Friday, November 5, 2010

ჯაბა ზარქუა – მკითხველის მოთვინიერება



1
აპოკალიფსი და პოსტაპოკალიპტური ზომბები
საბჭოთა კავშირის დაშლა რომ მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო, ეს მარტო მეზობელი სახელმწიფოს პრეზიდენტის აზრი არ ყოფილა. ოდნავ მაინც დაკვირვებული თვალი მიხვდება, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე იგივენაირად მიიჩნევს. მხედველობაში მაქვს ჩვენი უფროსი ე.წ. მამების თაობა და არა მხოლოდ.
ხალხი ცხოვრობდა უდარდელად, მეზობელი სახელმწიფოს ხარჯზე სექსუალურად უზრუნველყოფილად, კითხულობდა წიგნებს, უსმენდა მუსიკას, უყურებდა ტელევიზორს, სეირნობდა ქუჩაში, მრავლდებოდა და იყო ბედნიერი. თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ბედნიერების ქიმერა გაქრა. ყველაფერი დაინგრა, დაიწვა და განადგურდა. დაიწყო დიდი დეპრესია.
ალბათ ყველას გინახავთ იაფფასიანი ამერიკული თრილერები აპოკალიფსის შესახებ და გახსოვთ ამ ფილმებისთვის დამახასიათებელი ერთი თავისებურება: ნაჩვენებია განვითარებული ხალხი, რომლებიც შეიარაღებულები არიან უახლესი ტექნოლოგიებით, ცხოვრობენ თანამედროვე სამყაროში და თავს მეტნაკლებად ბედნიერადაც გრძნობენ. ამ სოციუმის პარალელურად ნაჩვენებია ხალხი, რომელიც აპოკალიფსის შემდეგ გატყიურდა, სიბნელეში იმალება და ზომბებს ემსგავსება. ისინი არ ზრუნავენ განვითარებაზე, არ მიყვებიან დროს და დახატულები არიან შავ ფერებში. თუ ამ სიტუაციას ჩვენს ყოფას მოვარგებთ და აპოკალიფსად საბჭოეთის დაშლას აღვიქვამთ, მაშინ ნათელი გახდება რომელი პერსონაჟების პროტოტიპები ვართ ჩვენ და ვთქვათ, იგივე ბალტიისპირა ქვეყნები. სწორად მიხვდით: ჩვენ პოსტაპოკალიპტურ ზომბებად ჩამოვყალიბდით და დროს ავუჯანყდით. შედეგად კი ის მივიღეთ, რომ სიბნელეში, ნაგვის ყუთების უკან ვიმალებით და უცხოებს ვჭამთ. აქ უპრიანია შევწყვიტოთ პარალელების ძიება, რადგან ჰოლივუდური ფილმებიდან გამომდინარე მეტისმეტად მძიმე დასკვნების გაკეთება მოგვიწევს, რაც ცხადია სულაც არ გვინდა. მით უმეტეს, რომ ეს მოცემულობაც საკმარისია დასკვნების გასაკეთებლად.
პოსტაპოკალიპტური ზომბები დროს ავუჯანყდით. თავისთავად ამგვარი ჯანყი ცალსახად ცუდი არ გახლავთ თუ ერთი პირობაა შენარჩუნებული: მეამბოხე (ცალკეული ადამიანი ან მთლიანად ერი) მომავალს უნდა უმიზნებდეს. ამ შემთხვევაში ჯანყი გამართლებულია და აუცილებელიც კია მე თუ მკითხავთ. ჩვენს შემთხვევაში კი ნეგატიურ აჯანყებასთან გვაქვს საქმე: ჩვენ დროს ავუჯანყდით ჩამორჩენის მიზნით და ჩამოვრჩით კიდეც. ჩვენ ისევ ის კეთილი პრეაპოკალიპტური სამყარო გვენატრება, იქ ხომ თავს კარგად ვგრძნობდით? ცხადია, ამგვარი აჯანყება დადებით შედეგს არ მოგვიტანდა და ასეც მოხდა: აკი ზემოთ ვთქვით კიდეც, რომ ბუნკერებს ვეფარებით სიბნელეში და დღის სინათლეზე გამოჩენის შიში გვაქვსთქო?
ქვეყანა ნელ-ნელა გაივსო მოსიარულე ცხედრებით. აჯანყებულებმა ნელ-ნელა თავიანთი პირდაპირი მისწრაფებები სხვადასხვა იდეებით შეფუთეს და შედეგად მათი რიცხვი გაიზარდა. მათ ლეგიონს ახალგაზრდებიც (მუტანტები) შეუერთდნენ.
