გამოცხადებული, უცხო ტერმინები კი - განათლებად. უსისხლო განმანათლებლები წითელი აბაჟურის ქვეშ იყვნენ მოკალათებული და ქვეყნის ინტერესებისთვის ძალის გამოყენებას არ გამორიცხავდნენ, თუმცა თვითონ ერთი წესიერი მუშტიც არ მოხვედროდათ არასოდეს, მათი მტრები კი ქუჩაში დამდგარ ადუღებულ ხალხს ღირსებაზე ელაპარაკებოდნენ და ტყუილი დაპირებებით ბერავდნენ. დოღრიალობა უსამართლობის პირისპირ იდგა, კანონიერებით შენიღბული უზნეობის წინააღმდეგ ცრუზნეობა ლესავდა ხმალს და ყველა, აბსოლუტურად ყველა, საუკუნის წინ საკუთარი გლეხების მიერ ბერდენის შაშხანით მოკლული განმანათლებლის სახელს ფიცულობდა, მისი გზის გამგრძელებლობას იჩემებდა...
ეშინოდა იმიტომ, რომ ცარიელ ქუჩაზე ეული ლამპიონის ქვეშ გაჩერებული მამა-შვილი, მხოლოდ ამ ქვეყნის კი არა, ამ დაპატარავებული და პოლარიზებული პლანეტის შვილებიც იყვნენ, პლანეტისა, რომლის ერთი ნაწილის გაჭირვებას, შიმშილსა და სისხლისღვრას ბოლო არ უჩანდა, ხოლო მეორე ნაწილში ჟამივით ჩამოვარდნილი სიმშვიდე, გაზულუქება და უღიმღამობა ისეთი მყიფე იყო, ისეთი მყიფე..., რომ შემოდგომის ამ მშვიდ საღამოს მათ პლანეტას თავის არცერთი შვილი, არცერთი სულიერი, არცერთი ბავშვი არ ჰყავდა სამშვიდობოს დაგულებული...
- მეშინია, დღეები არ დამთავრდეს...
და როცა შვილი მაგრად ჩაიხუტა, სახე დაუკოცნა, მერე ხელებიც და მუჭში მაგრად ჩაბღუჯული დედისთვის ნაყიდი თავის ტკივილის წამალი უნახა, მაშინ კი უკუნში ნაპოვნი ძაფის მხსნელი გორგალივით უკან გაჰყვა შვილის ლოგიკას, არა, ლოგიკას არა - ამ ნათრევი სიტყვისთვის ბავშვი ჯერ ძალიან თოთო, ჯერ ძალიან კარგი იყო. უბრალოდ მიუხვდა, გაუგო პატარა ადამიანს, თავის სისხლსა და ხორცს, რომელსაც დედის ავადმყოფობამ, შემოდგომის საღამოს მოწმენდილმა ცამ, გაწითლებულმა დაისმა, ეულმა ლამპიონმა და მათ თავზე ჩაფრენილმა გზააბნეულმა ღამურამ უცაბედად დაატეხა წარმავალობის შიში - კაცობრიობასავით ძველი და პირველყოფილი, შიში, რომელიც დაბადებიდან თან სდევდა ადამიანებს და რომელთან მშვიდობიანი თანაცხოვრებაც მხოლოდ ერთეულების ხვედრი იყო, დანარჩენები კი ომებს იწყებდნენ, ხოცავდნენ სხვებს და თვითონ იღუპებოდნენ, ქმნიდნენ, სხვის შექმნილს ანგრევდნენ, იყვარებდნენ და ღალატობდნენ, ოღონდ ამ შიშზე კრინტსაც არ სძრავდნენ, ამის გამბედაობა არავის ჰყოფნიდა ბავშვების გარდა...
მერე სახლისკენ დაიძრნენ და შვილს უთხრა, რომ არაფრის არ უნდა შეშინებოდა, სანამ მამა ჰყავდა გვერდით და რომ მათი დღეები არასოდეს დამთავრდებოდა - არ ატყუებდა. კიდევ ეუბნებოდა, რომ არც თვითონ ეშინოდა არაფრის, როცა მისი ხელი ეჭირა და ესე გვერდი-გვერდ მოდიოდნენ და არც ახლა ტყუოდა, პირიქით - არც კი ახსოვდა, ოდესმე ასეთი მართალი თუ იყო... და კიდევ ფიქრობდა იმაზე, რომ, კაცმა რომ თქვას, რითი არ იყვნენ ახლა წიგნის ნაწილი? წიგნისა, რომელიც უკვე მრავალჯერ იყო დაწერილი და კიდევ მრავალჯერ დაიწერებოდა... მერე რა?! ვინ იცის, რამდენ ხელჩაკიდებულ მამა-შვილს უკვე ჩაევლო და კიდევ რამდენი ჩაუვლიდა ერთ-ერთი მათგანისთვის დაუვიწყარ წამს, რომელსაც მრავალი წლის მერე კიდევ ერთხელ მოუბრუნდებოდა - შეჯამების და დაზავებისთვის დრომოწეული და ბავშვივით გამბედაობამოკრებილი შეეცდებოდა მეორესთვის მოეგონებინა, მაგრამ ვერაფრით გაახსენებდა...
