Thursday, September 16, 2010

მალხაზ ხარბედია – ისინი იდგნენ


ისინი იდგნენ.
იდგნენ ვაკეში, ჭავჭავაძეზე, უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის წინ და გადმოღმა – მიწისქვეშა გადასასვლელთან, მაღაზიების წინ.
ბევრნი იდგნენ პირველ კორპუსთან – გაღმაც, გამოღმაც და მიწისქვეშაშიც, ორ ადგილას.
იდგნენ დელისის მეტროს წინ, მეორე, უკაცურ ამოსასვლელთან.
ისევ დელისთან, ვაკე საბურთალოსკენ რო ჩამოუხვევდი, ორნი ჰყიდდნენ წიგნებს, ცალკ-ცალკე იდგნენ. ერთი 4 ნომრის გაჩერებასთან, მეორე ქვემოთ, გადასასვლელთან. ერთი მეიაფე, მეორე მეძვირე.
ასევე ქვემოთ, ვაჟას ჩაყოლებაზე იდგნენ, სამედიცინოს მეტროსთან. წიგნები ზედ მიწისქვეშა გადასასვლელის გრანიტის ფილებზე ჰქონდათ გაშლილი. აქაც ორნი იყვნენ – ქართველი და რუსი.
წიგნები იყო პეკინის დასაწყისშიც.
ერთი სტელაჟი დოლიძის ქუჩის დასაწყისთან ახლოსაც იდგა.
ტექნიკური უნივერსიტეტის წინ დაღმართზეც იდგნენ, ტელევიზიასთან, იქ, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელს ერთი მხრიდან უზარმაზარი “სტუდენტური სახინკლე” დაჰყურებს, მეორე მხრიდან კი “გეპეის” სტალინური კორპუსი.
ისინი იდგნენ თავისუფლების მოედნის ქვეშ, დაბალჭერიან გადასასვლელში, ძლივს ეტეოდნენ, აქ ხანდახან 10-მდე წიგნით მოვაჭრეც კი გროვდებოდა ხოლმე.
ამოვიდეთ მიწის ზედაპირზე. აქაც ბუკინისტები იდგნენ, ყველაზე მეტი კი ბანკთან, პუშკინის ქუჩის დასაწყისში.
იდგნენ კოლმეურნეობის მოედანთან, გაფანტულად.
ქაშუეთის წინ მიწისქვეშა გადასასვლელში ქალი იდგა, ძალიან კარგად შენახულ ძველ წიგნებს ყიდდა. ყოველ მეორე წიგნს რაიმე დამაინტრიგებელი ფაქსიმილე ამკობდა. მეძვირე იყო, მაგრამ აკლებდა ხოლმე.
იდგნენ პირველ საშუალო სკოლასთან.
თბილისი მერიოტის მოპირდაპირე მხარესაც იდგნენ.
ოპერის წინ, გადაღმა და მიწისქვეშაშიც იდგნენ.
ზემელზეც ყველგან იდგნენ, მიწისქვეშაც, და მიწის ზემოთაც. ხანდახან სრულიად უცნობი გამყიდველები გამოჩნდებოდნენ და შემდეგ ისევ ქრებოდნენ.
გამომცემლობა “სამშობლოს” წინ. აქ წიგნების ყველაზე დიდი არჩევანი იყო მთელს ქალაქში. აქ იდგნენ თუ იდგნენ.
ვერაზეც იდგნენ რამდენიმე ადგილას.
მარჯანიშვილის მეტროს ამოსასვლელთან, რამდენიმეგან.
ასევე მარჯანიშვილზე – მაკდონალდის გასწვრივ იდგნენ.
გლდანში, ახმეტელის მეტროს წინ 3 დიდი დაფა იდგა განცალკევებით.
დინამოს სტადიონის წინ.
ვაგზალზე.
ოკრიბის ავტოსადგურზე...
ვინმე შეიძლება შემომედავოს - “იდგნენ კიარა, იჯდნენ”-ო, რაზეც ვუპასუხებ: არა, ისინი იდგნენ, როცა მიხვიდოდი – დგებოდნენ, ყოველთვის ფეხზე გხვდებოდნენ. იდგნენ რაღაცის სადარაჯოზე, ირჩენდნენ თავს, არჩენდნენ პატარა ოჯახებს, იდგნენ სხვების განათლების სადარაჯოზეც, თავიანთი განათლებისთვის ვერ იცლიდნენ. მხოლოდ ერთეულები იცლიდნენ წასაკითხად. ხანდახან ჩამოჯდებოდნენ თავიანთ პატარა ჯორკოებზე, მეთევზის გასაშლელ სკამებზე. ზოგს საერთოდ არც ჰქონდა სკამი, ცივ გრანიტზე იჯდა, ან აგურებზე, აყრილ ქვაფენილზე, წიგნებზე...
ზოგიერთი მათგანი დღეს ალბათ ცდილობს სხვა საქმეს მოეკიდოს, ზოგი ყოველ დილას უბრუნდება ძველ ადგილს, უბრუნდება წიგნების გარეშე, წიგნების გარეშე მას ვერავინ ცნობს, მან სახე დაკარგა წიგნების გარეშე, თავის შვილთან ერთად შეჭედილ სტელაჟის წინ ის პიროვნება იყო, ახლა ის აღარავინაა, უჩინმაჩინია. ამათგან ზოგიერთი შესაძლოა ტელეფონზეა ჩამოკიდებული, ვიღაცამ კარდაკარ დაიწყო სიარული, ბევრი ალბათ სახლში ზის, მიშტერებია წიგნების სვეტებს, წიგნებითვე გამოტენილ გიგანტურ ჩანთებს, კარებთან დატოვებულ შეკვრებს.
ზოგი ალბათ ისევ იქ ინახავს წიგნებს, სადაც ინახავდა. იცით ალბათ, რომ წიგნით მოვაჭრეს თავისი საქონელი სახლში არ დააქვს, არამედ მეზობლად ქირაობს მცირე “საწყობს”...
უკვე კვირაზე მეტია ქალაქი წიგნებისგან დაცარიელდა. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა წიგნებისგან გაასუფთავა ქალაქი. დღეს თბილისში უკვე აღარაფერი გაგახსენებთ წიგნებს. აღარც არტურაა, აღარც გია, აღარც ავთო, ვაგანა, ალიკა, როინი და ალექსანდრე. არ ჩანან ქალბატონებიც. ორი დღის წინ ზოგიერთი მათგანი საკრებულოს საიტზე გამოჭიმეს, როგორ გარემოვაჭრეები (http://www.sakrebulo.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=6&info_id=1037), უბრალოდ, გარემოვაჭრეებს შეხვდნენ და ესაუბრნენ. ფოტოზე ყველა ვიცანი, აბსოლუტურად ყველა, ზოგის სახელი გავიხსენე, ზოგის ვერა. ფოტოებზე ხანდახან იღიმიან, ხანდახან იმედი აქვთ. არ უნდათ ნესტიან და ყველასგან დავიწყებულ ადგილას გადასვლა. იციან, იქ არავინ მოვა, იქ მათ ვეღარავინ იცნობს, იქ შეიცვლებიან, იქ ძველი ნაცნობები ვეღარ მოაგნებენ, ყველაზე ერთგული მყიდველი დაიკარგება იმ ადგილამდე სანამ მივა. მათ ქალაქში უნდათ ყოფნა, ხალხთან, ისინი ქალაქის მარილი არიან, ზოგი მეძვირე, ზოგიც მეიაფე.
ქალაქში დარჩა მხოლოდ წიგნის მაღაზიები, საიდანაც ძვირიანი ალბომები იწონებენ თავს მანეკენებივით. ძვირიანი კალენდრები, პლაკატები, კალმები, ფლომასტერები, ჭრელი მარკერები. და რაც მთავარია - ნამცხვრები, ნამცხვრები, ნამცხვრები! სხვანაირად ვერ იტყუებენ იქ ადამიანებს.
