Friday, November 12, 2010

ქეთევან მინდაძე - ქალაქის სული პოეზიაში


ქალაქს სული აქვს. ამით განსხვავდება ის ნაგებობებისა და ადამიანების უბრალო ერთობისაგან. ქალაქში კაცი მომთაბარეა, როგორც „პირველი მწყემსი ან პირველი მონადირე“ და ქალაქის სული იცავს მას თავისი თავის, ქალაქის სიცივისა და სიცარიელისაგან.
ქალაქის სული აზროვნებით არ შეიცნობა. ის უფრო მუდმივად ფორმირებადი განცდაა, რომელიც შეაძლებინებს ქალაქის მკვიდრს ხმაურიან დინამიკაში აღიქვას არსებობის სივრცე, დაიმორჩილოს ის თუ დაემორჩილოს მას.
„Идет по улице невзрачной любовник старый и красивый“...(იოსიფ ბროდსკი). ეს ქალაქია, რომელსაც “მანქანები და ხალხი ცრემლებივით სდის“ (მ.ლეკიაშვილი). ასეთი ქუჩა სოფლადაც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს მაინც ქალაქის ატმოსფეროა – ცუდად განათებული ქუჩა, რომლის „უბინძურესი სადარბაზოები“ პოეზიასაც კი არ დაგიდევენ (მ.ლ.). რა ქმნის ამ ქალაქურობის შთაბეჭდილებას? „უნაკლო, სწრაფი და წითელი სტროფი“ (მ.ლ.), გეოგრაფიული სიმბოლიკა თუ ქუჩის ფანტასტიური მიზანსცენები: “ქალაქის ღამე, სადაც თითო მანქანის ჩავლა თითო შროშანია ამ ღამის ველის“ (მ.ლ.), ესკორტები (რენე შარი), ქუდმოხდილი ვარსკვლავთმრიცხველი თუ ნეონის მუხლებიანი ვიტრინები ტროტუარებზე (მ.ლ.)?
ქალაქს თავისი ხმა აქვს, თავისი მეხსიერება. ნახევარბგერებით, ნახევარსუნთქვით იცნობა ქალაქის ხმა.
ქალაქის მეხსიერება მკაცრი შავ–თეთრი აკვარელია, რომელიც მომხდარის მქრქალ კონტურს იტოვებს, რომ მხოლოდ ინიცირებულთათვის აქციოს ცოდნად.
ქალაქის სივრცეში ინიცირება აბსტრაქტულ აზროვნებას მოითხოვს. განვითარებულ კულტურებში ქალაქის დინამიურობა ამძაფრებს ჭვრეტისა და შეცნობის უნარს და აყალიბებს მეამბოხეს, რეფორმატორს. ამიტომაც ფიქრობენ, რომ მსოფლიო ისტორიას ქალაქის ადამიანი ქმნის...
ქალაქის ადამიანი თავის პოეზიასაც ქმნის. ეს პოეზია მარტოსული ადამიანის მონოლოგია, რომელიც, თითქოს, ბერძნული თეატრის თავისუფალ სცენაზე წარმოითქმის. ცარიელ სცენაზე, სადაც ერთადერთი ცოცხალი ბუნება ადამიანის სხეულია და ერთადერთი ფიგურა ადამიანი.
დიდი ქალაქის მოაზროვნე პოეტები ანალიტიკურ–კრიტიკული ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. ისინი, თითქოს, ლექსებს კი არ წერენ, არამედ „ერთგვარ კაუზალურ ხიდს აგებენ პირველმიზეზსა და ყველაზე საბოლოო შედეგს შორის“ (ო.შპენგლერი). თუმცა, ინტუიციისა და ზეშთაგონების გზით ეს კონსტრუქცია მიწასთან კავშირს კარგავს და „ელვაზე აღმართულ ნაგებობას ემსგავსება“ (სენ ჟონ პერსი).
რენე შარი, იოსიფ ბროდსკი და მამუკა ლეკიაშვილი სამი სრულიად სხვადასხვა მოვლენაა დროითი კუთვნილების, შემოქმედებითი ინტერესების და წარმომვლობის მიხედვით. მაგრამ არის რაღაც მოსახელთებელი, რაც მათ აერთიანებს: ბუნებრიობა, სულის, სხეულის და მეტაფორის საგნობროვად ცხადი სიმტკიცე, რითმი, როგორც სიტყვების უეცარი შებმა, ორნამენტული ცნებების არარსებობა და აბსოლუტური მორჩილება ქალაქის ენის დიქტატისადმი. ისინი ყოფიერებას კი არ ახასიათებენ, არამედ ყოფიერების შიგნით ქმნიან და ქმნიან ზედმიწევნით სიმბოლურად. ეს სიმბოლურობა ქმნის არსებობის უნარიან მეტაფორას, რომელიც ზღვრული დაჭიმულობით არის სავსე.
