Thursday, November 25, 2010

საუბრები ლიტერატურაზე – ბესო ხვედელიძე


თეონა დოლენჯაშვილი
მსოფლიო ლიტერატურულ იერარქიაში რიგით სამოსნებად ვჩანვართ


- ლიტერატურულ ჟურნალს რედაქტორობ და ყოველთვიურად ალბათ, უამრავ ახალ ტექსტს ეცნობი. როგორ შეაფასებ იმას, რაც დღეს იქმნება. როგორები არიან მომავალი თაობის ავტორები? და საერთოდ, როგორია თანამედროვე ლიტერატული ტენდენციები?
- ჟურნალის რედაქტორობა არაა იოლი საქმე. მით უმეტეს ისეთისა, როგორიც “ლიტერატურული პალიტრაა”. აქ მრავლადაა სხვადასხვა რუბრიკა, რომლებიც ეხმიანება ბოლოდროინდელ საზღვარგარეთულ ლიტერატურულ თუ ტექნიკურ პროგრესს – ამ უკანასკნელში ვგულისხმობ ბოლო ხანებში ჩვენში ფეხმოკიდებულ ლიტერატურულ ინტერნეტ-საიტებსა და ნაირ-ნაირ პორტალებს. ჯერჯერობით მათი უმრავლესობის სახე ჩემგან უფრო მეტ სერიოზულობას საჭიროებს. როგორც ვამჩნევ ბევრ მათგანს ძლიერი, კრეატიული და პროფესიონალური რედაქტორული ფილტრი აკლია. ალბათ, ნელ-ნელა ისინიც დაიხვეწებიან და ღირსეულად ჩაეწერებიან ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში. საერთოდ კი, ძნელია ავტორებთან მუშაობა. განსაკუთრებით ისეთ დამწყებებთან, რომლებსაც, როგორც წესი, თავი თინეიჯერობის ასაკიდან გენიოსები ჰგონიათ (როგორც წესი სწორედ ასეთები ტოვებენ ამ ასპარეზს ნაადრევად). ჩემი მხრივ, დეტალებში მახსოვს, ნამდვილ, გამოწვლილივით რედაქტორულ მუშაობას კაი ათი-თორმეტი წლის წინ ვეზიარე, როდესაც ჯერ კიდევ დებიუტანტს მჭიდროდ მიწევდა თანამშრომლობა დიდებულ ლიტ-გამოცემებთან: “არილი”, “ალტერნატივა”, “ქომაგი”, “სუფთა წერა” და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, დღეს აღარცერთი გამოდის, თუმცა კი დარჩა ის ძველი, ნამდვილი გამოცდილება, მუშაობის ის ყველაზე უტყუარი მეთოდები. ისინი ერთგვარი სტიმული და სასარგებლო გამაღიზიანებელიც კი იყო რედაქციის მხრიდან ავტორებთან ურთიერთობაში. მეც ვცდილობ არ დამავიწყდეს ეს ცოდნა – ვაწუხებ ავტორებს, ვწერ, ვურეკავ, მოვიკითხავ, ვაგულიანებ... ამის გარეშე ძნელია ბევრ მათგანში ლიტერატურული ჟინის აღძვრა, ვინაიდან ბევრი სხვა რამითაა დაკავებული. მომავალს რასაც ვუყურებ, საკმაოდ ნიჭიერი თაობა მოდის – საინტერესო პროზაიკოსებად უნდა ჩამოყალიბდნენ “ლიტერატურულ პალიტრაში” პირველად დაბეჭდილები მიშა ბახსოლიანი, ნინო ტეფნაძე, თამთა მელაშვილი, ირაკლი ფაღავა... უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდა გამოჩნდა ლადო კილასონიას სახით... ზემოთ ჩამოთვლილთა ძალიან დიდი იმედი მაქვს – უბრალოდ, აუცილებლად დაჭირდებათ ცხოვრებაში რძესა და ბულკზე მეტით გაზრდა, რომ ბევრზე მოუწიოთ ფიქრი, ჩარღმავება... სხვანაირად კარგი ლიტერატურა არც იქმნება. იმასაც დავამატებ, რომ არც ძველებს (უფროს თაობას) მობლაგვებიათ საბედნიეროდ კალამი, და ზოგი მათგანი იმ ასაკშიც შევიდა, საიდანაც როგორც ამბობენ იწყება კიდეც ნამდვილი პროზის წერა. საერთოდ კი კარგი, საინტერესო, მზარდი ლიტერატურა გვაქვს. ვინც არ მეთანხმება – გადაიკითხოს ამ ბოლო ოცწლეულში დაწერილი ქართული პროზა და პოეზია. ერთი უცხოეთისკენაა ფანჯარა შესაღები და დანარჩენს ისევ თავის ადგილზე დააყენებს უცხო თვალი და მომავალი. სკეპტიკოსებმა ცივი წყალი დალიონ – ბოლოს და ბოლოს ხომ წყალშია ჭეშმარიტება, რადგან ის არც ტკბილია და არც მწარე.
