Friday, November 5, 2010

დათო ქარდავა – მარტოობის ევქარისტია


„აქ მეგობრები ერთმანეთს შეხვდნენ, გადაეხვიენ და დაუბრუნდნენ კვლავ ძველ შეცდომებს.“
უ.ჰ. ოდენი

“ეს იყო მშვენიერი ქართველი ქალი, რომელიც საქართველოში
აღარ ცხოვრობს.”
კარლო კაჭარავა



– დიდი ხნის უნახავი მეგობარი ევქარისტიული ღვინოსავითაა, –
მითხრა მოხუცმა, რომელიც წლების წინ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ორგანულ ქიმიას ასწავლიდა. ეს კაცი ფულის დაზოგვის მიზნით ძმარს ყიდულობდა, რათა სოდაში გაზავებით იაფი სათრობელა მიეღო. იმისაც ამბობდა, ევქარისტული ღვინო ქიმიური შემადგენლობით არ განსხვავდება ჩვეულებრივისგანო.
– იგივე ეთანოლი, მქროლავი მჟავები, შაქარი და ტანინები... თითქოს, ყველაფერი იგივე, მაგრამ... არაა! ხარბად ვერ დაეწაფები, ვერ გაუშინაურდები, ასეთი ღვინით ვერ დათვრები; მოიყუდებ, პირში გამოივლებ და მორჩა! ძველი ნაცნობიც ეგრეა. სახელი და გვარი იგივე აქვს, იერითაც თითქოს არ შეცვლილა, მაგრამ გრძნობ, სულ სხვა ადამიანთან გაქვს საქმე; მოიკითხავ და გაუღიმებ, მაგრამ ბოლომდე ვეღარ გაუშინაურდები, ვერ ეტყვი, როგორ ხარ, ძველოო, ჰა და ჰა, გულსგარეთ მოეფერო და შინაგანი მღელვარებით დაელოდო დროს – ქარზე სწრაფად მქროლავსა და უგულოს, რათა დიდი ხნის უნახავი ნაცნობი კვლავ შორეულ წარსულში მოისროლო...
ძველმა ნაცნობმა, რომელიც შვიდი თუ რვა წელი არ მენახა და, რომელსაც ზამთრის ცივსა და ნალექიან საღამოს შევხვდი, მითხრა, რომ ორი კვირის წინ დაბრუნდა, რომ ცოლად აქედან წასული ქალი შეირთო.
გვარიანად მოტეხილი მეჩვენა. სახე რაღაცნაირად გაყვითლებოდა და მხრებშიც მოხრილიყო. ჩემზე ოცი თუ ოცდახუთი წელით უფროსი იყო, მაგრამ ადრე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. უმცროსი ძმა ხარო, რომ მეტყოდა, ასაკზე მაშინ თუ ჩავფიქრდებოდი.
შენკენ რა ხდებაო, მკითხა და გაღიმებული ისევ იმ ძველ ნაცნობს დაემსგავსა.
ვალში არ დავრჩი. შეძლებისდაგვარად მშრალი ბიოგრაფიული ფაქტებით ვუპასუხე, მერე იმან ლექსების კრებული მაჩუქა... - ეს იყო და ეს: თრობისა და გულისგადახსნის გარეშე დავშორდით ერთმანეთს. არადა, წლების წინ, სანამ გადაიხვეწებოდა, სულ სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა...

* * *
რას აკეთებო, რომ მკითხა, არც მაშინ დაელოდა პასუხს, ხელკავი გამომდო და წამიყვანა.
- სად მივდივართ?
აქვე, ორიოდე ქუჩის იქითო, მითხრა, ბიბლიურ სამორინეში მოგებული თავნის მისაღებადო.
ვჩქარობდით, მზის ჩასვლამდე უნდა ავსულიყავით, თორემ მერე კარს აღარ გაგვიღებდნენ.
– სხვა მევალეები დაგვასწრებენ?
კიო, თავი დამიქნია.
ვინ ვის და რამდენი მოუგო არ ვიცი, მაგრამ იმ ქალბატონს, რომელიც ქალაქის განაპირა უბანში ერთოთახიან ბინას ქირაობდა, ჩემი ნაცნობის ბევრი ემართა. დილამდე უნდა ვხერხოო, მითხრა და ზარის ღილაკს თითი დააჭირა.

კარი ახალგაზრდა ქალბატონმა გაგვიღო, მაღალი არ ეთქმოდა, მაგრამ მტკაველიან ქუსლებზე შემდგარი ფეხების ამბავი ხომ იცით?