ეგეც არაფერი... ახლა ხომ ერთად იყვნენ, სახლს უახლოვდებოდნენ და ბოლო-ბოლო დედასთვის წამალი მიჰქონდათ...
გაეხარდა კი ნომერ ორს მაგიდაზე ჯერ მოუსვენრად აწრიალებული და მერე მთელ ხმაზე აბღავლებული ტელეფონით მოსული მესიჯი? ტელეფონზე ფართოდ გახელილი თვალი ჰქონდა გაშტერებული, ასეთ მდგომარეობაში მყოფი უკეთ აკავებდა ზედ წამწამებთან მომდგარ ცრემლს. ნერვების ამბავი იყო ეგ ყველაფერი...
კი, გაეხარდა, თუმცა დილით უკვე მერამდენედ დაპირდა ოდნავ უკეთესობისკენ მობრუნებულ ცოლს, რომ დღეს მაინც აღარ დალევდა და თვითონაც კინაღამ დაიჯერა ეს დაპირება, მაგრამ მაინც გაეხარდა.
სწრაფად ჩაცალა კონიაკიანი ჭიქა, კეთილგანწყობილ მომტან გოგონას ხელით უხმო და საჩქაროდ დატოვა იქაურობა. კაფესკენ, სადაც ლამაზი ქალების სურათები მხოლოდ კედლებზე ეკიდა, ერთხელაც აღარ მოუხედავს.
ნომერი სამი - ეჭვი და ამაოება
ბუზი ზუილით ტრიალებს გარშემო. მუდამ ჩვენ დაგვტრიალებს ბედისწერასავით. ცოცხალ არსებათაგან ყველაზე მეტად სწორედ ისაა ჩვენი თანამდევი. ჩვენ კი გვძულს საქმიანად მოფუსფუსე ბუზი იმიტომ, რომ არ ვიცით, საიდან მოფრინავს, რომელ სიბინძურეს აჯდა მანამდე, სანამ ხელების კმაყოფილი ფშვნეტით ჩვენს საჭმელს დააჯდებოდა...
ის კი - ჩვენი მადის გასაფუჭებლად გაჩენილი ხარბად აფრინდება ჩვენს მწვადს და ხაჭაპურს, ქაბაბსა და მჟავეს, ყველსა და პურს და მხოლოდ ოხშივარადენილ ხინკალზე ვერ ბედავს დაჯდომას, ან ცომის ნაოჭებით გამოსახული საკრალური ბორჯღალი აფრთხობს, ან ხინკლის ჯადოსნური ინგალაცია. ხინკალი წმინდაა, ისევე როგორც ნამდვილი მამაკაცური მეგობრობა და როცა შეგიპყრობს ამაოება და ეჭვი, ყველაფერს სჯობს დიდი ხნის უნახავი ძმები დაპატიჟო ხინკალზე. დაბუჟებულ კიდურებზე უპწკინოთ ერთმანეთს და დარწმუნდეთ, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები ხართ, რომ ჯერ კიდევ გიყვართ ერთმანეთი, რომ ჯერ კიდევ გაქვთ საერთო და სალაპარაკო რამე. ყოველთვის სჯობია, ბავშვობის ძმაკაცი ხინკალზე იხმო, ვიდრე შემთხვევით შეგხვდეს ქუჩაში და რამდენიმე თვის მერე ისევ შემთხვევით შეგხვდეს... თანაც ვინ იცის, რას გეტყვიან ან როგორ განუგეშებენ ბიჭები?
აღარაფერი მსგავსის დღეს აღარ სჯეროდა. მაინც იჯდა და ელოდა. ფანჯარასთან იჯდა და ძმაკაცებს ელოდა. ხინკლის შეკვეთა უკვე მიცემული ჰქონდა. ასი გრამი ნაგლეჯი ჰქონდა უკვე.
როდესაც ბიჭების დაძახება გადაწყვიტა, ჯერ კიდევ ლოგინში იწყვა და ყური ახლადგაჯახუნებული კარის ხმით ჰქოდა დაგუბებული. სიცარიელეს მიყურადებული, ჯერაც გაბურებული ვერაფერს გრძნობდა, ვერ გადაეწყვიტა, როგორ დახვედროდა უძღები შვილივით ისევ სახლში მობრუნებულ სიმარტოვეს.
