Friday, January 14, 2011

მალხაზ ხარბედია - ზურაბ ლეჟავა – ალალი მწერალი


AUDIO

ზურაბ ლეჟავა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე ქართველი პროზაიკოსია. მართალია დღემდე მისი 5 წიგნია გამოცემული, თუმცა ფართო მკითხველს ჯერ კიდევ არ აღმოუჩენია ეს მწერალი.

წლევანდელ “საბაზე”, ნომინაციაში “წლის საუკეთესო პროზაული კრებული” ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი იყო ნომინირებული. “ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში” ასე ჰქვია ზურაბ ლეჟავას მოთხრობების სრულ კრებულს, რომელიც “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” დაბეჭდა. ეს მოთხრობები ადრე სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში დაიბეჭდა, შემდეგ ავტორის კრებულებშიც შევიდა, ზოგი ნაწარმოები ცალკეც გამოიცა, რამდენიმე თვის წინ კი ბაკურ სულაკაურმა ყველა ამ ტექსტს თავი მოუყარა და ერთ წიგნში გააერთიანა.

ზურაბ ლეჟავას 90-იანი წლებიდან ვიცნობ, მისი პირველი ნაწერები “არილში” დაიბეჭდა. მკითხველს ეხსომება მისი მცირე რომანი, “იყიდეთ ჩვენი სულები”, რომელიც “არილში” გაგრძელებებით ქვეყნდებოდა და ამ ტექსტის ბინადარი უცნაური პერსონაჟები – ზარღრა, ბანჯგვლაეთერო და სხვ. ამ უაღრესად ნატურალისტურ, შავი იუმორითა და უხეში ფანტასმაგორიულობით გაჯერებულ მოთხრობებს მაშინ ბევრმა მიაქცია ყურადღება, ზურას მოთხრობები თითქმის ყველა მაშინდელმა პერიოდულმა გამოცემამ დაბეჭდა, თუმცა ქართული პროზის მეინსტრიმში იგი მაინც ვერ მოხვდა, ხოლო ბაკურ სულაკაურის აზრით, ზურაბ ლეჟავა დღემდე რჩება ყველაზე დაუფასებელ თანამედროვე ქართველ მწერლად:

“არ ვიცი რამ განაპირობა ეს, მაგრამ ფაქტია, რომ ზურაბ ლეჟავა არის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი თანამედროვე ქართველი მწერალი. დაუფასებელი არამხოლოდ იმიტომ, რომ მას არ მიუღია არანაირი პრემია, რომ მისი ტირაჟები არის ძალიან მცირე, არ ეწყობა მისი წიგნების პრეზენტაციები, არ განიხილავენ მის ნაწარმოებებს... არამედ იმიტომ, რომ ძალიან ბევრს საერთოდ არ გაუგია მის შესახებ. რამდენიმე დღის წინ ჟურნალ ტაბულაში გამოქვეყნდა ზაზა ბურჭულაძის რეცენზია ზურაბ ლეჟავას წიგნზე და ძალიან საინტერესოა, რომ მან ზურაბ ლეჟავას ქართული პროზის ფიროსმანი უწოდა. კარგი და ზუსტი დაკვირვებაა, რადგამ ეს არის მართლაც თვითნაბადი ტალანტი, რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება”.

ზურაბ ლეჟავას კრიტიკის და მკითხველის ყურადღება ნამდვილად სჭირდება, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ იგი საგანცხრომო საკითხავია. ესაა სერიოზული ლიტერატურა სერიოზული თემებით, ხშირად უკიდურესაც არასერიოზული და მოულოდნელი გადაწყვეტითაც. ძალიან ბევრი ჟარგონით, პირდაპირობით, ერთი მხრივ სიმკაცრით, მეორე მხრივ კი გულუბრყვილობით, რომლის მიღმაც საოცარი ცოდნა, პირადი გამოცდილება და უზღვავი ფანტაზია დგას. დღემდე მახსოვს მისი მოთხრობებით მოგვრილი შთაბეჭდილებები, რომელიც ხან ხარხარის ხასიათზე მაყენებდა, ხანაც მანცვიფრებდა თავისი გაბედულებითა და მახვილგონივრულობით. “მსტოვარი და მზვერავი”, “დიდი ჭუჭუა და პატარა ჭუჭუა”, “მილიონი ბედნიერება” და “მაცივარი სექსისა წილ” ის მოთხრობებია, რომელიც ქართველ მკითხველს სულ სხვანაირ თანამედროვეობას დაანახვებს. სხვათა შორის, “მაცივარი სექსისა წილ” იყო ის მოთხრობა, რომლის მეშვეობითაც პირველად გაიცნო ბაკურ სულაკაურმა ზურას ნაწერები:

“დაახლოებით 8-9 წლის წინ გადავწყვიტეთ გამოგვეცა ასეთი კრებული, რომელსაც დაერქმეოდა 15 საუკეთესო ქართული მოთხრობა. ამის შემდეგ არაერთხელ გამოვიდა ეს კრებული, მაგრამ მახსოვს, პირველს როცა ვადგენდით, ბუნებრივია წავიკითხე ყველაფერი, რაც წინა წელს გამოქვეყნდა სხვადასხვა პერიოდულ ლიტერატურულ გამოცემაში. და ერთ-ერთმა მოთხრობამ, რომლის ავტორი ჩემთვის სრულიად უცნობი იყო, მოთხრობას ერქვა “მაცივარი სექსისა წილ”, ჩემი ყურადღება მიიპყრო წერის სრულიად ორიგინალური მანერით, არაჩვეულებრივი ექსპრესიულობით და გარდა ამისა, იუმორის ძალიან ღრმა გრძნობით. ამ ავტორის სახელი და გვარი მანამდე, როგორც გითხარით გაგონილი არ მქონდა და ეს იყო ზურაბ ლეჟავას მოთხრობა”.

დიდხანს შეიძლება საუბარი ზურაბ ლეჟავას წერის მანერაზე, ენასთან მის დამოკიდებულებაზე. უცნაური ჟარგონით გადავსებული ეს ენა ძალზე ზუსტია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის შეიძლება მიუღებელიც იყოს ამგვარი სიზუსტე. ავტორი თავადაც წერს ხოლმე ამგვარი უხერხულობების შესახებ, როცა მას უჭირს ქართულად იმის გამოხატვა, რასაც ოდესღაც, რომელიღაც საპატიმროს ბინადრები ასე პოუტურად გამოხატავდნენ.

“ნაივურია, ენის მიმართაც ნაივურია. არამარტო სიუჟეტის, არამარტო ამბების მიმართ, არამედ ყველაფრის მიმართ მისი მიდგომა არის ნაივური. ასეთი ტიპის პროზა აქამდე მართლა არ მინახავს. ყოველ შემთხვევაში ქართულ ლიტერატურაში ნამდვილად არ ყოფილა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, და ამ მხრივ არის სწორედ საინტერესო. ესაა უცნაური მიდგომა ყველაფრისადმი და ეს ნაივურობა ყველაფერში ჩანს და მათ შორის ენასთან მიმართებაშიც. იგი ძალიან ჩვეულებრივად უდგება საკითხს, იყენებს რუსულ ჟარგონს, ან ნებისმიერ ქართულ სიტყვას, ოღონდ ყოველთვის ისე შევცლის მას, როგორც თვითონ ახსოვს. მან შეიძლება არც გადაამოწმოს ამ სიტყვის მნიშვნელობა. არიან მწერლები, რომლებიც ყველაფერს გადაამოწმებენ, ასჯერ გაზომავენ, გაჭრიან და ა.შ. შესაძლოა ზურაბ ლეჟავა მუშაობს ენაზე, და შეუძლებელია არ მუშაობდეს, იმიტომ, რომ შესანიშნავი ტექნიკის მქონე მწერალია, მაგრამ აი იმ ნაივურობის განცდის ქვეშ მუშაობს”.

ნაივურობის შედევრია მოთხრობა “მილიონი ბედნიერებაც”, რომელიც ალბათ ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია ზურაბ ლეჟავას ნაწერებს შორის. მასზე ადრეც ვწერდი (http://www.tavisupleba.org/content/blog/1874595.html) და დღესაც მინდა გავიხსენო გაცოცხლებული ძეგლების ისტორია, რომელიც ქალაქ თბილისის მოსახლეობას დაერევიან. ამ ფანტასმაგორიაში მოვლენები ელვის უსწრაფესად ვითარდება, ძეგლები გამუდმებით თავს ესხმიან მოქალაქეებს, მაგრამ სრულიად უშედეგოდ, ძეგლები ადამიანებს ვერაფერს აკლებენ. და აი, ამ დროს ავტორისეული ნაივურობა საოცარ სიზუსტეს აღწევს:

ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი მოსახლეობა, თუ მთლიანად არა, ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი მაინც, უკვდავი იყო. უმეცრებითა და უტიფრობით აღსავსე ღალატიანი ჩვენი მაშინდელი ხალხი მართლაც უკვდავი იყო, რადგანაც ამ უხერხემლო, უცხვირპირო, უსულგულო არსებათა მოკვლა პრაქტიკულად შეუძლებელი გამხდარიყო. ისინი ყველა შემთხვევაში მხოლოდ სახეს იცვლიდნენ და ასე სახეცვლილნი განაგრძობდნენ თავიანთ არსებობას. თუ ვინმე მათ სამოსს შემოახევდაიცვლიდნენ სამოსს. თუ ვინმე ტყავს გააძრობდაიცვლიდნენ ტყავს, თუ ვინმე ხორცებს შემოაგლეჯდაიცვლიდნენ ხორცებს; ანდა სულაც დადიოდნენ უსამოსოდ, უტყავოდ და უხორცოდ - უარაფროდ”.

მაშინ ამ სიტყვებს „უკუღმართი სიბრძნე“ ვუწოდე, დღეს კი მეჩვენება, რომ ეს ალალი მწერლის მიერ ალალად გამოტანილი განაჩენია.

© radiotavisupleba.ge

No comments:

Post a Comment