Sunday, October 17, 2010

დავით ქართველიშვილი - სიყვარული და მსხალი


ფრაგმენტი რომანიდან

ზამთარი

ზამთარში ერთი თვით ყოველთვის გუდაურში ამოვდივარ, ვცხოვრობ მამაჩემის აშენებულ სახლში, რომელიც მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ოდნავ გავაფართოვე და ვუსაქმურობ, ტელესკოპით ვუყურებ ცას და ბავშვობაში ვბრუნდები. ვარსკვლავებზე დღეს გაცილებით ცოტა რამ ვიცი, ვიდრე ბავშობაში, ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან ყველაზე გონივრული იქნება მივყიდო დარჩენილი აქციები სახელმწიფოს ნდობით აღჭურვილ პირს ან პირებს, ან უცხოელებს (თუმცა არა მგონია სახელმწიფომ ამის საშუალება მომცეს) და დარჩენილი ცხოვრება უსაქმურობაში გავატარო, ვუყურო ცას, ვიკითხო წიგნები ვარსკვლავებზე, ბოლოს მივხვდე, რომ მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი; ვარსკვლავების, ცის და რაც მთავარია საკუთარი თავის შესახებ და შემდეგ ერთ მშვენიერ დღეს მოვკვდე. მინდა, რომ მშვიდად მოვკვდე, ყოველგვარი ლოგინში ჩავარდნის და ტკივილის გარეშე, ფიზიკური ტკივილის მეშინია. მამაჩემი მოკვდა ასე; ჩავარდნილი, ტკივილით, მორფზე შემჯდარი, კიბოთი, ამბობენ, რომ კიბო გენეტიკური დაავადებაა, დიდია იმის ალბათობა, რომ მეც კიბო დამემართოს. როდესაც ჩემს ლოგინად ჩავარდნაზე, ტკივილებზე, მორფზე შეჯდომაზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ თვითმკვლელობაა გამოსავალია. რაც შეეხება ჯოჯოხეთში მოხვედრას, ჯოჯოხეთის შესახებ არაფერი არ ვიცი და ვერც წარმოვიდგენ, სამოთხის შესახებაც ასე ვარ; არაფერი არ ვიცი და ვერც წარმოვიდგენ, მაგრამ შიში ბუნებრივია ჯოჯოხეთის უფრო მაქვს.

ერთადერთი, ვისთანაც სამოთხისა და ჯოჯოხეთის შესახებ მაქვს ნალაპარაკები, ჩემი ყოფილი ცოლია, რა თქმა უნდა მანამადე, სანამ ჩემი ცოლი გახდებოდა, ახლა ამ საუბრებს დეტალურად ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ ძირითადად იმაზე ვლაპარაკობდით, რომ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ადამიანშია, ეს აზრი ალბათ სადღაც ვიღაცისგან გვქონდა გაგებული, თუმცა ერთმანეთს ვარწმუნებდით, რომ ჩვენი მიგნება იყო, ასაკიდან გამომდინარე გვჯეროდა, რომ აზრი, მიგნება ჯოჯოხეთის ან სამოთხის შესახებ, შეიძლება ყოფილიყო ჭეშმარიტი და ამ ჭეშმარიტებას შეიძლებოდა ყოლოდა მესაკუთრე ადამიანის სახით. ამის შემდეგ ჯოჯოხეთისა და სამოთხის შესახებ არავისთან აღარ მილაპარაკია, ვლაპარაკობდი ერთი შეხედვით გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებზე: ფულზე, სექსზე, საქართველოზე, გლობალიზაციის პლუსებზე და მინუსებზე, ლოკალურ ამბებზე, ვინ ვისთან წევს და ვინ ვისთან აღარ წევს, მაგრამ აქ ამოსვლისას (აქ სულ მარტო ვარ, საკუთარ თავთან) ყოველთვის ვხვდებოდი, რომ ჯოჯოხეთი და სამოთხე (ერთ-ერთი მაინც) გარდაუვალი იყო, ჯოჯოხეთის და სამოთხის მიღმა ადამიანი მხოლოდ მიწაზე არსებობს, მაგრამ მიწიერი ცხოვრება არ არის უსასრულო, აქედან გამომდინარე, ფული, სექსი, საქართველო, გლობალიზაციის პლუსები და მინუსები, ლოკალური ამბები, ვინ ვისთან წევს და ვინ ვისთან აღარ წევს, საერთოდ არააქტუალურია და მთავარია სად მოხვდები, შეიძლება სიყვარული ესეცაა, სამოთხში მოხვედრის იმედი, ან სამოთხის არსებობის ზუსტი ცოდნა.

