AUDIO
კატულუსი უკვე სრულად გვაქვს ქართულ ენაზე, ესაა აკადემიური გამოცემა, წინასიტყვაობით, კომენტარებითა და პარალელური ტექსტით. ამ 200 გვერდიანმა წიგნმა ძველი რომაული პოეზიის ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ცეცხლოვანი წარმომადგენლის ლექსები სრულად დაიტია.
სტუდენტობისას, კატულუსის ერთმა ლექსმა მოახდინა ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება. რომელიღაც რუსულ ანთოლოგიაში გადავაწყდი. პოეტი თავის სალექსო საზომებს, ე.წ. ჰენდეკასილაბებს, ანუ თერთმეტმარცვლედ იამბს მიმართავდა თხოვნით, წასულიყვნენ და მისი ლექსების რვეული გამოეხსნათ ერთი კახპასგან. მაშინ კლასიკური ფილოლოგიის პირველ კურსზე ვსწავლობდი, რა თქმა უნდა დედანს მაშინვე მივაგენი, ჩვენს ბიბლიოთეკაში, რომელიც იმ დროს მაღლივის ერთ-ერთ კორპუსში იყო განთავსებული, ცოტა ხანს ვიწვალე საზომის აწყობაზე, მერე ხმამაღლა წავიკითხე ეს ლექსი და უცებ ცხადად დავინახე ძველი პოეტების ნამდვილი ხიბლი, პოეტების, რომლებიც თავიანთ საზომებს ელაპარაკებოდნენ. მაშინ, როგორც მახსოვს, ჯერ კიდევ არ იყო ქართულად თარგმნილი კატულუსის ეს ლექსი, კატულუსის პირველი თარგმანები, მანანა ღარიბაშვილის მიერ შესრულებული, ცალკე წიგნად რამდენიმე წლის წინ გამოიცა, სულ ცოტა ხნის წინ კი სრული კატულუსი გამოვიდა ქართულ ენაზე, წიგნი, რომელმაც 200 გვერდში ძველი რომაული პოეზიის ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ცეცხლოვანი წარმომადგენლის ლექსები მთლიანად დაიტია. კატულუსის ჩვენამდე მოღწეული ყველა გრძნობა, აზრი თუ გესლიანი სიტყვა ამ წიგნშია შესული. მოუსმინეთ კატულუსის მთარგმნელს, მანანა ღარიბაშვილს და თავად დარწმუნდებით, რამდენად თანამედროვეა ეს პოეტი:
“ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რა შეგრძნებაც მისი კითხვისას გიჩნდება, ეს არის განცდა, რომ იგი შენი თანამედროვეა. რა იწვევს ამ გრძნობას? რა ბადებს ამ ემოციას? პოეტის განსაკუთრებული თვისება უშუალო აღქმებით და განცდებით დამუხტოს ლექსი, აერიდოს ტრაფარეტებს და საერთო ადგილებს. შექმნას ინტიმური გარემო და ცოცხალი ინტონაციით გაათბოს სტრიქონი. იგი არამხოლოდ გიხატავს იმ სამყაროს, რომელიც მას გარს აკრავს, არამედ ცდილობს თანამონაწილე გაგხადოს ამ ყველაფრისა. გეახლობლება. ერთ-ერთი მკვლევარი მის პოეზიას ახასიათებს, როგორც ურთიერთობის პოეზიას. აქ ნაჩვენებია ურთიერთობა ადამიანსა და ღმერთებს შორის, ადამიანთა შორის, ადამიანებსა და საგნებს შორის. სიყვარული, სიძულვილი, ეჭვიანობა, ღალატი... ესენი მისთვის აბსტრაქტული, განყენებული ცნებები კი არ არის, არამედ ცხოვრებისეული სტიქიებია”.
კატულუსის ეს სტიქიურობა ბევრს ატყვევებს, იმედი მაქვს, მისი მგრძნობელობა ქართველ მკითხველში და რაც მთავარია, ქართულ, თარგმნილ პოეტურ ტრადიციაში დაახლოებით ისეთივე ადგილს დაიკავებს, როგორიც უკავიათ ომარ ხაიამსა თუ ფრანსუა ვიიონს.