აქ ვერ შეხვდებით ვერცერთ შემთხვევით სიტყვას, ვერავითარ უნებლიე სიტყვათა დენას. „სიტყვაკაზმულობა“ აქ არ არსებობს! („Prends l’eloquance et tords –lui son cou!“ - სწვდი სიტყვაკაზმულობას და მოუგრიხე მას კისერი.“პოლ ვერლენი). სპონტანური გამორიცხულია ამ პოეტებთან და ობსცენური ლექსიკაც ქალაქის ენისადმი მორჩილების გამოხატულება უნდა იყოს. “La parole depourvue de sens annonce toujours un bouleversement prochain.” (აზრს მოკლებული სიტყვა არეულობას მოასწავებს)–წერდა რენე შარი. უკონტროლო მოგონებები, უმნიშვნელო ხმაური, ცნობიერების ნაკადი, წყვეტილი შთაბეჭდილებები და დაკვირვებები აქ გააზრებულ მუსიკად იქცევა და მთავარი ხდება უნაკლო ტექსტის შექმნა.
მოძებნილია ახალი ფორმა, რომელიც ოდნავ უბრალოდ, ოდნავ მეტი სიზუსტით ხატავს ყველაფერს, რაც უკვე იყო, მაგრამ ახლა უფრო სრულყოფილი, მეტი სიღრმით დანახული, უფრო სადა და მნიშვნელოვანი მოჩანს. გარეგანი უბრალოების ქვეშ მრავალი უჩვეულო სურათია, სადაც ყველაზე ღრმა ადამიანური განცდები, ყველა შიში და სურვილი (თითქოს, შემთხვევით!), გონების მიერ გარდაიქმნება დროის, აუცილებლობის, სივრცის, სიყვარულის და სიკვდილის ფორმებად. აქ მოკლე ჩართვით ერთიანდება პოლუსურად საწინააღმდეგო ნამდვილი და გამოგონილი სახეები და სინათლის ნაკადად აღიბეჭდება მეხსიერებაში. “მთებიდან ზღვამდე შორს იმდენი მგალობელი ყელი აქვს საღამოს მშვენიერ ომს, რომ შურს გაკმენდილ ტყეს“(მ.ლ.); “Как будто жизнь начнется снова, как будто будет свет и слава, удачный день и вдоволь хлеба, как будто жизнь качнется вправо. качнувшись влево (იოსიფ ბროდსკი); “Et des levres du brouillard descendit notre plaisir au seuil de dune, au toit d’acier”(ჩვენი ნეტარება ნისლის ტუჩებით ეშვებოდეს დიუნების ზღურბლთან, ფოლადის სახურავთან - რენე შარი).
მათ პოეზიაში, როგორც ბერძნულ ფრესკაზე, ვარსკვლავი, ღრუბელი, ჰორიზონტი – არ ჩანს. მაგრამ თუ ჩნდება, ის (ვარსკვლავი, ღრუბელი, ჰორიზონტი) არასოდეს ქმნის რაღაც მიუწვდომელის შთაბეჭდილებას და არის არა პასიური ჭვრეტის საგანი, არამედ ადამიანის სიმაღლეზე არსებობს და მისი ყოველდღიური სენსუალობის ნაწილია. ლექსში სიყვარულზე ყველაფერი შეიძლება იყოს: ქალის ნაკვთები, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ღრუბლები, პეიზაჟი, უსულო საგანი, მაგრამ მკითხველმა იცის, რომ, ის სიყვარულით შთაგონებულ ლექსს კითხულობს – იმდენად ინტენსიურია ყურადღება სამყაროს ყველა დეტალისადმი. ეს ინტენსიურობა ფლობის დროებითობის შეგრძნებას უკავშირდება. სიყვარული, რაღაც სასრულის (ადამიანის) დამოკიდებულებაა უსასრულოსთან – ეს არის ფლობის დროებითობის მიზეზი და ამ გაუნელებელი ტკივილის სიტყვიერ გადმოცემას წარუვალი პოეტური ხმა სჭირდება – ზუსტი და ნიუანსებით მდიდარი..“A present disparais, mon escort, debout dans la distance:la douceur du nombre vient de se detruire. conge a vous, mes allies, mes violents, mes indices.tout vous entraine, tristessse obsequieeuse. J’aime.“ (ახლა კი გაქრი, ჩემი ესკორტო, შორს აღმართულო: განადგურდა რიცხვთა სინაზე. დამტოვეთ ჩემო მოკავშირეებო, ჩემო სწრაფებო, ჩემო ნიშნებო. პირმოთნე სევდამ აგიყოლიათ თქვენ.მე მიყვარს. - რენე შარი).
„დეტალებისა და სიყვარულის ყოვლისშემძლე ღმერთთან“ (ბორის პასტერნაკი) რენე შარის, მამუკა ლეკიაშვილის და იოსიფ ბროდსკის კავშირი ბუნებრივია, მაგრამ ამ კავშირს ახლავს რაღაც შეკავებული სასოწარკვეთა, რომელიც, ალბათ, მძიმე გამოცდად აქცევს ლექსის წერას ამ პოეტებისათვის.
