ბაჩანა ბრეგვაძე, ბოლო წლების ჩანაწერები, რედაქტორი ნინო სადღობელაშვილი, თბ. "ინტელექტი", 2010.
ბაჩანა ბრეგვაძის სახელი წიგნიერი მკითხველისთვის ქართულ ენაზე ამეტყველებულ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს უკავშირდება. პლატონი, ევრიპიდე, მარკუს ავრელიუსი, დანტე, ნეტარი ავგუსტინე, იბსენი, სერვანტესი, პოლ ვალერი, ლაროშფუკო, ლა ბრიუერი, ანრი ბერგსონი, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი... ეს იმ ავტორთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა შემოქმედებაც მთარგმნელმა გადმოაქართულა. ფაქტობრივად, მსოფლიო ლიტერატურის შედევრები. ერთი კაცისთვის იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ადამიანის გონებას შეუძლია წარმოიდგინოს.
ამ გენიოსთა შემოქმედებასთან ურთიერთობისას არაერთი საინტერესო მოსაზრება ჩნდებოდა, დაკვირვება, ესსე და ჩანახატი, რომელთაც ბაჩანა ბრეგვაძე თავის უბის წიგნაკში ინიშნავდა. ის, რაც მის მიერ თარგმნილი წიგნების შესავლის, განმარტებისა თუ ბოლოთქმის მიღმა დარჩა, ამ გამოცემაშია თავმოყრილი. ხშირად მსგავსი ჩანაწერები ბევრად მეტს გვეუბნება მათ ავტორზე, ვიდრე თუნდაც საუკეთესოდ შესრულებული თარგმანი. ვფიქრობთ, მკითხველს წინ დიდი სიამოვნება ელის, შემოქმედებითი სიამოვნება, რომელიც საინტერესო ადამიანის გონივრული ნააზრევითაა გამოწვეული.
"ბედნიერებაა, როდესაც წიგნის ფურცლებზე ისე ისვენებს დაღლილი სული, როგორც გადამფრენი ფრინველები ისვენებენ გაშლილ ზღვაში გემის ანძაზე" - წერს ავტორი ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელსაც "კარგი წიგნი" ჰქვია. ბაჩანა ბრეგვაძის "ჩანაწერები" სწორედ ასეთი წიგნია.
ტარიელ ჭანტურია, დინოზავრიდან დიზაინამდე, რედაქტორი ზვიად კვარაცხელია, თბ. "ინტელექტი", 2010.
გამომცემლობა "ინტელექტის" ახალი სერია მკითხველს ცნობილი მწერლებისა და პოეტების ჩანაწერებს სთავაზობს. პირველი წიგნი ოთარ ჭილაძეს დაეთმო, მეორე – ბაჩანა ბრეგვაძეს, ტარიელ ჭანტურია რიგით მესამეა - პოეტი, რომელიც დინოზავრის ნაკვალევზე მიმავალ გზას უკაფავს მკითხველს. დინოზავრი რა შუაშია? "პოეტები ხომ დინოზავრებივით არიან - "უკანასკნელ ნაბიჯებს დგამენ დედამიწის ოღროჩოღრო ზედაპირზე. მალე სწორედ მათი ნაფეხურების მიხედვით მოუხდებათ მსჯელობა უმაღლეს ჰარმონიაზე, რომლის ჭეშმარიტი ფასი და დანიშნულება ცოდვილმა ადამიანებმა ბოლომდე ვერა და ვერ გაიგეს" - წერს ავტორი ერთ-ერთ ჩანაწერში.
უმაღლესი ჰარმონიისკენ მიმავალი გზა რთულია და ნარ-ეკლით სავსე. მასზე სვლა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ტარიელ ჭანტურია ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც თავისი ორიგინალური შემოქმედებით კარგა ხანია დაიმკვიდრა ადგილი მკითხველის გულში. მისი ლექსების მსგავად, არც ეს ჩანაწერებია "ტკბილი". სხვადასხვა პერიოდში ჩანიშნული დაკვირვება- შთაბეჭდილებები ამათუიმ აქტუალურ თემაზე ხშირად მკაცრია, მტკივნეული, თუმცა ყოველთვის კარგად ნაფიქრ-გააზრებული, ისე, რომ გაიძულებს ჩაუკვირდე და გააანალიზო, რა აწუხებს მათ ავტორს, რატომ ფიქრობს ასე, სად არის პრობლემის სათავე.