- რაც შეეხება უცხოეთში კარის შეღებას, რა არის ქართული ლიტერატურის ლოკალურობის მიზეზი? თავად ავტორების, ენის, თუ ეს უფრო თარგმნისა და საგამომცემლო პრობლემების ბრალია?
- ისევ და უფრო ენა, ენა და ენა. მისი მოქნილობა, გრამატიკული სირთულე, პლიუს მავან ძველთა ფეხებზემკიდიობა თუ უმეცრება ამ სფეროში ამ მომენტს ძალიან ავად დაეტყო. ქართული ენა დანარჩენი მსოფლიოსთვის ერთგვარი ჯავშანია. ამავდროულად ხომ დიდი ბარიერიცაა. მაგრამ არა მგონია, ამ ბარიერის არარსებობის შემთხვევაში, ის, რასაც ვწერთ და ვწერდით, რიგითი სამოსნის, პლებეის ადგილით დაკმაყოფილებულიყო მსოფლიო ლიტერატურულ იერარქიაში – ალბათ უფრო პირიქით. ეს უმკაცრესი “ენობრივი სავიზო რეჟიმი” უბრალოდ სასწრაფოდ გადასალახია. ჩემი ოპტიმისტური ვარაუდებიც ან დადასტურდება ან პირიქით. დასანანია, რომ სადაც ერს აქვს დიდი ნაწარმოებები პროზასა და პოეზიაში – არ გიცნობდეს თითქმის არავინ მსოფლიოში. და ეს უბრალოდ იმის გამო ხდებოდეს, რომ ძალიან დაბალ დონეზეა ჩვენთან ქართულიდან ნებისმიერ უცხო ენაზე თარგმნის საქმე.
- ამობენ, რომ თითქმის აღარ იქმნება მცირე პროზა. შენი აზრით, რატომ აღარ წერენ ქართველი მწერლები მოთხრობებს?
- ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას ვერანაირად. მე მგონი, თანამედროვე ქართველი მწერლები კარგ მოთხრობებს ზუსტადაც რომ წერენ, და უფრო რომანებშია არც მთლად ისე კარგად საქმე. პირად საზომად ჩემივე ხედვა მაქვს – ლამის არცერთი ქართული რომანის წაკითხვა არ მომინდებოდა, წინასწარ მათი მოკლე ანოტაცია რომ მცოდნოდა. ეს რა თქმა უნდა ყველა ტექტს არ ეხება. ისე – სიმართლე ითქვას, დღესდღეობით თანამედროვე ქართული ლიტერატურა მთელი ეპოქით და ათწლეულებით უსწრებს სათქმელით, გემოვნებით და სიღრმით სიტყვაზე ესოდენ ფსკერზე დაყვინთულ ქართულ კინემატოგრაფს. ამაში დასარწმუნებლად და ექსპერიმენტად უბრალოდ ამ ორივეს გულდასმით გადაკითხვა-გადათვალიერება გამოდგება – ბოლოს და ბოლოს უცხოეთში გატანა - ანუ უცხოს თვალით შეიძლება ამის გადამოწმება. და აღარ წერენო – ასე კატეგორიულად ვინ თქვა ნეტავ? ჩეხოვი და ბორხესი საფლავში უნდათ დააბზრიალონ? მე ვწერ, ზურა ლეჟავა წერს, ზაალ სამადაშვილი წერს, ბექა ქურხული წერს, ირაკლი ლომოური წერს, გურამ მეგრელიშვილი წერს, მარიანა ნანობაშვილი წერს, თეა თოფურია წერს, გელა ჩქვანავა წერს, ბაჩო კვირტია წერს, მაკა მიქელაძე წერს, თამრი ფხაკაძე წერს, რეზო თაბუკაშვილი წერს, დავით ქართველიშვილი წერს, მაკა ლდოკონენი წერს, მიშა ბახსოლიანი წერს, ნიკუშა ანთაძე წერს, თამთა მელაშვილი წერს, ნინო თარხნიშვილი წერს, ლადო კილასონია წერს, რატი რატიანი წერს. ხანდახან ლაშა ბუღაძეს და ზაზა ბურჭულაძესაც გაუვარდებათ ხოლმე ყარაულის თოფივით... ეს ამხელა რომანების წერაც რა გითხრათ – მე გრძელი სიტყვა მოკლედ მირჩევნია ვთქვა და მეორე კიდევ, სად მაქვს იმის დრო, რომ სამსაგვერდიანი ეპიკა ვაცხო. ახლა თუ დავით კლდიაშვილი და მიხეილ ჯავახიშვილი აღარ წერენ – მიზეზებზე სხვაგანაა გადასარეკი.