ორ კვირაში ახალი წელია, თანდათან აქურობა გადაიჭედება და ახმაურდება, განსაკუთრებით თინეიჯერები იაქტიურებენ, მეც განსაკუთრებით თინეჯერების ვერ ვიტან, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვარწმუნო ჩემი თავი, რომ ეგეთი აუტანელი დებილი არ ვიყავი მათ ასაკში, ვერ ვარწმუნებ, ერთდროულად უცნაური და საშინელი ასაკია, არცერთი ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრი არ გაქვს, მაგრამ თავხედი ხარ და ყველა თემაზე ლაპარაკობ, სამყაროს ატრიალებ, უფრო სწორად, გგონია, რომ ატრიალებ, რეალურად უტვინო ბავშვი ხარ, გჯერა ერთმანეთზე დიდი სისულელის და აქტიურად ცდილობ შენს მიერ დაჯერებული ერთმანეთზე დიდი სისულელების ცხოვრებაში გატარებას და რადგან ცხოვრებას ძალიან ჩამოყალიბებული წესები აქვს, უნებურად სისტემას ებრძვი და ერთმანეთზე სულელურ მდგომარეობებში ვარდები და დღითიდღე უფრო საცოდავდები, სანამ არ მიხვდები, რომ გაიზარდე და სხვანაირი ცხოვრება უნდა დაიწყო. გარეგნულად მშვიდი და ზომიერი, შინაგანად ეჭვიანი და სხვების დამორჩილებაზე აგებული, მხოლოდ ხანდახან ძალიან მარტო დარჩენისას თუ კითხავ საკუთარ თავს, გიღირს ეს ყველაფერი? მაგრამ უკვე სხვანაირი ცხოვრება აღარ შეგიძლია, გულწრფელად ვეღარ წარმოგიდგენია, რომ სხვანაირი ცხოვრება არსებობს. და ძველებურ, ერთადერთ შესაძლებელ ცხოვრებას აგრძელებ. ორ კვირაში ახალი წელია და ცოტა არ იყოს, გული მწყდება, რომ არავის თოვლის ბაბუა არ ვარ, გულით არავის არაფერს არ ვჩუქნი, მხოლოდ საქმიანად ვქველმოქმედებ, უფრო სწორად, ჩემი სახელით ქველმოქმედებენ.

ბუხარში შეშის ნაფოტი შევაგდე და ცეცხლს ხელები მივუშვირე, თორნიკე გამახსენდა, გადავწყვიტე, რომ ერთხელ ზაფხულის მაგივრად ზამთარში ჩამოვიყვან თუ სკოლის გრაფიკმა მოგვცა საშუალება და აქ დავასვენებ. დავსხდებით ბუხართან, რიგრიგობით შევყრით შეშის ნაფოტებს, მივუშვერთ ცეცხლს ხელებს და ვილაპარაკებთ თორნიკეს მომავალზე, სად ისწავლის, ვინ გამოვა, როგორ წარმოუდგენია თავის ცხოვრება, მე როგორ წარმომიდგენია მისი ცხოვრება, ვილაპარაკებ მონდომებით და იმედიანად, თუმცა ყველანაირად ვეცდები საუბარი ჩემ ცხოვრებას არ შეეხოს, რადგან ჩემი მომავალი ცოტა არ იყოს ბუნდოვანი და გაურკვეველია, უფრო სწორად, აწყმოა იმდენად გარკვეული, რომ შედეგების მომავალში დანახვას აზრი არ აქვს, ჩემგან არც გეითსი და არც ბაფეტი აღარ გამოვა, ყველაფერში დამნაშავე რა თქმა უნდა საქართველოს მასშტაბებია და კიდევ მდიდარი ადამიანისთვის ძალიან არადამახასიეთებელი რამ მჭირს; სიყვარულს ვეძებ, უსიყვარულოდ მართლა ცუდად ვარ., მაგრამ სიყვარული არ მოდის, ჯერჯერობით ასეა, წამოვდექი, ცეცხლს ზურგი მივუშვირე.

* * *

დღეს მამა დავითმა ჩამომაკითხა მონასტრიდან.