- ეს მახინჯი ვინაა? – ჩემზე ანიშნა და სისხლისფერი პომადით დამძიმებული ტუჩები რიგრიგობით გაილოკა.

მეწყინა. არ ვიყავი უშნო, მაგრამ მაშინაც წვერის გაპარსვა მავიწყდებოდა ხოლმე.

– მეტყევეა! – უპასუხა ჩემმა ნაცნობმა და შეაბიჯა დიდ სასტუმრო ოთახში, რომლის შუაში მრგვალი მაგიდა, დიამეტრულად მოირდაპირე კუთხეებში კი რკინის საწოლები იდგა.

– ჭილყვავებიც მოფრინდნენ! – ვთქვი და რეპროდუქციის წინ დავიწყე ბორძიკი.

ნათურის შუქი კედელზე გაკრული სურათებიდან ვერცხლისფრად ირეკლებოდა.

– მეტყევე? – ქალი მე მიყურებდა, თუმცა პასუხს ჩემი ძველი ნაცნობისგან ელოდა, – აბა, მაგას ციყვები ეყვარება!

– გიყვარს? - მომიბრუნდა ნაცნობი.

– ძალიან! განსაკუთრებით ზამთარში, როცა ფხიზლობენ და თოვლით დაფარულ მიწაზე დაცუნცულებენ...

– კი, მაგარამ, მარტო რომ ვარ? – შემაწყვეტინა ქალმა, რომლის სახელი მე არ ვიცოდი და ჩემი ძველი ნაცნობი კი მშვენებას ეძახდა.

ხასიათი გამიფუჭდა. წავალ-მეთქი, ვთქვი და კარისკენ დავიხიე, მაგრამ ჩემმა ნაცნობმა გამოიდო თავი. პალტოს კალთაზე დამქაჩა.

– სად უნდა წახვიდე?

უკან, ტყეში დავბრუნდები-მეთქი, უკბილოდ ვიხუმრე.

– აბა, ახლა სადა ვართ? – თვალი ჩამიკრა, – აბა, ეს ციყვი საიდან? – მასპინძელზე მანიშნა. – მერე რა რომ ფაფუკი კუდი არ აქვს? სამაგიეროდ მკვირცხლად დახტის ხიდან ხეზე, დიდი მონდომებით აგროვებს გირჩებს და ჰყავს ბევრი ცმაცუნა მეგობარი.

მოკლედ, ხერხი გაამზადეო, ერთად მოვედით, ერთად წავალთო.

ნათქვამში იყო ლოგიკა, მაგრამ ორს ერთი უნდა გვეხერხა?

ჩემმა ნაცნობმა ბირდაბირის ნაცვლად მობილური ამოიღო და მასპინძელს გაუწოდა.

როდის-როდის გაარკვიეს, რომ „ბალანსი ამოწურულია”. ახლა ჩემ ტელეფონს დაუწყეს წვალება. ზარი ხან გადიოდა და ხან - არა. ბოლოს ვიღაცას დაუტკბა მასპინძელი, ათი თუ თხუთმეტი წუთი ილაპარაკა. ჩემმა ნაცნობმა სათანადო დასკვნა გააკეთა - ქალებში მაგრა მიმართლებსო.

ხო-მეთქი, დავეთანხმე, რაც უნდა იყოს, ჩემთვის ირჯებოდა.

არა, დღევანდელ ამბავს არ ვგულისხმობო, მითხრა, საერთოდ, უცბათ გადამიშლიან ხოლმე ჯერ ფეხებს, მერე – გულსო...

მთვრალი ვიყავი, მაგრამ არა ისეთი, რომ ყველაფერზე თავი მექნია.

თუ პირიქით-მეთქი, ვკითხე.

– რა პირიქით?

– ჯერ გულს და მერე ფეხებს...

ჩაფიქრდა.

არაო, თქვა გადაჭრით, ჯერ ფეხებსო!..

– და რატომ ხდება ეგრე? – აღარ მოვეშვი მე.

– რა ვიცი, მგონი, პროფესია მაქვს ეგეთი...

– გინეკოლოგი ხარ?

– არა, პოეტი! – მითხრა და ცოტა ხნის შემდეგ დაამატა, – ისე, მსგავსი ხელობებია ხო იცი! განა, პოეტის არ იყოს, გინეკოლოგიც ყველაზე იდუმალი კარის გაღებას არ ცდილობს? ოღონდ ეგაა, რომ პოეტი გასაღებს საკუთარ წიაღში ეძებს... პირველი სიტყვას აცოცხლებს, მეორე - ადამიანს, მაგრამ რა არის ადამიანი სიტყვის და სიტყვა ადამიანის გარეშე?