- მაგრამ წლის 15 საუკეთესო მოთხრობების კრებელების მიხედვით ამას ვერ ვიტყვით. თუნდაც, წლევანდელ კრებულს როგორ შეაფასებდი? რამდენად ასახავს ასეთი გამოცემები ჩვენს ლიტერატურულ სივრცეს და იმას რაც ამ სივრცეში ერთი წლის მანძილზე იქმნება? მე პირადად, ხშირად ვფიქრობ, რომ ეს უფრო კომერციული პროექტია, ვიდრე ლიტერატურული.
- მეც უფრო ამ კრებულების აშკარა კომერციულობას გავუსვამდი ხაზს, ვიდრე მათ წმინდა ლიტერატურულ ღირებულებას. ამაში ბოლო კრებულის მაგალითზე შეიძლება დარწმუნდეს ლიტერატურაში ნორმალურად ჩახედული და გემოვნებიანი ადამიანი – ეს ხომ მხოლოდ ერთი გამომცემლობის სუბიექტური და კომერციული გემოვნებით შედგენილი წიგნია. ეს თავადაც არაერთხელ აღუნიშნავთ ამ გამომცემლობის უფროსებს. დარწმუნებული ვარ – იგივე ტიპის წლევანდელ პროექტში მეტწილად სხვა მოთხრობები მოხვდებოდნენ – რომ შეედგინა ეს კრებული გამომცემლობა “დიოგენეს”, “საარს”, “სიესტას”... იგივე ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებს - ანუ მათ რომ სულ სხვა რედაქტორ-შემრჩევები ჰყოლოდათ მივიღებდით სულ სხვა შედეგს. უბრალოდ, სხვა ალტერნატიული წლიური კრებულის კრებული განსაზღვრავს “15 საუკეთესოს” პოპულარობას. დარწმუნებული ვარ, ამ კრებულის რეიტინგი განახევრდებოდა, მსგავსი ლიტერატურული წამოწყება სხვებსაც რომ შემოეთავაზებინათ. თან ისეთივე ან უფრო დიდი პიარით. ისე კი, მსგავს პროექტებს მუდამ აშკარა სუბიექტურობის დაღი აზის, და სიმართლე ითქვას, ვინაა რომ მთლად ობიექტური და შეუმცდარი ამ პლანეტაზე...
- კომერციასა და ლიტერატურაზე საუბარი რომ განვაგრძოთ. უნდა ვაქციოთ თუ არა წიგნი კომერციის ნაწილად? და უნდა იფიქროს თუ არა მწერალმა ამ მიმართულებითაც. შენ თავად ფიქრობ?
- მე გაცილებით ნაყოფიერად ვიმუშავებდი ლიტერატურაში, ელემენტარულად უფრო მეტი თავისუფალი დრო რომ მქონდეს და არ მიწევდეს პარალელურად ორ ტელევიზიაში მუშაობა საკუთარი თავის შესანახად. მოგეხსენებათ, ენერგიათა აქეთ-იქით, პარალელურ რეჟიმში ფლანგვა მაინცდამაინც ბევრ არაფერს იძლევა, როგორც ორი კურდღლის გაშმაგებული დევნა მხოლოდ წყვილი ფეხით, მაგრამ იქ მკითხველი გაიაფდაო, აქ წიგნებს აღარ კითხულობენო, 25 წლის ქვემოთ “წ”-ს და “შ”-ს გარჩევა უჭირს თაობასო. ალბათ ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი და სასარგებლო გამოსავალი იქნება დიდი პიარ-კამპანიის ჩატარება – რომლის შედეგადაც ქვეყანაში უბრალოდ ისეთივე სირცხვილად და უზნეობად იქნება უწიგნურობა მიღებული, როგორც პირდაუბანლად ან საჯდომგამოფხრეწილად ქუჩაში სიარული.
- თემას გავაგრძელებ და ბესტსელერების სპეციფიკაზე მინდა გკითხო. რა ტიპის წიგნები ხდებიან დღეს თანამედროვე მსოფლიოში ბესტსელერები? რა ნიშანი გამოარჩევს მათ?