მამა დავითი ერთადერთი სასულიერო პირია ჩემ ნაცნობ სასულიერო პირებს შორის რომელიც ჩემთან სარგებლის გამო არ ურთიერთობს, თუ სარგებელში მხოლოდ ფულს ვიგულისმებთ.

ვატყობ, რომ როგორც პიროვნება ვაინტერესებ, ანუ მის თვალში ერთ-ერთი რიგითი მდიდარი ადამიანი არ ვარ და ჩემში რაღაც განსაკუთრებულს ხედავს, მისი ასეთი დამოკიდებულება ერთდროულად მსიამოვნებს და მაშინებს.

მამა დავითმა მხრებიდან თოვლი ჩამოიბერტყა და სახლში შემოვიდა, ერთმანეთი მოვიკითხეთ.

მამა დავითი ჩემს ყოველ ჩამოსვლაზე მოდის ჩემთან სტუმრად, ვსხდებით, ვსვამთ ჩაის ალუბლის მურაბით და ვსაუბრობთ.

ჩვენი საუბრები ძირითადად ზოგად, მაგრამ აქტუალურ საკითხებს ეხება; ქვეყანაში შექმნილი ვითარება, მსოფლიო პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის ადგილი თანამედროვე მსოფლიოში, ამ ზოგად საკითხებზე საუბარს ძალიან კონკრეტულ მოვლენასთან, ”მეორედ მოსვლასთან” მივყავართ.

მამა დავითი ამბობს, რომ ყველაფერი დიდი ომისკენ მიდის, ყველა ცივილიზაცია დიდი ომით დასრულდა, მაგრამ ცივილიზაციის დასასრული ხშირად არასწორად ერევათ სამყაროს აღსასრულში და მეორედ მოსვლაში, აქამდე ცივილიზაციები ხსოვნაში იდეებით და ნანგრევებით რჩებოდნენ, ეს ცივილიზაციაც ალბათ ასევე დარჩება, ვირტუალური სივრცე ნანგრევის ნაირსახეობაა, ვერცერთი ცივილიზაცია ვერ იარსებებს სხვა ცივილიზაციაში, როგორც აწყმო, მხოლოდ როგორც იდეა და ნანგრევი, უკვე ვირტუალური ნანგრევი, რაც შეეხება მეორედ მოსვლას, მასზე უფალი ჩვენი იესო ქრისტეს აღდგომის მეორე დღიდან მოყოლებული ლაპარაკობენ ადამიანები, ასე იმიტომაა, რომ მეტნაკლებად ყველა ვგრძნობთ და ძველად არანაკლებად გრძნობდნენ მატერიალური პროგრესის უაზრობას, რეალურად ყველაფერი უკან მიდის, იტყვი ასეთ რამეს და თანამედროვე ლიბერალები მოგესევიან, გეტყვიან, რომ სიბნელეს იცავ და ბნელეთის მოციქული ხარ, შეგახსენებენ, რომ სეკულარულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და შუასაუკუნეების მეტაფიზიკით წამლავ თანამედროებას..

მე მესმის, რომ ნებისმიერ ადამიანს მისთვის საცხოვრებლად კომფორტული საზოგადოება მიაჩნია პროგრესულად და ყოველგვარი დისკომფორტი ყოველთვის სიბნელესთან და ეშმაკთან გარიგებასთან ასოცირდება. ამ ძიძგილაობაში საკუთარი თავი გვეკარგება, საკუთარი ცხოვრება.

მამა დავითმა იცის, რომ ცოლთან გაცილებული ვარ და შვილი ბარსელონაში მყავს, ყოველი სტუმრობისას აუცილებლად მეკითხება როგორ არის თორნიკე, ოღონდ არა ზრდილობის გამო, გულით, და მეც ვუყვები გრძლად და დაუზარელად, ხანდახან მგონია, რომ ვაჭარბებ და რეალურ თორნიკეს ვცილდები და იდეალურ თორნიკეს ვქმნი, რამდენიმეჯერ მამა დავითმა მკითხა, შერიგებას ხომ არ ვაპირებ თორნიკეს დედასთან. მე ყოველი ჯერის შემდეგ უხერხულად გავიღიმე და უარის ნიშნად თავი გავაქნიე, მამა დავითს არცერთხელ არ უკითხავს, რატომ გავშორდი ცოლს, არც მე მომიყოლია გაცილების მიზეზი. ვინ იცის რას ფიქრობს მამა დავითი? რა უაზრო გამოთქმაა, ვინ? ვინ და თავად მამა დავითმა.

