Friday, September 10, 2010

ჯოზეფ ჰელერი – ხაფანგი 22



ჯოზეფ ჰელერის რომანი ,,ხაფანგი-22" 1961 წელს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარული და აქტუალური მოგვიანებით, ვიეტნამის ომის დროს გახდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ჯოზეფ ჰელერი სამხედრო მფრინავი იყო და ომიდან დაბრუნების შემდეგ, 8 წლის მანძილზე, წერდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ანტისაომარ რომანს. რომანის მთავარი პერსონაჟი - მფრინავი იოსარიანი - აღმოაჩენს, რომ სამხედრო კოდექსის ერთ-ერთი (22-ე) მუხლის თანახმად, მფრინავს შეუძლია გააკეთოს განცხადება და სიგიჟის ნიადაგზე სამხედრო სამსახურიდან თავი დაიხსნას, მაგრამ, როგორც კი ასეთი განცხადებას დაწერს, იგი შეშლილად აღარ ჩაითვლება და ვალდებული იქნება, სამსახური გააგრძელოს. იოსარიანი ერთადერთი ადამიანია, რომელიც ამ მუხლს ეჭვის თვალით უყურებს. მთელი რომანის მანძილზე ის ცდილობს, თავი დააღწიოს ყოვლად უაზრო და სასიკვდილო საფრთხის შემცველი სამხედრო მისიების შესრულებას.
რომანის გამოქვეყნების შემდეგ Catch-22 დამოუკიდებელ ლექსიკურ ერთეულად შევიდა ლექსიკონში და გამოუვალი, აბსურდული სიტუაციის სინონიმად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი უდიდესი პოპულარულობით სარგებლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რკინის ფარდის მეორე მხარეს ის შეუმჩნეველი დარჩა. როგორც ჩანს, საბჭოთა იდეოლოგიისათვისაც მიუღებელი იყო ნაწარმოები, რომელიც ომის აბსურდულობას ეხება, რადგან საბჭოთა კავშირი ამ დროს თავადაც მონაწილეობდა ჯერ ვიეტნამის და შემდეგ ავღანეთის ომებში.
რომანი ქართულად ჯერჯერობით თარგმნილი არ არის. მხოლოდ პირველი თავი გამოქვეყნდა ჟურნალში "ჩვენი მწერლობა", ამჯერად კი ჩვენს მკითხველებს ნაწარმოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თავს ვთავაზობთ.



ჯოზეფ ჰელერი
ხაფანგი 22
ნაწყვეტი რომანიდან

თავი 41



სნოუდენი

- გაჭერით, - თქვა ექიმმა.
- თქვენ გაჭერით, - თქვა მეორემ.
- არ გამჭრათ, - თქვა იოსარიანმა. ლაპარაკი უჭირდა.
- შეხედეთ ვინ ჩაერია, – უკმაყოფილო იყო ექიმი.
- იმ ქვეყნიდან გველაპარაკებიან, ვაკეთებთ ოპერაციას თუ არა?
- არ ჭირდება ოპერაცია, – აწუწუნდა მეორე ექიმი, – პატარა ჭრილობა აქვს. სისხლდენა უნდა შევუჩეროთ, ჭრილობა გავუსუფთაოთ და ნაკერები დავადოთ.
- აქამდე ოპერაციის გაკეთების შანსი არ მქონია. სკალპელი რომელია? ეს არის სკალპელი?
- არა, აი ის არის სკალპელი. კარგი, თუ აპირებ, მაშინ დროზე გაჭერი. გააკეთე კვეთა.
- ასე?
- მანდ არა, შტერო.
- არავითარი კვეთა, – ნელ-ნელა იოსარიანი გონს მოდიოდა, ხვდებოდა, რომ ორი უცხო ადამიანი გაჭრას უპირებდა.
- იმ ქვეყნიდან გველაპარაკებიან, – სარკასტულად შენიშნა მეორე ექიმმა, – ასე უნდა ილაპარაკოს, სანამ ოპერაციას გავუკეთებთ?
- ოპერაციას ვერ გაუკეთებთ, სანამ ოფიციალურ რეგისტრაციას არ გაივლის, – თქვა კლერკმა.
- რეგისტრაციას ვერ გაივლის, სანამ არ დავკითხავ, – თქვა მსუქანმა, გაბრაზებულმა პოლკოვნიკმა, რომელსაც უზარმაზარი ულვაშები და ვარდისფერი სახე ჰქონდა. სახე ძალიან ახლოს მიუტანა იოსარიანს, ცხელი ტაფის სიმხურვალეს გამოსცემდა, – სად დაიბადეთ?
მსუქანმა, გაბრაზებულმა პოლკოვნიკმა იოსარიანს ის მსუქანი და გაბრაზებული პოლკოვნიკი გაახსენა, რომელმაც მღვდელი დაკითხა და დამნაშავედ სცნო. ბუნდოვნად ხედავდა ამ კაცს. ირგვლივ ჰაერი ალკოჰოლის და ფორმალდეჰაიდის ტკბილი სუნით იყო გაჟღენთილი.
