Sunday, September 5, 2010

ოსიპ მანდელშტამი – ორიოდ სიტყვა ქართული ხელოვნების შესახებ (1922)


რუსულ პოეზიაში არსებობს ქართული ტრადიცია. როდესაც გასული საუკუნის რუსი პოეტები საქართველოზე წერდნენ, მათი ხმა ქალური სისათუთით ჟღერდა, ლექსები კი თითქოს იჟღინთებოდა ნაზი და ნამიანი ატმოსფეროთი:
YНа холмы Грузии легла ночная мгла...
ალბათ, თვით ქართულ პოეზიაშიც ძნელად მოიძებნება ქართული ბანგითა და ვნებით აღსავსე ისეთი Oორი ტაეპი, როგორიცაა ლერმონტოვის
Пену сладких вин
Сонный пьет грузин...
ვფიქრობ, რუსულ პოეზიაში შეიქმნა ქართული მითი, რომელიც პირველად პუშკინმა გააცხადა, -
Не пой, красавица, при мне
Ты песен Грузии печальной,
ლერმონტოვმა კი მასზე ააგო მთელი მითოლოგია, რომლის ცენტრსაც თამარის მითი წარმოადგენს.
საინტერესოა, რომ ამ მითის წყარო, რუსული პოეზიის აღთქმული ქვეყანა არის სწორედ საქართველო და არა სომხეთი.
საქართველომ მოაჯადოვა რუსი პოეტები თავისებური ეროტიკით, ეროვნული ხასიათისათვის ჩვეული სატრფიალო განწყობილებით, ლაღი და უწყინარი ზარხოშით, მელანქოლიური და მთვრალი განცხრომით, რომელშიც დანთქმულია ამ ხალხის სული და მისი ისტორია. ქართული ეროსი იზიდავდა რუს პოეტებს. სხვისი სიყვარული ჩვენთვის ყოველთვის უფრო ღირებული და სანუკვარი იყო, ვიდრე საკუთარი განცდა, საქართველოს კი სიყვარულის უნარი ჰქონდა მომადლებული. მისი უძველესი ხელოვნება, მისი ხუროთმოძღვრების, ფერმწერების, პოეტების ნაღვაწი სიყვარულის დახვეწილი გრძნობითა და რაინდული სინატიფითაა გამსჭვალული.
დიახ, კულტურა დამათრობელია. ქართველები ღვინოს ინახავენ მიწაში ჩაფლულ ვიწროყელიან ღრმა ქვევრებში. ეს არის ქართული კულტურის პირველსახე: მიწამ შეუნარჩუნა მხატვრულ ტრადიციას ვიწრო, მაგრამ კეთილშობილური ფორმა, დაბეჭდა დუღილის სურნელით სავსე ჭურჭელი.
ის, რასაც ვერ ჩავწვდებით კულტურის აზრობრივი მონაცემების, მის მიერ დაგროვილი სიმდიდრის გათვალისწინებისას, სწორედ ზარხოშის შეგრძნებაა, იდუმალი შინაგანი დუღილის პროდუქტი: მიწაში ჩაფლული ვიწროყელიანი, ღრმა, ღვინით სავსე ამფორა.
რუსული კულტურა არასოდეს ახვევდა თავს საქართველოს თავის ფასეულობებს. ქვეყნის რუსიფიკაცია მხოლოდ ადმინისტრაციული ცხოვრების ფორმებზე ვრცელდებოდა. მართალია, გასული საუკუნის რუსი ადმინისტრატორები, ვორონცოვ-დაშკოვის მეთაურობით, ამახინჯებდნენ ამ მხარის ეკონომიკას და თრგუნავდნენ საზოგადოებრიობას, მაგრამ მათ ვერ შებღალეს ქართული ყოფა და მისდამი უნებური პატივისცემითაც კი გაიმსჭვალნენ. საქართველოს კულტურულ რუსიფიკაციაზე ლაპარაკიც კი არ ჩამოვარდნილა. ამიტომ ქვეყნის ეროვნულმა და პოლიტიკურმა თვითგამორკვევამ, რომელშიც ორი პერიოდი გამოიყოფა - გასაბჭოებამდე და გასაბჭოების შემდეგ - ქართული კულტურისა და ხელოვნების თვითმყოფადობა ერთგვარი გამოცდის წინაშე დააყენა. კულტურული რუსეთი, რომელიც მთელი საუკუნის განმავლობაში სიყვარულით ადევნებდა თვალს საქართველოს, ახლა შიშით უმზერს ქვეყანას, რომელიც მზადაა უღალატოს თავის კულტურულ მოწოდებას. ქართული ხელოვნება ხომ ყოველთვის ორიენტირებული იყო აღმოსავლეთზე, თუმცა, საქართველო არასოდეს ერწყმოდა აღმოსავლეთს, პირიქით, ემიჯნებოდა კიდეც მას.