პოსტაპოკალიპტურმა საზოგადოებამ თამაშის წესები შეცვალა. მან გააძლიერა ეროვნული მესიანიზმის გაგება, გაამყარა და ხელშეუხებელი გახადა ფსევდორელიგიური ღირებულებები, ფარისევლობა დაამკვიდრა ელემენტარულ ნორმად და ეს აჯაფსანდალი ახალგაზრდებს უსინდისოდ გვაჭამა. პოსტაპოკალიპტურმა ქართულმა საზოგადოებამ თავისი უაზრო ჯანყი კი არ შეწყვიტა, არამედ გააძლიერა. მათ გაუცნობიერებლად ჩართეს აუტოდესტრუქციული ღილაკი, რომელიც ერს გადაგვარებამდე მიიყვანს, თუმცა ეს მათ დიდად არ ანაღვლებთ: ოღონდაც ცოტა ხნით მაინც გააცოცხლონ წარსულის აჩრდილები და განადგურებაზეც არ იტყვიან უარს.
2
მოთვინიერებული და მოუთვინიერებელი მწერლები
იმ ძველ კარგ დროს, სანამ კატასტროფა მოგვიახლოვდებოდა, ჩვენ გვიყვარდა წიგნების კითხვა. ბევრი კარგი მწერალიც გვყავდა და ბევრი კარგი წიგნიც იწერებოდა. ახლა კი რა ხდება? ლიტერატურა სირობად გადააქციეს.
ზემორე აბზაცი პოსტაპოკალიპტური ზომბების საყვარელი მოსაზრებებისგანაა აგებული. მათ იმდენი მოახერხეს, რომ „მწერლები“ მოათვინიერეს. დიახ, დიახ, მთავრობა და დიქტატორული რეჟიმები კი არ ათვინიერებდნენ მწერლებს, არამედ ხალხი, რომელსაც თავისთავად მთავრობა წვრთნიდა. ყველაფერი მარტივი სქემით იყო აწყობილი: მწერალი წერდა იმას, რაც ხალხს მოსწონდა. მთავრობა კი ხალხს მკაფიოდ უყალიბებდა ამ „მოსაწონ“ სფეროებს. შემდეგ ის პირობებს მორგებულ მწერლებს, როგორც ხალხის ჭეშმარიტ მსახურებს (სინამდვილეში - მაამებლებს) აძლევდა აგარაკებს, ბინებს, მანქანებს, საგზურებს და ა.შ. მწერლობა იყო პრივილეგია. ცხადია ჩვენთვის გაუგებარია თუ რატომ უნდა იყოს მწერალი (და ისიც უნიჭო) პრივილეგირებული, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. პრივილეგირებული მწერლების (ამათ პირობითად დავარქვათ გადაშენების პირას მყოფი ბოროტი დინოზავრები) პარალელურად არსებობდა თითო-ოროლა ნიჭიერი მწერალიც და საბოლოო ჯამში, ამ ორი ნაკადის ურთიერთქმედების შედეგად მივიღეთ შემდეგი: ქართული ლიტერატურა შეაერთეს აპარატზე. მისი დადამბლავება ბოროტი დინოზავრების ბრალი გახლდათ, ხოლო აპარატთან მიერთება და სიცოცხლის მიზერული შანსის დატოვება კი იმ თითო-ოროლა ნიჭიერი მწერლისა. ლიტერატურა დაადგა ნელი სიკვდილის გზას, თუმცა მას სულზე მოუსწრო აპოკალიფსმა. ერთი შეხედვით პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია რომ პოსტაპოკალიპტური მწერლები სრულიად სხვა ადამიანები არიან და არანაირი საერთო არ აქვთ პოსტაპოკალიპტურ ზომბებთან. ერთნაირი დეფინიციაც კი არ შეიძლება ორივეს მივანიჭოთ: პოსტაპოკალიპტურმა მწერლებმა პოსტმოდერნის ეპოქაში შედგეს ფეხი, ხოლო ზომბებმა კი ისევ დამალვა და უკუსვლა განაგრძეს.
გადაშენების პირას მყოფი ბოროტი დინოზავრები ერთი-ორად გააქტიურდნენ. ისინი ვერ შეეგუვნენ პრივილეგიების დაკარგვას. არადა ზომბებს გულით არ უნდოდათ, რომ ეს უკანასკნელნი ასეთ დღეში აღმოჩენილიყვნენ, მაგრამ რა ექნათ? ძალა აღმართს ხნავდა. რაც არ ჰქონდათ, ის როგორ მიეცათ დინოზავრებისთვის?