ჩაი დავასხი და დავსხედით.

მამა დავითი ალუბლის მურაბას ჩაიში ურევს, მე ჯერ მურაბას ვჭამ და შემდეგ ჩაის ვაყოლებ, მამა დავიმა გაიღიმა და მითხრა:

- შენ მურაბასაც პატივს ცემ და ჩაისაც, მე - არცერთს, ბავშვობაში მივეჩვიე ასე, ხოლო ჩვევა... - მამა დავითმა გაიღიმა...

მეც გავიღიმე.

“რჯულზე უმტკიცესია”, თავში დავასრულე ანდაზა და კოვზი მურაბისკენ წავიღე.

ჩაის შემდეგ ბუხართან გადავინაცვლეთ, მამა დავითმა თბილისის ამბები გამომკითხა, თბილისის ამბებში იგულისხმებოდა მიტინგები, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა და მსგავსი მოსაწყენი ისტორიები, მე ზირითადად ტელევიზორში და გაზეთებში ამოკითხული ინფორმაცია მივაწოდე, მამა დავითმა გაიღიმა და მითხრა, რომ ნამდვილი ამბები აინტერესებს და არა ის, რასაც ტელევიზორში ამბობენ, ან რაზეც გაზეთებში წერენ.

- ნამდვილ ამბებზე ლაპარაკი ჩემი მდგომარეობის ადამიანისთვის სახიფათოა, ეკლესიაც ხომ ვერ ლაპარაკობს პირდაპირ.

- დავიწყეთ ერთმანეთისკენ ხელების გაშვერა.

- არ იფიქროთ, რომ თქვენ არ გენდობით, უბრალოდ არ მინდა ამ საკითხზე ლაპარაკი..

- ამ წუთას ერთი აზრი მომივიდა თავში, ეხლა აქ რომ მთავრობის წამომადგენელი, ვინმე მინისტრი ან პარლამენტარი იჯდეს, ოღონდ ისეთი, რაღაცაზე რომ უფიქრია ცხოვრებაში, იცი რას იტყვის? ვერც ხელისუფლება ამბობს სიმართლესო და მართალი იქნება, ჩვენ ყველა შეზღუდულები ვართ, რადგან ეგეთი ერი ვართ, ძალიან არალოგიკური რაღაცეების გვჯერა, მაგალითად, რომ 5 წელიწადში საქართველოს აყვავება შესაძლებელია და რაც ყველაზე მთავარია, გვჯერა, რომ ერთი ადამიანი შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას ჩვენი დახმარების გარეშე და ფულს მხოლოდ იმიტომ მოგვცემს, რომ აქ დავიბადეთ და აქურები ვართ. ესეთ ადამიანებთან ყველა იტყუება, მთავრობა, ეკლესია, საქმიანი ადამიანები და ეს საჭირო ტყუილია, სხვა შემთხვევაში ომი მოხდება, დღეს სიმართლის თქმა, ომს ნიშნავს.

- სიმართლის თქმა მგონი ყოველთვის ომს ნიშნავს - ვთქვი და შეშის ნაფოტი შევაგდე ბუხარში.

- დღეს განსაკუთრებით, ყველამ ვიცით, მთავრობამ, ეკლესიამ, საქმიანმა ადამიანებმა, რომ ერთ-ერთ ყველაზე ყრუ პროვინციაში ვცხოვრობთ, რომ ჩვენი არსებობა მხოლოდ ჩვენ ვიცით, რომ არანაირი ეროვნული გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით.

- სასულიერო პირები განსაკუთრებულ მდგომარეობაში ხართ, თქვენი მიზანი შინაგანია; ადამიანები ღმერთისა და სამოთხის არსებობაში უნდა დაარწმუნოთ, ხოლო ჩვენ ყოველდღიური ცხოვრების მოწყობას გვთხოვენ, უფრო სწორად, პოლიტიკოსებს თხოვენ, მაგრამ პოლიტიკოსები ჩვენთან მოდიან და გვაიძულებენ, ვაკეთოთ ის, რაც ეკონომიკურად ძალიან არასწორია