Eეს წიგნი მკითხველის წიგნია, სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენიებს ტარიელ ჭანტურია წინამდებარე გამოცემას. აქ მას მხოლოდ მკითხველის ამბიცია აქვს – მეტი არა! "კარგი მკითხველის, მუსიკის ერთგული მსმენელის, თეატრისა და კინო ერთგული მაყურებლის, გამოფენების მოუღლელი მადევრის" ჩანაწერები მკითხველს ელის. იმედია, მკითხველს მკითხველის ნაწერი უყურადღებოდ არ დარჩება.
ოთარ ჩხეიძე, მიწა და სხვა ნოველები, რედაქტორი ზვიად კვარაცხელია, თბ. "ინტელექტი", 2010.
"სხვა რაღა უნდა იყო კაცის ცხოვრებაი თუ არა ეტიუდი კაცობრიობის ისტორიაში. ბოლოსდაბოლოსა. ერის ცხოვრებაც მეტი რა უნდა იყოს. დედამიწის არსებობაცა. თვით სიცოცხლეცა დედამიწაზე თუ არა ეტიუდი ამ უკიდეგანო, უდასაბამო და უსასრულო სამყაროში?!" - ამ სიტყვების ავტორი ოთარ ჩხეიძეა, რომლის შემოქმედებაც გასული საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის მნიშვნელოვანი შემადგენელია.
ოთარ ჩხეიძე არ მიეკუთვნება "მარტივად" საკითხავ მწერალთა რიცხვს. მისი ტექსტები - იქნება ეს ნოველა, ესსე თუ რომანი მკითხველისგან გონების დაძაბვას, აზრის მოკრებასა და გულისყურის მიდევნებას მოითხოვს. ოთარ ჩხეიძის ნაწერები XX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს რეალობას ასახავს. ამ პერიოდიდან მოყოლებული არ დარჩენილა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი პროცესი და მოვლენა, რომელიც მწერალს უყურადღებოდ დაეტოვებინოს. და იქმნებოდა "ბურუსი," "ჯებირი," "მეჩეჩი", "ბორიაყი"... რომანები, რომლებიც მწვავედ აკრიტიკებდა კომუნისტურ წყობას. ამის გამო ავტორი ლიტერატურული ცხოვრების "პერიფერიაში" რჩებოდა, თუმცა მისი ნაწერები თავის საქმეს აკეთებდა - ზუსტად ურტყამდა მტკივნეულ ადგილს.
ოთარ ჩხეიძე გასული საუკუნის ბოლოს და ახალი საუკუნის დასაწყისის პროცესებსაც გამოეხმაურა. ეს ყველაფერი აისახა რომანებში - "არტისტული გადატრიალება," "2001 წელი," "ლაზერშოუ" და სხვა.
ოთარ ჩხეიძე 22 რომანის ავტორია, 22 მსხვილმასშტაბიანი ტილოსი, თუმცა მისი შემოქმედებითი პოტენციალი არანაკლებად ჩანს მცირე ზომის პროზაში. სწორედ ეს ჟანრი შეარჩია გამომცემლობა "ინტელექტმა" მწერლის მინიატურული გამოცემისთვის. მასში შევიდა ნოველები სერიიდან "ჩემი სოფლის ეტიუდები," რომელიც სამ წიგნს აერთიანებს. "მავთულხლართებში გამოჭედილი ქართული სოფელი - როგორც თავისებური სიმბოლო ქვეყნის დრამატული ყოფისა" - სწორედ ეს არის ამ პატარა კრებულის მთავარი არსი.
ირმა არჩუაშვილი, ინო, მოთხრობები, რედაქტორი მარინე ხუციშვილი, თბ. "საარი", 2010.
ირმა არჩუაშვილის მოთხრობებს მკითხველი აქამდე მხოლოდ ჟურნალ-გაზეთებითა და ინტერნეტით იცნობდა, დღეიდან კი გამომცემლობა "საარი" წიგნად შეკრულ მის ნაწერებს გვთავაზობს. რვა მოთხრობა, რვა განსხვავებული ამბავი, რვა სევდანარევი მოგონება ბავშვობის წლებსა და მის თანამდევ რეალობაზე - ასე წარსდგება ავტორი ჩვენს წინაშე.
ეს წიგნი მათთვის არის განკუთვნილი, ვისაც ციფრული ტექნოლოგიების, ინტერნეტისა და ტექნიკური პროგრესის ეპოქაში ჯერ კიდევ სჭირდება ნაღდი ლიტერატურა, მწერლის მიერ ოსტატურად მოთხრობილი ამბები, გულს რომ შეგიძრავს, შიგნეულს აგიდუღებს და თანაგრძნობით განგმსჭვალავს, თანაგრძნობით - სრულიად უცნობი პერსონაჟების მიმართ; კუზიანი ჩინოს უბედობაზე აგატირებს, წითელი ბოტების პატარა პატრონის ტრაგედიით შეგძრავს, მეგობრის გაკეთებულ მწვანე ლობიოს გემოს გაგახსენებს და წლების წინ ნავალ ბავშვობის ბილიკებზე გაგატარებს.
ნინო დარბაისელი, ვიტა ბრევის, ლექსები, რედაქტორი ეკა ჭკადუა, თბ. "სიტყვა", 2010.
Aოთხი წელია ნინო დარბაისელს პოეტური კრებული არ გამოუცია. "ვიტა ბრევის" მისი რიგით მეხუთე წიგნია. პირველი ლექსი გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გამოაქვეყნა და მაშინვე მიიპყრო პოეზიის მოყვარულთა ყურადღება. უფროსი კოლეგები თანატოლებისგან გამოარჩევდნენ და მასზე იმედებსაც ამყარებდნენ, მაგრამ 80-იანი წლების ბოლოს ღირებულებათა გადაფასების ეტაპი დაუდგა. ბევრს არც მანამდე წერდა, თუმცა მაშინ იგრძნო, რომ მისი და მისი "კოლეგა" პოეტების ცხოვრება, ლექსიკა, მიზნები და ოცნებები იმდენად უნიფიცირებული ხდებოდა, ზოგჯერ იდეების ჩანიშვნაც ეზარებოდა - ფიქრობდა, რომ სხვა აქცევდა ლექსად. მერე გაჩერდა. ხუთი წლის წინ კი ლექსით "მაისფეისი" საერთოდაც დაემშვიდობა პოეზიას და მკითხველს, თუმცა პოეზიის გარეშე ვერ გაძლო და ისევ დაბრუნდა. დაბრუნდა, რადგან ჰიპოკრატეს ცნობილი გამოთქმის არ იყოს, Ars longa, vita brevis est (ცხოვრება ხანმოკლეა, ხელოვნება - მარადიული).
კრებულში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაწერილი ლექსები შევიდა, დაღმავალი ქრონოლოგიით დალაგებული, რათა მკითხველს განსხვავების დანახვა გაუიოლდეს. მკითხველი კი პოეტისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. როგორც კრებულის შესავალში წერს, "მე ვწერ მკითხველისთვის, მაგრამ არა უბრალოდ იმათთვის, ვისაც პოეზია უყვარს და სიამოვნებას ანიჭებს, არამედ მათთვის, ვისაც ამავე დროს ესმის, ან უნდა, რომ ესმოდეს პოეზია, როგორც ხელოვნების დარგი. ვიცი, რომ ასეთი მკითხველი ბევრი არ არის, მაგრამ მუდამ არსებობს".Nნინო დარბაისელის "ვიტა ბრევის" სწორედ მათ ეძღვნება.
ზაზა დათიშვილი, შემთხვევითი შეხვედრები, რომანი, თბ. "სიესტა", 2009.
ზაზა დათიშვილი ქართველი მკითხველისთვის მაინცდამაინც ცნობილ ავტორთა რიცხვს არ მიეკუთვნება. პროფესიით ექიმია, თუმცა ბოლო წლებია წერს. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მოთხრობა, არის Pen-მარათონი 2007-ის ფინალისტი, საქართველოს პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის პრემიის ლაურეატი. 2008 წელს გამომცემლობა "დიოგენემ" მისი მოთხრობების კრებული "Cheese party" გამოსცა.
"შემთხვევითი შეხვედრები" ავტორის პირველი რომანია, რომელშიც ომის თემატიკაა წამოწეული. ომი ომია - ხუთდღიანი აგვისტოსიც და ხუთწლიანი დიდი სამამულოც. ადამიანები ორივეგან ერთნაირად იღუპებიან, სტკივათ, იბრძვიან და მშვიდობაზე ოცნებობენ.
"რომანი წარმოდგენს მცდელობას რამდენიმე სიუჟეტურ პლასტში ასახოს სხვადასხვა თაობის ადამიანთა ურთიერთობები – როგორც აგვისტოს, ასევე მეორე მსოფლიო ომების ფონზე და მათი თვალთახედვიდან ფილოსოფიურად მიმოიხილოს ზოგადსაკაცობრიო და ჰუმანისტური პრობლემები" - ვკითხულობთ შესავალში.
გრიგოლ რობაქიძე, მუსოლინი, თარგმნა ნანა გოგოლაშვილმა, რედაქტორი ზვიად კვარაცხელია, თბ. არტანუჯი, 2010.
ამ წიგნის გამოცემას თავის დროზე დიდი ხმაური და მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ევროპაში გადახვეწილი მწერლის, გრიგოლ რობაქიძის მიერ დაწერილი ესეები "მუსოლინისა" და "ჰიტლერის" შესახებ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მათი ავტორი ფაშიზმისა და ნაციზმის მიმდევრად გამოეცხადებინათ. საბჭოთა კავშირში მწერალი დაგმეს, მისი შემოქმედება კი აკრძალეს. ასეთივე დამოკიდებულება გაჩნდა ევროპაშიც, არადა, როგორც თავად ამბობს, ეს ყველაფერი მხოლოდ მავანთა ინტერპრეტაციაა. აი, რას სწერს გრიგოლ რობაქიძე თავის მეგობარს, ნიკოს კაზანძაკისს: "ომის პირველ წლებში ორი პატარა წიგნი გამოვეცი: "ჰიტლერი" და "მუსოლინი". აქვე დავძენ: არც პირველია ნაცისტური და არც მეორეა ფაშისტური. ამ თემებს მე განსაკუთრებული სულიერი თვალთახედვით ვუყურებდი."
მიუხედავად იმისა, რომ ფაშისტური იდეოლოგიის აპოლოგეტზე წერს, ავტორისთვის მთავარი არ არის მუსოლინის პოლიტიკური შეხედულებები. მწერლისთვის მნიშვნელოვანია დუჩეს პიროვნული თვისებები, მისი სულიერი სამყარო, მის "არსში წვდომა." განსაკუთრებით საინტერესოა ეს წიგნი გრიგოლ რობაქიძის სამწერლო ენის შესწავლისა და კვლევის თვალსაზრისით.
"მუსოლინი" გერმანულადაა დაწერილი. დედანი წლების განმავლობაში საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში ინახებოდა, საიდანაც ნანა გოგოლაშვილმა გადმოაქართულა. თარგმანში კარგად არის შენარჩუნებული მწერლის მანერული, არქაულობით დაღდასმული სტილი, რომლითაც გრიგოლ რობაქიძე იტალიელი დიქტატორის პერსონის მისეულ გააზრებას გვთავაზობს.
კლოდ ლევი-სტროსი, "ტოტემიზმი დღეს", თარგმნა მერაბ მიქელაძემ, რედაქტორი ნინო აბაკელია, თბ. აგორა, 2010.
ცნობილმა ფრანგმა ეთნოლოგმა და ანთროპოლოგმა, კლოდ ლევი-სტროსმა გასული საუკუნის მეორე ნახევარში დიდი როლი ითამაშა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა განვითარებაში. ეთნოგრაფია, მითოლოგია, ნათესაობის პრობლემატიკა, ტოტემიზმი - ეს ის სფეროებია, რომელთაც ფრანგი მეცნიერი იკვლევდა. კლოდ ლევი-სტროსს სტრუქტურული თეორიის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევენ.
პირველი სამეცნიერო შრომები ბრაზილიის ინდიელებს ეხებოდა, რომელთა ცხოვრებაც 1935-1939 წლებში შეისწავლა. კვლევების საფუძველზე დაწერა "ნათესაობის ელემენტარული სტრუქტურები," რომელიც 1949 წელს გამოქვეყნდა. "ტოტემიზმი დღეს" 1962 წელს გამოიცა და მასში ამ თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი საინტერესო საკითხია მიმოხილული.
კლოდ ლევი-სტროსი კიდევ რამდენიმე საინტერესო კვლევის ავტორია, რომლებიც კლასიკური სამეცნიერო ნაშრომებს სცილდება და საკითხავ ლიტერატურას უახლოვდება. მათ შორისაა, "სევდიანი ტროპიკები," რომელმაც ავტორს ფართო აღიარება მოუტანა; ფუნდამენტურ კვლევათაგან აღსანიშნავია "ნათესაობის ელემენტარული სტრუქტურები," "მოდგმა და ისტორია" და სხვა.
თანამედროვე ანთროპოლოგიის "მამად" წოდებული ლევი-სტოსი 2009 წელს ასი წლის ასაკში გარდაიცვალა.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
No comments:
Post a Comment