დინოზავრებმა ყვირილით აიკლეს მთელი ქვეყანა. ალაპარაკდნენ დამსახურებებზე, მოითხოვეს სიტყვიერი პატივისცემა მაინც, რაიმე ოდნავ ამაღლებული ადგილი გულის მოსაფხანად. დახვეწეს მიტინგებზე გამოსვლის ხელოვნება. უფრო კარგად ისწავლეს მენტორობა. მოკლედ, მათ თავისი ასე თუ ისე მაინც გაიტანეს: ავტორიტეტი შეინარჩუნეს და აქტუალობაც არ დაკარგეს. ზომბებს ისინი ისევ უყვარდათ.
ამ დროს კი პოსტმოდერნისტი მწერლები ახალ ეპოქაში იდგამდნენ ფეხს. წერდნენ ღირებულ ტექსტებს, თუმცა ვერ ყიდიდნენ. ნელ-ნელა ითვისებდნენ სხვადასხვა ტერიტორიას, იშლებოდნენ ფართო მანძილზე, ცდილობდნენ კომატოზური ლიტერატურის გამოცოცხლებას, ცდილობდნენ სასწაულის მოხდენას და მიუხედავად ამისა, მათ ისეთ ყურადღებას მაინც არ აქცევდნენ, როგორც გადაშენების პირას მყოფ დინოზავრებს. შედეგად კი მივიღეთ, რომ ზომბები წავიდნენ სხვა მიმართულებით სხვა მიზნისკენ, ხოლო მწერლები საპირისპირო მხარისკენ დაიძრნენ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა: პოსტმოდერნისტმა მწერლებმა აუდიტორია ვერ შეიძინეს და ისე შევიდნენ ასაკში, რომ ნებისმიერი დინოზავრის სახელი და უაზრო ნაწარმოები, მათ მთელ შემოქმედებაზე ცნობილი დარჩა. თუმცა პაციენტი სახელად „ეროვნული ლიტერატურა“ ნელ-ნელა იღვიძებდა.

3
გადარჩენილი ლიტერატურა
დრო კი ნელ-ნელა გავიდა. მართალია არც თუ ისე დიდი, მაგრამ უფსკრულის დასანახად საკმარისი. პოსტაპოკალიპტური ბოდვებით პირთამდე სავსე ქვეყანა სავალალო ვითარებაში აღმოჩნდა: მწერლებმა ის საკმაო მანძილზე ჩამოიტოვეს. ეს მწერლებისთვისაც სავალალო აღმოჩნდა: ჩამორჩენილი მკითხველი მათ აღარ კითხულობდა. სწორედ ამიტომ ზომბებით სავსე ქვეყანაში კომიკური ელფერი მიიღო ეპითეტმა: „პოსტმოდერნისტი მწერალი“.
მოვიდა ახალი თაობა. ნიჭის ნაკლებობას მწერლები არ უჩიოდნენ. ჯიქურ მიიწევდნენ წინ და უკან არ იხედებოდნენ. არ აინტერესებდათ გაყიდული წიგნების რაოდენობა - მათ სხვა პროფესიებიც გააჩნდათ, რომლითაც თავის რჩენა შეეძლოთ. ისინი წერდნენ თავისთვის, უაუდიტორიოდ. მათი სამიზნე ჯგუფი ორასიოდე ინტელექტუალი იყო. ინტელექტუალები კი მეტისმეტად ღარიბები და წუწკები არიან იმისთვის, რომ სიამოვნების წილ კაპიკი გააგდებინო ხელიდან. გაჩნდა ახალი პერსონაჟი - მომავლის აუდიტორიაზე ორიენტირებული მწერალი. მწერლებმა ფეხებზე დაიკიდეს თანამედროვე ზომბები, დეპრესიულად ჩაიქნიეს მათზე ხელი და დაუმიზნეს ჯერ არშობილ ადამიანებს, რომლებიც ასი წლის შემდეგ წაიკითხავენ მათ წიგნებს. მართალი გითხრათ, ზოგჯერ მშურს კიდეც მათი ენთუზიაზმის - როგორ შეიძლება წერო არავისთვის? ალბათ ძალიან უყვარდათ თავიანთი საქმე, გრაფომანიამდეც კი.