- მესმის, რთულ მდგომარეობაში ხართ, მაგრამ ჩვენს შეფასებაში ნამდვილად ცდები, ჭეშმარიტი სამოთხე და ჯოჯოხეთი ადამიანების უმრავლესობისათვის აბსტრაქციაა, ცხოვრებაში ყველაფერი დამიწებულია, ადამიანებისთვის ყველაფერი მიწაა და თუ ის მიწაზე წარმატებულია, მაშინ სამოთხეშია, თუ წარუმატებელია, მაშინ ჯოჯოხეთში ცხოვრობს, როგორც ყველაფერი მიწიერი, მიწიერ ჯოჯოხეთში და სამოთხეში ყოფნაც არამდგრადია, არამუდმივი და მოსაბეზრებელი, სამოთხეში მცხოვრებლები ვერ იტანენ ჯოჯოხეთში მყოფებს, რადგან ისინი მათ გამუდმებით ახსენებენ, რომ ნამდვილ სამოთხეში კი არა, მოგონილ სამოთხეში ცხოვრობენ, ჯოჯოხეთთან შედარებით სამოთხეში, ამის შეგრძნება ძალიან არასასიამოვნოა, გამოდის, რომ მთელ ცხოვრებას უძღვნი რაღაც ძალიან ყალბს, არ არსებულს, რაც შეეხებათ ჯოჯოხეთში მყოფებს, ისინი ცდილობენ ჩაიცვან, იცხოვრონ, გაერთონ, ილაპარაკონ ისე, როგორც ამას სამოთხის ბინადრები აკეთებენ და ასე დააჯერონ ერთმანეთი, რომ ისინიც სამოთხეში ცხოვრობენ, მიწიერი ცხოვრება მოგონილ, ყალბ ჯოჯოხეთსა და ყალბ სამოთხეში მრავალწლიანი მოსაწყენი მოგზაურობა და ოცნებების არასრულებაა და აქედან გამომდინარე, არსებობს სევდა სამოთხეში და შეჩვევა ჯოჯოხეთში, რეალურად ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენს თავებში ხდება, ჩვენს ირგვლივ კი მხოლოდ მიწაა ჯოჯოხეთისა და სამოთხის გარეშე.

“და სიყვარული?” მინდოდა მეკითხა მამა დავითისთვის, მაგრამ არ ვკითხე, შემრცხვა, თუ ამ საკითხზე სერიოზული საუბრის წამოწყება შემეშინდა?

* * *

ახალ წლამდე ოთხი დღე დარჩა, აქედან გამომდინარე გუდაურში საგრძნობლად მოიმატა მანქანებმა და ნაფეხურებმა თოვლზე, ასევე ხმაურმა, ეს უკანასკნელი ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე.

სასტუმროში საერთაშორისო სამდღიანი ბიზნეს-კონფერენცია იმართება, რომელსაც იძულებით ვესწრები, ვზივარ ძალიან ოფიციალური სახით, ძალიან ოფიციალურად ჩაცმული და მაქსიმალურად ვცდილობ არ შევიმჩნიო როგორ არ მაინტერესებს ეს ყველაფერი, მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი ტელეარხის პირდაპირ ეთერშიც ჩავერთე, მთხოვეს და უარი ვერ ვუთხარი, ვილაპარაკე, როგორც წესია, ოპტიმისტური პათოსით (თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვგულისხმობ 7 ნოემბერს მიტინგის დაშლას და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ასევე 5 იანვარს დანიშნულ ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს) არა მგონია ვინმეს ჩემი ოპტიმისტური პათოსი მოწონებოდა. ზედმეტად გააქტიურებული ადამიანები ალბათ მწარედ მაგინებენ და კანცელარიის ჯიბის ბიზნესმენს მეძახიან, ჩემთვის სულერთი არ არის რას ამბობენ ჩემზე, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს ამ აზრის შესაცვლელად ფული გადავიხადო, ისედაც საკმაოდ ბევრ ფულს ვუხდი სახელმწიფოს.

საღამოს დამირეკეს და მითხრეს, რომ პრეზიდენტი გუდაურში იყო ჩამოსული და ჩემ სახლში სურდა ღამის გათენება. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მითხრეს, რომ პრეზიდენტი რამდენიმე საათის შემდეგ მესტუმრებოდა.

პრეზიდენტთან რამდენიმეჯერ ვარ შეხვედრილი. მე არ ვარ მასთან ძალიან დაახლოებული ბიზნესმენების რიცხვში, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არც არასოდეს მიძებნია პრეზიდენთთან დაახლოების გზები, ხშირი თვალში მოხვედრა, ტელევიზიით მისი ქება–დიდება, მისი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯის თავგამოდებით დაცვა.