აი, როგორ დახვდა! ჩაიცვა და ფართხა-ფურთხით გამოექცა. მთელი დილა ხეებიდან ჩამოცვენილი ფოთლებით სავსე ქუჩებში იხეტიალა. როცა სახინკლე გაიღო, შემოვიდა და დაამესიჯა. მას მერე იჯდა და ელოდა...
ნომერმა სამმა გუშინ საკუთარი ცოლი დაინახა...
ერთხელ, რამდენიმე წლით ადრე ბუნების სასწაული იხილა. მაშინ ტრუბა გაჰყავდა. ასე იხსენიებდა საკუთარი ცხოვრების ამ ნაწილს, რომელზე საინტერესოც არაფერი გადახდენოდა თავს, იმიტომ არა, რომ საუკუნის პროექტის მონაწილე იყო. ხალხის დასაბოლებლად მოგონილი ლეგენდების - ევრაზიის დერეფნის, აბრეშუმის გზის და მსგავსი სისულელეების არასოდეს სჯეროდა. თუ სჭირდებოდა, აქეთ შეეძლო სხვისი დაბოლება. - ტრუბა რომ გამყავდაო, - იტყოდა და თავის ცხოვრების ყველაზე სისხლსავსე, ყველაზე მოსანატრებელ პერიოდს გულისხმობდა...
იმ ღამეს სადღაც ტაბაწყურსა და ბაკურიანს შორის გაუტყდათ მანქანა უღელტეხილზე, რომელიც ცასა და დედამიწას შორის გამოკიდებულ პატარა კუნძულს ჰგავდა. მათ დაბლა ტყეები იყო, კიდევ უფრო დაბლა დაბების და სოფლების შუქები ბჟუტავდა, თვითონ კი ტრიალი, დაცემული ველის კიდეზე იყვნენ გაჩერებული და თავზე მხოლოდ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ადგათ. მოუცლელობის გამო სხვა დროს ამ ყველაფერს ვერც შეამჩნევდა. იმ ღამეს კი დრო საკმარისზე ბევრი ჰქონდა. უსაფრთხოების წესების დარღვევით მოძრაობდნენ. ნავთობკომპანიის ჯიპით ღამე გადაადგილება აკრძალული ჰქონდათ, ამიტომ დილამდე ვერც მაშველს გამოიძახებდნენ.
მძღოლმა, რომელიც სათავისოდ ჰყავდა გაწვრთნილი, თავისი ეზოს ჭანჭურის ორნახადი არაყი და ერთჯერადი ჭიქები დააძრო, მისაყოლებელიც აღმოაჩნდათ რაღაც... გარეთ მაგრა ციოდა და დროდადრო მანქანას ახურებდნენ. მალე მობეზრდათ. მძღოლმა დაიძინა, თვითონ - ვერაფრით და მანქანის მინაზე შუბლმიდებული და ცაში მაცქერალი არნახული ვარსკვლავთცვენის მოწმე გახდა.
რადგან ცაში არასდროს იყურებოდა, ვერაფრით იტყოდა, წელიწადის ამ დროითვის ჩვეულებრივ მოვლენას ადევნებდა თვალს თუ მის დასანახად გაიგიჟეს ციურმა სხეულებმა თავი. ვარსკვლავები კი ერთიმეორის მიყოლებით ცვიოდნენ და თან ისე სწრაფად, რომ ნომერი სამი სურვილის ჩაფიქრებას ვერ ასწრებდა. ვერცერთხელ ვერ მოასწრო და გაწბილებულმა გადაწყვიტა, სტრატეგია შეეცვალა. წინასწარ იფიქრებდა ადამიანის სახელს, რომელსაც ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ფულსა და ბედნიერებას უსურვებდა და ვარსკვლავის ჩამოვარდნისთანავე ამბობდა. ამას კი ასწრებდა. ვარსკვლავები კი ისევ ცვიოდნენ...
ოჯახის წევრები რომ მოილია, ძმაკაცებზე გადავიდა, მერე რამდენიმე ქალის სახელიც ახსენა ჩუმად, ბოლოს ყველაზე შორეული ნათესავებიც გაიხსენა და ერთი ვარსკვლავი არც გვერდით მხვრინავი მძღოლისთვის დანანებია. ჯადოსნური ღამე იყო, რომლის გახსენებისას ყოველთვის რწმუნდებოდა, რომ ცუდი კაცი არ იყო. სხვანაირად ასე უცებ ვერაფრით გაიხსნებებდა ამდენ ადამიანს და ვარსკვლავურ წყალობასაც ასე დაუნანებლად არ გაიღებდა. უბრალოდ, ძალიან მოუცლელი იყო, უზარმაზარი და ჯერ გაუყვანელი მილსადენის - ადამიანისგან დედამიწისთვის მიყენებული კიდევ ერთი ძალიან გრძელი და გველივით კლაკნილი ჭრილობის მთელ სიგრძეზე დარბოდა უკვე უვარგისობაში მოსული ჯიპით და საქმე ყველგან თავზესაყრელი ჰქონდა. ნავთობსადენის გასწვრივ მაცხოვრებელ მოსახლეობასთან აგვარებდა ურთიერთობას. არ იყო ადვილი საქმე - ნავთობსადენი ერთი იყო და საქართველო თურმე ძალიან ბევრი და თითოეულ საქართველოს თავისებური მიდგომა უნდოდა. ხანდახან აჯანყებულ გარდაბნელ თათრებთან უწევდა ჭიდაობა და რამდენჯერმე პირდაპირ იმათ მოღერებულ ფიწლებზეც კი წასულა (ჭრიდა ხოლმე), ხან თათრების მეზობლად ხრიოკში ჩასახლებული, საეჭვოდ გაჩუმებული და მტრულად მაცქერალი სვანების ფარული ზრახვების ამოცნობას და ამ ზრახვების წინასწარ აღკვეთას ცდილობდა (ხანდახან გამოსდიოდა). მერე, ზევით და ზევით აღმართში მიჰყვებოდა მილსადენს და მუდამ ეჭვიანი სომხებისთვის ცდილობდა ეჭვების გაქარწყლებას (მუდამ ფუჭად), გაბეჩავებულ წალკელ ბერძნებს ანუგეშებდა და, თუ საჭირო იყო, ატყუებდა კიდეც... თარგმნიდა ქართულიდან ინგლისურად, რუსულიდან ქართულად, ინგლისურიდან რუსულად. რამდენიმე აზერბაიჯანული და სომხური ფრაზაც ისწავლა, იღლებოდა, მაინც დარბოდა და მაინც საინტერესო იყო ესე ცხოვრება. ოღონდ აღმოჩდა, რომ ამდენ სირბილში და დავი-დარაბაში თურმე დავიწყებოდა, რომ ამდენი ადამიანი უყვარდა, რომ თურმე თვითონაც კარგი ადამიანი იყო...
და როდესაც ცამ გაფერმკრთალება იწყო, მანქანაში კი უკვე მაგრად აცივდა, მძღოლმა გამოიღვიძა, გაიზმორა და მობუზულმა, მაგრამ ნასიამოვნებმა მოუყვა, რომ თავის სოფლელი ბოზი "ოქროს კამეჩი" ესიზმრა. ვარსკვლავთცვენის მერე ნომერი სამი მძღოლს მეტი სითბოთი უყურებდა, უკვე თავისიანად თვლიდა და ამიტომ ოქროს კამეჩის აღწერა სთხოვა. - მაგარი ქალია, ძაან დიდია და "ტრიტცატ ადინის" პორშინებივით ძუძუები ააქვსო, - სოფლელი ტურფის პორტრეტი შორს იყო სრულყოფილებისგან და თუმცა ნომერი სამი აღარასოდეს ჩაძიებულა, თუ როგორი პორშინები ჰქონდა "ტრიცატ ადინს," ახლა სახინკლეში მჯდომი ძალიან კარგად ხედავდა ოქროს კამეჩს - დიდს კი არა, უზარმაზარს, ევადან დაწყებული, ქალთა მთელი მოდგმის ცოდვათა მატარებელს და მთელი მსოფლიოს ბიწიერების დამტევს...
გუშინ საკუთარი ცოლი დაინახა. მათ წინ შუქნიშანთან გადასასვლელზე გადადიოდა და "მიდი, ამას დაუსიგნალეო!" საჭესთან მჯდომ თანამშრომელს უთხრა. უცებ გადაწყვიტა, თუ წაყვებოდა, ისიც თან წაეყვანა. იქნებ გამოსულიყო რამე... მცხეთაში მიდიოდნენ საქეიფოდ.
თანამშრომელი ვერ მიხვდა, რაში იყო საქმე და გრძელი გაბმული სიგნალი მისცა. ქალი (ჰო, როგორც აღმოჩნდა სულ სხვა, მისთვის უცხო ქალი) მათი მანქანიდან ორიოდე ნაბიჯში იყო. გამოხედა და, ეტყობა, დაბურულ მინებს მიღმა საკუთარი ქმარი ვერ იცნო. გაიპრანჭა და პატარა გოგოსავით კეკლუცად გადაურბინათ წინ. საჭესთან მჯდომი თანამშრომელი პირველი იყო, ვინც ნომერმა სამმა შეიძულა როგორც მოწმე იმ დიდი სირცხვილისა, რომელიც უცებ დაატყდა თავს და რომლის მიზეზებში ჯერ ბოლომდე ვერ გარკვეულიყო.
რიგით მეორე ვარსკვლავისგან (კარგად ახსოვდა, რომ თავის მაშინ ახლადფეხადგმული გოგოს შემდეგ ვარსკვლავთცვენის ღამეს სწორედ ცოლის სახელი წარმოთქვა) ასეთ რამეს ნაღდად არ ელოდა, თუმცა უკვე წელიწადზე მეტი იყო, რაც ერთად აღარ ცხოვრობდნენ, რაც ერთ დღესაც მოჰკიდა ბავშვს ხელი და თავისიანებთან წავიდა. ყველაფერი დათმო, ყველაფერი წყალში ჩაყარა. მეც მინდა ადამიანად ვიგრძნო თავიო, - გამოაცხადა და წავიდა...
თავიდან ნომერ სამს არ სჯეროდა. ერთი, ჰა-ჰა ორკვირიანი ხუშტური ეგონა, რამდენჯერმე რომ მიაკითხა და ვერ წამოიყვანა, მერე ნელ-ნელა დაეჭვდა. კარგა ხანი მაინც ვერ იჯერებდა. მერე დაიჯერა და ვინმეს მოკვლა მოუნდა, ოღონდ ვერ ხვდებოდა, ვინ უნდა მოეკლა. თვრებოდა და მთელ ღამეებს სავარძელში მბორგავი ატარებდა. დიახაც, საშიში იყო და ხელში თავისზე კიდევ უფრო საშიშ და პირქუშ პისტოლეტს ბღუჯავდა. მერე ნელ-ნელა შეეჩვია უმისობას და მარტო ცხოვრების ტკბილი ნაყოფიც მოიმკა, მაგრამ მის სახლში გამეფებულ მარტოობას, ვერც მთელი კვირებით (ვინც ზედმეტ შეკითხვებს არ იძლეოდა) და ვერც ერთი ღამით მოყვანილი და დილით გინებით გაგდებული (ცოლზე და შვილზე შეკითხვებით გამაბეზრებელი) სხვა ქალები ვერაფრით ავსებდნენ. ის კი... თურმე აქამდე უცნობი, ისე მსუბუქად და ეშხიანად გადადიოდა გადასასვლელს, ისეთი უცხო იყო, ისეთი ბიწიერი და ხელმისაწვდომი, რომ ნომერ სამს ლამის ხმაურით ჩაეშალა ფეხქვეშიდან ყველაფერი, რაზეც აქამდე იდგა... ხელმისაწვდომი ჩანდა და მისთვის ყველაზე მიუწვდომელი იყო. ეგონა, ყველაფრისთვის მზად იყო, მაგრამ ეგრე არ აღმოჩნდა. გუშინდლამდე ხომ გულში მაინც არ კარგავდა მისი დაბრუნების იმედს. ვინმესთან ერთად რომ დაენახა, შეიძლება, მაშინაც კი არ მოშხამულიყო ასე, მაგრამ მარტო იყო, ლამაზი იყო და ისეთი თავისუფალი...
- მაგარი ვიღაცა იყო, არა? - ჰკითხა თანამშრომელმა საკუთარ ცოლზე, და ნომერმა სამმა გადაწყვიტა, რომ თანამშრომელს უეჭველად მოკლავდა. ქუჩის მეორე მხარეს გადასული ქალი კი ხალხს შეერია უკვე...
არავინაც არ მოუკლავს გუშინ. არც რამე განსაკუთრებული ჩაუდენია. დაბნეული იყო და ავტომატივით მოქმედებდა: ისევ დათვრა, ისევ ერთი ღამით მოიყვანა ქალი, დილით ისევ გააგდო, ახლა აქ იჯდა და ბავშვობის ძმაკაცებს ელოდა, თითქოს მათთვის იყო ამის მომყოლი, ან თითქოს ორი ლოთი სანუგეშოს ან საქმიანს ეტყოდა რამეს...
რაღაც უნდოდა. დანგრევაზე, ცემაზე, დალეწვაზე არა, ზუსტად რომ მკვლელობაზე ფიქრობდა. მარტო ეს ფიქრი ანუგეშებდა და ართობდა და, რა გასაკვირი იყო, რომ დღესაც, როგორც მუდამ, როცა მკვლელობაზე დაფიქრდებოდა, ისევ იმ კაცის სახე მოაგონდა. სახე, რომელიც ყველაფერს აშხამებდა და საკუთარ უძლურებას აგონებდა. არა, მხოლოდ სახის დანახვა არა კმაროდა. ეს კაცი მთლიანად უნდა გენახა, მის წინ უნდა მდგარიყავი და მისთვის ქვევიდან ზევით გეცქირა, რომ საკუთარი უძლურება და უნიათობა ბოლომდე გეგრძნო. მკვლელი იყო, რომელსაც ბორჯომთან ახლოს სოფელში ერთ თოვლიან ზამთარს შეხვდა.... მაშინაც ჯერ კიდევ ტრუბა გაჰყავდა... და სახლში კიდევ ერთგული და სანდომიანი პენელოპე ეგულებოდა.
პენელოპე, რომელიც მუდამ ახსენებდა საკუთარი ძმაკაცების დაბადების დღეებს ან იმავე ძმაკაცებს ახსენებდა მის არსებობას და ნავთობსადენიდან შაბათ-კვირით ჩამოსულს მეგობრებსა და ლამაზად გაფორმებულ სუფრებს ახვედრებდა. პენელოპე - კარგი დედა, სათნო ცოლი და საყვარელი რძალი, რომელზეც დედამისი სიამაყით ამბობდა: "კატასავით არის, ისეთი ჩუმი და საყვარელია, სახლში მაგის ყოფნასაც ვერ გაიგებო." პენელოპე, რომელიც მაშინ გაიქცა, როცა უკვე საკუთარი სახლიც ჰქონდათ, ოჯახური დაზღვევაც და ყველა პირობა ადამიანიური ცხოვრებისთვის, მან კი სწორედ მაშინ მოინდომა გაადამიანება - ეტყობა, ქუჩებში ტრაკის ქნევას ეძახდა ადამიანობას...
მაგაზე ფიქრს ისევ თავის სხვა სირცხვილზე ფიქრი, ისევ იმ კაცის გახსენება ერჩია. თანაც საკუთარი თავიც კარგა ხნის წინ ჰყავდა გამოჭერილი, რომ იმ ბორჯომელ ახმახსაც, როგორც ყველაფერს, რაც "ტრუბის გაყვანასთან" იყო დაკავშირებული, უკვე მხოლოდ სითბოთი და მონატრებით იხსნებდა. ნავთობსადენის გასწვრივ გატარებული ორი წელი უკვე შორეული წარსული იყო, ხოლო ხუთი წუთით ნანახი მკვლელი ძველზე ძველი მითის ნაწილი. ვინ იცის, ცოცხალიც აღარ იყო, ბოლო-ბოლო ხომ რომელიმე უსახურ თავზე ნიღაბჩამოცმული ჩუბინი სპეცრაზმელის წერა უნდა გამხდარიყო, თუმცა ამის დაჯერებაც ძალიან ჭირდა...
მაშინ სასმელი შემოაკლდათ და სოფელში არყის კითხვა-კითხვით ძებნამ მიიყვანა იმ კაცის კარზე. მაგას ნაღდად აქვს არაყიცა და ღვინოც - თუ მოგყიდა, ეგაა საქმეო... - გლეხები ეუბნებოდნენ.
რას ქვია, არ მიჰყიდდა? ნომერი სამი ადამიანებთან ურთიერთობების მოგვარებაში, მათ დაშინება, მოფერება, დაბოლება, დაშოშმინებაში იღებდა ხელფასს და თავის საქმეში შეუცვლელი იყო. გაბედულად დააბრახუნა მისწავლებულ რკინის ჭიშკარზე, ეზოდან ძაღლების ღრიანცელმა მისცა ბანი, შიგნიდან კარს ღრჭიალით გამოაძრეს რკინის დირე და არყის ვაჭარი გლეხუჭის ("ბიძაჩემო, შენზე ამბობენ, მაგარი არაყი აქვსო. მართალია?") ნაცვლად შარაგზის ყაჩაღი ("ან ფული, ან სული!") შერჩა ხელში.
როგორი იყო? წვერიანი და თმიანი. ასაკი ალბათ ჰქონდა, ოღონდ შავ წვერში ერთი ჭაღარაც არსად უჩანდა. უზარმაზარს და გაბანჯგვლულს ანაფორაც მოუხდებოდა და მაუზერიც, ან სულაც ორივე ერთად. თვალებით გჭამდა და თვალებითვე გინელებდა. არა, ეს მარტო ფულს არ წაიღებდა - სულსაც გაგაცხობინებდა დაუფიქრებლად და სადმე თავის ეზოშივე დაგფლავდა.
ნომერი სამი მკვლელებს ცნობდა. ისეთ ქალაქში იყო დაბადებული, სადაც მკვლელი სანთლით საძებარი ნამდვილად არ იყო. უფრო მეტიც, გარშემო არ ეგულებოდა ადამიანი, ერთხელ მაინც სხვისი მოკვლა რომ არ სდებოდა გულში. ამაზე მაშინაც ბევრი ჰქონდა ნაფიქრი და ეგონა, ყველაფრისთვის მზად იყო. თვლიდა, რომ თუკი დაუდგებოდა წამი, როცა მისი აწონილ-დაწონილი სიტყვა-პასუხი, თუ საჭირო იყო მიწოლა, საჭიროების შემთხვევაში კი ოდნავ დათმობა და ფრთხილი უკან დახევა აღარ გაჭრიდა, იმის ძალა მაინც ეყოფოდა, რომ მისკენ მოშვერილ ლულას ღირსეულად დახვედროდა ან თვითონ გამოეკრა მშვიდად ჩახმახი. ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება? ამ მზადყოფნაზე ეტყობა სხვებსაც ბევრი ეფიქრათ და ბევრი ლამაზი სიტყვაც შეედგინათ. ამ სიტყვების ნაწილი ნომერმა სამმა ზეპირადაც იცოდა: "მშვიდობა გინდა - ომისთვის უნდა ემზადო" (წარწერა ტროფეულ გერმანულ "პარაბელუმზე"), "ესროლეთ, ოღონდ სიძულვილის გარეშე!" (ესპანელი გენერლის მიმართვა თავის ჯარისკაცებისადმი), "მზადყოფნა ყველაფერია" (შექსპირი), "თუ სიყვარული არ გაქვს, კაცსაც ვერ მოკლავ" (კლასიკა)... ოღონდ ეს ყველაფერი, ყველა ლამაზი სიტყვა გაფერმკრთალდა და ვითომ არცა ყოფილა, ისე საპნის ბუშტივით გაქრა იმ ახმახის წინაშე, რომელსაც ამ სიტყვების არსებობის შესახებ ეჭვიც არ ჰქონდა და მათ ჭკვიან შემდგენელთა ვინაობა ხომ სულაც არ აინტერესებდა.
არაყს არ მოგყიდი, მონადირე ვარ და თვითონ მჭირდება ტყეშიო, - ეგრე უთხრა. "ვერ მოგყიდი" კი არა, "არ მოგყიდიო!" - ღვინოს კი გაგატან, რამდენი გინდაო?
ტყის სული იყო ნამდვილი - შავბნელი და უღრანი. მისთვის უარის თქმა ვერ გაბედა, თუმცა კარგად იცოდა, აქაური ღვინო რომ არაფრად ივარგებდა. ახმახმა ჭიშკართან დატოვა და დათოვლილ ეზოში გაუჩინარდა. ბნელი ეზოდან მხოლოდ ჯაჭვების ღრჭიალი და ძაღლების ავი ღრენა ისმოდა. მერე ნომერ სამს ღვინით სავსე მტვრიანი პლასტმასის ჭურჭელი შეაჩეჩეს, ფული გამოართვეს და გამოისტუმრეს... იმ თოვლიან ღამესაც თავის ნაქირავები ბინისკენ ფეხით მომავლიც და მერეც ფიქრობდა ხოლმე ყაჩაღზე, რომელმაც არაყი არ მიჰყიდა. ფრთხილად გაიკითხა კიდეც სოფელში და მართლა მკვლელი აღმოჩნდა, მრავალი ცოდვით დამძიმებული. ზოგზე სასჯელი მოხდილი ჰქონდა, ზოგი კი ეგრეც არ დაუმტკიცდა, მაგრამ ყველამ იცოდა, მისი გაკეთებული რომ იყო...
ხშირად იხსენებდა ბორჯომელ ახმახს და ყოველთვის ზამთარში, ყოველთვის დიდ თოვლში წარმოიდგენდა ხოლმე, თავის ავ ძაღლებთან ერთად ტყის სიღრმეში შესულს. ახმახი მარტო იყო. კოცონს ანთებდა, საკუთარი ჩექმის ყელს დიდი ბებუთით აჭრიდა რეზინას და მოსანთებად იმას ხმარობდა, აუჩქარებლად ირჯებოდა, ხმელ ტოტებს ლეწავდა და ახლადგაღვივებულ ცეცხლს აყრიდა. მერე აბგიდან თავის არაყს იღებდა და პატარა ყანწით სვამდა. ვინ უნდა ედღეგრძელებინა ან ვინ უნდა ედიდებინა? ამის წარმოდგენა უჭირდა. ისევ ოჩოპინტრეს ან ტყის რომელიმე ბოროტ სულს - თავის წინაპარს თუ ადღეგრძელებდა. კოცონის გარშემო დაბმული ძაღლები კი გაფაციცებით შესცქეროდნენ პატრონს, მისგან გადმოგდებულ პურის ყუას ელოდნენ და კანკალებდნენ. სიცივისგან არა - ეს შიშის და აზარტის კანკალი იყო. პატრონის წინაშე ძრწოდნენ და იმ შვებისა და თავისუფლების წამს ელოდნენ, როცა იგივე პატრონი საბლებს ახსნიდა და ირმის ან ტახის კვალზე დააყენებდა. შიშთან და ძრწოლასთან ერთად ძაღლებს იმ დროის ძახილი აკანკალებდათ, როცა ჯერ კიდევ მგლები იყვნენ და სანადირო ყმუილით უხმობდნენ ერთმანეთს. ისევ ავები და ისევ დაუნდობლები, მაგრამ მაინც უკვე ნახევრადმტაცებლები - მხოლოდ მონები იყვნენ ყველაზე სახიფათო და ყველაზე დაუნდობელი მტაცებლისა, რომელიც თავის ბებუთით სულ ნაჭერ-ნაჭერ აქნიდა ნებისმიერ ნანადირევს, ოთხფეხს და ორფეხს, და, თუკი ხაფანგში გააბამდნენ, საკუთარ კიდურსაც დაუფიქრებლად გადაიღრღნიდა.
ნომერ სამს ის კაცი ყოველთვის მარტოდმარტო, მუდამ თოვლიან ტყეში წარმოედგინა და დღეს პირველად იფიქრა, ნეტავ, მასაც თუ ჰყავდა ცოლი? ნეტავ, იმ რკინის ჭიშკრის მიღმა ჩაბნელებულ ბუნაგში მისი დამშეული ლეკვები თუ ელოდებოდნენ მამის ნანადირევს? თუ არა, ნეტა, რა გამოვიდოდა, ტყის სული და ოქროს კამეჩი რომ შეჯვარებულიყვნენ? ნეტავ, რა არნახული ჯიშის არსებებს ჩასახავდნენ და მოუვლენდნენ ამ ძნელად გასაოცებელ ქვეყანას?
ამ დროს ფანჯრიდან ბიჭები დაინახა. ნომერი ერთი და ნომერი ორი გზაში სადღაც გადაჰყროდნენ ერთმანეთს და ახლა ხელგაყრილები გადმოდიოდნენ ქუჩაზე. გაეღიმა - ნაღდი "ბრადიაგები" იყვნენ. გაპარსული და მოწესრიგებული ბრადიაგა გაუპარსავს და ჩანჩურას რაღაცას უყვებოდა გზადაგზა. ესეც შენი მოწყვეტილი ვარსკვლავები - მრავალი წლის წინ მის უღელტეხილზე ციდან ჩამოვარდნილები. ორივეს გადაბიჟვინებული სახე ჰქონდა და ნომერ სამს გაეხარდა, რომ ვიღაცას მაინც მიუსწრო დროზე, ვიღაცას მაინც გამოადგა...
ნეტა, რას ეტყოდნენ ერთმანეთს, როცა ერთ-ორ ჭიქას გადაკრავდნენ და ცოტას გამოიხედავდნენ თვალებში. თვითონ ალბათ ვარსკვლავთცვენაზე და "ოქროს კამეჩზე" უამბობდა. უკვე აღარც ბორჯომელი ტყის კაცის ხსენებისა შერცხვებოდა. ამათთან შეიძლებოდა... მთავარზე ხმას არ ამოიღებდა, არ დაგრუზავდა, შეარგებდა ხინკალს... ან რა უნდა ეთქვა საკუთარ ცოლზე? ქალზე რომელიც ახლა ისე უყვარდა და ისე უნდოდა, როგორც არასდროს... იქნებ, ჯერ კიდევ შეიძლებოდა ყველაფრის გამოსწორება?
იმათაც შეამჩნიეს ქუჩიდან და ხელი აუწიეს. ისეთ დღეში იყვნენ, გაღიმების თავიც არა ჰქონდათ. ალბათ, ესენიც მოუყვებოდნენ რამეს. მთავარზე ესენიც გაჩუმდებობდნენ, მაგრამ რაღაცას აუცილებლად მოჰყვებოდნენ და ეგეც ხომ საქმე იყო?
და ხინკალიც როგორ ზუსტად მოვიდა?! წამით ადრე, სანამ ბიჭები შემოაღებდნენ კარს. მაგარი სანახავი იყო, ოხშივარადენილი, სრულყოფილი ფორმის - ჩაბრუნებული ჭიპით და უზადო, სიმეტრიული ნაოჭებით...
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
No comments:
Post a Comment