მიუხედავად ყველაფრისა, მათ მიზანს მაინც მიაღწიეს ნაწილობრივ - როგორც იქნა გამორთეს ლიტერატურა მართვითი სუნთქვის აპარატიდან. ავად თუ კარგად, მაინც მოახერხეს მისი გამოცოცხლება. თუმცა ვის რად უნდა ლიტერატურა, რომელსაც ორასი კაცი კითხულობს?
საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნა: ზომბები ისევ თავისას მიერეკებიან და მწერლები ჯიუტად არიდებენ თავს მათთან კონტაქტს. ამ უკანასკნელთ არც გაემტყუნებათ - როგორც წესი, კონტაქტის ნებისმიერი მცდელობა აგრესიის ურცხვი მანიფესტაციით მთავრდებოდა. მწერალს კი გმირობას ვერავინ მოსთხოვს. გმირობაზე ადვილი რაღაცეების გატარება და ფეხზე დაკიდებაა.
უფსკრულის გაღრმავების ეს ეტაპი ალბათ საბედისწერო შედეგებს მოგვიტანს მომავალში. არ დავიწყოთ ბრალეულობის ჩხრეკვა და დამნაშავეების ძიება, რადგან ყველაფერი ერთმანეთშია ჩახლართული. უბრალოდ მივყვეთ მოვლენებს.
4
მომავლის მწერლები და მკითხველის მოთვინიერება
ზემოთ გამოთქმული მოსაზრებები დეტალურ ჩხრეკვა-ძიებას არ ისახავენ მიზნად. მიზანი ერთი იყო - მკითხველს ბუნდოვანი წარმოდგენა მაინც შექმნოდა ლიტერატურის მთავარ პრობლემაზე: მკითხველის არყოლაზე.
ვინ არიან დღეს მკითხველები?
1) ახალგაზრდების საკმაოდ მცირე პროცენტი. მათი უმეტესობაც ან თავად წერს რამეს ან პროფესიიდან გამომდინარე უწევს ბევრი კითხვა.
2) საშუალო ასაკის ინტელექტუალები. ისინი ყველაფერს კითხულობენ, რაც ხელში ჩაუვარდებათ. თუმცა მათი რიცხვი იმდენად მცირეა, რომ მწერლის სამიზნე აუდიტორიად ვერ უნდა იქცნენ წესით. „მე ვწერ ინტელექტუალებისთვის!“ _ ხმამაღალი, სასაცილო და ცოტათი ბრიყვული განცხადებაა.
3) ასაკოვანი ხალხი. თუმცა მათ, როგორც მკითხველებს, ერთი თავისებურება აქვთ - ისინი მხოლოდ გალაკტიონს კითხულობენ. მათთვის გალაკტიონია მზეც, მთვარეც, ცოლიც, შვილიც, დედამიწაც, სამშობლოც და ადენომიანი პროსტატაც. მთელი ტრაგედია კი იმაში მდგომარეობს, რომ გალაკტიონსაც ვერ კითხულობენ ხეირიანად და სურვილს გიჩენენ, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ადგე, გახვიდე თავისუფლების მოედანზე, აძვრე წმ. გიორგის ქანდაკებაზე და მთელი ერის გასაგონად დაიძახო: „ერთი გალაქ(!)ტიონის დედაც!“. თუმცა ამას გამბედაობა სჭირდება და ის ავადსახსენებელი ქანდაკებაც იმხელაა, რომ ჩამოსვლას ვეღარ მოასწრებ.
საბედნიეროდ, ინტერნეტის ინტენსიურმა მოხმარებამ, მკითხველის აუდიტორია მცირედით გაზარდა (ეს პოსტაპოკალიპტური ზომბები გვიმტკიცებენ მხოლოდ, რომ ინტერნეტი წიგნს გაშორებს, სინამდვილეში არც მთლად მასეა საქმე), თუმცა ესეც არაა საკმარისი. თანამედროვე მწერალმა (უფრო სწორი იქნებოდა ტერმინი - „მომავლის მწერალი“) უნდა მოახერხოს ზომბების აუდიტორიად გადაქცევა. ეს ძალიან რთულია, შეუძლებელსაც კი წააგავს, მაგრამ ფაქტია, რომ ამის გარეშე არაფერი გამოვა.
ვისთვის წერენ საქართველოში?