ზარმა ამაღელვა. დავიწყე მომზადება, ვიბანავე, თუმცა უკვე დაბანილი ვიყავი, მაგრამ მაინც, ოფიციალურად ჩავიცვი, თუმცა ჰალსტუხი არ გამიკეთებია, ჩავთვალე, რომ ზედმეტი იყო, გადავრეკე სასტუმროში და საუკეთესო ვახშამი დავუკვეთე, შემდეგ დავჯექი ბუხართან და დავიწყე ლოდინი. დროდადრო ვდგებოდი, მივდიოდი ფანჯარასთან, ფარდას ვწევდი და გარეთ ვიხედებოდი, განათებულ გზაზე ხან წყვილებს, ხან მოგუნდავე მთვრალებს, ხან აღფრთოვანებულ, თოვლში მოკოტრიალეYთინეიჯერებს ვხედავდი. პრეზიდენტი არ ჩანდა, ვიჯექი და ველოდებოდი, ერთი საათის შემდეგ ვახშამი მოიტანეს, სასტუმრო ოთახში გავაშლევინე სუფრა, ამ პროცესმა მოლოდინის ერთფეროვნება დაარღვია.Eმაგრამ დაახლობით ნახევარ საათში კვლავ მოლოდინის ერთფეროვნებაში დავბრუნდი, გამახსენა, ჩემს მოსაცდელში მდგომი მომლოდინეები, რომლებსაც თითქმის არასოდეს ვხვდები და შემეცოდნენ.

შუღამეს ბუხართან მდგომო პრეზიდენტი დავინახე, ოდნავ უკან მისი ორი მცველი იდგა

- გამარჯობა - წამოვდექი, ამათ ყველა სახლის გასაღები აქვთ, ასე რომ არ უნდა გამიკვირდეს აქ როგორ მოხვდნენ - ჩამეძინა, მაპატიეთ.

- ჩემ დანახვაზე ყველა იბნევა და ქვეშ იფსამს, მერე იგივე ადამიანები ზურგსუკან დიქტატორს მეძახიან, მიდი ცადე თავისუფლად იგრძენი თავი, არ შეგიძლია, ვერ გამოგდის, ყველა ასეა, მე კი არ ვარ დიქტატორი, თქვენ ხართ მონები, რა გაშინებს ჩემში? - პრეზიდენტი დამაკვირდა.

- არ მეშინია - ვთქვი და გამახსენდა, რომ უნებურად ოპოზიციის სლოგანი გავიმეორე.

- გეშინია შენც და მთელ საქართველოსაც, მაგრამ ჩემი კი არა, ვიღაც აბსტრაქტული, ყოვლისშემძლე პრეზიდენტის, რომელიც რატომღაც ძალიან ბოროტია, იმიტომ, რომ შენნაირებს კიდევ ახალი მუქთა მილიონების შოვნის საშუალებას არ აძლევს, ღარიბებს კიდევ სახლში არ ურიგებს მუქთა ფულს... რატომ არ მეუბნები, რომ მე ვშოულობ მუქთა მილიონებს და მე ვართმევ უკანსკნელ ლუკმას ღარიბებს, იმიტიმ, რომ გეშინიათ, იცით, გულის სიღრმეში მშვენივრად იცით, რომ არცერთი ჩემზე უკეთესი არ ხართ და არცერთს ჩემზე კარგი ზრახვები არ გაქვთ, ზურგსუკან ლაპარაკში მაგრები ხართ და კიდევ ბღავილში. შეიკრიბებით ასიათასი კაცი და ბღავიხართ, წადი, წადი.

- მე იქ არ ვყოფილვარ ბატონო პრეზიდენტო..

- აი, შიში, მე არ მიკითხავს შენთვის იყავი თუ არ იყავი იქ. იმის მაგივრად, რომ მითხრა, რომ მეც მაგ ბღავილით ვარ მოსული, თავს იცავ, მაშინ, როდესაც არავი არ გთხოვს ამის გაკეთებას, იმიტომ რომ გეშინია..

- არ მეშინია, უბრალოდ არ მაინტერესრებს ეს საკითხები, თავი გამანებეთ - ავყვირდი, თვალები მაგრად დავხუჭე, შემდეგ გავახილე და მივხვდი, რომ გამეღვიძა, ტელეფონს დავხედე, ერთი წაუკითხავი მესიჯი მქონდა: prezidenti gaemgzavra tbilisshi, ase rom Segizliat daizinot,. didi madloba da ukacravad shewuxebistvis, game mshvidobisa.