- ბრძოლის ველზე, – უპასუხა.
- არა, რომელ შტატში დაიბადეთ?
- უმანკოების შტატში.
- არა, თქვენ, ეტყობა, ვერ გაიგეთ.
- მე მივხედავ, – თქვა გრძელსახიანმა კაცმა, პატარა დამცინავი თვალები და ბოროტი პირი რომ ჰქონდა, – თავი ძალიან ჭკვიანი გგონია? – ჰკითხა იოსარიანს.
- ბოდავს, - თქვა ერთ-ერთმა ექიმმა, - გვაცალეთ, შიგნით შევიყვანთ და ვუმკურნალებთ.
- აქ დატოვეთ. თუ ბოდავს, შეიძლება რამე საიდუმლო წამოცდეს.
- ძლიერი სისხლდენა აქვს, ვერ ხედავთ? შეიძლება მოკვდეს.
- ძალიან კარგი.
- ეგრე უნდა მაგ ჩამშვებ ნაძირალას, – თქვა მსუქანმა, გაბრაზებულმა პოლკოვნიკმა. – კარგი, ჯო, მოდი ვილაპარაკოთ. სიმართლის გაგება გვინდა.
- ყველა იო-იოს მეძახის.
- გვინდა ჩვენთან ითანამშრომლო, იო-იო. შენი მეგობრები ვართ და გვინდა ჩვენი გჯეროდეს. აქ შენს დასახმარებლად ვართ. არაფერს დაგიშავებთ.
- მოდი, ცერებით ჭრილობაზე დავაწვეთ და ვათქმევინოთ, – შესთავაზა გრძელსახიანმა კაცმა.
იოსარიანმა თვალები დახუჭა იმ იმედით, რომ გულწასული ეგონებოდათ.
- გონება დაკარგა, – მოესმა ექიმის ხმა, – შეიძლება ვუმკურნალოთ, სანამ გვიან არ არის? შეიძლება მართლა მოკვდეს.
- კარგი, წაიყვანეთ, იმედი მაქვს, ეგ ნაძირალა მოკვდება.
- ვერ უმკურნალებთ, სანამ არ დავარეგისტრირებ, – თქვა კლერკმა.
იოსარიანმა თვალები დახუჭა და თავი მოიმკვდარუნა, სანამ კლერკი ფურცლებს აფრიალებდა. დახუთულ, ბნელ ოთახში შეაგორეს, ჭერში ნათურები ეკიდა, რომლებიც ჰაერს აშრობდა, ფორმალდეჰაიდისა და ალკოჰოლის მოტკბო სუნი კიდევ უფრო საგრძნობი იყო. სასიამოვნო, ყოვლისმომცველი სუნი დამათრობლად მოქმედებდა. ეთერის სუნსაც გრძნობდა და შუშის წკრიალი ესმოდა.
ჩუმი, ეგოისტური სიხარულით უსმენდა ორი ექიმის მძიმე სუნთქვას. ექიმებს ეგონათ, რომ უგონოდ იყო და ვერაფერს გაიგებდა. იოსარიანს ყველაფერი სისულელედ ეჩვენებოდა, სანამ ერთ-ერთმა ექიმმა არ თქვა:
– როგორ ფიქრობ, უნდა გადავარჩინოთ? შეიძლება გაბრაზდნენ კიდეც ჩვენზე.
- მოდი ოპერაცია დავიწყოთ, – თქვა მეორე ექიმმა, – გავჭრათ და ყველაფერი ვნახოთ ერთხელ და სამუდამოდ. ღვიძლს უჩივის. ღვიძლი საკმაოდ პატარა ჩანს რენტგენზე.
- ეს პანკრიასია, შტერო, ეს არის ღვიძლი.
- ეგ გულია, დაგენიძლავები, ეს არის ღვიძლი. ოპერაციას გავაკეთებ და გავიგებ. ჯერ ხელი უნდა დავიბანო?
- არავითარი ოპერაცია, – იოსარიანმა თვალები გაახილა და წამოჯდომა სცადა.
- იმ ქვეყნიდან გველაპარაკებიან, – დამცინავად თქვა ექიმმა, – არ შეიძლება მოვაკეტინოთ?
- ანესთეზია გავუკეთოთ. აქ გვაქვს.
- არავითარი ანესთეზია.
- იმქვეყნიური ხმა ისმის, – თქვა ექიმმა. A
- მოდი ანესთეზია გაუკეთოთ და გაითიშება. მერე რაც მოგვინდება, იმას ვუზამთ.
