Sunday, January 23, 2011

შოთა იათაშვილი – მამები, დედები და შვილები (რომანი)

I თავი
სოფი
ზუსტად მახსოვს: თავიდან დედა მყავდა და ის ჟაკი იყო. ეტყობა, პატარაობიდანვე ასე მიმაჩვიეს. მეც რა ჭკუა მქონდა, ანუ სანამ არ მქონდა, რენეს მამას ვეძახდი, ჟაკს კი დედას. ჟაკი რენეზე ნაზი იყო. მეფერებოდა ხშირად, კალთაში მისვამდა, მიხუტებდა გულში... ძირითადად ის ზრუნავდა ჩემს ჩაცმა-დახურვასა და კვებაზე, ის მსვამდა აბაზანაში და მაჭყუმპალავებდა, ტანიდან ჭუჭყს მიგორებდა, თმას მივარცხნიდა... “ჟაკ, ტრაკი აქვს ბავშვს გასაწმენდი!” - უყვიროდა რენე ჟაკს და ისიც ჩემსკენ გამორბოდა... ჟაკი დედა იყო, მერე რაღაცნაირი, ძალიან უცნაური დედა, ბოლოს კი, მაშინ ალბათ ასე ხუთიოდე წლისა ვიყავი, ჟაკს დედა ვეღარ დავუძახე.
ვზივარ მაგიდასთან, ვჭამ ბუტერბროდს და ჩაის ვსვამ. გადავსანსლე ერთი ცალი, მაგრამ კიდევ მინდა. პირი დავაღე, რათა ჟაკს დავუძახო: “დე, ბუტერბროდი მინდა...” მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე... ჟაკი სამზარეულოში ტრიალებს. ხახვს ჭრის და ცრემლი სდის თვალებიდან. მივაშტერდი. იგრძნო ჟაკმა ჩემი მზერა და შემომხედა. მეც მივჩერებივარ: “ერთი ბუტერბროდიც გამიკეთე, დე...” - ვცდილობ ამოვთქვა, მაგრამ ვერ ვახერხებ. ბავშვისთვის უცნობი, გაურკვეველი განცდა მიპყრობს. ხახვის სუნი ამასობაში მთელ სამზარეულოს ედება და მეც თვალები მეწვის. ჟაკი ხახვის ჭრას წყვეტს, დანას მაგიდაზე დებს და ხელის ზურგით ცრემლს იწმენდს. მზერას არ მაცილებს. გაფართოებული თვალებით ვუყურებ და მეც ცრემლი მდის უკვე. უცებ თითქოს ვიღაცამ მკერდში ხელი ჩამიყო და გული მომიჭმუჭნა. დავიკვნესე. ვერ ვხვდები, რა ხდება, მაგრამ რაღაც სასტიკად რომ იცვლება, ვგრძნობ. “რა იყო, სოფი?” - გაბზარული ხმით მეკითხება ჟაკი. მე თავს ვაქნევ. “მაინც?” ისევ თავს ვაქნევ ჯიუტად. არ ვიცი, რა ვუპასუხო. მინდა ვთქვა “დედა” და ვერ ვამბობ, “დედა”-ს რომ ვერ ვამბობ, ამის თქმა კი არ შემიძლია. ხახვის ბოლქვებისგან მოგვრილ ცრემლს ვიმშრალებ, მაგრამ იმწამსვე გული ყელთან მებჯინება და ვბღავი. ჟაკი ჩემსკენ მორბის, რათა ხელში ამიტაცოს. მუშტებს ვუშენ. ჩემი ტირილის ხმაზე ლოჯიდან რენე შემოდის. “უცებ გაგიჟდა! - ჩამესმის ჟაკის ხმა - არ ვიცი, რა სჭირს!..” რენეს ღონიერ მკლავებს ვგრძნობ...
რენემ ჟაკს წამგლიჯა, ხელები გამიკავა და გულზე მიმიკრო. და უცებ, ჩემს ბღავილს ერთი მარცვალიც ამოყვა: “მააა... მააა... მააა...” რენეს ლოჯში გავყავარ, რაღაცას მებუტბუტება, ხან ჰაერში მწევს, ხან საწოლზე მაკოტრიალებს, ცდილობს გამამხიარულოს... მის ზურგს უკან ჟაკის დამფრთხალ სახეს ვხედავ... საბოლოოდ, მახსოვს, რენემ იმით მოიგო ჩემი გული, რომ კისერზე შემისვა და ოთახებში მარბენინა... კისერზე ჯდომა ისე მიყვარდა, რომ ხელად ხასიათი გამომიკეთდა: “მამიკო... კაი მამიკო... ჩემი საყვარელი მამიკო...” - რაღაც ასეთ ტკბილ სიტყვებს ვეტიტინებოდი რენეს. რომ გამახალისა, საწოლისკენ წამიყვანა, მიმაწვინა, თავადაც გვერდით მომიწვა და მომიალერსა. ყელზე მოვხვიე ხელები, თვალები დავხუჭე და დამშვიდებული, უცებ ძილისაკენ წავედი... ერთ წამში გაითიშა ჩემი უცნაურად აღგზნებული ტვინი...

