ნიკოლოზ ჩხოტუა, "მარადიული", ინგლისურიდან თარგმნეს: ირაკლი თოფურიამ და კახა ჯამბურიამ, რედაქტორი: თამაზ ჯოლოგუა. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009
"ეს რომანი ლონდონის ქემდენ თაუნის ერთ-ერთი ბუკინისტური მაღაზიის თაროზე აღმოჩნდა. აღმოჩენას გამაოგნებელი ეფექტი ჰქონდა. დღესაც კი იშვიათად თუ მოიძიებთ ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებს ინგლისურად, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ საერთაშორისო პოპულარობაზე. საბჭოთა პერიოდისდროინდელი რამდენიმე იშვიათი თარგმანისა და თითო-ოროლა თანამედროვე ნაწარმოების გარდა, გაგიჭირდებათ მოიძიოთ გამორჩეულად "ქართული" ხასიათის, მისი შინაგანი ემოციებისა და ნააზრევის ამსახველი სხვა ქართული ნაწარმოები" - წერს ამ წიგნის წინასიტყვაობაში პიტერ ნეისმიტი. ასეთი შეფასების მიუხედავად, ქართველ მკითხველს ნიკოლოზ ჩხოტუას სახელი ბევრს არაფერს ეუბნება. ვინ იყო იგი?
ნიკოლოზ ჩხოტუა იმ თაობას ეკუთვნის, რომელთაც 1921 წელს, ბოლშევიკური არმიის შემოჭრის შემდეგ საქართველო დატოვეს. 16 წლის ბიჭმა ჯერ ევროპას მიაშურა, შემდეგ ამერიკას, საბოლოოდ კი შვეიცარიაში ჩავიდა და 1984 წელს იქვე გარდაიცვალა. საქართველოში დაბრუნებაზე უკანასკნელ წუთებამდე ოცნებობდა, თუმცა, ნატვრა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აუხდა. 1988 წელს, მისი სურვილის თანახმად, ოჯახის წევრებმა მწერლის ფერფლადქცეული გული სამშობლოში ჩამოიტანეს და ვერის სასაფლაოზე დამარხეს.
"მარადიული" ავტორის ერთადერთი დასრულებული ნაწარმოებია, რომელიც 1940-იან წლებში ინგლისურ ენაზე დაიწერა. რომანი, რომელიც მის მეუღლეს ეძღვნება, მარადიულ სიყვარულზე მოგვითხრობს და როგორც მიიჩნევენ, ავტობიოგრაფიულია.
ირაკლი კობახიძე, "დაბრუნება ტერანუოვაში". თბ. 2009.
ტერანუოვა ჩრდილოეთ იტალიაში, ბერგამოს ალპების ერთ მიუდგომელ კუთხეში, მდინარე ოლიოს მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული. სწორედ იქ ხარობს ჯადოსნური ედელვაისი, უკვდავების ყვავილი, რომლის საძებნელად ერთ დროს ჯოაკინო სარტი გაემგზავრა, თუმცა, ოქროს საბადოების აღმოჩენამ ჯადოსნური ყვავილის ისტორია მასაც და მის თანამოაზრეებსაც მალე გადაავიწყა. იმ ადგილას აშენდა ქალაქი, რომელსაც ტერანუოვა, ანუ "ახალი მიწა" უწოდეს.
ჯოაკინოს შემდეგ ჯადოსნურ ედელვაისს არაერთი ტერანოუველი ეძებდა, მათ შორის, პაოლო სარტორი, რომელსაც მეგობრებთან ერთად ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა, თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ყვავილი კარგა ხნის ნაპოვნია.
ჯადოსნური ედელვაისი თითოეული ჩვენგანის სულში ხარობს, თუმცა, სანამ ამას მივხვდებით, ბევრი წყალი ჩაივლის. ჩვენ კი მაინც ვეძებთ, ვეძებთ, რათა მკაცრმა სინამდვილემ არ მოგვკლას - ასეთია ახალგაზრდა მწერლის კონცეფცია.