- ხშირად მიწევს ლიტერატურულ ფესტივალებზე ყოფნა და უკვე აგერ 30 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. იქ უპირველესად ამ სფეროთი ვინტერესდები, მყავს უამრავი კოლეგა და მეგობარი, გამომცემელი და რედაქტორი. რასაც ვატყობ – მათი რეკომენდაციები ძალიან ახლოსაა ჰოლივუდის კინო-მრეწველობის ბოლო ნამუშევრების შინაარსთან: – გლობალური კატაკლიზმები, პლანეტარული პრობლემები, ადამიანთა ფიზიკური გაჩანაგების შიში, უცხოპლანეტელთა შემოსევა, მასობრივი ვირუსები, შავზე ბნელ იუმორში გადასული პორნოგრაფია თუ ინცესტი... მოკლედ თუ კინემატოგრაფს დავუკვირდებით – ამ მიმართულებით შექმნილ უცხოურ პროდუქციას გაცილებით მეტი მაყურებელი ეტანება ვიდრე პროზად დაწერილ რომანტიკულ სასიყვარულო ვოდევილებს თუ ჩაგრული ადამიანების ჩივილს საკუთარ ბედუკუღმართობასა და სამყაროს უკმაყოფილებაზე. ამ ტიპის მოთხოვნებმა საზღვარგარეთ ძალიან წინ წაიწია, თუმცა ამ მიმართულებით მე ქართულ ლიტერატურაში დიდ მუშაობას მაინც ვერ ვხედავ – მახსენდება ჩემი მხოლოდ ორი ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა დედამიწიდან მასობრივ ემიგრაციაზე (ერთ-ერთი 2002 წლის პენ-მარათონზე” დაიწერა და ლაურეატადაც აღიარეს)... მეტწილად კი, რაზეც ჩვენში იწერება – რაღაც ყავლგაცლილი რეალიზმი, პოეტური კიჩი ან ფოტოგრაფიული სიზუსტით აღწერილი “მართლა მომხდარი ამბებია”.…კიდევ კაი მანდ არა ვარ, თორემ ნამდვილი ამბების მოყოლა რომ ასე ძალიან მნდომებოდა “კურიერში” ან “მოამბეში” უფრო სიამოვნებით და წარმატებით დავიხარჯებოდი ჟურნალისტად. იქ ხომ, როგორც წესი, იმას ჰყვებიან – აგერ გუშინ რომ სადღაც რაღაც მოხდა და დედა რა გვეშველება... ნუ ეს მდაბიო და ქვითკიროვანი შეხედულებაც ვისი მოტანილია თავის დროზე?.. მე რასაც დავაკვირდი, ძირითადად ისევ ამ სფეროში დროებით მობანავე ვიღაც უნიჭო და შემთხვევითი ადამიანების. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ასეთებს უბრალოდ არ აქვთ წაკითხული არც გარსია მარკესი, არც ფიოდორ დოსტოევსკი, არც ბორხესი, არც კამიუ და სარტრი, არც ჰამსუნი, არც რუსთაველი, არც ოთარ ჭილაძე და არც მილან კუნდერა, არც სოროკინი, პელევინი, მამლეევი თუ მილორად პავიჩი... რაღაც ძალიან იმატა ამ ბოლო დროს უწიგნური მწიგნობრების რიცხვმა საქართველოში. მე სხვა ნავში ვზივარ, საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს და გვაცალეთ ბატონო...
- ცოტა ხნის წინ ატეხილ აჟიოტაჟსა და ახლაგაზრდა მწერლის ერეკლე დეისაძის წიგნზე რომ ვისაუბროთ. ამგვარი სტარტი საზიანოა იმისთვის, ვინც მწერლობას აპირებს, თუ პირიქით?
- ერეკლეს კარგად ვიცნობ და ვიცი რომ ნაკითხი, ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდაა. დარწმუნებული ვარ, რომ მას ნამდვილი და ძარღვიანი ლიტერატურული ცხოვრება ჯერ კიდევ წინ აქვს. ჩვეულებრივ რეალობაში თუ კიდევ უფრო მეტს ნახავს და გადაიტანს, გაცილებით მეტი სიღრმე ექნება ყოველ მის დაწერილ ნაწარმოებს. ეს არა მხოლოდ მას, ყველა იმ დებიუტანტს ეხება, ვინც გარისკა თავში და ისეთ საპასუხისმგებლო და სახიფათო საქმეს მოკიდა ხელი, როგორიც მხატვრული ტექსტის წერაა. მე ერეკლეს გულით ვგულშემატკივრობ და ვიცი, საკმაო შინაგანი ენერგია აქვს საიმისოდ, გაუძლოს ბევრს – დაუმსახურებელ წიხლს თუ კუპრნარევ თაფლს, კიდევ უფრო იმუშავოს საკუთარ თავზე, გახსნას ის სიღრმეები რაც ბევრისთვის მთვარეზე ექსკურსიის ტოლფასია ხოლმე.