- არც არაფერი! - ვთქვი დაბნეულმა.

- არც ლექსი იბადება იდუმალებისა და ტკივილის გარეშე... დამიჯერე, გვარიანი გაჭინთვაა საჭირო!

როგორ-მეთქი, ჩავეძიე, იმან კიდევ რატომღაც ლექსი წამიკითხა:

განგებამ შექმნა სხეული ქალის,
ცხოვრებას აზრი ეძლევა მისგან.
...და მოძვრებიან მუ...ლიდან ხალხნი,
როგორც ფუტკრები სკიდან!

ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა, თუმცა აღარ ჩავაცივდი. ჯერ ერთი, მის დაწერილს არ ჰგავდა, მეორეც – განა პოეზიის საღამოზე ვიყავით?

- ისევ წვიმს? - ვიკითხე და უსაგნო საუბრისთვის თავი რომ დამეღწია, გავედი სამზარეულოში, სადაც ფანჯარა მეგულებოდა.

იქაც მოვიდა.

- წარღვნაც ასე დაიწყო, - ხელში ბოთლი და სხვადასხვა ზომის ჭიქები ეჭირა, - „და იქმნა წვიმა ქვეყანასა ზედა...“

ვიდრე ბოლომდე გამოვცლიდით, ბიბლიურ თემაზე დაწერილი კიდევ რამდენიმე ლექსი წამიკითხა.

- არ გამოვიდა ჩემგან გინეკოლოგი, - თავის მართლებასავით გამომივიდა, - არადა, ბებია მაძალებდა, მეუბნებოდა, რა სჯობს გინეკოლოგობას, შვილო, ფული არ მოგაკლდება და ხელებიც თბილად გექნებაო...

- მერე?

- არ დავუჯერე! ახლა არც ფული მაქვს და ხელებიც ხშირ-ხშირად მეყინება!..

- ეგ არაფერი, მალე გაგითბობენ... - მანუგეშა ძველმა ნაცნობმა და გენდერული წონასწორობა რომ ვერ აღადგინა, წასვლა გადაწყვიტა.

- თუ იცი, რა განსხვავებაა ჩვენ შორის? - მკითხა ზღურბლზე წამით დაყოვნებულმა.

- რას გულისხმობ?

- რა განსხვავებაა შენსა და ჩემ შორის... გამოცდილ და გამოუცდელ მამაკაცებს შორის?

- არ ვიცი, - მხები ავიჩეჩე გაწითლებულმა.

იმან კიდევ, არაფერი მითხრა, თვალი ჩამიკრა და წავიდა.

ოთახში ორნი დავრჩით, მე და ის ქალი, მახინჯი რომ მიწოდა, მაღალ ქუსლებზე რომ იდგა და ჩემი ნაცნობის რომ ემართა.

არ ვიცი, დააბრუნა თუ არა ვალი, მაგრამ მთელი ღამე თვალი არ მოგვიხუჭავს, შესვენებებს შორის კი სიყვარულს ვეფიცებოდი და ცოლობას ვთხოვდი. ასეთმა ურთიერთობამ ნახევარი წელი გასტანა. მერე ცოლობას მარტო ღამით კი არა, დღისითაც ვთხოვდი.

- რა სისულელეა! - მეტყოდა ხოლმე და შეშინებული თავიდან მიცილებდა. ერთხელაც მივედი და შინ არ დამხვდა. ძალიან განვიცადე. მთელი თვე ფუჭად ვაწყდებოდი რკინის კარს... ბოლოს კი ხელი ჩავიქნიე, ბედს შევეგუე, მაგრამ ჭრილობა ისევ ძველმა ნაცნობმა გამიხსნა. შვიდი თუ რვა წლის უნახავი, სექტემბრისთვის უჩვეულოდ ცივსა და ნალექიან საღამოს კვლავ ქუჩაში შემხვდა, კვლავ შემთხვევით, ოღონდ ამჯერად მარტო არ იყო. მეუღლე ახლდა თან, სწორედ ის ქალბატონი, წლების წინ ბიბლიურ სამორინეში წაგებულის ჩაბარებას რომ ვთხოვდით.

- გაიცანი, ჩემი მეუღლეა, - მითხრა მშვიდად, - გამიჭირდა, მაგრამ მაინც მივაგენი...

დავიბენი და ამჯერადაც ვერაფერი ვთქვი.

