Thursday, October 14, 2010

ნატო ინგოროყვა - ხმელი ლექსებიდან


ცდა

ჩაინიშნე.
მალე გაღვიძების დღე დადგება
-ორშაბათი.

ვცადოთ ამოვხსნათ,
რა გვინდოდა სინამდვილეში.

რისკი აღარაა საზიარო.
აღარც ერთად ყოფნა - აუცილებელი.

სამყაროში ყველაფერი უჩვენოდ ხდება.

ჩავხუროთ ყუთი, მივაბაროთ მეხსიერება.
ნელა სუნთქავენ ქვები და
ღამეც უფრო საიმედოა გამჟღავნებისთვის.

გადაზომე მტკაველებით,
ტკივილები იზრდებიან.

თავისუფლებები გადავცვალოთ,
დავტოვოთ სინდისი ქუჩაში ძაღლივით

ის ერთხელ მაინც აყმუვლდება ჩვენს კართან.

ანგარიში

მოვიდნენ ანგელოზები ღმერთო,
ჩხრეკა - ჩაატარონ,
ნება - დართულია.

გადახდილი მაქვს:

გარდაცვალებისთვის - სიკვდილით.
სხეულისთვის - სხეულით.
იმედგარცრუებისთვის - იმედით.
ძილისთვის - გაღვიძებით.
მომავლისთვის - წარსულით.
მადლისთვის - ცოდვით.
სიჩუმისთვის - ხმაურით.

ვიხდი ხარკს:

ენისთვის, რომელზეც ვწერ.
სიტყვებზე მეტი - ამბებისთვის.

რასაც ვწერ - იმას ვცხოვრობ.

ვალში ვარ შენთან:

სიზმრებისთვის,
-სადაც ფრენა შევძელი.
-სადაც შვილებს ვაჩენ.
-რომლებიც გამიცხადნენ.

ვალში ხარ ჩემთან:

რომ ყვავილობამდე ვიყავი ნაყოფი.

დამრგე ლეღვის ხედ,
და მის ტოტებში არბენინე
რძე, რომელიც დააშრე ჩემში.

სიკვდილის რეპეტიცია

ერთხელაც -
ყველა მკვდარი გადაგიბრუნდება საფლავში -
მიწა დაიძვრება.

ერთხელაც -
ყველა ცოცხალი ზურგს გაქცევს -
გაკოტრდება სიტყვა - სამშობლო.

ერთხელაც -
ვეღარ შეავსებ სისხლის ბანკით,
რადგანაც გახსოვს:
გადაიტანე სიტყვა - სიყვითლე.

ერთხელაც -
სარკმელს ორპირი ქარი
ერთჯერადი გასროლის ხმით შემოგიხურავს.

ერთხელაც -
მოგიკვდებოდი, მაგრამ
ვიცი - ამით ვერ დაგსჯი.

ერთხელაც -
ვეღარ იქცევი აჩრდილად,
ეკრანზე გადატანილი შიშებით რომ შემაშინო.

ერთხელაც -
ვეღარ ჩამკეტავ ელექტრონულ ციხე-სიმაგრეში,
შემოგყვები ცოდვის სიღმეში,
ჩაგიხურავ ყველა ფანჯარას.

ერთხელაც -

გეტყვი:

ეშმაკსაც წაუღიხარ!!!


ჩემი გაზაფხული

ჩემი სოციალური ქსელის მეგობრები
ერთიანდებინ ჯგუფში -

”არა ცელოფნის პარკებს!”

არადა,

ეს ჩემი და ჩემი ქალაქის გაზაფხულია.
ფერად ყვავილებად რომ გამოისხა ხეებმა.

ეზიდებოდნენ ისინი
ჩვენით და ჩვენამდე უამრავ წვრილმანს.

ვაცხოვრებდით ჩვენთან ერთად,
სანამ საფუარმიცემული ცომივით
არ ამოვიდოდნენ მათგან ნარჩენები.

ის ვარდისფერი პარკის ნაგლეჯი,
ჩემი კაბის ნაწილია.
ბავშვობაში ეკალს შევატოვე და
სურვილის ჩაფიქრება ვერ მოვასწარი.

იყავი ჩემი ნატვრის ხე.


წონასწორობა

გამოეზარდა ჩემი სახლი კედლებად მიწას.
ვწერ ნებადართულ მარტოობაზე.

დამშრალი სისხლის უდაბნოში მზე ჩადის,
ფრთხილად, კარები იკეტება!
ნუ მოაყოლებ კარში იმედს,
წინაპრის მიერ დატოვებულ მარშრუტზე - ნიშანს.

შემოაბრუნე მზერა შიგნით,
რიტმი შეუწყვე ქვების ნელ და ნესტიან სუნთქვას.

ექსკალატორს ჩაატანე,
ჩაკეცე ყველა მეორეხარისხოვანი ცოდვა.
იფიქრე ზემოთდარჩენილთა ამინდებზე,
მათ ქარი შუბლს უნაოჭებს.

დათვალე ლამპიონები,
ჩამქრალებიც მიათვალე,
ისინი ოდესმე ანათებდენენ.

ეს გზა,
სიხარულის გამხელასვით უხერხულია და
გ ა ი წ ე ლ ა.


9.09.2009

გარისკე,

კიდევ ერთხელ გაუსინჯე გემო.

დაარქვი თუნდაც - სინანული.

შედიან ერთ მდინარეში ორჯერ,

მერა რა თუ მდინარე - გამდინარეა.

ღმერთებიც ისვენებენ

იმედგაცრუებიდან - იმედგაჩენამდე.

გააჩუქე შენი სიტყვების მარაგიდან

ყველაზე არაზუსტი - ”მონატრება”

ან - ”სიყვარული.”

გამოუტყდი, რომ სხვებზე კარგი კი არა,

უბრალოდ - სხვაა.

რადგან:

ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ჰკითხო ის, რაც უნდა ჰკითხო.

ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ის გიპასუხოს,

რაც უნდა გითხრას.

არ დააყენოთ დამნაშავედ კუთხეში სიტყვა:

რაც ვერ უთხარი.

და რაც ვერ გითხრა.

ვიდრე


ჩერდება ლექსი. დრო აქვს სიჩუმის. გათენებემდე კიდევ დარჩა საათი - ორი. იქნებ მათხოვო შენი სიტყვა დილის შვიდამდე. ვიდრე - სიტყვაზე ვენდობი სიტყვას. ვიდრე - ხსოვნა, სიკვდილივით სკამზე არ ჩამომიჯდება და სხვათა სიტყვით - მესამე პირში დამიწყებს საუბარს. ვიდრე - სიკვდილისგან გამოთავისუფლებული დრო - სიცოცხლე, საკიდარს მიღმა დარჩენილი საწვიმარვით არ დამრჩება. ვიდრე - ჩემი ბავშვობის თოჯინების სიჩუმეს ვთარგმნი და საგულდაგულოდ არ ვიმალები, რომ დამავიწყდეს სად ვარ. ვიდრე - აღარ დამაქვს ძველი კაბები ნაცნობ მკერავთან. ვიკერავ ახლებს, ოღონდ არა გულამოღებულებს. ზურგი მოვხადე, რადგან მივდივარ და ვიცი: შენ თვალს გამომაყოლებ.


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:

Post a Comment