- შენი ბოლო პროზაული კრებული “თაგვის გემო” ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტთა შორისაა. ამ პრემიის არსებობის მანძილზე შენ იყავი პირველი, ვინც საუკეთესო პროზაული კრებულების ნომინაციაში ეს პრემია აიღო. როგორ განვითარდა ამ წლების მანძილზე მწერალი ბესო ხვედელიძე? რა დაკარგა და რა შეიძინა მან. როგორია შენი ლიტერატურული სახელოსნო. როგორ წერ?
- “საბა” საჭირო ლიტერატურული წამოწყება იყო. ის არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის ქომაგი აღმოჩნდა, არამედ 90-იან წლებში ნავთის სუნზე და უშუქობაში დროგატარებული ერისთვის ახალ საუკუნეში მთავარ ლიტერატურულ გზამკვლელვად იქცა. მან ბევრ ავტორს, ბევრ კონკრეტულ წიგნს (და არა მხოლოდ გამარჯვებულს) გაუკეთა კარგი რეკლამა. ბევრი ხელჩაქნეული ადამიანი მიიყვანა კარგ წიგნთან და გადაატანინა რაღაც ძალიან პირადი ტკივილი. ზოგიერთთა ქილიკს ამ პრემიის მიმართ ალბათ მხოლოდ სუბიექტური ახსნა აქვს. უმრავლესობა მათგანი ხომ შინაარსობრივი არადამაჯერებლობის, ზერელეობის თუ კულუარულ ამბებში ჩაუხედაობის გამო ვერაფრით იქცა სიტყვაზე პრემიის ჟიურის მუშაობის პროფესიონალურ კრიტიკად და სერიოზულობამდე ოდნავადაც ვერ ამაღლდა. მე რაც შემეხება, შევიძინე ცხოვრების 7 წელი, უამრავი საინტერესო ადამიანი, წავიკითხე ბევრი კარგი წიგნი. მოვიარე რიგი ქვეყნები. ვწერ ყველგან სადაც მომიხერხდება – ტრანსპორტში, საწოლში, იატაკზე, წამოწოლილი, ზეპირად. ასევე ერთი აპრობირებული მეთოდი მაქვს მოთხრობებთან დაკავშირებით, რომლებიც თავში მწიფდებიან ისტორიებად – რაღაც ხნის შემდეგ მათ აუცილებლად ვუყვები ზეპირად ახლო მეგობრებს და ამით ვამოწმებ მათ დრამატურგიულ, კომპოზიციურ მდგრადობას. დაწერა უკვე სპორტი და უბრალო ხელობა ხდება, როდესაც იცი, თუ რა უნდა დაწერო. ჩემთვის ეგრეა და სხვა არ ვიცი როგორ წვალობს... ბოლო კრებულში, რომელიც აგერ “საბას” შორტ-ლისტში მოხვდა, 17 მოთხრობაა, რომელთაგან არცერთი არცერთ წიგნშია არაა შესული. ძირითადი ნაწილი დაიწერა ბოლო 2-3 წლის მანძილზე და ქვეყნდებოდა პერიოდიკაში. ჭრელი კრებული გამოვიდა, წინა კრებულთან შედარებით, სადა რაღაც გარკვეულ კონცეფციას ემორჩილებოდნენ იქ შესული ტექსტები. აქ ბევრი ნახავს თავის მოთხრობებს – სისხლი გინდა – ვედროებით, ბატონო... დიდი ღალატი, ნამდვილი სიყვარული, პარალელური სამყაროები, სიზმრების სამყარო, სექსი, მკვლელობები, გაუკუღმართებული ზნეობა და პატარკაცობა, მოსაფხიზლებლად გაწნული ალიყურები, ცრუ-პატრიოტიზმი და ძალიან ბევრი ფსევდო-თვისება – პერსონაჟები მეტწილად უარყოფითები, ანუ საუკეთესო მაგალითები – თუ როგორი არ მინდოდა არასდროს ვყოფილიყავი... ესაა და ეს.
© Weekend

No comments:

Post a Comment