ქართულ კულტურას მე მივაკუთვნებდი ორნამენტული ტიპის კულტურებს. ისინი გარს ერტყმიან უცხო კულტურის უზარმაზარსა და დასრულებულ სფეროს, მაგრამ მხოლოდ ნაყშს გადმოიღებენ ხოლმე, მძლავრი მეზობლების მტრულ არსს კი გააფთრებულ შინაგან წინააღმდეგობას უწევენ.
ამჟამად საქართველოში გაისმის გაბმული ყიჟინა: "გამოვეყოთ აღმოსავლეთს, გეზი ავიღოთ დასავლეთისაკენ! აზიელები კი არა, ევროპელები, პარიზელები ვართ!..“ რაოდენ გულუბრყვილოა ქართველი შემოქმედი ინტელიგენცია! აღმოსავლეთისაგან გამიჯვნის ტენდენცია ქართულ ხელოვნებაში ყოველთვის შეიმჩნეოდა, მაგრამ უხეში ლოზუნგებით კი არ გამოიხატებოდა, არამედ მაღალმხატვრულ ფორმებსა და საშუალებებში იჩენდა თავს.
თბილისში, ქართული ფერწერის ეროვნულ მუზეუმში, ნახავთ მრავალ დახვეწილ (ძირითადად, ქალთა) პორტრეტს. ტექნიკითა და ღრმა სტატიკური სიმშვიდით ისინი ძველ ვენეციურ ფერწერას მოგვაგონებს, ხოლო ფორმის სიბრტყითი აღქმითა და ხაზოვანი კომპოზიციით (ხაზების რიტმით) - სპარსულ მინიატურულ ფერწერას ენათესავება. ხშირია ოქროსფერი მდიდრული ორნამენტი ან ფონი. უცნობი მხატვრების ეს ნამუშევრები განასახიერებს აღმოსავლეთზე ჭეშმარიტ გამარჯვებას. რა უსუსურია მათთან შედარებით იმ ვიოლინოს აცეკვებული ნამსხვრევები, რომელიც ოდესღაც პიკასომ დაანაკუწა და რომელმაც მონუსხა ახალი ქართული ფერწერა - ამ ვიოლინოს შეემთხვა იგივე, რაც ბერების ყალბ რელიქვიებს: ვიოლინო ერთი იყო და ერთხელ დაიმტვრა, მაგრამ ვისთვის არ უჩვენებიათ მისი ნაფოტები - აი პიკასოს ნაწილიო!
ენის სიცოცხლე ყველასთვისაა მისაწვდომი - ყველა ლაპარაკობს და ამით მონაწილეობს ენის განვითარებაში. თითოეული წარმოთქმული სიტყვა ენაზე ახალ ანაბეჭდს ტოვებს. ფერწერული ენის განვითარებაზე დაკვირვების შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა აბრები, კერძოდ, თბილისური აბრები, რომლებიც ჩვენ თვალწინ გარდაიქმნება ფიროსმანიშვილის ძალუმ ხელოვნებად.
ნიკო ფიროსმანიშვილი იყო აბრების უბრალო, გაუნათლებელი მხატვარი. ის ხატავდა მუშამბაზე - ჟანგმიწით, მწვანე მიწითა და შავი ძვლით (რუხის ყველა ვარიაციასთან ერთად). მისი მუშტრები, თბილისელი მედუქნეები, საინტერესო სიუჟეტებს ითხოვდნენ მხატვრისგან და ისიც აკმაყოფილებდა მათ სურვილებს. ერთ-ერთ სურათზე წავიკითხე მისი მინაწერი: "Шамиль со свово караулом" (ორთოგრაფია დაცულია). შეუძლებელია, თაყვანი არ სცე მის "უმეცრულად დახატულ" (არაანატომიურ) ლომებს, განსაცვიფრებელ აქლემებს, რომელთა გვერდით ვხედავთ ადამიანთა შეუსაბამო ზომის ფიგურებს; ფარდულებს, მხოლოდ ფერის მეშვეობით რომ დაუძლევიათ სიბრტყე. ფრანგები საქართველოში ჩამოვიდოდნენ ფერწერის შესასწავლად, ფიროსმანიშვილის არსებობა რომ სცოდნოდათ. თუმცა, ისინი მალე გაეცნობიან ამ მხატვარს, ვინაიდან ფიროსმანიშვილის თითქმის ყველა სურათი, დაუდევრობის გამო, საზღვარგარეთაა გატანილი.
