Saturday, October 30, 2010

მალხაზ ხარბედია - დროებითი გამარჯვება


რედაქტორის სვეტი, ლიტერატურა-ცხელი შოკოლადი, 2010, ნოემბერი.

ყოველთვის მინდოდა, ჩვენი ჟურნალის ერთი ნომერი მთლიანად ბუკინისტებისთვის მიმეძღვნა. გვესაუბრა ამ ტრადიციაზე დასავლურ და აღმოსავლურ კულტურებში, ძველ ტფილისელ თუ საბჭოთა პერიოდის ბუკინისტებზე. წიგნებთან დაკავშირებულ ტექსტებს წლების მანძილზე ვაგროვებდი და დღესაც მეგულებიან ჩემს გარშემო ისინი, ვინც ბევრს გაიხსენებდნენ ამასთან დაკავშირებით. რამდენიმე ტექსტი “არილშიც” დავბეჭდე თავის დროზე, მაგალითად, ზურაბ კიკნაძის “ბუკინისტები”, ასევე თარგმანები – უნამუნოს, ჰესეს, ბორხესის, ორუელის და სხვა ავტორთა სტატიები ბუკინისტების შესახებ. სპეც-ნომერისთვის რამდენიმე ახალი ტექსტი მქონდა მომზადებული, რასაც ძველი და ახალი თაობის ქართველი ავტორების სტატიები და მოგონებებიც დაემატებოდა და ერთი საინტერესო კულტურული ექსკურსიც შედგებოდა.
როგორც ვხედავთ, ჯერ-ჯერობით ამგვარი ექსკურსი უნდა გადავდოთ, რადგან, აშკარაა, რომ წარსულის, მოგონებებისა და ჭკუამხიარული კლასიფიკაციების დრო ახლა არაა. ახლა უფრო ბრძოლის დროა, რომელიც უკვე მეორე თვეა მიმდინარეობს და რომელიც, იმედი მაქვს, თავის დროზე შედეგსაც გამოიღებს. მერე რა, რომ ამ შედეგს ისევ ის ადამიანები მიიწერენ, ვინც თავისი ხელით აყარა ქალაქში ბუკინისტები, ვინც რეზერვაციები გაუმზადა წიგნის მოყვარულებს.
უწიგნურობის, სიბრიყვისა და კერძო ინტერესების ეს დროებითი გამარჯვება დიდხანს არ გაგრძელდება. ეს “გამარჯვებულები" სულ მალე თავად დაიწყებენ ქუჩის ბუკინისტებზე “ზრუნვას”, ჩვენს მოთხოვნებსა თუ თხოვნებს თავად გაატარებენ ცხოვრებაში, აღივსებიან სიამაყით. ხომ გახსოვთ საკრებულოს მიერ გავრცელებული სრულიად კომიკური და აბსურდული განცხადება? ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ, ბუკინისტების აყრის გამო ბევრმა გამოვთქვით პროტესტი, საპასუხოდ კი საკრებულომ განცხადება დადო თავის საიტზე შემდეგი სათაურით, “დედაენის ბაღში გაიმართება წიგნის პოპულარიზაციისა და წიგნით მოვაჭრეებისათვის მხარდასაჭერი აქცია”. ჰოდა არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ერთხელაც გამოვიდნენ და ხმამაღლა განაცხადონ: “კმარა უწიგნურობა, დავუბრუნოთ ქუჩებს წიგნები, ვინ ოხერმა აკრძალა...”
მოკლედ, ბუკინისტების დაბრუნება აუცილებლად მოხდება, შეიძლება ცოტა სხვანაირადაც და უფრო მეტი ძალისხმევის შედეგად, მანამდე კი თვალი გადავავლოთ ბოლო პერიოდის ნამუშევარს და ნაკამათარს.
ეს ტექსტები, რომელსაც დღეს გთავაზობთ ჩვენს მცირე ანთოლოგიაში, სულ რაღაც 1 თვის მანძილზე დაგროვდა. სატელევიზიო, ბეჭდური და ელექტრონული მედია, რედაქციები თუ კონკრეტული ავტორები, ბლოგერები, თითქმის ყველანი გამოეხმაურნენ ამ თემას, რომელიც, როგორც გაირკვა, ძალზე აქტუალური აღმოჩნდა მკითხველისთვის. ფეისბუკზე გახსნილ გვერდს, “დააბრუნეთ ქუჩის ბუკინისტები” 2 დღეში 2000 მომხრე შეუერთდა, დღეს კი ამ გვერდის მომხმარებელთა და ქუჩის ბუკინისტების დაბრუნების მომხრეთა რაოდენობამ ფეისბუკში 5000-ს მიაღწია, ეს კი ნიშნავს, რომ ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა წიგნის დასაბრუნებლად. მერე რა, რომ ამ ბრძოლის შედეგს ისევ ის ადამიანები მიიწერენ, ვინც თავისი ხელით აყარა ქალაქში ბუკინისტები, ვინც რეზერვაციები გაუმზადა წიგნის მოყვარულებს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:

Post a Comment