ასე იყო... მას მერე ჟაკისთვის დედა არც დამიძახია. თუმცა პირველად მამა როდის და როგორ ვუწოდე, - ვერც ამას ვიხსენებ. და შემდეგ ისევ ბავშვობის თითქოსდა უწყინარი სურათები ერთი უმნიშვნელო განსხვავებით: რენეც მამაა და ჟაკიც მამა. სკოლაში პირველად რენემ წამიყვანა. ამ დღეს მინდოდა ჟაკიც ჩემთან ერთად ყოფილიყო, ვემუდარე კიდეც, მაგრამ არ ისურვა რატომღაც. სადარბაზომდე გამოგვყვა მე და რენეს, დიდი ხანი მკოცნა, მერე, ქუჩას რომ გავუყევით, კიდევ კარგა ხანს მიქნევდა ხელს გამეტებით. სამაგიეროდ, სკოლიდან რომ მოვბრუნდით, ტკბილეულობით გაწყობილი ჯადოსნური სუფრა დაგვახვედრა ჟაკმა. ვიტენიდი და ვიტენიდი პირში ნამცხვარსა და რახათ-ლუხუმს, ხილსა და ტორტს... პირველი დღის შთაბეჭდილებებზე ვექაქანებოდი მშობლებს და მშვენიერ ხასიათზე ვიყავი. რენე და ჟაკიც ბედნიერად იღიმებოდნენ... ხან მე მიყურებდნენ ჩამთბარი მზერით, ხან ერთმანეთს შესციცინებდნენ. ჟაკმა რენეს მხარზე თავი ჩამოადო. რენემ ხუჭუჭა თმაში შეუცურა ხელი. მეორე ხელი კი მე მომხვია. და ჯერ მე მაკოცა ლოყაზე, მერე ჟაკს - ტუჩებში…...
ხშირად კოცნიდნენ ჟაკი და რენე ერთმანეთს. ხანდახან, თუკი შევაშტერდებოდი, კიდეც დაირცხვენდნენ ხოლმე.
- სოფი, მე და მამას ძალიან, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, მინდა რომ ეს კარგად იცოდე - მეუბნებოდა რენე.
ჟაკი კი მიხსნიდა:
- სოფი, მე და მამა ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი. ჩვენ ღმერთმა ერთმანეთისთვის გაგვაჩინა...
ჟაკს ეკლესიაში დავყავდი. საკვირაო წირვებზე, ზიარებაზე... ჟაკი იესო ქრისტეზე მელაპარაკებოდა, ჟაკს თავის ოთახში ღვთისმშობლის ხატი ეკიდა და მხურვალედ ლოცულობდა... მე ჟაკმა მასწავლა ლოცვა და უფლის სიყვარული...
თუმცა, მგონი იდილიური სურათის დახატვა დავიწყე. არადა არ იყო ასე და ვერც იქნებოდა. უბრალოდ, ბავშვობიდან ასეთი ლამაზი წუთებიც გადმომყოლია და რაა გასაკვირი, ვიხსენებდე მათ, ვეხარბებოდე... სასტიკსა და სასოწარმკვეთს კი რა გამოლევს ჩემს ცხოვრებაში...
ასე, მეორე კლასში ვიყავი, რენესა და ჟაკს შორის პირველი დაუნდობელი ჩხუბის მომსწრე რომ გავხდი. ჟაკი სახლში არ იყო. რენე გაკვეთილების მომზადებაში დამეხმარა. მერე ტელევიზორს ვუყურეთ ერთად, მერე ვივახშმეთ. რენე დროდადრო ჟაკთან რეკავდა მობილურზე, მაგრამ ჟაკი არ პასუხობდა. რენე თანდათან განერვიულდა. მე მითხრა, დაწექი, უკვე გვიანიაო. სულ ახალი დაწოლილი ვიყავი, ზარმა რომ დარეკა. ჟაკი მოვიდა.
“სად იყავი?” - ზღურბლზევე ჰკითხა რენემ. ვერ გავიგე, ჟაკმა რა უპასუხა. ჟაკი ტუალეტში შევიდა. მე ძილი მომერია, და ამ დროს ტუალეტის კარზე ბრახუნმა და რენეს ყვირილმა გამომაფხიზლა: “დროზე გამოეთრიე შე ბოზო, რას მემალები!” ცოტა ხანში კარი გაჭრიალდა. რენემ კიდევ რაღაც უთხრა ჟაკს და მე ჟაკის პასუხი შემომესმა: “წადი, გააჯვი!” რასაც მაშინვე დარტყმის ხმა და კვნესა მოჰყვა. საძინებლის კარი გაიღო და მოკრუნჩხული ჟაკი შემობარბაცდა. რენემ უკნიდან წიხლი მიაზილა. ჟაკი წინ გადაექანა და შუბლი ჩემი ლოგინის კიდეს ჩამოარტყა. ავკივლდი. თუ ავბღავლდი. თუ რა ხმაც შეიძლება ამ დროს შვიდი წლის გოგომ გამოსცეს. რენე წაქცეულ ჟაკს მიუახლოვდა, თმაზე ხელი წაავლო და თავი საწოლის კიდეზე მთელი ძალით ჩამოარტყმევინა. თან იმეორებდა: “თქვი, ჩათლახო, თქვი, სანამ ცოცხალი ხარ, ვისთან ეგდე!” მოულოდნელად ჟაკმა რენეს უკნიდან ფეხი ამოსცხო. რენე წაიქცა და ლაჯებს შორის წაივლო ორივე ხელი. ჟაკი შემობრუნდა. წარბები გასკდომოდა და სახეზე სისხლი წურწურით ჩამოსდიოდა. “მამა... მამა...” ვუკიოდი მე ხან ჟაკს და ხან რენეს. ჟაკმა არეული მზერით შემომხედა, თვალებიდან სისხლი მოიწმინდა, სკამი, რომელზეც ჩემი ტანსაცმელი ელაგა, აიღო, თავზევით ასწია და რენეს დაალეწა. რენე ყმუოდა და იკრუნჩხებოდა. ჟაკი ჩემს საწოლზე დაეშვა. ალბათ ფიქრობდა, რა მოემოქმედა შემდგომ. “მამაააა!..” - ვუკივლე ახლა ჟაკს მთელი ძალით. ის უცებ გამოერკვა და დაბნეულმა შემომხედა. მერე ხელი გამოიწოდა ჩემსკენ. დავფრთხი, უკან დავიწიე, მაგრამ ჟაკმა ხელი მტაცა და გულზე ამიკრა: ჟაკის სისხლი მეწვეთებოდა, სახე შემეღება, პერანგი გამიწითლდა... კივილი შევწყვიტე. მხოლოდ ვთრთოდი და ვსლუკუნებდი. რენემ ამასობაში კრუნჩხვა შეწყვიტა, იატაკზე წამოჯდა, მე და ჟაკს ამღვრეული თვალებით შემოგვხედა. ჟაკი მკოცნიდა. ორივენი სისხლში ვიყავით ამოთხვრილები... “სოფი... - თქვა რენემ - მოდი ჩემთან...” მე ჩემი ბავშვური ალღოთი უცებ მივხვდი, რომ თუ ჩხუბის გაგრძელება არ მინდოდა, სასწრაფოდ უნდა მივსულიყავი მასთან...