ზღაპარში ცხოვრება ადამიანის მუდმივი მოთხოვნილებაა, მნიშვნელობა არა აქვს, პირველყოფილ წყობაში ცხოვრობს თუ ტექნოლოგიური მიღწევების საუკუნეში. ამიტომ იწერება დღესაც ჯადოსნური ამბები. "დაბრუნება ტერანუოვაში" ერთ-ერთი ასეთი წიგნია, ზღაპარი პატარა დიდებისთვის, რომელიც ოცნებასა და რეალობას შორის საზღვრის წაშლას ცდილობს და ადამიანს ამქვეყნიური ცხოვრების არსის გარკვევაში ეხმარება.
ერნესტ ჰემინგუეი, "იქ, მიჩიგანში", იგლისურიდან თარგმნეს ვახტანგ ჭელიძემ და ანა რატიანმა. თბ. "ინტელექტი", 2009.
სერიით "ნობელის პრემიის ლაურეატები" გამომცემლობა "იტელექტი" ამჯერად ჰემინგუეის გვთავაზობს. ქართველ მკითხველს საშუალება ეძლევა კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი საყვარელი ავტორის მოთხრობებს. "იქ, მიჩიგანში," "ვაიომინგის ღვინო," "ბატონი და ქალბატონი ელიოტები," "კილიმანჯაროს თოვლიანი მთა" და, რასაკვირველია, ლეგენდარული "მოხუცი და ზღვა," ნაწარმოები, რომლისთვისაც 1954წელს ავტორს ნობელის პრემია მიანიჭეს.
გასული საუკუნის ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა თავისი ეპოქის ლიტერატურაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. გახსოვთ, ალბათ, ყელიან სვიტერში გამოწყობილი მწერლის ცნობილი ფოტო - როგორი უბრალო და ამავე დროს, შთამბეჭდავია; მისი ჩაცმულობა, ცხოვრების სტილი, წერის მანერა ხშირად ხდებოდა თანამედროვეთა მიბაძვის საგანი, თუმცა, ჰემინგუეი იყო ის ერთადერთი და განუმეორებელი, რომელმაც ამერიკულ ლიტერატურაში ახალი ეპოქა შექმნა.
"ჰემინგუეიმ მწერლობაში გამოსვლისთანავე იგრძნო, რომ საჭირო იყო ახლებურად წერა, გატკეპნილი გზით სიარული აღარ შეიძლებოდა" - წერს მთარგმნელი ვახტანგ ჭელიძე. და მართლაც, მან გაკვალა ბილიკი, რომელსაც დღემდე მიჰყვებიან მისი შემოქმედების მოყვარულები. სწორედ მათთვისაა განკუთვნილი ეს წიგნი.
მიშელ უელბეკი, "პლატფორმა", ფრანგულიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.
ქართულად ითარგმნა სკანდალური ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკის კიდევ ერთი რომანი. 2001 წელს დაწერილ "პლატფორმას," ისევე, როგორც მის ნებისმიერ ნაწარმოებს, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ავტორს ადანაშაულებდნენ რასიზმში, შოვინიზმსა და პორნოგრაფიაში, თუმცა, თავად მიიჩნევდა, რომ ეს რომანი ნამდვილ და ამაღელვებელ სიყვარულზეა, როგორსაც თანამედროვე დასავლურ სამყაროში ვეღარ შეხვდები.
რა ხდება რომანში? მისი მთავარი გმირი, 40 წლის მიშელი ტაილანდში მოგზაურობისას მომხიბლავ ვალერის გაიცნობს, რომელიც სასტუმრო ბიზნესში მოღვაწეობს. მათ შორის ვნება იფეთქებს. საკურორტო დასვენების სრულიად ახალი ფორმა, რომლის იდეაც წყვილს ამ მოგზაურობის დროს უჩნდება, ლეგალურ სექს-ტურიზმს ეფუძნება. წარმატებით განხორციელებულ ჩანაფიქრს საკმაოდ კარგი შემოსავალი მოაქვს. დამსაქმებლები ტურისტების ნაკადს მკვდარ სეზონზეც კი ვერ აუდიან, თუმცა, მოულოდნელად, იდილია მთავრდება. ერთ-ერთ დისკოტეკაზე ფანატიკოსი მუსულმანები ბომბს აფეთქებენ და "გალანტური გართობის" მონაწილეებს ტყვიებით უმასპინძლდებიან. იღუპება ვალერიც. შემთხვევით გადარჩენილი მიშელი კი ცხოვრების მიმართ ყველანაირ ინტერესს კარგავს.
