Thursday, January 20, 2011

გივი ალხაზიშვილი - გარდასახვის უწყვეტობა


“ფრაქტალები”, ასე ჰქვია ლელა სამნიაშვილის ახალი ლექსების კრებულს, რომელიც გამომცემლობა “სიესტამ” დაბეჭდა.
“გაფრენა. ლილიტი” იმ სარკმლის გამოღებას ჰგავს, საიდანაც წიგნის კონტური ჩანს, როგორც კრებულის სათაურის მინიშნება ან მინიშნებაზე ბევრად მეტი, რადგან “ფრაქტალი” შემთხვევით დარქმეული სახელი კი არა, უმთავრესი კონცეპტია, რამაც ერთ “ჭერქვეშ” მოაქცია ამ წიგნში შეტანილი ყველა ლექსი და თავიდანვე აღმოუჩინა ფრაქტალის ხვედრი ლექსებს, სიტყვებს, ადამიანებს - გარკვეულწილად, როგორც თოვლის ფიფქებს და პეპლებს, უსულო არსებებს, რთულ გეომეტრიულ ფიგურებს, რომელთაგან თითოეული საწყის მთლიან ფიგურას ჰგავს.Eეს არის უსასრულო ფიგურა, რომელიც შედგება ერთმანეთის მსგავსი ფიგურებით. ყოველი შემდეგი ნაწილი მიიღება წინას მასშტაბის შემცირებით. როგორც ლელა სამნიაშვილი ამბობს: “ბუნებაში ბევრ ობიექტს აქვს ფრაქტალური თვისებები, მაგალითად ფიფქს, გვიმრის ფოთოლს, სისხლის მიმოქცევის სისტემას. ჩემი აზრით, ადამიანებიც ერთგვარი ფრაქტალები არიან – ოღონდ, დროის ჭრილში უფრო მეტად, ვიდრე სივრცის. საკუთარ მსგავსს აჩენენ, ზრდიან და გზას ასე აგრძელებენ.”Mმისი აზრით ფრაქტალებია ერთმანეთში გარდამავალი სიტყვები და ცნებები და შესაბამისად ლექსებიც ფრაქტალებია.
ასეთი კონცეფცია თავისთავად უშვებს რაციონალურისა და ირაციონალურის თანაარსებობას, რაც ძალიან საინტერესოა, რადგან რეალობიდან მირაჟამდე და ღრუბლიდან ტუტანჰამონამდე გარდასახვის მრავალვარიაციული საშულება არსებობს ჩვენგან დამოუკიდებლად, როგორც ბუნების ამოუწურავი დინამიკა, უწყეტი სახეცვლილება, იმ ბუნებისა, რომელიც მბრძანებელია და თავისივე თავის მონაა - ამავდროულად.
შორს რომ არ წავიდეთ, აქვე ვიტყვი, რომ ფრაქტალური წარმოშობის უწყვეტობა კოსმიური წრებრუნვის ანარეკლია ან ბუნებრივი გაგრძელებაა.
როცა ვსაუბრობთ ადამიანთა ერთგვარ ფრაქტალურობაზე, უფრო რთულ პრობლემას ვაწყდებით, რადგან ადამიანი არ არის მხოლოდ გეომეტრიული სხეული და საერთოდ, - მხოლოდ სხეული, თუმცა, ფრაქტალურობის მონაწილეობა ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში, საკმაოდ საგრძნობია.Aასე რომ, ლელას არჩეული კონცეპტი, რომელიც ამ ახალ წიგნს დაედო საფუძვლად და სათაურშივე გაცხადდა, ძალიან საინტერესოა.
მე ახლა მოვიმარჯვებ ფრაქტალურ ჭოგრიტს და ხან ერთი და ხან მეორე მხრიდან, მასშტაბის გაზრდითა და შემცირებით შევეცდები რამდენიმე მოსაზრება გავუმხილო მკითხველს.
ლელა სამნიაშვილი უაღრესად თავისუფლად ფლობს პოეზიის ენას, იმდენად თავისუფლად, რომ ზოგჯერ ეკაიფება კიდეც ენას და ეს სრულყოფილი ფლობისა და ნიჭის დასტურია. სიტყით თამაშს ირონიის თანხლებით, კარგახანია შევეჩვიე მის ლექსებში, სადაც იშლება ზღვარი მწუხარებასა და თამაშის სილაღეს შორის და ჩემი აზრით, ეს, ძალიან მნიშვნელოვანი სიმსუბუქეა, ოღონდ მოჩვენებითი, რადგან სააზროვნოს უფრო მეტს აჩენს, როცა თამაშში გვითრევს:

კისერზე – ფოტოაპარატი –
ჭკვიანი ლულა –
არ კლავს, აშეშებს;
რომ გქონოდა ასე შებმული –
იმ ბიბლიური განცხრომის და მხიარულების
ბაღში, კადრების გადარჩენას –
ალბათ შეძლებდი.