სამივესათვის ორგანულია ამტანობაზე გამოცდის მდგომარეობები. მათ სულზე და სხეულზე აღბეჭდილია სიკვდილის საფრთხის ქვეშ სამართლიანობის აღდგენისათვის ომის კვალი. აქედან, სრულიად გაცნობიერებულია დამოკიდებულება თავისი საქმისადმი – პოეზიისადმი, სრულიად ცხადია მოქალაქობრივ-ზნეობრივი პოზიცია ლექსის წერის დროს.
სამივესათვის უცხოა საკუთარი თავის და გარემოს კეთილგანწყობილი აღქმა. ისინი თითქოს გახანგრძლივებული კრიზის მდგომარეობაში ცხოვრობენ. განუსაზღვრელობა, ერთი წარუმატებლობიდან მეორეზე გადასვლა, მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ისინი ცოცხლობენ „ხიფათიანი სიცოცხლით,“ რასაც სიცოცხლის ერთადერთ ფორმად თვლიდნენ ნიცშე და კიერკეგორი. თუმცა, ნიცშესაგან განსხვავებით, ამ პოეტების ანთროპოლოგია ინდივიდუალური კია, მაგრამ სავსეა ადამიანისადმი სიყვარულით.
ყველა შემთხვევაში, მათი ხმა შეუვალია. ისინი, თითქოს, რაღაც ძალაუფლებას ფლობენ! სამივე ხელშეუხებელი პრივატულობით გამოირჩევა, ერთგვარი ჰერმეტიზმით. სამივე დაუნდობელი და მკაცრი ნოტებით წერს, სამივე კამიუს მარტოობის პარტიის წევრია და ასე მთელი სიცოცხლე – „против шерсти“ (ი.ბროდსკი). ერთია: ამ სიმარტოვეს გულუბრყვილო და სევდიანი თვითირონიაც ახლავს: კოლოსივით დიდი და ძლიერი რენე შარი – პატარა წარუმატებელი კინოროლებით; იოსიფ ბროდსკი – ვესტერნის აპოლოგეტი; მამუკა ლეკიაშვილი – პერფორმერი, რომლის პოსტმოდერნისტული სახელია “ჯო დასტინგერი“. (“ეჰ, ჯო!“). “რადგან ვერაფერი მე ვერ ვნახესავით, დილით ჩამოვივლი მევენახესავით დაკვალულ ოთახებს, ლოჯსა და დერეფანს, აქ კარზე ურდული ღიაა ქარისთვის და ნაცვლად მტევნების, მე ხელში შემრჩება ტილო გაწურული, რომელიც მაგივრად მტრის, რისხვაა მტვრის“ (მ.ლ.). შეიძლება, ეს თვითდაკვირვების საჯარო აქტებია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სამივე შემთხვევაში, სიცოცხლის წესი პოეზიაა, პოეზიაა სიცოცხლის ერთადერთი საშუალება.
სამივე პოეტთან ხშირად გვხდება მგზავრის, მოგზაურის სახეები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე დროში არსებობენ „სახელ და სახლმოჭრილნი“ (მ.ლ.) და თანაბრად ეკუთვნიან უდაბნოსა და ქალაქს. დინამიურ სამყაროში,სადაც არაფერია მუდმივი და მარადისობა სიცოცხლის ტოლია, სადაც შეუძლებელია „დარჩე ზმნის სტრატოსფეროში, რადგან ახალ ცრემლებში უნდა ამაღლდე და გასწიო წინ, ელვის სისწრაფით, ელვის, რომელიც პოეზიას აგრძელებს და სიკვდილს ჯობნის“ (რენე შარი) – მიწის სტატიკა მოსაწყენია. ქალაქში მიწა ან გზაა, ან ქუჩა. მგზავრისთვის, მოგზაურისათვის „წარმოუდგენელია სიცოცხლე წინ შეუცნობის გარეშე“ (რენე შარი). დაუღალავია მათი სვლა. თითქოს, „გზის შვიდი მერვედი“ (მ.ლ.) გავლილი აქვთ, მაგრამ მერვე მერვედის გავლას სიცოცხლის ფასი აქვს, გზას კი არც ბოლო აქვს, არც სახელი: ”Les routes qui ne dissent pas le pays de leur destination, sont les routes aimees.” (გზები რომლებიც თავისი მიმართულების ქვეყნებს არ ამხელენ, კარგი გზებია - რენე შარი). ამ გზაზე მხოლოდ აქა–იქ მოსჩანს ოდნავ მანათობელი სადგურები, სადაც ქალაქის სული პოულობს მოგზაურს (მ.ლ.) და „ტუჩებზე ღამის ქიმერისაგან დარჩენილ სინოტივეს“ (რენე შარი), როგორც „ხელის ყვავილს“ (რენე შარი) უწვდის მას.
„რაც უფრო სიმბოლურია საგანი, მით უფრო არსებობს ის“ (მარტინ ჰაიდეგერი). ნამდვილი პოეზია ეხება საგანს და რაღაც გამოუთქმელს ანიჭებს მას, ალბათ იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ შეგვაძლებინოს, ვუსმინოთ გამოუთქმელს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:

Post a Comment