წიგნი დახუნძლულია უელბეკისათვის ესოდენ დამახასიათებელი სექსუალური სცენებით, თუმცა, აურზაურის მიზეზი ეს არ გამხდარა. სკანდალი ისლამის მიმართ გამოქმულმა ავტორის პოზიციამ გამოიწვია, რომელიც ამ რელიგიას განწირულად მიიჩნევდა. უელბეკი მკაცრად აკრიტიკებს დასავლეთსაც. რომანის მთავარ გმირს ეზიზღება ეს სამყარო, რომელიც დაცლილია გრძნობებისგან, ირგვლივ სიყალბე და ტყუილი სუფევს. ერთადერთი ხსნა სიკვდილშია, რომელსაც პატაიაზე გადახვეწილი მიშელი მოთმინებით ელოდება.
მერაბ ღაღანიძე, "გზავნილი "არილის" მკითხველს", რედაქტორი: მალხაზ ხარბედია. თბ. “მემკვიდრეობა”, 2009.
წინამდებარე წერილები იმ პერიოდისაა, როდესაც ქართულ ყოფაში მობილური ოპერატორებისა და შესაბამისად, ელექტრონული გზავნილების ეპოქა დაიწყო. ბევრისთვის ეს თანამედროვე ტექნოლოგიების ერაში ფეხის შედგმას ნიშნავდა, ლიტერატურის მოყვარულთათვის კი, რომელთა უმეტესობა მაშინ "არილის" მკითხველი გახლდათ, მერაბ ღაღანიძის ლიტერატურული გზავნილებით გახდა მნიშვნელოვანი.
ამ წერილების ავტორი 1997-98 წლებში პრაჰაში ცხოვრობდა და როგორც თავადვე აღნიშნავს, "ახალი ცოდნის მოპოვებისა და ახალი უწყების წვდომის სიხარული" ამოძრავებდა. მაშინდელი გლობალური ქსელი საკმაოდ მწირი გახლდათ და დასავლეთში მიმდინარე უახლესი ლიტერატურული პროცესების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაც ჭირდა, ამიტომ მოვლენების ეპიცენტრიდან ჩამოსულ გზავნილებს სიახლეებს მოწყურებული ქართველი მკითხველი ღრუბელივით ისრუტავდა. როჟე გაროდისა და ტიმოთი ლირის, მირჩა ელიადეს, აიზაია ბერლინისა და სხვათა შესახებ დაწერილი ესეები დიდი ინტერესით იკითხებოდა. იმ პერიოდში "არილს" მერაბ ღაღანიძის წერილებმა უამრავი მკითხველი შემატა.
წინამდებარე კრებულში თავმოყრილია 27 ესეი, რომელიც გასული საუკუნის მიწურულს საფოსტო გზავნილების სახით ჩამოდიოდა საქართველოში და ევროპული სამყაროდან შემოსული თავისუფლების სურნელით იყო გაჟღენთილი.
რევაზ გაჩეჩილაძე "ჩემი XX საუკუნე", ტომი 1, რედაქტორი: თეა ქიტოშვილი. თბ, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009
პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძის წინამდებარე ნაშრომი პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების მოყვარულთ დააინტერესებთ, ასევე, მათაც, ვისთვისაც საკუთარი ქვეყნის უახლესი წარსულის ცოდნა და ანალიზი მნიშვნელოვანია.
წიგნის ავტორი გლობალურ ხედვას გვთავაზობს. მისთვის საკმარისი არ არის საქართველოს, როგორც ერთი კონკრეტული ქვეყნის ისტორიის ანალიზი. დასკვნების გამოსატანად აუცილებელია მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების გათვალისწინებაც. "არცერთი ისტორიული მოვლენა არ შეიძლება ამოიგლიჯოს დროითი კონტექსტიდან: ის გასაგები ხდება მხოლოდ თავისსავე ეპოქასთან კავშირში" - წერს რევაზ გაჩეჩილაძე.