ქართულ ხელოვნებას ამშვენებს ევროპული ღირებულების მქონე მეორე ფიგურაც - ესაა პოეტი ვაჟა-ფშაველა. მისი თხზულებები გამსახკომმა გამოსცა და ახალ საქართველოში ვაჟას ერთგვარი კულტიც კი შეიქმნა, მაგრამ, ღმერთო, რაოდენ უმნიშვნელოა მისი უშუალო ზეგავლენა ახალგაზრდა ქართულ პოეზიაზე... ეს იყო სიტყვის ნამდვილი ქარაშოტი, რომელმაც საქართველოს გადაუარა და ძირფესვიანად ამოაგდო ხეები...
მისი პოემების ეპიკური სიდიადე თითქმის შუასაუკუნეობრივია, ხოლო ხატოვანება - სტიქიური. მასში ბობოქრობს საგნობრიობა, ხელშესახებობა, ყოფითობა. ყოველი გამოთქმა უნებურად გარდაიქმნება სახედ, მაგრამ სიტყვა არ აკმაყოფილებს ვაჟას - ის თითქოს კბილებით გლეჯს მას, ფართოდ იყენებს ქართული ფონეტიკის ისედაც მძაფრ ტემპერამენტს.
ახალგაზრდა ქართულმა პოეზიამ ქარიშხალივით გადაიტანა ვაჟა-ფშაველა და ახლა არ იცის, რა უყოს მის მემკვიდრეობას.
ამჟამად ამ პოეზიის წარმომადგენელია ეგრეთ წოდებული "ცისფერი ყანწების" ჯგუფი, რომლის რეზიდენცია თბილისშია. მას სათავეში უდგანან პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე. "ცისფერი ყანწები" ქართულ ხელოვნებაში უზენაეს მსაჯულადაა აღიარებული, მისი მსაჯული კი მხოლოდ უფალია. ცისფერყანწელების ჩამოყალიბება განაპირობა მონურმა თაყვანისცემამ ფრანგული მოდერნიზმის წინაშე, რომელსაც ისინი რუსული თარგმანების საშუალებით გაეცნენ. მკითხველებსა და საკუთარ თავს ჯგუფის წევრები ატკბობენ ბოდლერიანობაზე, არტურ რემბოს სწრაფვებსა და მარტივად გაგებულ დემონიზმზე დაყენებული იაფფასიანი სასმელით, ყოველივე ეს კი ზედაპირული ყოფითი ეკზოტიკითაა შეზავებული. ცისფერყანწელების ყურადღება არ მიიპყრო რუსული პოეზიის უდიდესმა ყვავილობამ უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, ჩვენთვის კი მათ პენზის ან ტამბოვის რიგის მოვლენად მივიჩნევთ. ცისფერყანწელებზე უდავო ზეგავლენა მოახდინა ერთადერთმა რუსმა პოეტმა - ესაა ანდრეი ბელი, რომელიც უცხოელთა მიერ რუსული ყაიდის მისტიურ ვერბიცკაიად აღიქმება.
სრული უფერულებით გამოირჩევა ქართული ლიტერატურის მეორე - კონსერვატული ნაკადი. ამასთან, ლიტერატურული ცხოვრება არაჩვეულებრივად ხმაურიანი და მყვირალაა. ბევრია დისპუტი, კინკლაობა, ბანკეტი, განხეთქილება. ხომ არ გადაფარავს ამ ფაციფუცს ხელოვანის ლომისებრი ბრდღვინვა: "თქვენ ხომ არც დასავლეთს მიეკუთვნებით, არც - აღმოსავლეთს; აქ არც პარიზია, არც - ბაღდადი; თქვენი ხელოვნება, თქვენი მხატვრული ტრადიცია ღრმადაა ჩაზრდილი ისტორიულ მიწა-წყალში. ღვინო ძველდება - ამაშია მისი მომავალი, კულტურა დუღს - ამაშია მისი სინორჩე. გაუფრთხილდით თქვენს ხელოვნებას - მიწაში ჩაფლულ ვიწროყელიან თიხის ქვევრს!"

თარგმნა თამარ ლომიძემ

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:

Post a Comment