მსუბუქი ირონია - “ჭკვიანი ლულა არ კლავს აშეშებს” ღიმილისმომგვრელია, მეტადრე მცდელობისას: “იმ ბიბლიური განცხრომის და მხიარულების ბაღში, კადრების გადარჩენას - ალბათ შევძლებდი...”, რადგან ასეთი სურვილის ასრულება მეცნიერული მიღწევების გათვალისწინებითაც შეუძლებელია და ავტორის ირონია უფრო ნიღაბია, საიდანაც პირველცოდვის ასლს უნდა მოვკრათ თვალი.Aამის დასტურად ლექსის ფინალიც იკმარებს, რომელშიც “დაკარგული სამოთხის” თემა ხელახლა წამოიჭრება, როგორც კაცობრიობის გაბმული ტკივილი.

“თვალებს ფოთლებს შორის გადამალავდა
და სათითაოდ ისრუტავდა ზეცის ძაბრიდან
სიტყვებს.
და ბაღსაც დასცქეროდა, როგორც ლაბირინთს,
რომელსაც ჰქონდა სახურავი,
მაგრამ გაფრინდა.

/გაფრენა. ლილიტი”/

თუმცა, როგორც “ტორნადო – არათითზე – შენი ბეჭედი -
ჯერ კვლავ ტრიალებს, არ შეკრულა, ჯერ კვლავ სისინებს
ყურთან – სამოთხის მეგობარი.
/”ალბომის დაწყება”/

აი, ისევ ჩნდება სამოთხის მეგობარი და არათითზე ტორნადოსავით დატრიალებული ბეჭედი - ორაზროვანი ღიმილის დაუზუსტებელი საზრისი, რომელიც გამოსჭვივის ღიმილსა და დაფარულ განცდას შორის და მოძრაობს ხან გაბმულ, ხან კი მოკლე ანჟაბემანის თანხლებით.
ანჟაბემანი მის კონვენციურ თუ ვერბლანურ ლექსებში ჩვეულებრივი მოვლენაა და სტროფის დაშლილი სტრუქტურა წყდება და ებმის ერთმანეთს, იმის მიხედვით თუ რას კარნახობს სათქმელი და მუსიკალური საფეხური ანუ კონვენციური აუცილებლობა, ოსტატურად რომ ასრულებს იგი.

მეგობრებმა არქტიკული სილურჯისკენ
თვალების თაფლი გამომაყოლეს,
ტბებმა ყინული გადაიკრეს, რომ გადამევლო,
შენ – ჰაერივით შემომეხვიე,
რომ მეყო ასე – სუნთქვის ბოლომდე.

/”ფარდაგი/

Mმის ლექსებში ფერადები სჭვივის დროდადრო. ფერი, ფერადოვნება ტროპის განუყრელ ატრიბუტია, ოღონდ არა მხოლოდ, როგორც დეკორი,
არამედ, როგორც სიტყვის დამხმარე საშუალება - ამა თუ იმ განცდის უკეთ გადმოსაცემად. ”ჰაერივით შემომეხვიე, რომ მეყო ასე - სუნთქვის ბოლომდე” - შესანიშნავია თავის უბრალოებით და სინაღდით.


ხეების სუნთქვა, ამოსუნთქვა – ნახევარი წელიწადია.
ამიტომაც ბერდებიან ასე ნელა, ასე ჰაერში.

/”რქა”/

რამდენად არის ფრაქტალი ეს ორი სტრიქონი, ახლა აქ რომ ამოვიწერე, ამაზე დავფიქრდი, ან ფრაქტალად ყოფნა თუ ფრაქტალობა მხოლოდ მეტაფორაა, რომელიც კონცეპტის დინამიკას გამოხატავს თუ ცხოვრების, არსებობის, სიცოცხლის წესი?!

მათ სხეულზეა დაგეშილი ქალის თითები
და მამაკაცის სურვილი – იყოს მათზე სწრაფი,
მათზე სასტიკი. ისინი – ხახის დაღებამდე,
გაზმორებამდე – გვანან სამოთხის დეკორაციებს.

/”რქა”/

ამ ოთხი სტრიქონის დეტალურ ანალიზს არ ვაპირებ, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვაყურადებ სიტყვას - სამოთხე, რომ აღარ მახსოვს - მერამდენედ შემხვდა ლელას ლექსებში მსგავს და განსხვავებულ კონტექსტში. ეს არ არის ბიბლიური სამოთხის კლასიცისტური ილუსტრაცია, უფრო შეგრძნებით მიახლოებაა იმასთან, რასაც გონებით ვერ მიწვდები და ამიტომაც არის ბუნებრივი და გადამდები.
თავისებური ხედვა აქვს ლელა სამნიაშვილს წრებრუნვიდან თავდახსნის გზის ძიებისას. თუმცა იგი წრებრუნვას არც ახსენებს და ნემსის ყუნწუდან თავდახსნაზე მიგვანიშნებს. გახსოვთ, ალბათ: ”ჯვარს ეცვი თუ გინდა საშველი არ არის...” დაახლოებით იგივე დასკვნამდე მიდის იგი ლექსში ”მერვე დღე”, მაგრამ სრულიად განსხვავებული პოეტიკის წყალობით და ალუზია ღრმად არის შემალული სათქმელში.

ისევ შვიდი დღე. წმინდა სცენარით
გამორიცხული აწმყო – გაღწევა –
ერთადერთ დროში.
მცენარეებიც –
ქარის ნებაზე – დღეებს არწევენ
და რა თქმა უნდა, ნაკლებს სცოდავენ,
დაუწერელზე რადგან არ წერენ.

ასე რომ, არავის აქვს “შანსი – ნემსის ყუნწიდან გაექცეს ამ წრეს..?
ლელა სამნიაშვილის ლექსებში ვერ წააწყდებით ე.წ. საალბომო ლექსებს, ასე იოლად და კარგად რომ საღდება, როგორც მასკულტურის ხმაური. იგი სერიოზული და მაძიებელი პოეტია და ყოველთვის ინტერესით ვადევნებ თვალს მის ახალ პუბლიკაციებს და ცხადია, ახალ წიგნებსაც.
საგრძნობია მის ლექსებში მრავალფეროვანი თემატიკა და ხატვის საკუთარი მანერა, სხვაში რომ არ შეეშლება დაკვირვებულ მკითხველს.

თან – გიყვარვართ. თან – არ გაგვიშვებ.
ღეროვან უჯრედს არასოდეს ამოეზრდები.
მიხაკის პლუში, ლომის ხახა, მამლის დეზები,
მათი ნაჯვარი – ათასგვარი ამოეზრდება.

/”მავთულხლაერთებში ვარსკვლავები”/

ნახეთ როგორი დეკორია, - სიტყვებით თამაშის და თავისუფალად წერის საგულისხმო შედეგი: “მიხაკის პლუში, ლომის ხახა, მამლის დეზები”... ცალკე აღებულიც კი თვალშისაცემია, ხოლო კონტექსტში ორმაგდება ზემოქმედება.
Lლელა სამნიაშვილის ახალი ლექსების კრებული ”დილისპირულით” მთავრდება და ცხადია, ისიც მართას ეძღვნება, როგორც მთლიანად ეს მშვენიერი კრებული, მართას - ყველაზე უმრწემესს და ძვირფასს.
ვინც ლელა სამნიაშვილის პოეტურ კრებულებს და პუბლიკაციებს იცნობს და მოელის, იგი კიდევ ერთხელ აღმოაჩენს, როგორ იცვლება და მრავალფეროვანდება ლელა სამნიაშვილის, ამ შესანიშნავი პოეტის შემოქმედება.
ამ პატარა რეცენზიაში ვერ შევძელი მესაუბრა ყველა ლექსზე, მაგრამ შევეცადე მთავარზე გამემახვილებონა ყურადრება.
მთავარი კი ის გახლავთ, რომ ჩემი უმცროსი კოლეგა გამორჩეული პოეტია და
ეს ფაქტი ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან ჩვენი ლიტერატურული მეგობრობა, გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება.
”ფრაქტალი” არა მარტო მის ახალ ლექსებს, ახალ მკითხველსაც მიიზიდავს
პოეტური ხელოვნების მუდმივი ცვალებადობის, ფრაქტალური გარდასახვების უწყვეტ პროცესში.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:

Post a Comment