ქუჩის ბუკინისტებთან კი წიგნებისთვის მიდიოდა ხალხი და არა გასაგრილებლად და კალორიების მისაღებად. ქუჩის ბუკინისტებთან წიგნის მოყვარული ნევროზს მკურნალობდა, მკურნალობდა წიგნებით და არა უზომო რაოდენობის ტკბილეულით. დღეს ასეთი ბიბლიონევროზით დაავადებულნი საკვების გარეშე დარჩნენ. 3-4 მაღაზია ეყოფათ მათ? თანაც ძვირია წიგნები ამ მაღაზიებში და ლამის 50%-მდე ავიდეს მაღაზიის ფასნამატი.
ახლა კი საქმეზე.
არა მგონია დედაენის ძეგლთან ბუკინისტების გადაყვანა მოხერხდეს. ამას არავინ დათანხმდება. პირველ რიგში ჩვენ, მკითხველები არ დავთანმხმდებით, ადამიანები, რომლებიც შეიძლება პირადად არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ სახეზე კი ვცნობთ ერთმანეთს, რადგან არტურასთან გვინახავს ერთმანეთი, გიასთან გვინახავს ერთმანეთი, ავთოსთან, ვაგანასთან და სხვებთან, მეძვირეებთან თუ მეიაფეებთან. ჩვენ არა ვართ თანახმა. ეგრე არ გამოვა. თუ მაინცდამაინც ერთად გინდათ მოაყუჩოთ ქუჩის ბუკინისტები, რატომ ტაბიძის ქუჩას არ დაუთმობთ, ზედგამოჭრილი როა წიგნებისთვის! გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას, აი იმას, თავისუფლების მოედნიდან რომ აუდის საკრებულოს შენობას. დაუთმეთ ის ახალი, გარემონტებული მონაკვეთი წიგნებს, მათ შორის იმ ნამცხრებიან წიგნების მაღაზიებსაც. დავარქვათ იმ ადგილს “წიგნის უბანი”, ანდა რაც გინდათ ის დავარქვათ, უბრალოდ ნუ გადახვეტავთ ქალაქის ქუჩებიდან წიგნებს! ნუთუ ტყუილად იდგნენ ისინი ამდენი წელი?! ნუთუ არ არიან ღირსები უფრო ამაყად დადგნენ, ახალ დახლებთან, ისევ ქალაქში, ისევ ყველას თვალწინ, ისევ ნაცნობებთან, ძველ მუშტართან ერთად, ან სრულიად უცნობ ყმაწვილებთან ერთად, მორცხვად რომ იქექებიან მტვრიან წიგნებში, შინაურდებიან.
ხომ დგას პრესის ჯიხურები?
ხომ დგას საშაურმეები? სადაც ათწლეულების წინ განაყინი ხორცის წვით ამყრალებენ ქალაქს.
რატომ არ შეიძლება წიგნებსაც ჰქონდეს ამ ქალაქში თავისი ადგილები, ან ერთი დიდი კარგი ადგილი.
ნუთუ არ გინახავთ წიგნის ქუჩები, წიგნის უბნები ლონდონში, პარიზში, ბუენოს-აირესში, რომში... არ გსმენიათ მაინც ამ უბნებზე, სადაც იდგნენ და ახლაც დგანან წიგნით მოვაჭრენი, ბრიტანელები, ინდოელები, არაბები, არგენტინელები, იტალიელები, განსხვავებული გაგების, განსხვავებული პრინციპების ადამიანები, რომლებსაც ხშირად წიგნის წაკითხვის დროც კი არ რჩებათ მკითხველის გადამკიდე.
ჩვენებმა რაღა დააშავეს, ჩვენმა წიგნით მოვაჭრეებმა, რომლებიც ამდენი წლის მანძილზე იდგნენ! ჩვენ კი მათი წიგნებით გვედგა სული!
ისინი იდგნენ.
იდგნენ გაღმა და გამოღმა, გასწვრივ და ჩაყოლებაზე, ერთად და ცალკ-ცალკე.
ახლა ჩვენი ჯერია, ახლა ჩვენ დავდგებით!

© radiotavisupleba.ge

No comments:

Post a Comment