საერთოდ, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ქართულ ლიტერატურულ კულტურაში კლასიკური, აღმოსავლური თუ დასავლური ლიტერატურების ხელახალი რეანიმაცია. მე უფრო ანტიკური, ძველი ბერძნული და რომაული სიტყვიერების ქომაგად თუ გამოვდგები, არა მხოლოდ ჩემი პროფესიული განათლების, არამედ იმის გამოც, რომ ვფიქრობ უფრო კარგად მესმის დასავლეთის, ვიდრე აღმოსავლეთის. საბედნიეროდ, ბოლო წლებში საკმაოდ გამოჩნდა ძველი ბერძნულიდან და ლათინურიდან თარგმნილი წიგნები, ანთოლოგიები, სხვადასხვა კრებულებში გაფანტული თარგმანები. ვინ იცის, იქნებ კლასიკურმა ფილოლოგიამ სრულიად ახალი აზრიც კი შეიძინოს, დღეს, XXI საუკუნის საქართველოში:
“კლასიკური ფილოლოგია თავისთავად არის ევროპული კულტურის საფუძვლის საფუძველი. და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, იმიტომ, რომ დიდი ურთიერთობა გვქონდა ბერძნებთან. თავიდანვე იყო ეს მითოლოგიური მომენტი, არგონავტების ლაშქრობა, პრომეთე-ამირანის პარალელები. და აქედან გამომდინარე ჩვენთვის ეს კულტურა ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ყოველთვის. და ზოგი ამბობს, რომ ბიზანტიას რაც შეეხება, ურთიერთგავლენაც იყო. და ჩვენი ძირები თუ გვაინტერესებს, ესეც მე მგონი საინტერესოა და აუცილებელია. გარდა ამისა, ეს არის კლასიკური პოეზიაა, რომელიც არ ბერდება და კატულუსი მართლა ასეთი პოეტია, რომელიც ყოველ წამს განცდას ბადებს, ძალიან ცოცხალია და ესთეტიკური ღირებულება აქვს პირველ რიგში. არ არის მკვდარი, არ არის ლიტერატურული მუმია”.
მკითხველს დააინტერესებს ასევე კატულუსისა და იულიუს კეისრის ურთიერთობის ისტორიაც, რომელზეც პოეტი მწვავე ეპიგრამებს წერდა. კეისარი ამით ძალიან იყო შეწუხებული და მიიჩნევდა, რომ ახალგაზრდა ენამახვილმა პოეტმა მის სახელს სამუდამო ჩირქი მოსცხო. კეისარი შემდეგ კარგა ხნის განმავლობაში ცდილობდა კატულუსის შემორიგებას, სანამ კატულუსის მამის შუამავლობით, ვისთანაც ძველი მეგობრობა აკავშირდება, საწადელს არ მიაღწია. სამწუხაროდ მომდევნო თაობის დიდ რომაელ პოეტებს ხელისუფალთ მხრიდან გაცილებით მძიმე ხვედრი ერგოთ. სანიმუშოდ მარტო ოვიდიუსის მაგალითი იკმარებდა. სხვა დროს როგორმე გადასახლებულ ოვიდიუსზეც ვისაუბრებთ, ახლა კი მოდით თავად მთარგმნელის მიერ წაკითხულ კატულუსის ერთ შესანიშნავ ლექსს მოვუსმინოთ, ბოლოს კი ამერიკელი სტუდენტების მიერ გასიმღერებულ კლასიკას, რომლის პირველი სტრიქონებიც ასე ჟღერს ქართულ თარგმანში: “ჰოი კატულუს, შე საბრალო, თავს ნუ იბრიყვებ, სამარადისოდ გარდასულა, რაც გარდასულა...”.
ისევ მოვიდა გაზაფხული თბილი ქარებით,
ისევ აჯობა ზეფიროსის საამო ქროლვამ
ზამთრის ქარიშხლებს, ისევ დათბა, ისევ განათდა...
ეჰა, კატულუს, მივატოვოთ ფრიგიის ველნი,
ცხელი ნიკეის მოელვარე ვრცელი ყანები,
ჭრელი აზიის მივაშუროთ ლამაზ ქალაქებს!
ხომ ხედავ, გულიც გაჩქარებით გზისკენ გეწევა,
უკვე ფეხებიც აგიცეკვდნენ სახეტიალოდ...
მშვიდობით, ჩემო მეგობრებო, კეთილად გევლოთ,
სახლიდან ერთად გამოსულებს გზაც ერთი გვქონდა,
შინ კი ყველანი საკუთარი გზით დავბრუნდებით!
© tavisupleba.org
No comments:
Post a Comment