იოსარიანს სრული ანესთეზია გაუკეთეს და დააძინეს. განცალკევებულ ოთახში გაიღვიძა, ირგვლივ ეთერის ბუღი იდგა, ძალიან წყუროდა. ლოგინთან პოლკოვნიკი კორნი ეჯდა და მშვიდად იცდიდა, შალის უფორმო, ღია მწვანე ფერის შარვალი და პერანგი ეცვა. ყავისფერ სახესა და ფართო, გაუპარსავ ლოყებზე შემპარავი, ფლეგმატური ღიმილი მოფენოდა, ორივე ხელს მელოტ თავზე ისვამდა. ახალგაღვიძებული იოსარიანისაკენ ღიმილით დაიხარა და ძალიან მეგობრული ტონით შეატყობინა, რომ მათი გარიგება ძალაში რჩებოდა, თუ იოსარიანი არ მოკვდებოდა. იოსარიანს გული აერია, პოლკოვნიკი კორნი წამოხტა და ზიზღით გაიქცა. ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე, - გაიფიქრა იოსარიანმა და ძილის მახჩობელა მდგომარეობას დაუბრუნდა. ვიღაცის უხეშთითებიანმა ხელმა შეაჯარჯღარა და გააღვიძა. გადმობრუნდა, თვალები გაახილა და მკაცრი სახის უცნაური კაცი დაინახა, რომელმაც ტუჩები ბოროტად მოკუმა და დაიტრაბახა:
- შენი მეგობარი ჩვენ გვყავს. შენი მეგობარი ჩვენ გვყავს.
იოსარიანს შეამცივნა და გაფითრდა. იგრძნო, როგორ გაოფლიანდა.
- ვინ არის ჩემი მეგობარი? – ჰკითხა მღვდელს, როცა დაინახა, რომ ის იმ ადგილას იჯდა, სადაც მანამდე - პოლკოვნიკი კორნი.
- იქნებ მე ვარ შენი მეგობარი? – უპასუხა მღვდელმა.
მაგრამ იოსარიანს აღარ ესმოდა, თვალები დახუჭა. ვიღაცამ წყალი დაალევინა და თითის წვერებზე გაეცალა. ეძინა. როცა გაიღვიძა, თავს შესანიშნავად გრძნობდა, სანამ მღვდლისაკენ თავი არ მიაბრუნა და მის ნაცვლად აარფი არ დაინახა. იოსარიანს კვნესა აღმოხდა და სახე დაემანჭა გაღიზიანებისაგან. აარფიმ ჩუმად გაიცინა და ჰკითხა, თავს როგორ გრძნობო. გაოცებული დარჩა, როცა იოსარიანმა იკითხა, რატომ არ იყო აარფი ციხეში. იოსარიანმა თვალები დახუჭა, რომ სტუმარი გამქრალიყო. როცა გაახილა, აარფი აღარ იყო და მის ადგილას მღვდელი იჯდა. იოსარიანს გაეცინა, როცა შეამჩნია, რომ მღვდელი იღიმებოდა და ჰკითხა, ასე რა ჯანდაბამ გაგამხიარულაო.
- შენი ამბავი მიხარია, – ხალისიანად უპასუხა მღვდელმა, - ჯგუფში მითხრეს, რომ სერიოზულად იყავი დაშავებული და სახლშიც გაგიშვებდნენ, თუ გადარჩებოდი. პოლკოვნიკმა კორნმა თქვა, რომ შენი მდგომარეობა კრიტიკული იყო, მაგრამ ახლახან შევიტყვე ერთ-ერთი ექიმისაგან, რომ უმნიშვნელო ჭრილობა გაქვს და ერთ-ორ დღეში აქაურობას დატოვებ. საფრთხეში არ ხარ და ეს სულაც არ არის ცუდი.
იოსარიანმა შვებით ამოისუნთქა.
– კარგია.
- დიახ, – თქვა მღვდელმა, – ლოყები კმაყოფილებისაგან გაუვარდისფერდა. – დიახ, ეს კარგია.
იოსარიანს გაეცინა, მღვდელთან თავისი პირველი შეხვედრა გაახსენდა.
– პირველად რომ შეგხვდი, საავადმყოფოში ვიყავი. ახლაც საავადმყოფოში ვარ. ამ ბოლო დროს მხოლოდ საავადმყოფოში გხედავ. სად იყავი?
მღვდელმა მხრები აიჩეჩა.
– ბევრს ვლოცულობდი, – აღიარა, – ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი დრო გავატარო ჩემს კარავში. ყოველთვის, როცა სერჟანტი უაითქომბი ტერიტორიას ტოვებს, ვლოცულობ, თან არ წამიყვანოს.
- გშველის?
- ყველა პრობლემას მავიწყებს, – ისევ მხრები აიჩეჩა, – რაღაცას მაინც ვაკეთებ.
- ეგ კარგია, ხო?
- კი, – ენთუზიაზმით დაეთანხმა მღვდელი, თითქოს მანამდე ამაზე არც ეფიქროს, - დიახ, ალბათ კარგია, – მზრუნველობის ნიშნად მისკენ გადაიხარა, – იოსარიან, შემიძლია რამე გავაკეთო თქვენთვის, სანამ აქ ხართ? იქნებ რამე მოგიტანოთ?
იოსარიანმა მხიარულად გამოაჯავრა:
– მაგალითად: სათამაშოები, კანფეტები ან საღეჭი რეზინი.
მღვდელი ისევ გაწითლდა, გაიცინა, უცებ ძალიან სერიოზული გახდა.
– მაგალითად, წიგნები ან სხვა რამე, რასაც მოისურვებთ, – ძალიან მინდა რამის გაკეთება შევძლო, ყველანი ვამაყობთ თქვენი გმირობით.
- ამაყობთ?
- დიახ, რა თქმა უნდა, სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეთ, როცა იმ მკვლელ ნაცისტს შეებრძოლეთ. ეს უდავოდ კეთილშობილური საქციელი იყო.
- რომელ მკვლელ ნაცისტს?
- იმას, რომელიც აქ პოლკოვნიკ კათკართის და პოლკოვნიკ კორნის მოსაკლავად მოვიდა. თქვენ გადაარჩინეთ ისინი. შეიძლებოდა სასიკვდილო ჭრილობა მოეყენებინა, როცა აივანზე შეებრძოლეთ. გაგიმართლათ, ცოცხალი რომ გადარჩით.
იოსარიანს სარკასტულად გაიცინა, ყველაფერს მიხვდა.
- არავითარი მკვლელი ნაცისტი იქ არ ყოფილა.
- როგორ არა, პოლკოვნიკმა კორნმა გვითხრა.
- ნეითლის შეყვარებული იყო, ჩემს მოსაკლავად მოვიდა და არა პოლკოვნიკ კათკართისა და პოლკოვნიკ კორნის. ჩემს მოკვლას მას შემდეგ ცდილობს, რაც ნეითლის სიკვდილის ამბავი შევატყობინე.
- ეს როგორ შეიძლება? – მღვდელი ნაწყენი, გაბრაზებული და დაბნეული იყო, - პოლკოვნიკმა კათკართმა და პოლკოვნიკმა კორნმა დაინახეს, როგორ მიიპარებოდა. ოფიციალური ანგარიშის თანახმად, თქვენ შეაჩერეთ მკვლელი ნაცისტი, რომელიც მათ მოსაკლავად იყო მოსული.
- არ დაუჯერო ოფიციალურ ანგარიშს, – ცივად ურჩია იოსარიანმა, – ეგ გარიგების ნაწილია.
- რომელი გარიგების?
- იმ გარიგების, პოლკოვნიკ კათკართთან და პოლკოვნიკ კორნთან რომ დავდე, – ისინი უფლებას მომცემენ სახლში გმირად დავბრუნდე, თუ მათზე მხოლოდ კარგს ვიტყვი და არ გავაკრიტიკებ - დანარჩენებს რომ აიძულებენ, ზედმეტი ფრენები შეასრულონ.
გაოგნებულმა მღვდელმა სკამიდან წამოიწია, აშკარად დაკარგა მოთმინება:
– რა საშინელებაა! სირცხვილია, ნამდვილი სკანდალია!
- ოდიოზურია, – მშვიდად უპასუხა იოსარიანმა, ჭერს მიშტერებოდა, მერე თავი ბალიშიდან წამოწია, – ოდიოზური ის სიტყვაა, რომელზეც შევთანხმდით.
- კი მაგრამ, რატომ დათანმხდით?
- ორი ვარიანტი იყო: ან ეს, ან სამხედრო ტრიბუნალი.
მღვდელმა მაშინვე ინანა, პირზე ხელი აიფარა და სკამზე მძიმედ დაეშვა.
- არ უნდა მეთქვა არაფერი.
- ციხეში მიკრავენ თავს, კრიმინალებთან.
- რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ის უნდა გააკეთოთ, რასაც საჭიროდ ჩათვლით, – მღვდელმა თავი დაიქნია, თითქოს ამით დაამთავრა კამათი და შემაწუხებელ დუმილში ჩაიძირა.
- ნუ ღელავთ, - სევდიანად გაიღიმა იოსარიანმა, – არ ვაპირებ მაგის ჩადენას.
- ვალდებული ხართ, - მზრუნველად დაიხარა მისკენ მღვდელი, - მართლაც ვალდებული ხართ. მე არ მქონდა უფლება, თავს მომეხვია ჩემი აზრი. ნამდვილად არ მქონდა უფლება, რამე მეთქვა.
- არაფერი თავს არ მოგიხვევიათ, - იოსარიანი მის მხარეს გადმობრუნდა, საზეიმოდ და დამცინავად გაიქნია თავი, - ღმერთო, წარმოგიდგენიათ რა საშინელი ცოდვაა? პოლკოვნიკ კათკართის გადარჩენა ის დანაშაულია, ნამდვილად რომ არ მინდა, ჩადენილი მქონდეს.
მღვდელი ფრთხილად მიუბრუნდა თემას:
– რას იზამთ? იმის უფლებას ხომ ვერ მისცემთ, რომ ციხეში ჩაგსვან?
- დამატებით გაფრენებს შევასრულებ. ან დეზერტირი გავხდები და მივცემ შანსს, რომ დამიჭირონ. ალბათ დამიჭერენ.
- და ციხეში ჩაგსვამენ, ციხეში კი არ გინდათ!
- მაშინ გავაგრძელებ ფრენას, სანამ ომი არ დამთავრდება. ვინმე ხომ უნდა დარჩეს ცოცხალი?
- შეიძლება დაიღუპოთ.
- მაშინ აღარ ვიფრენ.
- აბა რას გააკეთებთ?
- არ ვიცი.
- მიცემთ უფლებას, სახლში გაგიშვან?
- არ ვიცი. გარეთ ცხელა? აქ სითბოა.
- გარეთ ძალიან ცივა, – თქვა მღვდელმა.
- იცი, – გაახსენდა იოსარიანს, – სასაცილო რაღაც მოხდა. შეიძლება დამესიზმრა კიდეც. ვიღაც უცნაური კაცი მოვიდა და მითხრა, რომ ჩემი მეგობარი ჰყავთ ხელში. საინტერესოა - მე ხომ არ მოვიგონე?
- არა მგონია, – უთხრა მღვდელმა, – მაგ კაცზე მელაპარაკებოდით, დილით რომ შემოვიარე.
- ე. ი. მართლა თქვა, შენი მეგობარი ჩვენ გვყავსო? შენი მეგობარი ჩვენ გვყავსო. ძალიან გაბოროტებული იყო. საინტერესოა, ვინ არის ჩემი მეგობარი?
- მინდა ვიფიქრო, რომ თქვენი მეგობარი ვარ, – გულწრფელი თავმდაბლობით თქვა მღვდელმა, – და რა თქმა უნდა, მათ ხელშიც ვარ. ჩემი ნომერიც აქვთ და მაკვირდებიან კიდეც. სწორედ იქ ვარ, სადაც სჭირდებათ, - ასე მითხრეს დაკითხვის დროს.
- არა მგონია, შენზე ყოფილიყო ლაპარაკი, - არ დაეთანხმა იოსარიანი, - ჩემი აზრით, ეს ნეითლი ან დანბარი უნდა იყოს. ისეთი ვინმე, ვინც ომში დაიღუპა, მაგალითად, კლევინჯერი, ორი, დობსი, კიდ სამპსონი ან მაკუათი. მოულოდნელად იოსარიანმა ამოიოხრა და თავი გადაიქნია:
– ახლა მივხვდი, - თქვა, - ყველა ჩემი მეგობარი ხელთ ჰყავთ. ასე არ არის? მხოლოდ მე და მშიერი ჯო დავრჩით.
სასოწარკვეთილების კანკალმა აიტანა, როცა მღვდლის გაფითრებული სახე დაინახა.
– რა მოხდა?
- მშიერი ჯო მოკვდა.
- ბრძოლის დროს?
- ძილში დაიღუპა, სიზმარში. სახეზე კატა ეჯდა.
- საცოდავი გაიძვერა, – ტირილი დაიწყო, ცრემლებს ხელით მალავდა. მღვდელი ისე წავიდა, არ დამშვიდობებია. იოსარიანმა ცოტა ჭამა და დაიძინა.
შუაღამეს ვიღაცამ შეაჯანჯღარა. თვალები გაახილა და დაინახა პაციენტის ხალათში გამოწყობილი პატარა, გამხდარი კაცი, რომელმაც ბოროტად გაიღიმა და წაისისინა:
- შენი მეგობარი ჩვენ გვყავს, მეგობარო, შენი მეგობარი ჩვენ გვყავს.
იოსარიანს შიში შეეპარა.
- რას ბოდავ? – მუდარასავით წამოცდა, პანიკა ეტყობოდა.
- გაიგებ, მეგობარო, ყველაფერს გაიგებ.
იოსარიანი თავის მტანჯველს ყელში სწვდა, მაგრამ კაცი ხელიდან გაუსხლტა და ბოროტი სიცილით დერეფანში გაუჩინარდა. იოსარიანს აკანკალებდა და გული სწრაფად უცემდა. ცივ ოფლში ცურავდა. ვერ ხვდებოდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი მეგობარი. ჰოსპიტალში ბნელოდა და სრული სიწყნარე იყო. საათი არ ჰქონდა, რომ დრო გაეგო. სრულიად გამოფხიზლდა. მიხვდა, რომ ერთ-ერთი უძილო ღამის ტყვე იყო, რომელიც ძალიან დიდხანს არ გათენდებოდა. ფეხებზე სიცივე შეეპარა. ციოდა და ახსენდებოდა სნოუდენი, რომელიც არასოდეს ყოფილა მისი მეგობარი. უბრალო ნაცნობი იყო - მძიმედ დაჭრილი, იყინებოდა, სახეზე კი გვერდითი ღრიჭოდან შემოსული მზის სხივები დასთამაშებდა. იოსარიანი თვიმფრინავის უკანა ნაწილში გაცოცდა, როცა შიდა კავშირით დობსის ხვეწნა მისწვდა: უშველე მსროლელს, უშველე მსროლელს! იოსარიანს კინაღამ გული აერია, სასიკვდილი სცენას პირველად რომ შეავლო თვალი. შიშისაგან რამდენიმე წამს გაშეშდა, შემდეგ დაიხარა და ბომბსაცავის ზევით მდებარე ვიწრო ტუნელში გაძვრა, რომ პირველადი დახმარების ყუთამდე მიეღწია.