წინამდებარე ტომში XX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური განვითარების ისტორიულ-გეოგრაფიული ასპექტებია წარმოჩენილი. ავტორი აანალიზებს საბჭოთა სისტემას და შეფასებას აძლევს სტალინიზმს. ვფიქრობთ, მისი მოსაზრებები ამ თემატიკით დაინტერესებული მკითხველისთვის საყურადღებო იქნება.
"წახნაგი, ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული", მერაბ ღაღანიძის რედაქციით. თბ. "მემკვიდრეობა", 2009.
"წახნაგი": ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული" ჩაფიქრებულია პერიოდულ სამეცნიერო გამოცემად, რომლის გამოქვეყნება, ბუნებრივია, ყოველწლიურად ივარაუდება და რომელიც შეძლებისდაგვარად ეცდება, წარმოაჩინოს ის საუკეთესო, რაც ქართველი მკვლევარების უახლეს ფილოლოგიურ ძიებათა ნაყოფს ასახავს" - წერს გამოცემის წინათქმაში ლიტერატორი მერაბ ღაღანიძე.
ამ გამოცემის იდეა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგ პროფესორებს შორის გაჩნდა და თავდაპირველად ადგილობრივი ჟურნალის სახე უნდა ჰქონოდა, თუმცა, მოგვიანებით თანამოაზრეთა რიცხვი გაიზარდა და წელიწდეულიც გაცდა საუნივერსიტეტო ჟურნალის ფარგლებს.
გამოცემის მიზანია გამოაქვეყნოს სამეცნიერო ნაშრომები, პუბლიკაციები, ნარკვევები, ლექციები, საარქივო-დოკუმენტური, მემუარული თუ სხვა ტიპის საინტერესო მასალები ფილოლოგიურ კვლევათა ყველა სფეროში.
პირველ ნომერში შევიდა შუქია აფრიდონიძის, იუზა ევგენიძის, მაკა ელბაქიძის, ზურაბ კიკნაძის, გაგა ლომიძის, ირმა რატიანისა და სხვათა ნაშრომები, სამომავლოდ კი "წახნაგის" ფურცლები არა მხოლოდ ღვაწლმოსილ და დაფასებულ მეცნიერებს, საინტერესოდ მოაზროვნე ახალბედა ფილოლოგებსაც დაეთმობა. დღეს, როდესაც ამ სფეროში სამეცნიერო გამოცემათა რიცხვი ძალზე მწირია, ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეულის გამოჩენა ქართული ფილოლოგიური სკოლის შემდგომი განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
მერი ინაძე, "ძველი კოლხეთის ისტორიის საკითხები", სერიის მთავარი რედაქტორი: ბუბა კუდავა. თბ. "არტანუჯი," 2009.
გამომცემლობა "არტანუჯი" "კოლხური სერიის" მორიგ წიგნს გვთავაზობს. თეა კალანდიას, აკაკი ჭანტურიასა, დანიელ ფიფიასა და ანა ჩიქვანაიას შემდეგ დაინტერესებული მკითხველი მერი ინაძის "ძველი კოლხეთის ისტორიის საკითხებს" გაეცნობა. წიგნში განხილულია ძველი კოლხეთის მიწა-წყალზე მცხოვრები საზოგადოების ისტორია და გენეზისი, სატაძრო-საქალაქო ცენტრების წარმოქმნა-განვითარება, მისი კავშირი ეგეოსურ-მცირეაზიურ, ბერძნულ და ელინისტურ სამყაროსთან... ეს და სხვა მნიშვნელოვანი თემები ისტორიულ ფაქტებს, მდიდარ არქეოლოგიურ აღმოჩენებსა და სამეცნიერო კვლევებს ეფუძნება. ნაშრომში წარმოდგენილი მასალები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა სხვადასხვა სამეცნიერო გამოცემაში, ერთად თავმოყრილს კი მკითხველი პირველად იხილავს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment