AUDIO
უნდა ფინანსდებოდეს თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ლიტერატურა? უნდა მონაწილეობდეს თუ არა სახელმწიფო ლიტერატურული გარემოს გაუმჯობესებაში? დღეს ამ კითხვას ხშირად გაიგონებთ საქართველოში, ხოლო დასავლეთში ეს პრობლემა უკვე მოხსნილია, ქვეყნებში, სადაც ჩვენზე 10-ჯერ უფრო მაღალი ტირაჟები აქვთ, არავინ საუბრობს იმაზე, რომ პოეტებმა ტირაჟებით უნდა ირჩინონ თავი. დღეს, საქართველოში, სამწუხაროდ, ლიტერატურა ბაზარზეა მინებებული და ამგვარი გულგრილობის, უფრო სწორად კი უცოდინრობის გამო, ლიტერატურა და ამ ლიტერატურის შემქმნელი ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი.
ჟურნალ “ლიბერალის” მიმომხილველი, პოლიტოლოგი გიორგი ცხადაია მიიჩნევს, რომ ძალიან დიდი შეცდომაა ლიტერატურის და ზოგადად კულტურის, ბაზრის კანონებზე დაქვემდებარება:
“ერთ-ერთი გზა პრობლემის გადაწყვეტის, ჩემი აზრით ისაა, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ბაზარი ვერ დაარეგულირებს კულტურის პროდუქტების – პირობითად რომ ვთქვათ – ადეკვატურ მიწოდებას საზოგადოებისთვის. ადეკვატურში ვგულისხმობ იმას, რომ საზოგადოების ყველა ფენის, ყველა ჯგუფის ინტერესები და ყველა ჯგუფის ემოციური თუ ესთეტიკური ღირებულებები უნდა გადაიცეს და უნდა შედგეს გარკვეული ურთიერთკომუნიკაცია საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის, რასაც თავისუფალი ბაზარი პრინციპში ხელს უშლის, იმიტომ, რომ პროდუქტი ხდება ჰომოგენური და უნიფიცირებულ სტანდარტებში ჯდება”.
ამგვარ უნიფიკაციაზე უკვე ათეული წლებია საუბრობენ ფილოსოფოსები, ჯერ კიდევ 60-იანი წლების დასაწყისში წერდა გერმანელი მოაზროვნე ჰერბერტ მარკუზე ერთგანზომილეობიან საზოგადოებაზე და ერთგანზომილებიან ადამიანზე, მომხმარებელზე, რომელსაც ბაზარი სხვა განზომილებას არ უტოვებს გარდა ერთისა, ადამიანზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, ზომბირებული ხდება მანიპულაციის სხვადასხვა საშუალებით:
“პრობლემა არის ხოლმე ის, რომ სახელმწიფოები უხეშად ერევიან კულტურულ პოლიტიკაში და ახორციელებენ ამას იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც მათ აწყობთ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. კლასიკური მაგალითი იყო ალბათ ყოფილი საბჭოთა კავშირი და ზოგადად სოციალისტური ბანაკის ქვეყნები, სადაც სახელმწიფო პირდაპირ ახდენდა კულტურის იმ ფორმების სუბსიდირებას, რომლებიც მას აწყობდა, რომლებიც მისთვის იყო მისაღები და მის პროპაგანდისტულ მიზნებს ეთანხმებოდა. ამის თავიდან ასაცილებლად ალბათ ერთად-ერთი გზა არის კულტურის პოლიტიკის დეცენტრალიზაცია, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს რაც შეიძლება ქვედა დონეზე და არა პრეზიდენტის დონეზე. ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, პრეზიდენტი კი არა, მინისტრის და მინისტრის მოადგილის დონეზეც კი არ უნდა ხდებოდეს ასეთი გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილების მიღება გაცილებით “ქვემოთ” უნდა ხდებოდეს და გაცილებით ინკლუზიური უნდა იყოს ის ჯგუფები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, რათა ამით ხელი შეეწყოს ჩვენი კულტურის, საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტის განვითარებას და არ იყოს ეს მინდობილი რაღაც ძალებზე, რომელთაც ჩვენ, საზოგადოება ბოლომდე ვერ ვაკონტროლებთ”.
ასერომ, კულტურის და ლიტერატურის მხარდაჭერა დემოკრატიულ სახელმწიფოში, არამც და არამც არ გულისხმობს რაღაცით მანიპულირებას, ცრუ-ღირებულებების შექმნასა თუ კონფორმისტულ დათმობებს ავტორების მხრიდან. პირიქით, სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ ასპარეზზე გამოიყვანოს ავტორები, რომლებიც არ ჩანან ე.წ. საბაზრო კულტურისა და საბაზრო ლიტერატურის ასპარეზზე. დღეს საქართველოში არ მეგულება ავტორი, არც პროზაიკოსი და არც პოეტი, არც მთარგმნელი და არც ესეისტი, ვინც მხოლოდ თავისი ტირაჟებით ცხოვრობს. ამიტომ, მათ პირობები უნდა შევუქმნათ, მივცეთ საშუალება ლექციებით ირჩინოს თავი, ბეჭდურ პერიოდიკაში გამოქვეყნებულ სტატიაში მაღალი ანაზღაურება მიიღოს, თარგმნოს, დაკავდეს კვლევით, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა პროგრამაში, მოიპოვოს სტიპენდია, გრანტი და ა.შ. ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ჩვენთან ტირაჟით მხოლოდ საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდნენ მწერლები და ისიც ყველაზე დაწინაურებული, ბობოლა ავტორები, რომელთა წიგნებსაც, მაგალითად, შსს–ს ყველა თანამშრომელი ვალდებულებით იძენდა.
ჩვენში სამწუხაროდ ბევრმა არ იცის, რომ მთელს მსოფლიოში ლიტერატურა სხვადასხვა პროგრამებით ფინანსდება, სადაც უდიდესი წილი სახელმწიფო სუბსიდიებზე მოდის. მაგალითად, საფრანგეთში არის წიგნის ნაციონალური ცენტრი, რომელიც თავის მხრივ განყოფილებაა საფრანგეთის კულტურის სამინისტროს წიგნისა და კითხვის დეპარტამენტისა. და თქვენ წარმოიდგინეთ, მხოლოდ ამ განყოფილებამ 2005 წელს 21 მილიონი ევრო დაახარჯა ლიტერატურას. წიგნის ეროვნულმა ცენტრმა თავისი ბიუჯეტის 20% უცხოელი ავტორების თარგმნას მოახმარა. განხორციელდა 30-ზე მეტი პროგრამა, რომელიც ლიტერატურის წახალისებას ითვალისწინებდა: ავტორებისა და მთარგმნელების სტიპენდიების გარდა, ისინი ხელს უწყობდნენ გამომცემლებსაც, მსოფლიო თუ მშობლიური ლიტერატურის თარგმნაში და ა.შ.
“ჩემი აზრით თარგმანებს აქვთ ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ეს პირდაპირ სახელმწიფოს პრეროგატივა უნდა იყოს ალბათ, რომ ხელი შეუწყოს სხვადასხვა ენებიდან თარგმნის საქმეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი რა თქმა უნდა ისიც არის, რომ ამით თვითონ ენის პოტენციალი ახლდება, მაგრამ მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, არის ის, რომ ადამიანები ეცნობიან სხვა კულტურებს. ადამიანები უერთდებიან იმ კომუნიკაციის არხებს, რომლებიც წყდება თითქოს იმის გამო, რომ არსებობს ენობრივი ბარიერი.”
მხოლოდ მთარგმნელების ჰონორარებში 2005 წელს სლოვენიის მთავრობამ 78 300 ევრო დახარჯა, უნგრეთისამ - 82 600, პოლონეთში 273 900 ევრო დახარჯა ამ საქმეში, თანაც არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყნებში დაფინანსების სხვა, ძალზე ბევრი კერძო წყარო არსებობს, საიდანაც არამხოლოდ მთარგმნელობითი ან სამწერლო გრანტი გაიცემა, არამედ ფინანსდებიან პერიოდული ლიტერატურული გამოცემები, გამომცემლობები, რომლებიც მხატვრულ ლიტერატურას გამოსცემენ და ა.შ. ამ დონორების დახმარებითვე ხდება სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიების მოწყობა.
“არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ ყველა დაფინანსება მოდიოდეს სახელმწიფოდან. შეიძლება ეს იყოს ფილათროპია, შეიძლება ეს იყოს მოქალაქეების რაღაც ტიპის გაერთიანება, რომლებიც წაახალისებენ ხოლმე გარკვეული კულტურული ტიპის საქმიანობას. უბრალოდ, სახელმწიფოს შეუძლია, რომ შეასრულოს პოზიტიური როლი ამ საქმეში და მას შეუძლია დაეხმაროს საზოგადოებას იმაში, რომ უფრო უკეთ გამოხატოს თავისი თავი კულტურულად”.
დღეს მხოლოდ თვითგამოხატვისა და სიმართლის თავისუფლებაა გამოსავალი ქართული ლიტერატურისთვის, ნუ დაგვავიწყდება, რომ მხოლოდ ბაზრის კანონებს მიღმა არსებული ნამდვილი, გულახდილი ტექსტები ქმნიან ლიტერატურის ისტორიას.
© radiotavisupleba.ge
No comments:
Post a Comment