- რატომ ხარ დაღვრემილი? - მკითხა.

- მე? - უცბათ პასუხის გაცემა გამიჭირდა. ან რა უნდა მეთქვა, ვერ
გადავაგდე, დედა მეტირა-მეთქი? მტვერი, ობობას ქსელი, თმები და ძაფები მახრჩობს-მეთქი? რომ ხან მცივა, ხან სიცხისგან ვიწვი-მეთქვი?.. რომ ამ დილითაც ჩემს დასანახად დანას ლესავდნენ, იარაღს მიმიზნებდნენ, ქონით თოკს პოხავდნენ-მეთქი?...

- ხო, შენ! რატომ ხარ დაღვრემილი? - კითხვა გამიმეორა.

ხომ არ მოვატყუებდი? სხვა სიმართლე ვუთხარი!

- დაბადების დღე მაქვს!

გამიღიმა.

- მახსოვს, ამიტომაც გეძებდი, წიგნი უნდა გაჩუქო.

არ მიკითხავს, ვისი დაწერილიაო, საჩუქარს მაინც ვერ დავიწუნებდი.

ლექსების კრებული იყო. მინდოდა გადამეშალა, პატივისცემის ნიშნად იქვე ერთი-ორი სტროფიც წამეკითხა, მაგრამ გამიჭირდა, ხელის კანკალს ვერაფერი მოვუხერხე. ბედად, ძველმა ნაცნობმა არ მაცალა, გვერდზე გამიყვანა და მკითხა, თუ გაარკვიე, რა განსხვავებაა ჩვენ შორისო.

არა, მეთქი.

გამოუცდელს პირველივე მოჰყავს ცოლად, გამოცდილს კი - უკანასკნელიო, თქვა და მთელ ხმაზე გადაიხარხარა.

რა უნდა მეთქვა?

შინმისულმა, დალევის ნაცვლად, წიგნი გადავშალე. ყდის შიდა მხარეზე გაკრული ხელით დაეწერა:

„ძველ ნაცნობს!

მოსალოცად გაქვს საქმე. გავიგე, დაბადების დღე გქონია. განა, ყველას ასე უმართლებს? ხომ შეიძლება, საერთოდ არ დაბადებულიყავი და დაბადების დღეც არ გქონოდა?

სამწუხაროა, მაგრამ ასეთ კაცს (ვინც არ დაბადებულა), წიგნს ვერ აჩუქებ. სევდიანი ისტორიაა: არც დაბადების დღე, არც წიგნი... რა უნდა აკეთო?

აკი, გითხარი, გიმართლებს-მეთქი: დაბადების დღე რომც არ გქონდეს, წიგნი ხომ უკვე გაჩუქე!

ისე, ყველას რომ არ უმართლებს (ცხადია, ყველა ვერ დაიბადება), ამიტომაც აღვნიშნავთ ამ ჩვენ დაბადების დღეს, თორემ სხვა მხრივ ამ დღეს განა განსაკუთრებული რა ხდება? ამ ამბავს (რომ დავიბადეთ) სხვანაირი დაფიქრება სჭირდება – მეორედ არ გაგვიმართლებს! როგორ გითხრა... ორჯერ არ იბადებიან! ვეჭვობ, არც ქრისტე ხარ და არც – ნიახური! ასე რომ, ერთი უნდა იკმარო; უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ ერთხელ დაიბადე... ჰოდა, იმ ერ(თადერ)თ დაბადების დღეს გილოცავ!!!“

ვინანე, რომ გავუშვი და შინ არ მივიწვიე... როგორ მინდოდა გადავხვეოდი და სიტყვების მერე მისი სხეულის სითბოც მეგრძნო. მგონი, ცდებოდა მოხუცი ქიმიკოსი, როცა სიმჟავეგამოცლილი ძმრით გაბრუებული ჩამჩიჩინებდა, დიდი ხნის უნახავი ნაცნობი ევქარისტული ღვინოსავითაა, ვერ გაუშინაურდებიო...

შინ რაღა გამაჩერებდა?

ვიცოდი ვეღარ გამოვფხიზლდებოდი, მგარამ მაინც დავლიე. ჰაერი
დაიწმინდა. არც მტვერი, არც ობობის ქსელი, არც თმები და არც ძაფი აღარსად იყო. არც მციოდა და არც მცხელოდა. ჩემს დასანახად დანასაც არავინ ლესავდა, არც იარაღს მიმიზნებდა ვინმე, თუმცა ძველებურად მარტო ვიყავი...

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:

Post a Comment