როდესაც ერთი წამით მაინც გავივლებ გონებაში, რომ ჩემი ნაწერი მარტო ვინმე სათვალიანმა ცვედანმა უნდა იკითხოს ჭიქა ყავის თანხლებით, ცოტათი დეპრესიაშიც კი ვვარდები და უცხო ენების სწავლას ვაძლიერებ.
მეგობრები? მეგობრებზე გათვლილი მწერლობაც ვერაა მაინცდამაინც ეფექტური. ან ბოლო-ბოლო რამდენი მეგობარი უნდა გყავდეს კაცს მაქსიმუმ?
მეზობლებისთვის? ნათესავებისთვის? გარე ბიძაშვილებისთვის?
თუ დავუკვირდებით, გამოდის რომ ჩვენ საერთო ჯამში არც არავისთვის არ ვწერთ. უბრალოდ შეპყრობილები ვართ გრაფომანიით. არადა მართლა ნიჭიერ მწერლებს ვიცნობ ჩემს თაობაში (20-25 წელი), მართლა მჯერა, რომ ეროვნული ლიტერატურა ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება, მათი ნაწარმოებები თუ მკითხველამდე მიაღწევენ, თუმცა...
ჩემი თაობის მწერლების საქმიანობა ვერ წარმომიდგენია მკითხველის მოთვინიერების გარეშე. ყოველ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პოსტაპოკალიპტური ზომბები თავინთ შვილებსაც უკან მოუღრიცავენ თავებს და მანკიერი წრე არასდროს დაირღვევა. ქართული მწერლობა კი ძაღლს დაემსგავსება, რომელიც უფსკრულში გადასაჩეხად მიგოგმანე პოტენციურ მკითხველთა ქარავანს უსუსურად დაუყეფს.
მკითხველის მოთვინიერების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ნონკონფორმიზმი. ერთი შეხედვით პარადოქსულად ჟღერს, თუმცა არაფერი პარადოქსული ამაში არაა: ან ნონკონფორმისტი მწერლები გაიტანენ თავისას და მკითხველს თავიანთი ნაწერებიანად მოეხვევიან თავზე ან არადა კონფორმისტი მწერლები იბოგინებენ ისევ, კისერზე ზომბებმოხვეულები.
ნონკონფორმიზმში ექსცენტრულ ჩაცმულობასა და თმის ორიგინალურ ვარცხნილობას არ ვგულისხმობ. საუბარი მაქვს შემოქმედებით, „ჭკვიანურ“ (და არა მყვირალა და ზედაპირულ) ნონკონფორმიზმზე: ახალგაზრდა მწერალმა იმდენი უნდა მოახერხოს, რომ თან თავისი ტექსტი სხვადასხვა ხერხებით აკითხოს მკითხველს (ეს შეიძლება ერთგვარ კომპრომისადაც ჩავთვალოთ. რას ვიზამთ, აბსურდული ქვეყანა გვაქვს: ნონკონფორმიზმიც კი მცირედი კომპრომისების გარეშე წარმოუდგენელია) და თან თავისი სათქმელიც (რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ის) შეაპაროს მკითხველებს. დაახლოებით საბჭოთა კავშირის დასაწყისის მწერლისა და ცენზორის ურთიერთობას ჰგავს ეს ყველაფერი: ხელოვანები ახერხებდნენ სხვადასხვა ეშმაკობის გამოყენებით ცენზორების „დაბოლებას“. საზოგადოებაც დღეს ჩვენი ცენზორია და მომავლის მწერალი ვალდებულია ის „დააბოლოს“.
აზრი არ აქვს საკუთარი თავისთვის + 200 ადამიანისთვის წერას. ჩვენმა თაობამ თუ ვერ შეძლო საბოლოო, სისხლიანი, სასტიკი და გადამწყვეტი ბრძოლის გაჩაღება პოსტაპოკალიპტურ ზომბებთან, მაშინ ლიტერატურა ისევ სარეანიმაციო გახდება. ამისთვის კი საჭიროა საფუძვლიანი ამბიციები, საკუთარი ნიშის სწორად არჩევა და მთელი ცხოვრება გაუთავებელი ბრძოლა.
წერილს პათეტიურად დავასრულებ და ვიტყვი, რომ მაქვს იმედი პოსტაპოკალიპტური ზომბების სიკვდილისა და მათ ნაცვლად ახალი, ინტერესიანი, კითხვის სენით ზომიერად შეპყრობილი რასის გაჩენისა! დროა შევწყვიტოთ სხვადასხვა გზებით სხვადასხვა მიზნისკენ სიარული.


© azrebi.ge

No comments:

Post a Comment