მესიჯი სამჯერ წავიკითხე, ამასობაში დავწყნარდი.

* * *

თბილისში დაბრუნებას არ ვჩქარობ, არჩევნებში კვლავ პრეზიდენტმა გაიმარჯვა, არჩევნების შედეგით უკმაყოფილო (საინფორმაციო გამოშვებებში ამბობენ ასე) ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებს აწყობს, რამდენიმე ცნობილი ოპოზიციონერი დამიკავშირდა და მათი გამარჯვების შემთხვევაში განსაკუთრებულ მდგომარეობას დამპირდა, სანაცვლოდ მათთვის დღეს უნდა გამეწია ფინანსური დახმარება, ძალიან ზრდილობიანად ვუთხარი უარი, ისინიც ძალიან ზრდილობიანად დამემშვიდობნენ და დაიბოღმნენ.

უკანასკნელ დღეებში ძირითადად მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ვფიქრობ, ჩემს პოზიციას განსაზღვრავს ჩემი საზოგადოებრივი მდგომარეობა, მე ბიზნესმენი ვარ და ყოველთვის ვთანამშრომლობ მოქმედ ხელისუფლებასთან, ბიზნესმენი არ არის ინდივიდი, ბიზნესმენი მანქანაა, საწარმოა, მისი ინდივიდუალური არჩევანი ძალიან შეზღუდულია, მითუმეტეს ქართველი ბიზნესმენის არჩევანი, რომელსაც ძირითადი ბიზნესი საქართველოშივე აქვს და ნახევრად სახელმწიფო მოხელეა; საქართველო გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყანაა, არაფერია უფრო დიდი საშინელება ვიდრე გარდამავალი ეტაპი, საბჭოთა კავშირში დაბადებული და გაზრდილი მონების უკანასკნელი თაობა ვაშენებთ თავისუფალ საზოგადოებას, ეს თავისთავად საშინელებაა და რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში აქედან არაფერი არ გამოვა.

ძირითადად ვწევარ და ასეთ რაღაცეებზე ვფიქრობ, ძალიან მარტო ვარ, სასტუმროში დავრეკე და გასტროლიორი ქალებიდან ყველაზე ძვირი მოვითხოვე, დახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ჩემთან 22-23 წლის გოგონა მოვიდა, რომელიც ყოველგვარი შესავლის გარეშე მაგიდაზე გადავაწვინე, გოგონა ყველანაირად ეცადა, მაგრამ ვერ გავათავე, გულისრევის შეგრძნება მქონდა, ფული მაგიდაზე დავდე, გოგონამ ფული აიღო, დამემშვიდობა და წავიდა, პანელის ქალებისადმი არასდროს მქონია სენტიმენტალური განწყობა, არასდროს მიფიქრია, რომ რაღაც ისეთ განსაკუთრებულ მდგომარეობაში ან განცდებში არიან. შეიძლება მხოლოდ პატარა ბიჭობაში, როდესაც თავად სექსი მეგონა რაღაც განსაკუთრებული, პატარა გოგოა, მაგრამ პროფესიონალი, არცერთი ზედმეტი მოძრაობა, არცერთი ზედმეტი ემოცია, ყველაფერი შეთანხმებული თანხის შესაბამისად, რანდენიმე წუთის წინ წასული გოგონას ცივი, არაფრისმთქმელი სახე დამიდგა თვალწინ, შემდეგ ჩემი მოძრაობები გამახსენდა და გამაჟრიალა, ყოველთვის ასე მემართება, როდესაც სისულელეს ვაკეთებ, თან ეს სისულელე დასასრულამდე ვერ მიმყავს.