“მაა... - ჩავჩურჩულე ყურში ჟაკს - ძალიან მიყვარხარ...” მერე ხელები გავაშვებინე, დაბლა ჩავხტი და რენესაკენ გავექანე. რენემ ხელები გაშალა... მერე, მახსოვს, რენეს ტკბილ სიტყვებს ვეუბნებოდი, რენე კი სახიდან ჟაკის სისხლს მწმენდდა. ბოლოს სისხლიანი პერანგი გადამხადა და აბაზანაში შემაგდო. ჟაკი უკან გამოგვყვა. “დამანებე თავი, მე მივხედავ!” - შეუღრინა რენემ. საერთოდ, რენე იშვიათად მბანდა. მით უმეტეს მარტო, ჟაკის გარეშე. მაგრამ იმ დღეს მან დამბანა, გამამშრალა, ლოგინში ჩამაწვინა და დამაძინა. ჟაკი აღარც მოგვკარებია.
მეორე დღეს კი: მეღვიძება დილით ადრე. მახსენდება ჟაკის და რენეს ჩხუბი. შიშის გრძნობა მიპყრობს. ზეწრის ქვეშ შემალული ვაყურადებ. ჩამიჩუმი არ ისმის. სიმშვიდე მაგულიანებს. საწოლიდან ვდგები და ფრთხილი ნაბიჯებით მისაღებ ოთახში გავდივარ. იქ არავინაა. რენეს და ჟაკის საძინებლის კარი ოდნავაა შეღებული. ფეხაკრეფით მივდივარ. ისევ ვაყურადებ. ისევ არ ისმის ხმა. ოთახში ვიჭვრიტები. ვხედავ: რენე და ჟაკი, ერთმანეთს ჩახვეულები, შიშვლები, წვანან და უგონო ძილით სძინავთ. “გუშინ ერთმანეთი დახოცეს, დღეს კი…...” - ვფიქრობ, მეღიმება და ვიძურწები ოთახიდან შეუმჩნევლად...
მეხუთე კლასში ვიყავი, რენე და ჟაკი ერთმანეთს რომ გაშორდნენ. რენე გალოთდა. გვიან ღამით მოდიოდა სახლში გინებით. ერთხელ ჟაკს ხატები დაულეწა. მერე სასამართლოში დადიოდნენ. ბინა გაყიდეს და ორი უფრო პატარა ბინა იყიდეს. სასამართლომ გადაწყვიტა, ჟაკთან მეცხოვრა, რენეს კი შაბათ-კვირას ჩემი მონახულების უფლება მისცეს. ახალ ბინაში გადავედით. მე და ჟაკი მარტო ვცხოვრობთ, მშვიდად. რენესთან გერმანელი ბიჭია - ჰანსი. ოცდახუთიოდე წლის, ძალიან მხიარული…... დღედაღამ გიტარას უზის. შემომთავაზა: თუ გინდა, დაკვრას გასწავლიო. რატომაც არა... ჰანსი შაბათ-კვირას მამეცადინებს... უ, რა ძნელი ყოფილა... თითების ბალიშები სულ ჩამეჭრა. სიმებს რომ ვეხები, მგონია, ნერვებზე ქლიბს მისვამენ... ჰანსი მეუბნება, რომ ცოტა უნდა მოვითმინო და მერე ვეღარც ვიგრძნობ ამას... ძალიან მინდა დაკვრა ვისწავლო და ვითმენ... ჰანსი კომპაქტ-დისკებს მჩუქნის ცნობილი გიტარისტების ჩანაწერებით... მამაჩემმა ლოთობას ცოტა მოუკლო ან შეიძლება შაბათ-კვირას რაკი ჩემთანაა, აღარა სვამს ამ დღეებში ბევრს. თუ კარგი ამინდია, მამაჩემის მანქანაში ვსხდებით და პიკნიკზე მივდივართ სადმე. ჰანსი მუდამ რაღაცას ხუმრობს, რაღაც ისტორიებს ყვება... შიგადაშიგ გერმანულშიც მავარჯიშებს ჰანსი... მოკლედ, კაი ტიპია... ყველაზე კარგი ის იქნებოდა, ჰანსი ყოფილიყო მამაჩემი... და სინამდვილეში ასეც გამოდის: თითქოს მე შაბათ-კვირას მამასთან, ჰანსთან მივდივარ ხოლმე, რენე კი ჰანსის მეგობარია და თან დაგვყვება... მანქანას ატარებს, სუფრას შლის მინდორზე, ხორცს წვავს, მე და ჰანსი კი ხან რითი ვართ დაკავებულები და ხან რითი...
რაც შეეხება ჟაკს, რენესთან განშორებიდან სადღაც ერთთვიანი პაუზის შემდეგ საყვარლები გაიჩინა. თანაც რამდენიმე. ხან ვინ რჩება ჩვენს სახლში და ხან ვინ. ჩემს ოთახში შემაგდებენ და ჰგონიათ, არაფერი მესმის ან ვერაფერს ვხვდები. ყველაფერს ვხვდები, ყველაფერი მესმის და ყველაფერსაც ვხედავ. და რაც დრო გადის, მამაჩემი სულ უფრო გულს მირევს. ალბათ მართალიც იყო რენე, რომ ცემდა და ბოზს ეძახდა. უკვე მისი შეხებაც კი აღარ მსიამოვნებს, არათუ მოფერება. ლამისაა რენეს და ჰანსს ვთხოვო მათთან გადასვლა. ვიცი, არ ეპიტნავება რენეს ჩემი მოვლა-პატრონობა და მხოლოდ ამიტომაა, რომ თავს ვიკავებ. რაც დრო გადის, სულ უფრო ვოცნებობ დედაზე. ისეთ დედაზე, ჩემს კლასელებს რომ ჰყავთ. ან თუნდაც ისეთზე, რომელიც აღარა ჰყავთ. აი, მაგალითად, ამელის ერთი წლის წინ გარდაეცვალა დედა, მაგრამ სულ მასზე ლაპარაკობს, სულ მას იგონებს, სულ თან დაატარებს მის სურათს... შესვენებაზე ხანდახან ჩანთიდან ამოიღებს დედამისის ფოტოს და სევდიანად დაჰყურებს. ვერც კი წარმოიდგენს ამელი, თუ როგორ შევნატრი მას ამ წუთებში. ღამე რომ ვწვები, ხშირად ვფიქრობ დედაჩემზე. ვხედავ, როგორ ზის ჩემს გვერდით და როგორ მიკითხავს ზღაპრებს, ან როგორ ვუყურებთ ერთად ტელევიზორს და ვიცინით, ან როგორ ვსაუზმობთ და მერე ის სამსახურში მიდის, მე კი სკოლაში, ანდა სულაც როგორ მიბრაზდება და მცემს. მერე დედაჩემის სიკვდილის სურათებს ვხედავ: მას ხან მანქანა ეჯახება, ხან სიმსივნით დაავადებული, სულს ღაფავს საავადმყოფოში, ხანაც სხვადასხვა გზით თავს იკლავს. თუმცა ყველაზე ხშირად მაინც ერთი სურათი მიტრიალებს თვალწინ: დედაჩემი თავს კი არ იკლავს, არამედ მას კლავენ... და დედაჩემს მამაჩემი კლავს: ხან რენე, ხანაც ჟაკი. ეს სურათი მაშინებს და მინდა, თავიდან ამოვიგდო, მაგრამ არაფერი გამომდის... ამელის დედა ნელ-ნელა მოკვდა: კიბოთი. მე ასეთი სიკვდილი მომწონს. იგი მირჩევნია სწრაფ, მოულოდნელ სიკვდილს. ასე უფრო გიყვარდება დედა. ისედაც ხომ საშინლად გიყვარს და ავად რომ ხდება და თანდათან რომ კვდება და თან შენც და დედამაც ეს რომ იცით, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ სიგიჟემდე უნდა შეგიყვარდეს ამ დროს... ამიტომაცაა, ასე სანატრელად რომ უყვარს ამელის გარდაცვლილი დედა. მეც, როცა ვახერხებ ჩემს ნებაზე ვიოცნებო და ცუდი სურათები ჩემს ფიქრებში ვერ იჭრებიან, ყველაზე ხშირად ამ ვარიანტს ვირჩევ ხოლმე: ავადმყოფობებს ვცვლი, მაგრამ დედაჩემს ყოველთვის საავადმყოფოს პალატაში მწოლიარეს ვხედავ - უკვე დასუსტებულს, უილაჯოს, და საკუთარ თავს, დღედაღამ დედის საწოლთან მოფუსფუსეს. ხან წყალს რომ ვაწვდი და ხან წამალს, ხან ოფლს რომ ვუწმენდ შუბლიდან და ხან პერანგს ვუცვლი, ხან გაზეთებს რომ ვუკითხავ… და ხან ბიბლიას... ბოლოს კი მე დედაჩემის ხელი მიჭირავს ხელში და ის აი, ასე კვდება...

ეჰ, არ იცის ამელიმ, თუ როგორი ბედნიერია... “ბედნიერება არ არსებობს - თქვა ერთხელ რენემ - არსებობს მხოლოდ თრობა...” ჰანსმა კი ირონიული ღიმილით დაამატა: “არც უბედურება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სიფხიზლე”. არ ვიცი, კაცები სხვანაირი არსებები არიან, ისინი, მე როგორც ვხვდები, ბედნიერები არასოდეს არ არიან, თუმცა შეიძლება არც უბედურები არიან და მგონი სწორედ ამაზე ლაპარაკობდნენ იმ დღეს რენე და ჰანსი. ამელი კი ბედნიერია. არ იცის, მაგრამ ბედნიერია. მე კი უბედური ვარ. და თან ვიცი, რომ უბედური ვარ. და რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო უბედური ვხდები. ამ ბოლო დროს ჟაკიც ხშირად ოხრავს და იმავეს გაიძახის, მაგრამ მე ვიცი: ეს სხვა რამეა. ჟაკი გატანჯულია, მაგრამ არა უბედური. ის რომ მართლა უბედური იყოს, ჩემს უბედურებასაც იგრძნობდა, მაგრამ მას აზრადაც კი არ მოსდის, რომ მე ასეთი რამ შეიძლება მჭირდეს. გავა დრო და ისევ აიწყობს მამაჩემი ცხოვრებას, ოხვრასაც შეწყვეტს და იხალისებს კიდეც. გული მიგრძნობს, რომ ასე იქნება...
და სადაც ცხოვრებისაგან ამ ბოლო დროს გატანჯული და ისედაც, უფრო გულისხმიერი ჟაკი ვერ ხვდება, რა ხდება ჩემს გულში, სქელკანიანი რენე მიხვდება ამას? ვისკი და ჩემპიონთა ლიგა - მაგას მეტი არაფერი აინტერესებს. რენესთვის ამის ფონზე ჰანსიც კი არაფერია. არადა მე, მიუხედავად იმისა, რომ რაც დრო გადის, კაცებს სულ უფრო და უფრო ვერ ვიტან, ჰანსი ათასჯერ მირჩევნია თრობასაც და ფეხბურთსაც…...
შარშან “მონაკო” ფინალში გავიდა და მონაკოში დაბადებულ-გაზრდილი რენე სიგიჟის დაუჯერებელ ფორმებში გადაიჭრა. გაზაფხულის მშვენიერ პიკნიკებზე ბოდავდა, გიტარასთან მიმსხდარ მე და ჰანსს სისხლს გვიშრობდა ფინალის წარმოსახვითი ვარიაციებითა და პროგნოზთა კასკადებით, სანამ “პორტუმ” ოთხით ნოლი არ დაამყნო “მონაკო” და რენე ერთთვიან დეპრესიაში არ ჩააგდო. ივნისში, რიგით პიკნიკზე, აფორიაქებულმა ჰანსმა მეგობრულად გამიმხილა, მთელი თვის განმავლობაში რენე ერთხელაც არ მომკარებია, ერთიც კი არ უკოცნია ჩემთვისო...
ეჰ, რეებს გიყვებით, მაშინ როცა ასჯერ უფრო რთული ამბები მაქვს მოსათხრობი... მეშვიდე კლასში ვიყავი, პირველი ნამდვილი მეგობარი რომ შევიძინე და რამდენადაც შეიძლება უბედური ადამიანი ბედნიერი იყოს, იმდენად ბედნიერი ვარ ახლა. ჩემს მეგობარს ალენი ჰქვია. ის სხვა სკოლიდან გადმოვიდა და ჩემს პარალელურ კლასში სწავლობს. ალენი თითქმის ჩემსავით უბედურია იმიტომ, რომ მამა არა ჰყავს არანაირად, თუმც სამაგიეროდ დედა ჰყავს ორი. სკოლაში უკვე ერთობიან ამითი: ვისაც მოეპრიანება, ალენს დედას აგინებს და ალენი მუშტების ქნევას როგორც კი იწყებს, მაშინვე დასცინიან - ეგ რომელ დედას იცავო... და ალენი იბნევა, ბრძოლის ჟინი ერთ წამში უქრება, ტრიალდება და სადღაც მირბის, ცდილობს გადაიკარგოს... გოგო კი ვარ, მაგრამ ჩემთვისაც შეუგინებიათ დედა და შემგინებლისთვის პასუხი რომ დამიბრუნებია, უთქვამთ, რას იქაჩები, არ გახსოვს, რომ დედა არა გყავსო?.. ერთხელ საძაგელმა შარლმა მითხრა: შე ორი კაცის გაკეთებულოო - და ამის მერე ზურგსუკან თუ ხანდახან პირშიც კი ორი კაცის გაკეთებულს მეძახიან. ხოლო ალენს, მას შემდეგ, რაც ჩვენს სკოლაში გადმოვიდა, ორი დედის გაკეთებული შეარქვეს. ჰოდა ვართ სკოლაში ორი მეგობარი - ერთი ორი მამის გაკეთებული, მეორე კი - ორი დედის... სახლისკენ გზაც ერთი გვაქვს და გაკვეთილების შემდეგ, როგორც წესი, ერთად მივდივართ და ერთმანეთს შორის ვსაუბრობთ. მე უკვე თითქმის ყველაფერი ვიცი ალენის, მან კი თითქმის ყველაფერი იცის ჩემი. ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც არაფერს მიმალავს და მეც ერთადერთი ადამიანი ვარ ალენისთვის, რომელიც ბოლომდე გულახდილია მასთან. ჩვენ საიდუმლო გეგმაცა გვაქვს უკვე შემუშავებული, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე კი ალენის დედებზე მოგითხრობთ ცოტას...

ალენის ერთი დედა ფრანგია, მეორე კი რუსი. ფრანგს ედიტი ჰქვია, რუსს - ლენა. ერთმანეთი მოსკოვში გაუცნიათ. ედიტი იქ ქალთა უფლებების დამცველთა რაღაც კონგრესზე იყო ჩასული, ლენა კი, როგორც ფრანგულის სპეციალისტი, თარჯიმნად მუშაობდა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და ედიტმა ლენა მალე საფრანგეთში წამოიყვანა. ლენა თითქოს ედიტზე უფრო ლამაზია, მაგრამ მე ედიტი ლენაზე უფრო მეტად მომწონს. ხანდახან, როცა მე და ალენი ედიტთან ვრჩებით, ისიც კი მეჩვენება, რომ ედიტი დედაჩემია და გული მიჩუყდება, ბურთი მეჩხირება ყელში... თუ ის ამ დროს რამეს შემეკითხა, ენაგადაყლაპულივით ვზივარ და მარტო თავს თუ ვაქნევ “კი”-სა თუ “არა”-ს ნიშნად. ვერ ავხსნი რატომ, მაგრამ ლენასთან ასეთი განცდა არასოდეს მიჩნდება, თუმცა ნამდვილად არაა ლენა ედიტზე ნაკლებყურადღებიანი ჩემს მიმართ. აი, ალენი კი, პირიქით, ლენაზე უფროა მიჯაჭვული. ლენა სულ ცდილობს, ალენს სიმტკიცის, უშიშრობისა და ცხოვრებაში თავის გატანის უნარ-ჩვევები გამოუმუშავოს. ამას წინათ ალენს რუსული გინებაც კი ასწავლა და ბოლო დროს დედას ან დედებს რომ შეაგინებენ, “იძი ნა ხუი”-ს ან “იობ ტვაიუ მაწ”-ს უბრუნებს ხურდად. ლენამ ედიტის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც შესძლო და ალენი კრივზე შეიყვანა. სამაგიეროდ, ედიტის სურვილით ალენმა ვიოლინოზეც დაიწყო სიარული. ლენა ეუბნებოდა ედიტს, მეშვიდე კლასში ბიჭის ვიოლინოზე შეყვანა ძალიან დაგვიანებულია, არავითარი აზრი აღარ აქვსო, მაგრამ ამჯერად ედიტმაც გაიტანა თავისი.
თავდაპირველად მე ეს სიახლე ძალიან არ მომეწონა, რადგან გაკვეთილების შემდეგ ალენს ან კრივზე უწევდა წასვლა, ან ვიოლინოზე და სკოლიდან სახლისაკენ ერთად უკვე ვეღარ მივეშურებოდით. თუმცა მალე ყველაფერი დალაგდა: ჟაკს შევუთანხმდი, ალენის მწვრთნელმაც ნება დამრთო და ახლა საკმაოდ ხშირად ალენს სკოლიდან კრივზე მივყვები ხოლმე. ვზივარ კრივის დარბაზში და ვუყურებ, როგორ უმოწყალოდ უბაგუნებენ ერთმანეთს პატარა ბიჭები. ალენი ჯერ სუსტია და თითქმის ყველა ჩაგრავს, მაგრამ უცნაური ისაა, რომ მას ამის გამო ჩემი არ რცხვენია. ლეწავენ ყბაში და რინგზე ზღართანს მოადენს ხოლმე ხშირად ალენი, წამოდგება ბარბაც-ბარბაცით, ჩემსკენ იხედება და ტანჯული სახით მიღიმის. რამდენიმეჯერ ისიც ვნახე, ნოკაუტში როგორ ჩავარდა. ეს ისეთი საშინელი სანახავი იყო, რომ ერთხელ ხმამაღლაც კი შევკივლე. “არაფერია, - მამშვიდებს ალენი, როცა კრივის დარბაზიდან გამოსულები გზას მივუყვებით, - აი, ნახავ, თანდათან ეს როგორ გამომადგება. ლენა მართალი იყო და მაგარია, თავისი რომ გაიტანა.” “და ედიტი?” “ედიტი?” “ჰო, ედიტი თუ არის მართალი, ვიოლინოზე რომ დაყავხარ?” ალენი მხრებს იჩეჩავს. ბოლოს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამბობს: “კი, ალბათ ედიტიც მართალია...”
მუსიკის გაკვეთილებს რაც შეეხება, მასწავლებელმა ნება არ დამრთო, დავსწრებოდი მეცადინეობებს. თუმცა არც არაფერი უნდა იყოს იქ განსაკუთრებით საინტერესო, კრივის ვარჯიშებივით შთამბეჭდავი. თანაც, რასაც სწავლობს, ისედაც ხომ მიკრავს პირადად მე ალენი. შევიკეტებით მის ოთახში და მიწრუპუნებს ჩემი მეგობარი ახალნასწავლ პიესებს ვიოლინოზე. ერთხელ, როცა ვიცოდი, რომ ჟაკი სახლში არ იქნებოდა, ალენი ჩემთან მივიყვანე და გიტარაზე დავუკარი ის, რაც ჰანსმა მასწავლა. “ჩვენ სიმებიანი დუეტი ვართ” - რომ მომისმინა, თქვა ალენმა და მას მერე რამდენი წელი გავიდა და კვლავ “სიმებიან დუეტს” ვეძახით ჩვენს ტანდემს.
ერთი წლის განმავლობაში ჩვენი მეგობრობა ისეთი გახდა, რომ მერვე კლასიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ საღამოს უკვე ალენის სახლში ვატარებდი. ერთხელაც ლენამ მითხრა: “სოფი, ისედაც სულ ჩვენთანა ხარ და არ გინდა, ბარემ რუსულს გასწავლი”. ეს შემოთავაზება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ დავიბენი, უცებ ვერაფერი ვუპასუხე. “მოიფიქრე, თუ გინდა ჯერ შენს მშობლებს კითხე... ისე, რომ იცოდე, რუსული ძალიან მაგარი ენაა, ბევრი გენიოსი წერდა რუსულად. შენ ხომ ლიტერატურა გიყვარს... მე ვიცი ალენისგან, რომ ბევრს კითხულობ...” “ჰო, ლენა დეიდა, მიყვარს კითხვა...” “მერე იცი, რა საოცრებების წაკითხვას შეძლებ რუსულად?” “კი, ლენა დეიდა, ვიცი...” - ვუპასუხე და დიდი რუსი მწერლები ჩამოვუთვალე. “ყოჩაღ, - შემაქო ლენამ, - თუ კარგად ისწავლი, მერე ჩემსავით მთარგმნელიც კი შეიძლება გამოხვიდე. თუმცა მე ფრანგ მწერლებს ვთარგმნი რუსულად, შენ კი რუს მწერლებს გადათარგმნი ფრანგულად”. “კი, მინდა ვიცოდე რუსული, - გადავწყვიტე უცებ, - მასწავლეთ, ლენა დეიდა”.
ასე შევუდექი რუსულის სწავლას. ამაში ალენიც ძალიან მეხმარებოდა, რომელიც საკმაოდ კარგად ფლობდა ერთ-ერთი დედის მშობლიურ ენას. ედიტისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება კი ამ მეცადინეობებმა ჩიხში შეიყვანა. ლენასთან ხშირმა ურთიერთობამ, მის ოთახში მყუდროდ ჯდომამ, ხილის წვენების წრუპვამ და უცნაურ ენაზე ლაპარაკის დაწყების მცდელობებმა ნელ-ნელა მასთან მიმაჯაჭვა და ახლა დედად მას უფრო აღვიქვამდი, ვიდრე ედიტს.
ერთხელ ალენმა მითხრა, რომ ლენას კაცებიც აინტერესებს და ამის გამო მასა და ედიტს შორის ხშირადაა კონფლიქტი. ედიტს სულ ეჩვენება, რომ ლენა ჩუმ-ჩუმად კაცებშიც დადის, არადა ედიტი საშინლად ვერ იტანს კაცებს. ცამეტი წლის ასაკში მამამისმა გააუპატიურა და მას შემდეგ კაცი მისთვის აღარ არსებობს. აი, ლენას კი სულ თვალი გაურბის კაცებისაკენ - ამას მეც კი ვამჩნევო - ალენმა.

რაც ეს გავიგე, არ ვიცი, რატომ, მაგრამ მით უფრო დავინტერესდი ლენათი, მით უფრო მივეჯაჭვე მას. პირველი მენსტრუაცია რომ დამემართა, შოკირებული ვიყავი - აბა ვინ მომამზადებდა საამისოდ: ჟაკი თუ რენე?.. მეორე დღეს ლენასთან ვიჯექი და ის მდედრობით სქესს მიხსნიდა. ვუსმენდი და ვერაფერს აღვიქვამდი: მხოლოდ ორ სიტყვას ვიმეორებდი გულში: “მდედრობითი სქესი... მდედრობითი სქესი...” ლენამ შემომხედა, დამაკვირდა, გამიღიმა და მკითხა: “აბა მითხარი, სისხლი როგორაა რუსულად?” შევკრთი. დავფიქრდი. “აღარ მახსოვს...” - ვუთხარი. ლენამ შემახსენა. “ჰო... ჰო...” “და რომელი სქესისაა სისხლი?” “მდედრობითის?” “ჰო, სოფი, მდედრობითის, და ვფიქრობ, ეს არაა შემთხვევითი. კაცმა შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ცხოვრებაში ერთხელ დაღვაროს სისხლი, ჩვენ კი მას თვეში ერთხელ ვღვრით...”

აი, ასე გახდა ლენა ჩემი ქალური ამბების მესაიდუმლე.
ამასობაში მე და ალენს ორი მეგობარი შემოგვემატა: მარტა და პიერი - ჩვენი უბნელები. აღმოჩნდა, რომ ისინი ჩვენს გვერდითა სკოლაში სწავლობდნენ. ორივე ალენმა გაიცნო, დაუახლოვდა და მერე ერთმანეთსაც შეგვახვედრა. მარტას მამები ჰყავდა, პიერს კი დედები. “ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ - თქვა ალენმა, როცა ისინი წარმიდგინა - რაც უფრო ერთად ვიქნებით და რაც უფრო მეტნი, მით უფრო ვერავინ შეძლებს, მოგვერიოს.” მარტა ჩვენზე ერთი წლით უფროსი იყო, პიერი - ერთი წლით უმცროსი. მარტა ძირითადად ჰევი მეტალზე ლაპარაკობდა, პიერი კი ხმას არ იღებდა. ეს ნაცნობობა საკმაოდ ხელოვნური მეჩვენა და როცა მე და ალენი მარტო დავრჩით, ვუთხარი კიდეც. მაგრამ ალენი შეუვალი და თავდაჯერებული იყო: - სოფი, შენ ჯერ არ გესმის, რამდენად საჭიროა ჩვენი ერთიანობა. მაგრამ ნელ-ნელა მიხვდები. თუ შენ ჩემი მეგობარი ხარ, დამიჯერე და გამომყევი. და ერთიც: ედიტს და ლენას ჩვენი ახალი მეგობრების შესახებ არაფერი უთხრა. ცხადია, არც ჟაკს და რენეს. იცოდე, ეს მეგობრობა ჩვენს საიდუმლოდ უნდა დარჩეს. პიერმა და მარტამაც იციან ეს და ჩვენი გაერთიანების ამბავს არავის გაუმხელენ. ჩვენ დაახლოებით კვირაში ერთხელ შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს და თანაც ისეთ ადგილებში, თვალში რომ არავის მოვხვდეთ. უამისოდ არაფერი გამოვა... ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება...
- კი მაგრამ, რა უნდა გამოვიდეს, ან რა უნდა ჩაგვეყაროს წყალში? - განცვიფრებული ვუყურებდი იდუმალი, მისტიური ხმით მოსისინე ალენს.
- ამას თანდათან აგიხსნი. ჯერ საჭიროა, რომ ჩვენიანები ვიპოვოთ. ოთხი კაცი არაფერია. ბევრნი, რაც შეიძლება ბევრნი უნდა ვიყოთ! - ასეთი აღგზნებული ალენი არასოდეს მინახავს. მისი ემოციები მეც გადამედო. კანი დამებურძგლა, მომეჩვენა, რომ რომელიღაც სათავგადასავლო ფილმის პერსონაჟები ვიყავით.
ასეც გაგრძელდა შემდგომში. ალენის მითითებით, თუ პიერს ან მარტას შემთხვევით ქუჩაში გადავეყრებოდი, ისე ჩავუვლიდი ხოლმე გვერდზე, ვითომ არც ვიცნობდი. და მხოლოდ ერთობლივ შეკრებებზე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. მორიგი შეკრების ადგილს ალენი წინა დღეს გვამცნობდა ხოლმე, და ეს ადგილი მუდამ იცვლებოდა: ხან მანქანების სასაფლაოზე ვხვდებოდით ერთმანეთს, ხან ადამიანების სასაფლაოზე და ხანაც პარკის ყველაზე მიყრუებულ ადგილებში.
მარტა საკმაოდ უშნო და ვულგარული გოგო იყო: აწოწილი, წვეტიანცხვირიანი, ჭორფლიანი. მეათეკლასელს უკვე იმოდენა მკერდი ჰქონდა, ბევრი ფოტომოდელი ინატრებდა. ისიც მუდამ ცდილობდა, მოღეღილი ძუძუებით ყურადღება მიეპყრო.
- კაცები უფრო გაინტერებს თუ ქალები? - მკითხა ერთხელ უცებ. რა უნდა მეთქვა: პასუხად მხოლოდ და მხოლოდ სახე ამელეწა.
- რა მორცხვი ხარ, სოფი, ასეც არ შეიძლება. მეგობრები თუ ვართ, ეგ რაღა დასამალია...
- არ ვიცი... - ვთქვი ჩურჩულით - მგონი არც კაცები და არც ქალები...
- იეს! - იყვირა მარტამ - მაგარი ხარ! შევეცი კაცებსაც და ქალებსაც! რა ჩემ ფეხებად მინდიან! გათავებით ჰევითაც ვათავებ! მეტი საქმე არა მაქვს, ჩემი ძუძუები ვასრესინო ვიღაცეებს ან იქ ვინმეს რამე შევაყოფინო!
- ჰო, კაი, კაი... - ჭარხალივით ავბრიალდი...
- რაზე ლაპარაკობთ გოგოებო? - ალენი თავს წამოგვდგომოდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ მან შეხვედრაზე დაიგვიანა. მშენებარე კორპუსის ერთ-ერთ ნახევრადაშენებულ ოთახში ვისხედით, გაჯისა და ცემენტის ბუღში. პიერი ჯერ არ ჩანდა. მარტამ დააცემინა, მერე სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.

- კაცებზე და ქალებზე...
- ანუ?
- რომელი ჯობია, კაცი თუ ქალი...
- მერე?
- რა მერე?
- რა დაასკვენით?
- რომ ორივე ერთი ნაგავია - კაციც და ქალიც!
- სწორია... და ორივე ასე ფიქრობთ თუ მარტო შენ?
- არა, თავიდან სოფიმ თქვა, მე კი დავეთანხმე.
- არა, მთლად ასე არ მითქვამს...
- აბა როგორ თქვი? - მარტამ სახე ახლოს მომიტანა და ცხვირში შემომაბოლა.
- რომ ახლა არც ერთი არ მაინტერესებს... იმ გაგებით, რომ... რომ... - ენა დამება, ისევ წამოვწითლდი.
- ეგ გაგებაა მერე ყველაზე მთავარი - მომიგო ალენმა - და ჩვენ, ყველამ, მაგ გაგებით უნდა ვიცხოვროთ! არც კაცი, არც ქალი! და საერთოდ, ნებისმიერი სექსი ერთნაირად ამაზრზენია! მეთანხმებით?
- აბა რა! - თქვა ხმამაღლა მარტამ.
- ჰო - ვთქვი ჩუმად მე.
მერე პიერიც მოვიდა და მასაც ათქმევინეს, რომ კაცები და ქალები ღორები არიან.
ბოლოს კი ყველამ ერთად დავიფიცეთ, რომ მათ არავითარ შემთხვევაში არ გავეკარებოდით.
© kalmasoba.com

1 comment:

  1. რატომ მომეწონა არ ვიცი, მაგრამ ძალიან მომინდა კიდევ მეკითხა.... ააქვს ამ რომანს ალბათ გაგრძელება?!

    ReplyDelete