სნოუდენი ზურგზე იწვა და ფეხები გაშლილი ჰქონდა, ჩაფხუტი ისევ ეხურა და ფორმაც ეცვა, პარაშუტით და მეი ვესტით იყო დამძიმებული. იქვე, ახლოს, პატარა ტანის მსროლელი იწვა უგონოდ. იოსარიანმა შეამჩნია, რომ სნოუდენს ბურთივით დიდი გარე ჭრილობა ქონდა თეძოზე. შეუძლებელი იყო იმის გარჩევა, სად მთავდებოდა ტანსაცმლის ნაფლეთები და სად იწყებოდა ხორცი.
პირველადი დახმარების ყუთში მორფი არ იდო, სნოუდენს ტკივილს ვერაფრით გაუყუჩებდა, მაგრამ შოკის გამო ის ტკივილს მაინც ვერ გრძნობდა. მორფინის თორმეტი ამპულა ყუთიდან იყო ამოღებული და ამის ნაცვლად ლამაზი ხელით დაწერილი ბარათი იდო:L,,რაც მ&მ კორპორაციისათვის არის კარგი, კარგია ქვეყნისთვისაც. მილო მინდერბირდერი." იოსარიანმა მილოს შეაგინა და სნოუდენს გაფითრებულ ტუჩებთან ორი ასპირინი მიუტანა, თუმცა უშედეგოდ. მაგრამ მანამდე ნაჩქარევად ადებდა არტახებს, რადგან პირველ წუთებში არ იცოდა, რა გაეკეთებინა. ფიქრი უჭირდა. იცოდა, რომ დაუყოვნებლივ და სწორად უნდა ემოქმედა. ეშინოდა, რომ დაიბნეოდა და ვერ შეძლებდა.
სნოუდენი თვალს არ აშორებდა და ხმას არ იღებდა. არტერიიდან სისხლი არ სდიოდა. იოსარიანმა თავი მოიკატუნა, თითქოს მთლიანად ჭრილობის შეხვევით იყო დაკავებული, რადგან სინამდვილეში არტახების დადება არ იცოდა. სნოუდენის გაქვავებულ მზერას გრძნობდა და გაორმაგებული მონდომებითა და გამოგონილი თავდაჯერებულობით მუშაობდა. სანამ არტახების დადებას დაამთავრებდა, ცოტა დამშვიდდა და მაშინვე მოუშვა, რომ განგრენის საფრთხე შეემცირებინა. უკვე ნათლად აზროვნებდა და ხვდებოდა, როგორ ემოქმედა. პირველადი დახმარების ყუთში მაკრატლის ძებნა დაიწყო.
- მცივა, - ძლივს წარმოთქვა სნოუდენმა, - მცივა.
- ყველაფერი კარგად იქნება, - გაუღიმა იოსარიანმა, - კარგად იქნები.
- მცივა, - ბავშვური, დასუსტებული ხმით წარმოთქვა სნოუდენმა, – მცივა.
- კარგი, კარგი, – უთხრა იოსარიანმა, არ იცოდა სხვა რა ეთქვა, - კარგი, კარგი.
- მცივა, - ჩუმად თქვა სნოუდენმა, - მცივა.
- კარგი, კარგი.
შეშინებული იოსარიანი ჩქარობდა. როგორც იქნა, იპოვა მაკრატელი და სნოუდენის ტანსაცმლის გაჭრა დაიწყო ჭრილობის ზემოთ, საჯდომის ქვეშ. სწორ ხაზად ჭრიდა. პატარა მსროლელმა თვალი გაახილა, იოსარიანი მაკრატლით ხელში დაინახა და ისევ გული წაუვიდა. სნოუდენმა თავი მეორე მხარეს გადახარა, რომ უფრო კარგად დაკვირვებოდა იოსარიანს. უსიცოცხლო თვალებში მკრთალი სინათლე უელავდა. იოსარიანი შეწუხდა, ცდილობდა არ შეეხედა მისთვის. ქვემოთ, ნაკერის გასწვრივ, დაიწყო გაჭრა. პირდაღებულ ჭრილობაში წვრილი, თეთრი ძვალი ჩანდა. სისხლი რამდენიმე ადგილას სდიოდა, თითქოს მწვერვალზე თოვლი დნებოდა და მდინარეებად მოედინებოდა, მაგრამ ეს მდინარეები ბლანტი და წითელი იყო, ძირს ეწვეთებოდა და სქელდებოდა. იოსარიანმა შარვლის გაჭრა გააგრძელა, სანამ დაჭრილი ფეხი მთლიანად არ გააშიშვლა.