წყალი გადავივლე, ჩავიცვი, გარაჟში ჩავედი და მანქანა გამოვიყვანე. საჭესთან ჯდომა და უმიზნო, ნელი სეირნობა კარგად მამშვიდებს, შემეძლო სასტუმროში ჩასვლა და სასტუმროს დირექტორთან ბილიარდის გაგორება, მაგრამ ჩვენი საუბარი აუცილებლად პოლიტიკური გახდებოდა, ხოლო პოლიტიკაზე ლაპარაკი ძალიან არ მინდოდა, სულ სხვაა პოლიტიკაზე ფიქრი, სულ სხვაა ამ საკითხზე სხვასთან ლაპარაკი, თავში, ყველაფერი ძალიან კარგად ლაგდება, მაგრამ სხვასთან საუბარი მარტივი არ არის. მაგალითად, სასტუმროს დირექტორს ჯერა, რომ ქართველები ღვთის რჩეული ერი ვართ და ღმერთი სასწაულს მოახდენს, ისე, რომ ჩვენ ხელის განძრევა არ დაგვჭირდება. სასტუმროს დირექტორი რეალურად მშრომელი ადამიანია და წესით და რიგით ამ უსაქმურების ფილოსოფიას არ უნდა იზიარებდეს, მაგრამ ეტყობა იმდენად გამოთიშული აქვს ტვინი ამ მიმართულებით, რომ ავტომატურად იმეორებს ყველაზე მოდურ შეხედულებას, ან ეს ღვთის რჩეული ერობა მოწონს, იდეა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ჯერ ერთი, ამ საქმეში საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გვყავს, ალბათ ევროპელების გარდა ყველას ასე გონია, ევროპელებში, ძველ ევროპას ვგულისხმობ... და არა პოლონელებს, სერბებს და ალბანელებს, რუმინელებს და ბულგარელებს... თავის დროზე აღმოსავლეთ ევროპაში უამრავი ბიზნეს-ვიზიტით ვარ ნამყოფი და ამ ქვეყნებმა ოდნავ განვითარებული საქართველოს შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე, იყო ასეთი დრო ქართულ ბიზნესში, როდესაც გვეგონა, რომ აღმოსავლეთ ევროპას ნახევარ საათში დავიპყრობდით და ტრიუმფით შევიდოდით ძველ ევროპაში. დღეს ზუსტად ვეღარ ვიხსენებ, რა გვაძლევდა ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს, ალბათ ჩვენი უცოდინრობა, ფანტაზიებში უკვე ლონდონში და მიუნხენში მქონდა ოფისები და წამყვანი ეკონომიკური ჟურნალების ყდებზე ვიბეჭდებოდი, სულ არაა ასეთ ფანტაზიებში ცხოვრება ცუდი, ეს ფანტაზიები ენერგიას მმატებდა და ჩემ ჩალიჩს აზრს აძლევდა. რეალურად, მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ჩვენი ბიზნესი რეგრესშია, ეს ერთი მხრივ სახელმწიფო ჩარევების ბრალია, მაგრამ არსებობს სხვა მიზეზიც: ქართველი ბიზნესმენი ქართველი მსახიობის, მწერლის, სპორტსმენის მსგავსად (იშვიათი გამონაკლისების გარდა) ვერ ვითარდება, ხოლო განუვითარებლობა რეგრესია და ამ დროს მახსენდება რა მცირეა საქართველო, რომ არავითარი სხვა სამშობლო სამწუხაროდ ამაზე მეტი არ გამაჩნია, მახსენდება ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც ისე გაუჭირდა, რომ თავის დროზე საქართველოს პრეზიდენტი გახდა და ამერიკელების ნაცვლად აფხაზებთან დაიწყო მოლაპარაკებების გამართვა, “ნიუ იორკერის” ნაცვლად ადგილობრივი ჟურნალებისთვის ინტერვიუების მიცემა, ალბათ მისი დიდი მეგობრები ბეიკერი და გენშერი გაოცდნენ, როდესაც შევარდნაძე დიდი და საშინელი რუსეთის შვილი კი არა, პატარა პროვინციის პატარა კაცუნა პრეზიდენტი აღმოჩნდა. წარომიდგენია, როგორ რცხვენოდა ბნელი, ცივი საქართველოსი, როდესაც მის პრეზენტაციას ახდენდა თავისი დიდი მეგობრების წინაშე, როდესაც უკვე პროვინციის ხელგაშვერილი პრეზიდენტი იყო და არა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მანქანა მოვატრიალე და სასტუმროსკენ წავედი, სასტუმროს დირექტორთან ერთ ხელ ბილიარდს ვითამაშებ, როგორც კი პოლიტიკაზე ჩამოაგდებს სიტყვას, მაშინვე შევარდნაძეზე დავიწყებ ლაპარაკს, ვაგინებთ ძველ პრეზიდენტს, ვიგულისხმებთ ახალს და თან გავერთობით...

© „ლიტერატურაცხელი შოკოლადი

No comments:

Post a Comment