ნაჭრები იატაკზე ხმაურით ცვიოდა. შიდა საცვლის ნაწილი გამოჩდა, რომელიც სისხლს მწყურვალივით ისრუტავდა. სნოუდენის შიშველი ფეხი ცვილისას ჰგავდა, ფეხზე ხვეული უსიცოცხლო თმებიც კი საზიზღარი სანახავი იყო. იოსარიანმა ახლაღა შეამჩნია, რომ ჭრილობა ფეხბურთის ბურთის ხელა არა, მაგრამ ღრმა იყო, დაახლოებით მისი ხელის სიგრძე, თანაც კარგად არ ჩანდა. შიგნით კუნთი ფეთქავდა. იოსარიანმა შვებით ამოისუნთქა - სნოუდენის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.
სისხლი ჭრილობაში უკვე შედედებულიყო. ახლა, თვიმფრინავის დაჯდომამდე, მთავარი ჭრილობის კარგად გადახვევა და სიმშვიდე იყო. იოსარიანმა პირველადი დახმარების ყუთიდან სულფამიდის რამდენიმე პაკეტი ამოიღო.
სნოუდენი აკანკალდა, როცა იოსარიანმა მისი გვერდზე გადაბრუნება სცადა.
- გატკინე?
- მცივა, – ჩურჩულებდა სნოუდენი, – მცივა.
- კარგი, კარგი, – უთხრა იოსარიანმა, – კარგი.
- მცივა, მცივა.
- კარგი, კარგი, კარგი.
- ამტკივდა, – სნოუდენმა საცოდავად წამოიყვირა.
იოსარიანმა ისევ ისტერიულად დაიწყო მორფინის ძებნა პირველადი დახმარების ყუთში, მაგრამ მხოლოდ მილოს ბარათი და ასპირინის ბოთლი იპოვა. მილოს შეაგინა და სნოუდენს ორი ტაბლეტი ასპირინი მოაწოდა. წყალი არ ჰქონდათ. სნოუდენმა უარყოფის ნიშნად თავი ოდნავ გაიქნია. სახე ფერმკრთალი და გაფითრებული ჰქონდა. იოსარიანმა ჩაფხუტი მოხადა და თავი ძირს დაადებინა.
- მცივა, – მოთქვამდა სნოუდენი ნახევრად დახუჭული თვალებით, – მცივა.
ტუჩები ნელ-ნელა ულურჯდებოდა. იოსარიანი გაქვავდა. ფიქრობდა, პარაშუტი გაეხსნა და სნოუდენისთვის თეთრი ნეილონის ნაჭერი გადაეფარებინა. თვიმფრინავში თბილოდა. სნოუდენმა მოულოდნელად ახედა, თანამშრომლობის ნიშნად ოდნავ გაიღიმა და მეორე მხარეს გადაბრუნდა, იოსარიანს საშუალება მისცა ჭრილობაზე სულფამიადი დაეყარა. იოსარიანი გაორმაგებული მონდომებითა და ოპტიმიზმით მუშაობდა. თვიმთრინავი საჰაერო ორმოში ჩავარდა და იოსარიანს გაახსენდა, რომ საკუთარი პარაშუტი წინა ნაწილში დატოვა. ვეღარაფერს იზამდა. კონვერტიდან დაკრისტალებურ თეთრ ფხვნილს აყრიდა, სანამ წითელი ჭრილობა მთლიანად არ დაფარა. ღრმად ამოიხრა და კბილების ღრჭიალით აიძულა საკუთარი თავი ხელი მოეკიდა უსიცოცხლო ხორცისათვის და უკან ჭრილობაში ჩაეტენა.
ჭრილობას დიდი თეთრი ბამბა დაადო და და სასწრაფოდ გამოწია ხელი. ნერვიულად გაიღიმა, როცა საქმე დაამთავრა. ასეთ ხორცთან შეხება არც ისეთი საზიზღარი აღმოჩნდა, როგორც ეგონა, მოძებნა მიზეზი, რომ ჭრილობას ისევ შეხებოდა, რომ საკუთარი თავისათვის მამაცობა დაემტკიცებინა.
ამის შემდეგ ჭრილობის ბინტით შეხვევა დაიწყო. მეორედ რომ გადაახვია, პატარა ხვრელი შეამჩნია, რომელშიც ბომბის ნამსხვრევი იყო მოხვედრილი. პატარა, მრგვალი ჭრილობა იყო, გარშემო სილურჯეებით და შიგნით სიშავით, რომელშიც სისხლი იყო შედედებული. იოსარიანმა ამ ჭრილობასაც სულფამიდი მოაყარა და გააგრძელა შეხვევა სანამ არ დარწმუნდა, რომ საიმედოდ იყო შეხვეული. ბინტი შუაში გაჭრა, შემოახვია და კვანძით გაამაგრა. იცოდა, რომ კარგად გააკეთა თავისი საქმე, დაჯდა და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა. სნოუდენს მეგობრულად გაუღიმა.
- მცივა, - ჩიოდა სნოუდენი, – მცივა.
- კარგად იქნები, – მკლავზე ხელი მოუთათუნა, – ყველაფერი კარგად იქნება.
სნოუდენმა თავი ძლივს გაიქნია.
- მცივა, – გაიმეორა სნოდენმა, თვალები გაუქვავდა.
- კარგი, კარგი, – იოსარიანს ეჭვი შეეპარა და ისევ განერვიულდა. – კარგი, კარგი. მალე დავჯდებით და ექიმი დანეეკა მოგხედავს.
მაგრამ სნოუდენი ისევ თავს იქნევდა და ბოლოს ნიკაპის ოდნაც შესამჩნევი მოძრაობით მკლავის ქვეშ ანიშნა. იოსარიანი წინ გადაიხარა, სნოუდენს იღლიის ქვეშ დიდი, უცნაური შეფერილობის ლაქა ჰქონდა. იოსარიანმა იგრძნო, რომ გული გაუჩერდა, შემდეგ კი ისე აუჩქარდა, რომ სუნთქვა გაუჭირდა. სნოუდენს ჭრილობა ჭურვსაწინააღმდეგო ჟილეტის ქვეშ ჰქონდა. იოსარიანმა ჟილეტი შუაზე გაგლიჯა და გიჟივით დაიყვირა, როცა სნოუდენის შიგნეულობა იატაკზე გადმოიყარა.
სნოუდენს თითქმის სამდუიმიანი ჭურვის ნამსხვრევი ზუსტად მკლავის ქვეშ ჰქონდა მოხვედრილი და მეორე მხარეს გამოსული, ნეკნებში უზარმაზარი ხვრელი ჰქონდა. იოსარიანმა ისევ დაიყვირა და ორივე ხელი თვალებზე აიფარა. კბილები აუხრჭიალდა. თავი აიძულა, ისევ შეეხედა.
– ღმერთის შექმნილი არსება, – ფიქრობდა გამწარებული და თვალს ვერ აშორებდა. ღვიძლი, ფილტვები, თირკმლები, ნეკნები, მუცელი და მოთუშული პომიდვრის ნაკუწები, რომლებიც სნოუდენმა იმ დღეს ჭამა, იატაკზე ეყარა. იოსარიანი ვერ იტანდა მოთუშულ პომიდორს და ზიზღით მოარიდა თვალი, გული ერეოდა და ყელი ეწვოდა. პატარა მსროლელმა თვალი გაახილა, დაინახა, რომ იოსარიანს გული ერეოდა და ისევ გონება დაკარგა. იოსარიანს ტკივილისა და სასოწარკვეთილებისაგან ძალა გამოეცალა. ნელა მიბრუნდა სნოუდენისკენ, რომელსაც სუნთქვა უფრო რბილი და ჩქარი გაუხდა, სახე კი უფრო გაუფერმკრთალდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა მის გადასარჩენად.
- მცივა, – ჩურჩულებდა სნოუდენი – მცივა.
- კარგი, კარგი, – მექანიკურად იმეორებდა იოსარიანი თითქმის უხმოდ, – კარგი, კარგი.
იოსარიანს ციოდა და კანკალს ვერ იკავებდა. გრძნობდა, კანი ნელ-ნელა ხორკლით ეფარებოდა, უყურებდა სნოუდენის საიდუმლოს, რომელიც მთელ იატაკზე იყო გაშლილი. შიგნეულობაზე ადვილად იკითხებოდა გზავნილი. მთავარი ადამიანია, - ეს იყო სნოუდენის საიდუმლო. ფანჯრიდან თუ მოისვრი, დაეცემა; ცეცხლს თუ მოუკიდებ, დაიწვება; დამარხავ და ისევე დალპება, როგორც ნებისმიერი ნაგავი; სულის გარეშე ადამიანი ნაგვის გროვაა. ეს იყო სნოუდენის საიდუმლო.
- მცივა, – თქვა სნოუდენმა, – მცივა.
- კარგი, კარგი, – იმეორებდა იოსარიანი, – კარგი.
პარაშუტი გაშალა და სნოუდენის სხეულს თეთრი ნეილონის ნაჭრები გადააფარა.
- მცივა.
- კარგი, კარგი.

ინგლისურიდან თარგმნა
ლია ჯამბურიამ

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“


No comments:

Post a Comment